უამრავმა ივიშვიშა, უამრავმა იგინა, უამრავმა დასვა შეკითხვა, _ ასე როდემდე უნდა გაგრძელდესო?! და ეს ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისში გაუგონარი სისხლიანი ტრაგედია უამრავი სტუდენტის თვალწინ, დღისით-მზისით, უმაღლესი სასწავლებლის აუდიტორიასთან დატრიალდა...
სათაური „ტაბულის“ არტ-რედაქტორის, ლექსო მაჭავარიანის „ფეისბუქის“ გვერდიდანაა _ მან ასე გამოხატა თავისი გაოცება და როცა დაწერა, უკვე გამოწვევის სახე მიიღოო, ცოლების მოკვდინების ის არნახულად მზარდი სტატისტიკა იგულისხმა, რომელსაც ვერც ხელისუფლება და შსს მალავენ და ვერც საზოგადოება უვლის გულგრილად გვერდს. თითქოს ამ სტატუსს მოჰყვაო, ორიგინალური ფოტოკოლაჟებით ცნობილმა ნუგზარ მეტრეველმა ამ სიტუაციისთვის ზედგამოჭრილი კოლაჟი გამოაქვეყნა, ისევ „ფეისბუქზე“: ქართლის დედა ჯავშანჟილეტითა და მარჯვენა ხელში ელექტროშოკით _ ვინ დაიცავს ქალებს?
დგანან თუ არა „ნაციონალები“ იმ მკვლელობების უკან, რომელსაც ყოფილი ან მოქმედი ქმრები ცოლების მიმართ ახორციელებენ? _ „არჩევანში“ გიორგი გაბუნიამ უკვე ჰკითხა იუსტიციის მინისტრს. „ამ მკვლელობების უკანაც „ნაციონალები“ ხომ არ დგანან?“ _ მორიდებით ჩაეკითხა წამყვანი თეა წულუკიანს, როცა ამ უკანასკნელმა დაახლოებით ასეთი რამ თქვა: კრიმინალი კი არ არის გაზრდილი, მხოლოდ ქმრები კლავენ ყოფილ ცოლებსო. მაშინ იუსტიციის მინისტრმა სხარტად უპასუხა წამყვანს: „ამ მკვლელობების უკან დგანან ყოფილი ქმრები, რომლებიც ცოლებს კლავენ...“ _ ერთი შეხედვით, თითქოს მარტივი და სწორი პასუხია, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ იმ კითხვაზე პასუხი, ვინ და რა დგას ამ მკვლელობების უკან, უფრო ღრმადაა საძებარი. სხვაგვარად პრობლემა გადაუჭრელი დარჩება და ღმერთმა ნუ ქნას, ტენდენცია გაგრძელდეს, მაგრამ ამის საშიშროება ნამდვილად არსებობს.
დავიწყოთ იმით, რომ მრავალი ვერსიიდან, რომელიც დასახელდა ამ სახის გახშირებული მკვლელობების მიზეზად, არცთუ ცოტამ ისევ მედიას დასდო ბრალი. თუ მოკლედ მიმოვიხილავთ, ამ პათოსის მიმდევარნი შემდეგ რამეს ამბობენ:
სისხლიანი ტრაგედიების, ძალადობის ამსახველი ფაქტების ასეთი დაწვრილებითი და ხშირი გაშუქება საზოგადოებაში ძალადობის სურვილს, მის ესკალაციას იწვევს, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მოქმედებს „მიმბაძველობის სინდრომი“ და ტრაგედიათა რიცხვი მატულობს.
ამ ვერსიის მიმდევარნი პრობლემას კიდევ უფრო ჩაუღრმავდნენ და ევროპის ქვეყნების მაგალითიც გაიხსენეს _ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა, რომელიც ევროპაში მუშაობს და არც წინა, არც ახლანდელი ხელისუფლების მიმართ ლოიალურობით არ გამოირჩევა, საფრანგეთის მაგალითი მოიყვანა:
„ამას მედიაში... ნუ, ფრანგულ ჟურნალისტიკაში, მილტონ ერიქსონის პროპორციას ვეძახით და ამიტომ ფრანგული მედია იმაზე მეტად „ალაითებს“ კრიმინალურ ინფორმაციებს, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყნის მედიასაშუალება. ჯერ ერთი, ფრანგულ ტელევიზიებში კრიმინალური სიუჟეტებით გამოშვება არ იწყება იმ მცირე გამონაკლისის გარდა, როცა ბავშვია დაკარგული და მთელი საფრანგეთი ეძებს. აკრძალულია სისხლის, გვამისა და ყველა იმ კადრის გაშვება, რომელიც ადამიანის ქვეცნობიერში „აგრესიის და უბედურების“ ასოციაციას გამოიწვევს. და ყველაზე მთავარი: აგრესიის გაშუქება აგრესიის პრევენციას კი არა, როგორც ცნობილი ფსიქოლოგი და „PNL“-ის ერთ-ერთ ფუძემდებელი, მილტონ ერიქსონი ამბობს: „აგრესიის დეტალურად აღწერა და ჩაღრმავება აგრესიის შეჩერებას კი არა, მის გეომეტრიული პროგრესიით გამრავლებას უწყობს ხელს“.
აქ ყველაფერი გასაგებია. ვნახოთ კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც ამჯერად უკვე ავსტრიაში მსგავსი პრობლემის შესახებ მიანიშნებს:
„ავსტრიაში 1987 წელს გახშირდა მეტროში თვითმკვლელობის ფაქტები, ეს კი გამოიწვია იმან, რომ ახალ ამბებში მკვეთრად აღწერდნენ სიკვდილის ამბავს. როგორც კი ამოიღეს ნიუსებიდან „სიკვდილი რელსებზე“, ეგრევე იკლო სადგურებში სუიციდის ფაქტებმა და სულაც გაქრა. დღემდე ავსტრიული პრესა იცავს ამ აკრძალვას, როდესაც ტრაგიკული ამბავი უნდა გაშუქდეს“.
მოკლედ, აი, ასე! ევრიკა და კიდევ ერთხელ, უფრო ხმამაღლა, ევრიკა! განტევების ვაცი ნაპოვნია _ ეს მედიაა. აბა, როგორ შეიძლება, საინფორმაციო გამოშვება ან გაზეთის პირველი გვერდები მომხდარ მკვლელობებს ეთმობოდეს? ოჰ, ეს მედია!
აგერ, კახეთის ვენახების რიგებში მთელი მთავრობა ჩამდგარა, პრემიერს ხელები დაუკაპიწებია და რთველში ჩაბმულა! მერე რა, რომ იქ მყოფთაგან ნახევარზე მეტი პრემიერის დაცვის წევრია, ხოლო ხადური სულაც არ წაუყვანიათ _ ეგ მოსავალს ადგილზევე, მოკრეფისას გაანადგურებსო... ეგ კი არაა მთავარი, მთავარი ისაა, რომ რა დროს ეს მკვლელობებია, ფიფაააალ, როცა პრემიერი ხელებდაკაპიწებული შრომობს? არ გრცხვენიათ, ტელევიზიებო და გაზეთებო? რას უთმობთ თქვენი გამოშვებების უმეტეს ნაწილს? თქვენი გაზეთების პირველ გვერდებზე ეს რეებს აქვეყნებთ? რამ დაგაბრმავათ?..
ვერსიების მიმოხილვა მედიის მიმართ ბრალდებებით ტყუილად არ დამიწყია _ ახლა მოდაშია, რომ ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკას ყველამ თავში წამოარტყას ხელი, როცა რაღაც ისე ვერ არის, როგორც ხელისუფლებას სურს. რა სჯობია მართვად მედიას? არც კრიმინალზე წერენ, არც შიდასახელისუფლებო ინტრიგებზე, მათ რედაქტორებსა და ჟურნალისტებს, ოფისებსაც არავინ უთვალთვალებს, არავინ უსმენს... მოკლედ, ცხოვრება ნეტარია, ოღონდ, მხოლოდ მართვადი მედიის ფურცლებზე და მათგან გამოსხივებულ ეკრანებზე... სხვაგან კი... აი, სხვაგან:
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2007-2014 წლებში ოჯახურ ძალადობას 1100 ადამიანი, მათ შორის, 985 ქალი და 115 მამაკაცი ემსხვერპლა. 2014 წელს ოჯახურ ძალადობას 23 ქალი ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა ცოლი ან ყოფილი ცოლია. ზოგი ქმარმა მოკლა, ზოგი ყოფილმა ქმარმა. ბოლო მკვლელობა სრულიად გამაოგნებელი იყო: მკვლელობაში ეჭვმიტანილი 73 წლის მამაკაცია...
სანამ იმის ანალიზზე გადავალთ, რა შეიძლება იყოს ამ გაუგონარი აგრესიის მიზეზი, გეტყვით, რომ ამ მკვლელობებს უკვე მოჰყვა გამოძახილი: კანცელარიასთან უკვე გაიმართა ერთი აქცია სახელწოდებით „მხოლოდ ცოლებს კლავენ“, _ ეს თეა წულუკიანის უკვდავი ფრაზაა. ამ დღეებში კი პროკურატურასთან კიდევ ერთი, ქალების აქციაა დაგეგმილი, რომელიც ჩვენი გაზეთის გამოსვლის დღეს გაიმართება: ეს უკვე აქცია-პერფორმანსია _ ქუჩაში გამოდიან ქალები, რომელთა ადგილი, ზოგის აზრით, მხოლოდ „ქუხნაშია“, მაგრამ მათ სამზარეულოშიც არ ასვენებენ, უვარდებიან და კლავენ. ამიტომაც ქალები სამზარეულოდან ქუჩაში გამოდიან და ყვირიან, ოღონდ არა თავად _ ხმაურობენ ქვაბებითა და კოვზებით. მოკლედ, აქციაზე ყველას ეპატიჟებიან, ვისაც სახლში ქვაბი და კოვზი აქვს და მოუწოდებენ, დანა და სხვა ბასრი საგნები სახლში დატოვონ...
ცოლების მკვლელობის შემზარავ გახშირებას თან დაერთო საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრების უაპელაციო, ზოგჯერ ყველანაირ ზღვარს გადასული განცხადებები. იუსტიციის მინისტრის განცხადება უკვე განვიხილეთ, მაგრამ არანაკლებ საინტერესო იყო ეკა ბესელიას განცხადება: „არც ერთი მკვლელობა არ ხდება უმიზეზოდ, განსაკუთრებით როცა ოჯახური ძალადობაა. ყველა მკვლელობას, განსაკუთრებით ასეთ ოჯახურ ტრაგედიებს, აქვს მიზეზობრივი კავშირი. ჩვენ დღეს კენჭი ვუყარეთ პაკეტს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისთვის პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებას და გამკაცრებას. ვამკაცრებთ და ვითვალისწინებთ შექმნილ ვითარებას. ძალიან ბევრი გარემოებაა შესასწავლი“.
ამ განცხადებას ინტერნეტში ქართველი მომხმარებლების მხრიდან შეკითხვის სწორედ ბესელიას მისამართით ფორმირება მოჰყვა: „ნეტავ, ამას არ ჰყავს ყოფილი ქმარი?“ ზოგადად, როცა ემოციები შედარებით ჩაცხრა, ეს თემა ხუმრობის საგანიც გახდა, როგორც ქართველებს გვჩვევია ასეთ დროს. ზოგმა დაწერა, რომ მისი ყოფილი ქმარი „მაგარი ბულკი“ ყოფილა და მაგრად გაუმართლა, ზოგმა _ ჩემი ცოლის გაკეთებისთვის და გენდერული ბალანსის დასაცავად სიმამრი რომ მოვკლა, მოსულაო? ზოგმა გაუთხოვარმა კი დაასტატუსა, _ პირველად ჩემს სიცოცხლეში, გათხოვილ, ქმრიან ქალებზე მეტად ყელმოღერებული დავდივარ და თვალებში სიმშვიდე მიდგასო...
და მაინც, სად არის პრობლემა და გამოსავალი? სანამ სხვათა და სხვათა მოსაზრებებს გაგაცნობთ, ერთი ტენდენციის შესახებ მინდა აღვნიშნო, რომელზეც არსად დაწერილა. როგორღაც, ისე მოხდა, რომ ჩემი მეგობარი და მე ამ სიტუაციას განვიხილავდით. ეს ჩემი მეგობარი მწერალი კაცია, „სიღრმეებში ჩასვლა“ უყვარს და ძალიან საინტერესო დასკვნებს აკეთებს. მერე ამ დასკვნებს თავის მოთხრობებში ვინმეს ათქმევინებს და ასე ხდის საინტერესოს. ჰოდა, სანამ კიდევ რომელიმე პერსონაჟისთვის ის უთქმევინებია, რაც მითხრა, მის მოსაზრებას დაახლოებით გაგაცნობთ:
„ვწერთ, ვსაუბრობთ, ვბობოქრობთ, ვკიცხავთ, ვიცოდებთ მსხვერპლს, ვეძებთ მიზეზებს...
მოდით, კრიმინალის ზრდის კუთხეს თავი გავანებოთ და ვიკითხოთ: რატომ გახშირდა აგრესია? რატომ იფრქვევა სიძულვილი უმეტესად? რატომ არიან მზად დღეს, როგორც არასდროს, ქუჩაში შემთხვევით გაკრული მხრის გამო დანა გაგიყარონ ფერდში?
რატომ ჩხუბობენ რესტორნებში და „ზაბეგალოვკებში“ სულ?
მე ამ შეკითხვაზე ჩემი პასუხი მაქვს, _ მოწამლული თაობაა მიზეზი, ოპიუმის, ჰეროინის, სუბუტექსის ვერშოვნის მერე ფსიქოტროპულ პრეპარატებზე „შემჯდარი“ თაობა _ რამდენიმე ასეული ათასი (ნამდვილად არ ვაჭარბებ), არავისზე ნაკლები ნიჭის, გარეგნობის, ნარკოტიკამდელი, საამაყო წარსულის მქონე ახალგაზრდა და არა მარტო ახალგაზრდა...
ამ ყველაფრის ერთ-ერთი ყველაზე რეალური მიზეზია ნარკოტიკის უკიდურესი ხელმისაწვდომობიდან ნარკოტიკის უკიდურეს მიუწვდომლობამდე არსებული დროის ძალიან ცოტა მონაკვეთი. დროის ამ ორ მონაკვეთში ძალიან ბევრმა მოასწრო „შეჯდომა“, ძალიან ცოტამ „გადაგდება“ და ფსიქოტროპულებზე „გადაჯდა“...
აბა, გაიხსენეთ, რამდენი ახლობელი, ნაცნობი, მეგობარი გვყავს ეგეთი და რამდენი ვიცით, რომელსაც სწორედ ფსიქოტროპულმა პრეპარატებმა დაუმახინჯეს და დაუნგრიეს ცხოვრება...
არ ვამბობ მხოლოდ დღევანდელი დღის გამო...
უკვე ცნობილ და ტრაგიკულ დანაშაულთა მონაცემებს გადახედეთ, ეჭვმიტანილთა და ბრალდებულთა ასაკს...“_ ვერაფერს იტყვი, საინტერესო კავშირი ნამდვილადაა მოძებნილი.
მაგრამ, კაცმა რომ თქვას, ამ ყველაფერში დამნაშავე მაინც საზოგადოებაში არსებული ინდიფერენტულობაა: ჩვენ გვაქვს უამრავი ანდაზა თუ ფრთიანი გამოთქმა, რომელთაგან ზოგი რუსულის პირდაპირი კალკია, ზოგი ჩვენი გამოგონილი, მაგრამ რეალობის მიხედვით ისინი სწორედ ქალის მორჩილებაში ყოლის „გაპრავებაა“ და სხვა არაფერი:
„ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო“; „მცემს, ესე იგი, ვუყვარვარო“; „ძაღლი ადამიანის მეგობარია _ ქალიც ადამიანის მეგობარიაო“ და სხვა გამოთქმები, არა მგონია, ქალის მოგონილი იყოს: ალბათ, უფრო კაცებმა მოვიგონეთ, ჩვენი ძალადობისა და მესაკუთრეობის სურვილის გასამყარებლად.
ახლა, როცა ოჯახური ძალადობის დროს დასაკავშირებელი არაერთი ცხელი ხაზი არსებობს, როცა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ქალთა უფლებებს იცავს, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მოუწოდებენ საქართველოს, დაიცვას გენდერული ბალანსი ხელისუფლებაში და წინ წამოსწიოს ქალები, ფაქტია, რომ ქალების უფლებები ირღვევა, როგორც არასდროს...
დიახ, სწორედ საზოგადოების დამოკიდებულების შედეგია ის, რომ ბევრ შემთხვევაში ქალები არათუ ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას, ისინი ხმასაც კი არ იღებენ.
ამ სიტუაციამ სახალხო დამცველიც შეაშფოთა. ის პირველი იყო, ვინც მიანიშნა, რომ ამ სახის ძალადობების მიუხედავად, ხელისუფლებას სტრატეგია არ აქვს:
„ეს არის კიდევ ერთი მოწმობა იმისა, რომ არსებობს სერიოზული პრობლემები, როდესაც საუბარია ოჯახური ძალადობის ფაქტებზე და რეაგირება ხშირ შემთხვევაში არ არის ადეკვატური.
სამართალდამცველი ორგანოები, სამწუხაროდ, არ რეაგირებენ დროულად და ადეკვატურად მსგავს შეტყობინებებზე და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ, ზოგადად, დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. საგანგაშოა, როდესაც ქვეყანაში ზედიზედ ხდება მსგავსი დანაშაული და, სამწუხაროდ, არანაირი სტრატეგია სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, არ არსებობს. საჭიროა არა ერთჯერადი გამოძიება კონკრეტული ფაქტისა, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება“, _ ამბობს ის.
ალბათ ყველას გვახსოვს საქართველოს ყოფილი პირველი ქალბატონის, აწ გარდაცვლილი ნანული შევარდნაძის მიერ შექმნილი ერთი ორგანიზაცია, რომელსაც მაშინ ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ წლების შემდეგ ისე აქტუალური გახდა, როგორც არასდროს: „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“. დიახ, არ გაგეცინოთ, სწორედ ასეთი და აქტუალური ორგანიზაციების შექმნაა საჭირო და მეტი სამოქალაქო განათლება ქალებს...
ადამიანის უფლებათა დამცველები არა მარტო იმაზე მიანიშნებენ, რომ ხელისუფლება ამ კუთხით უნდა გააქტიურდეს, არამედ იმაზეც, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპი უნდა აღმოიფხვრას. სტერეოტიპი, რომელიც ქალებს არა დამოუკიდებელ, მამაკაცის თანასწორ მოქალაქედ, არამედ როგორც სარეცხ მანქანას, ან, სულაც, ვნების დასაკმაყოფილებლად გაჩენილ არსებად განიხილავს.
რაღა შორს წავიდეთ, ჩემი მშობლიური კუთხის, სამეგრელოს მაგალითი ავიღოთ: დღემდე გაიგონებთ იქ ხანშიშესული მამაკაცებისგან: „როცა, ბოდიში და, ცოლი შევირთე...“, „ბოდიში მომითხოვია და, ჩემმა ცოლმა თქვა...“, ხოლო სეფით გადახურულ ქორწილებზე, ნათლობებზე, ქელეხებსა და წლისთავებზე დღემდე ამრეზით უცქერენ მამაკაცს, თუ ის სუფრას ცოლთან ერთად მიუჯდება, რადგან დაუწერელი კანონივითაა, რომ ქალები ცალკე უნდა ისხდნენ, კაცები კი _ ცალკე. ეს, ეტყობა, „შუშანიკის წამებისეული“ „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუცა მამათა და დედათა ერთად ეჭამოთ პურის“ ოცდამეერთე საუკუნისეული პერიფრაზი-რეალობაა.
რეალობა მხოლოდ ის არაა, რომ საზოგადოებაში ერთგვარი „გამამართლებელი მუხტი“ არსებობს მოძალადეების მიმართ. საკმარისია, ქმრის მიერ ცოლის მოკვლის თემა გახმაურდეს და მაშინვე იწყება ხმადაბალი გადალაპარაკებები: „რატომ მოკლა? ღალატობდა? კაი, რა... ღირსი ყოფილა, ქმარს რქები რატომ უნდა დაადგა? გაშორდი და რაც გინდა, ის ქენი...“
ამას თავი გავანებოთ, სულაც სამართალდამცველები არიან მოძალადეების ქვეცნობიერად „გამპრავებლები“. ამას წინათ თბილისში ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარ ერთ შემთხვევას ქალბატონი სრულიად გაოგნებული აღწერდა: ის შეესწრო, როგორ სცემდა დღისით-მზისით, შუაგულ თბილისში, მამაკაცი გოგონას, რომელიც მისი ცოლი აღმოჩნდა. ამ ქალბატონმა მანქანა გააჩერა და მოჩხუბართა გაშველება სცადა, ადგილზე მისულ პატრულს კი სთხოვა, რომ შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ. მისი თხოვნა პოლიციელებმა ყურად არ იღეს, ამ წყვილის მეზობელმა კი, რომელიც მომხდარს შეესწრო, ქალს უსაყვედურა: „რა ორდერი? ცოლ-ქმარი არიან, ერთმანეთში გაარკვევენ...“ იგივე აზრზე იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც...
ერთი ჩვენი კოლეგა, რომელიც არასდროს გამოირჩევა ბილწსიტყვიანი სტატუსების წერით, ბოლოდროინდელმა ტენდენციებმა იმდენად გააცოფა, რომ ამ ფაქტების აღმოფხვრის მისეული მოსაზრებები სულ სიმწრით აკრიფა და ტექსტი გამოვიდააა _ ნუ იტყვით... თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ადამიანის მოსაზრება ორმაგად საინტერესოა _ ის ფსიქოლოგიც გახლავთ...
„ძალადობის მიზეზები არაა ის, რომ გოგოები დებილები არიან და დაუფიქრებლად მიყვებიან ცოლად მოძალადეებს, არც ის, რომ მედია აშუქებს და ერთმანეთს ბაძავენ მოძალადეები...
გარემო და ხალხია მთავარი, რომ არ ერევიან (და *ლეობა ანდაზებით იპრავებენ თავს, ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო, თუ რაღაცა), რომ აქეზებენ მოძალადეებს, ეს როგორ გაკადრაო (დდშვც), მერე, რომ კლავენ და მაინც ამართლებენ ღიად, ღირსი იყოო... აი, ეს დებილი საზოგადოებაა პრობლემა!
რაც არ უნდა ჩაიდინოს გოგომ (დარწმუნებული ვარ, მსხვერპლთა 99%-ს არაფერი ჩაუდენია და უბრალო დეპრესიის ან ფსიქოზის მსხვერპლნი არიან), როგორ ცუდადაც არ უნდა მოიქცეს, როგორ შეიძლება, მკვლელობა იყოს გამართლებული?
აი, ამის დაწერა რომ მიწევს ეგაა პრობლემა კიდევ! რად უნდა ახსნის მოძებნა და „გოგოების ბრალია, თვალები სად ჰქონდათ“ და „მედიამ არ უნდა გააშუქოს, იმიტომ, რომ ერთმანეთს ბაძავენ“ და სისულელეების წერა?
საზოგადოებაშია პრობლემა! 80% ამართლებს მოძალადეს (ჭორების საფუძველზე) და არა მსხვერპლს! ღირსება, ტრადიციები, სხვადასხვა ინსტიტუტების მხრიდან წაქეზება...
ხოდა, გაამკაცრეთ ეს დედამო***ული კანონი წამქეზებლების მიმართაც, რომ შემდეგში ჩაი**ან და აღარ შეუწყონ ხელი ასეთ სადიზმს!
ირანში ვცხოვრობთ, „ბლიად?!“
არადა, არა _ ირანში არ ვცხოვრობთ, მაგრამ სანამ საზოგადოებაში იქნება მოსაზრება _ მღალატობს, ესე იგი, უნდა მოკვდეს, სანამ მკვლელს ან, უბრალოდ, მოძალადეს არ ექნება შიში, რომ საზოგადოება გაკიცხავს და სანამ იფიქრებს, რომ ციხე პრობლემა არაა, რადგან ან მალევე გამოვა, ან „იქაც კარგად გაუგებენ“, სანამ ძალადობის მსხვერპლი ქალები, თავიანთი უფლებების დაცვის ნაცვლად, სრულიად აუხსნელი პირში წყლის ჩაგუბებით შემოიფარგლებიან, მანამდე ეს პრობლემა იარსებებს და მანამდე, იქნებ, მართლაც მოგვიწიოს ქართლის დედის შემოსვა ჯავშანჟილეტით, მაგრამ საკითხავი ის დარჩება, მარჯვენა ხელში აღებული ელექტროშოკი დაიცავს კი მას მოძალადეებისგან?
თუმცა, იქნებ, ჯერ არც იყოს ეს საჭირო... ახლა ხომ დედებს კი არა, „მხოლოდ ცოლებს კლავენ“...
დოროთე გითოლენდია