დიდი გადანაწილება სახელისუფლებო მედიაში

ქართულ ტელებაზარზე ახალი გადანაწილება იწყება, რაც მოულოდნელობა ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ 2020 წლის 31 ოქტომბრამდე კულუარებში ამბობდნენ, რომ არჩევნების დამთავრების შემდეგ ტელევიზიებსა და ასევე ინტერნეტგამოცემებში ერთგვარი რეორგანიზაცია მოხდებოდა. ამავე კონტექსტში მინიშნება იმაზე კეთდებოდა, რომ ამა თუ იმ გავლენიანი ან მეტ-ნაკლებად გავლენიანი მედიის მფლობელები შეიცვლებოდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში აქცენტი, რასაკვირველია, ე. წ. სახელისუფლებო მედიასაშუალებებზე კეთდებოდა.

ზოგადად, საქართველოში მკვეთრად პროსახელისუფლებო ტელევიზია „იმედი“ და POSTV -ია. ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე ონლაინ-გამოცემა, რომელიც ღიად არ ამბობს, რომ „ოცნებაზე“ მუშაობს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს ონლაინგამოცემები დაფინანსებას, პირდაპირ თუ ირიბად, მმართველი პარტიიდან ან მასთან დაახლოებული ბიზნესმენებისგან იღებენ.
მოკლედ, არჩევნები დამთავრდა და ის სცენარი, რაზედაც კულუარებში საუბრობდნენ, ნელ-ნელა ამოქმედდა. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“ „პრაიმტაიმთან“ მედიაჰოლდინგს ქმნის, თუმცა ვიდრე ერთ დროს ფლაგმანი ტელევიზიის დღევანდელობაზე ვისაუბრებთ, ჯერ „იმედში“ მიმდინარე ამბები მიმოვიხილოთ.
გასულ კვირას მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-ის საინფორმაციო სააგენტო CNews -მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „იმედში“ თანამშრომლების შემცირება დაიწყო. სააგენტო წერდა, რომ დღის წესრიგში დგას გადაცემების დახურვა. ამას გარდა, CNews -ის მონაცემებით, ირაკლი რუხაძემ თქვა, რომ ტელევიზიაში ფულის დაბანდებას აღარ აპირებს. აღსანიშნავია, რომ სააგენტოსთან საუბრისას ეს ფაქტები „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ირკალი ჩიხლაძემ არ დაადასტურა, თუმცა არც ხელაღებით უარყო და სააგენტოს ჟურნალისტს ურჩია, რომ ინფორმაცია ტელევიზიის დირექტორთან, ირაკლი ლალიაშვილთან გადაემოწმებინა.
სხვათა შორის, ირაკლი რუხაძემ „იმედი“ ოფიციალურად არცთუ დიდი ხნის წინ, კერძოდ, მიმდინარე წლის დასაწყისში შეიძინა. კერძოდ, როგორც მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მფლობელობაში არსებული მედიაგიგანტის გასხვისებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და ნებართვაც გაიცა, ანუ 2021 წლის იანვარში ჯერ წილები ოფიციალურად არ იყო გადაფორმებული, მაგრამ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ჰოლდინგის გაყიდვაზე, რომელშიც „ტელეიმედი“, რადიო „იმედი“ და „ჯიდიესი“ შედიან, იმსჯელა.
მაშინდელი ინფორმაციითვე, „იმედი“, ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანიის მფლობელობაში გადავიდა, რომლის პატრონებიც არიან აშშ-ს მოქალაქე რუხაძე, ასევე აშშ-ს მოქალაქე იგორ ალექსეევი და ბრიტანეთის მოქალაქე ბენჟამინ ალბერტ მარსონი.
„სამივე მათგანს ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე წლების წინათ ბიზნესმენის ქონების არასწორად განკარგვისთვის უჩიოდა და ბრიტანეთის სასამართლომ ისინი გაამტყუნა“, _ იუწყებოდა იანვარში ქართული ონლაინმედია.
სხვათა შორის, „იმედის“ ყიდვა, თავის დროზე, რუხაძემაც დაადასტურა:
„მე და ჩემი პარტნიორები ვყიდულობთ. უფრო სწორად, ორი წლის წინ ვიყიდეთ. უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა სტრუქტურული მიზეზების გამო. დღეს მივიღეთ ფორმალური თანხმობა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან. რამდენიმე თვეში დავხურავთ გარიგებას და გამოვაცხადებთ. ტელეკომპანიას ჯერ ისევ ინა გუდავაძე ფლობს“.
საერთოდ, რუხაძე „ოცნებასთან“ დაახლოებულ პერსონად მიიჩნევა და რამდენიმე წლის წინ კულუარებში იმასაც კი ამბობდნენ, რომ რუხაძეს თითქოს პრემიერად ამზადებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, პარტიას ის იდეოლოგიის კუთხით დასჭირდა და ამიტომაც „იმედი“ ჩააბარა, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა _ მართალია, „ოცნება“ იხტიბარს არ იტეხს, მაგრამ თავად „მეოცნებეებიც“ კი ხვდებიან, რომ ვითარება მყიფეა და ერთპიროვნული მმართველობა დიდხანს აღარ გაგრძელდება, თანაც ისიც ნათელია, რომ იგივე პროპაგანდისტულმა „იმედმა“ და POSTV -მ რეალური შედეგი ვერ დადო, ანუ ეს ორი ტელევიზია ქვეყანაში პროსახელისუფლები ამინდს ვერ ქმნის. ამიტომაც, როგორც იტყვიან, ორივე ზედმეტი ბარგია და ზედმეტ ბარგში ფულის დაბანდებას აზრი რომ არ აქვს, ეს ბავშვმაც კი იცის.
„იმედის“ მსგავსად, მთლად სახარბიელო სიტუაცია არც POSTV -ის აქვს. ჯერ ერთი, მოარული ხმებით, ამ ტელევიზიის ერთ-ერთ დამფუძნებელ ლაშა ნაცვლიშვილს „შუშის სასახლის“ მფლობელთან ურთიერთობა ისე დაეძაბა, რომ მისი თავისუფლება შესაძლოა, ეჭვქვეშაც კი დადგეს. ამის მიზეზი კი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერებია, რომლის ფიგურანტებიც არიან მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშილი. ანუ, თურმე, დადასტურდა ეჭვი, რომ ჩანაწერის გამოჟონვის კვალი სწორედ ნაცვლიშვილთან მიდის.
მეორეც, „ზემოთ“ ისიც უკითხავთ, POSTV -ში ამდენ ფულს რომ ვხარჯავთ, რა ხეირი ვნახეთო? ტელევიზიის მენეჯმენტს თავის მართლება დაუწყია, აი, მთელი სოციალური ქსელი ჩვენს ტრენდზეაო, მაგრამ ნათქვამია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო. ჰოდა, ამ ტელევიზიის დაფინანსების საკითხიც, როგორც ამბობენ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ახლა, რაც შეეხება „რუსთავი 2-ს“: ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა ტელევიზია ქიბარ ხალვაშმა დაიბრუნა, ითქვა, რომ ეს მოკლევადიანი პროექტი იყო და „რუსთავი 2“ არსებობას მალე შეწყვეტდა. ამის მერე ის ხმაც გავრცელდა, რომ ხალვაშს ტელევიზია თითქოს ვანო ჩხარტიშვილისთვის უნდა მიეყიდა და როგორც ამბობენ, საამისოდ წინასწარი სამუშაოები დაწყებულიც იყო, მაგრამ გახარიას გადადგომამ, ჩვენი წყაროს თქმით, ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ანუ როგორც ამბობენ, ღარიბაშვილსა და ჩხარტიშვილს ცუდი ურთიერთობა აქვთ და სწორედ პრემიერი წასულა წინააღმდეგი, რომ „რუსთავი 2“ ჩხარტიშვილის ხელში გადასულიყო. ამ გადასვლის მიზანი კი, როგორც გვიხსნიან, ასეთი ყოფილა:
„იმედისგან“ განსხვავებით, „რუსთავი 2-ს“ ობიექტური მედიის სახე უნდა შეენარჩუნებინა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მკვეთრად „ქოცური“ ნარატივი უნდა გაეტარებინა.
ჩხარტიშვილის სქემიდან ამოვარდნის შემდეგ, ზემოთქმული მოცემულობა არ შეცვლილა, ანუ „რუსთავი 2-ისა“ და „პრაიმტაიმის“ ერთ ჰოლდინგად შერწყმაც, თურმე, სწორედ ამ მიზნის რეალიზებას ემსახურება.
საერთოდ, „რუსთავი 2“, ყველა სხვა ტელევიზიისგან იმითაც გამოირჩევა, რომ ხელისუფლებების შეცვლის პარალელურად, მისი მფლობელებიც იცვლებოდნენ და იცვლებიან. მთელი ეს ისტორია კარგად ჩანს კვლევაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ, კერძოდ, 2013-ში transparency.ge -ზე გამოქვეყნდა და რომელსაც ჩვენი გამოცემა შემოკლებით გთავაზობთ:
„2004-2012 წლებში „რუსთავი 2-ის“ მფლობელობა თითქმის 20-ჯერ შეიცვალა. ხშირად ეს საეჭვო გარიგებების შედეგად ხდებოდა, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილთან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობასთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე, „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა (მათ ტელეარხი 1994 წელს ეროსი კიწმარიშვილთან ერთად დააარსეს) განაცხადეს, რომ ტელეარხის დაბრუნებას სასამართლოს გზით შეეცდებიან.
დამფუძნებლებმა 2004 წლის მოვლენებზე საუბარი საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 სექტემბერს დაიწყეს. ღია წერილში დვალმა და აქიმიძემ განაცხადეს, რომ ისინი „სახელმწიფო მანქანის მხრიდან ძალადობის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი“ არიან.


1994 წლიდან 2004 წლამდე „რუსთავი 2-ის“ თითოეული დამფუძნებელი – ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე – არხის 33.3%-ს ფლობდა.
2000-იანი წლებისთვის რუსთავში დაარსებული ტელევიზია ქვეყნის უმსხვილეს კერძო ტელეარხად იქცა, რომელიც შევარდნაძის მთავრობას ხშირად აკრიტიკებდა. 2001 წელს პოპულარული გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანი გიორგი სანაია გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, მისი საქმე კი სრულად არ გამოიძიეს. იმავე წელს „რუსთავი 2-ში“ უშიშროების სამსახური შევიდა, რადგანაც ტელევიზიას სახელმწიფო 1.5 მილიონი ლარის დამალვაში ადანაშაულებდა. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. აღნიშნულ მოვლენებს საპროტესტო აქციები მოყვა, რაც მთავრობის გადადგომით დასრულდა.
2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „რუსთავი 2-მა“ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში გამარჯვებული იყო მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ოფიციალური შედეგების მიხედვით კი სახელისუფლებო ბლოკი ლიდერობდა. „რუსთავი 2-ის“ მიერ არჩევნების გაშუქებამ საპროტესტო აქციებს მისცა ბიძგი, რასაც „ვარდების რევოლუცია“ და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.


2004 წლის თებერვალში ეროსი კიწმარიშვილი სავაჭრო პალატის პრეზიდენტად დაინიშნა, რამდენიმე თვეში კი „რუსთავი 2-ის“ დირექტორი და 10%-ის მფლობელი ნიკა ტაბატაძე (ტაბატაძემ თითოეული დამფუძნებლისგან 3.33% მიიღო) საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ „რუსთავი 2-ს“ „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად“ მოიხსენიებდნენ. დვალი და აქიმიძე კი იხსენებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მათ არხის დათმობას სთხოვდნენ. ყოფილი მფლობელების თქმით, ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, მათ „რუსთავი 2“ არ დათმეს. „რუსთავი 2-მა“ Media Development Loan Fund -იდან (MDLF) სესხი აიღო, რისთვისაც მფლობელებმა გარანტიად საკუთრება, მათ შორის, ინტერნეტ პროვაიდერ Georgia Online -ის წილები ჩადეს. როგორც დვალმა და აქიმიძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განუცხადეს, ამასობაში მათი ურთიერთობა კიწმარიშვილთან დაიძაბა.
2004 წლის 11 ივნისს კიწმარიშვილმა „რუსთავი 2-ის“ გაკოტრების პროცედურები წამოიწყო, რასაც წინ უსწრებდა ტელეკომპანიის განცხადება 9.2 მილიონი ლარის ოდენობის ვალის არსებობის შესახებ, საიდანაც 4.6 მილიონი ლარი „რუსთავი 2-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ჰმართებდა. მთავრობამ კომპანიას ვალის რესტრუქტურიზაცია შესთავაზა. დავით დვალის თქმით, „რუსთავი 2-ს“ ასევე ჰქონდა 1.2 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი Media Development Loan Fund -ის მიმართ, რასაც ემატებოდა თიბისი-ს მიმართ არსებული 0.5 მილიონ ლარიანი ვალიც, რასაც, დვალის თქმით, კომპანია განრიგის მიხედვით ისტუმრებდა, თუმცა გაკოტრების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, დვალისა და აქიმიძის თქმით, მდგომარეობა დაიძაბა – მსესხებლებმა ვალების დაბრუნება მოითხოვეს. იმისთვის, რათა პირადი საკუთრება არ დაეკარგათ, რაც მათ სესხის აღებისას გარანტად ჩადეს, დვალისა და აქიმიძის თქმით, ისინი იძულებული გახდნენ, გაეყიდათ „რუსთავი 2“. Media Development Loan Fund -ის წარმომადგენელმა (MDLF-ი, ახლა ასე იწოდება) დაგვიდასტურა, რომ „რუსთავი 2-მა“ 2004 წელს საკუთარი ვალები დაფარა, თუმცა კლიენტთან ურთიერთობის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, თავი შეიკავა ვალის დაბრუნების პროცესის დეტალების გამჟღავნებისგან.
„რუსთავი 2-ის“ მფლობელობის მრავალჯერადი ცვლილება სწორედ ამ მომენტიდან იწყება. 2004 წლის 16 ივნისს პაატა კარსანიძემ, რომლის ბიზნეს საქმიანობაზეც ცნობები არ მოიპოვება, ვალებში მყოფი „რუსთავი 2-ის“ 60% შეიძინა (30-30% ჯარჯი აქიმიძისგან და დავით დვალისგან), იმავე დღეს კი წილები სრულად ქიბარ ხალვაშს მიჰყიდა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კარსანიძემ თითოეულ მფლობელს 100,000 აშშ დოლარი გადაუხადა, ხალვაშს კი წილები 200,000 აშშ დოლარად მიჰყიდა. ხალვაშის კომპანია შპს „პანორამამ“ ნიკა ტაბატაძის 10% და ეროსი კიწმარიშვილის 30%-იც შეისყიდა. საჯარო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ტაბატაძემ წილები ნებაყოფლობით დათმო და სანაცვლოდ 200 ათასი ლარის ანაზღაურება მიიღო, რაც მის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხა იყო. ეროსი კიწმარიშვილმა კი თავისი წილების სანაცვლოდ 50,000 აშშ დოლარი მიიღო. ოქტომბერში კიწმარიშვილმა სავაჭრო პალატის პრეზიდენტის პოსტი დატოვა და აღარც „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობაში ფიგურირებდა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, მისი მეგობრული ურთიერთობა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო. ოქრუაშვილს სხვადასხვა დროს მთავარი პროკურორის (2004), შინაგან საქმეთა მინისტრის (2004), თავდაცვის მინისტრისა (2004-2006) და ეკონომიკური განვითარების მინისტრის (2006) თანამდებობები ეკავა. ხალვაში „პროქტერ & გემბელის“ სადისტრიბუციო ქსელსა და „პეპსის“ ფლობდა. 2007 წლის დეკემბერში, მას მერე, რაც ოქრუაშვილმა სააკაშვილის მთავრობა დატოვა, ხალვაშის კომპანიის საცავები ხანძრის შედეგად დაიწვა.


2005 წლის დეკემბერში „საქცემენტმა“ ქიბარ ხალვაშის კომპანია „პანორამასგან“ „რუსთავი 2-ის“ 22% 131,994 ლარად შეიძინა. „საქცემენტის“ 100%-ის მფლობელი პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილისა („ნაციონალური მოძრაობა“) და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის (2005-2008) გელა ბეჟუაშვილის (გელა ბეჟუაშვილი დღემდე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსია) მამა, რობერტ ბეჟუაშვილი იყო.
დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ „საქცემენტისგან“ ეს წილები ისევ რობერტ ბეჟუაშვილის კომპანია „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შეიძინა. ჯგუფს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენლის“ მფლობელობაშია. დავით ბეჟუაშვილი 1999 წლიდან მოყოლებული თავის დეკლარაციაში აღნიშნავს, რომ იგი „ჩემექსიმ ინტერნეიშენლის“ პარტნიორია, თუმცა ამ კომპანიიდან მიღებული რაიმე შემოსავალი პარლამენტარის დეკლარაციებში აღნიშნული არ არის. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ნახშირის, ენერგეტიკულ და უძრავი ქონების კომპანიებს ფლობს. „ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს“ 25%-იც ამ კომპანიას ეკუთვნის.
2006 წელს ხალვაშმა ტელეკომპანია „მზის“ 78%, ბეჟუაშვილმა კი მისი 22% შეიძინა. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ „პირველი სტერეოს“ 65%-საც ფლობდა.


2006 წლის აგვისტოში „რუსთავის 2-ის“ დირექტორი ნიკა ტაბატაძე, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა და არხს დაუბრუნდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. იგი კობა დავარაშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, გიორგი არველაძესთან დაახლოებული პირი იყო. არველაძეს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ეკავა.
იმავე წელს, მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუშვილმა მთავრობა დატოვა, ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანია „პანორამამ“ „რუსთავი 2-ის“ 78% შპს „ჯეო-ტრანსზე“ გაასხვისეს. „ჯეო-ტრანსს“ ბიძინა ნიჟარაძე ფლობდა, რომლის ბიზნეს საქმიანობის შესახებაც საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი.
ათ დღეში „ჯეო-ტრანსმა“ წილების 55% ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანია Delgado Resources -ს მიჰყიდა. ამ ოფშორული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი ლევან ყარამანიშვილი იყო. ყარამანიშვილი საქართველოში რამდენიმე სხვა ოფშორულ კომპანიასაც წარმოადგენდა, მათ შორის, იმ კომპანიებს, რომლებიც ფლობდნენ „კავკასუს ონლაინსა“ და „მობიტელს“ („ბილაინს“), რესტორნების ქსელ GMC-სა და თბილისის რკინიგზის სადგურზე მდებარე სავაჭრო ცენტრს. „ჯეო-ტრანსის“ მფლობელობაში მყოფი დანარჩენი 23% კი „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შეიძინა, რომელიც 22%-ს უკვე ფლობდა.
2007 წლის დასაწყისში მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანია „ჯეომედია გრუპმა“, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც ისევ ბიძინა ნიჟარაძე იყო, Delgado Resources -ის 55% შეიძინა. ამ ორი კომპანიის ბენეფიციარი მფლობელების ვინაობა დღემდე უცნობია.
2007-2009 წლებში „რუსთავი 2-ის“ დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი იყო, რომელიც, შემდგომ, 2009-2013 წლებში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გახლდათ. 2008 წელს ჩიქოვანმა „რუსთავი 2-ის“ 30% შეიძინა (15% „ჯეომედია გრუპისგან“, 15% კი – „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისგან“). საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არსებულ არქივის დოკუმენტებში ეს გარიგება ასახული არ არის.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, „რუსთავის 2-ის“ მფლობელების ვინაობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ტელევიზიების ბურუსით მოცული მფლობელობის გამო საქართველოს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აკრიტიკებდნენ. ამ თემის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის საშუალებით გავრცელდა.
2011 წელს პარლამენტმა ოფშორული კომპანიების მიერ მაუწყებლების ფლობა აკრძალა და ტელევიზიებსა და რადიოებს ბენეფიციარი მფლობელების გამჟღავნება მოსთხოვა. ცვლილებები ძალაში 2012 წლის დასაწყისში შევიდა, ცოტა ხნით ადრე კი ლევან ყარამანიშვილმა „რუსთავი 2“-ში Degson Limited -ის 60% და „ჩემექსიმ ინტერნეიშენლის“ 30% შეიძინა. გიორგი გეგეშიძემ, რომელიც Degson Limited -ს წარმოადგენდა, ოფშორული კომპანიისგან დარჩენილი 10% შეიძინა“.


ერთი სიტყვით, სახელისუფლებო მედია აშკარად კარგ „პალასაზე“ ვერ არის. პარალელურად კი მმართველი ელიტა თავისუფალ და კრიტიკულ მედიას ებრძვის და რაღას არ ცდილობს, რომ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა აღარ ისმოდეს, მაგრამ მედიასთან ბრძოლა ხელისუფლებას არსად და არსოდეს მოუგია! იმედია, ამ მხრივ საქართველო ფლაგმანი არ გახდება!

გიორგი აბაშიძე