ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
2025-12-22 13:11:47
ელისო კილაძე
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე გამოძიებას, ფაქტობრივად, ჩამოეშალა მას შემდეგ, რაც გელა უძილაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ჯანგველაძე პირადი კონფლიქტის გამო მოკლა. სასამართლომ მას მაინც ანგარებით მკვლელობაში დასდო ბრალი, მაგრამ შემკვეთების ნაწილზე არ უმსჯელია, რადგან სისხლის სამართლის საქმე ხელოვნურად რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი: ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის პროცესები 25 იანვარს იწყება.
მას შემდეგ, რაც გამოძიებამ ანონიმური გვერდის ჯონათან ჯონის მიერ გავრცელებული ვერსიები რეალობაში მტკიცებულებების გარეშე გადმოიტანა, სწორედ ჩვენ მიერ გაცხადდა, რომ ჯონათან ჯონი რეალობაში სწორედ კოკა მორგოშია იყო და მას საჯაროდ გამოჩენა არ უნდოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც იძულებული გახდა, განცხადებით მიემართა შს სამინისტროსთვის და ოფიციალურად გამოკითხეს კიდეც. მორგოშია აცხადებს, რომ ჩემი პუბლიკაციების მერე მას ექს გენერალური პროკურორი ლიკვიდაციით ემუქრება, რომ მან ამ გეგმაზე მოსკოვში რესტორანში ისაუბრა და მორგოშიას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია.
გამოკითხვის დროს მორგოშიასთვის წყაროს დასახელება გამოძიებას არ მოუთხოვია, ისევე როგორც არ დაუსახელებია იმ ქისტების ვინაობა, რომლებსაც თითქოსდა ფარცხალაძე ფულს უხდის მის ლიკვიდაციაში. არადა, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კოკა მორგოშიას ქისტების ვალი აქვს, დაბრუნება არ უნდა და ამიტომაც ავითარებს აღნიშნულ ვერსიას.
ამავე გამოკითხვის ოქმში მორგოშია აღიარებს, რომ ჯერ კიდევ ლევან ჯანგველაძის პანაშვიდებზე ის საჯაროდ საუბრობდა, რომ მკვლელობა ფარცხალაძის გარემოცვის ჩადენილია, ხოლო ამავე ოქმში აფიქსირებს, რომ მას ფარცხალაძესთან კონფლიქტი ჰქონდა, ე. ი. დაინტერესებული პირია და, შესაბამისად, ცრუ ბრალდებების გაჟღერებისთვის მოტივაციაც გააჩნია.
მასალები სისხლის სამართლის საქმიდან
კონსტანტინე მორგოშიას განცხადებასა და გამოკითხვის ოქმს სრულად გთავაზობთ
შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე ზვიად ნოზაძეს
ბატონო ზვიად,
შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N010160825001 საქმეზე შემდგომი რეაგირების მიზნით, გეგზავნებათ კონსტანტინე მორგოშიას განცხადება (დანართი იხილეთ საფუძვლებში და მიბმულ ფაილად).
პატივისცემით,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილე
ზურაბ ბერუაშვილი
მორგოშიას განცხადება:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გელა გელაძეს,
კონსტანტინე მორგოშიას (პირადი ნომერი: 01010010^^^)
დაბადების თარიღი: 28.05.1982 12.09.2025
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
მოგახსენებთ, რომ გახლავართ პოლიტიკური პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ და ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ დამფუძნებელი. მყავს მეუღლე და 6 შვილი. მრავალი წელია ვახორციელებ პოლიტიკურ საქმიანობას.
2025 წლის მარტში მოკლული ლევან ჯანგველაძე იყო ჩემი უახლოესი მეგობარი. ლევანის ძმასთან, მერაბ ჯანგველაძესთან მქონდა და მაქვს ახლო მეგობრული ურთიერთობა.
ჩემსა და ლევანთან, ასევე ლევანის ოჯახთან ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე, ვარ დაინტერესებული იმით, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარდეს ობიექტურად და დადგინდეს სრული სიმართლე.
ლევანის შეკვეთილი მკვლელობიდან ვერიდებოდი საჯარო განცხადებების გაკეთებას და არ ვაპელირებდი ჩემსა და ლევანს შორის არსებული ახლო მეგობრული ურთიერთობის შესახებ, რადგან არ მსურდა აღნიშნული საკითხის პოლიტიზება.
თუმცა გარკვეული დროის წინ ვაიჟურნალისტებმა (როგორიცაა ქალბატონი ელისო კილაძე) და ასევე მასთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა აიტაცეს თემა, თითქოს მე ვარ ჩარეული გამოძიების პროცესში და თითქოს ჩემი სცენარით მიმდინარეობს გამოძიება.
აღნიშნულ აბსურდს დღემდე აქტიურად აჟღერებენ და ცდილობენ გამოძიების დისკრედიტაციასა და საგამოძიებო პროცესებისთვის ხელის შეშლას.
აღნიშნული შეტევები ჩემ მიმართ დაიწყო მას შემდეგ, რაც დამატებით რამდენიმე პირი მიეცა პასუხისგებაში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების მუხლით, შემდეგ კი საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებში გამოჩნდა ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი, ასევე მკვლელობის სავარაუდო შემკვეთად უფრო და უფრო ხშირად იხსენიებენ ოთარ ფარცხალაძეს.
აღნიშნულ პიროვნებასთან (ფარცხალაძე), ისევე როგორც მის ბანდდაჯგუფებებთან, მე ლევანის მკვლელობამდეც მქონდა დაძაბული ურთიერთობა და დაპირისპირება, თუმცა ლევანის მკვლელობის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ჩემ მიმართ მათი მხრიდან ინტერესი.
ოთარ ფარცხალაძისა და მისი დაჯგუფების (მიქაძეები, ჯოხაძეები) მხრიდან ჩემი ლიკვიდაციის მიმართულებით აქტიურად დაიწყო ნაბიჯების გადადგმა სწორედ მას შემდეგ, რაც ე. წ. ჟურნალისტების მხრიდან ჩემ შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაციები იმის თაობაზე, თითქოს მე ჩართული ვარ გამოძიების მიმდინარეობაში და თითქოს ჩემი სცენარით წარმოებს საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები.
ფაქტობრივად, ჟურნალისტმა აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გაჟღერებით მე დამაბრალა ფარცხალაძის დაჯგუფების პასუხისგებაში მიცემა და საქმეში ფარცხალაძის პიროვნების სავარაუდო მკვლელობის შემკვეთად გამოჩენა.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი, რომელმაც მოიგონა და წამოწია ჩემი მხრიდან ვითომდა გამოძიების პროცესის წარმართვის თემა, არის ოთარ ფარცხალაძესთან და მის ბანდასთან დაახლოებული პირი და რომელიც თავად ცდილობს, ხელი შეუშალოს გამოძიებას მოწმეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლითა და პროცესში მონაწილე პირებზე ცრუ ინფორმაციების გავრცელებით.
მსურს, მოგახსენოთ, რომ ბოლო დღეებში მომდის არაერთი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაგეგმილია ჩემი მაქსიმალურად მცირე დროში ლიკვიდაცია.
განსაკუთრებული საფრთხე მოდის რუსეთის ფედერაციიდან, ასევე საფრთხე მოდის ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
ამავე ინფორმაციით, ჩემი ლიკვიდაციის მიზნით გამოყოფილია საკმაოდ სოლიდური თანხები და მიმდინარეობს მოლაპარაკება პანკისის ხეობაში მცხოვრებ ადამიანებთან, რომლებმაც ჩემი ლიკვიდაციის გეგმა სისრულეში უნდა მოიყვანონ.
ასევე საუბარია იმაზე, რომ დაგეგმილია არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი უფროსი შვილის, ტატო მორგოშიას მკვლელობაც.
აქვე დავამატებ იმასაც, რომ ხსენებული დაჯგუფებისთვის არ არის ახალი მსგავსი ტიპის დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, მათი სახელები უკავშირდება წარსულში მომხდარ არაერთ უმძიმეს დანაშაულს, რაც კიდევ უფრო ზრდის იმ საფრთხეს, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ რეალურად დგას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მოახდინოთ მყისიერი რეაგირება ჩემ მიმართ სავარაუდოდ შეკვეთილი მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით და გამოიძიოთ ყველა დეტალი.
მოგმართავთ თხოვნით, რომ უმოკლეს ვადაში გატარდეს ყველა შესაძლო ზომა, რათა დაცული იყოს ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება.
პატივისცემით, კონსტანტინე მორგოშია
ოქმი გასაუბრების შესახებ
19 სექტემბერი, 2025 წ. ქ. თბილისი
შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსი გამომძიებელი ბაქარ გლუნჩაძე, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე ქ. თბილისი, კორნელი ჩალაძის ქუჩა N1, ამავე სამმართველოში შემოსულ კონსტანტინე მორგოშიას (ნომერ: MIA 8 25 02990295) განცხადების საფუძველზე გავესაუბრე:
პირის მონაცემები
სახელი: კონსტანტინე
გვარი: მორგოშია
მამის სახელი: ემზარი
პირადი ნომერი: 01010010***
დაბადების თარიღი: 28-05-1982 წ.
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე.
სამუშაო ადგილი და თანამდებობა: ტელეკომპანია „ალტინფოს“ დამფუძნებელი.
რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი მე-2 მ/რ, მე-4 კვ. კორპუსი N2, ბინა N13/14
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. თბილისი, კიკეთი, ექვთიმე აღმსარებლის ქუჩა N35. ტელეფონი: 577 99 04 **.
პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია:
მოგახსენებთ, რომ 2017 წელს დავაფუძნე ტელეკომპანია „ალტინფო“ და მას შემდეგ ვარ აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი.
ასევე 2025 წელს დავაფუძნე პოლიტიკური პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ და დღემდე ვარ ხსენებული პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი. ვცხოვრობ ქ. თბილისი, კიკეთი, ექვთიმე აღმსარებლის ქუჩა N35-ში მეუღლესთან და 6 შვილთან ერთად.
მოგახსენებთ, რომ ვარ ლევან ჯანგველაძის ახლო მეგობარი, წლებია მაქვს ურთიერთობა ლევანის ოჯახთან.
ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის შემდეგ პანაშვიდებზე ხალხის გარკვეულ მასაში დავაფიქსირე ლევანის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩემი ვერსია, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში, რომ ლევანის მკვლელობა ერთადერთი შეეძლო დაეგეგმა ოთარ ფარცხალაძეს და მასთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს. ეს ყველაფერი ვთქვი გამომდინარე იქიდან, რომ წლების წინათ ოთარ ფარცხალაძესთან მქონდა გარკვეული კვეთები და ნათლად მახსოვს, რომ ოთარს ჰქონდა ლევან ჯანგველაძის მიმართ სერიოზული შიშები, ჩემთვის ლევანისგან გაუგებარი მიზეზით, რაზედაც მე და ლევანსაც გვქონდა საუბრები, როდესაც წლების წინ მე ლევანს ვკითხე, რომ ოთარ ფარცხალაძესთან რა შეხება ჰქონდა მას და რატომ ჰქონდა ოთარ ფარცხალაძეს მისი შიში. მან მითხრა, რომ იგი ფარცხალაძეს საერთოდ არ იცნობდა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, ახლობლების მეშვეობით როდესაც მათ მოუწიათ ერთმანეთთან შეხვედრა, მახსოვს, ლევანმა დამირეკა და მკითხა, რომ მე ადრე ოთარ ფარცხალაძესთან ურთიერთობაზე დავუსვი თუ არა კითხვა, რაც დავუდასტურე. ასევე ლევანმა მითხრა, რომ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და გაიცნეს ერთმანეთი და ამის შემდეგ ფარცხალაძეს მისი შიში აღარ ექნებოდა ან რატომ ჰქონდა ფარცხალაძეს მისი შიში, ეს ლევანისთვის იყო გაურკვეველი, რადგან მათ მანამდე ერთმანეთთან კვეთა არ ჰქონიათ.
2022-2023-2024 წლებში ხშირად მიწევდა რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში ვიზიტები. მე და ლევანი ძალიან ხშირად ვიყავით ერთად, გამომდინარე იქედან, რომ როგორც ლევანი, ასევე ოთარ ფარცხალაძე იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ხოლო ოთარ ფარცხალაძე იყო ახალი ჩასული მოსკოვშ. ეთნიკურად ქართველი მოსკოვში მოღვაწე პირები ხშირად იკვეთებოდნენ ერთმანეთში, ჩემი როგორც ლევანთან ასევე ოთარ ფარცხალაძესთან საუბრების დეტალებშიც კი იგრძნობოდა, რომ მათ, საერთო ნაცნობების მიუხედავად, ერთმანეთის მიმართ არ ჰქონდათ სიმპათიები. როდესაც ლევანს ვკითხე, რა უნდა ოთარს და რატომ იყო მასთან ურთიერთობაში ისევ დაძაბული, ლევანი ამ ყველაფერს სერიოზულად არ უყურებდა.
ლევანს არ ჰქონდა არანაირი ბიზნესი და ბიზნესინტერესები საქართველოში და ზოგადად ამას ხსნიდა იმით, რომ საქართველოში არ სურდა ბიზნესსაქმიანობა, რათა საქართველოში ვინმესთან კონფლიქტი არ მოსვლოდა და ვინმესთან არ ჰქონოდა წყენა. 2025 წელს, ახალი წლის შემდეგ პერიოდში, ერთ-ერთი საუბრის დროს როდესაც ვსაუბრობდით ოთარ ფარცხალაძეზე, ლევანმა საუბარს მოაყოლა, რომ ოთარს და მას ჰქონდათ ხშირი კომუნიკაცია გარკვეულ საკითხებზე. ამის შემდეგ ოთარსა და ლევანს შორის მოხდა, როგორც ჩემთვის ცნობილია, სიგარეტების რუსეთში ტრანზიტის თემაზე უთანხმოება, სადაც უკვე იგრძნობოდა ლევანის წყენა და ნეგატიური დამოკიდებულება ოთარის მიმართ. მაშინ მე ლევანს გავახსენე წლების წინათ ჩემსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის საუბრის კონტექსტი, რომ ქართველების წრეზე საუბრის დროს ოთარ ფარცხალაძემ თავად მიხსენა ლევანი, როგორც საშიში პიროვნება. თავიდან მეგონა, რომ ოთარს აინტერესებდა ჩემი რეაქციები, მაგრამ საუბრის დროს, როგორც აღმოჩნდა და დავრწმუნდი, მან საერთოდ არ იცოდა, რომ მე ლევანს ვიცნობდი. მახსოვს. ოთართან ამ საუბრის შემდეგ მე დავურეკე ლევანს და ვკითხე, რატომ ჰქონდა ოთარს მის მიმართ შიში? მან ამაზე მიპასუხა, რომ ოთარს არ იცნობს და მისთვის გაუგებარია, რატომ ჰქონდა ოთარს მისი შიში და ნეგატიური განწყობა და ასევე მითხრა, რომ თუ საჭიროდ ჩავთვლიდი, ოთარისთვის მეთქვა, რომ მას (ლევანს) არაფერი გასაყოფი ოთართან არ ჰქონდა და საერთოდ არ იცნობდა მას. ამ გახსენების შემდეგ იყო ჩვენი ამ საუბრის გაგრძელება, რომ ოთარს ლევანის მიმართ კომპლექსები მაინც არ ჰქონდა მოხსნილი. მახსოვს, რომ ამ საუბარს მოჰყვა კიდევ ის რამდენიმე ნიუანსი, რომ როგორც ლევანი მიყვებოდა, წლების წინათ ჰქონდა რაღაც ბიზნესდავა, თუ არ ვცდები, თემურ უგულავას საკითხთან დაკავშირებით თბილისის რომელიღაც სასტუმროში, სადაც მასსა და დავით მიქაძეს შორის მომხდარა სიტყვიერი შელაპარაკება. საუბრის შემდეგ მიქაძის ძმას, გიორგი მიქაძეს ლევანისთვის დაურეკავს და უთქვამს, რომ მისი ძმა იყო ახალგაზრდა და ემოციებს აჰყვა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე და იმ ფაქტიდანაც გამომდინარე, რომ მე თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა ადამიანმა კარგად ვიცოდი ნიუანსები, რომ ლევანის თბილისში ხშირი ჩამოსვლა არ იყო მოსაწონი ოთარისა და მისი გარემოცვისთვის, ხშირად ვეუბნებოდი ლევანს, რომ ფრთხილად ყოფილიყო, თუმცა ლევანი ამას ყოველთვის ღიმით და ირონიით პასუხობდა.
ლევანის სიკვდილამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე, როდესაც მე ერთი დღის დაბრუნებული ვიყავი საქართველოში, ხოლო ლევანი, როგორც ვიცი, გოდერძის სათხილამურო კურორტიდან დაბრუნდა ქ. თბილისში, ლევანმა დამირეკა და მითხრა, რომ ქალაქში გამოსვლა ეზარებოდა და ავსულიყავი მასთან სახლში ქ. თბილისში შევჩენკოს ქუჩაზე. მე მართლაც მივაკითხე ლევანს, სადაც დავყავი რამდენიმე საათი და ცოტა ალკოჰოლური სასმელიც დავლიეთ. აღნიშნულ შეხვედრაზე უკვე ნათლად ვიგრძენი, რომ ლევანს ოთარის მიმართ სიგარეტების რუსეთში ტრანზიტის თემებიდან გამომდინარე ჰქონდა გარკვეული ბრაზი. როდესაც მას ვკითხე, თუ რა ხდებოდა, მან მიპასუხა, რომ ის და ოთარ ფარცხალაძე რაღაცაზე შეთანხმდნენ და ლევანმა თავის ახლობლებთან დაკავშირებით ოთარ ფარცხალაძეს სთხოვა სიგარეტის ტრანზიტის საკითხზე მოლაპარაკება, რაზედაც ოთარს მისთვის უთქვამს, რომ ამ საკითხს ის არ წყვეტდა და ეს საკითხი იყო სხვა პირების გადასაწყვეტი. ამაზე ლევანს ჰქონდა ვარაუდი, რომ სხვა პირების საუბარში ხსენებით ოთარს უნდოდა ამ თემის თავიდან არიდება. ამ საუბრის გაგრძელებად მე მას ვუთხარი, _ ლევან შენ თბილისური ცხოვრების ნიუანსები არ იცი, არც ამ ქალაქის ფილოსოფია გესმის გამომდინარე იქიდან, რომ ოთარი იყო ამბიციური პირი, მან იცოდა ზუსტად, მოსკოვში მოღვაწე ქართველებს შორის ის ვერასოდეს იქნებოდა ყველაზე გავლენიანი პირი, სანამ შენ არსებობ-მეთქი, ამიტომ ფრთხილად იყავი, ოთარი ყველაფერზე წამსვლელია და რუსეთში ოთარი ვერაფერს გიზამს და აქ რამე არ გაგიჩალიჩოს-მეთქი, რაზედაც ლევანმა მითხრა, რომ ამაზე უკვე ისიც ფიქრობდა, მაგრამ არ მგონია, რომ ოთარმა ეს გაბედოსო. ამის შემდგომ ჩვენი საუბარი დასრულდა.
ლევანის სიკვდილის შემდეგ ვიმეორებ, რომ მე პანაშვიდებზე და ხალხის გარკვეულ მასებში ღიად ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას, რომ დიდი ალბათობით ლევანის მკვლელობის თითქოს საბერძნეთიდან კანონიერი ქურდების დაკვეთის ვერსია იყო მოგონილი და ეს დიდი ალბათობით ფარცხალაძის და მისი გარემოცვის გაკეთებული იქნებოდა და ის სახელები და გვარები, რომლებსაც ფარცხალაძის გარემოცვა ქალაქში აჟღერებდა, იყო კვალის დაფარვის მიზნით, მათ შორის, შესაძლო მკვლელებს შორის მოიხსენიებდნენ ვატო ყიფიანსაც. მე ყველგან ღიად ვაფიქსირებდი ჩემს აზრს და ვარაუდს, რომ არც ვატო ყიფიანს და არც საბერძნეთში მოღვაწე ე. წ. კანონიერ ქურდებს ლევანთან არაფერი გასაყოფი არ ჰქონდათ. ჩემამდე მაშინვე მოვიდა ინფორმაციები, რომ ეს ჩემი პოზიცია იცოდნენ როგორც ძმებმა მიქაძეებმა, ასევე ოთარ ფარცხალაძემ და მე ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი. მიუხედავად ამისა, მე, როგორც ჩემს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ასევე პირად საუბრებში ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს აზრს.
ქვეყანაში განვითარებული სხვადასხვა მოვლენიდან გამომდინარე, რაც სამთავრობო და ძალოვან სისტემაში მოხდა ცვლილებები და ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის მოთხოვნით შეიცვალა საქმის პროკურორი. ახალმა პროკურორმა და გამომძიებელმა დააყენეს სწორედ ის ვერსია, რომელსაც მე თვეების წინ ვვარაუდობდი. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზებით, სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოაჩინეს ე. წ. ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელმაც ღიად დაიწყო გამოძიების, პროკურატურისა და ოჯახის ადვოკატის დისკრედიტაცია და მე დამასახელა გამოძიებაზე დიდი გავლენების მქონე პირად და საზოგადოებას წარმოუჩინა ჩემი თავი ისე, თითქოს ბრალდების პოზიცია შეიცვალა ჩემი გავლენებიდან გამომდინარე, რაზედაც მე ჩემი პირადი „ფეისბუქ“ გვერდის საშუალებით ჩავწერე ვიდეომიმართვა, სადაც არგუმენტირებულად ავხსენი ის ფაქტი, რომ მე ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენდი გამოძიებაზე და ის მტკიცებულებები, რომელიც წარმოადგინა პროკურატურამ, აბსოლუტურად ყველა მოპოვებულია მათ მიერ.
მე არ უარმიყვია ის ფაქტი, რომ ჩემსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის წლებია არის დაძაბული ურთიერთობა, თუმცა ამას არანაირი კავშირის არ აქვს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის გამოძიებასთან, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე არის ძალიან გახმაურებული და გამოძიებიდან გამომდინარე ჩანს, რომ მეორე მხარე (იგულისხმება ფარცხალაძის მხარე) არის ყველაფერზე წამსვლელი. ჩხადია, პრევენციის მიზნით ყოველთვის ვარ ფრთხილად და გარკვეული ინფორმაციები, სავარაუდოდ, როგორც მათთან, ასევე ჩემთანაც იყრის თავს. იყო უამრავი ჭორი ჩემს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, თუმცა ერთ-ერთმა განსაკუთრებით მიიპყრო ჩემი ყურადღება, რომ როგორც ინფორმაციის მომწოდებელი წყარო მეუბნება, რომლის სახელისა და გვარის დასახელება ამ ეტაპზე არ მსურს, ქალაქ მოსკოვში რესტორან „ჰარვეი ენდ მონიკაში“ რამდენიმე კვირის წინ ოთარ ფარცხალაძე შეხვედრაზე იყო პიროვნებასთან, რომელსაც ჰქონდა მეგრული აქცენტი. მას შემდეგ, რაც ოთარმა დატოვა აღნიშნული რესტორანი, მეგრული აქცენტის მქონე პირთან 10-15 წუთში მივიდა ვიზუალურად ჩეჩენი ეროვნების მსგავსი პირი, სავარაუდოდ, პანკისელი, რომელიც საუბრობდა ქართულ ენაზე. საუბრის შინაარსი ჩემი ინფორმაციის მომწოდებელი წყაროსთვის უცნობია, თუმცა მაგიდაზე შეამჩნიეს ჩემს მფლობელობაში არსებული „მერსედესის“ მარკის ჯავშნიანი მანქანის (რომელსაც აქვს ჩეხეთის სახელმწიფო ნომერი) სურათები, ასევე ჩემი სახლის ფოტოები, რომელიც მდებარეობს კიკეთში ზემოხსენებულ მისამართზე და ასევე სავარაუდოდ „გუგლი მაპის“ ფოტოსურათი, სადაც მონიშნულია კიკეთის ლოკაცია. ამის შემდეგ წყარომ ასევე მომაწოდა სურათები, სადაც ჩანს ოთარ ფარცხალაძის გამოსვლა ზემოხსენებული რესტორნიდან და ა/მანქანები, სადაც იგი და მისი თანმხლები პირები სხდებიან. გამომდინარე იქიდან, რომ მაქვს საფუძვლიან ეჭვი, ე. წ. ჟურნალისტი ელისო კილაძე მოქმედებს ოთარ ფარცხალაძისა და მასთან დაკავშირებული პირების ინტერესებიდან გამომდინარე და თავის ვიდეომიმართვებში ღიად ადასტურებს, რომ ის არის დავით მიქაძის ახლო მეგობარი და ღიად ამბობს, რომ მე ვარ ერთ-ერთი მთავარი დაინტერესებული პირი ლევანის შეკვეთით მკვლელობის საქმეში, ამიტომ ჩემს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია აღვიქვი რეალურად სრული სერიოზულობით.