დათა ჩაჩუა: „ჯონი დეპთან ერთად თამაშზე ვოცნებობ“

ქართულ სერიალ „თესეას“ ტელესივრცეში გამოჩენამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ვაჟიკო ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, რომელიც საზოგადოებრივი წნეხიდან, სტერეოტიპებიდან და სტრესული ცხოვრებიდან გამომდინარე, ცდილობს, დედას შეუზღუდოს პირადი სივრცე, რასაც აგრესიით გამოხატავს. ვაჟიკოს განცდები დათა ჩაჩუასთვის მარტივად გასაგები აღმოჩნდა. მეტიც, იყო პერიოდი, როცა მის მსგავსად თავად იქცეოდა.
თეატრის სიყვარულს ბავშვობიდანვე ეზიარა. როგორც დათა ამბობს, ამაში დიდი როლი მის ძმას, მსახიობ გიორგი ჩაჩუას მიუძღვის. უმცროს ძმას იგი ხშირად აძლევს პროფესიულ რჩევებს და ისიც ითვალისწინებს მას.

„ქრონიკა+“-ს ახალგაზრდა მსახიობი თავისი ცხოვრების, როლისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ ესაუბრა:
_ დათა, გამომდინარე იქიდან, რომ ეკრანებზე სულ ახლა გამოჩნდი, მაყურებლის სიყვარული ძალიან მალე მოიპოვე. მოგვიყევი შენ შესახებ. ვინ არის დათა ჩაჩუა?
_ დათა ჩაჩუა არის 17 წლის, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე და მსახიობის პროფესიის დიდი მოყვარული. ძმაც მსახიობი მყავს, თეატრალური აქვს დამთავრებული, ჭოლას ჯგუფი. პირველად სწორედ ჩემმა ძმამ დამაყენა „ათონელის თეატრის“ სცენაზე, ეს იყო 10 წლის წინათ… სწორედ აქედან გამიჩნდა მსახიობობის სურვილი. იყო პერიოდი, როცა უბრალოდ გატაცება მეგონა და მოვდუნდი, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც დავუბრუნდი ამ საქმიანობას, რაშიც დიდი როლი ითამაშა ჩემმა ძმამ. ხშირად დავდიოდით თეატრში ერთად და ძალიან შემაყვარა თეატრი.
_ პირველი როლი ყოველთვის დასამახსოვრებელია. რომელ სპექტაკლში შედგა შენი დებიუტი?


_ ეს იყო ნიკუშა ჩიკვაიძის სპექტაკლი „კაბა და ცოტნე“, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟ ცოტნეს ბავშვობას ვთამაშობდი. მაშინ არაფერი ვიცოდი, 7 წლის ვიყავი. უბრალოდ, მსიამოვნებდა ყველაფერი. ამის შემდეგ, 7-დან 9 წლამდე, რამდენიმე სპექტაკლში ვმონაწილეობდი. შემდეგ თავი დავანებე თამაშს, მაგრამ სულ მსახიობებისა და რეჟისორების გარემოცვაში ვიყავი. სპექტაკლებზე დავდიოდით ერთად და, ზოგადად, თეატრზეც ბევრს ვსაუბრობდით, ამიტომ ჩემდაუნებურად სულ მქონდა ამ სფეროსთან შეხება. საბოლოოდ კი გადავწყვიტე, სამსახიობოზე ჩავაბარო, რადგან მინდა, ამ პროფესიას გავყვე.
_ როგორი იყო შენი პირველი ემოცია სცენაზე, მას შემდეგ, რაც სცენის მტვერი ჩაყლაპე?
_ ამის გასააზრებლად ძალიან პატარა ვიყავი. უბრალოდ, იმას ვაკეთებდი, რასაც მეუბნებოდნენ, პასუხისმგებლობებიც კი არ მქონდა. ეზოში თამაშს სცენაზე თამაში მერჩივნა, ვერთობოდი, თუმცა პარალელურად ახალ რაღაცებს ვსწავლობდი და ახალ ადამიანებსაც ვხვდებოდი.
_ შენი ძმა ამ მხრივ საკმაოდ გამოცდილი, კომპეტენტური და პროფესიონალი მსახიობია. რას გეუბნება, როცა შენს შესრულებას უყურებს?
_ სამართლიანად მაკრიტიკებენ ჩემი ძმაც და მისი მეგობრებიც. ვცდილობ, გავითვალისწინო მათი რჩევები. ეს ყველაფერი მსიამოვნებს. ხოლო როცა კარგად ვაკეთებ როლს, მეუბნება, რომ მოეწონა.
_ დათა, რით მოგხიბლა მსახიობობამ ისე, რომ გადაწყვიტე, პროფესიად აქციო იგი? რა იყო ის, რამაც მტკიცედ გადაგაწყვეტინა, რომ მსახიობი გახდე?
_ 2019 წლის ზაფხულში ჩემს მეგობარ ტასუნას დავეხმარე საკურსო სპექტაკლში, გავაერთიანეთ ბრეხტის სამი პიესა: „ებრაელი ქალი“, „ცარცის ჯვარი“ და „ჯაშუში“. „ჯაშუშში“ მეც ვთამაშობდი. გადავწყვიტე, რომ გამეცოცხლებინა პერსონაჟი, რომლის როლსაც ვასახიერებდი. ვხედავდი მას, როგორც ცოცხალს და მასთან ვსაუბრობდი, ჩანაწერებს ვაკეთებდი, მის მდგომარეობაში შევდიოდი. ვცდილობდი მეგრძნო ის, რასაც იგი გრძნობდა ნაცისტურ გერმანიაში, მის განვლილ გზას ვაფასებდი და ვითავისებდი. სწორედ ეს აღმოჩნდა ძალიან მაგარი რაღაც _ პერსონაჟის ემოციებში შესვლა, მისი ბოლომდე გააზრება, გარდასახვა.
ვაჟიკოს როლშიც სწორედ ეს იყო: მამა გარდაცვლილი ჰყავს, შეყვარებულს უთხოვებენ, დედას ორი წელია, ვიღაც ყვავილებს უდებს კართან და ის იძიებს, ვინ არის. მოკლედ, სტრესშია და როცა მის მდგომარეობაში შედიხარ, რაღაც მეტს იღებ, ახალ ემოციებსა და განცდებს შეიგრძნობ, ეს კი ძალიან საინტერესო და მაგარია.


_ ე. ი. სხვა ადამიანის ტყავში შესვლა იოლად შეგიძლია. ზოგადად, ცხოვრებაში რამდენად მარტივად ირგებ ნიღაბს, რამდენად უთავსებ მას დათას რეალობას?
_ რეალურ ცხოვრებაში ვარ დათა, რომელიც აკეთებს იმას, რასაც მანამდე აკეთებდა. არც ერთი როლის შესრულების შემდეგ არ გამჩენია შეცვლის სურვილი. ცხოვრებაში თამაში იშვიათად მიწევს და, თუ მიწევს, ისიც ძალიან წვრილმან საკითხებზე.
_ სერიალს რომ დავუბრუნდეთ, „თესეაში“ როგორ მოხვდი?
_ 2019 წელს სპექტაკლში თამაშისას ჩემი და ჩემი ძმის ახლობელმა გიგა გოგიჩაძემ მნახა. როცა „თესეას“ ქასთინგი გამოცხადდა, არაფერი ვიცოდი, მაგრამ გიგამ მათ ჩემი ვარიანტი შესთავაზა. ამის შემდეგ დამიბარეს ქასთინგზე ვაჟიკოს როლზე. წავიკითხე სცენარი, ვისწავლე, მივედი და იქ დამხვდა ეკა მჟავანაძე. ნორმალურად გავიარე პირველი ტური. ერთი კვირის შემდეგ მეორე ტურზეც დამიბარეს. ძალიან მინდოდა, როლი მიმეღო და მონდომებული ვიყავი.
მანდ ვაჟიკო ცოტა სხვა ამპლუაში უნდა წარმედგინა, მოვამზადე ყველაფერი და საკმაოდ კარგ ფორმაში მივედი. ჩემს ძმასაც ვკითხე რჩევები. შედეგად კი მეორე ტური პირველზე უკეთ გავიარეთ. ბოლოს, ეკამ დამირეკა მეგობართან ყოფნისას და მითხრა: როლზე დაგამტკიცეთო. სიმართლე გითხრათ, ამის შემდეგ არაფერი მახსოვს, შოკში ვიყავი, ფეხის ზომაც კი დამავიწყდა და არასწორი ინფორმაცია მივეცი. ნოემბრის დასაწყისში დაიწყო გადაღებები.
_ შენს პერსონაჟზე რას იტყვი: რამდენად არის მსგავსება რეალურ დათასა და ვაჟიკოს შორის?
_ ვაჟიკოს როლის შესრულება ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან სრულიად განსხვავდება დათასგან. ვაჟიკო ზედმეტად ეჭვიანია, მე _ საერთოდ არა. ერთი იყო ის, რომ დედაზე ვეჭვიანობდი ხოლმე ბავშვობაში, რაც ოჯახურმა მდგომარეობამ გამოიწვია. ამაში კი ვგავართ ერთმანეთს _ დედა ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ორივეს მარტო დედა გვყავს. მაგრამ მე ეს გადავლახე, გადამიარა. გარდა ამისა, ვაჟიკო ძალიან ბუზღუნა და წუწუნაა, მე კი იშვიათად ვწუწუნებ.


_ ვაჟიკოს მსგავსად როდესმე ჩარეულხარ დედაშენის ცხოვრებაში?
_ ისე არა, როგორც ვაჟიკო, მაგრამ ადრე ბევრჯერ, _ როცა ტელეფონზე შეტყობინება მოსდიოდა, უსიამოვნოდ ვიყავი და ვეკითხებოდი, ვინ იყო. ახლა, როცა გავიზარდე, დედაჩემის ბედნიერება პირველ ადგილზე გადმოვიტანე. მთავარია, ის იყოს ბედნიერი.
_ შენ რას ეტყვი ვაჟიკოს და მის მსგავსს ბიჭებს?
_ ვეტყვი, რომ იფიქრონ ყველაფერზე. გულის სიღრმეში მიხვდებით, რომ მთავარია, დედა ბედნიერი იყოს, მას პირადი ცხოვრებაც სჭირდება, მხოლოდ კარგი ნიშანი არ მოქმედებს. ყველა დედა და ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას, ტყუილად ნურც თავს დაიღლით და ნურც სხვას დაღლით.
_ დათა, როგორც კი ეკრანებზე „თესეა“ გამოჩნდა, მაყურებელმა იგი განსაკუთრებულად შეიყვარა. როგორ ფიქრობ, რატომ? რით გამოირჩევა და განსხვავდება ეს სერიალი სხვა სერიალებისგან?
_ პირველ რიგში იმით, რომ „ვეფხისტყაოსანზეა“. ამის ირგვლივ ბევრი რამ არ გაკეთებულა. მე სიუჟეტმა ძალიან დამაინტერესა, „ვეფხისტყაოსანზე“ მიუზიკლი მართლაც საინტერესოა. გარდა ამისა, როცა ამ აზრს ხალხისგან ხვდება წინააღმდეგობა, „მუღამში“ შევდივართ. აღსანიშნავია ისიც, რომ შესრულებაც და გადაღებაც საკმაოდ მაღალ დონეზეა _ სხვა ხარისხია, პროფესიონალთა გუნდი მუშაობს, თვითონ სიუჟეტია აქტუალური, პრობლემური საკითხებია წინ წამოწეული და ვფიქრობ, მაყურებელმაც სწორედ ამიტომ შეიყვარა ეს სერიალი.
_ სერიალში პროფესიონალ მსახიობებთან გიწევს თამაში. რას ნიშნავს ეს შენთვის? ალბათ, გამოცდილების მხრივ ბევრი რამ შეგძინა, ასეა?
_ პირველ რიგში, მათთან თამაში დიდი პატივია. რა თქმა უნდა, მათთან თამაში დიდი გამოცდილებაა ჩემთვის. როცა ვუყურებ, რას როგორ თამაშობენ, ვცდილობ, მათგან ვისწავლო. ჩემთვის მათი ნახვა ყოველდღე ძალიან კარგი იყო, სულ ახალს ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა, რომ ტყეშიც გვიწევდა გადაღება, ყოველი სამუშაო დღის შემდეგ მოუთმენლად ველოდი მომდევნო დღეს, რომ მათთან ერთად ვყოფილიყავი. ვიღლებოდი, თუმცა მათთან მუშაობა ამას მავიწყებდა.
_ ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი რეჟისორი გიორგი ლიფონავაა. რას გეუბნება იგი, გაქებს?
_ ზოგადად, ჩემთვის პირადად არაფერი უთქვამს, მაგრამ გავიგე, პირველ დღეს კარგ რაღაცას ამბობდა ჩემზე დამდგმელ მხატვართან და ძალიან გამიხარდა. მე ბოლომდე დავიხარჯე და მინდოდა, უფრო გამეუმჯობესებინა ჩემი შესრულება, რომ კიდევ ეთქვა მსგავსი რამ. კარგია, როცა რაღაცას აკეთებ და რეჟისორს ეს მოსწონს.
_ თეატრში პატარა გამოცდილება გაქვს, ახლა უკვე კინოშიც და წინ კიდევ ბევრი წარმატებული ეტაპი გელოდება, მაგრამ ამ გადმოსახედიდან რომელი უფრო საინტერესოა შენთვის, _ კინო თუ თეატრი?
_ ორივე, უბრალოდ, თეატრში ყველაფერი ცოცხალია. იქ ხალხია, მეტი თავისუფლებაა, სერიალსა და ეკრანზე ეგეთი რაღაცები _ ნაკლებად. აქ ყველაფერი მეტად ხელოვნურია _ მონტაჟი და ა. შ. ვფიქრობ, კინო საინტერესოა, მაგრამ მე თეატრი მეტად მიზიდავს, მიყვარს და მაინტერესებს.


_ ერთმა პერსონაჟმა, ვაჟიკომ, საოცარი პოპულარობა მოგიტანა, რა ემოციას აღძრავს შენში ეს ყოველივე?
_ იმ ადამიანების სახეების ნახვა, რომლებიც ქუჩაში გიყურებენ ან ფოტოს გადაღება სურთ ან გეხუტებიან, ძალიან სასიამოვნოა. უარყოფითსაც ამბობენ, თუმცა მათგან იმდენ სითბოს გრძნობ, რომ ნეგატივს ფარავს.
_ თაყვანისმცემლების რიცხვმა მოიმატა? შეყვარებული გყავს?
_ ამჟამად არა. ვფიქრობ, ვერც მეყოლება, გრაფიკიდან გამომდინარე. თეატრში ჩავდივარ ხოლმე. გარდა ამისა, გადაღების პროცესი იმდენად მომეწონა, სეტზე მუშაობა მოვინდომე, ჩემს მეგობარ დავით რცხილაძეს დავყვები გადაცემებზე. მხატვრების დეპარტამენტში დეკორაციებში ვეხმარები მხატვრებს და ა. შ. ამიტომ ვფიქრობ, ვერ მივაქცევ შეყვარებულს ამ ეტაპზე საჭირო ყურადღებას.
_ სკოლაში თანაკლასელები რას გეუბნებიან, მოსწონთ შენი შესრულებული როლები? როგორც ვიცი, სკოლის დირექციამ ძალიან ხელი შეგიწყო გადაღებების პროცესის დროს.
_ დიახ, ძალიან შემიწყო ხელი სკოლამ გადაღებების პროცესში. სულ გადასაღებ მოედანზე ვიყავი, სკოლაში კი შეძლებისდაგვარად არებს არ მიწერდნენ. მეც ვცდილობდი, როგორც კი მოვახერხებდი, მივსულიყავი. სერიალის გამოსვლის შემდეგ მასწავლებლებიც და კლასელებიც მწერდნენ, რომ მოეწონათ ჩემი შესრულება. ძალიან გამიხარდა, როცა დავანახე მათ ჩემი შრომა და ის, რომ ტყუილად არ ვაცდენდი სასწავლო პროცესს.
_ „თესეა“ გაგრძელდება?..
_ სამწუხაროდ, არა. ბოლო სერიაში დაიდგა მიუზიკლი, ნარმინეც არ გაათხოვა ვაჟიკომ და დედაც გაუშვა გიორგისთან. ძალიან გამიხარდებოდა მეც და მაყურებელსაც, რომ გაგრძელებულიყო, მაგრამ არ გრძელდება.
_ ახალი შემოთავაზებები გაქვს?
_ „თესეას“ მერე იყო ავთანდილ სოფრომაძის მოკლემეტრაჟიანი სადებიუტო ფილმი „კატა“. საიტებზე დევს: „იუთუბზეც“, „აჭარანეთზეც“ და სხვებზეც. როგორც აღვნიშნე, ფილმი მოკლემეტრაჟიანია, 90-იანების სიტუაციას ასახავს. ამის გარდა, არსად მიმიღია მონაწილეობა, თუმცა გადაღებებზე დავდივარ, მათ შორის, „ჩემი ცოლის დაქალებშიც“.
_ დათა, ყველას აინტერესებდა, სად იყო ის სოფელი, სადაც „თესეას“ იღებდნენ. ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი წერდა ამის შესახებ.
_ ძალიან ბევრი ლოკაცია გამოვიყენეთ. გიორგის სახლი ფოთში იყო გადაღებული, ვაჟიკოსი _ რუსთავში, ნარმინესი _ შინდისში, ვაჟიკოს ბებიის _ ტაბახმელაში, ეკლესია _ წალკაში, ბიბლიოთეკა _ რუსთავში, თეატრის ექსტერიერის გარეთა ნაწილი _ გორში, შიგნითა _ თბილისის „პროფკავშირებში“. სხვადასხვა ადგილას დავდიოდით და ერთ მთლიან სიუჟეტს ვაკეთებდით. პირველ სეზონში ნარმინეს დაკარგვის სცენები ბეთანიის ტყეშია გადაღებული, მეორე სეზონში კი რეპეტიციები იყო კოჯრისა და ურბეთის ტყეებში.

_ რა საინტერესოა. ამ დროს ყველას ეგონა, რომ ერთ სოფელში მიმდინარეობდა გადაღებები. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ სერიალში ძალიან ბევრი პროფესიონალი მსახიობი თამაშობს. შენ თუ გყავს საყვარელი მსახიობი ან რეჟისორი, ვისთანაც სიამოვნებით ითამაშებდი? მართალია, სიტყვა „ოცნებამ“ ფასი დაკარგა, მაგრამ საოცნებო მსახიობი თუ გყავს?
_ ამაზე არ მიფიქრია, თუმცა ჩემთვის ოცნება ჯონი დეპთან ერთად თამაშია, ასევე ზურაბ ყიფშიძესთან სიამოვნებით ვითამაშებდი.
_ ბევრს უთქვამს, რომ ჯონი დეპს ჰგავხარო?
_ სხვათა შორის, ერთხელ მიმამსგავსეს ჯონი დეპს. ფოტოსესიისას სიგარეტი მეჭირა, ულვაშიც მქონდა და აღმოჩნდა, რომ ზუსტად ეგეთი ფოტო აქვს ჯონი დეპსაც. მას არ ვბაძავ, თუმცა აქსესუარები ორივეს გვიყვარს.
_ გატყობ, აქსესუარები ძალიან გყვარებია, ორი საყურე, ბეჭდები, სამაჯურები… როგორ ხვდებიან ქუჩაში შენს იმიჯს?
_ არასოდეს ჰქონიათ ცუდი რეაქცია საყურის გამო. სექტემბერში გავიკეთე პირველად და არავითარი ცუდი რეპლიკა არ ყოფილა. პირიქით, გიხდებაო, ასე მითხრეს მეორეზეც. თუმცა ადრე, სანამ გავიხვრეტდი, „ფეიქ საყურე“ მეკეთა და ერთმა კაცმა დამიწყო საუბარი იმაზე, რომ მამაკაცს არ შეეფერება და ა. შ.
_ ბევრი პრობლემა არსებობს მოზარდებში. რას გამოყოფ განსაკუთრებით და რას ეტყვი თანატოლებს?
_ ვფიქრობ, ახალგაზრდებში ის პრობლემაა, რომ სანამ შეიცნობენ რაღაცას ან ვიღაცას, იქამდე ბაძავენ მას. ასევე მეორე კატეგორიაა ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან. მე პრობლემა არ მქონია მათთან, მაგრამ გამიხარდება, თუ წინა პლანზე სწავლას გადმოიტანენ და გარჩევებს თავს დაანებებენ. ადრე ზოგჯერ მეც ვიდექი ქუჩაში, მაგრამ გავიდა დრო და მივხვდი, რომ განვითარება, გამოცდილება და ახალი ემოციები ძალიან კარგია ცხოვრებაში. ეს ყველაფერი კი ბევრჯერ შეგხვდება, თუ მიზანს დაისახავ და წინ წახვალ. ვფიქრობ, ჩემი პროფესია მომცემს ამის საშუალებას, სულ სწავლასა და განვითარებაში ვიქნები. ასეთი ცხოვრება უფრო ფერადი, საინტერესოა. მოკლედ რომ ვთქვა, აქეთ უფრო ფერადია, ვიდრე იქით.
_ წარმატებას გისურვებ.

გიორგი საკარული