ძიუდოისტები ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ძიუდოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და გადამწყვეტი ეტაპი დგას. მსოფლიო და ქართველი სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის უსამართლო ქმედებებს აპროტესტებენ და მის გადადგომას ითხოვენ!
ეს თემა უკვე რამდენიმე დღეა, აქტიურად ტრიალებს საზოგადოებაში. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატიდან ვერც ერთი მედალი ვერ ჩამოიტანეს. მსგავსი შედეგი ჯერ ჩვენს სპორტსმენებს, შემდეგ კი მწვრთნელებს დააბრალეს. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმაც თავისივე მოყვანილ მწვრთნელებს შეაწმინდა ხელები და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა, თუმცა არც ერთხელ არ აღუნიშნავს იმ „ღვაწილის“ შესახებ, რაც მას ბოლოდროინდელ მოვლენებში მიუძღვის!
ქართველი ძიუდოისტები უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმ დაძაბულობასა და სიტუაციაზე, რაც, მათი თქმით, ფედერაციაში კარგა ხანია, არის. ყველა იმ უსამართლობასა და ერთპიროვნულ მმართველობაზე, რომელშიც, მათივე თქმით, ცალსახად დავით ქევხიშვილს მიუძღვის ბრალი!
საოცარი ის არის, რომ დაფიქსირდა, ფაქტობრივად, უპრეცედენტო ფაქტი _ ის, რაც ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ ხდება! ქართველ ძიუდოისტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სპორტის ვარსკვლავები უცხადებენ მხარდაჭერას. მათ ვიდეო მიმართვებიც კი ჩაწერეს ქართველი სპორტსმენებისა და სპორტის გულშემატკივრებს მხარდასაჭერად. მიმართვების სერია იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი ფაბიო ბაზილესგან დაიწყო, რომელსაც იაპონიის ნაკრების სახელით ტაკატო, აზერბაიჯანის ნაკრების სახელით ორუჯოვი, შემდეგ საფაროვი; ბრაზილიის ნაკრების სახელით ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი რაფაელა სილვა, შემდეგ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო რეიტინგის ლიდერი სერბეთიდან და ოლიმპიური პრიზიორი ბრაზილიიდან მიყვნენ, თუმცა ამით არ დასრულებულა და ყველა ზემოთ აღნიშნულს რუსტამ ორუჯოვი, სერბი მსოფლიო ჩემპიონი ნემანია მაიდოვი, რუსეთის ნაკრების სახელით ოლიმპიური ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონები, შემდეგ კი ბრიტანელი ძიუდოისტი მიყვნენ, რომელმაც გულშემატკივრებს ქართველი ძიუდოისტების მხარდამჭერი ვიდეომიმართვის ჩაწერისკენ მოუწოდა.
ზემოთ აღნიშნულებს ემატება უნგრელი ძიუდოისტი ატილა უნგვარი, ბრაზილიელი, ფრანგი, რუსი, ქართველი (რუსეთში მოასპარეზე) და სლოვენიელი ძიუდოისტები, რომლებიც ქართველი ძიუდოისტების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე კი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და რეიტინგული ონლაინ გამოცემა განცხადებას ავრცელებს, სადაც გულშემატკივრებს ქართველი ძიუდოისტების მხარდაჭერას მოუწოდებს და ფედერაციაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
განცხადებას დართული აქვს ვიდეო მსოფლიოს ვარსკვლავი ძიუდოისტების მხარდამჭერი მესიჯებით.
ყოველივე იმის შემდეგ, რაც მსოფლიო სპორტში ქართველების მხარდასაჭერად და ქართულ ძიუდოში ხდება, ფედერაციის პრეზიდენტი მაინც საკუთარ პოზიციაზე დგას, სპორტსმენებისა და გულშემატკივრების განცხადებას აბსურდულს უწოდებს და გადადგომას არ აპირებს!
ერთპიროვნულ მმართველობაზე საუბრობს ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი:
„უამრავი პრობლემაა ფედერაციაში, რაზედაც აქამდე ხმამაღლა არ ვსაუბრობდით! ქევხიშვილი მხოლოდ თვითონ, ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და შესაბამისად, ვერ აგვარებს საერთაშორისო ურთიერთობებს. არ აქვს კონტაქტი არავისთან და ვერ ახერხებს კონკრეტულ ქვეყნებში შეკრებების ორგანიზებას. დანიშნა არაკვალიფიციური მწვრთნელები, რამაც გუნდი აქამდე მოიყვანა! არავისთან ათანხმებდა, რომ სხვა მწვრთნელები მოჰყავდა!
დღეს ამბობს, რომ ჩვენი განცხადებები აბსურდი და არარეალურია, ეს ასე არ არის. ბევრ რამეზე შემიძლია ვისაუბრო: იმაზე, რომ ზამთარში გათბობა არ გვქონდა, ტატამი კი პირდაპირ ბეტონზეა გაშლილი, რის გამოც რამდენიმე სპორტსმენი ბრონქების ანთებით დაავადდა. უამრავი პრობლემაა, რაზედაც საუბარი მარაზმში გადადის.
ვარჯიში შეწყვეტილი გვაქვს და კატეგორიულად არ ვაპირებთ შეჯიბრებებზე მონაწილეობის მიღებას! სანამ ასეთი ერთპიროვნული მმართველობა იქნება, მასთან კონტაქტი შეუძლებელია!“
ფედერაციაში არსებულ დაძაბულობასა და ერთპიროვნულ მმართველობაზე სპეციალური განცხადება გააკეთა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ზურაბ ზვიადაურმა, რომელმაც „ქრონიკა+“-თან ფედერაციის პრეზიდენტის უკანონო ქმედებებზე ისაუბრა:
„როდესაც დავით ქევხიშვილი ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, მას სწორად მართვა და იმ ადამიანების გვერდით დგომა ევალებოდა, რომლებიც დღეს საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ, თუმცა მოსვლისთანავე ყველაფრის შეცვლა დაიწყო, პირველ რიგში, მწვრთნელების, შემდეგ კი აღმასრულებელ კომისიაში იმ ადამიანების, რომლებიც, მისი აზრით, მხარს არ დაუჭერდნენ და პირიქით, მის წინააღმდეგ წავიდოდნენ… ამის შემდეგ თანხების ჭამა დაიწყო: როდესაც ძიუდოისტს არ აქვს შეჯიბრზე წასასვლელი ფული და მას, ქვეყნის #1 სპორტსმენს, ეუბნები, ფედერაციაში თანხა არ არის და ვერ გაგამგზავრებ კონკრეტულ ტურნირზე, ვერ ჩაგსვამ შეკრებაზეო, ეს ყველაფერი აბსურდია და უკან მოუტრიალდა კიდეც!
დეტალები საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა იციან. ქევხიშვილმა უფროსი თაობის ჩამოშორებაც მოინდომა და თქვა, რომ მათ თავიანთი რესურსი უკვე ამოწურეს. ამ დროს კი ბიჭები ეუბნებოდნენ, გვესმის და ვხედავთ, რასაც აკეთებ, ეს არასწორი საქციელიაო, თუმცა ქევხიშვილმა მაინც გადაწყვიტა, ჩამოეშორებინა ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც ევროპის 3 გზის და მსოფლიო ჩემპიონია, მეტიც, მსოფლიო სპორტსმენთა 5-ეულში იყო დასახელებული, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი. მისი ჩამოშორება იმიტომ მოინდომა, რომ ჭრიკიშვილი პირში ეუბნებოდა ყველაფერს! ასე იყო დანარჩენიც! როცა სპორტსმენმა იცის, რომ გასამგზავრებელია და ეუბნები, რომ მისთვის მასაჟისტი არ გყავს და ამ დროს სხვა ადამიანები მოგყავს, რატომ, როგორ უკეთებ ამას სპორტსმენს ან ქვეყანას?! ამის გარდა კიდევ უამრავი დეტალია…
ფედერაციაში იმიტომ უნდა მიხვიდე, რომ გზა გაუკვალო იმ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, რომლებიც მართლა საქართველოს წარმოადგენენ, მთელ ქვეყანას უყვარს და ამ დროს საზოგადოება ვერ ხედავს, თუ რა ხდება შიგნით! იქ სრული უშედეგობაა!
ახლა კი, ბოლოს, ევროპის სამეულში ვერავინ შევიდა და ჯერ ბიჭებს დააბრალეს, თითქოს არ ვარჯიშობენ და მას მერე მწვრთნელებს შეაწმინდა ხელები! მწვრთნელებს, თავის მხრივ, კატეგორიულად უნდა მოეთხოვათ, რომ რასაც დაგეგმავდნენ, ქევხიშვილს უნდა გაეკეთებინა. როცა მწვრთნელი პროგრამას წერს, ფედერაცია ვალდებულია, რომ იგი დააფინანსოს! ქევხიშვილი კი პირიქით აკეთებდა _ თვითონ წერდა პროგრამას და თავადვე აფინანსებდა.
მწვრთნელი დამოუკიდებლად ვერ იღებდა გადაწყვეტილებას, ბიჭები რომ ესაუბრებიან, მათ შორის შეთანხმება, ერთობა, საღი აზრის უნდა ჩამოყალიბდეს და სწორედ ეს არ ხდებოდა! სპორტში მარტივი ლოგიკაა, რაც უფრო მეტია კონკურენცია, წონაში გამომსვლელი, მით უფრო მაგარია ვარჯიშები. სად ერთსა და იმავე ძიუდოისტს ეჭიდავები და სად სხვადასხვა სტილის მოჭიდავეს! სწორედ ეს არის გაზრდა, ამიტომ არის აუცილებელი შეკრებებში მონაწილეობა, სადაც მთელი მსოფლიოა ჩასული, ქევხიშვილი კი ამბობდა, რომ ამის ფული არ არის ფედერაციაში.
დაყო, დაშალა გუნდი, არ არის ერთობა! ადამიანი ნაკრებს რომ ასე დაყოფ: ორი სპორტსმენი წავა იაპონიაში, ორი _ ყვარელში, ორი _ რუსეთში, ორი _ ბორჯომში _ როგორ შეიძლება ამის გაკეთება?!
რაც შეეხება დასაქმებას, ესეც შემდეგი თემაა… გამოსაძიებელია, ვინ ვისი ნათესავი, ძმაკაცი და მეგობარია. ფაქტობრივად, თითქმის მთელი ყვარელი, ცოლისძმიდან დაწყებული, დასაქმებული ჰყავს, არაფერს ვამბობ 3 ძმაზე, ყიზილაშვილებზე ახმეტიდან. ძალიან საინტერესოა, რას აკეთებენ ისინი იქ?! ქევხიშვილმა ვინმესთან გაიარა კონსულტაცია ამ ადამიანების საჭიროებასთან დაკავშირებით? პიროვნება ყველაფერს აკეთებდა, რაც მოესურვებოდა, ამას მთელი ხალხი წინ გადაუდგა!
შემდეგ მაგალითს მოგიყვანთ: უზნაძე, ვაზაგაშვილი, ასულბანი იყვნენ მწვრთნელთა საბჭოში, მათ იმდენად მაგარი შედეგი დადეს, რომ მსგავსი ისტორიას არ ახსოვს. ჩვენმა ბიჭებმა 7-დან 6 წონით კატეგორიაში იჭიდავეს ფინალი(!) და 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ჩამოიტანეს! ასეთი მწვრთნელის, უზნაძის გამოცვლა უნდოდა და ეს იმით ახსნა, რომ უკეთესი შედეგის დადება სურდა! ვაზაგაშვილს კი შეჯიბრიდან ჩამოსულს აეროპორტის გზაზე დააწია სამსახურიდან განთავისუფლების ამბავი! თავისი ძმაკაცები და ოჯახის წევრები მოიყვანა მწვრთნელებად და მათვე შეახოცა ხელები, თითქოს მათ ვერ შეასრულეს სამუშაო, არადა ისინი დამოუკიდებლად ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას!
ამ ყველაფერს ხედავენ ბიჭები და მეც ვხედავ! მსგავსი რამ არ ყოფილა ისტორიაში!
ყოველთვის, როცა განცხადებას ვაკეთებ, უარგუმენტოდ არ ვსაუბრობ, სიფრთხილით ვეკიდები ყველა სიტყვას. გუჯეჯიანმა, რომელიც დღეს ჩემზე საუბრობს, ვიცი, რომ ერთ-ერთ შეჯიბრზე ახალგაზრდული ნაკრებიდან გამარჯვებული ბიჭების 600, 400 და 200 აშშ დოლარი, მათი პრიზები ჯიბეში ჩაიდო და მომავალ თაობას საქმე გაურჩია, მოაგვარა! რა უნდა ამ გუჯეჯიანს მწვრთნეალდ?! ზოგს არ აქვს იმის გული, რომ ეს თქვას ან ერიდება კონფლიქტს, ჯანდაბას ის 600 დოლარიო, იფიქრებს, მაგრამ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი არ უნდა წყვეტდეს, ვინ სად წავიდეს, ამას სპორტსმენი და მწვრთნელი წყვეტს.
ქევხიშვილს კიდევ არ უნდა გადადგომა, ფულს ჭამს, კომფორტულად არის და რატომ წავა თავისი ნებით, იქნებ რამენაირად დაალაგოს ბიჭებთან ურთიერთობა და დარჩეს, ამას ცდილობს.
ამ დროს ქევხიშვილის პრესსამსახურის მდივანი ნინო ხუციშვილი წერს, რომ ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი საქართველოს მოღალატეები არიან, რადგან ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. დღეს ეს ხუციშვილი ყვარლის საკრებულოშია და სწორედ ეს ადამიანები ცხებენ ჩირქს ჩვენს ბიჭებს, ჩემზე აღარ არის საუბარი. საუბარია ბიჭებზე, რომლებიც მსოფლიოს უყვარს!“
ქართველი სპორტსმენების ერთ-ერთი აქტიური გულშემატკივარი, ნიკა გურინი, ამბობს, რომ ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიოში ცნობილი ძიუდოისტების გაერთიანება ქართველების მხარდასაჭერად:
„სხვადასხვა ეროვნების სპორტსმენებმა თუ მწვრთნელებმა ბოლომდე გაითავისეს ჩვენი ბიჭების პრობლემები და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ადამიანები თავად გამოხატავდნენ ამ კამპანიაში მონაწილეობის ინიციატივას. საბოლოო ჯამში, ერთმანეთს იწვევდნენ ქართველი ძიუდოისტების მხარდასაჭერად. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქართველი ძიუდოისტები უყვართ, პატივს სცემენ და აფასებენ მსოფლიოს გარშემო. აღსანიშნავია ისიც, რომ არა მხოლოდ ძიუდოისტებმა, არამედ სხვადასხვა ქვეყნის მწვრთნელებმაც გამოუცხადეს მხარდაჭერა ჩვენს ბიჭებს და გვერდით დაუდგნენ! არაერთმა უცხოელმა სპორტსმენმა გამოთქვა მზაობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩამოვიდნენ და ასე დადგნენ ქართველების გვერდით.
ჩემი აზრით, ფედერაცია სწორედ ამ სპორტსმენებისთვისაა, ამ ადამიანებისთვისაა, რომლებიც საქართველოს ასახელებენ, დღეს მთელ ძიუდოში ერთსულოვნებაა ქევხიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით და გულწრფელად მიჩნდება კითხვა, _ თუ არც ერთ სპორტსმენს არ უნდა, რომ ის მართავდეს ფედერაციას, მაშინ ვისი ან რისი პრეზიდენტობა სურს თავად?!“
მამაკაც ძიუდოისტებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ჩვენმა ქალმა ძიუდოისტებმაც და მათაც ანალოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ისინი თურქეთში იმყოფებიან, საიდანაც სპეციალური მიმართვა გაავრცელეს იმავე მოთხოვნითა და მხარდასაჭერი ტექსტებით, რაც ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად ჟღერდება.
7 მაისს ძიუდოს ფედერაციასთან ძიუდოისტები და გულშემატკივრები დღის 12 საათიდან იკრიბებოდნენ, რათა ფედერაციის პრეზიდენტი ენახათ და მისი პასუხები მოესმინათ კითხვებზე, თუმცა შენობაში არც პრეზიდენტი და არც მისი მოადგილეები არ დახვდათ!
ავთანდილ ჭრიკიშვილი:
„შეხვედრა დავაანონსეთ, თუმცა, როგორც ჩანს, ქევხიშვილს პასუხები არ გააჩნია. ჩვენ პირველად არ ვცდილობთ შეხვედრას, უკვე ძალიან დიდი ხანია, მასთან დალაპარაკება გვინდა მთელ რიგ საკითხებზე, თუმცა არ გვხვდება. დღეს მაინც მოვედით ფედერაციაში, სადაც არც თავად დავით ქევხიშვილი და არც ერთი ვიცე-პრეზიდენტი აქ არ იყო. მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად უნდა წავიდეს! თავადაც ხედავთ, რომ არანაირი კომუნიკაცია არ არსებობს სპორტსმენებსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის. ყველა ნაკრები დგას სიმართლის მხარეს და ქალთა ნაკრებმაც ღიად დააფიქსირა, რომ მათაც იგივე პრობლემები აქვთ. გუშინ ახალგაზრდები შემოგვიერთდნენ და ქევხიშვილი რომ დარჩეს კიდევ, უბრალოდ, სპორტსმენს ვერ ნახავთ, რომელიც მას მხარს დაუჭერს და ჩვენს აზრს არ იზიარებს.
ბოლომდე ვიბრძოლდებთ სიმართლისთვის! მართლები ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“.
ძიუდოს ფედერაციის ეზოში შეკრებილი გულშემატკივრებიც ქევხიშვილისგან პასუხებს და მის გადადგომას მოითხოვდნენ:
თამუნა გვენეტაძე:
„როგორც მოგეხსენებათ, გულშემატკივრები შევიკრიბეთ და ერთხმად მოვითხოვთ იმას, რომ ქევხიშვილი გადადგეს, ნაკრებს ვუჭერთ მხარს, რადგან მათთვის სათანადო პირობები არ იქმნება ფედერაციისგან, ასევე, მწვრთნელთა საქმიანობაში უხეშად ერევა და უამრავი პრობლემა აქვთ, რაზედაც მათ უკევე ისაუბრეს. შესაბამისად, ჩვენ დღეს აქ ქევხიშვილის მოსვლას ველოდებოდით და პასუხების მოსმენას. ბიჭებს დაანონსებული ჰქონდათ, რომ მათ ღია დისკუსიის ფარგლებში უნდოდათ შეხვერდა, რათა საზოგადოების ნაწილსაც მოესმინა, თუ რა პოზიცია აქვს პრეზიდენტს, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ის აქ არ გამოცხადებულა! როგორც ნაკრები აანონსებს, ვაპირებთ, რომ შეკრებები გავაგრძელოთ, თუ ამის საჭიროება დადგება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ბ-ნი დავითი გონიერებას გამოიჩენს და განცხადებას გააკეთებს გადადგომის თაობაზე“.
სპორტსმენები და მათი გულშემატკივრები დანებებას მანამდე არ აპირებენ, სანამ სამართლიანობას არ აღადგენენ. თავად დავით ქევხიშვილი კი გადადგომას არ აპირებს (ჯერ)!
ნინო ტაბაღუა