 პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025 პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
 
             
                        2025-10-31 08:21:28
თამარ სანაძე
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება ბოლო წელს საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი და ხელისუფლების გამაკრიტიკებელი ქადაგებებით მიიპყრო, ეპარქიის კომისიაზე ორჯერ დაიბარეს. კომისიის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ არქიმანდრიტის ქმედებებში იკვეთებოდა დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღევები. არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის თქმით, მისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ გამონათქვამებზე აქვთ პრეტენზია საპატრიარქოს მესვეურებს.
რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ამის შესახებ ეკლესიის მდგომარეობასა და მის მიმართ საპატრიარქოს დამოკიდებულებაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი:
_ დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, მამა დოროთე! თავდაპირველად მინდა ვისაუბროთ ოქტომბრის მოვლენებზე. მართალია, ყოველთვის გამოირჩეოდით აქციის მონაწილეების მიმართ მხარდამჭერი გზავნილებით, თუმცა ფიზიკურად აქციებზე 4 ოქტომბრიდან გიხილეთ. 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები ზოგისთვის სიძლიერის მომტანი იყო, ზოგისთვი _ იმედგაცრუების, თქვენთვის რას ნიშნავს ეს დღე და ის განცდები, რაც ამას მოჰყვა?
_ ვფიქრობ, რაც თქვენ აღნიშნეთ, მაგის თქმის ან განცდის უფლება ყველას აქვს. არავინ ცდება, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არის ცალმხრივი. თუ ყოველმხრივ განვიხილავთ, იყო გამარჯვებაც. ის, რომ 4 ოქტომბერს ამდენი ხალხი გამოვიდა, იყო გამარჯვება. ჩემი აზრით, 4 ოქტომბერი ერთ-ერთი გამარჯებაა, რადგან დაფიქსირდა, თუ რამდენი ხალხია ამ მთავრობის მოწინააღმდეგე და რამდენი ადამიანია განაწყენებული თუ გაღიზიანებული მათი მმართველობით. თვითონ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენს დასამხობად გამოვიდა ყველა ადამიანი, ვინც აქციაზე მივიდაო. მთავრობამაც კი აღიარა, რომ ამდენ ხალხს არ უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მართავდეს ქვეყანას.
ამიტომ მიმაჩნია, რომ სწორედ ეს იყო გამარჯვება და მარცხი იყო ის, რომ როდესაც გამოაცხადეს, რომ სასახლის გასაღებს ჩაიბარებდნენ. ეს იყო შეცდომა, მოტყუება თუ რა იყო, არ ვიცი. პრეზიდენტის სასახლესთან მისვლა, რა თქმა უნდა, იყო არასწორი. გამოვედი და იქვე, თავისუფლების მოედანზე ვთქვი, რომ არც ერთი შენობა არ გვინდა, არც ერთი შენობა არ გაგვათავისუფლებს, ჩვენ გვინდა საქართველო და არა რომელიმე შენობა.
შემდეგ უფრო რთული პროცესი იყო რუსთაველის გამზირზე. პარლამენტის წინ იდგა ძალიან ბევრი ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ბიჭები, ქალები, რომლებიც ითხოვდნენ და მიმართვა უნდოდათ ხალხისთვის, რომ ჩასულიყვნენ პრეზიდენტის სასახლესთან და დაელეწათ გდდ თუ რასაც ეძახიან, რომ იქ ბიჭები ჩარჩნენ და თითქოს მათ გამოსახსნელად, მათ გამოსაყვანად ყველა ადამიანი უნდა წასულიყო. მე გამოვედი და ვთქვი, რომ ეს არის პროვოკაცია, არ წახვიდეთ, თუ ვინმე წასულია, უკან დაბრუნდეს. ვთქვი, რომ არც პრეზიდენტის სასახლე და არც პარლამენტის შენობა არ მოგვცემს თავისუფლებას. ჩვენ თავისუფლებას მოგვცემს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი დგომა, ერთიანობა და პროტესტი. ეს იყო ჩემი სიტყვა 4 ოქტომბერს. ამ დღეს იყო ორივე შემთხვევა _ მოგებაც და მარცხიც.
_ სწორედ ასე აღიქვა აქციის მონაწილეების ნაწილმაც. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ ის ხალხი, რომელიც მარცხმა დაამწუხრა, მინდა დავამშვიდო, რადგან მარცხიც გამარჯვების ნაწილიაო. რა გზავნილი გაქვთ საზოგადოების იმ ფენისთვის, რომელიც გაურკვევლობაშია?
_ დიახ, ჩვენი ქვეყნის ისტორიასაც თუ გავიხსენებთ, რაც რუსეთის იმპერია ცდილობს გავლენის მოპოვებას ჩვენზე, იყო აჯანყებები, რომლებიც წარუმატებლად, მარცხით დასრულებულა. ჩვენ გვახსოვს, რომ მარცხის მიუხედავად, აჯანყებებს აჯანყებები მოჰყვებოდა. ესეც იყო მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი პროტესტი. არავინ არაფერს დააშავებდა, ხოლო თუ პოლიცია გადავიდოდა შეტევაზე და ხალხს დაერეოდა, ჩვენ თავი უნდა დაგვეცვა. ეს იყო ჩემი ნათქვამი.
ჩვენ ბევრი ბრძოლა წაგვიგია, მაგრამ არასოდეს დაგვიყრია ფარ-ხმალი. გადავხედოთ ისტორიულ მოვლენებს და გავისხენოთ, ძალიან ბევრი ბრძოლა წაგებული გვაქვს, ბევრი ხალხი დაუხოცავს რუსებს ამ აჯანყებების გამო, მაგრამ ამას არავინ შეუშინებია, ისევ მწიფდებოდა წინააღმდეგობა და ერთიანდებოდა ქართველი ხალხი, იბრძოდა და დღესაც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ.
_ ჩვენ ვხედავთ დაკავებებს, ხალხს აპატიმრებენ ყველაფრის გამო, სამედიცინო პირბადე იქნება ეს თუ აქციაზე დგომა. თქვენ რამდენიმე დღის წინ ბრძანეთ, ნურავის შეგეშინდებათ, ბედნიერებაა ქვეყნისთვის ტყვეობაო. რა განცდა გაქვთ, როდესაც ამდენ უშიშარ ადამიანს ხედავთ, ვინც არ უშინდება გისოსებს?
_ ძალიან ამაყი ვარ და მეუფლება განცდა, რომ საქართველო ცოცხლობს, ჩვენი ქვეყანა ცოცხალია. სანამ ასეთი უდრეკი და სიმართლეში გაჯიუტებული ხალხი გვეყოლება, არ დავმარცხდებით.
ძალიან მიხარია და მაქვს განცდა, რომ ასეთ ახალგაზრდებს, ასეთ ხალხს ვხედავ, რადგან ჩვენი განმათავისუფლებელი მოძრაობა ვინც დაიწყო, ეს იყო მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია. მერაბს რომ ციხეში აწამებდნენ კომუნისტები და თუ ის უძლებდა, ჩვენც გავუძლებთ. ესეც რუსული ხელწერაა, ისინი ქართველი ხალხის დაშინებას ცდილობენ, მათ სურთ, რომ ხალხი გაჩერდეს და ხმა არავინ ამოიღოს.
თუკი რუსთაველის გამზირზე გამოვა ის ხალხი, ვინც ამ პროტესტს ეწინააღმდეგება, ნახავენ, რომ არავინ არის დამთმობი. პროტესტში მყოფი ხალხი არაფერს დათმობს. ისინი სიცოცხლეს უფრო დათმობენ, ვიდრე საქართველოს.
_ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო უმრავი შემზღუდველი კანონი, აქციის მონაწილის დაკავებას ზოგჯერ მიზეზიც არ სჭრდება. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ხელისუფლება?
_ როდესაც ეს კანონები მიიღეს და ამდენი ხალხის დაჭერა დაიწყეს, მე ვთქვი რუსთაველზე, რომ ხომ არ სჯობია, არ გადავიდეთ გზაზე და ვიყოთ აქ? პასუხი იყო ასეთი: „როგორ შეიძლება, უკანონობას დაემორჩილო და ეს უკანონო კანონები კანონად მიიღო?“ მეც დავდუმდი, ის ადამიანი თვითონ მიდის ციხეში, მე რა უფლება მქონდა, რომ არ გადავსულიყავი გზაზე. მე ვეთანხმები აქციის მონაწილეებს, რომ ეს კანონები არათუ უკანონოა, არამედ ძალადობრივია.
_ ბრძოლას ძალადობრივ კანონებთან, რუსეთთან, უსამართლობასთან ექნება შედეგი? როგორ ფიქრობთ, ქართველი ხალხი სასურველ შედეგს მიიღებს პროტესტის ამ ფორმით, რასაც ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ვხედავთ?
_ ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი, მაგრამ რამდენ ხანში მივაღწევთ შედეგს, არ ვიცი, თუმცა შდეგი აუცილებლად იქნება.
მაგალითად, ილია ჭავჭავაძე იბრძოდა ავტოკეფალიის მოსაპოვებლად, იბრძოდა ჩვენი ქვეყის თავისუფლებისთვის, მან შედეგი ვერ დადო, თუმცა ილიას ბრძოლა უშედეგო არ ყოფილა. მისი ბრძოლის შედეგად ჩვენ ეს ყველაფერი, რისთვისაც ილია იბრძოდა, მოვიპოვეთ. ასევე ამბროსი ხელაიას მაგალითი: ეს იყო ბრძოლა კომუნისტების წინააღმდეგ, მაგრამ ამბროსი ხელაიამ შედეგი ვერ დადო იმ მომენტში, ხოლო მისმა წერილმა ჩვენ შედეგი მაინც მოგვიტანა. ამიტომ ჩემი იქ დგომა, იქ ბრძოლა ახლა თუ არ იქნება შედეგიანი, ის აუცილებლად მოიტანს იმ შედეგს, რისთვისაც ვდგავარ იქ. შეიძლება მე გამანადგურონ, მომკლან, მაგრამ მე რომ ვდგავარ რუსთაველის გამზირზე, ამით ხალხს ვუცხადებ ეკლესიის ნებას, უფლის ნებას, რომ ეკლესია ასეთია და ეკლესია მუდამ ადამიანებისა და სამართლიანობის გვერდით უნდა იდგეს. როდესაც ხალხი, ახალგაზრდები, ჟურნალისტები უსამართლოდ ისჯებიან, როდესაც დალეწეს ხალხი და სისხლი ადინეს, ეკლესიამ ერთი დასაცავი სიტყვა მაინც უნდა თქვას, რომ ნუ აკეთებთ ასეთ რამეს, ასეთი უსამართლოები ნუ ხართ.
მზია ამაღლობელს ერთი ხელის გალაწუნებისთვის 2 წელს აძლევენ, მთელი ევროპა და ამერიკა გმირად აცხადებს, ესენი კი სჯიან. ისინი კი, ვინც დალეწა ქუჩაში ჟურნალისტები და ახალგაზრდები, არც ერთი დაუჭერიათ, თავისუფლად დადიან, არათუ ხელის გალაწუნება, არამედ თავს აწყვეტდნენ და არავინაა დაკავებული. ამაზე ეკლესიის მდუმარება შუძლებელია, მე ვერ გავჩუმდები, თვითონ თუ უნდათ, იყვნენ მდუმარებაში. მინდა ვთქვა, რომ ამ უსამართლობაზე, ამ მდუმარებაში ყოფნაზე თუ ამქვეყნად არა, იმქვეყნად მაინც მოსთხოვს ღმერთი პასუხს ყველას. ამაში დარწმუნებული ვარ.
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, სად დგას დღეს ეკლესია?
_ ქართული ეკლესია დგას ჩემი გაჩუმებისა და დადუმების სადარაჯოზე, ამ პროცესშია. ეს არის დღევანდელი ეკლესიის მდგომარეობა, რომ მე დამსაჯონ.
_ თქვენ გარშემო არის დაძაბულობა, ორჯერ დაგიბარეს საპატრიარქოში, პირველად წახვედით, მეორედ ქვენ აღარ გამოცხადდით და ითხოვეთ, რომ წერილობით მიგეღოთ განსახილველი არგუმენტები. სხდომის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ თქვენს ქმედებებში იკვეთებოდა დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღევები. ის ჯგუფი თუ პირი, ვინც თქვენ გიბარებთ. რა ლეგიტიმაცია აქვს საიმისოდ, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით გესაუბრონ?
_ ეს არის ის ჯგუფი, რომელშიც არიან ჩემი ბრალმდებლები, კერძოდ კი მამა ანდრია ჯაღმაიძე. მან მე „იმედის“ ეთერში ბრალი დამდო, რომ თითქოს მე ვარ მოძალადე. მამა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა ასეთი რამ: „მინდა, მამა დოროთეს მოვუწოდო, ნუ ძალადობთ, მორალისტობთ და ნუ გვასწავლით ჭკუას. თუ მაინცდამაინც ვინმეს პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა სურს, ეს უჩვენოდ გააკეთე“. ანუ ამით ჩვენება მისცა ეკლესიაში ერთ-ერთმა მმართველმა ძალამ, პროკურატურას თუ სახელმწიფოს, რომ აი, ეს ჩვენი მღვდელი არის მოძალადე, თქვენ ხომ მოძალადეებს ეძებთ, ეს დაიჭირეთ.
ეს იყო ჩვენება ღია ეთერში. მას არც დაბარების უფლება აქვს, არც დასჯის, მაგრამ, ალბათ, ეს მეუფე შიომ უთხრა, რომ დავიბაროთ და დავსაჯოთო. რამდენადაც ვიცი, მამა ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოს სიტყვებს აჟღერებს. ჩემი დაბარებისა და დასჯის უფლება მხოლოდ მეუფე შიოს აქვს და არა მამა ანდრიას.
_ ჩვენ არ ვიცით, სადამდე მივა ეს ამბები. თქვენ ყოველ საღამოს რუსთაველზე დგახართ ხალხთან ერთად. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს თქვენსა და ეკლესიას შორის არსებული დაძაბულობის ფინალი?
_ ვფიქრობ, ბოლო, ალბათ, ისევ დაბარება და დასჯა იქნება. ვცდილობ, რომ დღეს ფიზიკურად გადავრჩე, მაგრამ შეიძლება ჩემი მღვდლობა ვერ გადავარჩინო. ფიზიკურად უნდა გადავრჩე, რომ ერის გვერდით ვიდგე და ჩემი ხმა ისმოდეს. მე ამას ჯვრის გარეშეც გავაკეთებ და ჯვრითაც, ჩემი მღვდლობით, ამას თავისთავად ვაკეთებ.
არ ვიცი, სადამდე მივლენ ისინი, მაგრამ სადამდეც არ უნდა მივიდნენ, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, გარდა ფიზიკური განადგურებისა, რადგან ვიცი, რომ ჩემი ხმა სჭირდება ეკლესიასაც და ქვეყანასაც.
მე ვიდგები ამ ხალხთან ერთად რუსთაველზე ჩემი მღვდლობით და თუ შემიწყვიტეს მღვდლობა, ვიდგები, როგორც ბერი და უფრო მეტად მოვიცლი ხალხის გვერდით დგომისთვის.