სოსო ცისკარიშვილი: „დიდი გაუგებრობაა ჩვენი ქვეყნის კადრთუხუცესის კაბინეტში!“

საკადრო გადაადგილებები ხელისუფლებამ ძალოვანი სტრუქტურებიდან დაიწყო. მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, გადაადგილებები არათუ რეგიონებში განხორციელდეს, არამედ, შესაძლოა, მინისტრთა კაბინეტის დღევანდელი შემადგენლობაც კი შეიცვალოს.

საკადრო ცვლილებებსა და მის შესაძლო შედეგებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ ხელმძღვანელი _ სოსო ცისკარიშვილი:

_ ბატონო სოსო, თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის გატაცების გამო მთავრობა არ იღებს გადაწყვეტილებას იმ ქართველი ძალოვნების განთავისუფლებაზე, ვინც, სავარაუდოდ, პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდა ჟურნალისტის თბილისიდან გაქრობასა და მის ბაქოს ციხეში აღმოჩენაში. თუმცა, რამდენიმე დღის წინათ, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მისი პირველი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი, კადრების განკარგულებაში გადაიყვანა. ბათუმის არეულობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები ამირანაშვილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმესთან კავშირში სდებენ ბრალს. მათივე ინფორმაციით, სწორედ ის იყო ბათუმის მოვლენების ერთ-ერთი ორგანიზატორიც. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

_ როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რაიმე დამალოს და, უპირველეს ყოვლისა, წინასწარ წარმოაჩინოს, რა შედეგი მოჰყვება ტყუილს, კატეგორიულად უარყოფს რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლის მონაწილეობას აზერბაიჯანის მოქალაქის გაძევებაში. ყველაზე უფრო რიხიანია რამდენიმე დღის წინათ სუს-ის განცხადება იმის თაობაზე, რომ კატეგორიულად მიუღებელია მათთვის აზერბაიჯანის პარლამენტის ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომ ეს იყო წარმატებული პროექტი ქართული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მონაწილეობით. რადგან ჩვენი სუს-ი, რომელიც ცდილობს, რომ შეგვაჩვიოს, თურმე, ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო სისტემა ყოველთვის უნდა დარჩეს გასუსული ნებისმიერი საკითხის მოძიებისას, უკე გადადის სრულიად მარტივად გასაშიფრავ უმეცრებაში. თუ სუს-ი დარწმუნებულია, რომ არავინ ყოფილა საქართველოს სახელისუფლებო სისტემის წარმომადგენელი ასეთ ვერაგულ ქმედებაში, რატომ დღეში ხუთჯერ არ ითხოვენ სხვადასხვა ტელეარხისგან, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იხილოს კადრები, სადაც ათეული ვიდეოკამერის მიერ იქნებოდა ასახული იმ შესაძლო ქმედების დამადასტურებელი რეალობა, რომ დიახ, იქ არავინ ყოფილა გარშემო ქართველი, მით უმეტეს, შესაბამისი ფორმის პირები სწორედაც აღიქმებიან პოლიციელებად. როდესაც ეჭვმიტანილი დუმს და მუდმივად ცდილობს, რომ საკუთარი დუმილით მიიღოს რაიმე ბრალდება, მიმანიშნებლად მიაჩნია ჩვენს საზოგადოებას. სრულიად ბუნებრივია საზოგადოების ეჭვი, რომ დუმილი არ ნიშნავს უდანაშაულობის რაიმე სახით დადასტურებას. ამიტომ, თავისთავად, ის თემა, რომელიც, სამწუხაროდ, არც პირველია და არც უკანასკნელი, გაზვიადებული იქნება რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში და სურვილი იმისა, რომ საზოგადოებას არ ჰქონდეს საკმარისი მეხსიერების უნარი, ვინ, როდის ატყუებდა მას საკუთარი დუმილის ხარჯზე, ეს უკვე მკაფიო მახასიათებელია ჩვენი სახელისუფლებო სისტემისა. ამ ვირეშმაკობის საზოგადოებისთვის თავს მოხვევას განსაკუთრებით ცდილობენ სამართალდამცველი ორგანოები, რომელთაც არც პროფესიონალიზმი გააჩნიათ ისეთი, რომ ტყუილი რამენაირად დამაჯერებლად თქვან და არც იმის სინდისი, რომ მუდმივი სიცრუის სივრცეში შეწუხდნენ რაიმე ჭეშმარიტების დასადგენად.

_ ყოფილი მთავარი პროკურორი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი ბადაშვილი ისევ პროკურატურაში დაბრუნდა, ის მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილედ დაინიშნა. არის ასეთი ინფორმაცია, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კლანის გასაძლიერებლად მიიღეს. თქვენ რას უკავშირებთ ამ ცვლილებას?

_ ეს ვერსია არაერთხელ გაჟღერებულა, მაგრამ, რატომღაც, არავის უცდია, რომ უარეყო მსგავსი მიდგომა. ასეთი განმეორებადი ნაბიჯები საკუთარ კარიერულ სივრცეში, რასაც უკვე მთავარი პროკურორის ახალი მოადგილე თავს გვახვევს, ძალაუნებურად მიგვანიშნებს იმაზე, რომ დიდი გაუგებრობაა თავად ჩვენი ქვეყნის კადრთუხუცესის კაბინეტში! ვერც იმას დავივიწყებთ, რომ სულ მალე საქართველოს პროკურატურაში გამოჩნდება და დამკვიდრდება ახალი, ყველაზე მაღალი თანამდებობა, რასაც ერქმევა _ გენერალური პროკურორი. სხვა მხრივ, ძნელად წარმოსადგენია ასეთი პერსპექტივა საკუთარი წინსვლისთვის თუ შეიძლებოდა ჰქონოდა ბადაშვილს. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის უფრო გასაგები იქნებოდა, რომ საკუთარი ყოფილი მოადგილის მოადგილედ თავისი თავის წარმოჩენა არის გზა ახალი უმაღლესი რანგის პროკურორის სავარძლის დასაკავებლად. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, გვაფიქრებინებს, რომ ასეთ შემთხვევაში, საერთოდ, ფარცხალაძისა და მის გარშემო დავანებულ პირებს არანაირი საფრთხე არ უნდა შეექმნათ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც. დაველოდოთ ახალ გენერალურ პროკურორს და მისი ვინაობა კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, რომ სწორად გავიაზროთ, რა თამაშის მოწმენი ვართ იატაკქვეშეთში მიმდინარე პროცესებისა და რას აჩუქებს კიდევ ერთხელ საქართველოს მოსახლეობას ჩვენი ქვეყნის კადრთუხუცესი.

_ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიას შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება. რამდენად სწორად მიიჩნევთ ნარმანიას აუდიტის სამსახურის უფროსად დანიშვნას? ოპონენტები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ისეთივე გადაცდომის გამო, რაც ახლა ნარმანიას აქვს ფარცხალაძესთან დაკავშირებით, გიგი უგულავა ციხეში იჯდა…

_ არ მაქვს საფუძველი, რომ დავადასტურო ბატონ ნარმანიას რაიმე ბრალეულობა, მაგრამ თუკი ამ ბრალდებებს გარკვეული სუბიექტები დღევანდელ მერს უკავშირებენ, რასაკვირველია, მისი გამწესება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე, შეიძლება, მორიგ ცინიკურ დამოკიდებულებად განვიხილოთ ჩვენი უცვლელი კადრთუხუცესის მხრიდან.

_ გასულ თვეს ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური გახდა და თითქმის სამწლიანი მუშაობის შემდეგ პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა დატოვა. გაგრძელდება თუ არა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების წინ საკადრო ცვლილებები სხვა რეგიონებშიც? საკადრო ცვლილებების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა თამამი განცხადებაც გააკეთა: ის არ გამორიცხავს გადაადგილებებს არათუ რეგიონებში, არამედ, შესაძლოა, მინისტრთა კაბინეტის დღევანდელი შემადგენლობაც შეიცვალოს. თქვენ თუ ელოდებით საკადრო გადაადგილებებს?

_ რატომაც არა! როდესაც ხელისუფლებას ყველა ბერკეტი აქვს, როგორც კანონიერი, ასევე უკანონო და ორივეს კარგად იყენებს მსგავსად მისი წინამორბედებისა, ნუ გაგვიკვირდება, ჯერ ერთი, გაოგნებულნი დავრჩეთ კანდიდატების წარმოჩენისას ამა თუ იმ მაღალი თანამდებობის სავარძლის დასაკავებლად, რადგან დღევანდელი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა, მსგავსად მისი წინამორბედებისა, არასოდეს იკადრებს რაიმე სახის თვითკრიტიკას. სახელისუფლებო სისტემის წევრები მუდამ მართალნი არიან, დანარჩენი ყველანი, ვნებენ ქვეყანას! ეს არის ის თეორემა, რომელიც უცვლელია ათეული წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანში. ამდენად, როდესაც გზა არ ჩანს არც ურმის გადაბრუნების შემდეგ, ეს უკვე მუდმივ შფოთს იწვევს.

_ ასეთი სახის საკადრო ცვლილებები მოახდენს თუ არა გავლენას საზოგადოებაზე, იმოქმედებს თუ არა, თუნდაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე?

_ ეს საკითხი ძალიან ბევრ კომპონენტს შეიცავს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს ბევრისთვის მისაბაძი სახელმწიფო, მისი უაღრესად გაღატაკებული საზოგადოება არჩევნებისას ცდილობს არა იმას, რომ ყველაზე შემძლე, ყველაზე გონიერი, მაღალი პროფესიონალიზმის მქონე, ყველაზე გამოცდილი პირი აირჩიოს მაღალ თანამდებობაზე, დღესაც, უპირველეს ყოვლისა, ეძიებს ადამიანს, რომელსაც შეეძლება ამომრჩევლის პატრონობა და მისი რაიმე სახით ასეთი ხეირის მოტანა, მიუხედევად იმისა, რა გონებასუსტიც არ უნდა გახლდეთ დამნაშავეობაში ხშირად მხილებული ადამიანი. ჩვენი პოლიტიკური კულტურა, სამწუხაროდ, ვერ ყალიბდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმიტომ, რომ იქ, სადაც არ არის ღირსეული საშუალო ფენა, დემოკრატიას არაფერი ესაქმება! ასეთ ვითარებაში არჩევნების ნებისმიერი შედეგი ხელს აძლევს მხოლოდ იმ ხელისუფლებას, რომელსაც ძალუძს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ისაუბროს სწორედ საშუალო ფენის ხელშეწყობაზე, ხოლო როგორც კი მოირგებენ სახელისუფლებო სადავეებს, მუდმივად ვხდებით მოწმენი იმისა, რომ უფრო ღრმა ხდება უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის! ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რომ თითოეულ ჩვენგანს დაუდგეს ჟამი საკუთარი შეცდომისა, რასაც სხვებს ვეღარ გადააბრალებს. თუ საზოგადოებამ არსებულ ვითარებაში რაიმე სახის მკაფიო გზავნილი არ მიიღო და ცვლილებების ინიციატორად თავად არ მოგვევლინა, რომელიც რეალური წინსვლა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ, სამწუხაროდ, შევეჩვევით ქვეყნის სვლას ფორმულით _ ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან! რამდენი ციფრიც არ უნდა მოვიყვანოთ დასტურად იმისა, რომ ჩვენ მივდივართ წინ, თუ ჩვენი ღატაკი მოსახლეობის რაოდენობა არ შემცირდება, ერთ ადგილას ვიტრიალებთ და უსუსურნი აღმოვჩნდებით საკუთარი ისტორიული წარსულის წინაშე!

 

თამარ ბატიაშვილი