ბიჭი ფოტოდან საქართველოს დროშით _ ძმები ჯოხაძეები, რომლებიც 16 აპრილს ერთად დააკავეს

ირინა მაკარიძე

ბიჭი ცნობილი ფოტოდან საქართველოს დროშით სკოლის მოსწავლეა, რომელიც 16 აპრილის აქციაზე დააკავეს, შემდეგ კი 2200 ლარით დააჯარიმეს. მასთან ერთად დააკავეს ასევე მისი ძმა, გიგა ჯოხაძე, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარია, სასამართლომ ის 2500 ლარით დააჯარიმა. ძმებს ჯარიმის თანხა საზოგადოებამ შეუგროვა. იმდენი თანხა შეგროვდა, რომ კიდევ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტისთვის დაკისრებული ჯარიმის დაფარვა გახდა შესაძლებელი.

იმ ღამით აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, 20-მდე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს აჯობა, როდესაც სკოლის მოსწავლე დააკავა. სანდრო 18 წლის რამდენიმე კვირის წინ გახდა, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ყველაზე მეტად იმან გააბრაზა, როდესაც ნახა, თუ როგორ გათელა სპეცრაზმმა საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც მას მხრებზე ჰქონდა მოფარებული.

„ქრონიკა+“ ესაუბრა „რუსული კანონის“ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ძმებს:

სანდრო ჯოხაძე _ 106-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:

_ პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესდა ჩემი და ჩემი ძმის ამბით, გვგულშემატკივრობდა. რაც შეეხება დაკავებას, არ ვიცი, ალბათ, ხშირი შემთხვევა არ არის, სკოლის მოსწავლეს რომ აკავებდნენ აქციებზე. ყველაფერი, ეს დარბევაც, ეს დაკავებებიც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ  გამარჯვებასთან ახლოს ვართ და ძალიან დასუსტებულები არიან მმართველ გუნდში. რაც შეეხება დროშას, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი, რომ საქართველოს დროშას გადათელავდნენ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვირტყამდნენ, გვაგინებდნენ. ჩემთვის ყველაზე ემოციური იყო ეს ამბავი, რადგან ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე უფროსია (ჩემთან ერთად დაიჭირეს), ეროვნულ გმირებზე, საქართველოს ისტორიაზე ხშირად მესაუბრებოდა. ის, რომ დამოუკიდებელ საქართველოში მისივე სპეცრაზმის წარმომადგენლები გადათელავდნენ ქართულ დროშას, ეს ჩემთვის მართლაც შოკისმომგვრელი იყო. ვფიქრობ, ასეთი ადამიანი არ იმსახურებს არც ქართული ფორმის ტარებას, არც საქართველოს მოქალაქეობას და საქართველოში ცხოვრებასაც კი.

_ რა ვითარებაში დაგაკავეს?

_ ჩვენ წინ ვიდექით: მე, ჩემი ძმა და ჩემი ძმის მეგობრები. ამ დროს სპეცრაზმელს ვესაუბრებოდი, რა თქმა უნდა, ზრდილობის ფარგლებში, არავითარი ბილწსიტყვაობა ჩემი მხრიდან არ ყოფილა, თუმცა რაღაც მომენტში, როგორც ჩანს, ბრძანება მიიღეს და წინ ვინც ხელში მოხვდათ, ყველა დაგვაკავეს. ვიდეოკადრებიც არსებობს ამ დაკავების, რომ მეც, ჩემს ძმასაც ფიზიკურად გვისწორდებიან, გვაგდებენ ძირს, გვირტყამენ ხელს, ფეხს.  

_ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით რას იტყვით?

_ სამწუხაროდ, სასამართლოში მისვლამდეც ვიცოდი, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა უსამართლო იყო და მოსამართლეს რასაც დაავალებდნენ, იმ გადაწყვეტილებას გამოიტანდა. გამართლების იმედი ნამდვილად არ მქონდა. ყველა პოლიტიკური საქმე საქართველოში ამაზე მეტყველებს, რომ ქართული სასამართლოს იმედი არ უნდა გქონდეს. აბიტურიენტი ვარ და ვაპირებ სამართლის ფაკულტეტზე სწავლას, რომ ეს უსამართლო სისტემა შევცვალო. რაც შეეხება პროცესს, იმდენი პატივიც არ გვცეს ამ პოლიციელებმა, რომ ესწავლათ მაინც ის ტექსტი, რასაც სასამართლოზე ამბობდნენ. ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას აძლევდნენ, როგორც ჩანს, ერთმანეთშიც არ უსაუბრიათ, რომ შეეთანხმებინათ ტექსტი. ერთი სხვა რამეს ამბობდა, მეორე _ სხვას. ერთი ამბობდა, რომ რობოკოპებმა დაგვაკავეს, მეორე ამბობდა, რომ თვითონ დაგვაკავეს…

_ როგორ ფიქრობ, რით იყო ეს გამოწვეული? მათ იცოდნენ, მიუხედავად იმისა, დამაჯერებლები იქნებოდნენ თუ არა, ეს  მოსამართლეს „საჭირო“ გადაწყვეტილების გამოტანაში ხელს მაინც არ შეუშლიდა?

_ როგირც ჩანს, ასეა, სამართლიან სახელმწიფოში ეს ადამიანები თვითონ ისხდებოდნენ ციხეში ცრუ ჩვენების მიცემისთვის, თუმცა მათ კარგად იცოდნენ, რომ ამისთვის მათ არავინ დასჯის. ჩანდა, რომ ეს მათთვის ნორმაა და პირველი შემთხვევა არ იქნებოდა. გარდა ამისა, ჩვენ მტკიცებულებების სახით ვიდეომასალა გვქონდა წარმოდგენილი და პირადად ჩემს საქმეზე ოთხი მოწმე მყავდა, რომლებიც თავადაც ჩანან კადრში და სადაც ვხედავთ, რომ მე ვეცლებოდი სიტუაციას, მივდიოდი რობოკოპების საწინააღმდეგო მიმართულებით. უბრალოდ, სპეცრაზმი როდესაც ჩამოხტა, მე წინ ვიდექი, მოვხვდი ხელში და დამიჭირეს, დარწმუნებული ვარ, გულზე მოხვდათ ის, რასაც ვესაუბრებოდი და ამან გამოიწვია მათი აგრესია. 

_ და რის შესახებ ესაუბრებოდი?

_ რომ ბავშვობაში ბევრს სურდა და მათ შორის მეც, რომ ჯარისკაცი ან პოლიციელი ვყოფილიყავი, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ამ ქვეყანაში ამ ადამიანებს თავისი თანამოქალაქეების დარბევა უწევთ, მივხვდი, რომ მე ამას ვერ შევძლებდი და დიდი იმედი მაქვს, თქვენც მეტად ლმობიერები იქნებით თანამოქალაქეების მიმართ-მეთქი.

_ საპირისპირო ეფექტი გამოიღო თქვენმა საუბარმა?

_ დიახ, სამწუხაროდ..

_ თქვენი ფოტო გავრცელდა იმ დღეს, რომელიც გააზიარა ბუდუ ზივზივაძემაც, რას ნიშნავდა ეს თქვენთვის?

_ როდესაც გადავყავდით დროებითი მოთავსების იზოლატორში, მე დავინახე პოლიციელის ტელეფონში ეს ფოტო. სქროლავდა და ამ დროს დავინახე, მაგრამ არ მიფიქრია, რომ მე ვიყავი. გავიფიქრე, რომ ძალიან მაგარი ფოტოა-მეთქი. მეორე დღეს, როდესაც ჩემთან შემოვიდა ადვოკატი, ნაკრების ფორმა მეცვა და მითხრა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმაც გააკეთეს ჩვენი მხარდამჭერი განცხადებებიო. ეს იყო ყველაზე ემოციური წამი ჩემთვის იქ ყოფნის პერიოდში. 18 წლის ვარ და აქედან 13 თუ 14 წელი ფეხბურთს ვუყურებ, საქართველოს ვგულშემატკივრობ, მათ შორის, ბუდუ ზივზივაძის თამაშებსაც ბევრი წელია უკვე, თვალს ვადევნებ. მართლა დიდი პატივი იყო ეს ჩემთვის და დიდი მოტივაციის წყარო გახდა.

_ რას იტყვით ამ ბრძოლაზე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რა შედეგის მოლოდინი გაქვთ?

_ ზუსტად ჩემ მიმართ გამოხატული სოლიდარობისა და ხალხის ემოციებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. უბრალოდ, ჩვენ გვჭირდება ამ მოტივაციის შენარჩუნება გრძელვადიან პროცესში, რადგან ამ რუსული რეჟიმის დამარცხება სწრაფად ვერ მოხდება. არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს რუსეთის ნაწილი, რუსეთის გუბერნია. დარწმუნებული ვარ, რომ თანამედროვე ორჯონიკიძეები ვეღარ შეძლებენ საქართველოსთვის რკინის ფარდის ხელმეორედ ჩამოფარებას. ამას უზრუნველყოფს თუნდაც ჩვენი, დამოუკიდებლობაში დაბადებული თაობა. თუმცა არა მხოლოდ ჩვენი თაობა, საჭირო მომენტში საქართველოს ყველა მოქალაქე ისტორიის სწორ მხარეს დადგება.

_ მომავალ არჩევნებზე რას იტყვი, რა მოლოდინი გაქვთ?

_ სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ ახალგაზრდები არჩევნებზე არ აქტიურობენ. ზოგადად, შექმნილია აზრი, რომ პოლიტიკა ბინძური თამაშია და მას ახალგაზრდები უნდა გავერიდოთ. ვფიქრობ, ამ დღეებმა, გასული წლის მარტიდან დაწყებულმა პროცესებმა ყველა ადამიანი დაარწმუნა, რომ საჭიროა ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა, რომ პროცესები წარიმართოს ისე, როგორც ჩვენ გვინდა. აპოლიტიკურობა ამაში ვერ გვიშველის, ამ რეალობას შეცვლის მხოლოდ არჩევნებზე ჩვენი მისვლა და ჩვენი ხმის დაფიქსირება.  დარწმუნებული ვარ, ყველა ახალგაზრდა ამას იაზრებს. უბრალოდ, „რუსული კანონის“ გაწვევა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არჩევნების ჩატარება შესაძლებელი გახდეს ნორმალურ გარემოში. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია, ვინ უნდა დაიცვას ჩვენი ხმა? უცხოელი დამკვირვებლები ვერ იქნებიან იმ კონტინგენტით ჩამოსული, რომ თითოეულ უბანზე შეძლონ მაღალი ხარისხით დაკვირვება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ეს ბრძოლა მოვიგოთ და შემდეგ უკვე არჩევნებზე დავემშვიდობოთ რუსულ რეჟიმს.

გიგა ჯოხაძე _ ილია ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი:

_ 16 აპრილის საღამოს მე, ჩემი ძმა და ჩემი მეგობრები ვაპროტესტებდით საქართველოს პარლამენტის მიერ „რუსული კანონის“ მიღების მცდელობას.  რა თქმა უნდა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ „რუსული კანონის“ მიღება ნიშნავს საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მომავლის წართმევას, ამას ვაპროტესტებდით სრულიად მშვიდობიანად, არანაირი გინება, შეურაცხყოფა ჩვენი მხრიდან ან პოლიციელებისთვის ხელის შეშლის მცდელობა, რასაც სასამართლოზე შემდეგ გვაბრალებდნენ, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ჩვენ მშვიდობიანად ვიდექით პარლამენტის უკანა მხარეს. დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის, სრულიად გაუფრთხილებლად, სპეცრაზმი დაიძრა ჩვენი მიმართულებით. დაიწყეს ჩვენი დაშლა-დარბევა ძალისმიერი მეთოდებით. გვცემდნენ, გვაგინებდნენ. დაგვაკავეს სპეცრაზმელებმა და არა საპატრულო პოლიციამ და გადაგვიყვანეს საპატრულო პოლიციის მანქანაში, იქიდან უკვე პოლიციაში. 48 საათი გაგვატარებინეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. სასამართლო პროცესი ჩატარდა 25 აპრილს. დილას იყო ჩემი ძმის პროცესი, შემდეგ, შუა დღეს, ჩემი. ჩემს ძმას 2200 ლარი ჯარიმა დააკისრეს, მე _ 2500 ლარი. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით იყვნენ ის პოლიციელები, რომლებიც მეც და სანდრომაც პირველად ვნახეთ, როდესაც სპეცრაზმელებმა საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩაგვსვეს. ეს პოლიციელები გვაბრალებდნენ, ჩვენ ვნახეთ, როგორ იგინებოდით და არღვევდით სპეცრაზმის კორდონსო. არადა, კადრებიც გვაქვს, რომ დაგვაკავეს ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა. ასე ურცხვად იტყუებოდნენ, თუმცა რეალურად ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. ეს ორი პოლიციელი, რომელიც წყვილში იყო, ფრაზებსაც ვერ ალაგებდნენ და ურთიერთსაპირისპიროდ ლაპარაკობდნენ. უამრავი ურთიერთგამომრიცხავი რამე თქვეს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოისმენდა, მიხვდებოდა, რომ აბსურდი იყო ეს სასამართლო პროცესი. ჩვენ ყველანაირი მტკიცებულება გვქონდა, ვიდეო და ფოტომასალები, გვყავდა მოწმეები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, მათ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, თუმცა მოსამართლემ მაინც ჩვენი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღო.

_ პოლიციელები უტიფრად იტყუებოდნენ თუ რამე უხერხულობას გრძნობდნენ, თუნდაც იმის გამო, რისი გაკეთებაც უხდებოდათ?

_ რა უხერხულობაზეა საუბარი? პირიქით, როდესაც ჩვენებას აძლევდნენ და ჩემი ადვოკატები კითხვებს უსვამდნენ, რომ გამოევლინათ მათი სიცრუე, მაშინვე აგრესიულები ხდებოდნენ. კი არ რცხვენოდათ, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, იმავეს გააკეთებენ, რაც გააკეთეს მაშინ რობოკოპებმაც, სპეცრაზზმაც და პოლიციის თანამშრომლებმაც. სამწუხაროდ, ძირგამომპალი სისტემაა, რაც კიდევ ერთხელ ვნახე ჩემი და ჩემი ძმის მაგალითზე. იმდენად ჭაობია ეს სასამართლო სისტემა, პოლიცია, პროკურატურა, არ ვიცი, ამას რა გამოასწორებს თუნდაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ჩემი ძმისთვის ძალიან ემოციური იყო, რომ ის სპეცრაზმელები, რომლებიც მის დაკავებას ცდილობდნენ, ფეხით თელავდნენ საქართველოს დროშას, ეს კადრებშიც ჩანს. ამის შემდეგ საერთოდ რაზეა საუბარი, როდესაც ადამიანს ფორმა აცვია და ფიცი აქვს დადებული, რომ დაიცვას მართლწესრიგი, ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი და ამ დროს ქართველი ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს _ სახელმწიფო დროშას ფეხით გადათელავს, რომლის დასაცავად ქართველმა გმირებმა სიცოცხლე გაწირეს და არ გადაუარეს, მაგალითად, გიორგი ანწუხელიძემ, რომელიც წამებით მოკლეს იმის გამო, რომ საქართველოს დროშას ფეხი არ დაადგა. ამ მაგალითით კარგად ჩანს, თუ რასთან გვაქვს საქმე. 

_ რაც შეეხება ჯარიმას, სოლიდური ჯარიმები დაგაკისრეს და როგორც ვიცი, საზოგადოება გვერდით დაგიდგათ მათ გადახდაში…

_ როდესაც სასამართლოდან უკან ვბრუნდებოდი, მეტროდან ამოსული არ ვიყავი, რომ 5 ათას ლარზე მეტი იყო უკვე ჩემს საბანკო ანგარიშზე, ძირითადად 10 ლარით, 5 ლარით, 20 ლარით შეგროვებული. ასობით მოქალაქემ გადმორიცხა თანხა და უდიდესი მადლობა მათ. დღეს კიდევ აგრძელებდნენ თანხების დარიცხვას, რის შედეგად არა მარტო ჩემი და სანდროს ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა არის შესაძლებელი, კიდევ, მინიმუმ,  სამ-ოთხ ადამიანს დავეხმარებით.  ასე ერთობით გავიმარჯვებთ!

_ ზუსტად ეს ერთობა აღელვებთ, როგორც ჩანს. „ენა მამული, ერთობა“ _ ახალგაზრდების ამ გზავნილს „ოცნებამ“ მთელი პროპაგანდისტული მანქანა   დაუპირისპირა, რომ თითქოს ვინმე სარწმუნოებას გვართმევს, რას იტყვით ამ ყველაფრის შესახებ? 

_ ქართველმა ახალგაზრდებმა გააკეთეს ეს პლაკატი. რა თქმა უნდა, სარწმუნოებას არავინ უარყოფს. მე როგორც ვიცი, სხვა კონფესიის ადამიანების  რელიგიური გრძნობებისთვის შეურაცხყოფა რომ არ მიეყენებინათ და ეს ერთობა შეენარჩუნებინათ, შეთანხმდნენ ამ ფორმულირებაზე. უამრავი სხვადასხვა პლაკატი იყო აქციაზე, მაგრამ ეს გამოარჩიეს, რომ ჩვენი ახალგაზრდების დისკრედიტაცია მოახდინონ. რაც შეეხება ერთობას, რომ საუბრობენ, ილია ჭავჭავაძის სიტყვები შებღალესო, თვითონ  ჩახედონ ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკას, წერილებს და ნახავენ, რომ ყველაზე დიდი ყურადღება ილიას ჰქონდა ერთობასა და ერთობის მნიშვნელობაზე, რომ ერთად უნდა ვიყოთ და მტერი ვერ დაგვამარცხებს. ამ ერთობითა და საკუთარი ისტორიის გააზრებით მოვაღწიეთ დღემდე. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით ჩვენი ისტორია, ვიცოდით, ვინ იყო ჩვენი მტერი, ვინ იყო ჩვენი მოყვარე და დღეს, სამწუხაროდ, ხელისუფლება ცდილობს გააბუნდოვანოს ეს სურათი _ მტერზე გვეუბნება, რომ მტერი არ არის, მოყვარეზე გვეუბნება, რომ ის არის მტერი და უნდა ქვეყნიდან გაყაროს ჩვენი მეგობრები. ამის შესაძლებლობას არ მივცემთ, დავუპირისპირდებით ხელისუფლების პროპაგანდას და შევეცდებით, ინფორმაციული ომი მოვუგოთ.

_ რაც შეეხება აქციებს, გასაგებია ახალგაზრდების შემართება, ისინი ამბობენ, რომ არ დაიღლებიან აქციებზე დგომით, თუმცა პოლიტიკოსების გარეშე რამდენად წარმოგიდგენიათ შედეგის მიღწევა?

_ კი, მეც მიფიქრია ამის შესახებ, დილემა ნამდვილად არსებობს, ჩვენი განწყობა და ახალგაზრდების განწყობაც ეს არის, რომ არსებულ პოლიტიკურ კლასს არ ვენდობით, მოგვბეზრდა ეს ძველი ყაიდის პოლიტიკოსები, გვინდა, რომ რაღაც შეიცვალოს რეალურად. სწორად აღნიშნეთ, ამხელა საპროტესტო მუხტის გადათარგმნა პოლიტიკურ სარგებელში ძალიან ძნელია პოლიტიკოსების გარეშე. ამაზე ნამდვილად სამსჯელოა და იმ ხალხსაც, ვინც ყოველდღე გამოდის, ალბათ, უნდა ვკითხოთ, რა უნდათ, როგორ უნდა შევძლოთ ამ საპროტესტო მუხტის გარდაქმნა პოლიტიკურ გამარჯვებაში.

_ ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, საპროტესტო აქციებს, პოლიტიკოსების აქტივობას, ევროპარლამენტის რეზოლუციაც წამოგვეწია, აშშ-ის სენატორების განცხადებაც, თუმცა „ოცნება“ მაინც ჯიუტად აცხადებს, რომ ეს კანონი უნდა მიიღოს. რას იტყვით ამის შესახებ და ასევე იმ საფრთხეზე, რასაც „ოცნების“ ეს გაჯიუტება უქადის ქვეყანას?

_ ამ კანონპროექტის მეორედ დაინიცირების დღიდან ყველა ჩვენი პარტნიორი, ჩვენი მეგობარი, ყველა გვეუბნება, რომ არ მიიღოთ ეს კანონი, რადგან შეუთავსებელია თქვენს სურვილთან, გაწევრიანდეთ ევროატლანტიკურ ოჯახში. მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტის სურვილია გაწევრიანდეს ევროპის კავშირსა და ნატო-ში. კონსტიტუციაშიც არის 78-ე მუხლი ჩანაწერი, რომ საქართველოს აქვს გამოკვეთილი ევროატლანტიკური კურსი. რეალურად, ჩვენი მეგობრები ამას გვეუბნებიან, „ქართული ოცნება“ მაინც იმას იმეორებს, რომ ევროპასა და აშშ-ში ასეთი კანონები მოქმედებს. მსგავსებაც კი არ არის მათ შორის. არც ერთ ევროპულ სახელმწიფოში, არც აშშ-ში მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არ არის მიმართული კანონი. კანონი მიმართულია მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისკენ და ეხება ძირითადად ლობისტურ კომპანიებს, რომლებიც უნდა კონტროლდებოდეს ყველა სახელმწიფოში. ეს არის განსხვავება. ყველაზე მეტად რომელსაც ჰგავს ეს კანონპროექტი, არის რუსეთში მოქმედი კანონმდებლობა. როგორც ვიცით, 2010 წელს ძალიან რბილად დაიწყო პუტინმა, ჯერ დეკლარაციების შევსებას ავალდებულებდა ამ ორგანიზაციებს, შემდეგ ფიზიკურ პირებზეც გადავიდა, თანდათანობით მოხდა ისე, რომ კრიტიკულად განწყობილი ხმა აღარ არსებობს რუსეთში, დაიხურა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, კრიტიკული მედია, ადამიანებს ციხეში სვამენ და აპატიმრებენ იმის გამო, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგი არიან და აპროტესტებენ. ჩვენს შემთხვევაში ყველაზე დიდი რისკი არის ეს. ეს არის საქართველოსთვის ავტორიტარული ფარდის ჩამოფარების მცდელობა, რასაც არ შევეგუებით.