რატომ არ უბრუნებს სასამართლო დედას ორ მცირეწლოვან შვილს?

თამარ როსტიაშვილი

ორი შვილის დედა წლებია, უკვე ბავშვების დასაბრუნებლად იბრძვის. იგი ოჯახური ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს თავს და აცხადებს, რომ სისტემა მისი წინააღმდეგია.

„ქრონიკა+“ ეცდება, ორივე მხარის პოზიცია შემოგთავაზოთ, ამჯერად კი დედით დავიწყებთ, რომლის მცირეწლოვან შვილებზეც ზრუნვა სასამართლომ მამას დააკისრა. რესპონდენტის თხოვნით, მის გვარს ინიციალით აღვნიშნავთ:

ფიქრია კ.:
_ 2011 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში ვიმყოფებოდი გ. შ.-სთან. თავიდანვე კონფლიქტური ურთიერთობა გვქონდა, რისი მიზეზიც იყო მისი ჯანმრთელობის პრობლემები. ამის გამო ვერ მიტანდა და ხშირად დედასთან მივყავდი, სადაც თვეობით ვრჩებოდი. შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი პირველ შვილზე, როდესაც ჩემმა მეუღლემ ჩემს მშობლებს განუცხადა, რომ არ სურდა ჩემგან შვილი. ეს მარტო სიტყვები არ ყოფილა _ ბავშვი როგორც კი დაიბადა, გვარიც კი არ მისცა თავისი. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გადაწყვიტა შვილის ნახვა, რის წინააღმდეგაც არ წავსულვარ _ პერიოდულად ვაჩვენებდი ბავშვს. ამის შემდეგ დაიწყო პატიების თხოვნა და გვარის მიცემის სურვილი გამოთქვა. არ ვენდობოდი და შერიგებაზე უარი ვუთხარი, თუმცა გვარის მიცემაზე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან ბავშვს მამის გვარი უნდა ჰქონოდა. ეს ეწყინა და მიჩივლა.
_ რაზე გიჩივლათ?
_ ისე წარმოაჩინა საქმე, თითქოს, უარს ვამბობდი შვილისთვის მამის გვარის მიცემაზე.
_ თუ არ აპატიეთ და შერიგებაზე არ თანხმდებოდით, მეორე ბავშვი როგორ გაჩნდა?
_ ამ პერიოდში ოპერაცია გაიკეთა და მითხრა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც ჩვენს თანაცხოვრებას უშლიდა ხელს და მისი აგრესიის მიზეზი იყო, როგორც თავად განმარტავდა ამას, მოუგვარდა. ამბობდა, რომ ჩემ მიმართ იგი აღარ გამოიჩენდა აგრესიას და უნდოდა, კიდევ ერთი შანსი მიმეცა. დადიოდა ჩემს ნათესავებთან და იმათ ავალებდა, დალაპარაკებოდნენ ჩემს მშობლებს. მე დრო მჭირდებოდა და ძალიან მიჭირდა იმ ყველაფრის პატიება.
_ ანუ უპატიებლად დაორსულდით?
_ მან სექსუალურად იძალადა ჩემზე!
_ თუ გაგაუპატიურათ, რატომ არ უჩივლეთ?
_ სამი თვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ბავშვს ველოდებოდი. მან მომთხოვა, რომ აბორტი გამეკეთებინა, რისი წინააღმდეგიც ვიყავი. ამის შესახებ ვუთხარი დედას, რომელმაც დამამშვიდა, რომ მომეხმარებოდა ბავშვის გაზრდაში მაშინაც კი, თუ მამამისი არ მიიღებდა მას. თავის მხრივ, ჩემმა მეუღლემაც უთხრა ჩემი ფეხმძიმობის შესახებ თავის მშობლებს და დედამისმა განაცხადა, რომ ნაბიჭვარს ველოდებოდი და არ მიმიღებდნენ ოჯახში. ამის შემდეგ ჩემი ქმარმა გადაწყვიტა, გადმოსულიყო ჩემ მიერ ნაგირავებ ბინაში და მომხმარებოდა ბავშვების გაზრდაში.
_ რას გულისხმობთ, რომ ერთად დაიწყეთ ოჯახური ცხოვრება _ ცემის, ჩივილებისა და გაუპატიურების შემდეგ?
_ ვცადე, შანსი მიმეცა. აღნიშნულ ბინაში ვეწეოდი კერძო პედაგოგიურ საქმიანობას, ვასწავლიდი ინგლისურ ენასა და მართვის მოწმობის ბილეთებს. ერთად ცხოვრების მანძილზე ჩემი დედამთილი სულ ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ ეშინოდათ მარტო დარჩენის, სთხოვდა, არ მიეტოვებინა ისინი და ჩემი ქმარიც მიდიოდა რაიონში დასარჩენად.
_ საუბარში აღნიშნეთ, რომ თქვენს მეუღლეს აგრესიული ქცევა არ მიუტოვებია…
_ ძალიან არასასურველი ინციდენტი მოხდა მისი ახლო ნათესავის შვილსა და ჩემს უფროსს შვილს შორის. მაშინ 5-6 თვის ფეხმძიმე ვიყავი და როდესაც დედამთილს ამ ინციდენტის შესახებ მოვუყევი და ვთხოვე, ყურადღება მიექციათ ნათესავის ბავშვისთვის, რომ ჩემი შვილი არ დაზარალებულიყო, აქეთ დამდეს ბრალი, რომ ბავშვს მოვუგონე, რადგან არ მინდოდა მისი ჩვენთან მოსვლა. ჩემი ქმარი ამის შემდეგ გახდა აგრესიული, აიღო სკამი და ფეხმძიმე ქალს მესროლა. ამ დროს მე ვიდექი ფანჯარასთან, სკამი მომხვდა ხელზე და მივიღე ძლიერი დაზიანება. ხელზე ძლიერი სისხლდენით კლინიკაში მიმიყვანეს. დედაჩემს მოვატყუე, რომ ხელი ქილის გარეცხვის დროს გავიჭერი.
_ მეუღლესთან ერთად გააგრძელეთ ცხოვრება?
_ რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემმა მეუღლემ უფროსი შვილი წაიყვანა რაიონში, თავის ოჯახში. ბავშვის მონაყოლით, იქ ისევ ინციდენტი წარმოიშვა მეუღლის ნათესავის ბავშვთან. საკუთარ შვილს ხომ არ დავაზარელებდი და უკვე ჩემს ძმას ვთხოვე, დაერეკა ჩემი მეუღლისთვის. ჩემი ბრალდებები უარყვეს და ისევ მე დამადანაშაულეს. ჩემი ქმარი დამემუქრა, რომ დამიჭერდა, ვინაიდან ეს იყო ბავშვზე ცილისწამება. მეტიც, თვითონვე მივიდა სოცსააგენტოში და განცხადება დაწერა ჩემზე. სოცსააგენტომ დამიბარა ვიზიტზე, სადაც ფსიქოლოგმა მიგვისმინა, დაადასტურა მომხდარი და გვითხრა, რომ ყურადღებით ვყოფილიყავით მომავალში. თუმცა ისიც გვითხრა, რომ ამ ასაკში მსგავსი ინციდენტები ჩვეულებრივი მოვლენაა და ხშირად ემართებათ ბავშვებსო.
_ თქვენი შვილები დღესდღეობით სად არიან?
_ ამ წლის იანვრის შემდეგ მამამისთან იმყოფებიან. რაც მოგიყევით, ის ინციენტები პერიოდულად მეორდება, რის შესახებაც სასამართლოზე მოვყევი, მაგრამ, რატომღაც, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. ადრე ბავშვები მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიოდნენ მამასთან, ახლა, ფაქტობრივად, იქ ცხოვრობენ. შევამჩნიე, რომ ჩემი უფროსი შვილი უკვე თავს არიდებს ჩემთვის ყველაფრის თქმას და სულ მეშინია, რომ რაღაცას მიმალავს.
_ ჩემს კითხვაზე მინდა პასუხი: პირველი ძალადობის დროს პოლიციას რატომ არ მიმართეთ?
_ პირველი ძალადობის დროს გაჩუმება ვარჩიე იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი.
_ ეგ რა შუაშია?
_ იმ შუაშია, რომ ყოველთვის სარგებლობდა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობით. მაგალითად, 2016-2017 წლებში მან სცადა ჩემი გაგუდვა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ. დავრეკე 112-ში, მოვიდა პოლიცია და ბავშვმა ყველაფერი მოყვა. მე ყელი ჩალურჯებული და ჩამოსიებული მქონდა, მაგრამ პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა და იცით, რატომ? _ ჩემმა ქმარმა ჩაიცვა სამსახურის ფორმა და ისე დახვდა პატრულს. მერე მათ თვალწინ დაიწყო მუქარა, რომ თუ არ დავტოვებდი სახლს, შეიძლებოდა შემოვკვდომოდი. ღამის საათები იყო და მე ბავშვებთან ერთად არ მქონდა წასასვლელი, ამიტომ გადავწყვიტე დარჩენა. ჩემმა ქმარმა მეორედ გამოუძახა პატრულს და განუცხადა, რომ მომკლავდა, თუ არ წავიდოდი სახლიდან. მეორე დილითვე დამიბარეს საპატრულოში. მახსოვს, იქ პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კომენტარი გააკეთა ჩვენს ამბავზე, რომ რომ ქალს ლაგამი თუ არ ამოსდე, გასახედნი ცხენივით არისო. განყოფილებაში ცდილობდნენ, მე დავედანაშაულებინეთ, თითქოს ცუდი დედა ვიყავი, ვიღაც მყავდა და მაგიტომ იყო კონფლიქტი. ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი მათი ლაპარაკით. ჩამოსიებული ყელი რომ არ შეემჩნიათ, დავდიოდი ყელიანი ტანსაცმლით და დედაჩემისთვის და ოჯახის წევრებისთვის არ მითქვამს.
_ სამხარაულის ექსპერტიზაში რატომ არ წახვედით და არ დააფიქსირეთ ძალადობის ფაქტი? თორემ ახლა გამოდის, რომ ფაქტების გარეშე საუბრობთ.
_ 2017 წელს, განქორწინების შემდეგ, უკან დამყვებოდა და არ მეშევებოდა. სამსახურში მაკითხავდა, რის გამოც ისევ მივმართე პოლიციას. ვინაიდან მემუქრებოდა იარაღით და ამას სოციალურ ქსელში პოსტებსაც ურთავდა თან, გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი. ისეთი დამამცირებელი იყო ჩემთვის, რომ როდესაც პოლიციაში განცხადებით მივდიოდი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ეს ის ქალია, ქმარი რომ თანამშრომელი ჰყავსო. ამის შემდეგ მივმართე სასამართლოს დამცავი ორდერის შესახებ და აქეთ გამომიწერეს შემაკავებელი ორდერი, იმიტომ რომ ამჯერად ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მიმართა პოლიციას და ჩემზე მოსთხოვა შემაკავებელი.
_ თქვენს შემაკავებელ ორდერს რა დაედო საფუძვლად?
_ რომ ჩემგან მან განიცადა ფსიქოლოგიური წნეხი.
_ ფსიქოლოგიური წნეხი რისგან?
_ იმის გამო, რომ მივმართე სასამართლოს. შემაკავებლის ხელის მოსაწერად მისულს პოლიციის თანამშრომლებმა ჩამიკეტეს კარი და პოლიციის უფროსმა მითხრა, რომ დაიღალა ჩვენი კონფლიქტით, რომ მე უნდა შევურიგდე მას და მეკითხებოდა, რა იყო კონფლიქტის მიზეზი და ა. შ.
_ დავაკონკრეტოთ, თორემ გაუგებარია _ ქმართან ერთად ცხოვრობდით თბილისში თუ რაიონში? თუ თბილისში ცხოვრობდით, ბავშვები როგორ იზრდებოდნენ რაიონში, სკოლაშიც იქ მივიდნენ და ა. შ.?
_ ქორწინებიდან რამოდენიმე დღეში წამიყვანა თავის დედასთან რაიონში, რადგან მას ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ჩემ მიმართ გამოხატავდა აგრესიას. ამიტომ თითქმის სულ ვცხოვრობდი დედასთან, პერიოდულად ის მოდიოდა და ნახულობდა ბავშვებს. 2017 წელს იჩივლა, თითქოს მე არ მინდოდა განქორწინება და ამ ფაქტს წინ უძღოდა ჩემი გაგუდვის მცდელობა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, აღარ შევრიგებოდი, რის შემდეგაც მოითხოვა ქონების გაყოფა.
_ რა ქონების _ ნაგირავები სახლის?
_ მე მქონდა ტელევიზორი, ავტომობილი და ბინის გირაც ჩემს სახელზე იყო. მოითხოვა ამ ყველაფრის ნახევარი და შვილების საცხოვრებლის განსაზღვრა მასთან. ალიმენტებს არ იხდის, იმიტომ რომ ონლაინ სესხები ჰქონდა, ასევე თავის ხელფასს აძლევდა დედამისს, რომ გამოეზოგათ. როგორც ზემოთ ვთქვი, კერძო პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი და უზრუნველვყოფდი ბავშვებს ყველანაირად. 2012-დან 2017 წლამდე ძირითადად ყველა ხარჯი იყო ჩემს კისერზე. მაშინაც და დღესაც ბავშვებს სულ ეუბნებოდა, რომ მე ვიყავი ცუდი დედა, თითქოს ისინი მივატოვე და არ ვზრუნავდი მათზე. ვერ აიტანა, რომ ბავშვებს ჩემი ახალი მეუღლე შეუყვარდათ…
_ ანუ გათხოვდით?
_ დიახ. და ჩემს მეორე ქმართან ურთიერთობას უკრძალავდა ბავშვებს. ჩემმა უფროსმა შვილმა ისიც მითხრა, _ ბებიამ უთხრა, რომ მამამისს კაცი ჰყავს დაქირავებული, რომელიც უკან დამდევს და მითვალთვალებს. ბავშვს ეშინოდა, რამე არ დაეშავებინა ჩემთვის. აღმოჩნდა, რომ სულ მითვალთვალებდა. აინტერესებდა, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი, დადიოდა ჩემს უბანში, მაშინაც, როცა ბავშვები მასთან იყვნენ. მანქანის საბურავებში მირჭობდა გადაჭრილ ლურსმნებს. ბევრჯერ მიჩივლა ფინანსურ პოლიციაში, იუსტიციის სახლში, მერიაში უჩივლა ჩემს ძმას, ასევე წერს განცხადებებს, რომ მე არასწორ საქმიანობას ვეწევი.
_ ამ ეტაპზე თქვენი ორივე შვილი მამასთან რატომ არის?
_ 2022 წლის იანვრის შემდეგ ბავშვები არიან მამასთან. მე ვხვდები ჩემს შვილებს სოცმუშაკთან და ფსიქოლოგთან ერთად. აგვისტოში ორივემ სურვილი გამოთქვა ჩემთან წამოსვლის. სოცმუშაკმაც მომცა რეკომენდაცია, რომ მენახა ბავშვები მათ დაუსწრებლად, მაგრამ ჩემმა პირველმა ქმარმა არ ისურვა. მომცა უფლება, რომ რაიონში მის სახლში შევხვედროდი მას. ასეც მოვიქეცი, რის შემდეგაც ორივე ბავშვმა გამოთქვა სურვილი ჩემთან წამოსვლის. მათი მამა წინააღმდეგი წავიდა და მე დავრეკე 112-ში და დავტოვე ყოფილი მეუღლის სახლი ბავშვთან ერთად. მეორედ რომ ჩავედი რაიონში ბავშვების სანახავად, ყოფილმა დედამთილმა აღარ შემიშვა, მამამთილმა კი შეურაცხყოფა მომაყენა. ისევ წავედი პოლიციაში, დავწერე განცხადება და მაინც მე გამომიწერეს შემაკავებელი ორდერი. გაიმართა ხელახალი სასამართლო, რაზედაც მიიღეს გადაწყვეტილება მოსმენის გარეშე, რომ უმცროსი შვილიც დაბრუნებულიყო მამასთან, თითქოსდა მე იგი ძალით მყავდა წამოყვანილი.
_ რის საფუძველზე გამოიტანა სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება?
_ ჩემს ყოფილ მეუღლეს საჩივარი აქვს დაწერილი ჩემთვის დედობის უფლების შეზღუდვაზე. ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თითქოს დედაჩემთან ერთად ვცემეთ ბავშვები და მათ დაუდგინდათ სულიერი ტანჯვა
_ რას აპირებთ ბავშვების დასაბრუნებლად?
_ რაც შემიძლია და არ შემიძლია, ყველანაირად ვცდილობ ბავშვების დაბრუნებას, მაგრამ რაც მეტად ვცდილობ, უფრო მე გამოვყავარ დამნაშავედ. ამ ეტაპზე გავდივარ რეაბილიტაციის კურსს ერთ-ერთ ცენტრში, მყავს ფსიქოლოგი და ვცდილობ, მეტად გავძლიერდე, თუმცა არ არის ადვილი ეს. წლებია, ამ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ და მაქვს შიშები, რომ ბავშვებს ვერ ვნახავ. უკვე მივმართე ყველა ორგანიზაციას _ არასამთავრობოებს, ჯერჯერობით წინსვლას ვერ ვხედავ.