პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
2025-12-26 11:11:14
ირინა მაკარიძე
განვლილი 2025 წლის ძირითად პოლიტიკურ ტენდენციებსა და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია:
_ ეს ერთი წელი საკმაოდ მძიმე წელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა ვერ მოახერხა დასავლეთისგან ლეგიტიმაციის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ არც ტრამპმა დაურეკა ყაველაშვილს. დიდი რეპრესიები განახორციელა ივანიშვილის რეჟიმმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ (დარბევები, დაჭერები, ადამიანების ქიმიური საშუალებებით მოწამვლა), კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, სამოქალაქო საზოგადოების გაუქმების მცდელობის ფონზე, მით უფრო უამრავი ადამიანის დაჭერის, მათ შორის, მზია ამაღლობელის, რომელიც მიუხედავად არაერთი პრიზისა, თითქმის ერთი წელია უკანონოდ იხდის სასჯელს... ძალიან რთული წელი იყო და ვფიქრობ, წინ კიდევ უფრო რთული წელი გველოდება ახლა, როდესაც კრემლი ცდილობს, რომ ის გამარჯვება, რომელიც საქართველოში მას უკვე დე ფაქტო აქვს, საბოლოო ჯამში გააფორმოს, სანამ უკრაინაში სიტუაცია გაირკვევა. ამიტომ ეს ერთი წელი იქნება კიდევ უფრო მძიმე და დამოკიდებული მაინც უფრო ქართველ ხალხზე, მის წინააღმდეგობაზე, რომელიც არ ჩერდება. ამ წინააღმდეგობას სჭირდება პოლიტიკური შინაარსის შეძენა და ალტერნატიული ძალის ფორმირება. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე, _ ეს იქნება უკრაინის ფრონტი თუ დასავლეთის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია ასევე ჩვენს რეგიონში მიმდინარე ახალი რეალობა _ ტრამპის პროექტი ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით და რუსეთის გავლენის შემცირება. ამიტომ ერთია საგარეო და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო და მეორე _ შიდა პროტესტი. ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს, მაგრამ შიდა წინააღმდეგობის გარეშე ეს ბრძოლა არ გამოვა. ვხედავთ, რომ რეჟიმი გადასულია ბოლო წინააღმდეგობით ბრძოლაზე. ყველაფერი არის დამოკიდებული ქართველი ხალხის წინააღმდეგობის ნებაზე, მათ შორის, პოლიტიკური აქტორების უნარზე, რომ პოლიტიკური ალტერნატივა შექმნან ამის საპირწონედ.
_ ალტერნატიული ძალის შექმნის თემა მუდმივად ტრიალებს, თუმცა ეს თემა სურვილების სფეროს ვერ სცდება. არის ამ დროისთვის რამე ხელშესახები?
_ ვფიქრობ, დღეს გამომდინარე რეპრესიული მოდელიდან, უკვე აღარ არის დრო პარტიული პოლიტიკის წარმოების. როდესაც უკვე დღის წესრიგშია პარტიების გაუქმების საკითხი და „დამოკლეს მახვილივით“ კიდია ოპოზიციის თავზე, აჩვენებს, რომ არის დრო ინდივიდების გაერთიანების, _ იმ პარტიებში მყოფი ადამიანების, რომლებსაც გაუქმება ემუქრებათ, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. რაც მალე მოხდება ამის გააზრება და თუნდაც პატარა წრით ამის დაწყება, მით მეტია შანსი წინააღმდეგობის გაწევის. შესაბამისად, ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ აქტორებზე, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებსა და იმ ლიდერებზე, რომლებმაც ყველაფერს თავი უნდა მოუყარონ. ყოველ შემთხვევაში, ეს არის წინააღმდეგობა.
_ რაც შეეხება სისტემის შიგნით არსებულ წინააღმდეგობას, რამდენად მოსალოდნელია, რომ თვითონ ჩამოიშალოს იგი?
_ სისტემის ჩამოშლის დალოდება არასწორია. თვითონ ჩამოიშალა საბჭოთა კავშირი 70 წლის თავზე, ბირთვული შეიარაღებიდან გამომდინარე ჰქონდა მას რესურსი, ამიტომ ის სისუსტეები, რომელიც აქვს დღეს „ოცნების“ რეჟიმს, იქნება ეს ყბადაღებული ვითომ კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლა, რომელიც რეალურად კლანური ბრძოლაა, ასევე სხვა განათლების რეფორმა, რომელიც მომავალს ართმევს ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ასევე სხვა ხილული პრობლემები, ამას გამოყენება სჭირდება. ეს უნდა იყოს გამოყენებული ოპოზიციური ალტერნატიული ძალისგან, რომ, საბოლოო ჯამში, ხელი შევუწყოთ „ოცნების“ რეჟიმის კიდევ უფრო დასუსტებასა და ჩამოშლას. შესაბამისად, ლოდინი იმისა, თვითონ როდის ჩამოიშლება „ოცნების“ რეჟიმი, არაფერს მოგვცემს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება, მაგრამ ამას ხელის წაკვრა სჭირდება. ეს კი შესაძლებელია სწორედ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის თუ ცენტრების მეშვეობით. აქ არის მთავარი პრობლემა დღეს, ასევე პოლიტიკურ შინაარსში _ უამრავი საკითხია, რაზედაც შეიძლება დღეს პოლიტიკური დღის წესრიგის აგება და არა „ოცნების“ საპასუხო რეჟიმში დარჩენა. დღის წესრიგის შეტრიალება და პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დღეს არის მთავარი საკითხი, რის შედეგადაც, მათ შორის, შეცვლილი საერთაშორისო გარემოდან გამომდინარე და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის გამოყენებით, საბოლოო ჯამში, ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში უნდა დაბრუნდეს.
_ თქვენ თქვით, რომ წინ კიდევ უფრო მძიმე წელი გველოდება... „ქართული ოცნება“ კიდევ და კიდევ უფრო ამკაცრებს და რეპრესიულს ხდის კანონებს, ვგულისხმობ მათ შორის „შეკრებისა და მანიფესტაციების“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, ასევე მედიისა და ადვოკატების მუშაობის შეზღუდვის ფაქტებს... ყოველდღიურად ახალი ფაქტებია, რაც წინა დღით არ წარმოგვედგინა. რამდენად მოსალოდნელია ამ სურათის კიდევ უფრო დამძიმება?
_ რა თქმა უნდა, მაგრამ მე სხვა კუთხით დაგანახებთ რეალობას: ერთია რეპრესიული უკანონო კანონები და შემზღუდველი გარემო, რომელიც შეიქმნა და მეორე არის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს, მათ შორის, ცხინვალის ადმინისტრაციის გაუქმებით, ჩორჩანის საგუშაგოს გადაცემის შესაძლებლობისა და სხვა მსგავსი მოთხოვნების შესრულებით. როდესაც ვსაუბრობთ მძიმე წელზე, მძიმე წელი არა მხოლოდ იმ რეპრესიული კანონების დამძიმებით იქნება, არამედ რუსეთის მოთხოვნების შესრულების კიდევ უფრო თვალხილული მაგალითებიდან გამომდინარე, იმ კრემლის სახელმძღვანელოს თანახმად, რომელსაც მიჰყვება ივანიშვილის რეჟიმი. ამიტომ დღეს კიდევ უფრო მძიმე გამოწვევა გვაქვს ნეიტრალიტეტის თემის გააქტიურებიდან გამომდინარე. თუ შესაძლებლობა დაინახა რეჟიმმა, არც ამ საკითხის წინ წამოწევა არის გამორიცხული, მათ შორის, იმიტომ, რომ ძალის გამოუყენებლობა, შესაძლოა, გაყიდონ როგორც მშვიდობის პროექტი და აქაც მნიშვნელოვანია კომუნკაცია საზოგადოებასთან და ახსნა იმისა, თუ რა მასშტაბის ღალატთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ამიტომ მნიშვნელოვანია პროაქტიური დღის წესრიგის ქონა, მზადყოფნა ყველა შესაძლო განვითარებისათვის და ალტერნატიული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა ქვეყნის დასაბრუნებლად. ეს არის პასუხი, რაც შეიძლება გვქონდეს ამ რთულ ერთ წელიწადთან დაკავშირებით, უნდა ვიყოთ მზად ყველა იმ სირთულისთვის, რომელიც გარდაუვლად გამოჩნდება ახლა უკვე დამდეგ წელს.
_ რას ემსახურებოდა ჩორჩანის თემის გაცოცხლება, რომელიც მივიწყებული იყო, რომ არა წულუკიანის კომისიის მიერ ამ საკითხის გააქტიურება?
_ არაფერი მივიწყებული ეს საკითხი არ იყო. მართალია, ეს საკითხი გააცოცხლა „წულუკიანის ღალატის კომისიამ“, რომელმაც, ერთი მხრივ, ომის დაწყება დააბრალა საქართველოს, თითქოს მოქმედებდა „გარე ძალების“ ხელშეწყობით, რაშიც დასავლეთი იგულისხმება. ასევე დროებით ადმინისტიაციის შექმნა დააბრალეს „გარე ძალებს“, რაც ომის პროვოცირებად მონათლეს. ეს იდენტური ტექსტია, რაც ჰქონდა რუსეთს. რუსეთის მოთხოვნა იყო ამ დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის გაუქმების, რომელიც ასევე პირნათლად შეასრულა ივანიშვილის რეჟიმმა, რაც მთავარია, ყალბი დებულებებით, - თითქოს საუბარია ყოფილ სამხეთ ოსეთზე, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შექმნილ დროებით ადმინისტრაციულ ერთეულზე საუბრობს. მით უფრო აგვისტოს ომის, ამ ოკუპაციისა და ცხინვალის ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, არსებობა გაეგრძელებინა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ორგანოს, რომელიც დევნილების სოციალურ-ჰუმანიტარულ საკითხებს, მათ შორის, ოსური ენის, კულტურის, განათლების საკითხებზე მუშაობდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჟენევის მოლაპარაკებებში მათი მონაწილეობა. ვინმე თუ იტყვის, რადგან ღარიბაშვილის დანიშნული იყო თამაზ ბესტაევი (2022 წელს დანიშნა), ამიტომ ეს ორგანიზაცია გააუქმეს, ეს არ იქნება სწორი. ამ შემთხვევაში ამ ადმინისტრაციული ერთეულის გაუქმება არა მხოლოდ კონკრეტული კადრის მოშორებას გულისხმობდა, არამედ რუსეთის მოთხოვნის შესრულებას, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას მიესალმა და მოითხოვა მეტი, ანუ აღიარება ოკუპირებული ცხინვალის ე. წ. დამოუკიდებლობის. ეს არის იმ თამაშის ნაწილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაფიქრებული ორგანიზებული ღალატია, რომელიც, საბოლოო ჯამში, უნდა მივიდეს იქამდე, რომ მოხდეს უკვე აღიარების დაწყება ამ ორი ე. წ. დამოუკიდებელი რეგიონის. ეს არის ის გეგმა, რომელსაც ივანიშვილი მიჰყვება _ სამ სახელმწიფოდ დაშლილი ქვეყნის რუსეთის გავლენის ქვეშ გაფორმების მიზნით. სხვა შემთხვევაში არ ყოფილა პასუხი, თუ რატომ არ გააუქმეს ეს სამსახური 2012 წელს ან 2016 წელს და რატომ ახლა და რატომ მიება ეს ყველაფერი საქართველოს მიერ ომის დაწყების იმ მოღალატეობრივ ბრალს, რომელიც რუსეთის, როგორც აგრესორის, „გათეთრებას“ გულისხმობს ამ კონფლიქტში, მიუხედავად სტრასბურგისა და ჰააგის გადაწყვეტილებებისა. ეს არის მზადება იმისა, რომ ჟენევაში რუსეთის მოთხოვნაზე, რომელიც უფრო გააქტიურებულია, რაც „ქართული ოცნების“ ქებასთან ერთად ხდება, ხელი მოაწერონ ოსებთან და აფხაზებთან „საზღვრის დელიმიტაციასა“ და საქართველოს მიერ „ძალის არგამოყენების“ ვალდებულებას. ეს არის, მე ვფიქრობ, ის პროცესი, საითაც მიდის ეს ყველაფერი.
_ შემდგომი ნაბიჯი რა იქნება?
_ შემდგომი ნაბიჯი სწორედ ეს იქნება, _ „ძალის არგამოყენებაზე“ ხელმოწერამდე მივა ეს ყველაფერი, მათ შორის არ გამოვრიცხავ კონსტიტუციური ჩანაწერის შეცვლას, საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება ეს თუ რეფერენდუმით, მათ შორის, „კონფედერაციის“ სცენარით, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს ჰქონდა შემოგდებული საქართველოს წინააღმდეგ. შევარდნაძეს ეყო გამბედაობა მაშინ ამაზე უარის თქმის, რასაც არ ველოდებით ივანიშვილისგან, რადგან ის სრულიად კრემლის რეჟიმის გავლენის ქვეშ არის და მისი დავალებებისა და ინტერესების გამტარებელია.
_ წინააღმდეგობის გზას რას ხედავთ? ასე ყველაფერს შეასრულებს, რაც უნდა და რა ჩანაფიქრიც აქვს?
_ წინააღმდეგობის გზა არის, ერთი მხრივ, წინააღმდეგობის პროცესი ქვეყნის მასშტაბით და მეტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მათ შორის, დევნილებისთვის. ეს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფია საქართველოში. ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა ამ პროცესთან დაკავშირებით მეტი მსჯელობა, მეტი საუბარი, ამბის მიტანა ხალხამდე.
_ რამდენად მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს უკვე „ქართულმა ოცნებამ“ აქტიურად დაიწყოს საქართველოს ნეიტრალიტეტის თემის წინ წამოწევა, რომელსაც ახლა მის მართულ ჯგუფს ამავე სახელწოდებით „ნეიტრალური საქართველო“ ახმოვანებინებს? როგორც წესი, ჯერ ამ ჯგუფს აჟღერებინებს სხვადასხვა საკითხს, რომელსაც შემდეგ თავად ახორციელებს.
_ არ არის „ნეიტრალური საქართველო“ ის ორგანიზაცია, რომელიც უნიკალურად პირველად აჟღერებს ამ საკითხს, მანამდე, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“ პუტინს მიმართავდა ერთობლივი წერილით სამხედრო მიუმხრობლობასთან დაკავშირებით. ასევე პატარ-პატარა პრორუსული ჯგუფები, რომლებიც საინფორმაციო ველში სინჯავდნენ სხვადასხვა საკითხს და ახლა უკვე ვატო შაქარაშვილი, რომლის განცხადების საფუძველზე აყადაღებენ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს, 12 და 15 წლით პატიმრობით ემუქრებიან პოლიტიკურ ლიდერებს... მათ შორის „ქართული ოცნების“ შეცვლილი საგარეო რიტორიკა, საუბრები „უსამართლო ევროპის“ შესახებ... თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ევროპა „უსამართლოა“, მათ გაუჭირდებათ ხალხის დარწმუნება პროევროპულ კურსზე უარის თქმის სისწორეში. საინფორმაციო სივრცეში შემოაქვთ ეს დღის წესრიგი, რომ შესაძლებელია, ევროპულ გზაზე უარი ითქვას. კანდიდატის სტატუსის მოთხოვნის უკან გამოტანა აბსოლუტურად შესაძლებელია, თუ მათ ამ დღის წესრიგის დაჩქარებულად წინ წაწევა ან ნეიტრალიტრეტის გამოცხადება დასჭირდებათ. თუმცა ერთია, რა სურს კრემლს და რა სურს ივანიშვილს და მეორეა, როგორ ვუპირისპირდებით ამ სურვილებსა და ზრახვებს. ეს იქნება ე. წ. ნეიტრალიტეტი, თუ კონფედერაცია და ეს ახალი რომ არ არის საქართველოს ისტორიაში, ამას მოწმობს 1921 წლის ბოლშევიკური ოკუპაცია და უახლესი ისტორია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე. აქედან გამომდინარე, რთული გამოსაცნობი არ არის, რა ელოდება საქართველოს ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში.
_ წელს „ოცნებამ“ „საარჩევნო კოდექსში“ შეიტანა ცვლილებები, რომელთა შორისაა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე უარი. ითქვა ისიც, რომ არათანაბარ პირობებში იყვნენ რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რადგან მათ არ ეძლეოდათ ხმის მიცემის შესაძლებლობა, ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?
_ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, გამომდინარე ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებიდან. თქმა იმისა, რომ რუსეთში მყოფი ემიგრანტები იჩაგრებიან და ამის გამო წაართვა ხმის უფლება სხვა ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ამის რაციონალური ახსნა არ არსებობს. ის, რომ ემიგრანტი აქ უნდა ჩამოვიდეს, დომინო ითამაშოს, „იმედის“ პროპაგანდას უსმინოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება, ეს ძალიან ჰგავს რუსულ თამაშს, _ მოლდოვაში რომ რუსული პროექტი ვერ შედგა და ეს არჩევანი გაკეთდა ევროკავშირის გზის სასარგებლოდ, ეს მოხდა სწორედ ემიგრანტების ხმების შედეგად. შესაბამისად, რუსეთმა ჩათვალა, რადგანაც ასეთი საფრთხე არსებობს, ამიტომ ჩანასახშივე მოკლას ეს შესაძლებლობა, მათ შორის, საქართველოში.
_ ცოტა ხნის წინ პაპუაშვილმა კვლავ ისაუბრა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე, მათ შორის, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გაუქმების საკითხზე და კიდევ ერთხელ -აღნიშნა, რომ ამით თავიდან აირიდეს არჩევნებში გარე ჩარევის საფრთხე. ამ მხრივ განსაკუთრებით გერმანიას ერჩის. ამაზე რას იტყვით?
_ ძალიან სამარცხვინოა იმ კაცისგან გერმანიაზე საუბარი, რომელმაც გერმანელი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე იქ ისწავლა, იცხოვრა და გერმანიის მთავრობის ბიუჯეტის ფულზე გახდა კაცი, იყო გერმანული ფონდის წარმომადგენელი საქართველოში წლების მანძილზე. სხვა სამსახური არც ჰქონია, ვიდრე პარლამენტის დეპუტატის სავარძელს მოირგებდა. ამ განცხადებებით აჩვენებს მათ შიშს, რომ ის, ვინც პროპაგანდის გავლენას არ ექვემდებარება, საშიში არის მათთვის.
_ საერთაშორისო მხარდაჭერაც ახსენეთ. როგორც ვხედავთ, სავიზო შეზღუდვები არ ახდენს გავლენას ივანიშვილის რეჟიმზე. გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ უფრო მძიმე სანქციები, მათ შორის, ფინანსური, იქნება გამოყენებული რეჟიმის წარმომადგენლების წინააღმდეგ?
_ მოლოდინი ყველაფრის მაქვს, მაგრამ გააჩნია, როდის მოხდება ეს. სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს მოსახლეობის იმ ბრძოლისთვის, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის მხარდაჭერას ემსახურება, მაგრამ მეორეა ჩვენი გასაკეთებელი საქმე. კარგია, რომ მხარდაჭერა არის, მაგრამ მეტია საჭირო, მათ შორის, სანქციების კუთხით, ეს არის ფაქტი, მაგრამ მეორეა ჩვენი საშინაო დავალება, _ დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, მათ შორის, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც დღეს ივანიშვილის რეჟიმი გვართმევს.