QronikaPlus
დავითის ქალაქი – იერუსალიმის აკვანი და არქეოლოგიური საოცრება  - „ქრონიკა+“-ის სპეცრეპორტაჟი ისრაელიდან

დავითის ქალაქი – იერუსალიმის აკვანი და არქეოლოგიური საოცრება - „ქრონიკა+“-ის სპეცრეპორტაჟი ისრაელიდან

2025-12-26 10:27:45

მიხეილ ხაჩიძე

 

იერუსალიმი, რომელსაც ხშირად „ოქროს ქალაქს“ უწოდებენ, მრავალი საუკუნის განმავლობაში კაცობრიობის ყურადღების ცენტრშია. თუმცა მისი ნამდვილი ისტორიული ბირთვი არა დღევანდელ გალავანშემორტყმულ „ძველ ქალაქში“, არამედ მის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ბორცვზეა _ ადგილზე, რომელსაც დავითის ქალაქი ჰქვია. ეს არის ტერიტორია, სადაც ყველაფერი დაიწყო 4000 წლის წინათ.

 

დავითის ქალაქი იერუსალიმის ერთ-ერთი ყველაზე მონუმენტური და, ამავე დროს, ყველაზე მისტიკური ისტორიული სივრცეა. ფაქტობრივად, სწორედ აქ წარმოიშვა ის ქალაქი, რომელსაც დღეს „ოქროს ქალაქად“ ვიცნობთ. ძველი ქალაქი მოგვიანებით გაშენდა, ხოლო იერუსალიმის ისტორიული ბირთვი აღმოსავლეთით მდებარე ბორცვზე ჩამოყალიბდა _ იქ, სადაც მეფე დავითმა თითქმის 3000 წლის წინათ ებრაული სახელმწიფო დააფუძნა.

დავითის ქალაქი მდებარეობს ტაძრის მთის სამხრეთით, ვიწრო ქედზე, რომელიც ყველა მხრიდან ხეობებითაა გარშემორტყმული. მისი მთავარი სტრატეგიული უპირატესობა გიჰონის წყაროს სიახლოვე იყო _ წყლის ეს მუდმივი წყარო ქალაქის გადარჩენის საფუძვლად იქცა. „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტმა მიხიელ ხაჩიძემ დავითის ქალაქი მოინახულა და ემოციებსა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

 

ადგილი, სადაც იერუსალიმი აღმოცენდა

 

დავითის ქალაქში პირველად შესვლისას გრძნობ, რომ იერუსალიმი აქ უბრალოდ არ ჩანს _ ის სუნთქავს. ეს არ არის მუზეუმი შუშის ვიტრინებით _ ეს არის ცოცხალი სივრცე, სადაც მიწის ქვეშ, ქვის ფენებში, იშლება ქალაქის ოთხიათასწლოვანი ისტორია. სწორედ აქ იწყება იერუსალიმი _ ადგილი, საიდანაც „ოქროს ქალაქი“ აღმოცენდა.

დავითის ქალაქი მდებარეობს ტაძრის მთის სამხრეთით, ვიწრო ქედზე, რომელსაც ყველა მხრიდან ხეობები აკრავს. როდესაც ამ ბორცვზე დგახარ და გიჰონის წყაროს მიმართულებით იყურები, მარტივად ხვდები, რატომ აირჩიეს ეს ადგილი პირველმა მცხოვრებლებმა: წყალი, სიმაღლე და ბუნებრივი დაცვა _ გადარჩენის კლასიკური ფორმულა უძველეს სამყაროში.

მოგზაურობა აქ მხოლოდ ხილვა არ არის _ ეს არის ფიზიკური შეხება ისტორიასთან. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩადიხარ ქვის კიბეებზე და ხვდები წყლის სისტემებში, რომლებიც სამი ათასი წლის წინათ ქალაქს სიცოცხლეს უნარჩუნებდა. ჰეზკიას გვირაბში გავლა არა ტურისტული ატრაქციონი, არამედ დროის გვირაბია _ სიბნელეში, ცივ წყალში, აცნობიერებ, რამდენად გამორჩეული საინჟინრო აზროვნება ჰქონდათ ძველ იერუსალიმელებს.

 

არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებმაც ისტორია შეცვალა

 

დავითის ქალაქის მეცნიერული შესწავლა მე-19 საუკუნის შუა წლებში დაიწყო. 1838 წელს ამერიკელმა არქეოლოგმა ედვარდ რობინსონმა აღმოაჩინა ჰეზკიას გვირაბი, ხოლო 1867 წელს ჩარლზ უორენმა გამოიკვლია წყალმომარაგების რთული სისტემა. 1880 წელს კი გვირაბში მოთამაშე ბავშვების მიერ აღმოჩენილმა წარწერამ — მშენებლების მიერ დატოვებულმა ტექსტმა — არქეოლოგიური სამყაროს ყურადღება საბოლოოდ მიიპყრო.

აღმოჩენილი 15-მეტრიანი შახტა, რომელიც გიჰონის წყაროსთან მიდიოდა, გადამწყვეტ მტკიცებულებად იქცა: ძველი იერუსალიმი არ მდებარეობდა დღევანდელი კედლების შიგნით, როგორც მანამდე მიაჩნდათ. ეს აღმოჩენა საფუძვლად დაედო დავითის ქალაქის ფართომასშტაბიან გათხრებს.

 

4500-წლიანი უწყვეტი დასახლება

 

არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ დავითის ქალაქის ტერიტორია პრეისტორიული პერიოდიდან იყო დასახლებული. ადრეულ ბრინჯაოს ხანაში აქ უკვე არსებობდა სოფელი, რომელიც შუა ბრინჯაოს პერიოდში პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა. ის გარშემორტყმული იყო კედლებით და მოიცავდა დაახლოებით 50 დუნამს.

ბიბლიური წყაროების მიხედვით, იერუსალიმი იდენტიფიცირდება შალემთან — ქალაქთან, სადაც, დაბადების წიგნის თანახმად, აბრაამი მელქისედეკს შეხვდა. იესო ნავეს ძისა და მსაჯულთა ეპოქაში ქალაქი იებუსელთა ანკლავად რჩებოდა, ვიდრე მეფე დავითმა ძვ. წ. დაახლოებით 1000 წელს იგი არ დაიპყრო და დედაქალაქად არ აქცია.

 

დავითიდან _ ბაბილონამდე

 

დაახლოებით ძვ. წ. 1000 წელს მეფე დავითმა, ხებრონში ხანმოკლე მეფობის შემდეგ, დაიპყრო ეს სტრატეგიული ბორცვი. მან იერუსალიმი არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სულიერ ცენტრად აქცია მას შემდეგ, რაც აქ აღთქმის კიდობანი დაასვენა.

მისი ვაჟის, სოლომონის დროს, ქალაქმა კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა — აშენდა პირველი ტაძარი და სამეფო სასახლე. თუმცა ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ იერუსალიმი მხოლოდ იუდეის სამეფოს დედაქალაქად დარჩა, სადაც დავითის დინასტია კიდევ 500 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას.

ძვ. წ. აღ.-ის 586 წელს ბაბილონელებმა, ნაბუქოდონოსორის ბრძანებით, ქალაქი გაანადგურეს. ბიბლიური ტექსტების მიხედვით, დაიწვა ტაძარი, სასახლე და ქალაქის კედლები _ იერუსალიმი მიწასთან გასწორდა. მიუხედავად ამისა, სპარსული პერიოდის შემდეგ ქალაქმა კვლავ დაიბრუნა სულიერი და პოლიტიკური მნიშვნელობა, თუმცა დავითის ქალაქმა თანდათან დაკარგა ცენტრალური როლი.

 

ადგილი, სადაც ცივილიზაცია ფენებად იშლება

 

ბიზანტიურ პერიოდში ქალაქის ახალი კედლები ისე აიგო, რომ დავითის ქალაქი მათ ფარგლებს გარეთ დარჩა. საუკუნეების განმავლობაში იგი თითქოს ისტორიის ჩრდილში მოექცა. მხოლოდ მე-19 საუკუნეში, არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად, დაიწყო მისი ხელახალი აღმოჩენა.

 

ძირითადი არქეოლოგიური ობიექტები:

 

1. მონაკვეთი G (Aრეა G): დღეს აქ დასრულებულია კვლევები და ვიზიტორებს შეუძლიათ ნახონ საცხოვრებელი სახლებისა და უძველესი საფორტიფიკაციო კოშკების ნაშთები;

2. ხიზკიას გვირაბი: წყლის საინჟინრო სისტემის შედევრი. 1880 წელს აქ იპოვეს უძველესი წარწერა, რომელიც აღწერს, როგორ თხრიდნენ გვირაბს ორი მხრიდან მშენებლები ერთმანეთის შესახვედრად.

გვირაბი აშენდა იუდეის მეფე ხიზკიას (Hეზეკიაჰ) მმართველობის დროს, დაახლოებით ძვ. წ. აღ.-ის 701 წელს. იმ პერიოდში იერუსალიმს ასურეთის მეფის, სინახერიბის შემოსევა ემუქრებოდა;

• სტრატეგიული ამოცანა: ქალაქის ერთადერთი წყლის წყარო, გიჰონის წყარო, გალავნის გარეთ მდებარეობდა. ხიზკიამ ბრძანა წყაროს დაფარვა, რათა მტერს წყალი არ ჰქონოდა, ხოლო გვირაბის მეშვეობით წყალი ქალაქის შიგნით, სილოამის აუზში შეიყვანა.

3. საინჟინრო საოცრება

გვირაბის სიგრძე დაახლოებით 533 მეტრია. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ის ერთდროულად ორმა ჯგუფმა გათხარა საპირისპირო მხარეებიდან.

• შეხვედრის წერტილი: მუშები ერთმანეთს გვირაბის შუაგულში შეხვდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ ჰქონდათ კომპასი ან თანამედროვე ხელსაწყოები, ეს მიიჩნევა ანტიკური ხანის საინჟინრო ფენომენად.

• დახრილობა: გვირაბის სიმაღლეებს შორის სხვაობა დასაწყისსა და ბოლოს შორის მხოლოდ 2.1 მეტრია, რაც წყლის მდორე და მუდმივ დინებას უზრუნველყოფდა;

4. სილოამის წარწერა

1880 წელს გვირაბის კედელზე აღმოაჩინეს უძველესი ებრაული წარწერა, რომელიც აღწერს მშენებლობის დასრულების მომენტს. წარწერაში ნათქვამია, როგორ ესმოდათ მუშებს ერთმანეთის ხმა კლდის მიღმა და როგორ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს წერაქვების დარტყმით;

5. გვირაბი დღეს

დღეს ხიზკიას გვირაბი დავითის ქალაქის არქეოლოგიური პარკის ნაწილია და ტურისტებისთვის ღიაა.

• ვიზიტორებს შეუძლიათ გვირაბში გავლა, სადაც წყალი დღემდე მოედინება (წვიმების მიხედვით წყლის დონე ზოგჯერ მუხლებამდე აღწევს).

• გვირაბში სიარულს დაახლოებით 30-40 წუთი სჭირდება და ის სრულ სიბნელეშია, ამიტომ აუცილებელია ფანარი და წყალგამძლე ფეხსაცმელი.

6. გიჰონის წყარო: ქალაქის „თხევადი მაშველი“. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 15 მეტრის სიღრმის შახტა, რომელიც მოსახლეობას საშუალებას აძლევდა, მტრისგან დაფარულად მიეღოთ წყალი;

7. სამეფო რეზიდენცია: ნაპოვნია ძვ. წ. აღ.-ის XIII საუკუნის კედლებისა და სასახლის სიმაგრეების ფრაგმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, მეფე დავითის სასახლეს ეკუთვნოდა.

 

1991 წელს დავითის ქალაქში 30 ებრაული ოჯახი დასახლდა, ხოლო დღეს ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური პარკია ისრაელში. მიუხედავად ისრაელსა და არაბულ მხარეს შორის მიმდინარე დავებისა გათხრების უფლებასთან დაკავშირებით, დავითის ქალაქი კვლავ გვიყვება ძველი აღთქმის, ებრაული სახელმწიფოსა და თავად იერუსალიმის დაბადების ისტორიას.

დავითის ქალაქი არის ადგილი, სადაც ისტორია, რელიგია და არქეოლოგია ერთმანეთს ხვდება.

ეს არის „არქეოლოგიის სამოთხე“, რომელიც სტუმრებს სთავაზობს მოგზაურობას ათასწლეულების სიღრმეში და აჩვენებს, თუ როგორ დაიბადა მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი.

 

გაზიარება