ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025
2025-07-16 12:36:09
გიგა გელხვიიძე
ქვეყნის ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე და თვითმმართველობის არჩევნების გარშემო მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ ესაუბრა სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელ ნიკო მანაგაძეს.
მანაგაძემ ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რა შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ და რა შანსები ვერ გამოიყენა თავის დროზე საერთო ოპოზიციური ფრონტის შესაქმნელად საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა:
_ ნიკო, კვლევების შედეგების მიუხედავად, რომლებიც გასაჯაროვდა, სადაც მოქალაქეების უმეტესობას სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები და ამ დათქმის არქონის ფონზე, ოპოზიციის ნაწილი მაინც შედის თვითმმართველობის არჩევნებში, როგორ აფასებთ ამ პროცესს, უღალატეს პარტიებმა გაბრაზებულ ხალხს?
_ საზოგადოებაში არსებულ ამ განწყობებს უკვე დიდი ხანია, ცხადად ხედავენ პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად იმისა, აღიარებენ თუ არა ამას. საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, ყველაზე უარესი სცენარი მივიღეთ, როცა პარტიების ნაწილმა დემონსტრაციულად უგულებელყო თავისი ამომრჩევლის ნება და შევიდა იმგვარ პროცესში, სადაც მხოლოდ ივანიშვილისთვის ანტურაჟის როლი შეიძლება შეასრულონ, ფონი შეუქმნან ივანიშვილს ფასადური დემოკრატიის ფორმირების მცდელობისას და ფორმალური კონკურენციის სახე მისცენ ამ ყველაფერს, რისთვისაც ივანიშვილი არჩევნების დარქმევას ცდილობს.
თუ მსხვილი ოპოზიციური პარტიები ამ ე. წ. არჩევნებში არ შევიდოდნენ, ივანიშვილი ამ ფორმალური დემოკრატიის სახის გარეშე რჩებოდა. მაგალითად, მთელ რიგ რეგიონებში მხოლოდ მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ იმის ადამიანური და სხვა სახის რესურსი, რომ ყველა ოლქში წარადგინონ საკუთარი კანდიდატები საკრებულოების დონეზე. 4 ოქტომბერს ჩვენ და მთელი მსოფლიო აქ ვნახავდით პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კომუნისტურ სტილში ჩატარებულ არჩევნებს, უბრალოდ წალეკავდა რეგიონებიდან, მთელი რიგი ოლქების საარჩევნო უბნებიდან გავრცელებული ბიულეტენების ფოტოები სოციალური ქსელებისა და სატელევიზიო ეთერების სივრცეებს, სადაც ფურცელზე მხოლოდ „ოცნება“ და მისი კანდიდატი ეწერებოდა. ეს უმძიმესი სანახავი იქნებოდა თავად „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, მათი ამომრჩევლისთვის, რაც ბუნებრივად დაუკარგავდა ამ პროცესს რეალური არჩევნების აღქმას. ამიტომ იყო ის შემოთავაზება ჩემთან რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, რაზედაც 2 თვის წინათ ვისაუბრე და ამ საგანგაშო რეალობის გადაფარვის მიზნით ჩალიჩობდნენ როგორმე ფორმალური კონკურენციის შექმნას. სამწუხაროდ, 2 მსხვილი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილების შედეგად მიაღწიეს ამას და აღარ სჭირდებათ ინდივიდუალური მცდელობები.
ამ ე. წ. არჩევნებში სრული ოპოზიციური სპექტრის ჩართვა თავისთავად რისკის ქვეშ აყენებს საერთაშორისო წნეხის პერსპექტივასაც ამ რეჟიმის მიმართ, რადგან, როცა ქვეყანაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს და პარტიები ამ ტიპის ასპარეზობის რეჟიმზე არიან გადართული, იმ პერიოდში არათუ სანქციების ენით საუბარი არ გრძელდება, არამედ ყველა ქვეყანა თუ სხვა საერთაშორისო სუბიექტი ცდილობს, მკვეთრი განცხადებების გაკეთებასაც კი მოერიდოს „ხელისუფლების“ მიმართ, რომ ეს არ იყოს აღქმული ელექტორალურ პროცესში ჩარევისა და ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. სამწუხაროდ, ეს არგუმენტიც აბსოლუტურად უგულებელყვეს ამ პარტიებმა.
საარჩევნო ფორმაცია კიდევ უფრო გაუარესდა, ცვლილებები შევიდა დაკვირვების წესებშიც კი და ახლა უკვე უბანზე მოსული პირების იდენტიფიცირებასაც ვეღარ შეძლებს დამკვირვებელი; საპატიმროშია ან პატიმრობას ელოდება ყველა მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შესაბამისად, ფიზიკურად საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობაც კი აღარ აქვთ; დამატებით დაიხურა უმსხვილესი ოპოზიციური არხი და დანარჩენს უმძიმეს პირობებში უწევთ საქმიანობის გაგრძელება, ფაქტობრივად, სულს ღაფავენ; ამ ე. წ. არჩევნებზე პირველად წარმოდგენილი ვეღარ იქნებიან ადგილობრივი ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მას არ დააკვირდებიან არც ეუთო/ოდირის დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლები _ ე. ი., უბნები ცარიელი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისგან. ამ ყველაფრის ფონზე, ეს პარტიები ეუბნებიან ამომრჩეველს, რომ ისევ მივიდნენ უბნებზე და ამ ცირკში მიიღონ მონაწილეობა? ამას რომელი თავმოყვარე და ადეკვატური ადამიანი გააკეთებს?!
ბოლო კვლევით, თავად „ლელოს“ და გახარიას პარტიის ამომრჩევლის უმრავლესობა (60-54%) ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ე. წ. უბანზე მისვლას (მხოლოდ „ოცნების“ ამომრჩეველი გამოხატავს ღრმა სურვილს იმისა, რომ ოპოზიცია შევიდეს ამ პროცესში). ამის მიუხედავადაც კი, ამ ორმა პარტიამ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. რა შეიძლება ვუწოდოთ ამას, გარდა ხალხის ნების დემონსტრაციული და უტიფარი უგულებელყოფისა და საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობისა?! ამ უნამუსობას ვერაფერი გადაფარავს და ნიშანდობლივია, რომ ორივე პარტიამ ამავე ბოლო კვლევის მიხედვით საკუთარი ამომრჩევლების დიდი ნაწილი დაკარგა უკანასკნელ პერიოდში საკუთარი ქცევის გამო. ამომრჩეველი არ პატიობს ამგვარ ნაბიჯებს პოლიტიკოსებს და ამის შედეგს 4 ოქტომბერს ვნახავთ კალანდარიშვილის ტაბლოზე ამოსული რიცხვებით, რამდენი ადამიანი მისცემთ მათ ხმას რაოდენობრივად.
სინამდვილეში, მთავარი და გულწრფელი არგუმენტი, რაც შეიძლება ყოფილიყო მათი მხრიდან, უკავშირდება იმ რისკებს, რის წინაშეც ყველა მსხვილი პარტია ობიექტურად დგება თვითმმართველობის არჩევნებზე გაუსვლელობით _ თავიანთი წარმომადგენლობა რეგიონებში სწორედ თვითმმართველობებით, იქ მოპოვებული მანდატებით ჰყავთ „დამაგრებული“ და ამის ხელიდან გაშვება მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებს პარტიების რეგიონულ ინფრასტრუქტურას. ეს რომ აეხსნათ საკუთარი ამომრჩევლისთვის და ბოდვებში არ გადასულიყვნენ არგუმენტების ძიებაში, ბევრად უფრო გასაგები და მისაღები შეიძლებოდა ყოფილიყო. თავადაც არ სჯერათ იმის, რასაც ამტკიცებენ, რომ 26 ოქტომბერს ამ ოთხმა კოალიციამ ჯამური მაჩვენებლით თბილისში „ოცნებას“ 4%-ით სძლია და ამიტომ ახლა საშუალება აქვთ, საერთოდ დაამარცხონ და ხელიდან გამოგლიჯონ დედაქალაქი. ამ ნაწილში, რაზედაც ზემოთ ვისაუბრე, ძალიან დასაფასებელია დანარჩენი ორი კოალიციის მხრიდან ბოლომდე პრინციპულობის შენარჩუნება. მათთან საუბრისას ისიც შევნიშნე, რომ გაუჩნდათ განცდა, თითქოს „ლელო“ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციაში ლიდერობის მოპოვებას და „მთავარი ოპოზიციური პარტიის“ სტატუსის მოპოვებას ცდილობს. თუმცა ცხადია, რომ რეალური შედეგი აბსოლუტურად პირიქით იქნება, რაც არ უნდა დაიწეროს პროცენტული რიცხვებით ე.წ. არჩევნებზე _ თუ ვინმეს გააძლიერებს ლელო-გახარიას ამგვარი ქცევა ელექტორალურად, დანარჩენი პარტიები იქნებიან, მაგრამ საერთო ბრძოლა რომ გვედარდება, ამიტომ აღვიქვამთ ასე მძიმედ ამ ყველაფერს, მათ შორის, მეც, რომელმაც 26 ოქტომბერს 9-იანი გავაფერადე.
_ რა ეტაპზეა ახლა პროტესტი და რა ეფექტი აქვს მას?
_ ზოგადად, ის რაც ბოლო თვეების განმავლობაში რუსთაველზე ხდება, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულად აღვიქვამ და ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობ. ის, რომ ეს ყველაფერი აქამდე მოვიდოდა, უკვე დეკემბრის მეორე ნახევრიდან ჩანდა ამის ნიშნები. კიდევ უფრო გამძაფრდა ამის აღქმა იანვარ-თებერვალში. სამწუხაროდ, ვერც „შიგნით“ და ვერც საჯაროდ საუბრით ვერ შევძელი, რომ უზრუნველყოფა მომეხდინა თანამებრძოლების კონსოლიდაციის კონკრეტული ხედვის გარშემო. მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გავუშვით ხელიდან საბოლოოდ, მათ შორის, ამ გაზაფხულზე. ახლა უბრალოდ ეს ყველაფერი ყოველდღიურად ბოლის გამოშვებას ემსგავსება, რაც არ მომწონს, რადგან ერთი წელი არ შეიძლება ყოველდღე ამგვარი პროცესი მიდიოდეს და რაღაც (დღეების მიხედვით) რეკორდის დამყარების მცდელობას წააგავდეს ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ ეს განწყობები სადღაც უნდა გროვდებოდეს, ყოველდღე არ უნდა ნიავდებოდეს უაზროდ და რაღაც მომენტში ფეთქებადი ეფექტი ჰქონდეს. რუსთაველს სულ სხვა ემოციური დატვირთვა ჰქონდა ყოველთვის და ამ „ყოველსაღამოური“ აქციებით ამ ხიბლს კარგავს, შესაბამისად, კარგავს ძალას, როგორც ეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს ე. წ. საკნების აქციების შემთხვევაში მოხდა. არ შეიძლება, ამ ტიპის პროცესი თვეები და წლები გრძელდებოდეს. ახლა რაც შეიძლება გაკეთებულიყო, იყო ის, რომ სწორედ ეს პერიოდი, როცა, როგორც წესი, წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს (აგვისტოს მეორე ნახევრიდან), ჩაგვეტარებინა ნამდვილი კამპანია პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის, კულტურის მოღვაწეების), აქტივისტური ჯგუფების, პოლიტპატიმრების ოჯახების წარმომადგენლობით, მედიის ერთობით, გაგვეერთიანებინა ყველა სახის რესურსი, გავშლილიყავით ჯგუფებად რეგიონებში და შეგვექმნა რეალური, მძლავრი და ეფექტიანი დღის წესრიგი, რაც რეჟიმს აუცილებლად შეაშფოთებდა. სამწუხაროდ, ამ ორი პარტიის გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად დააზიანა ეს შესაძლებლობა, მაგრამ თუ რაიმე სივრცე არის ამისთვის დარჩენილი, სიამოვნებით გავაგრძელებ მცდელობას, რომ ეს გამოვიდეს.
_ რატომ ვერ შეძლო სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური სპექტრის მართვა? სად იქნა დაშვებული მთავარი შეცდომა?
_ სალომე ზურაბიშვილმა გაუშვა მნიშვნელოვანი მომენტუმი ხელიდან, სხვადასხვა მიზეზით და გარკვეული ანგარიშების გაწევის გამო, როცა რეალურად შეეძლო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, რათა გამხდარიყო რეალური ლიდერი ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის. მაშინაც პრობლემა იყო პარტიებისა და მათი ლიდერების ეგოები, ამბიციები და ხშირად გაუგებარი მანევრები. გაზაფხულიდან ეს პრობლემები კიდევ უფრო ნათელი გახდა და პარტიების ერთობა, მძლავრი კოორდინაციის შექმნის იდეაც კი, სამწუხაროდ, მხოლოდ კარგ იდეად დარჩა. ახლა მოქმედების სივრცე პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული და პარტიების „მართვა“ ასე მარტივი აღარაა.
_ რა კონდიციაზეა დღეს „ქართული ოცნება“?
_ ობიექტურად, სახარბიელო მდგომარეობაში არ არიან და ეს შიდა კლანური ბრძოლები თუ გარე წნეხი (სანქციების სახით) თავის ეფექტს იძლევა. მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმები საკუთარი თავებისთვის და საზოგადოებისთვის გასამხნევებლად იმის ძახილს, რომ რეჟიმი ირყევა, ჩამოშლის ზღვარზე არიან და ა. შ. უნდა ვაღიაროთ, რომ ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთი კაცის ხელში იმ მასშტაბზეა გასული, როგორზედაც არ ყოფილა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში არასდროს და ამ ძალაუფლების განმტკიცებას ყოველდღიურად, გაათმაგებული ძალებით ცდილობენ. მაგრამ უნდა ახსოვდეს ბევრს, რომ წლობით ნაშენები შეიძლება ისე ჩამოინგრეს ერთ დღეში, ვერც გაიაზრონ, რა და როგორ მოხდა. ასე რომ, საიმედო მდგომარეობაში გარანტირებულად ვერცერთი მხარე ვიქნებით ამ მოცემულობაში, მაგრამ ძალიან მჯერა, რომ ბოროტება საბოლოოდ ვერ გაიმარჯვებს და ვერ ჩაბეტონდება ამ ქვეყანაში.