QronikaPlus
ირანელების ხმა მიმდინარე მოვლენებზე

ირანელების ხმა მიმდინარე მოვლენებზე

2025-06-26 08:41:19

მიხეილ ხაჩიძე

ირანში ვითარება დღითი დღე მძიმდება: ინტერნეტი ითიშება, ხალხი გარბის დიდი ქალაქებიდან, რეჟიმი კი საკუთარი მოსახლეობის იზოლაციით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. ამის ფონზე, ფერეიდნელი ქართველი, ილო ფანიაშვილი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გვიყვება:

– ბატონო ილო, რა ხდება ამჟამად ირანში?

– სრული ქაოსია. დიდი ქალაქებიდან ხალხი გარბის, ინტერნეტი, პრაქტიკულად, აღარ მუშაობს, ბევრგან სიგნალი საერთოდ არ იჭერს. ინფორმაციულ იზოლაციაში ვართ, ხალხი დაბნეულია, რა ხდება, არ იცის. ქვეყნის დატოვებაც რთულია _ თითქოს მთელი ერი მძევლად ჰყავთ აყვანილი. ადამიანებს ეშინიათ სახლიდან გასვლის, მით უმეტეს, პოლიტიკასთან კავშირის.

– რაც მთავარია, როგორი განწყობაა მოსახლეობაში?

_ ძალიან განსხვავებულია დამოკიდებულებები. ბევრი, განსაკუთრებით, ახალგაზრდა გოგონები, ღიად წინააღმდეგია რეჟიმის. ძალიან უნდათ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ არჩევენ რეჟიმსა და სამშობლოს შორის განსხვავებას _ ესეც გასაგებია, როცა შენი ქალაქი იბომბება.

ზოგიერთს რეზა შაჰის დაბრუნება სურს _ დღეს მას ლიბერალურ სიმბოლოდ და, ერთგვარად, მხსნელად აღიქვამენ.

– თქვენ საკმაოდ კრიტიკულად საუბრობთ ხელისუფლების ცენტრალურ ფიგურებზე.

_ დიახ, ჩემი აზრით, თუ გინდა რეჟიმი დაინგრეს, სამიზნე უნდა იყოს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ ლიდერთა კულტი. უნდა განეიტრალდეს ხამენეი, მისი შვილი მოჯთაბა და ხომეინის მავზოლეუმი. რადგან თუ რამეზე დგას ეს რეჟიმი, სწორედ ამ პიროვნულ კულტებზე. მოჯთაბა ხამენეი, როგორც ჩანს, მომავალში ჩაანაცვლებს მამას, მაგრამ იგი ბევრად უფრო რადიკალური და ტერორისტულია.

– რას იტყვით მოსახლეობის შიშზე?

_ ადამიანები არ ამჟღავნებენ თავიანთ აზრს _ აქციას გვერდითაც რომ ჩაუარო, შეიძლება ჩაგთვალონ მხარდამჭერად. ქუჩაში გადაღებაც კი გარისკვაა. ზოგადად, ხალხი ცდილობს, თავი შორს დაიჭიროს ყველაფრისგან, რაც პოლიტიკას ეხება _ განსაკუთრებით იმიტომ, რომ არავინ იცის, რეჟიმის ლიდერები სად ცხოვრობენ, შესაძლოა, შენს მეზობლად იყვნენ და არ გინდა, მათი მიზანი შენ აღმოჩნდე.

– არის საუბარი მასობრივ გამოსვლებზე, გაქცევაზე?

_ პირადად მე არ მსმენია რამე მტკიცე 5-მილიონიან გამოსვლაზე ან მასობრივ გადახვეწაზე, ყველანაირ არეულობაზე.

ქალაქებიდან გარბის ხალხი, ცდილობს გადაარჩინოს საკუთარი თავი და ოჯახი, რაც აბსოლუტურად გასაგებია.

– თქვენი შეფასებით, როგორია რეჟიმის რეალური სახე?

_ ის არ განსხვავდება იმ რეჟიმისგან, რაც 1980-იან წლებში იყო: იგივე რეპრესიული მექანიზმები, იგივე შიში და ისეთივე მოქმედება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. 2024 წელს ირანის რეჟიმმა 975 ადამიანს მიუსაჯა სიკვდილით დასჯა _ ეს უფრო მეტია, ვიდრე ყველა ის ადამიანი, რომელიც ისრაელის იერიშებს ემსხვერპლა.

დღევანდელი ისლამური რეჟიმი ყველაზე ძლიერ დარტყმას სწორედ ირანელ ხალხს აყენებს და არა მის მტრებს.

ფანიაშვილის მონათხრობი ნათლად ასახავს, რომ ირანში ახლა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტი კი არა, მორალური ბრძოლაც მიმდინარეობს თავისუფლებასა და რელიგიურ დიქტატს, სიცოცხლესა და რეპრესიას შორის. მისი ხმა  მკაფიოდ გაისმის იმ ფარულ სიჩუმეში, რომელსაც ირანის რეჟიმი თავს ახვევს საკუთარ მოქალაქეებს.

„რეჟიმი არ იმსახურებს გადარჩენას“ _ ირანიდან გაქცეული დისიდენტი, ბენ ვალი, ისრაელის ოპერაციასა და ირანის მომავლის შესახებ

ბენ ვალი _ ცნობილი დისიდენტი და ადამიანის უფლებების დამცველი, რომელიც აიათოლების რეჟიმს ათწლეულებია აკრიტიკებს. დღეს იგი დასავლეთში ცხოვრობს, თუმცა აკვირდება და აანალიზებს ყველაფერს, რაც ირანსა და მის ირგვლივ ხდება. მისი აზრით, ისრაელის ქმედებები არა მხოლოდ ლეგიტიმურია, არამედ გადარჩენის შანსია ხალხისთვის, რომელიც 45 წელია, ჩაგვრასა და სიცრუეში ცხოვრობს:

_ ბატონო ბენ, როგორ აფასებთ დღევანდელ ვითარებას ირანში?

_ როდესაც ადამიანები და ოფიციალური პირები გვიზიარებენ ინფორმაციას, აშკარად ჩანს _ ეს უკვე მხოლოდ საფრთხე კი არა, სრულმასშტაბიანი ტაქტიკური ომია. ხალხი შოკშია. ბევრი ვერ იჯერებს, რომ ეს ყველაფერი მართლა ხდება მათ ცხოვრებაში, მათ ქალაქებში.

_ როგორ აფასებთ ისრაელის ქმედებებს?

_ ისრაელი ახორციელებს საოცრად ზუსტ და ჭკვიანურად გათვლილ ოპერაციებს. ეს არ არის სპონტანური ძალადობა, ეს არის ინტელექტუალური ჭადრაკი, სადაც სამიზნეები ძალიან მკაფიოდ არიან შერჩეულები: რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, აწამებენ, კლავენ, ატყუებენ ერს.

_ როგორ ხედავთ მოვლენების განვითარების შესაძლო გზებს?

_ მე ორი სცენარი მესახება. პირველი: ისრაელი თანდათანობით ანეიტრალებს რეჟიმის ყველა ბერკეტს _ აჩენს განცდას, რომ ის მარტოა, დაუცველია და უსუსური. ამის ფონზე ხალხს შეუძლია, ბერკეტები აიღოს საკუთარ ხელში.

მეორე: რეჟიმის ლიდერების ლიკვიდაციამ შეიძლება გამოიწვიოს შიდა ქაოსი და სამოქალაქო ომი. ეს საშიში გზაა, მაგრამ მაინც შანსია, რადგან ამ ბნელი სცენარიდანაც შეიძლება დაიბადოს ახალი ირანი _ უკეთესი, თავისუფალი, კაცობრიობის ნაწილი.

_ როგორია თქვენი დამოკიდებულება რეჟიმის მიმართ?

_ ისლამური რეჟიმი არის ტყუილის, ცბიერებისა და სისასტიკის სკოლა. როდესაც ისრაელმა დაბომბვის შესახებ ხალხს გაფრთხილება გაუგზავნა, ირანის რეჟიმმა ინტერნეტი გათიშა, რადგან არ სურდა, ხალხს სიმართლე სცოდნოდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართული იყო: მეტი მსხვერპლი, მეტი შიში.

საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ისე ამაყად აჩვენებდნენ, არ გამოიყენეს, არავინ გააფრთხილეს. ამას ვერ გააკეთებ, თუ საკუთარი ხალხი გიყვარს.

რეჟიმი ასე ამბობს: „ადამიანებს ფასი არ გააჩნიათ, ფასეულობა მხოლოდ ისლამს აქვს“. ეს ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან, ყველა გაწირონ, ოღონდ თავიანთი იდეები განავრცონ.

_ დასავლეთს ბევრი აკრიტიკებს პასიურობისთვის. რას უნდა აკეთებდეს იგი თქვენი აზრით?

_ დღეს, როცა ისრაელმა რამდენიმე დღეში გააკეთა ის, რაც სხვას ათწლეულები დასჭირდებოდა, საჭიროა მსოფლიო ლიდერები გაერთიანდნენ.

საჭიროა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გაამაგროს ისრაელი, რადგან ის ახლა არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ რეგიონისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის იბრძვის.

უნდა შეიქმნას პლატფორმები, სადაც ხალხი, როგორც ირანში, ისე მის გარეთ, იგრძნობს, რომ ის მარტო არ არის.

_ კონკრეტულად რა ნაბიჯებს მოითხოვდით?

_ პოლიტპატიმრების მხარდაჭერა; გადაუდებელი დახმარება მათთვის, რომელთაც საფრთხე ელით; ქალებისა და ბავშვების უსაფრთხო გამოყვანა ქვეყნიდან; ჰუმანიტარული წნეხი რეჟიმზე კაპიტულაციისა და განიარაღებისთვის.

ეს ყველაფერი სჭირდება ირანს არა მხოლოდ თავისუფლებისთვის, არამედ გადარჩენისთვის.

_ როგორ შეაფასებდით ისრაელის დამოკიდებულებას ირანის რეჟიმთან, რომელიც წლებია, სიძულვილს აფრქვევს მის მიმართ?

_ ისრაელი ზუსტია და ეთიკური. ისრაელი ირჩევს კონკრეტულ მიზნებს: არ არტყამს ქალაქებს, არ კლავს მოქალაქეებს მიზანმიმართულად. ის იცავს მტრის მოსახლეობასაც კი, აფრთხილებს კონკრეტული უბნის დაბომბვის შესახებ.

ირანი კი ათწლეულებია მხარს უჭერს დაჯგუფებებს, რომლებიც კლავენ ებრაელებს მთელ მსოფლიოში. ირანი არ ცნობს ისრაელს, ამიტომ მას არც აქვს მორალური უფლება, ისრაელზე ისაუბროს.

_ საბოლოო მესიჯი, როგორც დისიდენტის?

_ ირანი იმსახურებს სიცოცხლეს, მაგრამ არა ამ რეჟიმის პირობებში. ამ რეჟიმის კულტი არის სიკვდილი. დისიდენტები და თავისუფლების მომხრეები უნდა დავეხმაროთ ჩვენს ხალხს. დასავლეთმა უნდა გააღოს კარი, ისრაელმა უნდა გააგრძელოს სიზუსტე და ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ირანს. თავისუფლება უნდა გახდეს რეალობა და არა მითი.

გაზიარება