გადაჭარბების გარეშე შეიძლება თქმა, რომ კახა თარგამაძის შემდეგ არც ერთი ძალოვანი უწყება იმდენ სკანდალში არ გახვეულა, რამდენშიც „ქართული ოცნების“ სუს-ი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ჯერ იყო და ლექსო ჭიკაიძემ გვითხრა, რომ საქართველოში ყოფილი ხელისუფლება „პაკრიშკების რევოლუციისთვის“ ემზადება და მთელი ქვეყანა საბურავების საწყობებს ვეძებდით; მერე „უკრაინული ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ორი გამოძიება დაიწყო.
„ოცნების“ ისტორიაში ყველაზე სკანდალური პერსონები მაინც გიორგი მღებრიშვილი და სოსო გოგაშვილი აღმოჩნდნენ. გოგაშვილი საკუთარი გაუაზრებელი და არაპროფესიონალური ქმედებებით, კორუფციით და ნეპოტიზმით, ხოლო გიორგი მღებრიშვილი სრული არაკომპეტენტურობით, უგუნური განცხადებებით.
აფგან მუხთარლის გატაცების საქმის მერე რუსი ჰაკერების მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი შს მინისტრის კარიერულ წინსვლაში გადამწყვეტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრი იუმორში ცდილობს სკანდალური ჩანაწერის გადატანას, ხელისუფლებაში მაინც დიდი თავსატეხი გაუჩნდათ. 2012 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს მუდმივად სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაჭერით აპურებდა. აღმოჩნდა, რომ ყველა ეს დაპირება, უბრალოდ, ბლეფია და რეალურად საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილი არც ექსტრადირებული სჭირდება და არც დაკავებული.
Strana.ru-ზე გამოქვეყნებულ ჩანაწერს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მოჰყვა, რომ მსგავსი საუბარი არ შემდგარა და არც ჩანაწერია ავთენტური, რასაც რუსმა სატელეფონო ხულიგნებმა საპასუხო რეაქციით უპასუხეს და, ამჯერად, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვაიბერ მიმოწერის ასლები გამოაქვეყნეს. ამასთან, მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ჩანაწერის დედანი ნებისმიერ ექსპერტიზას გადასცენ და შს მინისტრის პრივატნომერიც გამოაქვეყნონ.
ერთი სატელეფონო ჩანაწერით შინაგან საქმეთა მინისტრმა პრემიერი კვირიკაშვილიც გაახვია სკანდალში და „რებიატა“ საქართველოს პროკურატურიდან, რომლებიც, გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, ასევე იზიარებენ პოზიციას, რომ სააკაშვილის ექსტრადირება საჭირო არ არის, მისგან გმირის შექმნა არავის უნდა, რომ უმჯობესია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უბრალოდ, ბომჟი იყოს.
ეს სატელეფონო სკანდალის ერთი და ღია მხარეა. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ რეალურად რუსი სატელეფონო ხულიგნები „ვოვანი“ და „ლექსუსი“ რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლები არიან და სწორედ რუსული ფსბ-ს დახმარებით ახერხებენ სხვადასხვა სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირის ჩაწერას.
რატომ დასჭირდა რუსულ სპეცსამსახურს საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა მინისტრის სატელეფონო სკანდალში გახვევა?
ორიდან ერთია: ან საქართველოს ხელისუფლება რუსებსაც ატყუებდა, რომ ისინი ყველაფერს ცდილობენ, რათა სააკაშვილი დაიჭირონ და საქართველოში ჩამოიყვანონ, წერილებს წერილებზეც აგზავნიან უცხოეთში, მაგრამ მას ამერიკა მფარველობს და ამიტომ ექსტრადირება არ ხდება. რუსებმა ხელისუფლების ცრემლების არ დაიჯერეს და ტესტიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა წვრილად დაფქვა, რომ სააკაშვილის გარეშე ეს ქვეყანა დაწყნარდა და მისი ჩამოყვანა არავის ინტერესში არ შედის.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს სულ სხვა გეგმა განიხილებოდა.
პოროშენკო ამბობდა, რომ ასე უმიზეზოდ მას საქართველოსთვის სააკაშვილის გადმოცემა არ შეუძლია, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა და სამართლებრივად ამის გაკეთება ძნელი იქნება, მაგრამ თუ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას დაუბრუნებენ, ის ავტომატურად დაკარგავს უკრაინის მოქალაქეობას. რა წამსაც ეს მოხდება, მას უკრაინელი სამართალდამცველები ბორკილებს დაადებენ და საქართველოში გამოისტუმრებენ.
იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი დიდხანს განიხილავდნენ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების საკითხს. სამართლებრივად, ამისთვის საჭირო იყო მესამე პრეზიდენტის პირადი მიმართვა ამჟამინდელი პრეზიდენტისადმი. სააკაშვილის მხრიდან მსგავსი თხოვნა კატეგორიულად გამორიცხული იყო, ამიტომ სახელისუფლებო წყაროს ცნობით, წულუკიანი ითხოვდა, გადაცემა „არჩევანში“ გასული სააკაშვილის ინტერვიუ გამოეყენებინათ საჯარო მიმართვად, სადაც ის მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურებზე ღიად საუბრობდა.
ამავე წყაროს ცნობით, ხელისუფლების ავანტიურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და ამ სქემით უკრაინისთვის სააკაშვილის ჩამოშორების პერსპექტივა სრულიად ბუნდოვანი გახდა, სწორედ ამიტომ მიიღო უკრაინის პრეზიდენტმა სრულიად გაუაზრებელი გადაწყვეტილება და ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ ოდესის ყოფილ გუბერნატორს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა შტატები დატოვა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდა, ამჟამად, ოჯახთან ერთად უნგრეთში ისვენებს და უკრაინაში დასაბრუნებლად ემზადება. მისი ერთნაირად ეშინია სამი ქვეყნის ხელისუფლებას.
საშინაო სკანდალების ფონზე, არც საგარეო ფრონტზე აქვს „ოცნების“ ხელისუფლებას საქმე კარგად.
მართალია, ქვეყნის ძირითადი კანონის, კონსტიტუციის ახალი პროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღეს პარლამენტში, მაგრამ მისი ლეგიტიმაცია მაინც ეჭვქვეშ დგას. „ვენეციის კომისია“ ამბობს, რომ კონსტიტუცია ფართო პოლიტიკური კონსენსუსით და ოპოზიციის მონაწილეობით უნდა მიიღონ, საჭიროა კომპრომისები და მოლაპარაკება საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობით. სწორედ ამიტომ „ვენეციის კომისიის“ თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიომ 6 სექტემბერს ქართული ოპოზიცია თავისთან მიიწვია შემდგომი კონსულტაციებისთვის. რას უპირისპირებს ხელისუფლება ამ ნაბიჯს? ჯერჯერობით, მხოლოდ დაპირისპირებას და დიალოგის არარსებობას. პარლამენტის დარბაზში ხელისუფლება მარტო დარჩა და მის მიმართ ყველაზე ლოიალურად განწყობილი ოპოზიციაც კი ქუჩის აქციებისთვის ემზადება.
საქართველოში ცხელი ზაფხული დგას, როგორც პირდაპირი, ისე პოლიტიკური მნიშვნელობით. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი და მის მიერ საჯაროდ გაჟღერებული ანტირუსული რიტორიკის მესიჯები ძალიან მკაფიო გზავნილია როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ამერიკა სტრატეგიული პარტნიორის ფუნქციას ინარჩუნებს და ის არ აპირებს საქართველოს მარტო მიტოვებას რუსული აგრესიის პირისპირ.
ამ ფონზე კიდევ უფრო თვალში საცემია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გაუჩინარება პოლიტიკური არენიდან. ის მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა ქეთი მელუას კონცერტზე და ისიც ისე, რომ მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია. ივანიშვილის მხარდაჭერა ჯერ არ მიუღია თბილისის მერობის კანდიდატ კახი კალაძეს, მეტიც, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ივანიშვილის გარეშე ჩაივლის. ის ამ პროცესებში აქტიურად არ ჩაერთვება.
თბილისის მერის სავარძლისთვის ბრძოლა კახი კალაძისთვის მარტივი არ იქნება. ზაალ უდუმაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, ელენე ხოშტარია, ირმა ინაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, _ ეს იმ პირების, ჯერჯერობით, არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც თბილისის მერის პოსტზე კანდიდატურები უკვე დააყენეს.
კახი კალაძე საარჩევნო კამპანიისას ძირითად აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს. მან უკვე გააჟღერა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, _ თბილისში ღამის ცხოვრება უნდა ავაღორძინოთო. კახი კალაძე სახელდება ასევე იმ კანონპროექტის მთავარ ლობისტად, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია და რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ისახავს მიზნად. კანონის მიღების შემთხვევაში, ციხის გისოსებს მიღმა ბევრი ადამიანი აღმოჩნდება, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე და მოხმარებაზე იხდის სასჯელს.
სხვათა შორის, ამ კანონპროექტის მიმართ ხელისუფლების შიგნით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. მას მოწინააღმდეგეები თავად უმრავლესობის დეპუტატებს შორის ჰყავს, დაპირისპირება იქამდე მისულა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანონპროექტის სასწრაფოდ მიღებას ჯერ დათანხმებია, მერე რეტროგრადების გავლენით უარი უთქვამს, _ პარლამენტში ბუნტი იქნებაო. კობახიძის ამ განცხადებას მართლა მოჰყოლია პარლამენტში ბუნტი. მასთან კახი კალაძის მეგობრები და თანამოაზრეები შესულან და უთქვამთ, _ თუ კანონპროექტი ჩავარდება, საჯარო განცხადებებს გავაკეთებთ და თავმჯდომარის პოსტიდან გადაგაყენებთო. სიტუაცია ისევ კალაძის უშუალო ჩარევით განმუხტულა და სექტემბრის პირველსავე სესიაზე კანონპროექტის მიღებაზე შეთანხმებულან.
ცხადია, ეს პროცესი კალაძეს სერიოზულ დივიდენდებს მოუტანს და ის არჩევნებში ახალგაზრდების მხარდაჭერასაც მოიპოვებს.
ელისო კილაძე