ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
2025-06-26 07:52:37
თამუნა მჭედლიშვილი
ერთიანი ეროვნული გამოცდები იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არის, აღარ ჩატარდება. მოსწავლეები უნივერსიტეტებში პირდაპირ სკოლიდან ჩაირიცხებიან. მართალია, აღნიშნული თემის შესახებ, ჯერჯერობით, სამინისტროს რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია და დეტალებიც არსად საჯაროვდება, მაგრამ სკოლის ნიშნები რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზე გავლენას მოახდენს, ეს თემა, ჯერ კიდევ, გასულ წელს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა წამოჭრა.
მან განაცხადა, რომ სამინისტრო სკოლებში ე. წ. ეროვნული შეფასების დაბრუნებაზე მუშაობდა და სკოლის აკადემიური მოსწრება უმაღლესს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი ალტერნატივა გახდებოდა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან 2024 წლის სექტემბერში გადადგა. ეს საკითხი კი, რატომღაც, 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში გამოჩნდა.
გაუქმდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები და გახდება თუ არა სკოლა კორუფციისა და ნეპოტიზმის წყარო? რატომ გააუქმა განათლების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო ან რატომ იხდის კერძო სკოლის სახელმძღვანელოებში მშობელი რამდენიმე ასეულ ლარს? რა არის მასწავლებლისა და აქტივისტ ნინო დათაშვილის დაჭერის რეალური მიზეზი? უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციურმა სპექტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა? „ქრონიკა+“ ესაუბრება პარტია „ახალი საქართველო – გამარჯვების პლატფორმის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელ ნანა ტოხვაძეს:
_ ქალბატონო ნანა, თქვენი აზრით, „ქართული ოცნების“ განათლების სამინისტროს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შესაძლო გაუქმების მიზეზი რა არის?
_ რუსული რეჟიმის ქმედების მიზეზიც და მიზანიც „მართვადი ქაოსის“ შექმნაა. მათი მოტივაცია არასოდეს ემთხვევა განათლების ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს. პირიქით, მხოლოდ კორუფცია, რეგრესი და უკუსვლაა მათი სავიზიტო ბარათი. სიახლე არ არის, რომ ივანიშვილის განათლების სამინისტრო იმართება სუს-ისა და პოლიტიკური დირექტივების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, მათთვის არც კი უკითხავს ვინმეს, არის თუ არა სასკოლო მზაობის ან/და განათლების ხარისხის ინდიკატორები შესაბამისობაში დაგეგმილ ცვლილებებთან _ რა შედეგებს მოიტანს ყოველგვარი საჭიროების კვლევისა და რისკების ანალიზის გარეშე გაუქმებული ეროვნული გამოცდები? ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი წინა ხელისუფლების მიღწევის რევანშია. ერთიანი ეროვნული გამოცდებით ყველაზე დიდი ნაბიჯი გადაიდგა უმაღლესში ჩარიცხვის გამჭვირვალე, სამართლიანი და ობიექტური წესის შემოღებით. ეს კრიტერიუმები შეუთავსებელია ივანიშვილის რეჟიმთან. არც ისე შორეულ წარსულში გამოსცადა ჩვენმა საზოგადოებამ განათლების სისტემაში მექრთამეობის, ნეპოტიზმისა და უსამართლობის მსუსხავი ეფექტი. „ქართული ოცნების“ გეგმა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად გაითვალისწინონ სკოლის ნიშნები, გამოიყვანონ მოსწავლის საშუალო GPA და სკოლის გამოცდის ბაზაზე მოხდეს გადასვლა უმაღლეს საფეხურზე, ქმნის საფრთხეს, დააბრუნონ „მავნე ტრადიცია“.
_ ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმებით ემუქრება თუ არა საიშროება საჯარო სკოლას, ნეპოტიზმის ბუდე, უსამართლო და დაუნდობელი ბრძოლის ველი, მშობლებისა და მასწავლებლების დაპირისპირების ტატამი?
_ ცხადია, არსებობს რისკი და განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სასკოლო განათლების ხარისხი და განათლების ხელმისაწვდომობა სავალალო ნიშნულზეა. დიახ, ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდიფიცირება ან გაუმჯობესება შესაძლოა იყოს განხილვის საგანი, მაგრამ სკოლის გაჯანსაღების, მასწავლებლების მომზადებისა და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გარეშე ამგვარი ცვლილება მხოლოდ უკუეფექტის მომტანია. პრინციპში, რეჟიმის ამოცანაც ეს მგონია _ დაანგრიოს და გააუარესოს უკვე მიღწეული, რადგან შენება და განვითარება მისი მიზანი არ არის.
_ როგორია სკოლის რეაქცია? ხომ არ გაქვთ ინფორმაცია მათი განწყობის შესახებ ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმების თაობაზე?
_ როგორც ყოველთვის, სკოლები „ფუნდამენტური რეფორმების“ შესახებ ყველაზე გვიან იგებენ და რეაგირებენ. სამწუხაროდ, მათი ჩართულობის, აზრის კვლევის, პოზიციების შეჯერების გარეშე მიმდინარეობს ყველა „ცვლილება“. სკოლებსა და მასწავლებლებს უწევთ პოლიტიკური ვერტიკალისგან მიღებული დაკვეთის უსიტყვოდ შესრულება. სპონტანურად დაგეგმილი ცვლილების ხარვეზების, რისკებისა და საფრთხეების შესახებ მასწავლებელი ყველაზე მეტ ინფორმაციას ფლობს, მაგრამ მათთვის არც აქამდე და არც ახლა უკითხავთ აზრი.
_ გაამართლებს თუ არა საქართველოში უმაღლესი განათლების ევროპული მოდელი, რასაც „ქართული ოცნება“ ოთხი წლის პერსპექტივაში გეგმავს?
_ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, _ ეს ფრაზა ზუსტად აღწერს ვითარების კომიკურობას თვითმარქვია, არალეგიტიმური პრემიერი რომ ოთხწლიანი გეგმით უნდა წარდგეს ასევე არალეგიტიმურ, არაღიარებულ პარლამენტში. ცხადია, მათ არც ამ ცვლილების განხორციელების და არც არანაირი გეგმის წარდგენის უფლებამოსილება და ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. სამართლებრივი თვალსაზრისით, რუსული რეჟიმისგან მიღებული ყველა გადაწყვეტილება აბსურდია. რაც შეეხება ევროპულ მოდელს, უნდა ითქვას, რომ ბევრ დასავლურ ქვეყანაში უმაღლესში ჩარიცხვის ეს წესი წარმატებით მუშაობს. ოღონდ ისმის კითხვა: იმ ქვეყნებში წარმოუდგენია კი ვინმეს, რომ მასწავლებელმა შესაძლოა „ამოიჩემოს“ ბავშვი და ნიშანი არ აღირსოს? წარმოუდგენია ვინმეს, რომ მასწავლებელმა შესაძლოა, ქრთამის სანაცვლოდ მოუმატოს ნიშანი ერთს და დაჩაგროს მეორე? წარმოუდგენია კი ვინმეს, რომ მოსწავლეებს შესაძლოა ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდეთ და მთელი სკოლა ერთი პროექტორის იმედად იყოს? წარმოუდგენია ვინმეს, რომ ღირსეული შემოსავალი მასწავლებლისთვის მიუწვდომელ ოცნებად დარჩა და ორ-სამ სკოლაში მუშაობით, პლუს რეპეტიტორობით, შეიძლება ავიდეს მასწავლებელი დამაკმაყოფილებელ ხელფასზე? რა თქმა უნდა _ არა! მაშ, რა გვინდა, როცა მოუმზადებელი ცვლილებებით თავბრუს ვახვევთ ბავშვს, მასწავლებელს, უმაღლესს და ზუსტად ვიცით, შედეგად რასაც მივიღებთ?!
_ სულ რამდენიმე დღის წინ მასწავლებელი და აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს. მას ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება უსამართლო სასამართლოში. თქვენი კომენტარი.
_ რეჟიმის ქცევა იდენტურად იმეორებს საბჭოთა რეჟიმის ტერორსა და რეპრესიებს. სისასტიკით, უსამართლობითა და შიშის თესვით სურთ დაიმორჩილონ საზოგადოება. მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი ან რეჟიმის სხვა 60-მდე პატიმარი ქმნის თანამედროვე საქართველოს ისტორიას. იცავენ საკუთარ და ქვეყნის მომავალს რუსული საფრთხეებისგან, რომელიც ასე მძლავრად მოკალათდა „ხელისუფლებაში“. დიახ, რეჟიმისთვის მთავარი საფრთხეა მოაზროვნე, თავისუფალი და მომავალზე ორიენტირებული ადამიანი. ავტოკრატიული მისწრაფების მქონე ძალებთან ბრძოლა უთანასწორობის6ა და უსამართლობის განცდას არც გვიჩენს, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ საბოლოოდ ყველა რეჟიმი ემხობა. მოძალადე რეჟიმის მსახურები ფიქრობენ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ, არც ძალადობასა და ჩადენილ დანაშაულზე მოუწევთ პასუხისგება. დღეს მოძალადე მსხვერპლად საღდება, დამნაშავე _ კანონდამცველად, მაგრამ დადგება სამართლიანობის დრო და მოუწევთ პასუხისგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე.
_ პარლამენტის დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე „ქართულმა ოცნებამ“ ასევე უსამართლოდ გამოკეტა ორი სტუდენტი გოგონა ციხეში. რას აკეთებს ამგვარი უსამართლო განაჩენების გამოტანით რეალურად „ქართული ოცნება“ და მისი ე. წ. სასამართლო?
_ ალბათ, ორი-სამი წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „ქართული ოცნება“ ასე გავიდოდა თავს. შეუზღუდავი ძალაუფლება რყვნის პოლიტიკურ ძალებს და როცა დემოკრატიული მუხრუჭი მოშლილია, რეპრესიების მანქანა მუშაობს სრული სვლით, რაშიც მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება ძალოვანი სტრუქტურები და მათზე დაქვემდებარებული სასამართლო. სინამდვილეში, ძალის დემონსტრირებას რომ ცდილობენ, ეს მათი სისუსტის ჩვენებაა. დიახ, გამოკეტეს ციხეში ახალგაზრდები, ზოგი შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმეებით, ზოგიც ადმინისტრაციული ჯარიმებითა და პატიმრობის შეფარდებით, მაგრამ რას მიაღწიეს? აი, მარიამ ლაშხის მონობა თუ მანამდე ვიწრო წრეში განიხილებოდა, ახლა საქვეყნოდ მონის იარლიყი აქვს და ამ რეპუტაციულ ლაქას ვერც ვერასდროს ჩამოირეცხავს!
დარწმუნებული ვარ, ეს სამარცხვინო რეჟიმი და მისი მსახურები ხვდებიან, რომ ისეთ ჩიხში შეიყვანეს საკუთარი თავი, საიდანაც დაუზიანებლად გამოსვლა გამორიცხულია. იმდენი იკადრეს და აკადრეს საზოგადოებას, რომ საკუთარ ქვეყანასა და ქალაქში თავისუფლად გადაადგილების საშუალებაც კი დაკარგეს.
_ რამდენიმე კვირაა, რაც განათლების სამინისტროში გაუქმდა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო. მწვავე იყო თქვენი რეაქცია, რაც საპროტესტო პერფომანსით გამოხატეთ. რა იყო ამ რეგრესის მიზეზი თქვენი აზრით და რა გიპასუხათ განათლების სამინისტრომ?
_ ყველაფერს აუქმებენ და გააუქმებენ, რაც დემოკრატიული, პროგრესული, განვითარებაზე ორიენტირებული დარჩა ამ ქვეყანაში. უხეშად ერევიან ადამიანის უფლებებში, მიადგნენ მოწყვლად ჯგუფებს, სამსახურებიდან ყრიან დაუმორჩილებელ საჯარო მოხელეებს, აუქმებენ ყველაფერს, რაც მათი ძალაუფლების გამყარებას არ ემსახურება. ამაზე ცხადად როგორღა დაგვანახონ, რომ დიქტატურას ამყარებენ?! მრავალწლიანი ძალისხმევა, რომელშიც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების უზარმაზარი ფინანსური რესურსი დაიხარჯა, წყალში გადაყარეს. ზედმეტად მოეჩვენათ ინკლუზიური განათლების ხარისხსა და სტრატეგიაზე მუშაობა. მაშინ, როდესაც სპეციალისტები გაუმჯობესების გზებზე მუშაობდნენ, აიღეს და გააუქმეს გაუგონარი მიზეზებით...
_ სამწუხაროდ, დღემდე მოუგვარებელია და ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია სკოლებში, ვგულისხმობ კერძო სკოლებს, სახელმძღვანელოების კატასტროფული ფასები, რაც წლიდან წლამდე იზრდება. წიგნების ჯამური ღირებულება რამდენიმე ასეულ ლარსაც კი აღწევს. რა არის პრობლემა, რატომ ვერ ან არ არეგულირებს განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების ფასებს?
_ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლაში უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა მოქმედებს, მშობლებს მაინც უწევთ შეძენა, რადგან რიგდება დაფლეთილი სახელმძღვანელოები, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება. გაურკვეველია, სად მიდის ეს კოლოსალური თანხები, როცა ყოველწლიურად ახალი სახელმძღვანელოები არ იბეჭდება და წინა წლებში გამოყენებული წიგნები რიგდება მომდევნო კლასებში?
რაც შეეხება სახელმძღვანელოების ფასის რეგულირებას, ეს საკითხი მრავალკომპონენტიანია. ეს გამომცემლობებსა და სახელმწიფოს შორის, ავტორებსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმებების გარდა, ბაზრის მონოპოლიზაციისა და გაუმჭვირვალე სქემების შედეგია.
რაც შეეხება კერძო სკოლას, არსებული ბიუჯეტის პირობებშიც კი საკმარისი თანხები არსებობს იმისთვის, რომ კერძო სკოლის მოსწავლეებსაც დაურიგდეთ უფასო სახელმძღვანელოები საჭიროების შემთხვევაში. მთავარია, არსებობდეს პოლიტიკური ნება და კრიტერიუმების შემუშავება _ ვის და როგორ გადაეცეს წიგნები უფასოდ, მარტივად მოსაგვარებელია, მაგალითად, თუ მშობლების შემოსავალი არ აღემატება წელიწადში 40 000 ლარს.
_ თქვენი პროექტი, „ქალები ევროპული მომავლისთვის“, რომლის იდეის ავტორიც ბრძანდებით, წარმატებით ხორციელდება, განსაკუთრებით რეგიონებში. რამდენიმე სიტყვით რომ გვითხრათ ამ პროექტის შინაარსა და მნიშვნელობაზე დღევანდელ მოცემულობაში.
_ ქალთა გაძლიერების პროექტი „ქალები ევროპული მომავლისთვის“ სამი წელია მიმდინარეობს „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით. მართლაც, იდეა წარმატებული აღმოჩნდა. ინიციატივას შემოუერთდა ჩემი კოლეგა და მეგობარი თეონა ჭალიძე და ჩვენს ანგარიშზეა: გავლილი ათიათასობით კილომეტრი და პროექტში ჩართული 600-ზე მეტი პროევროპელი ქალი მთელი საქართველოს მასშტაბით. განხორციელების პროცესში, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ეს ქალები ჩვენი ევროპული მომავლის დასაყრდენია თითოეულ რეგიონსა თუ ქალაქში. ქალთა ლიდერობის უზარმაზარი რესურსი და პოტენციალია რეგიონებში. იშვიათად შეხვდებით ისეთ მაგალითს, როცა ქალს არ სურს სიახლის შემეცნება, საკუთარ უფლებებში გარკვევა, დემოკრატიული პრინციპების დაცვა, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე ფოკუსირება. ჩვენი ამოცანა გახლდათ მათი სწორედ ამ იარაღით აღჭურვა და გზის გაკვლევა.
_ როგორ ფიქრობთ, უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციურმა სპექტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა?
_ არჩევნებში კი, მაგრამ რეჟიმის მორიგ სპეცოპერაციაში _ არა. არ შეიძლება არჩევნები ვუწოდოთ პროცესს, სადაც დარღვეულია სამართლიანობის, გამჭვირვალობის, თავისუფალი ნების გამოხატვის პრინციპები, გაუარესებულია საარჩევნო კოდექსი და „ქართული ოცნება“ წერს მისთვის სასურველ შედეგს. მორალურ პრინციპებს რომ თავი დავანებოთ, კანონისა და სამართლის ნორმების გათვალისწინებითაც შეუძლებელია მონაწილეობა. რას ვეუბნებით სინდისის პატიმრებს?! ისხედით თქვენ ციხეში, უკანონოდ, უსამართლოდ დატყვევებულები და ჩვენ საარჩევნო კამპანიას მივხედავთო?! რა შეიცვლება თუნდაც დიდი ქალაქების მოგების შემთხვევაში? საკრებულოში ოპოზიციური დეპუტატის მანდატი შეცვლის მოსახლეობის ბედს? ბიუჯეტის განკარგვის უფლებას მოიპოვებს, თუ გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობით? აი, მართალა მაინტერესებს, რა შეიცვლება? თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაიწერა რეჟიმმა, ახლა რა შეუშლის ხელს? პოლიტიკური პატიმრების, ტოტალური კონტროლის, ოპოზიციური ლიდერების პატიმრობის, რეპრესიებისა და წნეხის პირობებში თვითმმართველობის არჩევნების ადგილი არ რჩება.