QronikaPlus
„აღზევებული მდაბიოს“ ფილოსოფია: შემეხებით? _ შეგეხებით!

„აღზევებული მდაბიოს“ ფილოსოფია: შემეხებით? _ შეგეხებით!

2017-04-28 13:46:23

ფაქტია, რომ ბოლო წლებში საქართველოში სინქრონულად ამოქმედდა რუსული აგენტურა, რუსული ფულით დაფინანსებული მედია, არასამთავრობოები, პარტიები და, მათ შორის, ხელისუფლებაშიც იგრძნობა რუსული მხარდაჭერა. ხელისუფლების საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები აღიარებენ, რომ „კგბ“-ს ძველი ქსელი საქართველოში დღესაც მუშაობს და იქვე ერთგვარი სინანულით აღნიშნავენ, რომ „კგბ“-ს არქივების გატანამ გაართულა საქართველოში ისეთი კანონის მიღება, რომელიც, თავის დროზე, მიიღო გერმანიამ და, მასთან ერთად, ყოფილი სოციალისტური სივრცის არაერთმა ქვეყანამ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ლაპარაკია ლუსტრაციის კანონზე. ასეთი კანონი კი, თავისი არსით, ხელისუფლებისგან მარტო „კგბ“-ს აგენტების ჩამოშორებას არ უნდა ისახავდეს მიზნად. ამიტომაც არის, რომ მასზე უარის თქმა ქვეყნიდან საბჭოთა უშიშროების არქივის გატანის მოტივით, ხელისუფლების ზოგიერთი ოპონენტისთვის კატეგორიულად მიუღებელია. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთი ააქტიურებს თავის აგენტურულ ქსელს და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, მეზობელი ქვეყნებიდან „ტერორისტების გარღვევის“ აღკვეთის მიზნით. წესით, გულხელდაკრეფილები არც საქართველოში უნდა იყვნენ. საკითხისადმი ასეთი სერიოზული მიდგომით მოქმედება, თავის დროზე, აღმოსავლეთ ევროპის არაერთი ყოფილი სოციალისტური ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა. „ვარდების რევოლუციამდე“ ამ მიდგომას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი უჭერდა მხარს. საბჭოთა პარტიული ნომენკლატურისთვის, წარსულში კომპარტიისა და კომკავშირის ლიდერებისთვის, ხელისუფლების შეზღუდვის მოთხოვნამ პირველი ადგილი დაიკავა მოწოდებაში: „კმარა! ანუ 10 ნაბიჯი თავისუფლებისკენ“. 10 ნაბიჯი, 10 პრინციპი _ მაშინ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოში გავლენის სფეროების გადანაწილებისა და აგენტურული ქსელის გაფართოებაზე საუბრობდნენ. დღეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა იბრძვის, რათა საქართველოში აგენტურული ქსელი, უფრო და უფრო, გააფართოოს. რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?! მათი ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფოს გამოწვევაა. სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილდღეობისა და სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარებისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ურყევი ნებაა, რომ განვითარდეს და გამყარდეს დემოკრატიული საზოგადოება, ეკონომიკური თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით. სამსახურის საქმიანობა ხორციელდება იმგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ისე ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უპირველესი მისიაა საქართველოს კონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის საშინაო თუ საგარეო საფრთხეებისგან დაცვა და ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა. ეროვნული უსაფრთხოების დაცვის კუთხით სამსახურის პრიორიტეტს წარმოადგენდა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალის არსებობა და მისგან მომავალი საფრთხეები; ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა; კორუფციითა და სამოხელეო დანაშაულიდან მომდინარე საფრთხეები და გამოწვევები; საერთაშორისო ტერორიზმი; ჰიბრიდული და კონვენციური ომის წარმოშობის საფრთხეები; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ა. შ. სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მისი კომპლექსურობიდან და ყოველდღიური სირთულეებიდან გამომდინარე, მუდმივად საჭიროებს სამსახურის დინამიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს სწორი საკადრო პოლიტიკის შემუშავება, ეფექტიანი მართვის სისტემის დამკვიდრება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება. სამსახურისთვის უმნიშვნელოვანესია ოპერატიული და ანალიტიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარება, შიდაუწყებრივი და უწყებათშორისი კოორდინაციის, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება. მუდმივად ცვალებად და გამოწვევებით აღსავსე გარემოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანია, კონსტიტუციისა და ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით გაანეიტრალოს ყველა ის საფრთხე და გამოწვევა, რომლის წინაშეც ყოველდღიურად დგას სახელმწიფო. რატომ გავაკეთე ამხელა შესავალი?!   მე და ჩემი კონფიდენციალური წყარო: _ ყველაზე მთავარი მიზეზი, რატომ ვერ იშორებს ეს ხელისუფლება სოსო გოგაშვილს, _ ერთია, მარტივი და უტყუარი. პირველი: მას აქვს ყველაზე მეტი ინფორმაცია _ პერსონალურიც და სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანესი საიდუმლოებებიც. მეორე: ამ ადამანს არ გაუვლია არანაირი სკოლა! როგორ შეიძლება, ამდენი ინფორმაცია მართოს?! ფაქტია, მას უცებ გაუღიმა ბედმა და ამ გაღიმებული ბედის წყალობით, ერთ მშვენიერ დღეს, ქვეყნის იმპერატორი გახდა. ანუ ეს არის დაბალი კლასიდან აღზევებული გაფეოდალებულის თვალსაჩინო ნიმუში. და ყველაზე მთავარი, _ მან კარგად იცის ვაჭრობა. მან ყველაზე მეტად იცის იმ ინფორმაციებს ფასი, რასაც ფლობს. მან ისიც იცის, ინფორმაციების სხვა ქვეყნისთვის გაცემამ რამდენად დიდი ზარალი და ზიანი შეიძლება მიაყენოს ნებისმიერ ადამიანს. _ ანუ ის გასცემს ინფორმაციებს?! _ ბუნებრივია, არა! ის იმდენად რისკიანი არ არის, რომ ინფორმაცია გასცეს, ან გაყიდოს. პირიქით, ის სიას აკეთებს, ვის გააქვს ინფორმაციები და ვინ ყიდის, თუ ასხვისებს სახელმწიფო საიდუმლოებებს. _ მერე, რეაგირება მისი მხრიდან?! _ მისი მხრიდან რეაგირება ის არის, რომ მას არავინ ეხება! _ ვერ მივხვდი? _ მაშინ მარტივად გეტყვი: მან იცის, ხელისუფლებისა და ივანიშვილის რომელმა ახლობლებმა გაიტანეს სუს-იდან საიდუმლო ინფორმაციები და გადასცეს რუსეთს. შესაბამისად, თუ გაუშვებენ, მას შემუშავებული აქვს გეგმა, როგორ ამხილოს ისინი. ფაქტიც სახეზეა: ყელში ამოუვიდათ გოგაშვილი, მაგრამ არავინ ხელს არ ადებს, არავინ უშვებს. რატომ?! იმიტომ, რომ ის ყველაზე საშიშია ახლა უსამსახუროდ. პირობითად რომ შეფასდეს, „აღზევებული მდაბიოს“ ფილოსოფიური პორტრეტია დღევანდელი სურათი. შეეხებიან _ შეეხება, დაემუქრებიან _ დაემუქრება, შეეშვებიან _ შეეშვება... ისე, ეს მარტო მათზე არ ვრცელდება, შენზეც იგივე მიდგომა აქვს და „ქრონიკა+“-ზეც. _ ანუ? ჩვენ არავის ვერჩით... ჩვენ ვსაუბრობთ... ვაშუქებთ და არაფერს ვმალავთ. თუ უნდა, მიგვიწვიოს და მანაც უპასუხოს კითხვებს, ვინ უშლის?! _ არა, მე სხვა რამ გითხარი, სოსო გოგაშვილი ასე თამაშობს, არ შემეხები? _ არ შეგეხები! შემეხებით? _ შეგეხებით! _ ეტყობა, ფეოდალური საქართველოა მის თავს. თემას რომ ისევ დავუბრუნდეთ: ე. ი. გოგაშვილს გულით არ სწყალობენ, უბრალოდ, ვალდებულებები აქვთ, რომ ის გაითვალისწინონ? _ ის კი არ უნდა გაითვალისწინონ, საკუთარი თავი უნდა გაითვალისწინონ, ანუ ზუსტად რომ ვთქვა, ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს, რომლის ხელითაც გადიოდა, ან ისევ გადის საიდუმლო ინფორმაციები ჩვენს მტრებთან, ის სოსოს კი არ ითვალისწინებს, უბრალოდ, ვერ ხსნის. ეს ხელშეუხებლობა აქვს გოგაშვილს და მერწმუნე, კიდევ დიდხანს ექნება. _ გასაგებია, რატომ რჩება სოსო სუს-ის უფროსად... _ ალბათ, ისიც გასაგებია, რომ გომელაური მხოლოდ სუს-ის იმიჯია, რეალურად, სუს-იც, შსს-ც, თავდაცვაც და პრეზიდენტიც ამ ქვეყანაში არის სოსო! _ გამოსავალი? _ გამოსავალს ესენი კიდევ დიდხანს ვერ მოძებნიან, მაშინ სოსოს უნდა მოუნდეს წასვლა. ამათ არ აღმოაჩნდათ ძალა, რომ გოგაშვილი მოეშორებინათ. ყველას ერთად ხელისუფლებაში ერთი გოგაშვილი აშინებს! რას ვიზამთ? _ XX საუკუნის „სოსელოს“, იოსებ ჯუღაშვილის ფაქტორია. აბა, გაბედოს ხელისუფლების ერთმა წარმომადგენელმა და მასზე, უბრალოდ, კითხვა დასვას, ან, უბრალოდ, წყენა გამოხატოს, ან რამე ნეგატიური თქვას... ის მეორე დღესვე გაქრება პოლიტიკიდან. ბოლო ერთ წელიწადში ძალიან ბევრი ვნახეთ პოლიტიკიდან გამქრალი, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგაშვილმა „ქართულ ოცნებას“ თავისი ნახელავი აჩვენა. ამიტომ რა დარჩა? _ სოსოს ხსენებაზე ხელისუფლებამ და პარტიამ ალილუია იმღეროს!  
  1. S. „ალილუია“, სოსო! სამშაბათამდე...
  მაკა მოსიაშვილი      

გაზიარება