ამჯერად იმ ქალბატონის ნაამბობი უნდა გაგაცნოთ, რომელიც რამდენიმე დღეში ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში საჩივარს შეიტანს და „ნიუ ჰოსპიტალში“ არსებული მდგომარეობის შესწავლას მოითხოვს, შემდეგ კი ამ სამედიცინო დაწესებულების წინააღმდეგ, მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელსაც წარადგენს. იმედია, რეგულირების სააგენტო, პირველ რიგში, ამ წერილს გაეცნობა და შესაბამის ზომებსაც მიიღებს.
„ქრონიკა+“-ს ნანა თოდაძე ესაუბრება:
_ 10 იანვარს ჩემი ქალიშვილი, 21 წლის სალომე მაზიაშვილი, ავად გახდა. თვენახევრის წინათ მას გავრცელებული ვირუსი შეხვდა. სიღნაღში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ოჯახის ექიმს, ნინო დავითაშვილს გავასინჯეთ. სალომეს, დაბალ სიცხეებთან ერთად, ნაღვლის ბუშტის დაავადების სიმპტომებიც აღენიშნებოდა: ღებინება, თავბრუსხვევა, ბეჭების ტკივილი, ფაღარათი, მარჯვენა მხარეს წვა და მუდმივად 37,2-37,3 გრადუსი სიცხე. ექიმმა სასწრაფო გამოკვლევებისთვის თბილისში გამოგვიშვა. ნაცნობმა გვირჩია, რომ „ნიუ ჰოსპიტალში“ ნინო ბაჩიაშვილთან მივსულიყავით, რადგან კარგი გასტროენტეროლოგიაო. ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა _ სისტემატურად აღებინებდა და ფაღარათიც დაეწყო, თავბრუსხვევები გაუძლიერდა, წყალს რომ დალევდა, სითხე რაღაც ფორმის კაფსულას იკეთებდა და უკან ასე ამოსდიოდა. ისე დასუსტდა, ვიფიქრეთ, სასწრაფო დახმარებით წამოგვეყვანა თბილისში, მაგრამ ტაქსით ძლივს მივედით „ნიუ ჰოსპიტლამდე“. რეგისტრაციაშივე ავუხსენი ელენეს მდგომარეობა და ისიც ვუთხარი, რომელ ექიმთანაც გვინდოდა ვიზიტი. 65 ლარი მხოლოდ კონსულტაციისთვის გადამახდევინეს. ექიმის მოსაცდელში გავიგე, რომ ულტრასონოგრაფიას ყველა შემთხვევაში მოგვთხოვდა, რიც გამოც მეორედ მოგვიწევდა რიგში დგომა, ამიტომ სჯობდა, ექიმთან შესვლამდე ჯერ ეს კვლევა ჩაგვეტარებინა. უპრობლემოდ გაუკეთეს ულტრასონოგრაფია, რომელშიც 40 ლარი გადავიხადეთ. წინათ ექოსკოპიის ფულს რომ გადაიხდიდი, მუცლის ღრუს მთლიანად გიმოწმებდნენ, ახლა ყველა ორგანოს გაშუქებაში სათითაოდ გახდევინებენ ფულს. ქვითრები შენახული მაქვს, რომელზედაც დროც არის დაფიქსირებული და ფასიც. ორი საათი დაწყებული იყო, საავადმყოფოს რეგისტრაციაში რომ მივედით და ორს აკლდა 10 წუთი, სონოგრაფია უკვე გაკეთებული გვქონდა. რეგისტრატორის, ვინმე ჯაჯანიძის ხელნაწერსაც ვინახავ, რომელმაც ჯერ ულტრასონოგრაფიის გასაკეთებლად გაგვიშვა და მერე, ნახევარ საათში, #300 კაბინეტში უნდა შევსულიყავით ექიმთან კონსულტაციისთვის.
_ ასე არ მოხდა?
_ ულტრასონოგრაფიის ექიმი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. გულდასმით გასინჯა და გვითხრა, ნაღვლის ბუშტში მხოლოდ სილაა, მეტი არაფერი, მაგრამ თქვენს ადგილზე მე არც ერთ წუთს არ დავკარგავდი და ახლავე წავიდოდი გასტროენტეროლოგთან, გავარკვევდი, რა ხდებაო. ბაჩიაშვილის კაბინეტის წინ უამრავი ხალხი დაგვხვდა. პაციენტებს ავუხსენი, რომ უკვე რიგი გვქონდა და ავადმყოფს ფეხზე დიდხანს დგომა არ შეეძლო. სკამიც კი არ იყო, ჩემი შვილი რომ დამესვა. ამ დროს იქვე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გოგონამ გაიარა, რომელმაც როცა არსებული ვითარება გაიგო გვითხრა, _ თქვენ ხომ ნახევარი საათის წინ უნდა შესულიყავით ექიმთანო? ავუხსენი, რაც ხდებოდა და ისიც დავამატე, რომ მე ჩაწერილი ვიყავი და როგორ შეიძლებოდა, ჩაწერილი ავადმყოფი ექიმთან არ შეეშვათ? მითხრა, რომ ექიმი ნახევარ საათში თავად დაგვიძახებდა. ტაბლოც არ მუშაობდა, იქ მაინც რომ ანთებულიყო ჩვენი ნომერი. ნახევარი საათი კი არა, ავადმყოფი შვილი 6 საათამდე ფეხზე მდგარი ვალოდინე. იქ იყო ორი და, მათ თქვეს, რომ 8 საათი ისხდნენ იქ და ექიმს ელოდებოდნენ. ისინიც გამწარებულები იყვნენ და ამბობდნენ, ამდენი ხანი ველოდებით და ამ კაბინეტში რას აკეთებენ, ვერ გაგვიგიაო.
_ რა ხდებოდა, ექიმი პაციენტებს არ იღებდა?
_ ქაოსი და დიდი გაუგებრობა სუფევს ამ სამედიცინო ობიექტში. პირველ სართულზე ჰქონიათ ცხელი ხაზი, რომელზეც პაციენტებს აფიქსირებენ და მერე აჰყავთ, თურმე, ექიმთან. ავადმყოფები რაღაც ბიუროკრატიულ მექანიზმებს გადიან, ექიმთან რომ მოხვდნენ, მაგრამ ასე რომ უნდა მოვქცეულიყავი, ჩემთვის არავის უთქვამს და საიდან უნდა მივმხვდარიყავი? რეგისტრაციიდან პირდაპირ ექიმთან გადამამისამართეს, მითხრეს, რომ ნახევარ საათში შევიდოდი და ცხელ ხაზზე რეგისტრაცია ხომ არ დამესიზმრებოდა? ამიტომაც ჩაწერილ პაციენტებსა და ცოცხალ რიგში მდგომებს შორის ჩხუბიც კი ატყდა, რა დროსაც ექიმი გამოვიდა და უხეშად თქვა, ხელს ნუ მიშლით საქმეშიო. მენეჯერი გოგონა ჩვენთან ხშირად მოდიოდა და რიგში მდგომებს გვეუბნებოდა, არ წაბრძანდეთ, ნახევარ საათში სწორედ თქვენ შეხვალთო. საქმე ის არის, რომ იქ მყოფ ადამიანებს უკვე გადახდილი ჰქონდათ კონსულტაციის თანხა და რაც უნდა მომხდარიყო, უკან ვერც გაბრუნდებოდნენ. ფულის გადახდის გარეშე ექიმის კაბინეტამდეც კი არავინ მიგაღწევინებს. მოკლედ, ისე აქვთ ყველაფერი მოწყობილი, რომ ვერც ერთი პაციენტი ხელიდან ვერ დაუსხლტებათ. როგორც შეუძლიათ, ისე გაგატყავებენ შესასვლელშივე და შესაფერის სამედიცინო დახმარებასაც არ გაგიწევენ. მეტიც, ლოდინით ამოხდიან სულს და უფრო ავად გაგხდიან. ჩვენც ასე დაგვემართა. გარდა ამისა, იქ მყოფი პაციენტები საკუთარ პრობლემებზე ჰყვებოდნენ და ისე ცუდად გავხდი, წნევა 200-მდე ამივარდა. შვილიც მეხვეწებოდა, _ წავიდეთ, აღარ შემიძლია, სადაც არის, დავეცემიო.
_ კი მაგრამ, ფული უკან რატომ არ მოითხოვეთ და სხვა საავადმყოფოში არ წახვედით?
_ თანხას არავინ გიბრუნებს. რამდენიმე პაციენტმა პროტესტი გამოხატა, აღარ მინდა თქვენი ექიმი, ლოდინი აღარ შეგვიძლია, უნდა წავიდეთო, მაგრამ ყველას ეუბნებოდნენ, ასე ადვილად თანხას ვერ დაგიბრუნებთო. მათ განცხადებას აწერინებენ და უხსნიან, რომ თავად დაუკავშირდებიან, როცა ფულის დაბრუნებას გადაწყვეტენ, მაგრამ როდის მოხდება ეს, არავინ უწყის.
5 საათს 15 წუთი რომ დააკლდებოდა, ცხელი ხაზით ჩაწერილები უნდა შესულიყვნენ გასტროენტეროლოგთან, ამიტომ, რაღაცნაირად, უნდა მომოგვესწრო მის კაბინეტში შეღწევა. ამის შესახებ იმ მენეჯერმაც გაგვაფრთხილა, რომელიც ყოველ მოსვლაზე გაოცებას ვერ მალავდა და ამბობდა, _ ვაიმე, თქვენ კიდევ არ შესულხართო? ბოლოს თავად შევიდა ბაჩიაშვილთან და ეტყობა, კატეგორიულად მოსთხოვა ჩვენი მიღება, რადგან იქიდან თეთრხალათიანი გოგონა გამოვიდა, რომელმაც იმის გარკვევა დაიწყო, რამდენი ხანი ვიდექით რიგში. ცხადია, ავუხსენით, რომ 2 საათის შემდეგ მძიმე ავადმყოფი ფეხზე იდგა, რომელსაც, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ღებინება და ფაღარათი აწუხებდა. ჩემს შვილს საშინელი მუცლის ტკივილი დაეწყო და მოხრილი ელოდებოდა ექიმის შველას. მოგვიანებით, გვითხრეს, რომ ამჯერად პირველები ვიყავით, მაგრამ იქვე ვიღაც ექიმი მჯდარა, რომელიც კაბინეტიდან პაციენტის გამოსვლისთანავე შევარდა ოთახში. როცა ერთი ამბავი ავტეხე, მითხრა, გადაუდებელი დახმარების ექიმი ვარ და კოლეგასთან კონსულტაციის მიზნით მოვედი, მე როდის შემოვალ ამ კაბინეტში, თქვენი საქმე არ არისო. თავად გასტროენტეროლოგმაც შემომიტია, _ რა პრობლემა გაქვთ, ყველას მიგიღებთ, არსად წასვლას არ ვაპირებ, უფლება არ მაქვს, კოლეგას დაველაპარაკოო? ვეღარ მოვითმინე და ვუყვირე, _ რა ხდება ამ საავადმყოფოში, ბოლოს და ბოლოს, გამაგებინეთ, თქვენ საჭორაოდ ხართ მოსულები, მე კი შვილი მყავს მძიმედ და აქ იმიტომ მოვედი, რომ დაგვეხმაროთ-მეთქი. თქვენ უარეს დღეში ჩაგვაყენეთ მეც და ჩემი შვილიც. ფეხზე დგომის თავი აღარ გვაქვს, თქვენ რა ექიმობა უნდა გაგვიწიოთ-მეთქი? მოვკიდე ჩემს შვილს ხელი და, სიმართლე გითხრათ, ძალიან გაღიზიანებული მივედი რეგისტრაციაში, სადაც დავახეთქე საბუთები და ვუთხარი, _ დამიბრუნეთ გადახდილი ფული, არ მჭირდება თქვენი მომსახურება-მეთქი. იქ იყვნენ სხვა პაციენტებიც, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ჩემს განცხადებაზე, სადაც იქ შექმნილ მდგომარეობას ვაფიქსირებდი, ისინიც მომიწერდნენ ხელს. როცა ეს წერილი გამოქვეყნდება, მე მგონი, ეს პაციენტები თქვენ თავად დაგიკავშირდებიან და მოგიყვებიან, რაც მათ ამ სამედიცინო დაწესებულებაში გადახდათ. 40 წლამდე მამაკაცმა გვიამბო, რომ ამ კლინიკაში პრეპარატები დაუნიშნეს, მაგრამ მდგომარეობა უფრო გაურთულდა. ამის შემდეგ სახლში დაურეკეს და უთხრეს, მობრძანდით და გამოკვლევას ამჯერად უფასოდ ჩაგიტარებთ, ფული არაფერზე აღარ გექნებათ გადასახდელი და რადგან ასე დაგემართათ, პრეპარატებს შეგიცვლითო, მაგრამ იქ მოსულს ედავებოდნენ, თანხა კიდევ გადაიხადეო. ამასობაში რეგისტრაციასთან ქალიც მოვარდა, რომელიც კიოდა, _ ავად ვარ, თავი აღარ მაქვს, რიგში რომ ვიდგე, ექიმი შეკეტილია და რას აკეთებს, ვერ გამიგიაო. აღმოჩნდა, ხალხს ფულს წინასწარ იმიტომ ართმევენ, მომსახურება რომ ნული აქვთ და ეშინიათ, არ გაექცნენ. მერე სხვებმაც მითხრეს, რაც მანდ ამბები ტრიალებს, ასეთი არც ერთ საავადმყოფოში არ ხდებაო. ეს გახლავთ ორთაჭალაში, ძველი ოფთალმოლოგიის კლინიკაში განთავსებული „პსპ“-ს საავადმყოფო, რომლის მფლობელიც არის კახა ოქრიაშვილი, „პსპ“-ს ხელმძღვანელი და პარლამენტის წევრი.
მოკლედ, მეც მითხრეს, რომ ამჯერად გადახდილ ფულს უკან ვერ დამიბრუნებდნენ და როდის გადმომცემდნენ, ამის შესახებ თავად შემატყობინებდნენ. ძალიან გავბრაზდი და პასუხისმგებელი პირის მოყვანა მოვითხოვე. ჩამოიყვანეს ის გოგონა, რომელიც რიგში დგომის დროს მოდიოდა და გაოცებული მეკითხებოდა, კიდევ არ შესულხართ ექიმთანო? მან ადმინისტრაციაში წამიყვანა. როცა იქ ჩემი პროტესტი და მოთხოვნა დავაფიქსირე, ვიღაც ქალი გამოვიდა, რომელმაც მითხრა, მე თქვენ არ გესაუბრებითო და სხვებთან დაიწყო გარჩევა, რატომ მეკავა ისტორია ხელში და ვინ მომცა. განკარგულებებს აძლევდა, ეს დააფიქსირეთ ოქმში, იქ ასე და ისე ჩაწერეთო. მე ყურადღებას არც კი მაქცევდა, ისე გასცემდა ბრძანებებს ჩემ წინააღმდეგ. თანხას ვითხოვდი და პასუხს იმაზე, რატომ გვალოდინეს მე და ჩემი ავადმყოფი შვილი, რომელსაც მუცლის ღრუს მწვავე ტკივილი ჰქონდა და არავინ იცოდა, რა სჭირდა 5 საათის განმავლობაში? ხომ შეიძლებოდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი რამ ჰქონოდა? დაუწყეს ძებნა ვიღაც ციცოს, რომელსაც ვერ პოულობდნენ, ბოლოს იპოვეს და მან ასეთი რჩევა მისცა: მაგას ამბულატორიული ბარათის ორიგინალი უკავია, ამიტომ საბუთების გატაცება დაუფიქსირეთო. უკვე პროვოკაციასა და დანაშაულის დაბრალებაზე გადავიდნენ, რადგან მათ საქციელს წინააღმდეგობა გავუწიე და პროტესტი გამოვხატე. მეც უკან არ დავიხიე და ვუთხარი, _ დამიფიქსირეთ ერთი გატაცება, ვნახავ მერე, თავს როგორ გაიმართლებთ და ვინ დაიჯერებს, რომ პირველ სართულზე მივახტი საბუთების მწარმოებელ გოგონას, ძალით წავართვი ელექტრონული ვერსია და მესამე სართულზე ჩემით ამოგიხტით ამ საბუთით-მეთქი? ამ დროს ვიღაც ელენე მოვიდა და მასაც აუხსნეს ყველაფერი. როცა გაიგო, რაც მოხდა, უთხრა, _ რატომ აჩერებთ ამ ქალბატონს, რა უნდოდა თანხის უკან დაბრუნებას, გეხვეწებით, ქალბატონო, მე მაპატიეთ და თანხა 10 წუთში დაგიბრუნდებათო.
_ ბოლოს ფული დაგიბრუნეს?
_ ისიც უნდა გითხრათ, რომ როცა სამედიცინო დაწესებულებაში თავდაპირველად შევედით და ამბულატორიული ბარათი გახსნეს, ჩემს შვილს მაშინვე მოაწერინეს ხელი. იქ რაც წერია, მაშინ იმის წასაკითხად სად გვეცალა, მაგრამ როცა სახლში მოვიტანე, იქ სულ მათთვის სასარგებლოა ჩაწერილი. თითქოს იქ მისულ პაციენტს მათი წესები გააცნეს, მან იცის, რომ იქ ხდება აუდიო და ვიდეო ჩაწერა და ა. შ. ფაქტობრივად, ეს გახლავთ ის, რომ თუ პაციენტი რაიმე პრეტენზიას გამოხატავს, ამას მიაფარებენ და ეტყვიან, აი, ხელი გაქვს მოწერილი, რომ ჩვენთან რაც ხდება, წინასწარ იცოდი, თუ ჩვენი პირობები არ მოგწონდათ, ნუ დარჩებოდით და სხვა სტაციონარში წასულიყავითო. ამ კლინიკაში ერთი დიდი მანქანა უდგათ, რომლითაც ფულს ჭრიან და თუ ვინმე ხმას ამოიღებს, ბრძოლის იარაღი და მეთოდებიც მზად აქვთ, რომ მართალი ადამიანი გაამტყუნონ და ხმა ჩააგდებინონ. ეს საავადმყოფო კი არა, ადამიანების დამაავადმყოფებელი დაწესებულებაა, სადაც თავისი სამართალი, კანონები აქვთ და როგორც უნდათ, ისე მოქმედებენ. იქ ყოფნის დროს ისიც გავარკვიე, რომ „ნიუ ჰოსპიტალში“ ხალხს ისეთ ანალიზებსაც უკეთებენ, რომელიც მათ საერთოდ არ სჭირდებათ. მოკლედ, გარდა იმისა, რომ ამ დაწესებულებაში ადამიანებს ძარცვავენ, ავადმყოფების მიმართ მედპერსონალი თუ სხვა იქ მომუშავე პირები არანაირ პატივისცემას არ გამოხატავენ. მეტიც, მათ აგდებით ექცევიან. ამიტომაც, განცხადებაში, რომელიც დავუტოვე, ჩავწერე, რომ აუცილებლად მოვითხოვდი მატერიალური და მორალური ზიანის კომპენსაციას, ასევე საჯაროდ ახსნა-განმარტებას, რატომ არ მიიღო მძიმე პაციენტი ექიმმა, როცა კონსულტაცია ცოცხალი რიგითაც გვეკუთვნოდა და ჩაწერითაც? საჭორაოდ ეცალათ და პაციენტის მისაღებად, _ არა? გამცენ პასუხი, მუცლის ძლიერი ტკივილით შვილი რატომ დამიყენეს 5 საათის განმავლობაში შემოსასვლელში რიგში, ფეხზე? მე მაგათი ფული არ მჭირდება, მაგრამ არ ვაპატიებ იმას, რაც ჩაიდინეს. ბოლოს მასხრადაც კი ამიგდეს და ისე გამომიშვეს.
_ რას გულისხმობთ?
_ საჩივრის დაწერა მოვითხოვე, სადაც ჩემს პრეტენზიებს დავაფიქსირებდი. მეგონა, ეს განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში გაიგზავნებოდა, რადგან ასე მითხრეს, მაგრამ ასლი სახლში წამოვიღე და როცა ვნახე, აღმოჩნდა, რომ მეპატრონის, ნიკა ოქრიაშვილის სახელზე დამაწერინეს განცხადება და მომატყუეს. მინდა, თქვენი გაზეთით მივმართო ოქრიაშვილს, რომელიც პარლამენტში გაბადრული ზის და გვერდით არ იხედება, რატომ არ აქცევს ყურადღებას თავის კლინიკას და არ ინტერესდება, რა ხდება იქ?! დავიჯერო, არ იცის, იქ როგორ ძარცვავენ ხალხს და რა მომსახურება აქვთ? რა სინდისით ზის პარლამენტში გულდამშვიდებული და როგორ უყურებს ადამიანებს თვალებში?! მინდა, ამ წერილში იმ ადამიანების სახელითაც გამოვხატო პროტესტი, რომლებსაც ამ საავადმყოფოში უფრო უმძიმებენ მდგომარეობას. დაბეჩავებული იდგა ხალხი და როცა დაინახეს, რომ მე მათ უსამართლო საქციელს წინააღმდეგობას ვუწევდი, მერე ყველამ ხმა ამოიღო და საკუთარი გულისტკივილი დააფიქსირა. იქ მისული პაციენტების 90% უკმაყოფილებას გამოხატავდა და შეიძლება, ასეთი დაწესებულება თავის ნებაზე იყოს მიშვებული?
ბოლოს ელენე თავად ჩამომყვა პირველ სართულზე და უკვე საღამოს ამაღებინა ჩემ მიერ დილით გადახდილი თანხა. ჩემი შვილი ამ დღეს ექიმის გარეშე დარჩა. იმ ღამით ისე ცუდად გახდა, იძულებული გავხდით, რომ გათენებას არ დავლოდებოდით და ონკოლოგიურ საავადმყოფოში წაგვეყვანა.
_ რა აღმოაჩნდა სალომეს?
_ აღმოჩნდა, რომ კუჭის შემავალი და გამავალი სარქვლები ღია იყო. ექიმმა მითხრა, მაგარი გოგო ყოფილა, ასეთ ტკივილებს რომ გაუძლოო. აი, ასეთ ავადმყოფს ალოდინეს ექიმთან მთელი დღე.
ამ საქმეს თავს არ დავანებებ. არც ერთ შემთხვევაში არ ეგონოთ, რომ ასეთ საქციელს ვინმეს ვაპატიებ. როცა ეს წერილი დაიბეჭდება, გაზეთს, დოკუმენტაციას ხელში ავიღებ და ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მივადგები, სადაც იქ მომუშავე მედიცინის მუშაკების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოვითხოვ. სამედიცინო დაწესებულებას კი სასამართლოში ვუჩივლებ და კახა ოქრიაშვილს კომპენსაციას მოვთხოვ, რომ ასეთ თანამშრომლებს მფარველობს. კიდევ იმიტომ, რომ ავადმყოფი ადამიანების მხოლოდ ფული აინტერესებთ და მათი ჯანმრთელობა ფეხებზე ჰკიდიათ.
„ქრონიკა+“-მა, ცხადია, პირველ რიგში, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსს“ მიმართა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხარისხის განყოფილების ხელმძღვანელთან, ელენე მაჭავარიანთან გადაგვამისამართა, რომელიც პაციენტ სალომე მაზიაშვილის ექიმთან ვიზიტის დროს შექმნილ კონფლიქტურ სიტუაციას შეესწრო. ეს ქალბატონი ჩვენს რესპონდენტსაც ჰყავს მოხსენიებული ინტერვიუს დროს. მან გვითხრა, რომ პაციენტი იყო ურგენტული (ანუ არ გახლდათ გადაუდებელი, რადგან სასწრაფოს არ მიუყვანია), ჩაუტარდა ულტრასონოგრაფია და რადგან წინასწარ არ იყო ჩაწერილი ექიმთან და ცოცხალ რიგში ჩადგა, ლოდინი მოუხდა. „პაციენტის მშობელი იმის გამო გაღიზიანდა, რომ ექიმთან იმ დროს შესვლა ვერ მოახერხა, როცა მას სურდა და ფულის უკან გატანა მოითხოვა. ჩვენ მას მალევე დავუბრუნეთ თანხა და შესაბამისი დოკუმენტებიც“. როდესაც სალომეს ვკითხეთ, თუ ექიმთან პაციენტები ჩაწერით შედიან, ამის შესახებ პაციენტი მანამ რატომ არ გააფრთხილეს, სანამ ის ფულს გადაიხდიდა, მითხრა, ჩვენ იმ ფაქტს შევესწარით, როცა პაციენტი ექიმმა გააფრთხილა, რომ მას ცოტა ხანი ლოდინი მოუწევდა. იმ დროს ექიმს კაბინეტში პაციენტი ჰყავდა და უნდა მოეცადათ, სანამ მას არ გასინჯავდა, შემდეგ კი აუცილებლად მიიღებდა. ცხადია, ელენემ საუბრის დროს ვერ გაითვალისწინა, რომ 2 საათიდან ხუთის ნახევრამდე 2-საათნახევარია და ერთ პაციენტზე თუ ექიმი ამდენ დროს ხარჯავს, ცხადია, მის კაბინეტთან ყოველთვის იქნება რიგი.
სხვა დეტალების შესახებ ელენემ მითხრა, კომპეტენტური არ ვარ და ვერ გიპასუხებთო. როცა მას ვკითხე, სიმართლის დასადგენად რატომ არ გახსნეს კამერები, რომელიც ამ კლინიკაში არსებობს და ამის შესახებ იმ წესდებაშიც უწერიათ, რომელზეც პაციენტებს მისვლისთანავე ხელს აწერინებენ, მან მოკლედ მიპასუხა, საჭიროდ არ ჩავთვალეთო.
ამის შემდეგ გვინდოდა, თავად კლინიკის დირექტორს, პარლამენტის დეპუტატ კახა ოქრიაშვილს დავკავშირებოდით და მომჩივანი ქალბატონის ნათქვამი გადაგვეცა. პარლამენტის უმრავლესობის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ყურადღებით მოგვისმინა და გვითხრა, ამ ყველაფერს ბატონ კახას გადავცემ და თუ ისურვებს, დაგიკავშირდებითო. როგორც ჩანს, ბატონმა კახამ ჩვენთან გასაუბრება არ ისურვა და ცხადია, არც დაგვკავშირებია.
ბოლოს, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოსაც მივმართეთ, რომელმაც ასეთი კომენტარი გაგვიკეთა: თუ პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს პრეტენზია ექნება გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და განცხადებით მომართავს რეგულირების სააგენტოს, საკითხს სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის.
ნელი ვარდიაშვილი