QronikaPlus
მშვიდობით არა! ნახვამდის!

მშვიდობით არა! ნახვამდის!

2017-01-11 10:12:55

ახლა ვიხსენებ ყველაფერ იმას, რაც არც არასოდეს დამვიწყებია. მრავალი წლის წინ სადარბაზოდან ხმაური მომესმა. კარი გამოვაღე, პატარა ნინია კაკაბაძე მეგობრებს აცილებდა. ერთი ალიაქოთი ჰქონდათ. ისეთი სასაცილოები იყვნენ, ისეთი ლამაზები, კარი ვერ მივხურე, ვიდექი და ვუყურებდი. ამ აურზაურს პატარა გოგო გამოეყო, გვერდით ჩამიქროლა. ამოჩაჩული თეთრი პერანგი, ჩამორღვეული შავი ბოლოკაბა, მუხლზე გადაგლეჯილი გეტრი და სირბილისგან აწითლებული ლოყები კიდევ უფრო საყვარელს ხდიდა. ჩამიქროლა, შევარდა ჩემს სახლში, უცებ შემოირბინა მთელი ოთახი. მერე სირბილითვე დაბრუნდა უკან, ერთი წამით შემობრუნდა, საჩვენებელი თითი დამიქნია და დამიბარა: „მე ისევ მოვალ, შენი ოთახი მომეწონა, ეს ჩემი სათამაშო სახლი იქნება“. ქუჩიდან ყველა ერთად ყვიროდა, _ ჟორა! ჟორააა! ასე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში „ჟორა“ _ ირინე ჟორდანია. მერე მწყობრში დაწყობილი ჯარისკაცებივით, ნელ-ნელა შემოდიოდნენ ჩემს ყოფაში ირინეს მამა _ გიზო ჟორდანია, დედა _ ნათელა ვაჩნაძე, ძმა _ კოკი, გიზოს მშვენიერი და _ ნანა ჟორდანია მოუსვენარი ქეთი ჩხეიძით, ძმა _ ვახო თავისი კეთილი და სტუმართმოყვარე ოჯახით. მე თქვენთან ყოფნა მიყვარდა, გიზო! განსაკუთრებით მიყვარდა თქვენი სახლის სამზარეულოში გატარებული საღამოები. ვისხედით გვიან ღამემდე მე, შენ და ნათელა. ვსვამდით ჩაის, ვლაპარაკობდით ყველაფერზე და არაფერზე, არაფერზე და ყველაფერზე. ძალიან ხშირად ვიყავით ერთად და მაინც სულ თქვენთან ყოფნა მენატრებოდა. ასე იქეცით ჩემს სახლად შენ და ნათელა. თქვენამდე სახლი მარტო ჭერი და კედლები მეგონა. თურმე, შეიძლება, ადამიანიც სახლი იყოს. სახლი, სადაც ისვენებს სულიც, სხეულიც. სადაც ვხვდებოდი უფრო კეთილი, უფრო მშვიდი, უფრო დალაგებული. შენთან ურთიერთობამ დამარწმუნა, რომ ქალსა და კაცს შორის შეიძლება არსებობდეს სუფთა, ჭეშმარიტი, შეუმრღვეველი ურთიერთობა. იცი, რა მიკვირდა ყველაზე მეტად? შენსა და ნათელას ურთიერთობაში იყო რაღაც განსაკუთრებული, ერთიანი. ამდენი წლის თანაცხოვრების შემდეგაც პატარა შეყვარებული გოგო-ბიჭივით სულ კინკლაობდით, _ მე ყოველთვის ნათელას მხარეს ვიყავი. ხანდახან ბრაზობდი, წამოხტებოდი სკამიდან, გაშლიდი ხელებს და იტყოდი, _ ჩემი შეცდომაა, თქვენს დაახლოებას ხელი რომ არ შევუშალე. ახლა ორნი ერთზე მოდიხართ, მე კი თქვენი მომრევი არა ვარ. გადიოდი შენს ოთახში, ჩვენ კი ვიცინოდით, ვიცინოდით, ვკვდებოდით სიცილით. ვიხსენებ ბათუმს. ჯერ შენი დადგმული „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნა ბათუმის საოპერო თეატრი, მერე იყო „ოტელო“, მერე ბავშვთა ოპერა „ტურანდოტი“. მეც ბათუმში ვიყავი, დრამატულ თეატრში ჩემი პიესა იდგმებოდა. საღამოობით ბულვარში ვისხედით. ერთ დღეს მე და გიორგი აბაშიძე ჩოგბურთს ვთამაშობდით, შენ იქვე ღია კაფეში იჯექი და თამაშს უყურებდი. მოულოდნელად ასლან აბაშიძე გამოჩნდა. გვერდით დაგიჯდა. რაღაცას ემოციურად გიყვებოდა, შენ უარის ნიშნად თავს აქნევდი და იღიმებოდი. ინტერესი მკლავდა. გიორგი, _ ვუთხარი, _ წამოდი, მეორე კორტზე გადავიდეთ, მოვუსმინოთ, რაზე ლაპარაკობენ-მეთქი. გიორგიმ მითხრა, _ მე გეტყვი, მე ვიციო, მამაჩემს ბათუმში ხელოვნების ინსტიტუტის გახსნა უნდა, რექტორობას სთავაზობს, გიზო კი, ეტყობა, უარს ეუბნება, მაგრამ ზუსტად ვიცი, „დააბამსო“. ვერ „დაგაბა“, არ „დაები“ _ შენ თბილისის თეატრალური ინსტიტუტი ვერ მიატოვე. არ მიატოვე. მერე თბილისში, ინსტიტუტში, უღირსმა კაცმა უღირსი საქციელი ჩაიდინა, უკადრებელი გაკადრა და არჩადენილის ჩადენა დაგაბრალა. საქმე სასამართლომდე მივიდა. გამართლდი. უკვე გამარჯვებულმა მინისტრს განცხადება გაუგზავნე რექტორის თანამდებობის დატოვების თხოვნით! ეს ამბავი მინისტრმა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შეატყობინა, მე _ ნათელამ. იმავე დღეს ჩამოვედი თბილისში. კარი შენ გამიღე. ჯერ გაკვირვებული მიყურებდი, მერე მითხარი, _ მე მართალი ვარო. მე გიპასუხე, რომ ჩემთვის სულერთი იყო, მართალი იყავი თუ მტყუანი. მე ახლა შენ გვერდით უნდა ვყოფილიყავი. იმავე საღამოს პრეზიდენტმა დაგიბარა, გარწმუნებდა, ინსტიტუტში დარჩენილიყავი. ვერ დაგიყოლია. ბოლოს თავისი მაგალითი მოიშველია, _ აი, მე სულ ათას რამეს მაბრალებენ, მაგრამ არსადაც არ მივდივარ, ისევ აქ ვარ, ყველამ ხომ გაიგო, რომ გამართლდი, რატომ მიდიხარ, არ მესმის? შენ უპასუხე, რომ ის პრეზიდენტია, ქვეყნის მეთაური და თმენის ვალდებულება აქვს, შენ კი პედაგოგი ხარ, სტუდენტებთან გაქვს ურთიერთობა. ჭორი კი ისეთი მამაძაღლი რამაა, თავის კვალს მაინც ტოვებს. იქ, სადაც ერთმა ადამიანმა მაინც დაიჯერა ეს ჭორი, არასოდეს დაბრუნდებოდი. ბათუმში რომ ჩავედი, ასლან აბაშიძემ უკვე წვრილად იცოდა, რა მოხდა ინსტიტუტში, რა გითხრა პრეზიდენტმა და შენ რა უპასუხე. მერე ხუმრობდა, _ აბა, რა ეგონა გიზოს, ეს სკანდალი მე ჩავაწყვე, ახლა ჩვენს ინსტიტუტს ეყოლება გიზო ჟორდანიაო. ერთ საღამოს მე და ლალია თაბუკაშვილი ტელევიზორთან ვისხედით. ასლან აბაშიძე ბათუმის პრობლემებზე საუბრობდა. ცალი ყურით ვუსმენდით და ვერ მივხვდით, რატომ მიაბა თავის გამოსვლას ეს ფრაზა: „ჭკვიანი ადამიანი მართალი კაცისგან უნდა იღებდეს მაგალითს. აი, მე დღესაც გიზო ჟორდანიასგან ვსწავლობ, როგორ უნდა მოიქცეს თავმოყვარე და მართალი კაცი“. იმ ზაფხულს ბათუმში ისვენებდა ირინა არხიპოვას ქმარი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, ვლადიმირ პიაკო. ბათუმის ოპერის თეატრში „ოტელოზე“ დაპატიჟეს. სიტყვა-სიტყვით მახსოვს, სპექტაკლის დამთავრების მერე რაც თქვა: „მე რომ ჟორდანიას დადგმულ ოპერებში მემღერა, უფრო ცნობილი და უფრო დიდი არტისტი ვიქნებოდი“. ისეთი სიამაყით ვუსმენდი, თითქოს, ჩემი გაჩენილი და ჩემი გაზრდილი შვილი იყავი. მახსოვს! ყველაფერი მახსოვს! ის დღეც მახსოვს, რომლის გახსენებაც არ მინდა. შენ და კოკა იგნატოვი „ინტურისტის“ წინ ისხედით. თქვენთან მოვედი. შენ კოკას მიუბრუნდი და ეუბნები, _ აი, ფისოც მოვიდა, ათასგვარი სისულელით სავსეო. კოკამ გაიცინა და წავიდა. ჩვენ დავრჩით. რეპეტიციიდან მოვედი, გაცოფებული ვიყავი რეჟისორზე და გაუთავებლად ვიმეორებდი ერთსა და იმავეს. მივხვდი, აღარ მისმენდი. გავჩუმდი. ვისხედით ასე ჩუმად. მოულოდნელად მეკითხები, _ ფისო, ოდესმე თუ გყვარებია კაცი ისე, მის ნაცვლად შეგეძლო მომკვდარიყავიო? _ გავიცინე, _ გიჟი ხომ არა ხარ, რას მეკითხები? ასეთი სიყვარული არ არსებობს-მეთქი. _ ისევ გაჩუმდი. მერე ჩემ გასაგონად კი არა, ისე, შენთვის თქვი, _ დღეს რომ სიკვდილი მოვიდეს და მკითხოს, შენ წაგიყვანო თუ ნათელაო? არც ვიყოყმანებ ისე წავყვები. დავიბენი, ისეთი მართალი იყავი, ისეთი გულწრფელი. გული მომეწურა და როგორც ხშირად ხდება, როცა არ იცი, რა თქვა, ის კი იცი, რაღაც რომ უნდა თქვა და მე გითხარი ის, რასაც არასოდეს ვაპატიებ თავს, _ იმიტომ წაყვები, რომ ეგოისტი ხარ, მშიშარა, არ გინდა, ტკივილით დარჩე, შეწუხდე, ასე უფრო კომფორტულია, იწვები შენთვის კუბოში და ფეხებზე დაიკიდებ ნათელას, ირინეს, კოკის. დეზერტირი ხარ, _ შემომხედე! ისე შემომხედე, რომ ახლაც მახსოვს, როგორ გამცრა ტანში. შენს მზერაში არ იყო გაბრაზება, არც წყენა, რაღაცნაირი შეცვლილი ხმით მითხარი, _ თუ ხვდები, მაინც, ახლა რა სისულელე, რა საშინელება მითხარიო? ადექი და წახვედი. აღარ ვიცოდი, გამოგყოლოდი და ბოდიში მომეხადა, თუ დავრჩენილიყავი? დავრჩი. ვიჯექი მარტო და ვწყევლიდი ჩემს გრძელ ენას, ჩემს სულელ თავს. რამდენიმე დღე ვცდილობდი, თეატრში არ შეგხვედროდი. მრცხვენოდა. ერთ საღამოს თვითონ დამირეკე, _ ცოცხალი ხარო? _ მკითხე. იმ დღის მერე სამი ათეული წელიწადი გავიდა. შენ ის დღე აღარ გიხსენებია, მე, _ მით უმეტეს, როგორ გავბედავდი? არ ვიცი, მაპატიე თუ არა, ის კი ნამდვილად ვიცი, ნათელასთვის რომ დამდგარიყო არჩევანი, უყოყმანოდ მოკვდებოდა შენ ნაცვლად. რაღაც მეასე გრძნობით ვხვდებოდი, რომ ასე მოხდებოდა. მოხდა ისე, როგორც გინდოდა. წახვედი ჩუმად, უხმაუროდ, ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ. წახვედი და ნათელას გაუსაძლისი დარდი და ტკივილი დაუტოვე. ნელ-ნელა ეს ტკივილი სიცარიელედ ექცევა და მერე სიცარიელის ტკივილი დაღრღნის, როგორც ფეხმოჭრილ ადამიანს სტკივა მოჭრილი ფეხის ნაცვლად დარჩენილი სიცარიელე. მე არ მინახავს შენი ცხედარი, მე შენ ვარდების გვირგვინი გამოგიგზავნე, რომელიც ძალიან გგავდა. გამოგიგზავნე პატარა ბარათიც, სადაც ერთი წინადადება ეწერა: „ეს ქალაქი აღარასოდეს აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო, რაღაც სამუდამოდ წავიდა შენთან ერთად“. მე იშვიათად გავდივარ ქუჩაში. ფიქრში გხედავ მარჯანიშვილის თეატრის რეპეტიციაზე, თეატრალური ინსტიტუტის კიბეზე, რუსთაველის თეატრის ჰოლში, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე, ოპერის თეატრის ბაღში, ბათუმის ბულვარში... ხვალ 28 დეკემბერია, ორმოცი დღე გისრულდება. ხვალ წარდგები უზენაესი სამსაჯავროს წინ. მეც მალე გნახავ, თუ ჩემი ცოდვებით დამძიმებული სული შენამდე მოაღწევს. ვიცი, შემხვდები, როგორც ყოველთვის, ღიმილიანი და ოდნავ ირონიული. მეტყვი სიტყვებს, რომლებიც ათასჯერ გითქვამს, _ ვა, ფისო, მოხვედი? აბა, „დავაი“, მოყევი, კიდევ რა სისულელე ჩაიდინე? მშვიდობით არა, გიზო! ნახვამდის!   შეხვედრამდე, ფისო ჯოჯუა.  

გაზიარება