QronikaPlus
კახეთში ძალადობის ფაქტების რეკორდული მაჩვენებელია!

კახეთში ძალადობის ფაქტების რეკორდული მაჩვენებელია!

2017-01-11 10:01:08

კახეთში ძალადობის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა. ჯერ კიდევ წინა წლებში „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, ოჯახური ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კახეთში გამოვლინდა. რეგიონში გამოკითხული ადამიანების 92% ოჯახში ძალადობას, 86% კი ფიზიკურ ძალადობას განიცდის; 67% ოჯახის წევრისგან მუდმივად ელის თავდასხმას, მათი 63% ქმარმა გააუპატიურა; 29% კი ფეხმძიმობის პერიოდში ქმრის მხრიდან ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას განიცდიდა. მიუხედავად წინა წლების მძიმე სტატისტიკისა, რეგიონში სურათი არ იცვლება. თუ ბოლო პერიოდში გასაჯაროებული ძალადობის ისტორიებს გადავხედავთ, მძიმე სურათს მივიღებთ. სურათი მასშტაბურია: მარტო თელავის რაიონში 2015 წელს 6 მკვლელობა მოხდა, თუმცა თუ ქალთა მიმართ ძალადობას თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ რეგიონში ქალი, პრაქტიკულად, დაუცველია. 2012 წლის მერე კახეთის მრავალი ძალადობრივი ისტორიიდან სულ რამდენიმეს ჩამოვთვლით... ოჯახური ძალადობა ველისციხეში: შვილის მიერ ნაცემი დედა საავადმყოფოში მოათავსეს. ქალბატონის მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა; თელავის რაიონის სოფელი ყარაჯალა: 16 წლის გოგონამ თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები გოგონას გათხოვებას აიძულებდნენ; ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთი სოფელი: გოგონა მამამისმა 45 წლის კაცს 10 ძროხად მიჰყიდა მაშინ, როცა არასრულწლოვან გოგონას გათხოვება არ სურდა; 1965 წელს დაბადებული ელიზბარ ფ. არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 1999 წელს დაბადებულ კლავდია მ.-სთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა. ძალადობის მსხვერპლი მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელია; ერთ-ერთი სოფელი: რამდენიმე მე-8-კლასელმა მოსწავლემ მე-7-კლასელი გოგონა გააუპატიურა. მშობლების ინფორმაციით, მოსწავლეებმა გოგონას სურათები გადაუღეს და შანტაჟის გამოყენებით მასზე 2 თვის განმავლობაში ძალადობდნენ; მკვლელობა კახეთში: ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 76 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარი ქვევრში აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობას გულისხმობს. სოფელ შაქრიანის მცხოვრებ ქალს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის პენსიონერი იყო და მარტო ცხოვრობდა; სოფელი წინანდალი: ყოფილმა ქმარმა 29 წლის მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე შვილების თვალწინ მოკლა. სანადირო თოფით თავის არეში მიყენებული ჭრილობით ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. ყოფილმა ქმარმა მას სახლის ფანჯრიდან რამდენჯერმე ესროლა, რის შემდეგაც თავის მოკვლა სცადა; ყვარლის რაიონის ეთნიკური ხუნძებით დასახლებული რამდენიმე სოფელი: იქ ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა გამოვლინდა. ამის შესახებ ვრცელ სტატიას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“ აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ გოგონების შემთხვევაში წინადაცვეთის პროცედურა სახლში ტარდება. კანს მაკრატლით ჭრიან და ჭრილობას ხანდახან სუფთა სპირტით წმენდენ. რესპონდენტების განმარტებით, წინადაცვეთის შემდეგ ქალები ნაკლებად ტემპერამენტიანები არიან და სექსუალური ლტოლვა აღარ აქვთ.   ხშირად ისმის არგუმენტი, რომ რთულია ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება, რადგან იგი ჩაკეტილ სოციალურ წრეში ხდება, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობა დიდი ხანია, გასცდა ჩაკეტილ სივრცეს. საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებასთან ერთად მთავარ გამოწვევას დაცვისა და დახმარების ღონისძიებების არაეფექტიანი გამოყენება წარმოადგენს. ხშირად ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასაცავად არ ხდება იმ მექანიზმების გამოყენება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და შესაბამისად, მათი თხოვნა დახმარების თაობაზე უგულებელყოფილი რჩება. და მიანც, რა ხდება კახეთში?! რა გვაქვს პრობლემა? ნათია მექუდიშვილმა უნივერსიტეტი რამდენიმე წელია, რაც დაამთავრა, იგი პროფესიით იურისტია. ხშირად უწევს კონსულტაციები როგორც ქალებთან, ასევე ბავშვებთან. მიაჩნია, რომ მისი მთავარი მოწოდება სამართლიანობა და კანონის უზენაესობის დაცვაა. სხვა მისი კურსელი გოგონებისგან განსხვავებით ნათიას კახეთში ბევრი იცნობს, შესაბამისად, მისი ტელეფონიც არ ჩერდება. „ქრონიკა+“ ნათია მექუდიშვილს ესაუბრება: _ კახეთის მასშტაბით ხშირია ძალადობის ფაქტები. ძირითადად, მამრობითი სქესის მიერ ძალადობის ფაქტები იკვეთება. გასულ კვირას 29 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა თვითმკვლელობის მცდელობით სცადა დანაშაულისთვის თავის არიდება. _ თქვენი აზრით, რა იწვევს ძალადობას? _ მოგისმენიათ, ალბათ, მრავალი ექსპერტისა თუ ფსიქოლოგის მსჯელობა ამ თემაზე, უმრავლესობა ამას სიღარიბეს უკავშირებს, _ არ არის ოჯახში საჭირო თანხები, არ არის სიმშვიდე. მაგრამ ეს ასე არ გახლავთ. ძალადობა ფსიქოლოგიური აშლილობაა. რასაკვირველია, ძალადობის გამომჟღავნება შესაძლებელია იყოს ეკონომიური სიდუხჭირის ბრალიც, თუმცა არა იმ ზღვარით, რასაც მკვლელობამდე, თუ თვითმკვლელობამდე მიყვანა ჰქვია. ძალადობის სურვილი ადრეულ ასაკშივე იღებს სათავეს და მერე, გარკვეული მიზეზების გამო, ვლინდება. ზუსტად რა მიზეზები იწვევს ამ გრძნობის გაღვიძებას, ღმერთმა უწყის. საბოლოო ჯამში, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ძალადობა იმ ადამიანს ახასიათებს, ვისაც კარგისა და ცუდის გრჩევის უნარი არ აქვს, ვისი სოციალიზაციაც არ შედგა. ამ თემაზე არ საუბრობენ, თუმცა ოჯახური ძალადობის დროს, როდესაც მსხვერპლი ცოლია და დამნაშავე მეუღლე, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს სექსუალურ გაუკუღმართებას. _ რას გულისხმობთ? _ კაცი იბადება და იზრდება იმ გრძნობით, რომ ქალი სუსტია, ის უნდა უყვარდეს და დაიცვას, თუმცა ის მასზე ძალადობს, ესე იგი არ უყვარს, მიაჩნია, რომ არაა საჭირო მისი დაცვა. ეს ნიშნავს, რომ მას ქალის მიმართ ზიზღი აქვს, ზიზღს კი ქალის მიმართ ინტერესის დაკარგვამდე მივყავართ, ხოლო ინტერესის დაკარგვა ქალის მიმართ, ხშირ შემთხვევაში, სექსუალური გაუკუღმართების ბრალია. _ ანუ? _ სექსუალურ გაუკუღმართებამდე შესაძლებელია მივყავდეთ ალკოჰოლს და ნარკოტიკულ საშუალებებს. სექსუალურ გაუკუღმართებაში იგულისხმება იმპოტენცია, როდესაც კაცს არ შეუძლია აღიაროს მისი ნაკლი. მოძალადე მშობელთან გაზრდილი შვილებიც, ხშირ შემთხვევაში, მოძალადეებად იზრდებიან. ძალადობას ეჭვიანობას არ დავუკავშირებ და ცალკე არ გამოვყოფ. ეჭვიანობაც არშემდგარი სოციალიზაციიდან გამომდინარეობს, როდესაც სხვისი აზრი უფრო მნიშვნელოვანია. საქართველოში გვაქვს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. ამ კანონში მესამე თავს გამოვყოფ, რომელიც შემაკავებელ ორდერს ეძღვნება. მაგალითად, ხარ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, გამოიძახე პოლიცია და პოლიციამ ეს საქმე სასამართლოს გადასცა, მოსამართლემ შემაკავებელი ორდერი გამოსცა და მერე? მერე არაფერი, არავინ უზრუნველყოფს შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შესრულებას ბრალდებულის მიერ.   2017 წლიდან საქართველოს კანონში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ ცვლილება შედის, სადაც ოჯახური ძალადობის დროს მუნიციპალიტეტსაც აქვს უკვე ჩარევის უფლება. რა ფორმით და როგორ, ეს, ამ დროისთვის, უცნობია, თუმცა რამდენად გაითვალისწინებენ ამ ცვლილებას კახეთის მუნიციპალიტეტებში, გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ავალდებულებთ, ყველა საკრებულოში ჰყავდეთ გენდერული საბჭოები, აღნიშნული საბჭოს მაგვარი ჯერ არაფერი არსად არ შექმნილა. მთავარი კითხვა კი კვლავ უპასუხოდ რჩება: კანონი კანონიერია? თუ სამართლიანი?   საკრებულოს დეპუტატი დავით თუშიშვილი ფიქრობს, რომ კანონის ახალი ჩანაწერით შესაძლებელი გახდება: „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაიწეროს შესაბამისი პროგრამა პრევენციის მიზნით (ან დააფინანსონ არასამთავრობოს პროგრამა ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით), მაგ. დააფინანსონ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი, ან მათთვის იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციები, ასევე რაიმე მცირე საწარმო, რომელიც თავს მოუყრის ასეთ ადამიანებს, შესთავაზებს მათ რაიმე ხელობის, ან სპეციალობის შესწავლას, თან ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს“. რა იქნება ხვალ? როგორი ექნება კახეთს 2017 წელი? ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს... მთავარი მაინც ერთია, _ კახეთში ქალები დაუცველები არიან!   მაკა მოსიაშვილი  

გაზიარება