QronikaPlus
ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმპიჩმენტის მოლოდინშია

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმპიჩმენტის მოლოდინშია

2016-12-18 06:11:36

  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14 წევრი საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილსა და მის მოადგილე თამაზ წითელაურს უნდობლობას უცხადებს და თანამდებობიდან მათ გადაყენებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით დეპუტატებმა საკრებულოს მიმართეს. განცხადებას ხელს აწერენ: „ბურჯანაძე-დემოკრატების“ 5, „ნაციონალური მოძრაობის“ 4 და „ლეიბორისტული პარტიის“ 1 წევრი. საკრებულოს წევრები თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადაყენების საკითხის განხილვას უახლოეს სხდომაზე ითხოვენ. ფრაქცია „ბურჯანაძე-დემოკრატების“ თავმჯდომარის, ირაკლი უჯირაულის თქმით, აღნიშნული მოთხოვნის მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე ვერ უზრუნველყოფენ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს გამართულ მუშაობასა და დამოუკიდებლობას. თუმცა იმპიჩმენტის ეს პროცესი პირველი არ იყო ამ კვირაში _ 2016 წელს უკვე მეორედ სცადეს თავმჯდომარის გადაყენება. როგორც ოპოზიცია იმუქრება, მომდევნო სამი თვის შემდეგ ამ საკითხს კვლავ დააყენებენ.   „ქრონიკა+“-ს ირაკლი უჯირაული ესაუბრება:   _ რამ გამოიწვია, რომ უკვე ამ წელიწადში მეორედ აყენებთ იმპიჩმენტის მოთხოვნას? _ მეორედ იმპიჩმენტის დაყენება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ის პირობები, რომელიც პირველი იმპიჩმენტის დროს არსებობდა, კი არ აღმოიფხვრა, არამედ უფრო გაღრმავდა, ანუ საკრებულომ დაკარგა თავისი დანიშნულება, მონიტორინგი გაუწიოს გამგეობას. პრაქტიკულად, ის გადაიქცა სანოტარო კანტორად და საკრებულოს პირები დაკავებულები არიან არა მოქალაქეთა დაცვით, არამედ გამგეობის ადვოკატირებით და მათი ინტერესების დაცვით. საკრებულოს მუშაობა აბსოლუტურად ჩამოიშალა, მოშლილია ყველა მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობა. ამან გამოიწვია ჩვენ მიერ იმპიჩმენტის დაყენება. _ თუმცა საკრებულოს სხდომაზე გარკვეული კითხვები გაჩნდა: ფინალში დავინახეთ, რომ 14-მა ადამიანმა მხარი არ დაუჭირა, ხოლო დარჩენილმა 14-მა დეპუტატმა კი საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა სხდომაზე. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, _ მაშ, ვინ ენდო საკრებულოს თავმჯდომარეს? ჩვენ ვნახეთ, რომ, პრაქტიკულად, გელა ჯუგაშვილმა ერთი ხმაც კი ვერ მოიპოვა საკრებულოში, ვინც მას ღიად დაუჭერდა მხარს. შესაბამისად, როგორ შეაფასებთ? _ როგორც გითხარით, საკრებულო მოშლილია, ამას ხედავს არა მხოლოდ ის, ვინც ხელი მოაწერა იმპიჩმენტის მოთხოვნას, არამედ მთლიანი საკრებულო. შესაბამისად, პირად საუბრებში ხალხი ღიად ამბობს, მათ შორის, „ოცნების“ წევრებიც, რომ საკრებულოს ასე მუშაობა აღარ შეიძლებოდა, _ ბატონ გელა ჯუგაშვილს ბევრი პირში ეუბნებოდა, რომ შენ უნდა წახვიდე სამსახურიდანო... თუმცა მერე საკრებულოს თავმჯდომარემ, თავისი პოლიტიკური გუნდის მეშვეობით, არნახული ზეწოლა განახორციელა: თავისი გუნდის წევრებს, პრაქტიკულად, ყველა მათგანს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წევრებს, პარტიის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს და სხვა კომისიების თავმჯდომარეებს გამოუცხადეს, _ იცით, რა ხდება, ბიჭებო? თქვენ შეიძლება მხარს მიჭერთ, მაგრამ, ჯობია, რომ ბიულეტენები არ აიღოთ. აქედან გამომდინარე, სჯობია, საკითხი დადგეს ასე, _ ვინც გავიდა და აიღო ბიულეტენი, თოთხმეტმა ადამიანმა გამოუცხადა უნდობლობა საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს, ხოლო დანარჩენმა მონაწილეობა არ მიიღო. შესაბამისად, იბადება კითხვა, _ ვინღა უჭერს ბატონ გელა ჯუგაშვილს მხარს? პრაქტიკულად, არავინ, ეს გამოჩნდა ამ კენჭისყრის შედეგად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიუხედავად შედეგისა, საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და, ზოგადად, ამ გუნდს, ვინც საკრებულოს ხელმძღვანელობს, არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვს თვითონ საკრებულოს შიგნით. ეს იყო იმ 14 ადამიანის მორალური გამარჯვება. _ ჩვენ ვიცით, რომ წარსულში, თუნდაც, წინა იმპიჩმენტის დროს, ჯუგაშვილის არჩევის პროცესში გარკვეულ როლს თამაშობდა მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატი ზვიადაური. დღეს თუ არის ასეთი კონკრეტული პირი, რომელიც ჯუგაშვილის ლობად მოიაზრება, მაგალითად გელა სამხარაული? _ გაგვიჭირდება კონკრეტული გვარისა და სახელის დასახელება იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, მათ უკან კოლექტიური შიში დგას. შიში იმისა, რომ ოპოზიციამ არ მოახერხოს და სიტუაცია არ შეცვალოს. „ოცნების“ წევრები გვეუბნებოდნენ, _ აი, თქვენ რომ არ დაგეწყოთ, ჩვენ ვეტყოდით თავადო. თუმცა ჯუგაშვილს სიტუაციის გამოსასწორებლად მთელი 5-6 თვე ჰქონდა დრო პირველი იმპიჩმენტის მოთხოვნის შემდეგ. „ოცნების“ დეპუტატები თუ მთქმელები იყვნენ, აქამდე ეტყოდნენ. ამიტომ დავიწყეთ ჩვენ ეს პროცესი. მთლიანად „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი ხელმძღვანელობა რაიონში თუ მის გარეთ, დაინტერესებული პირები, ცდილობდნენ, რომ ისეთი გარემო არ შექმნილიყო, რომ ოპოზიციის მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო და საკრებულოს მესაჭე გადამდგარიყო. _ ასევე სხდომაზე გამოდიოდა საკითხი ბიუჯეტის ცვლილებაზე, სადაც თქვენ და თქვენმა კოლეგებმა, უმრავლესობამ, მხარი არ დაუჭირეთ. რით ავხსნით ამას? რა სურათია დღეს ახმეტაში? რა მდგომარეობაა შემოსავლების მხრივ, და, ზოგადად, ბიუჯეტიდან რა სარგებელს იღებს ახმეტის მოსახლეობა? აქვე დავამატებდი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ჩემთან საუბრისას განაცხადა, საკრებულომ პრემიების საკითხს მხარი არ დაუჭირა, რადგან დღემდე არ აქვს მიღებული წესი, რომ საკრებულოს თანამდებობის პირებმა პრემიები აიღონ. _ სირცხვილია, რომ ბატონი გელა ჯუგაშვილი ასეთ განცხადებას აკეთებს. იქიდან გამომდინარე, რომ საბიუჯეტო პროცესი სრულად ჩამოშლილია.  შესაბამისად, გაუთვალისწინებელ ხარჯებს ვიღებთ, რომელიც შემდგომში თავის ნებაზე ნაწილდება გამგეობისგან. ამ დროს საკრებულოს ხელმძღვანელი საერთოდ ხმას არ იღებს. გამგეობა ცდილობს, თავის ნებაზე განკარგოს ხალხის ფული და ისე გაანაწილოს, რომ ყურადღება არც კი მოგვაქციოს. მეტსაც გეტყვით: რიგ შემთხვევაში ეს ფული უკვე დახარჯულია. მაგალითად, აიპი საფეხბურთო სკოლაში უკვე ხალხი ჰყავთ აყვანილი, რომელსაც ხელფასს აძლევენ. დღეს ჩვენგან ითხოვენ ცვლილებას, რომ მათი მომატებული ხარჯი გავასწოროთ. 214 000 იყო შემოსული დაუგეგმავად, 60 000-მდე ლარი უნდა მოხმარებოდა მათ პრემიას. რაც შეეხება გელა ჯუგაშვილის ამ სამარცხვინო განცხადებას, იმიტომ არ დავუჭირეთ მხარი, რომ ვიმეორებ: ჩვენ პრემიების წესი შემუშავებული არ გვაქვს. ეს წესი უმრავლესობამ შემოიტანა, ჩვენ, ოპოზიციამ ჩავაგდეთ. მაშინ ვთქვით, რომ ჩვენ ერთადერთი მუნიციპალიტეტი ვართ კახეთში (საკრებულოს ვგულისხმობ), რომელიც პრემიას არ აიღებს! კანონში წერია: საკრებულოს წევრი არ იმსახურებს პრემიას. სამწუხაროდ, სხვა კოლეგები განმარტავენ, რომ თანამდებობის პირები იმიტომ ვართ, რომ პრემია ავიღოთ. ამ დროს, ავიწყდებათ, რომ ისინი საკრებულოს წევრები არიან. მათ უნდათ, თითქოს ისე გამოიყვანონ, რომ ჩვენ გაბუტულის პოზიციიდან ვსაუბრობთ და ამიტომ არ ვაძლევთ უფლებას, მათ პრემია აიღონ. არა, მეგობრებო, პირიქითაა, ახმეტის საკრებულო ერთადერთია, სადაც ოპოზიციამ შეძლო და თქვა, რომ პრემია არ გვექნებოდა. სჯობია, გელა ჯუგაშვილმა მასზე დაკისრებულ საქმეებს მიხედოს და უგუნურ კომენტარებს თავი დაანებოს. დიახ, არ დავუჭირეთ მხარი ბიუჯეტში ცვლილებას, რადგან შარშან დეკემბერში მიღებული ცვლილება მათ უკვე იანვარში მოითხოვეს. ასევე არ დავუჭერთ მხარს ახალ ბიუჯეტს, რომელიც ვიღაცებზეა მორგებული და სახალხო არ არის. ვინ არის საკრებულო მათი აზრით? მე ვეუბნები მათ, რომ ოპოზიცია მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს, რადგან ეს სასაცილოა და მეტი არაფერი!  

მაკა მოსიაშვილი

   

გაზიარება