ბატონო უჩა!
მოგმართავთ, შეისწავლოთ ჩემი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე და მოახდინოთ რეაგირება, რის შესაძლებლობასაც კანონი განიჭებთ, იქნება ეს სასამართლოს მეგობრის (Amircus Curiae) მოსარების, სახალხო დამცველის წინადადების, რეკომენდაციის გაცემისა, თუ სხვა რაიმე ფორმით.
გავეცანი რა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი წარდგენილ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას საკონსტიტუციო სარჩელზე, რაც ეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის გარკვეული ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობას, ვიმედოვნებ, რომ სახალხო დამცველი არ იმოქმედებს ორმაგი სტანდარტით და შეფასების მიღმა არ დატოვებს ჩემი ბრალდების სამართლებრივ აბსურდულობას, რაც ასევე დაკვალიფიცირებულია სსკ-ის 182-ე მუხლით.
ბრალდებული ვარ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და დ მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით. ჩემი ბრალდების არსი მდგომარეობს შემდეგში: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩემი უფროსობის პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტის წყალობით, განკარგულებების საფუძველზე, ახდენდა სხვადასხვა ტიპის (საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, წარმომადგენლობითი) ხარჯების დაფარვას (პრეზიდენტის განკარგულბები, ძირითადად, ფორმირებულია შემდეგი სახით: საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებისა და დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების (ავტომანქანებისა და სპეციალური ტექნიკის შეძენა, დასაცავ პირთა ფარული, წარმომადგენლობითი, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, ვიპ მომსახურების, მკურალობის, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვადასხვა ხარჯის ანაზღაურება) დაფინანსება განხორციელდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან).
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამ კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით (კანონის ეს რედაქცია მოქმედებს სდსს-ის უფროსად ჩემი მუშაობისას (25.06.2010-18.02.2013 წწ.).
საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
ამ თვალსაზრისით, ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილით (საკუთარი ამოცანების გადასაწყვეტად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყენებს კავშირგაბმულობის სპეციალურ, სატრანსპორტო, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებებს) და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (აკრძალულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და მისი თანამშრომლებისთვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება, გარდა საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრვი აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) განსაზღვრული რეგულაციები, რაც ასევე ძალაში იყო იმ პერიოდში, როდესაც სამსახურს ვხელმძღვანელობდი.
ანუ მე ბრალდებული ვარ სახელმწიფოს დაცვის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების გამო. რა სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა პრეზიდენტს დაქვემდებარებული გასამხედროებული სამსახურის ხელმძღვანელის არდამორჩილებას ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის სავალდებულო წერილობითი განკარგულებების შესრულების შესახებ?!
ეს არის მთავარი კითხვა მოცემულ საქმეში და გთხოვთ, _ თქვენ, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობის გარანტმა, დააფიქსიროთ თქვენი მკაფიო პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. უნდა ისჯებოდნენ თუ არა საქართველოში ადამიანები საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების გამო?!
ამასთან, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ჩემ წინააღმდეგ წარმოებულ შერჩევით მართლმსაჯულებას.
ჩემი წინამორბედის, ოთარ ქველიძის ხელმძღვანელობისას სდსს-მ იმ ტიპის ხარჯების გაწევა დაიწყო, რაც დღეს ბრალადაა ჩემთვის წარდგენილი. ოთარ ქველიძეს მხოლოდ და მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს.
სდსს-მ ხარჯების გაწევა, რაც დღეს ბრალად ჩემთვისაა წარდგენილი, მას შემდეგაც გააგრძელა, რაც მე აღარ ვარ სდსს-ს უფროსი და სამსახურს ხელმძღვანელობდა ანზორ ჩუბინიძე. აღნიშნულს პროკურატურაც ადასტურებს, მაგრამ ამ დრომდე არავის ბრალეულობაზე არ უმსჯელიათ.
2014 წლის 21-30 სექტემბრის აშშ-ში (ნიუ-იორკი) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე დასასწრებად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა აანაზღაურა 2014 წლის 21 და 28 სექტემბრის სპეცრეისების (თბილისი-მიუნხენი-თბილისის მიმართულებით) ხარჯები. ამავე ვიზიტის ფარგლებში ანაზღაურებულია აშშ-ში ტრანსპორტით მომსახურების, სადილების საჩუქრებისა და სხვა ხარჯები. დოკუმენტურად დადასტურებული აღნიშნული ინფორმაცია გადავაგზავნეთ მთავარ პროკურატურაში, თუმცა არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია, არადა, ფაქტობრივად, ამავე ტიპის ქმედებებთან დაკავშირებით მაქვს ბრალდება წარდგენილი.
რა თქმა უნდა, არც ოთარ ქველიძისა და არც ანზორ ჩუბინიძის ბრალდებულად ცნობას არ ვითხოვ. უბრალოდ, აღნიშნული შემთხვევები იმის სადემონსტრაციოდ მომყავს, რომ ჩემ მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულება ხორციელდება, ვარ დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი. ცხადია, რომ ჩემ მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა ემსახურება არა კანონმდებლობით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების განხორციელებას, არამედ სხვა მიზნებს. შესაბამისად სახეზეა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა.
ამდენად, გთხოვთ, თქვენი მკაფიო პოზიცია დააფიქსიროთ ჩემ მიმართ წარმოებულ შერჩევით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებითაც.
დაინტერესების შემთხვევაში მზად ვართ, სრულად გაგაცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალები.
P. S. იმედია, გულისხმიერად მოეკიდებით ჩემს წერილს და სახალხო დამცველის მხრიდან, პროკურატურის მსგავსად, შერჩევითი მიდგომა არ იქნება. თქვენი დროული და სამართლიანი რეაგირება ჩემთვის, როგორც ათეული წლის მანძილზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში მდგომი ოფიცრისთვის, როგორც სახელმწიფოსგან სრულიად უკანონოდ დევნილი რიგითი მოქალაქისთვის, როგორც სამი შვილის მამისთვის, უკიდურესად მნიშვნელოვანია.
თქვენი რეაგირება ეფექტიანი იქნება მანამ, სანამ სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. იმედს ვიტოვებ, უყურადღებოდ არ დატოვებთ ჩემს თხოვნას და შესაბამისად შეაფასებთ. არ მინდა ვიფიქრო, რომ აღნიშნული წერილი ჩვენი ადრინდელი კორესპონდენციების ბედს გაიზიარებს, როდესაც უპასუხოდ დატოვეთ ჩემი და ჩემი არასრულწლოვანი შვილების ქონებისთვის დადებული ყადაღის უკანონობის საკითხი.
მინდა მჯეროდეს, ამჯერად მაინც თავს დააღწევთ პოლიტიკურ კონიუნქტურას და ადეკვატურად შეაფასებთ ჩემ მიმართ მიმდინარე შერჩევით მართლმსაჯულებას და სრულიად კანონსაწინააღმდეგო სისხლისსამართლებრივ დევნას.
პატივისცემით,
მოქალაქე თეიმურაზ ჯანაშია
მის.: თბილისი, გაგარინის #1, ბინა 4ა, ტელ.: 577500071