„ქრონიკა+“ ამ ნომერში ასრულებს მკითხველისთვის მაჟორიტარული სიით გასულ იმ პარლამენტართა გაცნობას, რომელთა შესახებ საზოგადოება მწირ ინფორმაციას ფლობს, ან მათზე საერთოდ არაფერია ცნობილი.
დავით სონღულაშვილი
გურჯაანელების მაჟორიტარი დეპუტატი, პროფესიით ეკონომისტი დავით სუნღულაშვილი, კახეთის ყოფილი გუბერნატორის _ ბიძინა სონღულაშვილის შვილია. ბიძინა სონღულაშვილი კახეთის გუბერნატორად ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა, მანამდე გურჯაანის რაიონის გამგებელი იყო. დავით სონღულაშვილი 1983 წლის პირველ იანვარს დაიბადა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა. სონღულაშვილი ასევე სწავლობდა მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში, იგი, ამასთანავე, გრენობლის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრია. მისი სამუშაო გამოცდილება 2003 წელს ტელეკომპანია „მზის“ გაყიდვების მენეჯერობიდან იწყება. 2004 წელს ეკავა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწისა და ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობები. 2004-2006 წლებში მოღვაწეობდა „საქართველოს ბანკში“. ის, ასევე, ბიზნესსაქმიანობდა და 2007 წლიდან დღემდე შპს „ედრესის“ მმართველი დირექტორია. სონღულაშვილების საკუთრებაშია დიდი რაოდენობით მიწის ნაკვეთი, სამრეწველო ბაზარი, სამშენებლო კომპანია, სასტუმრო „რები გურჯაანი“ და ა. შ. დავით სუნღულაშვილს 2012 წლის არჩევნების დროს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შემოწირულობის სახით 7000 ლარი აქვს გადარიცხული.
გურამ მაჭარაშვილი
ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი 1971 წლის 19 დეკემბერს თბილისში დაიბადა. პროფესიით გახლავთ სამართალმცოდნე. 2001 წლიდან მუშაობდა „ბანკ ქართუში“ სხვადასხვა პოზიციაზე. იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „ადვოკატთა ასოციაციისა“ და „საბანკო ასოციაციის“ წევრი. 2016 წლიდან მუშაობდა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ. დეპუტატი თბილისში ორ ბინას ფლობს: 63 კვ.მ. სარაჯიშვილისა და 88 კვ.მ. დოლიძის ქუჩაზე. მას, ასევე, სახლი აქვს საგარეჯოს რაიონის სოფ. უჯარმაში. მაჭარაშვილი, ასევე, ფლობს მიწის ნაკვეთებს: საგარეჯოს რაიონის სოფ. უჯარმა _ 600 კვ.მ.; ლაგოდეხის რაიონის სოფ. აფენი _ 2802,00 კვ.მ.; თბილისი, სოფ. თხინვალა _ 750 კვ.მ. და 184 კვ.მ. 2012 წლის არჩევნებზე გურამ მაჭარაშვილმა „ქართულ ოცნებას“ შემოწირულობის სახით 15 000 ლარი გადაურიცხა.
გიორგი ბეგაძე
რუსთავის #30-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე 1972 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. განათლება მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი. 2000-2005 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში. იყო განათლების სამინისტროს პროგრამა „ირმის ნახტომის“ ფინანსური მენეჯერი. 2011 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აპარატის უფროსი; 2013 წელს მუშაობდა ვილნიუსის გამოყენებითი უნივერსიტეტის ლექტორად. 2014 წლიდან დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და იკავებს ტურიზმის ცენტრის დირექტორის თანამდებობას.
ირაკლი მეზურნიშვილი
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი კასპში გახლავთ ირაკლი მეზურნიშვილი. მან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტი დაამთავრა; 2007 წელს დაიცვა დისერტაცია; 2010-2013 წლებში მუშაობდა რუსეთის კვლევით-ანალიტიკურ ცენტრში, საერთაშორისო ფინანსების დეპარტამენტში, პარალელურად კითხულობდა ლექციებს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს უნივერსიტეტში; 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში და ლექციებს კითხულობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ფინანსების განხრით; ახლახან დაასრულა მუშაობა ფილმზე, რომელიც ეხება აშშ-სა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობას. „ეს ფილმი იქნება პასუხი იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს, „ქართული ოცნების“ კურსი პრორუსულია“, _ აცხადებს ის გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში. 2010 წელს ჟურნალ „თბილისელებში“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ ირაკლი მეზურნიშვილთან, რომელიც, ჯერ კიდევ, მოსკოვში მოღვაწეობდა. ჟურნალის ცნობით, მეზურნიშვილი, მეტსახელად „კონსულიჩა“, რუსულ შოუბიზნესში საკმაოდ ნაცნობი ფიგურაა. როგორც ჩანს, ამ სახელს მას შემდეგ ატარებს, რაც მამამისი რუსეთში საქართველოს კონსულად მუშაობდა. მეზურნიშვილი ბიძინა ივანიშვილის რჩეულია. „ერთი ახალგაზრდა გავიცანი, ძალიან საინტერესო, სხვათა შორის, რომელმაც მოახერხა და ინტერვიუები ჩაწერა ამერიკის ყველა ყოფილ ელჩთან საქართველოში. ვნახე ჩანაწერები. თქვენც ნახავთ, რას ამბობს მაილსი სააკაშვილზე“, _ თქვა ივანიშვილმა და დასძინა, _ „ქართული ოცნების“ სიების შედგენაში მონაწილეობა არ მიმიღია, მხოლოდ რამდენიმე კანდიდატს გავუწიე რეკომენდაცია, მაგრამ ერთადერთი, კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილია, რომელიც გუნდმა გაიზიარაო. ირაკლი მეზურნიშვილი დიმიტრი ყიფიანის მე-7 თაობის შთამომავალია დედის მხრიდან. პატრიარქის პატრონაჟით დაბეჭდილ ერთ-ერთ ალბომში მისი ოჯახის შესახებაც არის მოთხრობილი.
იოსებ მაკრახიძე
გორის მაჟორიტარი დეპუტატი, 70 წლის იოსებ მაკრახიძე, გორში დაიბადა. პროფესიით იჟინერი წლების განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაციაში საკუთარი პროფესიით მუშაობდა. არის ღირსების ორდენის ორგზის კავალერი 2001, 2011 წლებში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იგი ამჟამად 3 სამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორია: შპს „ებოლია“, შპს „მათა“ და შპს „იმედი“; გარდა ამისა, იოსებ მაკრახიძე რეგისტრირებულია ინდმეწარმედ, ასევე რამდენიმე კომპანიაში ფლობს სხვადასხვა ოდენობის წილს: შპს „იბოლია“ (40%), შპს „მათა“ (50%), შპს „რიკოთი“ (50%), შპს „ლამური“ და სხვ. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს სამშენებლო კომპანია „იბოლიას“ საქმიანობა, რომელიც, ძირითადად, საავტომობილო გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს და ხშირად იმარჯვებს როგორც გორის მუნიციპალიტეტის, ისე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. კომპანია ასევე ახორციელებს საცხოვრებელი ბინების მშენებლობას, ასფალტის წარმოებას, სამშენებლო მასალებით საბითუმო ვაჭრობასა და ა. შ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2011 წელს შპს „იბოლიას“ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების თანხა 7 458 000 ლარს შეადგენდა, 2012 წელს _ 17 833 423 ლარს, 2013 წელს _ 15 497 356 ლარს, 2014 წელს _ 14 037 503 ლარს, 2015 წელს _ 24 535 147 ლარს, ხოლო 2016 წლის განვლილ პერიოდში _ 8 213 826 ლარს. ამრიგად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ კომპანიასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების საერთო ჯამურმა ღირებულებამ, თითქმის, 90 მილიონი ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ 2011-2012 წლებში შპს „იბოლია“, როგორც წესი, ტენდერების ერთადერთი მონაწილე იყო, რის გამოც უკონკურენტო ვითარებაში შემსყიდველისთვის მაღალი თანხის შეთავაზებითაც უპრობლემოდ იმარჯვებდა.
იმავე პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი მსხვილი კონტრაქტორი იყო, ასევე, შპს „არქმშენსტუდია 2002“, რომლის ხელმძღვანელიც იოსებ მაკრახიძის ძმა, ალექსანდრე მაკრახიძეა. 2010 წელს კომპანიის მიერ მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ტენდერის სახით მიღებული თანხის ოდენობამ 1,5 მილიონი ლარი შეადგინა. იგივე ფირმასთან ურთიერთობისას გორის გამგეობა ხშირად მიმართავდა „ერთ პირთან მოლაპარაკებით“ კონტრაქტის გაფორმების საშუალებებსაც. ჯერ კიდევ 2011 წლის 21 თებერვალს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ბეჭდური ვერსია „ქართლის ხმა“ წერდა, რომ შპს „იბოლიამ“ და მისმა ხელმძღვანელმა მაშინდელ მმართველ პარტიას _ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, იმ პერიოდში 50 000 ლარის ოდენობით შეწირულობა გადაურიცხეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ იოსებ და ალექსანდრე მაკრახიძეები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. კერძოდ, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, 2012 წლის 7 ივნისს, იოსებ მაკრახიძემ იმჟამინდელ სახელისუფლებო პარტიას 25 000 ლარი გადაურიცხა, ალექსანდრე მაკრახიძემ კი 8000 ლარის ოდენობით შეწირულობა განახორციელა. მეორე დღეს იმავე პარტიის ანგარიშზე 6000 ლარი გადარიცხა იოსებ მაკრახიძის ბიზნეს-პარტნიორმა ალექსი თათრიშვილმაც (შპს „მათა“). კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2013 წლის პირველ სექტემბერს გამოაქვეყნა მასალა, სადაც აღნიშნული იყო, რომ იოსებ მაკრახიძემ, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან 104 000 აშშ დოლარი მიიღო, რომლითაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში 100 ტონის ტევადობის ხილის შესანახი საწყობი ააშენა.
იოსებ მაკრახიძეს სახელმწიფო 2012-2014 წლებში ტენდერების მიღება-ჩაბარების აქტებში გაკეთებული ფინანსური მაქინაციებისთვის ედავებოდა, რის შედეგადაც ბიუჯეტმა 80 ათასი ლარით იზარალა. 2016 წლის 22 ივლისს, საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე, მაკრახიძის უფლებების დამცველმა 2012 წლის 28 დეკემბერს და 2016 წლის 24 ივნისს გამოცემული ამნისტიის შესახებ კანონების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობა დააყენა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა, რისი მიზეზიც მაკრახიძის ასაკი იყო.
გიორგი კოპაძე
ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე 1960 წლის 28 თებერვალს ახალციხეში დაიბადა. პროფესიით სამართალმცოდნე 2014 წლიდან „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეა; მუშაობდა „მეცხრე არხის“ დირექტორად, ახალციხის გამგებლის მოადგილედ და საკრებულოს თავმჯდომარედ; 2009 წლიდან 2014 წლის იანვრამდე კოპაძე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს რეზიდენციაში სამეურნეო საქმიანობას ხელმძღვანელობდა; ამავე პერიოდში მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა მუსლიმების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებითა და ხმაურინი განცხადებებით. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ახალციხელების დეპუტატი სოფელ კლდეში ორ მიწის ნაკვეთს ფლობს: 7500,00 კვ.მ. და 1500,00 კვ.მ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოპაძემ შემოწირულობის სახით „ქართულ ოცნებას“ 10 000 ლარი ჩაურიცხა.
გენადი მარგველაშვილი
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი 1968 წლის 12 აპრილს დაიბადა. დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. უმაღლესი განათლებაც მექანიკა-მათემატიკის განხრით მიიღო. დაამთავრა ასპირანტურა მათემატიკის სწავლების მეთოდიკის მიმართულებით. 1991 წლიდან მუშაობდა ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის #41-ე ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში. 2010 წლიდან ამ სკოლის დირექტორია. არის „ღირსების მედლისა“ და ორგზის „ღირსების ორდენის“ კავალერი. ინტერნეტსივრცეში მოიპოვება 2012 წელს გადაღებული ვიდეოკადრები, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მაისურის ტარების გამო სკოლის მოსწავლეები დირექტორმა გაკვეთილებიდან გამოიყვანა და 45 წუთის განმავლობაში საკუთარ კაბინეტში ესაუბრა. როგორც მოსწავლეები აცხადებენ, დირექტორმა მარგველაშვილმა მუქარის შემცველი ტონით მათ მოახლოებული გამოცდებიც შეახსენა. „ინფო 9“-ის ჯგუფმა ფაქტის შესახებ დირექტორთან გასაუბრება მოახერხა. ფარული კამერით ჩაწერილ მასალაში გენადი მარგველაშვილმა მოსწავლეების კაბინეტში დაბარება დაადასტურა, მათი დაშინების მცდელობა კი უარყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარგველაშვილმა „ქართულ ოცნებას“ შემოწირულობის სახით 55 000 ლარი გადაურიცხა.
დიმიტრი მხეიძე
ქუთაისის #48-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი 1974 წლის 21 ივნისს დაიბადა. დიმიტრი მხეიძე პროფესიით ექიმია. 2013 წელს მან დააფუძნა კლინიკა „გიდი“. მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ოტორინოლარინგოლოგად. დიმიტრი მხეიძის განცხადებით, პარლამენტში მისი მუშაობის მთავარი მიმართულება სამედიცინო სფერო იქნება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მხეიძემ შემოწირულობის სახით „ქართული ოცნებისთვის“ 50 000 ლარი ჩარიცხა.
კობა ლურსმანაშვილი
ავტომობილით, რომლის სალონშიც ბიძინა ივანიშვილის ფოტო გამორჩეულ ადგილზეა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი გადაადგილდება. ხარაგაულის ყოფილი გამგებელი პარლამენტში ხარაგაულსა და ბაღდათს წარმოადგენს. დეპუტატმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ BMჭ X5 სახელმწიფო ნომრით 051 სწორედ ის გადაადგილდება, თუმცა ავტომობილი მისი უახლოესი მეგობრის საკუთრებაა, რადგან თავად ავტომობილი არ გააჩნია. როგორც დეპუტატი ამბობს, ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული „კია სპორტიჯი“ გაფუჭებულია და გადასაადგილებლად უვარგისია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ლურსმანაშვილის ოჯახს დედაქალაქში ორი ბინა აქვს: ქვიშხეთის ქუჩაზე 120 კვ.მ. და გლდანის მასივში 36 კვ.მ. მათ, ასევე, აქვთ 7000,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხარაგაულის რაიონის სოფელ თეთრაწყაროში და 591,00 კვ.მ. სოფელ დიღომში. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ლურსმანაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 10 000 ლარი შესწირა.
შალვა კიკნაველიძე
ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე 1987 წლის 19 მარტს ზესტაფონში დაიბადა. 2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2010 წელს სწავლა გააგრძელა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. ამჟამად ამავე უნივერსიტეტის სამართლის დოქტორია. 2012-2014 წლებში იყო „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარის მოადგილე. 2012 წლიდან იყო მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი. ერთი თვე არც არის, რაც შალვა კიკნაველიძე დაოჯახდა, მისი რჩეულია თათია სახელაშვილი. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად კიკნაველიძეების ოჯახს თბილისში, გლდანში აქვთ 61,00 კვ.მ. ბინა; ასევე 120,00 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი ზესტაფონის რაიონის სოფ. როდინაულში და 252,00 კვ.მ. ზესტაფონში. სოფ. როდინაულში ასევე ფლობენ 12662,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთს.
სულთან მახათაძე
ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატ სულთან მახათაძის შესახებ ინტერნეტსივრცეში მხოლოდ ერთი ინტერვიუ მოიპოვება. ის ერთ-ერთ სააგენტოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოზიციიდან ესაუბრება.
ნინო წილოსანი
„ქართული ოცნების“ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი 1982 წლის 19 თებერვალს დაიბადა. განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მინიჭებული აქვს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2011 წლიდან დღემდე შპს „ვაგონშემკეთებელი კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. 2014 წელს დააფუძნა „ფონდი წილოსანი“ და დღემდე მისი პრეზიდენტია. დეპუტატის ოჯახს დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავებიან. კერძოდ, საქმეში ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი ფიგურირებს, _ 2013 წლის 13 მაისს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს: „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი და შპს „ვაგონმშენებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი დავით ჯინჯოლია, მასთან ერთად, „სატვირთო გადაზიდვების“ დირექტორი აბელ გიორგობიანი, გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი, შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი, გენერალური დირექტორი ირაკლი თოდუა, დირექტორები _ მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე. პროკურატურის ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ „საქართველოს რკინიგზასა“ და „ვაგონმშენებელ კომპანიას“ შორის, ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან 5 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლებშიც „საქართველოს რკინიგზამ“ 1 სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა _ 39 ათასი დოლარი მიუთითა, რეალურად კი ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათას ლარს აღწევდა. საქმეში მითითებულია, რომ, ჯამში, დაკავებულებმა შპს „საქართველოს რკინიგზას“ 65 მილიონი ლარის ზარალი მიაყენეს. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც 7-დან 11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა სასამართლომ მაშინ ვაგონშემკეთებელი ქარხნის მაღალჩინოსნები გირაოთი გაათავისუფლა, ირაკლი ეზუგბაიას კი ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მის კომპანიას სახელმწიფოს დავალიანება არ აქვს, დანარჩენი კი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
ირაკლი ხახუბია
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 1971 წლის 15 მაისს ფოთში დაიბადა. 1994 წელს დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ავტოსაინჟინრო ფაკულტეტი, შემდეგ სწავლობდა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე; 2000-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს შემოსავლების სამსახურში; 2007 წლიდან არის შპს „აისბეგრგი 2“-სა და „ჯეონათის“ მფლობელი. „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხახუბიას „ნაციონალური მოძრაობის“ სპონსორი უწოდა. ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ ირაკლი ხახუბიამ 2012 წლის 27 აგვისტოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 10 000 ლარი შესწირა.
ირაკლი ბერაია
„ქართული ოცნებიდან“ პარლამენტში ორი ირაკლი ბერაიაა. სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი 1978 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. განათლება მიიღო აშშ-ში, ბლექბუტის უმაღლეს სკოლაში; დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია; 2002-2004 წლებში მუშაობდა ბერძნულ-ქართულ კომპანია „ქსილოტრანსში“; 2004 წელს მუშაობდა საქართველოს პარლამენტში; 2005-2006 წლებში სწავლობდა დიდ ბრიტანეთში და მოიპოვა დიპლომატიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 2007 წელს მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორად; 2012 წელს დაინიშნა შს სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორად; შემდეგ უსაფრთხოების სამსახურში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად. არის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ლეიტენანტი.
ირაკლი (დაჩი) ბერაია
ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტი და ფინანსისტია და მას კომერციულ საბანკო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან „ქართუ ბანკში“ მუშაობა რიგითი თანამშრომლიდან დაიწყო და ცენტრალური ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. ბერაია 1976 წლის 23 ივლისს დაიბადა. უმაღლესი განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით.
გოგა გულორდავა
წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დეპუტატი გოგა გულორდავა 1978 წლის 21 დეკემბერს თბილისში დაიბადა. პროფესიით გახლავთ სამართალმცოდნე. მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში; კერძო სექტორში იურისტად; 2013 წელს იყო კლინიკა „ოქსფორდ-მედიკალ ჯორჯიას“ დირექტორი; 2013 წლიდან იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით გულორდავას ქონებას შეადგენს თბილისში, ვაშლიჯვარში მდებარე 72,00 კვ.მ. ფართის ბინა და 280,00 კვ.მ. ფართი ჯიქიას ქუჩაზე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გულორდავამ „ქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი ჩაურიცხა.
ლევან ბეჟანიძე
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ბეჟანიძე 1958 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. პროფესიით ექიმმა სამედიცინო ინსტიტუტი რუსეთში დაამთავრა. 1984-2015 წლებში მუშაობდა ბათუმის სამშობიარო სახლში სხვადასხვა პოზიციაზე, 2014 წლიდან კი მისი დირექტორია. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი. 2012 წელს მიენიჭა „ღირსების ორდენი“. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბეჟანიძემ „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა.
მუხრან ვახტანგაძე
ბათუმის #70-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე 1973 წლის 22 იანვარს დაიბადა. დაამთავრა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია. 2015 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი. 2000 წელს მიენიჭა „ღირსების ორდენი“. არის ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის ორგზის კავალერი: 2001-2003 წწ.-ებში აქვს წარმატებული სპორტული კარიერა; ჭიდაობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 2013 წელს მიიღო „სპორტის რაინდის“ წოდება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მუხრან ვახტანგაძემ „ქართულ ოცნებას“ 10 000 ლარი შესწირა.
კობა ნაკაიძე
ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე პროფესიით ექიმია. ის 1961 წლის 31 მაისს დაიბადა; 1988 წლიდან აჭარის სხვადასხვა საავადმყოფოში მუშაობდა; 2012-2015 წლებში აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი იყო; 2015-2016 წლებში სსიპ „აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ნაკაიძეების ოჯახი ფლობს ბინებს ქობულეთში, ბათუმსა და თბილისში, ასევე 321 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ქობულეთში. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქობულეთის დეპუტატმა „ქართულ ოცნებას“ 10 000 ლარი შესწირა.
ილია ნაკაშიძე
აჭარელი კოლეგების მსგავსად ხელვაჩაურის დეპუტატი ილია ნაკაშიძეც პროფესიით ექიმია. ის 1959 წლის 12 მაისს დაიბადა. ექიმის პროფესიას ლუგანსკის სამედიცინო ინსტიტუტში დაეუფლა; 2003 წელს მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი; 1984-დან 2016 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში; არის არაერთი პუბლიკაციისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაკაშიძემ „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა.
თამარ ბატიაშვილი