რუბრიკა „ყოფილების“ სტუმარია ზვიად გამსახურდის ხელისუფლების განათლების, კულტურისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ცნობილი ლიტერატორი თემურ ქორიძე:
_ ბატონო თემურ, როგორ აღმოჩნდით ხელისუფლებაში?
_ მართალი გითხრათ, ახალგაზრდობიდანვე რომანტიკოსი ვიყავი, ათასი ოცნება მქონდა, მაგრამ პოლიტიკოსობაზე არასოდეს მიფიქრია. კარგ ოჯახში ვიზრდებოდი. გვარიშვილობაშიც შესანიშნავი ადამიანები გვყავდნენ. მათი სახელების გახსენებისას ჟრუანტელი მივლის. აქედან რომ ვაკვირდები, ვგრძნობ, რომ ისინი ნამდვილი არისტოკრატები იყვნენ. შეიძლება, ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ დაბეჯითებით უნდა ვთქვა, რომ არისტოკრატიზმი (ანუ გამორჩეულობის შეგრძნება) ჩვენი ცხოვრების აუცილებელი თანმდევი უნდა იყოს. ხელისუფლებაში ჩემი მოსვლა ზვიად გამსახურდიამ განსაზღვრა. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით. ლიტერატურის ინსტიტუტში ერთად ვმუშაობდით. გარდა ამისა, მსოფლმხედველობითაც ნათესაობას ვგრძნობდით. გინდა თუ არა, უზენაეს საბჭოში უნდა შემოხვიდეო... არა, ეს ჩემი საქმე არაა-მეთქი. მან კი, იცით, რა მითხრა? _ რას მიშვრებით, მარტო მიშვებთ საომრადო? და მეც დავთანხმდი!
_ მერე რა მოხდა?
_ მერე მის გვერდით დავჯექი და გარდა იმისა, რომ ზვიადი, როგორც ადამიანი, ყოველთვის მხიბლავდა, ის ჩემთვის ახალი ილია ჭავჭავაძე გახდა.
_ ილია ჭავჭავაძე?
_ დიახ, დიახ! ზვიადი მაშინვე ახალ ილია ჭავჭავაძედ აღვიქვი. დაბადების დღის აღსანიშნავ სუფრაზე ვუთხარი კიდეც, _ აუცილებლად ტყვიით მოკვდები-მეთქი. ამის მოწმენი დღეს ცოცხლები არიან და შეგიძლიათ, ჰკითხოთ. მაშინ არც ზვიადს და არც იქ მყოფთაგან პროტესტი არავის გამოუთქვამს. მახსენდება, თავდაპირველად უარს ამბობდა, არ სურდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, _ თქვენ შედით პარლამენტში, მე კი გარედან დაგიჭერთ მხარსო, _ გვეუბნებოდა. იცოდა, როგორი სამიზნე ხდებოდა მოწინააღმდეგეთათვის. არადა, ისტორიული ჟამი მოახლოებული იყო. სამშობლო მისგან გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ითხოვდა და, ბოლოს და ბოლოს, მან ეს ნაბიჯიც გადადგა. წინასაარჩევნო შეხვედრებზე პირადი მხარდაჭერის მოპოვებას არ ეშურებოდა. ხალხს უფრო დიდი, ჭეშმარიტად ისტორიული არჩევანისთვის რაზმავდა. 1990 წლის 26 მაისს განსაცვიფრებელი სიტყვა წარმოთქვა. ეს იყო ორატორული ხელოვნების ნამდვილი შედევრი, ნათელი და მკაფიო იდეალის გაბრწყინება, რომელმაც მაშინ შეძრა და ერთად დააყენა მთელი საქართველო. არავითარი მოწოდება, _ მხარი დამიჭირეთო; არავითარი თხოვნა, _ ხმა მომეცითო და მე გამომარჩიეთო. არა! ჭეშმარიტი გზა, ილიას გზა აირჩიეთო, _ მიმართავდა ქართველობას, უხსნიდა, მოძღვრავდა და შთააგონებდა მთელ საქართველოს და საქართველომაც აირჩია! ზვიადი აირჩია! არა ძვირფასი თვლებით მოჭედილი გვირგვინისთვის, არამედ ეკლის გვირგვინისთვის აირჩია!.. 1990 წლის აგვისტოს ერთ დღეს ზვიადმა „კოლხურ კოშკში“ მიხმო. ეზოში დავსხედით. ჩაფიქრებული და განაწამები სახე ჰქონდა. მცირე ხნის დუმილის შემდეგ ხელნაწერი ქაღალდი გამომიწოდა და მთხოვა: წაიკითხე და შენი გულწრფელი აზრი მითხარიო. წერილის შინაარსი, დაახლოებით, ასეთი იყო: ვინაიდან არჩევნებში ჩემი მონაწილეობა აშკარად იწვევს გარკვეულ ძალთა გააფთრებას, რაც გამოიხატება „მრგვალი მაგიდის“ წინააღმდეგ გაჩაღებული აღვირახსნილი ექსცესებით, ვაცხადებ, რომ პირადად მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას და უარს ვამბობ, კენჭი ვიყარო უზენაეს საბჭოშიო. იქვე ამომრჩევლებს მოუწოდებდა, ერთსულოვნად დაეჭირათ მხარი „მრგვალი მაგიდის“ კანდიდატებისთვის. _ 250-ვე ადგილი „მრგვალ მაგიდას“, _ ასე ამთავრებდა თავის მიმართვას ზვიად გამსახურდია. ბარათი რამდენჯერმე წავიკითხე. პასუხის გაცემა უამრავ პრობლემაზე დაფიქრებას საჭიროებდა. არ მახსოვს, რამდენი დრო გავიდა. ბოლოს ავდექი, ზვიადს მხარზე ვემთხვიე და ვუთხარი, _ ეს მაჰათმა განდის მიერ გადადგმულ ნაბიჯს ჰგავს-მეთქი. შემდეგ თვითონ ალაპარაკდა. ჩანდა, რომ დეტალურად ჰქონდა მოფიქრებული და აწონილ-დაწონილი მოვლენათა შესაძლო განვითარება. _ უზენაეს საბჭოში ჩვენი ხალხი მაინც გააკეთებს თავის გასაკეთებელ საქმესო, _ დასძინა მან და თან მთხოვა, რამდენიმე დღით ქალაქიდან გავდივარ და ჩემთან შეუთანხმებლად ტექსტს ნურავის გააცნობო. ეს ის დრო იყო, როდესაც „შეურიგებლები“ მთელი ქვეყნის გასაგონად გაჰყვიროდნენ, _ ნახეთ, ზვიად გამსახურდია თანამდებობას დახარბდა და ხელისუფლებაში ყოფნა ამიტომ მოიწადინაო. ზვიადი კი, ვისაც მე კარგად ვიცნობდი და, ვისიც ხშირად უსიტყვოდაც კი მესმოდა ხოლმე, სავსებით გულწრფელი იყო თავის გადაწყვეტილებაში.
_ მერე როგორ განვითარდა მოვლენები?
_ ნაშუადღევს, მაჩაბლის ქუჩაზე, „მრგვალი მაგიდის“ სხდომა უნდა გამართულიყო. შენობასთან, როგორც წესი, უამრავ ხალხს მოეყარა თავი. უმრავლესობა ზვიადის მომხრე იყო, მაგრამ არც ავად მოქირქილენი აკლდნენ მსგავს შეკრებებს. მათ სახეებს უმალ გამოარჩევდი, ბოღმით სავსენი, გაბოროტებულნი, ავად მომზირალნი ზვერავდნენ, თუ რა ხდებოდა გარშემო. ეს ბოღმა და გაბოროტება მათ ზვიადის გამო შეჰყროდათ. ვერ იქნა და მისთვის ვერ ეპატიებინათ, რომ ერმა სწორედ ის აღიარა თავის ერთადერთ წინამძღოლად; ვერ აპატიეს, რომ საქართველოს თავისუფლების გასაღები განგების წესით სწორედ მის ხელთ აღმოჩნდა. მაშინ ამგვარმა ფიქრმა გამიელვა _ დამერღვია ზვიადის თხოვნა, _ ჩემი ნების გარეშე მიმართვა არავის აჩვენოო. მაჩაბლის ქუჩაზე შეკრებილთაგან, ბევრს, ალბათ, ახლაც ახსოვს, საჯაროდ როგორ წავიკითხე ის მიმართვა. ძალზე მრავალი ადამიანის თვალზე შევნიშნე ცრემლი, რომელშიც ერთნაირად ირეკლებოდა სიხარულიცა და მწუხარებაც. დიახ! დიახ! მაშინ ზვიადს ჯერ კიდევ შეეძლო, ჰქონდა შანსი, უარი ეთქვა ეკლის გვირგვინზე, მაგრამ მან სხვაგვარად გადაწყვიტა.
_ როგორი იყო ხელისუფლებაში ყოფნა? ნეტარება თუ ეკლის გვირგვინი?
_ ვაი მას, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის სურვილი ამოძრავებს. აქედან ვურჩევ, ხელი აიღოს ასეთ განზრახვაზე. ხელისუფლება ზოგიერთს კეთილდღეობის წყაროდ მიაჩნია. ეს საშინელებაა _ აქედან იწყება ყველა უბედურება, რაც კი შეიძლება, ქვეყანას დაემუქროს.
_ თქვენ როგორ იქცეოდით?
_ ჩვენ უმძიმეს ვითარებაში მოგვიხდა ხელისუფლების სათავეში ყოფნა. უზარმაზარი იმპერია დაინგრა. რყევები დედამიწის ყველა კუთხეში აღინიშნებოდა, ვერც ჩვენ დავრჩებოდით ხელშეუხებლად. ამას დაემატა ჩვენი ისტორიული, თითქმის თანდაყოლილი მანკიერებები: ურთიერთგაუტანლობა, შური და ა. შ.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს „ისტორიული მანკიერებები“ დღესაც ახდენს ზემოქმედებას ჩვენს ცხოვრებაზე?
_ ცხადია, დღესაც ახდენს. ჩვენ ხომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სახელმწიფო არ გვქონია და აქედან გამომდინარე, არც სახელმწიფოებრივი აზროვნება და ქცევები ჩამოგვყალიბებია.
_ როგორ ფიქრობთ, ამ მხრივ დღეს რაიმე წინსვლა და პროგრესი იგრძნობა?
_ სამწუხაროდ, სახელმწიფოებრივი აზროვნების თვალსაზრისით დღესდღეობით შესამჩნევი პროგრესი არ იგრძნობა. ჩვენ შევყურებთ „ერის მამებს“, რომელთაც ასიათასობით დოლარის სესხი აქვთ გამოტანილი ბანკებიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებისთვის ხელისუფლებაში ყოფნა ფულის შოვნის საშუალებაა და სხვა არაფერი. ღმერთმა ხელი მოუმართოთ! მაგრამ ქართველი ხალხი რატომაა ვალდებული, რომ ამ „მოხერხებული“ ადამიანების მსხვერპლად იქცეს?!
_ თქვენ ფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი დღეს „მსხვერპლის“ მდგომარეობაშია?
_ დიახ, რა თქმა უნდა, _ დღეს ჩვენ მონურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მოჩვენებითი დემოკრატია არაფერს ცვლის. ხალხი თავის გასაჭირზე გაჰყვირის, მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს ცინიზმია! ხელისუფლება ხალხს დასცინის! მგონია, რომ ქართველი საზოგადოება უკვე მიხვდა, რომ ვინმე ივანიშვილი მესია არ არის და მისი ცოდნა და განათლება ერთობ მოკრძალებულია. ივანიშვილი, ვინც, თავის დროზე, ფული ძარცვით იშოვა, არ შეიძლება, სახელმწიფოებრიობის სათავეში მოვაქციოთ. ივანიშვილი ჩვეულებრივი თაღლითია. სანამ საქართველო მისგან არ განთავისუფლდება, დამერწმუნეთ, არაფერი გვეშველება.
_ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებაზე რა აზრის ხართ?
_ ეს ორგანიზაცია უკვე დასრულებულია. ამაზე დიდი ხნის წინათ ვწერდი და ვამბობდი! დიქტატურები დროის გარკვეულ ფარგლებში იხვეჭენ გავლენას და მალევე ასრულებენ არსებობას. ჭკუა უნდა ვისწავლოთ. დადგა დრო, როცა გონება უნდა მოვიკრიბოთ და ჩვენი სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობაზე ვიფიქროთ. ამისთვის საჭიროა, ხელისუფლებაში არ ავირჩიოთ შარლატანები და ობივატელები, ე. წ. ბიზნესმენები და მსგავსი ელემენტები, ანუ ისეთი ადამიანები, როგორიც ახლა აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ.
_ ფიქრობთ, რომ 2016 წლის ოქტომბერში ქართველმა საზოგადოებამ ცუდი არჩევანი გააკეთა?
_ რა თქმა უნდა! ეს იყო საშინელი არჩევანი. ნუთუ, ჩვენი თანამემამულეები ვერ მიხვდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მართვის უნარი არ გააჩნია?! როდის უნდა შევიგნოთ, რომ მომხვეჭელი და სახელმწიფო მოღვაწე სხვადასხვა კატეგორიის ცნებებია? რა დროს ივანიშვილია?!
_ თქვენ ივანიშვილზე აკეთებთ აქცენტებს...
_ დიახ! ივანიშვილს დონალდ ტრამპზე მეტი ფული აქვს, მაგრამ, იქნებ, ვინმემ დამისახელოს ამ 20-30 წლის განმავლობაში ივანიშვილმა რა შექმნა ისეთი, რომელიც „ტრამპ-თაუერის“ მსგავს სახელს დაიმკვიდრებდა ბიზნესში? ივანიშვილი ჩვეულებრივი მეჯღანუაშვილია და მეტი არაფერი... ჩვენი შეცდომა კი ის არის, ამ მეჯღანუაშვილისგან სახელმწიფო მოღვაწეს რომ ვქმნით...
_ თქვენ განათლების, კულტურისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე იყავით. ამ მიმართულებით რა გააკეთეთ და რისი გაკეთება ვერ შეძელით?
_ უნდა გითხრათ, რომ ვერაფრის გაკეთებაც ვერ შევძელით. გეგმები და პროგრამები, გაგიხარიათ, გრანდიოზული გვქონდა, მაგრამ მათი განხორციელება ვერ მოხერხდა. მინდოდა, კორუფციისგან აბსოლუტურად თავისუფალი სისტემა შემექმნა. ეროვნული გამოცდების უკეთესი ვარიანტიც გვქონდა. ის, რაც დღეს ხდება, გაუგონარი არაპროფესიონალიზმია. ეროვნული გამოცდების ახლანდელი სისტემა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არის გონებრივად დაქვეითებული და უწიგნური მოზარდების თავშესაქცევი სისტემა. ამ ხერხით შერჩევის წესი დამღუპველია ჩვენი საზოგადოებისთვის!
_ „კომბლეზე“ რას იტყვით?
_ მესმის, რასაც გულისხმობთ. ახლანდელი განათლების მინისტრი, შესაძლოა, კარგი თეორეტიკოსია, მაგრამ მას, როგორც ჩანს, განათლება აკლია. მან ბევრი რამ არ იცის და უნდა ისწავლოს! მანამდე კი მინისტრობაზე უარი უნდა თქვას. ფოლკლორული და ლიტერატურული ტექსტების ანალიზი ამ პიროვნების საქმე არ არის. ამ სფეროში ის აბსოლუტური პროფანია. განათლების მინისტრი სხვა რანგისა და მასშტაბის მოაზროვნე უნდა იყოს.
_ მაინც, როგორი უნდა იყოს თანამედროვე სახელმწიფო მოღვაწე?
_ სახელმწიფო მოღვაწე განათლებული, წესიერი და ასკეტური პიროვნება უნდა იყოს.
_ თქვენ ასეთი იყავით?
_ ყოველ შემთხვევაში, ვცდილობდი, ასეთი ვყოფილიყავი.
_ ქრთამი არ აგიღიათ?
_ არა! ქრთამი არასოდეს ამიღია!
_ თქვენზე ამბობენ, რომ კუთვნილი ბინა სხვას დაუთმოო...
_ ამ თემაზე, როგორც წესი, არ ვსაუბრობ ხოლმე. კეთილ საქმეში ყველაზე მომხიბვლელი მისი დამალვის სურვილია. მეც ასე ვიქცევი. თუმცა უკვე გაიგეს ამის შესახებ და ახლა ამიტომაც ავლაპარაკდები: დიახ, ზვიადი ძალიან მოწადინებული იყო, რომ მე სრულყოფილი საცხოვრებელი მქონოდა. ძალზე წუხდა, რომ ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდი და ბიბლიოთეკის ადგილიც კი არ მქონდა. ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე გამომიყვეს სამთავრობო სახლი, მაგრამ მე კატეგორიული უარი ვთქვი და იქ მრავალშვილიანი ოჯახი შევასახლე. დღემდე მიხარია, რომ სიხარბეს არ ავყევი და ისე მოვიქეცი, როგორც წესიერი ადამიანი უნდა მოქცეულიყო.
_ მამათქვენის მკვლელი მართლა გაათავისუფლეთ პატიმრობიდან?
_ ამ თემაზე ლაპარაკი მიმძიმს... მამაჩემი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მაშინ ხელისუფლებაში ვიყავი. მე ყველა წესი და სუბორდინაცია დავარღვიე, ძალაუფლება ბოროტად გამოვიყენე და პატიმარი გავათავისუფლებინე. მამაჩემი პატიოსანი კაცი იყო და არ მინდოდა, იმქვეყნად ვინმეს ცოდვა გაჰყოლოდა... ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, რას ვიზამთ...
_ ამის გაკეთებას, ალბათ, გარკვეული სიძლიერე სჭირდება...
_ აბა, რა ვიცი... ზოგჯერ ძლიერი ვარ, ზოგჯერ კი _ სუსტი... უფრო მეტად კი მგონია, რომ ცხოვრებისაგან გაკაჟებული ვარ. არ ვიცი, რამ უნდა შემაშინოს! რა არ გამომიცდია, რა არ გადამიტანია, ტკივილზე რომ არაფერი ვთქვა, უძვირფასესი ადამიანები დავკარგე, თუმცა არც დამიკარგავს, მაგრამ მაინც... მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ვაზროვნებ და განვიცდი.
_ ყველაზე მეტად გული რაზე გწყდებათ?
_ საყვარელ ადამიანებზე, მშობლებზე, ახლობლებზე... მათი სახეები არ მშორდება. მუდამ ვახსენებ ძვირფას აკაკი გაწერილიას, _ მარადიულ მასწავლებელსა და მეგობარს, არისტოკრატს, დენდს, მწიგნობარს, სწავლულს, არტისტს...
_ ყოველთვის ახსენებთ აკაკი გაწერილიას...
_ დიახ! აკაკი გაწერილია, როგორც მეცნიერი, მწერალი და სწავლული კაცი ჩემთვის დღემდე რჩება იდეალად. ის იყო ღრმად განათლებული პიროვნება, მართალი და პრინციპული ადამიანი. ამასთან ერთად, აკაკი გაწერილია იყო ამაღლებული ესთეტი და მომხიბლავი თვისებების მქონე პიროვნება.
თამარ ბატიაშვილი