QronikaPlus
გალარება _ უაზროდ განიავებული 65 მილიონი, თუ გონივრულად დაგეგმილი ერთობლივი პროექტი?

გალარება _ უაზროდ განიავებული 65 მილიონი, თუ გონივრულად დაგეგმილი ერთობლივი პროექტი?

2016-12-10 10:09:04

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მთავრობასთან ერთად საზოგადოებას სესხების გალარების პროგრამა წარუდგინა, რომელიც 2015 წლის პირველ იანვრამდე კომერციული ბანკების მიერ აშშ დოლარით გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირების სესხების გალარებას გულისხმობს. იგი 2017 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება და ორ თვეს გაგრძელდება.   ცხადია, ჯერ კიდევ, ლარის კურსის მეტად გაუფასურების ფონზე ახალმა პროგრამამ უამრავი კითხვის ნიშანი დაბადა და მათზე პასუხის გაცემაც ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურ გვერდზე განთავსებული განცხადებით გადაწყვიტა, სადაც ვკითხულობთ, რომ პროგრამა იმ პირების დოლარში აღებული სესხების ნებაყოფლობით გალარებას გულისხმობს, რომელთა სესხებიც უძრავი ქონებითაა უზრუნველყოფილი, ეს ყველაფერი კი ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე მოხდება და იგი ერთჯერად სოციალურ პროექტს წარმოადგენს.   ასევე ცნობილია, რომ მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას. სესხების გალარება ნებაყოფლობით პროცესს წარმოადგენს და თავად ბანკები ვალდებულნი არიან, ამ პროგრამის შესახებ ყველა მსესხებელს აცნობონ, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები:   „მსესხებელს საშუალება ექნება, შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს, რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს გააუქმებს“, _ ნათქვამია განცხადებაში.   როგორც განიმარტება, სუბსიდირება ეხება 2015 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, ფიზიკური პირის აშშ დოლარის საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას, ან მის ნაწილს (არაუმეტეს 100 ათასი ლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის პირველი იანვრისთვის არსებული ძირითადი თანხის 90%-ს.   მაგალითად:   1. თუ 2015 წლის პირველ იანვრამდე გაცემული 150 ათასი ლარის სესხის ნარჩენი ღირებულება 2016 წლის 28 ნოემბრისთვის შეადგენს 120 ათას ლარს და სრულად არის უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით, პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გავრცელდება მხოლოდ 100 ათასი ლარის სესხზე;   2. თუ 2015 წლის პირველ იანვრამდე გაცემული 80 ათასი ლარის სესხის ნარჩენი ღირებულება 2016 წლის 28 ნოემბრისთვის შეადგენს 70 ათას ლარს და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილია მხოლოდ 60 ათასი ლარი, პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გავრცელდება მხოლოდ 60 ათას ლარზე.   ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა თარიღთან დაკავშირებით (მათ შორის, ექსპერტებშიც), თუ რატომ შეირჩა, მაინცდამაინც, 2015 წლის პირველი იანვარი, რა პროცენტით გასცემს კომერციული ბანკი გალარებულ სესხს და რა კურსით მოხდება სესხის გალარება?   ამაზე კი ე.ბ. შემდეგნაირად პასუხობს:   „აღნიშნული სქემის მიზანია, მომხმარებლებს შევუმსუბუქოთ სესხის მომსახურების ტვირთის ზრდა, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა. არსებული გათვლებით, ყველაზე მეტად ეს 2015 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ სესხებს შეეხო.   მათ, ვინც უკვე კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ აიღო სესხი, აღნიშნული ინიციატივა არ ეხებათ, თუმცა მათ აქვთ საშუალება, ბანკებს მოელაპარაკონ და სესხები გაალარონ.   კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლადპროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.   სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.5 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.3 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.   თავად მსესხებელს შესაძლებლობა ექნება, სესხი იმ ბანკში გაალაროს, რომელიც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს. ამ პროგრამის ფარგლებში მოხვედრილი სესხებისთვის წინმსწრებით დაფარვის საკომისიო გაუქმდება. ეს პროექტი არ ეხება იმ სესხებს, რომლებიც ლარით, ევროთი, ან სხვა ვალუტით იყო გაცემული 2015 წლის პირველი იანვრისთვის და მერე მოხდა მისი გადოლარება“.   „რაც მთავარია, ამ ოპერაციით ლარის მასა ეკონომიკაში არ შეიცვლება“, _ გვაიმედებს ეროვნული ბანკი. მიუხედავად პროექტის მსგავსად დახასიათებისა, მის მნიშვნელობას ექსპერტები სკეპტიკურად აფასებენ, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ისე რიგითი მსესხებლისთვის.   აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:   _ კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება გალარების პროექტი და რამდენადაა ის მორგებული რიგით მსესხებელზე, რომელსაც სესხი დოლარში აქვს აღებული?   _ როგორც მთავრობამ წარმოადგინა, მიზანი არის სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა და მსესხებლის სავალუტო კურსის გაუფასურებისგან დაზღვევა. თუმცა, ჩემი აზრით, ეს არც სავალუტო რყევისგან დაიცავს ადამიანს, ანუ იგი ვერ იქნება დაცული, უფრო მეტად დაზღვეული გაუფასურებისგან და არც ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს, შესაბამისად, იკვეთება ასპექტები:   როდესაც სესხი აღებული აქვთ დოლარში და, რა თქმა უნდა, შემოსავალი აქვთ ლარში, ამ უკანასკნელის გაუფასურებისას რეალური შემოსავალი მცირდება და ეს, ბუნებრივია, იმას ნიშნავს, რომ ადამიანები არ არიან დაზღვეულები სავალუტო რისკისგან. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სესხი გექნებათ ლარში, სავალუტო რისკების სიმძიმე კომერციულ ბანკებზე გადადის, რადგან მათ უცხოურ ვალუტაში  აქვთ სესხი მოზიდული. ანუ მათ მაინც მოუწევთ ლარის გადოლარება სესხების გადასახდელად, ამდენად ეს ლარზე ზეწოლას და დოლარზე მოთხოვნას არ შეამცირებს, როგორც ამას ხელისუფლება ამბობს.   არ შემცირდება დოლარზე მოთხოვნა და ეს ლარს არ გაამყარებს, ამდენად, კომერციული ბანკები შეეცდებიან, საპროცენტო განაკვეთის გაზრდას. თუ ლარი განაგრძობს გაუფასურებას, იგი საპროცენტო განაკვეთში აისახება და ფიზიკურ პირს კრედიტი გაუძვირდება.   იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომერციული ბანკი დაზღვეული იქნება ე.ბ.-სგან და თუ ე.ბ. სავალუტო რეზერვებიდან მისცემს სესხს კომერციულ ბანკებს, ხოლო სანაცვლოდ ლარს მოსთხოვს და არა დოლარს, ამ შემთხვევაში სავალუტო რყევის სიმძიმე ეროვნულ ბანკზე გადადის. საბოლოო ჯამში, ან სავალუტო რეზერვები უნდა შემცირდეს, ან ლარის მასა უნდა გაიზარდოს, რაც გრძელვადიან  პერიოდში ინფლაციის რისკებს გააჩენს,  მოკლევადიან პერიოდში კი ხელს შეუწყობს ლარის კურსის გაუფასურებას. ეროვნულმა ბანკმა ან  სავალუტო რეზერვები უნდა შეამციროს, ან მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს.  ამ პროექტის ფარგლებში რეალურად საპროცენტო განაკვეთია პრობლემა იმ ადამიანისთვის, ვისაც სესხი დოლარში ჰქონდა და ლარში გადაიტანს, ანუ ადრე თუ პრობლემას გაუფასურება წარმოადგენდა, ახლა საპროცენტო განაკვეთი იქნება პრობლემა.   _ რამდენადაა ქვეყნის ბიუჯეტი მზად იმისთვის, რომ სწორედ აქედან დაფინანსდეს კურსთაშორისი სხვაობა?   _ როგორც უნდა შევხედოთ ბიუჯეტიდან ამ პროექტის დაფინანსებას, წარმოიდგინეთ, რამდენი ალტერნატივა არსებობს და  მაგალითად, რამდენი კმ გზის დაგება, რამდენი გაჭირვებულის დახმარება, ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ან სხვა ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება იმ 65 მილიონი ლარით. რატომ, მაინცდამაინც, ეს პროექტი? თანხა, რომელიც კომერციულ ბანკებს უნდა გავუხადოთ, შეიძლება, უკეთეს საქმეში წავიდეს.   ისე, როგორც ეს  მთავრობამ და ე.ბ.-მ დააანონსა, რომ მათ ძალიან კარგი პროექტი შეიმუშავეს, რომელიც ეკონომიკას გააჯანსაღებს, გამოასწორებს და ლარიზაციაა ის, რაც გვიშველის _ არ გახლავთ სწორი. პრობლემაა დასმული არასწორად. სინამდვილეში, პრობლემაა ეკონომიკის დამუხრუჭება და მისი ძალიან დაბალი პროცენტით ზრდა. ეკონომიკა რომ მაღალი პროცენტით იზრდებოდეს, ლარი გამყარდებოდა და შესაბამისად, ადამიანებზე, რომელთაც დოლარში აქვთ სესხი, ლარის გამყარება მათ რეალურ შემოსავალზე პირიქით, პოზიტიურად იმოქმედებს. საბოლო ჯამში, ლარიზაცია უფრო არაპროგნოზირებადს ხდის გარემოს და არაპროგნოზირებადობა უფრო მეტად უშლის ხელს ეკონომიკის განვითარებას, ვიდრე ხელს უწყობს მას.       სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფაზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავაც:   _ თუ მთავრობამ ეს თანხები ასეთი პროცედურებისთვის დახარჯა და ამან შედეგი არ გამოიღო, ფაქტობრივად, 65 მილიონი ლარი გაანიავა. მე პირადად ღრმად მეპარება ეჭვი, რომ ამ დედოლარიზაციის პროგრამამ ხელი შეუწყოს  სავალუტო კურსის სტაბილურობას. გარდა ამისა, თვითონ ამ გალარების პროგრამაში გაურკვეველია, რატომ იქნა აღებული სესხები მხოლოდ უკვე მილევად რეჟიმში, რომელთა დაფარვის ვადაც მალე იწურება? ფაქტობრივად, გამოდის, რომ მსესხებელმა უკვე ყველაფერი გადაიხადა, მათ შორის, თითქმის მთლიანად საპროცენტო განაკვეთები და ყველაზე მძიმე ტვირთი რაც იყო, მან უკვე გაწია.   თუ ე.ბ. და მთავრობა ფიქრობს, რომ ეს სესხები  და მათი მომსახურების ხარჯები აზარალებს მათ სავალუტო კურსს, მაშინ რატომ არ აზარალებს 2015-2016 წელს აღებული სესხების ხარჯი?! ძალიან უცნაური გადაწყვეტილება იქნა მიიღებული, რომელსაც ლოგიკური ახსნა არ აქვს, შესაბამისად, რაც ლოგიკას მოკლებულია, ის ეფექტიანობასაცაა მოკლებული. გარდა ამისა, ბოლო დღეების  სავალუტო მკვეთრი რყევების მაგალითზე, შეიძლება ვთქვათ, რომ პანიკა მოსახლეობაში ნამდვილად არ ყოფილა, თქვენ არ გინახავთ უზარმაზარი რიგები სავალუტო ჯიხურებთან. პანიკა იყო თვითონ კომერციულ ბანკებში, შესაბამისად, შეიძლება დაასკვნათ, რომ მოსახლეობის მიერ სავალუტო სესხების მომსახურება და შესაბამისად ვალუტის ყიდვა არ აწვება მძიმედ ლარის გაცვლით კურსს.   გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ იპოთეკური სესხები ლარში მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე და ამ უკანასკნელს ე.ბ. ათამაშებს ყოველგვარი გათვლისა და დასაბუთების გარეშე. არაა გამორიცხული, რომ რეფინანსირების განაკვეთი ე.ბ.-მ გაზარდოს და იმ მსესხებლებს, რომლებმაც დოლარიდან ლარში დააკონვერტეს თავიანთი სესხები, უფრო ძვირი  დაუჯდეთ მათი დაფარვა. ანუ, ფაქტობრივად, მთავრობის შემოთავაზება არ არის გააზრებული, ამიტომ მსესხებლებს ვურჩევ, თვითონ კარგად გაიაზრონ, გათვალონ ყველაფერი, რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის თახნის გალარება.   დიდი ალბათობით ეს ყველაფერი მსესხებლებზე ნეგატიურად აისახება, რადგან ე.ბ.-ს ჩვევად აქვს ქცეული _ კრიზისული სიტუაციის დროს ზრდის ხოლმე რეფინანსირებას. ამის გათვალისწინებით, შეიძლება, უფრო ძვირად დაუჯდეთ ლარში გადაყვანილი სესხების მომსახურება, ვიდრე ეს დოლარში დარჩებოდა.       ანალოგიურ პრობლემებზე საუბრობს ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი:   _ შეწონილი მიდგომა უნდა. არ შეიძლება, ასე სპონტანურად მიიღო გადაწყვეტილება და მერე შეასრულო. ეროვნულმა ბანკმა რომ რეზერვების გაცემის პროცედურა შეცვალა, წესით, ლარებში დეპოზიტების მიწოდება უნდა გაზრდილიყო, რათა უფრო ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთი ყოფილიყო. ამ შემთხვევაში ხომ ბევრი სიამოვნებით აიღებდა ლარში სესხებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ლარებში სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა, ბანკები მაინც არ გასცემდნენ მას, რადგან ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობა იყო, ამიტომ კომერციული ბანკების მიდგომა შემდეგი გახლდათ: გინდა სესხი? _ აიღე დოლარში, თუ არადა, შეგიძლია, არ აიღო!   ბიზნესი იძულებული იყო, სესხები დოლარში აეღო, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ბანკი მონოპოლიურ და დომინანტის პოზიციაში იმყოფება, ამიტომ ბიზნესს კაპიტალის მოზიდვს ალტერნატიული წყარო არ გააჩნია, რაც არის ფასიანი ქაღალდები. დღესდღეობით ეს დაკონსერვებულია, ამიტომ, ფაქტობრივად, ეს საბანკო დიქტატურაა და ბანკები ახლა რასაც უნდათ, იმას ეუბნებიან და ისე ექცევიან პოტენციურ მსესხებლებს. პირიქით რომ იყოს და ბიზნესს რომ მოზიდვის ალტერნატივა ჰქონდეს, იგი თავად შეარჩევდა, რომელ ბანკში რა პირობებში აეღო სესხები და ეს საბანკო გაბერილი სისტემა, ჩაიფუშებოდა, მეტ-ნაკლებად, ნორმალური გახდებოდა, რაც ჩვენთან, სამწუხაროდ, არ არის, ამიტომაც გრძელდება საბანკო დიქტატი, როგორც ბიზნესის დაკრედიტების, ისე მოსახლეობის დაკრედიტების თვალსაზრისით.   ასევე ბოლო დროს ლაპარაკია ონლაინსესხებზე. სადაც არის მოთხოვნა, იქ ჩნდება ამ „ცხელი ფულის“ მიწოდება. მოთხოვნა იმიტომაა, რომ ხალხი უმუშევარია, ეს კი იმიტომ, რომ სამუშაო ადგილები არ არის, ეს ადგილები იმიტომ არ არის, რომ ეკონომიკის რეალური სექტორისთვის საექსპორტო პოტენციალი არ ვითარდება და არ ვითარდება იმიტომ, რომ ინვესტიციები არ შემოდის და ეს იმიტომ, რომ ამის წინაპირობა არ იქმნება. მერე გამოდის ეროვნული ბანკის დირექტორი და ამბობს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად უნდა გარდაიქმნას ეს ონლაინსესხები. ამით ხომ არაფერი იცვლება? იგივე ბანკები სწრაფ სესხებსაც აკეთებენ, ამიტომ აქ თვითონ საკრედიტო საქმიანობა უნდა დარეგულირდეს, დაწერილი იყოს სესხის გაცემის, მოხმარებისა და დაფარვის წესები, მათ შორის, საპროცენტო განაკვეთების ზედა ზღვარი, რომელიც უზრუნველყოფის სესხებთან უნდა იყოს მიბმული. სტატუსის შეცვლა კი  ელემენტარული არაპროფესიონალური მიდგომაა.   დღეს სახელმწიფოს და არა მხოლოდ ეკონომიკას, პირდაპირ საბანკო სისტემა მართავს, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი საბანკო კაბალაშია მოქცეული, მათ შორის, მთავრობაც უკვე ბანკებზეა დამოკიდებული. ბანკებმა დღეს კბილები აჩვენეს და მათ შეუძლიათ, აბსოლუტურად დაანგრიონ სახელმწიფო სისტემა _ ეს რეალობაა და თუ დროზე არ მიხედეს, ცუდად დაამთავრებენ.   _ რა არის რეალური გამოსავალი და ნაბიჯები რომლებიც სიტუაციის გამოსასწორებლად უნდა გადაიდგას?   _ 1. საკრედიტო საქმიანობა უნდა იყოს დარეგულირებული, უნდა შემოვიდეეს კანონი, რომელიც მოსპობს საპროცენტო განაკვეთს და მსესხებლებთან არაჯანსაღ დამოკიდებულებას; კალაპოტში ჩააყენებს საკრედიტო საქმიანობას;   2. უნდა მოხდეს ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ჩამოცილება და ბიზნესში აღარ უნდა ჰყოფდნენ ცხვირს;   3. აუცილებლად, პირდაპირ და სასწრაფოდ ცვლილებები უნდა განხორციელდეს კანონში, რომ უცხოური ინვესტიციების შემოსვლისთვის ინსტრუმენტი შეიქმნას;   4. სავაჭრო სისტემა, სადაც ლარი დაცული იქნება სპეკულაციური ოპერაციებისა და ნებისმიერი ჩანაფიქრისგან, რამაც შეიძლება, უნდობლობა წარმოქმნას საქართველოს მიმართ. კორექტირება უნდა მოხდეს ე.ბ.-ს მონეტარული პოლიტიკისა და ბანკთაშორისი ბაზრის შექმნის საკითხი უნდა დადგეს, სხვანაირად ე.ბ.-ს აბსოლუტურად არაეფექტიანი მექანიზმები აქვს, ჩამოთვლილი კი სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, თუ არადა, მერე უკვე არავის დააბრალონ.       საბოლოოდ, რა შედეგს გამოიღებს ლარიზაცია, მომავალი წლის იანვრის შემდეგ ვნახავთ. თუმცა ამ პროექტისადმი დამოკიდებულება არასაბანკო და არასამთავრებო წრეებში ცალსახად სკეპტიკურია. საფრთხე რეალურია, ყველაფერი კი იმ მსესხებელზეა დამოკიდებული, რომელიც თავად გადაწყვეტს, გაალაროს სესხი თუ დოლარში დატოვოს იგი? შანსის მოცემა 2 თვის მანძილზე გაგრძელდება, მოსაფიქრებლად კი 25 დღე გაქვთ.      

                                                                                                                    ნინო ტაბაღუა

         

გაზიარება