QronikaPlus
ფინანსთა მინისტრის კომფორტის ზონა - რატომ არ ეთამაშება გლდანელ მეზობლებს ნოდარ ხადური დომინოს?

ფინანსთა მინისტრის კომფორტის ზონა - რატომ არ ეთამაშება გლდანელ მეზობლებს ნოდარ ხადური დომინოს?

2016-11-11 10:57:14

ახალ რუბრიკაში „კომფორტის ზონა“ იმ უბანს იხილავთ, სადაც ჩვენი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი _ ნოდარ ხადურის საცხოვრებელი კორპუსია. იცნობენ თუ არა ცნობილ ეკონომისტსა და პოლიტიკოსს მისსავე სადარბაზოში? რას ფიქრობენ მასზე? როგორ აფასებენ დოლარის კურსის ვარდნას ხადურის მეზობლები?   *** დედაქალაქის ცენტრიდან ერთ-ერთი ყველაზე დაცილებული უბანი _ გლდანი, ფაქტობრივად, ქალაქი-სატელიტია, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში გაშენდა. აქაური შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილი საბჭოთა არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სწორხაზოვნებით გამოირჩევა; ნაცრისფერ და არამკვეთრ ტონებში გადაწყვეტილი მრავალსართულიანი კორპუსების გარეგნული იერის შეცვლაზე დიდად სააკაშვილის მმართველობის დროსაც არ უფიქრიათ, ან, შეიძლება, იფიქრეს, თუმცა ფასადური ცვლილებები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პრაქტიკაში ვერ განახორციელეს. შესაბამისად, გამონაკლისს არც ჩვენი გმირის საცხოვრებელი კორპუსი წარმოადგენს. ომარ ხიზანიშვილისა და ქერჩის ქუჩებს შორის მდგარი მრავალსართულიანი შენობების ერთმანეთისგან გარჩევა უცხო თვალისთვის ძალიან ძნელია. ქართველთა და ებრაელთა ძმობის ქუჩა, დაახლოებით, შვიდასი-რვაასი მეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული, რომლის ერთი მხარეც ცენტრალურ გზას კიბეებით უკავშირდება. საფეხურებზე ასვლისთანავე ისეთი ჯიხურები შევნიშნეთ, 90-იან წლებში რომ ვხედავდით, თუმცა ჯერ დანიშნულების ადგილისკენ ავიღეთ გეზი, რის გამოც გარემოვაჭრეებთან დასაწყისში არ შევჩერდით. ტროტუარის ფუნქციას გზის გასწვრივ მდებარე პარკი ითავსებს, სადაც კეთილმოწყობის მიზნით გაჩაღებული სარემონტო სამუშაოების გამო, პრაქტიკულად, ქვიშაში მოგვიწია სიარული. პარკის ერთ მხარეს ხადურის კორპუსი ესაზღვრება (გლდანის მეორე მიკრორაიონი). 39-ე კორპუსთან ხანში შესული მამაკაცი შევნიშნეთ: _ გამარჯობა, აქ ცხოვრობთ? _ დიახ, გისმენთ. _ ნოდარ ხადური თქვენი მეზობელია? _ კი, აგერ ცხოვრობს, მესამე სადარბაზოში, მე ქირით ვარ, შვილო, სართულს ვერ გეტყვი, არ ვიცი, მაგრამ მანქანა რომ ელოდება დილით, ვხედავ ხოლმე. გულისხმიერ მოხუცს მადლობა გადავუხადეთ და თექვსმეტსართულიანი შენობის ბნელ სადარბაზოში გზის გაკვლევა დავიწყეთ (მიუხედავად იმისა, დღე იყო). შესასვლელთან საარჩევნო პერიოდში გაკრული პლაკატები შევნიშეთ: „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატთა პორტრეტები კიბეზე ასვლამდე დავაფიქსირეთ. პირველ სართულზე შევჩერდით თუ არა, პირველსავე კარზე დავაკაკუნეთ: _ „ქრონიკა+“-დან გაწუხებთ, ბატონ ნოდარ ხადურზე გვაინტერესებს, რას ფიქრობთ, იცნობთ მინისტრს? ნინელი დგებუაძე: _ ჩვენ ქირით გადმოვედით. ვიცით, რომ ზემოთაა, თუმცა პირადად არ ვიცნობთ. _ პირველ სართულზე ცხოვრობთ და, ალბათ, ხშირად ხედავთ ასვლა-ჩამოსვლისას. _ კი, როგორ არა, დილით რომ გამოდის, ვამჩნევთ, ბავშვებსაც ასეირნებენ, ცუდს ვერ ვიტყვი... მაშინ, როცა კარის ზღურბლთან მდგარი მასპინძელი კომენტარს გვაძლევდა, სადარბაზოში ჩანთებით ხელდამშვენებული შუა ხნის ქალბატონი შემოვიდა. ცნობისმოყვარე მზერა უმალ შევნიშნეთ, რადგანაც კიბეებზე ასვლისას მან მოძრაობა შეანელა, ბოლოს კი სართულებს შორის ბაქანზე გაჩერდა. ქალბატონ ნინელისთან საუბარი გავწყვიტეთ და ცნობისმოყვარე მეზობელს დავედევნეთ: _ შეგიძლიათ, ნოდარ ხადურზე რამე გვითხრათ? საგაზეთო მასალას ვამზადებთ... _ არა, არა, არ მცალია... ვერაფერს გეტყვით. ზედა სართულებისკენ უცნობთან ერთად სვლა განვაგრძეთ. მეორე სართულზე სამივე კარზე დავაკაკუნეთ. ერთ-ერთი კარიდან ახალგაზრდა ქალბატონმა, ხათუნა კერვალიშვილმა გამოგვხედა: _ მინისტრს პირადად არ ვიცნობ, თუმცა კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. _ როგორი მეზობელია ბატონი ნოდარი? _ რა ვიცი, კარგი მეზობელია, ცუდი არაფერი გამიგია, ჩვენ მესამე წელია, რაც ამ ბინაში გადმოვედით, საქართველოში არ ვცხოვრობდით, შესაბამისად, აქაური პოლიტიკური ამბებისგან შორს ვიყავით... მერე გავიგეთ, ვინც იყო. როგორც ვხედავ, კარგი შვილები ჰყავს, მისი ცოლიც კარგი გოგოა. მოპოვებული კომენტარის შემდეგ მომდევნო სართულებზე რამდენჯერმე ავედით და ჩამოვედით. ზოგან ჭუჭრუტანის მიღმა გვპასუხობდნენ, ზოგან კარს სწრაფადვე გვიღებდნენ, თუმცა, ზოგადად, დაუპატიჟებელი სტუმრების კაკუნს ყოველთვის დიდი პაუზა მოჰყვება, პაუზებს შორის კი გარემოს დეტალურად ვსწავლობდით. სანამ სადარბაზოს აღწერაზე გადავალთ, გეტყვით, რომ ბატონი მინისტრის საცხოვრებელი ბინის ნომერი ვიცოდით, მაგრამ დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ სართულზე ცხოვრობდნენ ხადურები, არ გვქონდა. სპეციალურ მინიდაფებზე ამოტვიფრული გვარები თითქმის ვერსად შევნიშნეთ. კიბის ფლიგელთან განთავსებული ფანჯრები სქელი, გაუმჭვირვალე მინითაა ამოშენებული, რის გამოც სადარბაზოში სუსტი განათებაა. სატვირთო ლიფტი არ ფუნქციონირებს, ზოგან სამშენებლო მასალებია მიყუდებული, ზოგან _ ცოცხები. მეექვსე სართულზე 30 წლამდე ახალგაზრდა კაცმა გამოგვხედა, გაგვეცნო, როგორც გიორგი კოდალაშვილი: _ ბატონი ნოდარი როგორ არ მინახავს, ჩვენი მეზობელია, თუმცა მასზე ბევრის თქმა არ შემიძლია. უარის ტოლფასი პასუხის მიღების შემდეგ ქვემოთ ჩამოვბრუნდით, თეთრი რკინის კარი ახალგაზრდა ქალბატონმა გაგვიღო. როდესაც ავუხსენით, რომ მედიის წარმომადგენლები ვიყავით, მასპინძელს სახეზე გაკვირვება შეეტყო: _ რა გაინტერესებთ? _ რას ფიქრობთ თქვენს მეზობელ მინისტრზე? _ თქვენ ვისთან ხართ? _ ნოდარ ხადური თქვენი მეზობელია, არა? _ იცით, მე სტუმარი ვარ და ვერაფერს გეტყვით. _ სად ცხოვრობს ბატონი ნოდარი, გვეტყვით? _ ვერ გეტყვით... უაპელაციოდ მოგვიხურა კარი მასპინძელმა. ზემოთ ასულებმა სადარბაზოში მცხოვრები ერთ-ერთი მეზობლისგან მალევე შევიტყვეთ, რომ ფინანსთა მინისტრის ბინა მეხუთე სართულზე მდებარეობს, იქ, სადაც რამდენიმე წუთის წინ კარი გაგვიღეს, _ მეხუთე სართულზე, კიბის მხარეს, თეთრი კარია, თუ არ იცოდით, არ თქვათ, რომ მე გითხარით. ბუნებრივია, პირობას ვასრულებთ, ადგილობრივი მკვიდრისთვის სახელიც არ გვიკითხავს. მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, მორიგ ჯერზე (უკვე დამისამართებულებს), არავინ გამოგვეხმაურა, მხოლოდ თუთიყუშის მიერ გამოცემული ბგერები გვესმოდა. _ სულ ორი წუთით მოგაცდენთ, ვიდეოს არ ვიწერთ, წეღან ხომ გამოგვხედეთ? _ ვცადეთ ბედი ბოლო წუთამდე... თუთიყუში ჭიკჭიკს აგრძელებდა... ალბათ, დაგაინტერესებთ, რა უნდა მეკითხა ნომერ პირველი ფინანსისტის ოჯახში დაუპატიჟებლად მისულს? გულწრფელად გეტყვით: პირველ რიგში, აუცილებლად ვიკითხავდი, თუ საუბრობს ბატონი მინისტრი სახლში ლარის კურსის შესახებ და რამდენად აწუხებთ ფასების ზრდა? არშემდგარ ინტერვიუებზე თეორიული მსჯელობა მეტად პრაქტიკულ რუბრიკას არ მოუხდება, ამიტომ მთავარი ხაზიდან არ გადავუხვევ და თხრობას განვაგრძობ: პირველ სართულზე ფეხით ჩამოვედით, ლიფტიდან ორი ქალბატონი გამოვიდა. როდესაც ერთ-ერთი მათგანისგან თანხმობა მივიღეთ, დიქტოფონი მოვიმარჯვეთ: გულიკო ბარბაქაძე: _ რომ ვიცნობდე, პრობლემა ნამდვილად არ იქნებოდა, დეტალურად დაგიხასიათებდით ბატონ ნოდარს, მაგრამ არ ვიცნობ ადამიანს და რა გითხრათ?.. _ ახალი გადმოსული ხართ? _ ამ კორპუსში ვცხოვრობ, მაგრამ ზედა სართულზე ვარ, კარგა ხანია, არ მომიკრავს თვალი, თუმცა ვიცი, რომ მეზობელია. _ ლარის კურსი რომ საგრძნობლად დაეცა დოლართან მიმართებით, ეს თქვენს ჯიბეზე როგორ აისახება? _ მე პირადად, რომ გითხრათ, დიდი ზარალი მაქვს-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ჩემი ახლობლები პრობლემების წინაშე დადგნენ ამის გამო, ჩემ გარშემო ძალიან ბევრი დაზარალდა. იმედია, სიტუაცია არ გაუარესდება. შენობიდან გამოსულები ავტოფარეხების მწკრივს ავუყევით, ეზოში ვერავინ შევნიშნეთ, ამიტომაც, რესპონდენტების ძიებაში, იქვე მდგარ კორპუსს მივადექით. კოკა ლეჟავა, სტუდენტი: _ დილით ადრე გავდივარ, უბანში სისტემატურადაც ვერ ვარ, მაგრამ გვერდით კორპუსში რომ ნოდარ ხადური ცხოვრობს, ეგ ზუსტად ვიცი. _ მეზობლებს მინისტრი ეკონტაქტება? ვთქვათ, ქვეყნის ბიუჯეტზე, ან ლარის კურსზე თუ ეკითხებიან აქ? გინახავთ უბანში? _ ნოდარ ხადურისთვის ბოლო პერიოდში თვალი არ მომიკრავს, არც ის ვიცი, ვისთან აქვს ურთიერთობა და ვისთან _ არა და რაზე საუბრობს აქ. მე სამედიცინოს სტუდენტი ვარ, ასეთ თემებზე არც სამეზობლოში მიწევს საუბარი და არც უნივერსიტეტში, მაგრამ ეს ის პრობლემაა, ყველას რომ გვეხება _ ჩემები მუშაობენ, ხელფასი ლარშია, მაგრამ დოლარის ზრდასთან ერთად ყველაფერი ძვირდება, ფული უფასურდება და თითოეული ჩვენგანის ბიუჯეტი ზარალდება. ხელფასი ისევ იგივე რჩება _ პროდუქტები ძვირდება, ცხოვრება ძნელდება... მაღალ კორპუსს წინა მხრიდან მოვუარეთ, ჯიპთან შუა ხნის სამი კაცი იდგა. ერთ-ერთი მათგანი მანქანას აკეთებდა, როცა კომენტარი ვთხოვეთ; _ თქვენ რა გინდათ, რომ ნოდარზე ვთქვათ, _ კარგი თუ ცუდი? _ გვითხრა იუმორნარევ ტონალობაში ადგილობრივმა _ რასაც საჭიროდ მიიჩნევთ და რაც რეალობაა, ის თქვით... _ რა პრობლემაა... _ რას გვეტყვით თქვენს ცნობილ მეზობელზე? ლევან ბედოიძე: _ სულ აქ ცხოვრობდა, მინისტრია და დღევანდელ დღემდე აქ ცხოვრობს. კარგი კაცია. თანამდებობის პირები ვიცი, ოთხი და ხუთი სახლი აქვთ, სკამებზე მოჯდნენ თუ არა, აგარაკები აიშენეს. _ ბევრი გვსმენია გაუმაძღარ ჩინოვნიკებზე, მაგრამ, ამჯერად, ბატონ ნოდარზე ვისაუბროთ. მას ისე ახასიათებთ, აშკარად კარგად იცნობთ. _ კი, როგორ არა, ვიცნობ. _ დაახლოებით ერთი თაობის ხართ, ნარდი ან დომინო თუ გითამაშიათ მასთან? ან სუფრაზე თუ მოხვედრილხართ ერთად? ყოფით ურთიერთობებში როგორია? _ ნარდის თამაში არა, მაგრამ „გამარჯობა-გაგიმარჯოს“ მინისტრობამდეც გვქონდა და ახლაც გვაქვს. მოგეხსენებათ, ეგ ლექტორი იყო წლების განმავლობაში, უბანში ჩამოსაჯდომადაც არ ეცალა, მაგრამ ჩაკეტილი არ ყოფილა. მაგის პირიდან გინება არ გამიგია, წესიერი ადამიანია. როგორიც იყო, ისეთია, არ შეცვლილა. _ რადგანაც საუბარს არ დაგვზარდით, სხვა თემებსაც შევეხოთ: ლარი ყოველდღიურად რომ უფასურდება, ამაზე რას გვეტყვით? რამდენად დაეტყო ეს თქვენს ბიუჯეტს? _ ეგ უკვე არ მაინტერესებს... _ რატომ? _ თუ ეგ გაქვთ პრიორიტეტი, რომ ვალუტის კურსი ხადურს დავაკავშირო, არ იქნება სწორი. რა კავშირშია ლარის ამბავი ნოდართან? _ თქვენც ამ ქვეყნის მოქალაქე ხართ და საინტერესოა თქვენი მოსაზრებაც, რადგანაც ლარის კურსის ცვლილება ყველას ეხება, თან ფინანსთა მინისტრს კარგად იცნობთ... _ შეიძლება, რაღაც კონტექსტში იყოს კავშირი, მაგრამ არ მინდა, ამ თემებზე ჩაღრმავება. თუ ნოდარზე მკითხავთ, გეტყვით: კარგი კაცია, კარგი ოჯახი აქვს, ზემოდან არ იყურებიან. გენადი ილურიძე: _ ნოდარს ახლაც ხშირად ვხედავთ. სანამ მინისტრი გახდებოდა, იქამდეც გვქონდა ურთიერთობა. _ მეზობლებთან კონფლიქტები არ ჰქონია? _ არა, ეგეთი ადამიანი არ არის, თუ ვიღაც გიჟი არ მიუვარდა. ნორმალურ ადამიანს რა კონფლიქტი უნდა ჰქონდეს? მეზობლობაში კარგი კაცია, კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგის შვილები ისე დადიან და თამაშობენ უბანში, როგორც ჩვენი შვილები და შვილიშვილები. არც მივცემთ უფლებას ვინმეს, რომ მაგათ აწყენინოს. 39 ნომრის წინ მდგარ პირებს დავემშვიდობეთ და შენობის მეორე მხარეს გამოვედით. იქ, სადაც სკვერი იწყება, კუთხეში მჯდარ მოხუც ბებოს წინ ხილით სავსე სათლები ედგა და კლიენტების მოლოდინში დაღლილი სახით იყურებოდა ქუჩისკენ... _ ბებო, ამ კორპუსში ცხოვრობთ? დალი შოვნაძე: _ კი, შვილო... _ იცით, რომ აქ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხადური ცხოვრობს? _ არა, არ ვიცი ნამდვილად. _ თუ გაიგეთ, ლარის კურსი რომ დაეცა? გაწუხებთ ეს ამბავი? _ უნდა აწუხებდეს იმას, ვინც მდიდარია, მე რაზე უნდა შემაწუხოს? რამდენიმე კილო ვაშლს თუ გავყიდი დღის განმავლობაში... ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის ქუჩას ბოლოსკენ ჩავუყევით. იქ, სადაც გზის სავალ ნაწილს კიბეები აგრძელებს, არაერთი ჯიხურია. მოკრძალებულ დახლებთან (ქალბატონ დალის მსგავსად) ხანში შესული ადამიანები ვაჭრობენ: ზოგი მეორად ტანისამოსს ყიდის, ზოგიც _ ბოსტნეულს. ინესა ბაღათურია: _ ხადური გამიგია, მე არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ აგერ ცხოვრობს სადღაც. _ ქალბატონო ინესა, ყველა ამბობს, რომ პროდუქტებზე ფასებმა ბოლო პერიოდშიც საგრძნობლად მოიმატა, თქვენთან რა ხდება? _ მე ბოსტნეულსა და ხილზე ვვაჭრობ და ფასების ცვლილებას ვატყობ, ახლა ჯერ ისე საგრძნობლად არ არის მომატებული, მაგრამ აწი მეშინია, ამ ზამთარს არ ავარდეს ფასები. რა იქნება, არავინ იცის... _ ფიქრობთ, რომ მძიმე ზამთარი გველის წინ? _ კარგს რას უნდა ვფიქრობდე, შვილო? ხალხს ფული არ აქვს, ყველა ერიდება ზედმეტად დახარჯვას, საჭმელზეც კი ეკონომიას აკეთებს... _ იკლო კლიენტების რიცხვმა? _ კი, ძალიან იკლო, უფრო მაღაზიებში დადიან, სადაც იაფიანი, საბითუმო წერტილებია. ყველგან იკლო მუშაობამ. უკანა გზაზე, კიბეებთან, მწვანედ შეღებილი პატარა მაღაზია შევნიშნეთ, რომელსაც თვალსაჩინოდ (წითლად) ეწერა: „ყველაფერი ერთი ლარიდან“ _ მყვირალა აბრის შემხედვარეს უმალ გამიელვა აზრად ამ რუბრიკის ფინალურმა აკორდმა. ფინანსთა მინისტრის შესახებ მომზადებული რეპორტაჟის დასასრული მინდოდა, რაციონალური ყოფილიყო, ამიტომ შევჩერდი და მაღაზიის სარეკლამო წარწერას სურათი გადავუღე...   ეპილოგის მაგიერ   დასაწყისშივე აღვნიშნეთ, რომ ამ მასალის ფარგლებში ეკონომიკურ მეცნიერებებზე არ ვისაუბრებდით, არც „შოკუნიები“ გავიხსენეთ და არც თონიდან ამოტანილი ციკანი, ფეხად შემწვარმა, ფაქტობრივად, ხადურის პორტრეტი რომ შექმნა. ახლა საინტერესოა, გველის თუ არა ინფლაცია და შეინარჩუნებს თუ არა ბატონი ნოდარი თანამდებობას 2016 წლის ზამთრამდე?  

                                                                                                                      ზაზა სვანაძე

   

გაზიარება