QronikaPlus
რა გავლენას იქონიებს საქართველოზე აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები?!

რა გავლენას იქონიებს საქართველოზე აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები?!

2016-11-11 10:31:29

2016 წლის 8 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ამერიკელმა ხალხმა რიგით 45-ე პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. ახლა ქვეყანას სათავეში უდგას ამერიკის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, დემოკრატი ბარაკ ჰუსეინ ობამა. ამ არჩევნებს არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში აქტიურად ადევნებენ თვალს, რადგან მისი შედეგები მთელი მსოფლიოს პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი იქნება. 2016 წლის არჩევნები არის ბრძოლა „ვირებსა“ და „სპილოებს“ შორის. სწორედ ასე უწოდებენ ამერიკელები დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს. წელს საპრეზიდენტო მარათონში ამ პარტიების კანდიდატები იბრძვიან: მემარჯვენე კონსერვატორული რესპუბლიკური პარტია და მემარცხენე ლიბერალური დემოკრატიული პარტია. წინა ორი საპრეზიდენტო არჩევნები _ 2008 წლისა და 2012 წლის იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ამერიკაში ზედიზედ ორჯერ აირჩიეს პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, დემოკრატი ბარაკ ობამა, რომელმაც შეცვალა ამერიკის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა შედარებით ნაკლებად. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ დემოკრატიული პარტიიდან ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებს, დემოკრატიული პარტიის პოლიტიკა ამით რადიკალურად არ შეიცვლება; ხოლო თუ რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკა შესაძლოა, უფრო რადიკალური გახდეს. ევროპა და ამერიკის სხვა მოკავშირეები შეშფოთებულები უყურებენ ამერიკის შესაძლო იზოლაციონისტურ ორიენტაციას. თავის გამოსვლაში ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და გააკრიტიკა ნატოს „მოძველებული მისია“ _ ის ამტკიცებდა, რომ მოკავშირეები „არ იხდიან სამართლიან წილს“. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები განსაკუთრებით ფრთხილობენ მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელების კანდიდატმა ნატოს „მოძველებული უწოდა“. ჰილარი კლინტონი საერთაშორისო საზოგადოებაში გაცილებით დიდი მოწონებით სარგებლობს. საფრანგეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრები, მანუელ ვალსი და მატეო რენცი, ის გამოკვეთილი ლიდერები არიან, რომლებიც ღიად უცხადებენ მხარდაჭერას ყოფილ სახელმწიფო მდივანს. რენცის თქმით, ის ნებისმიერ ადამიანთან იმუშავებს, რომელიც არჩევნებს მოიგებს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ეს ჰილარი კლინტონი იქნება. მარტში კლინტონი ამტკიცებდა, რომ მსოფლიო ლიდერებს იმდენად ეშინიათ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლა, ჰკითხეს, მისთვის ღია მხარდაჭერა ხომ არ გამოეცხადებინათ, რათა ის შეეჩერებინათ? თუმცა ჰილარიმ უარი თქვა სახელების დაკონკრეტებაზე. საარჩევნო რბოლა, პრაქტიკულად, დასრულდა, ახლა მსოფლიო უნდა დაელოდოს, კვლავ „ვირები“ გააგრძელებენ ამერიკის მართვას, თუ ძალაუფლება „სპილოების“ ხელში გადავა. რა გავლენას იქონიებს საქართველოზე აშშ-ში მიმდინარე ისტორიული არჩევნები?   ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ამერიკის მცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვასილ კაჭარავა: _ ძალიან ექსტრაორდინალური საარჩევნო კამპანიაა, შეიძლება ვთქვთ, რომ უნიკალური, ვინაიდან, ერთი მხრივ, აკადემიური, კლასიკური სტილის პოლიტიკოსია ჰილარი კლინტონის სახით, თანაც ქალი. უკვე დადგა ამერიკაში ის დრო, რომ ეს მინუსი კი არა, მისთვის პლუსია და შესაბამისად, ძალიან მყარად დგას ფეხზე. ის ძალიან აქტიური პირველი ლედი იყო და არ ყოფილა, უბრალოდ, ცოლი. პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდა. ე. წ. ობამა-გეერის დაზღვევის სისტემა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს შეიმუშავეს, მისი მომზადებული და ინიცირებული იყო. მისმა ქმარმა, ბილმა კლინტონმა, ის მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშნა. მაშინ ეს საკითხი ჩაიშალა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საფუძველი ჩაეყარა. შემდეგ იყო სენატორი ნიუ-იორკის შტატიდან, მერე სახელმწიფო მდივანი. როგორც იტყვიან, უკეთესი რა უნდა ინატრო პოლიტიკისთვის. ერთადერთი, გუბერნატორობა აკლდა, თორემ დანარჩენი ყველა ეტაპი გაიარა. კომუნისტებს უყვარდათ, ყველა ეტაპს გაატარებდნენ მოხელეს და 80 წლის რომ იყო, მაშინ იტყოდნენ, მზად არის პოლიტიკისთვისო, ამიტომაც დაინგრა ეს ქვეყანა, ახლა ნამდვილად უკეთეს მაგალითთან გვაქვს საქმე. თავის მხრივ, სრულიად საწინააღმდეგო პერსონაა დონალდ ტრამპი, რომელიც არც ერთ თანამდებობაზე არ აურჩევიათ, არც ერთი მოხელის თანამდებობაზე არ ყოფილა. სწორედ ამ პოლიტიკური ისტებლიშმენტის წინააღმდეგ არა მარტო დემოკრატიული პარტიის, არამედ თავისი მშობლიური რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგაც გამოდის. ე. წ. სპეკულაციების, პოლიტკორექტულობის წინააღმდეგ იბრძვის. პოლიტკორექტულობა ძალიან კარგია, მაგრამ, ამავე დროს, სპეკულაციის საშუალებასაც ტოვებს და მას ძალიან ბოროტადაც იყენებენ. ძალიან ხშირად ხდება ასეთი სახის სპეკულაციები. ეს არის, თუნდაც, მექსიკის საზღვრის დაცვა. პრინციპში, რასისტობა დააბრალეს, არადა, რა შუაშია აქ რასიზმი?! უამრავი მექსიკური წარმოშობის ამერიკის მოქალაქეა, მაგრამ იქიდან არალეგალურად მართლაც შემოდის კრიმინალური სამყარო და ნარკოტიკები. ნორმალური და წესიერი ხალხი ლეგალურად ისედაც შედის აშშ-ში. ასე რომ, თუ ტრამპი ამის წინააღმდეგ გამოდის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რასისტია, მაგრამ თქვენს კოლეგებს ძალიან უყვართ შეტევა პოლიტკორექტულობიდან გამომდინარე. ამით იმის თქმა მინდა, რომ პოლიტკორექტულობიდან გამომდინარე, შეგიძლია ადამიანს ნებისმიერი რამე დააბრალო. ეს კაცი ამის წინააღმდეგ გამოდის, საკმაოდ კვალიფიციურად, ხანდახან უხეშად, რაც მთავარია, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს რეალურ ცხოვრებაზე. აშშ-ში პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, რომელიც, მოგეხსენებათ, საკმაოდ დისკრედიტებულია, ბევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში მოსული ხალხი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მოწყდა ცხოვრებას და რეალურ ფაქტებს. აშშ თითქოს მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანაა, მაგრამ მაინც სახეზეა მისი საშუალო ფენის კეთილდღეობის შემცირება, აგრეთვე ძალიან ბევრმა კვალიფიციურმა მუშამ, მათ შორის, თეთრკანიანმა, ისიც დააბრალა, თეთრი რასიზმის მომხრეაო, სამუშაო დაკარგეს, ვინაიდან ბევრი სამუშაო ადგილი მექსიკაში და საერთოდ, ჩინეთში გადაიტანეს თუ სხვაგან. ჩვენ ეს პროცესი უნდა შევაჩეროთ და სამუშაო დავაბრუნოთ, რათა ამერიკელებმა არ დაკარგონ თავიანთი მაღალი ცხოვრების სტანდარტიო. აქაც შეუძლიათ რასიზმზე შეუტიონ, _ ტრამპი თეთრია, უმრავლესობის მომხრეა და ა. შ. ერთი სიტყვით, სპეკულირება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტკორექტულობა სულ სპეკულაციაა და აუცილებელი არ არის. პირიქით, ძალიან საჭირო ფენომენია და მისი ქვაკუთხედი ადამიანის უფლებების დაცვაა, ძალიან სწორი, საღი და წმინდა რამ არის, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერს თავისი შუქჩრდილები აქვს. ასეთი ორი, სრულიად განსხვავებული კანდიდატი შეეჯახა ერთმანეთს. ვლინდებოდა, რომ ტრამპს საერთოდ არ ჰყავდა მომხრე თავის პარტიაში, პარტიული ელიტა მისი წინააღმდეგი იყო და მიუხედევად ამისა, შეიძლება ითქვას, სწორედ ამის გამო ამერიკელების დიდმა ნაწილმა მას დაუჭირა მხარი. ზოგი იმასაც ამბობს, როგორ შეიძლება, ტრამპისნაირ პერსონებს მხარი დაუჭირო, რასისტია, სექსისტია და ა. შ. რასაც გინდა დააბრალებ ადამიანს, ტრამპი ანგელოზი რომ არ არის, ნათელია. მისი კომპანია რამდენჯერმე გაკოტრდა, ბიზნესი ახლიდან დაიწყო, მილიარდები თეთრი ხელთათმანებით არ კეთდება. ძნელია, ყოველ შემთხვევაში, მამა აბრამის ბატკანი ვერ იქნება და არც მოეთხოვება, თუმცა წესიერება კი მოეთხოვება. იცით, რომ, ამ მხრივ, აშშ-ში პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიებია, თუმცა ხშირად პრეტენზიები არ ამართლებს, კლინტონს, კენედსა და სხვებს თუ გავიხსენებთ, ამერიკელი ხალხი თავის კონსტიტუციაზე დგას, ის მათი ეროვნული სიამაყეა და, შესაბამისად, პრეზიდენტი ამ კონსტიტუციის დამცველია. ხშირად უნდათ, რომ პრეზიდენტი და რომის პაპი გაერთიანებული იყოს, რაც, მოგეხსენებათ, ძნელი წარმოსადენია, მაგრამ ეს სხვა თემაა. ამიტომ ეს კაცი ძალიან წარმატებულია, როდესაც აპელირებს რიგით ამერიკელებზე, ჩუმ უმრავლესობაზე. ხომ ხედავთ, მიაღწია კიდეც წარმატებას და ვერავინ დაუპირისპირდა, საკმაოდ სერიოზულმა კანდიდატებმა, პროფესიონალებმა, ყველამ თავი შეირცხვინა მის წინაშე, სერიოზულად დამარცხდნენ, ეს იყო  ჯორჯ ბუშის ძმა, სენატორი კრუზი ტეხასიდან ბოლო მომენტამდე იბრძოდა, მაგრამ ფიასკო განიცადა, ანუ ეს არის ამერიკელი ხალხის დიდი ნაწილის, ნახევრის გადაწყვეტილება. მიუხედავად მედიის დაცინვისა და იუმორისა, ფაქტი სახეზეა და დღეს უკვე ერთმანეთს გაუთანაბრდნენ ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი, მხოლოდ 1%-ია სხვაობა. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ რამდენიმე დღის წინ ფედერალურმა ბიურომ კვლავ განაცხადა ჰილარის შესახებ, რომ მისი საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყოო. იცით სატელეფონო გზავნილების თემა. რა თქმა უნდა, ამან გავლენა მოახდინა, ეს ამ ქალბატონისთვის მთელი არჩევნების მანძილზე პრობლემა იყო. თითქოს რაღაცნაირად მიწყნარდა და შემდეგ უდროო დროს ისევ წამოიწია ამ ყველაფერმა ისე, რომ მისი მომხრეები ამბობდნენ, ბიუროს უფროსი ამას შეგნებულად აკეთებს, მას არ აქვს უფლება, საარჩევნო კამპანიაში ჩაერიოს და ა. შ. ალბათ, რიგით მოღვაწეებს არ აქვთ, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი, მისი ცოლი, ვიცე-პრეზიდენტი, მისი კონკურენტი, ისიც სენატორი, ყველა ჩაბმულია ამ ყველაფერში, საგანგაშო სიგნალი რომ მიიღეს. საოცრება ხდება, დაჰყავს მომხრეების, მომღერლებისა და მოცეკვავეების უზარმაზარი არმია, შოუებს აწყობს და იმაზე აპელირებს, რომ ქალია. თუნდაც აქაც ხდება სპეკულირება. ჰილარი კლინტონი ერთ კარგ რამეს ნამდვილად ამბობს: როგორც ქალი, პირობას გაძლევთ, ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში ყველა ქალი მიიღებს მამაკაცებთან თანაბარ ხელფასსო. ხომ ხედავთ, ამერიკა პროგრესული დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ ამ შემთხვევაში პატარა საქართველო ვჯობივართ, ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატია, რადგან ჯერ კიდეც მენშევიკების მთავრობის დროს ქალები და კაცები გათანაბრებულები იყვნენ, ხელფასები საბჭოთა პერიოდშიც თანაბარი იყო და ახლაც თანაბარია. თუმცა, თანაბრად დაბალი, მიუხედავად, ჩემი პატრიოტიზმისა, უნდა ვთქვათ, რომ ქალებიც და კაცებიც ერთნაირად უკმაყოფილოები ვართ. ორივეს ძალიან საინტერესო ეკონომიკური პროგრამა აქვს. კლინტონი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ობამას პროგრამას უფრო გააღრმავებს; ტრამპი ჰპირდება, რომ გადასახადებს შეამცირებს, ეს ტრადიციული რესპუბლიკური იდეოლოგიაა, ნაკლები გადასახადები, კერძო ბიზნესმა რომ მეტი მოიგოს. დემოკრატები ამბობენ, რომ გადასახადები გავზარდოთო. ამ გადასახადების მეშვეობით ისინი სხვადასხვა სოციალურ ფენას ეხმარებიან, მაგრამ როგორც რონალდ რეიგანი ამბობდა, ყველაზე კარგი სოციალური დახმარება არის უმუშევრობის მოსპობა და ეს ჩვენმა მთავრობამაც რომ ხანდახან გაისიგრძეგანოს, ძალიან კარგი იქნება. მართლაც უნდა დაეხმარო ადამიანს, კი არ უნდა გაამათხოვრო და მერე ტელევიზიით იამაყო, ამდენი ღატაკი გვყავს საქართველოში და ამდენს ვეხმარებითო, არამედ უნდა მოაცილო ეს სიტყვა იმით, რომ უზრუნველყო მრავალი სამუშაო ადგილი. ყოველ შემთხვევაში, ბიზნესს უნდა შეუწყო ხელი, რომ შექმნა. შედეგი სახეზე გვაქვს და ვნახოთ ახლა, აგერ აქვს ახალ მთავრობას ბურთი და მოედანი, ეგებ, წარმატებას მიაღწიოს. _ როგორ აფასებთ კანდიდატთა შანსებს? _ თეორიულად და კომფორმისტულად რომ მივუდგეთ, ჰილარი თითქოს შეჩვეული ტრადიციული პოლიტიკოსია და რაღაც სიურპრიზებს არ უნდა ველოდეთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ტრამპი უკმაყოფილებასა და ამბოხს განასახიერებს. საშუალო ფენის ამბოხს ვერ დავარქმევთ, მაგრამ ჩუმი უმრავლესობის ამბოხს, რომელიც უკმაყოფილოა და რომელიც ქვეყანაში რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს. ხომ ხედავთ, კანდიდატებს შორის ახლა უკვე თითქმის 1%-ია განსხვავება და ამიტომაც არის განგაში მთელ რესპუბლიკურ თუ დემოკრატიულ პარტიაში. უხერხულიც კი არის, თითქოს პრეზიდენტმა ყველაფერი დაივიწყა, სამსახური, მუშაობა... ბუნებრივია, პრეზიდენტები თავის მომხრეებს უჭერენ მხარს, მაგრამ ყოველთვის _ არა. 1960 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანიაში ნიქსონი მონაწილეობდა, ეიზენჰაუერს, მაინცდამაინც, მხარი არ დაუჭერია და პირიქით, 1-2 ისეთი კომენტარიც გააკეთა, საქმე გააფუჭა. ამავე დროს, ტრამპი ამბობს, რომ არჩევნებში შეიძლება გაყალბება მოხდეს, მედია არაობიექტურია და ა. შ. აშკარად არაობიექტურია, მის ყველა ფრაზას გადატრიალებულად აფასებენ. ისე არ გამომივიდეს, თითქოს ტრამპის ადვოკატი ვარ, მაგრამ ვიცით, რომ მედიას შეუძლია, ქოთანს როცა უნდა და საითაც უნდა, იქით მოაბას ყური. _ თქვენი აზრით, რატომ იქცევა ასე ამერიკული მედია? _ არ მოსწონთ ტრამპი, რადგან თვითონ ძალიან კარგად გრძნობენ თავს ამ პოლიტკორექტულობაში, ძალიან კარგად არიან შერწყმული არსებულ ისტებლიშმენტთან და საერთოდ, მედია, ტრადიციულად, ლიბერალია. სხვათა შორის, არც ნიქსონი მოსწონდათ, არც მამა ბუში და მათ პოლიტიკურ ფიასკოში მედიამ დიდი როლი ითამაშა. ძალიან კარგად იცის ტრამპმა ეს ფაქტები და მათ ამიტომ აფრთხილებს. ვნახოთ, პრინციპში, დღეს ორივეს თანაბარი შანსი აქვს და ძალიან ძნელია რამის თქმა. ერთი ფაქტი მახსენდება: პრეზიდენტ კენედის იცით, რომ მშვენიერი ცოლი ჰყავდა _ ჟაკლინი, თვითონაც ამერიკის სიმბოლო იყო და მოკლეს. სხვათა შორის, კენედი ერთადერთი მილიონერი პრეზიდენტი იყო და ახლა ტრამპს აქვს შანსი, ამერიკის პრეზიდენტი მილიარდერი გახდეს. ამერიკელებს არ უყვართ, როცა მილიარდერი მოდის სათავეში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დიდი ბიზნესი არ მოსწონთ, მოსწონთ, მაგრამ მილიონერი პრეზიდენტად ჰყავდათ და ისიც მოკლეს, თუმცა ამის გამო არ მოუკლავთ. იქ სხვებიც იყვნენ მდიდარი დინასტიის წარმომადგენლები: ბუშები, რუზველტები მილიარდერების რეპუტაციით, მაგრამ კენედების ოჯახი მშვენიერი იყო მთელი თავისი სიკეთეებით. იყო ასეთი ამერიკელი მწერალი, ძალიან ცნობილი ისტორიული რომანების ავტორი, გორ ვიდალი. ამ მწერალს ჰკითხეს, _ რას იტყვით, კენედის მაგივრად საბჭოთა მმართველი, ხრუშჩოვი რომ მოეკლათ, რა მოხდებოდაო? მწერალმა უპასუხა, _ არ ვიცი, რა მოხდებოდა, ერთი რამე კი შემიძლია 100%-ით გითხრათ, ონასისი ხრუშჩოვის ქვრივს ცოლად მოიყვანდაო. ასე რომ, მეც ძალიან მიჭირს რაიმე პროგნოზის გაკეთება, ძალიან საინტერესო არჩევნებია, რაზედაც ბევრი რამეა დამოკიდებული. მთელი მსოფლიო უყურებს ამ არჩევნებს, საფონდო ბირჟები ნერვიულობენ, ჩვენც ვნერვიულობთ, მთელი აღმოსავლეთ ევროპა ღელავს, მსოფლიო... ბევრს მიაჩნია, რომ ტრამპი შეიძლება იზოლაციონისტური პოლიტიკის გამგრძელებელი იყოს და ნაკლები ყურადღება მიაქციოს მოკავშირეებსა და მეგობრებს, რაშიც ეჭვი მეპარება. შეიძლება, უფრო მკაცრად მოსთხოვოს მოკავშირეობა, მაგრამ პოლიტიკური კლასი ამერიკის პოლიტიკის რადიკალურად შეცვლის უფლებას მას არ მისცემს. _ რაც შეეხება რუსეთთან დამოკიდებულებას? კლინტონმა განაცხადა, თუ არჩევნებს ტრამპი მოიგებს, კრემლში ზეიმს მოაწყობენო. ტრამპმა, თავის მხრივ, კლინტონი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის ციხეში უნდა მოხვდეს, თან ელექტრონული წერილების ამბავი გაუხსენა... _ დღეს ასე ჩანს და მგონია, რომ ორივე კანდიდატი, განსაკუთრებით ჰილარი, რუსეთის მიმართ ძალიან მკაცრ პოლიტიკას გაატარებს იმ იმედგაცრუებიდან გამომდინარე, რომელიც გადატვირთვას მოჰყვა. როგორც დავინახეთ, პუტინმა, ფაქტობრივად, ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა გააკეთა ობამას საკმაოდ მოკრძალებული პოლიტიკისა და მთელი დასავლეთისა და მისი ლიდერების გამო, რომლებიც დიდი ძლევამოსილებით და რადიკალური გადაწყვეტილებების უნარით არ გამოირჩევიან. ამ დროს ტრამპი, რომელიც, ამავდროულად, გარკვეულწილად, ავანტიურისტია, ძლიერი ნებისყოფის, ფაქტობრივად, დიქტატორი, თავის ნებასურვილს ახვევს მსოფლიოს. სხვათა შორის, კლინტონს ბრალად დასდეს, რომ პუტინი შეაქო, _ ძლიერი და მაგარი ლიდერიაო. ეს არ არის შექება, ძლიერი ლიდერი იყო სტალინი და ჰიტლერი, ფიდელ კასტროც, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს, რომ კარგები იყვნენ. ეს სიტყვების თამაშია. გასაგებია, რასაც გულისხმობდა სიტყვა ძლიერში. პუტინი ძლიერია და ობამა სუსტია. ბევრი მოკავშირის თვალშიც ობამა სუსტი პრეზიდენტი აღმოჩნდა, ბევრს მიაჩნია, რომ კარგია, ზოგს _ არა. პატარა გამოკითხვა ჩავატარე: როგორია ობამა, კარგი, საშუალო თუ ცუდი პრეზიდენტი და მისი პერიოდის ქართულ-ამერიკული ურთიერთობა? 90%-მა თქვა საშუალო, ნაწილმა თქვა კარგი, ნაწილმა კი _ ცუდი. ბევრი უკმაყოფილოა, ბევრსაც მიაჩნია, რომ რასაც აკეთებს, კარგად აკეთებს და მოდი, ვთქვათ, არც საშუალოა ცუდი შეფასება. ტრამპი კლინტონის კონკურენტია, ჰილარი ობამას ადმინისტრაციის წევრი იყო, მის პარტიას წარმოადგენს და, ბუნებრივია, გააკრიტიკებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, სპეკულაცია აქაც ჩანს. _ მოგეხსენებათ, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. თქვენი აზრით, რას უნდა ელოდოს საქართველო ამ არჩევნებიდან და რა გავლენას იქონიებს ჩვენზე ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვება? _ თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ში ჩატარებული არჩევნები საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს, მათ შორის, საგარეო პოლიტიკაში, საკმაოდ რთული საკითხია _ ზოგს საქართველოს გამთლიანება და დამოუკიდებლობა უნდა, ზოგს რუსეთის ორბიტიდან გამოსვლა ურჩევნია, ზოგს ისევ რუსეთი ენატრება, ვის რა მოსწონს ამ ქვეყანაში, ესეც არ არის მარტივი; ზოგი მტერსა და მოყვარეს ვერ არჩევს, ოკუპანტი და მეგობარი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია. ვის როგორ, მაგრამ ამერიკა, ალბათ, არ ინდომებს რუსეთის თავისუფალ პარპაშს უკრაინაში, საქართველოში, სირიაში. შესაძლებელია, მკვახე პოზიცია დაიკავოს. როგორც გამოკითხვებიდან ჩანს, ჰილარი ამას აპირებს, იმედგაცრუებულია, ალბათ, უფრო მკაცრი პოზიცია იქნება. რაც შეეხება ტრამპს, იგი კი ამბობს, რომ ჩვენს მოკავშირეებს შეიძლება ისეთი ყურადღება აღარ დავუთმოთ, ისევ ჩვენ გავძლიერდეთ, ჯანზე მოვიდეთ და პუტინთან შეხვედრა მინდაო. ბუნებრივია, უნდა შეხვდეს, დღეს აშშ-ს მთავარი ოპონენტი ის არის, ამერიკისა და თავისუფალი სამყაროს ინტერესები უნდა დაიცვას დიალოგის მეშვეობით. რა გამოვა აქედან, ვნახოთ. არ ჩანს ეს ის კაცი, რომ პუტინი თავზე დაისვას და ის აკეთებინოს, რაც მას უნდა. ორივეს შემთხვევაში, რუსეთის მიმართ შეიძლება უფრო ძლიერი პოზიციიდან შეეცადოს ამერიკა საუბარს, ისე როგორც რეიგანმა გააკეთა ეს სსრ კავშირის მიმართ, ოღონდ ორივე თავის სტილში, ჰილარი თავისუბურად და ტრამპი თავისებურად. რაც შეეხება საქართველოს, ამ რაკურსში ჩვენი ქვეყანა ამერიკისთვის განიხილება რუსეთთან ურთიერთობაში. გახსოვთ, რუსეთმა ომიც მაგის გამო დაიწყო და შემოგვივარდა. სხვათა შორის, ჩვენ კი არ შევვარდნივართ, როგორც ამას ზოგიერთი ამბობს... იმიტომ, რომ არ უნდოდათ, საქართველო დასავლურ სამყაროში ინტეგრირებულიყო და ამას არც მალავდნენ, ამიტომ ეს რაკურსი არსებობს. ობამას დროს საქართველოში, შეიძლება, ისე არ იყო ჩახუტება, როგორც ბუშის დროს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ბუში და სააკაშვილი ერთმანეთს ხვდებოდნენ და პიროვნული ურთიერთობაც ჰქონდათ, ახლაც მხარდაჭერა და გულთბილი ურთიერთობა შეიძლება გარედან არ ჩანდა, მაგრამ საკმაოდ სერიოზულად და საღად ვითარდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ძალიან ბევრი კარგი პროექტი: ჯარის უსაფრთხოების გაუმჯობესება, ჯანდაცვა, _ ჩ ჰეპატიტის პროგრამა ამერიკელების წამალია, ჩინელების ან რუსების ხომ არ არის? უამრავი სხვა რაღაც კეთდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, _ ვისაც მეტად უნდა დასავლეთთან ინტეგრაცია, იმედი დავიტოვოთ, რომ ამერიკა, ამ ორიდან ნებისმიერის გაპრეზდენტების დროს, ამ ურთიერთობას უფრო გააღრმავებს. არ ვიცი, ვინ როდის მოიცლის ამისთვის, ტრამპი თუ კლინტონი, მაგრამ საქართველო მიიჩნევა ამერიკის ერთგულ მოკავშირედ, მას სჭირდება საქართველო, როგორც მისი მოკავშირე ამ რეგიონში და როგორც დემოკრატიის სიმბოლო სხვებთან შედარებით, ბალტიისპირეთს არ ვგულისხმობ, მაგრამ შუქურა თუ არა, ნათურა ხომ ვართ! უნდა ვივარაუდოთ, რომ ისედაც კარგია ეს ურთიერთობა და უფრო გაღრმავდება!  

                                                                                                       თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება