QronikaPlus
პრემიერ-მინისტრის კომფორტის ზონა

პრემიერ-მინისტრის კომფორტის ზონა

2016-11-07 06:55:12

„ქრონიკა+“ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის უბანს ესტუმრა. რატომ, მაინცდამაინც, კვირიკაშვილი? თუ იკითხავთ, გიპასუხებთ, _ იმიტომ, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მას ძალიან ზედაპირულად იცნობს. დასაწყისშივე აუცილებელი განმარტება: ჩვენ აბსოლუტურად გააზრებული გვაქვს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს პირადი სივრცე _ ერთია საზოგადოებრივი ინტერესი და მეორეა პრივატული გარემო, რომელიც პლანეტაზე მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის ძალიან ძვირფასია. სწორედ ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ მასალის მომზადებისას წითელი ხაზები არ გადაგვიკვეთავს, ჩვენ საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის ოჯახი არ შეგვიწუხებია, მეზობლებს კი, მათივე სურვილის შემთხვევაში, ვიწერდით.   *** ვეძისი საბურთალოს რაიონს ეკუთვნის და დედაქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბნად მიიჩნევა. ტერიტორია, რომელსაც ქვემო ვეძისს ეძახიან, ცენტრის ორგანული ნაწილია, ხოლო ზემო ვეძისი მთებზე შეფენილი, დაბის ტიპის, ნაწილობრივ ელიტარული აგარაკებით გაშენებული დასახლებაა, სადაც გამონაბოლქვით დაბინძურებულ ქუჩებთან შედარებით ბევრად უკეთესი კლიმატია. ეს ტექსტი მათთვის, ვინც თბილისს კარგად არ იცნობთ, ძირძველ ქალაქელებს კი ამ ცნობების გაზეთიდან ამოკითხვა ნამდვილად არ დაგაინტერესებთ. ჰაერის შეცვლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ პოლიტიკური კლიმატის ცვლილება სახეზეა და ამ ვითარებაში ჩვენი დღევანდელი მასალის გმირს უმნიშვნელო როლი ნამდვილად არ აკისრია, თუმცა, როგორც ზემოთ შეგპირდით, პოლიტიკაზე საუბრით აღარ დაგღლით და რეპორტაჟის მთავარ თემას წარმოგიდგენთ. ქვემო ვეძისში მცხოვრები პრემიერის სახლს ადვილად მივაგენით. მგალობლიშვილისა და ტაშკენტის ქუჩებს შორის მოქცეული მონაკვეთის სიგრძე, დაახლოებით, ნახევარი კილომეტრი თუ იქნება, სიგანე კი _ ექვსი-შვიდი მეტრი (ძალიან ვიწრო ტროტუარების ჩათვლით). პატარა ქუჩის დიდი სახეცვლილება უკვე 2000-იანი წლებიდან დაიწყო, მაშინ როცა იქ სხვადასხვა ფერის დროშები გამოჩნდა, დროშებთან ერთად ჩადგეს დაცვის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სპეციალური ჯიხურები. ზოგან დიპკორპუსის მისიები ჩასახლდა, ზოგან საელჩოები გაიხსნა. უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში აქ ბევრი რამ შეიცვალა და ამას ადგილობრივების პირით არ გიყვებით, თქვენს მონამორჩილს არაერთი წლის განმავლობაში მიწევდა მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება. ამჯერად, სპეცტექნიკით შეიარაღებულებმა სამიზნისკენ სვლა დავიწყეთ. როცა ფოტოაპარატის ღილაკს მეორე და მესამე ჯერზე თითი დავაჭირე, დაბურულმინებიანი შავი ავტომობილებიდან კოსტიუმებში ჩაცმული დაცვის თანამშრომლები თითქმის სინქრონულად გადმოვიდნენ, შეგვათვალიერეს და გადაღების მიზეზი მშვიდ ტონალობაში გვკითხეს. ჩვენ ავუხსენით, რომ რეპორტაჟს ვამზადებდით მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესახებ და მეზობლების გამოკითხვასაც ვგეგმავდით, რაზეც პროტესტი არ გამოუთქვამთ, უბრალოდ, დაინტერესდნენ, თუ რომელი მედიასაშუალებიდან ვიყავით; პასუხის მიღების შემდეგ კი გარემოში მოქმედების ნებართვა მოგვცეს. თავიდან ზუსტად არ ვიცოდით, თუ რომელი სახლი ეკუთვნოდა პრემიერს, ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც მეზობლების ძიებისას უშუალოდ მის ჭიშკარზე დავაკაკუნეთ. აი, მაშინ უკვე მშვიდად მყოფმა დაცვის თანამშრომლებმა ჩვენკენ ნაბიჯს მოუჩქარეს და ხელით გვანიშნეს, რომ იმ ადგილს მოვცილებულიყავით. მათ მითითებას, ბუნებრივია, დავემორჩილეთ და მოპირდაპირე მხარეს გადმოვბარგდით, საიდანაც რამდენიმე წუთში ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა. გოგონას აშკარად სადღაც მიეჩქარებოდა, მაგრამ მისგან კომენტარის მოპოვებას მაინც შევეცადეთ. _ თქვენ პრემიერ-მინისტრის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობთ თუ აქ სტუმრად ხართ? ნინო ჯანიკაშვილი: _ მე ადგილობრივი ვარ, აი, წინ ცხოვრობს ბატონი გიორგი. _ თქვენს სახლთან დაცვის პოლიციის ჯიხურია, არ გაწუხებთ? _ არა, ეს ჯიხური იქამდე ჩადგეს, სანამ ბატონი გიორგი გადმოვიდოდა. აქ საელჩო იყო. _ რას გვეტყვით ცნობილ მეზობელზე? _ პირადად ნამდვილად არ ვიცნობ, მაგრამ, როგორც ვიცი, კარგი ადამიანია. მას შემდეგ, რაც პირველი რესპონდენტი თავაზიანად დაგვცილდა, გადავწყვიტეთ, ქუჩაში გამვლელების იმედად არ ვყოფილიყავით და იმ ეზოში შევიხედეთ, საიდანაც ის გამოვიდა. ჭიშკარი ღია დაგვხვდა. ეზოში შესულებს მეორე სართულის ფანჯრიდან შუა ხნის ქალბატონმა გადმოგვხედა. ქალბატონი მარინა _ ზოვრეთის ქ. #28 სახლის მკვიდრი: _ პრემიერ-მინისტრთან პირდაპირი შეხება არ მაქვს, ჩემი სახლის წინ ცხოვრობს და ვხედავ. _ რამდენი ხნის წინ გადმოვიდა აქ ბატონი გიორგი? _ ალბათ, ექვსი წელი იქნება, რაც ჩვენი მეზობელია, ადრე უფრო ხშირად ვხედავდი, ახლა დაცვას მიჰყავს და მოჰყავს. _ მეზობლებთან თუ ჰქონდა კომუნიკაცია იქამდე, სანამ მთავრობაში დააწინაურებდნენ? _ მე მარტო ვცხოვრობ, რის გამოც სახლიდან ხშირად გავდივარ, გამიჭირდება იმის თქმა, კონტაქტობს თუ არა ვინმესთან ამჟამად, ყოველ შემთხვევაში, მე არ მქონია კომუნიკაცია არც ადრე და არც ახლა, მაგრამ აქებენ, მეც კარგი წარმოდგენის ვარ მასზე. _ უბანში რამე გაწუხებთ? _ არაფერი. სხვათა შორის, ურნებიც დაგვიდგეს, გზაც დაგვიგეს, წყალიც გვაქვს. ამ ეტაპზე არაფერი გვაწუხებს...   28 ნომრიდან გამოსულებმა პრემიერის სახლის გარე პერიმეტრი სრულად აღვიქვით. ორსართულიანი სახლის პირველი სართული, რომელიც მუქ ფერზეა შეღებილი, გზიდან კარგად არ ჩანს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი სართული მიწის ქვემოთაა. თავად შენობა ტროტუარიდან ერთ-ორ მეტრში დგას. განსხვავებით ირგვლივ მდებარე სურათისგან, პრემიერის ღობე რკინის ორნამენტებისგან დამზადებული სადა კონსტრუქციების ერთობაა და მხოლოდ ახლო დისტანციაზე აღიქმება. არცთუ მაღალ და განიერ სახლს ოთხი ფანჯარა მოკრძალებულად ამშვენებს. ზოვრეთის 25 ნომერს თანამედროვე მრავალბინიანი კორპუსი ესაზღვრება. დაახლოებით ხუთ-ექვსსართულიანი შენობა, ფაქტობრივად, კვირიკაშვილის სახლის კედლის გაგრძელებაა _ როგორც ჩანს, ქართული არქიტექტურის თავისებურებები მაღალი თანამდებობის პირთა გვერდზეც იჩენს თავს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. სადარბაზოში საშენი მასალები შევნიშნეთ. _ მანდ ხალხი არ შესულა, ჯერ ერთი თუ ორი ოჯახია გადმოსული, _ ხმადაბლა გვითხრა პრემიერის სახლის დაცვის თანამშრომელმა, რომელმაც, ფაქტობრივად, გვირჩია, რომ რესპონდენტების ძიებაში ზედმეტად დრო არ დაგვეკარგა, მაგრამ რადგანაც მედიის წარმომადგენლების ვალდებულებაა ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაციის გადამოწმება, დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში კორპუსთან მაინც შევყოვნდით და როცა არავინ გამოჩნდა, კერძო სახლებისკენ ავიღეთ გეზი. მრავალბინიანი შენობის გვერდით რკინის შავ კარზე დავაკაკუნეთ თუ არა, მალევე გამოგვხედეს. შუა ხნის მამაკაცი ინტერვიუზე დაგვთანხმდა, მაგრამ ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. _ თუ იცნობთ თქვენს მეზობლად მცხოვრებ პრემიერს? _ არ ვიცნობ... _ თქვენ ახალი გადმოსული ხართ? _ არა, წლებია, აქ ვცხოვრობთ, ის არის შედარებით ახალი გადმოსული. _ ამ უბანში მეზობლებს აქტიური კომუნიკაცია არ გაქვთ ერთმანეთთან? _ აქ კერძო სახლებია და ერთმანეთს ვიცნობთ, ხანდახან სოფელში მგონია თავი. _ რამდენადაც ვიცი, დიპკორპუსის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ ამ ქუჩაზე, ჩვენი ინფორმაციით, ადგილობრივებს დღესაც მასობრივად აქვთ გაქირავებული სახლები... _ გაქირავებულიც ბევრს აქვს და ზოგიერთ სახლში რაღაც ობიექტია, ახალი მეზობლებიც გვყავს, მაგრამ, ძირითადად, კერძო მოსახლეები არიან. ახლა დაიწყეს ნელ-ნელა კორპუსების ჩადგმა, თუმცა სამ-ოთხ სართულზე მეტი აქ არ შეიძლება, მაგრამ ცენტრია და რას ვიზამთ? _ უბანში რამე გაწუხებთ? _ ისეთი არაფერი, თქმად რომ ღირდეს, უბრალოდ, სასურველია, ძალიან მაღალი კორპუსები არ ჩადგან. მასპინძელთან გასაუბრების შემდეგ მოპირდაპირე მხარეს გავიხედეთ, სადაც თანამედროვე სტანდარტების მქონე სასტუმრო შევნიშნეთ, რომლის კიბეებიც წითელ ხალიჩას დაემშვენებინა. შესასვლელთან ორი ახალგაზრდა სიგარეტს ეწეოდა. როგორც გავარკვიეთ ისინი არც თანამშრომლები იყვნენ და არც ადგილობრივები, ყოველ შემთხვევაში, თავად განგვიცახდეს, რომ სასტუმროში პრივატულ შეკრებაზე იმყოფებოდნენ. ფანჯრებიდან რამდენიმე წყვილი ცნობისმოყვარე თვალი შევნიშნეთ; სავარაუდოდ, დაუპატიჟებელ სტუმრებს დაწესებულების თანამშრომლები გვაკვირდებოდნენ. სვლა ტაშკენტის ქუჩის მიმართულებით განვაგრძეთ, სადაც შედარებით მოზრდილი სახლებია. სამწუხაროდ, ქუჩის დასასრულისკენ ადგილობრივები ვერ შევნიშნეთ, რის გამოც უკან ჩამოვბრუნდით, პრემიერის სახლიდან ხუთ-ათ მეტრში ახალგაზრდა გოგონა გამოვკითხეთ. ნინო ჯინჯოლავამ ჩვენთან საუბარი არ დაიზარა: _ საუბრის დასაწყისშივე გეტყვით, რომ ბატონი პრემიერი არასდროს მინახავს პირადად, მე მეზობელი ვარ, თუმცა აქედან, დაახლოებით, ორმოცდაათ მეტრში ვცხოვრობ. _ რადგანაც მეზობელს არ იცნობთ, ასე გკითხავთ: რა მოგწონთ ყველაზე მეტად პოლიტიკოს კვირიკაშვილში? _ ჩემთვის ძალიან დასაფასებელია ის, რომ პრემიერი უბანში ცხოვრობს და ეს არ იგრძნობა მოსახლეობისთვის; დაცვა არ გვაწუხებს, საერთოდ ცხოვრობდა თუ არა აქ, მაგაშიც კი ეჭვი მეპარებოდა, იმიტომ რომ ესკორტებით სირბილი და გზის გადაკეტვა არავის შეგვინიშნავს. _ შეგიძლიათ, გულწრფელად გვითხრათ, ყველაზე მეტად ადგილობრივებს რა გაწუხებთ? ვთქვათ, გაქვთ სკვერი, სტადიონი? _ თავადაც ხედავთ, რომ კერძო დასახლებაა, შესაბამისად, გასასეირნებელ ადგილზე მოთხოვნა არაა, აქ სახლებში აქვთ ეზოები, რომელიც ერთ ან ორ ოჯახს ჰყოფნის. უბანში ინფრასტრუქტურა შეიცვალა, თუმცა მაღალსართულიანი მშენებლობები, გარკვეულწილად, აფერხებს მოძრაობას, მაგრამ ამას ვერ გავექცევით, ვინაიდან მშენებლობის ბუმია, აქაურობა ყოველთვის მიმზიდველი იყო საოფისე საქმიანობისთვის. _ რამდენადაც მახსოვს, აქ საელჩოები მრავლად იყო... _ საელჩოები იყო, კონკრეტულად ამერიკის საელჩო ძალიან მძლავრად იყენებდა ჩვენს უბანს, თანამშრომლებისთვის ჰქონდათ ბინები აღებული ქირით, მაგრამ მას მერე, რაც თავიანთი პუნქტი გააძლიერეს, ჩვენკენ ნაკლებად ქირაობენ, კერძო სკოლების ნაწილიც გადავიდა აქედან, მათი ბიზნესი გაიზარდა და ფართი აღარ ეყოთ. _ სააკაშვილის მმართველობის დროს აქცევდნენ ყურადღებას აქურობას? გზები ახლა დააგეს, თუ მანამდეც იყო? _ ქვიშა მანამდეც არ ეყარა, მაგრამ გაგარინის მოედანი ბევრჯერ დააგეს და ბევრჯერ აყარეს, რაზეც მეც მქონდა პრეტენზიები თავის დროზე. ბოლო პერიოდში ნორმალური გზა დაიგო. რაც შეეხება თქვენ მიერ დასმულ კითხვას, ზოგადად, ქალაქში პრობლემაა საკანალიზაციო სისტემა _ თავიდან ბოლომდეა შესაცვლელი. კოლექტორები ვერ ატარებს ნაწვიმარ წყალს, თუმცა ეს კონრეტული უბნის პრობლემა კი არა, დედაქალაქის სატკივარია.   ლირიკული გადახვევა: მედიის წარმომადგენლებისთვის კარგადაა ცნობილი ერთი ფრთიანი გამონათქვამი, რომ თუ ჟურნალისტს კარში არ უშვებენ, მაშინ ის ფანჯრიდან უნდა გადაძვრეს. ეს მეტაფორა ზოგჯერ პირდაპირი მნიშვნელობითაც იძენს აქტუალობას, ვინაიდან რეპორტიორებს არცთუ იშვიათად, მართლაც რომ ღობეებზე უწევთ ძრომიალი. მართალია, ჩვენ ასეთი განზრახვა არ გვქონია, თუმცა აღნიშვნად ღირს ბეტონის არცთუ დაბალი მესრები, რომელიც იმდენად თვალშისაცემია, რომ ზოგ ადგილას გასაიდუმლოებული სამხედრო ობიექტისთვის დამახასიათებელ იერს სძენს მშვენიერ სახლებს. შეიძლება ითქვას, რომ ზოვრეთის ქუჩაზე ყველაზე გამოცდილ პაპარაცსაც კი გაუჭირდება მუშაობა. მაღალი რკინის ჭიშკრებს გარესამყაროსთან, ძირითადად, პატარა ჭუჭრუტანები აკავშირებს, რომელთა ლინზებიც, როგორც ცნობილია, ყოველთვის მასპინძლის სასარგებლოდაა მიმართული _ საჭვრეტელებს ზოგან სათვალთვალო კამერების ქსელი ენაცვლება, ზოგან `დამაფონების” საშუალებითაც გვიპასუხეს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ასეთი მოწყობილობით ყველა ოჯახი სარგებლობს. გზის დასასრულისკენ (ტაშკენტის ქუჩის მიმართულებით) ბოლომდე ასვლა მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ და უკან გამოვბრუნდით. დაღმართი თითქოს შეუმჩნეველია, მაგრამ თითოეული მეტრისას იგრძნობა რელიეფის ცვლილება. პრემიერ-მინისტრის სახლიდან, დაახლოებით, ოც-ოცდაათ მეტრში გზაჯვარედინია (ზოვრეთისა და მირზა გელოვანის ქუჩების კვეთაზე), ქვემოთ ჩამოსულებმა გეზი შევიცვალეთ და გელოვანის ქუჩას ავუყევით, სადაც შედარებით ძველი და მოკრძალებული მასშტაბების მქონე სახლები სჭარბობს. გზაგასაყართან ახლოს, მეორე სახლის წინ მდგარ ავტომობილთან ორი ასაკოვანი მამაკაცი შევნიშნეთ. ერთ-ერთი მათგანი ის იყო, ავტომობილში ჩაჯდომას აპირებდა, რომ დიქტოფონი მოვიმარჯვეთ და კომენტარი ვთხოვეთ. თემურ ჯანიკაშვილი: _ პრემიერს ახლოს არ ვიცნობ, აი, ასე გამოივლის ხოლმე და ვესალმებით, ისიც გვესალმება. გულით და სულით ვაცილებთ სამსახურში. _ იქამდე, სანამ ბატონი გიორგი პრემიერი გახდებოდა, თუ გქონდათ უშუალო კომუნიკაცია მასთან? გადმოდიოდა მეზობლებთან, ან თქვენ თუ სტუმრობდით? _ საუკეთესო პიროვნებაა, დადებითი. _ გავიგე თქვენი შეფასება! მე მაინტერესებს, უშუალო შეხება თუ გქონდათ?.. _ ჩვენ ოდნავ მოცილებით ვცხოვრობთ, კარის მეზობლები არ ვართ, თუმცა სალმით ყოველთვის ვესალმებოდით ერთმანეთს. ორ-სამწუთიანი დიალოგის შემდეგ ბატონმა თემურმა ავტომობილი დაქოქა და დაგვემშვიდობა, ჩვენ კი იქვე მდგარ მეორე პირთან გადავწყვიტეთ გასაუბრება. დაახლოებით სამოცდაათ წელს გადაცილებული მოხუცი იქამდეც გვადევნებდა თვალს. ამირან მიქელაშვილი: _ ბატონო ამირან, იცნობთ გიორგი კვირიკაშვილს? _ როგორ არ ვიცნობ, კაცო, აი, აგერ, ამ შესახვევში ცხოვრობს (მოხუცი გვიღიმის). _ რას გვეტყვით მასზე? _ მაგის ადგილას ცხოვრობდა... სულიკო ერქვა, რა გვარი იყო, აღარ მახსოვს, ზედსიძედ იყო მანდ, წარმოშობით ახალდაბიდან. მისი ცოლის სახლი იყო, შემდეგ გაყიდეს. ამის მამას უყიდია. _ ანუ ბატონი გიორგის მამამ შეიძინა ეს სახლი ზოვრეთის ქუჩაზე? _ ხო, ასე ამბობენ. მაშინ ჩვენ აზრზე არ ვიყავით, ვისზე გაიყიდა... _ იქამდე, სანამ თანამდებობის პირი გახდებოდა, არ იცნობდით მეზობელს? _ ახალი ოჯახი რომ გადმოვიდა, ეგ ვიცოდით, ის არ ვიცოდით, ვინ იყვნენ. ახლა კი გავიგეთ, რომ პრემიერ-მინისტრის მამა ყოფილა. დაახლოებით ექვსი-შვიდი წლის წინათ იყიდეს ეგ სახლი კვირიკაშვილებმა. ბატონ ამირანთან გასაუბრების შემდეგ რესპონდენტების მოსახელთებლად სვლა კვლავაც განვაგრძეთ, თუმცა მორიგ ჯერზე ჩვენი ყველა მცდელობა, პრაქტიკულად, უშედეგო აღმოჩნდა. მიმდებარე ტერიტორიაზე სახლების დიდი ნაწილი ბაგა-ბაღებად, სკოლებად, ზოგიც ოფისებადაა გადაკეთებული, რაც თავიდანვე გამორიცხავდა თეორიულ შანსს, რომ ვინმე კომენტარს მოგვცემდა, თან ამ ობიექტებზე დასაქმებულ პირებს მეზობლების კატეგორიაში ვერც განვიხილავდით. მიუხედავად იმისა, რომ მასალის მოსამზადებლად შაბათ დღეს, შუადღის ოთხი საათისთვის გავედით დედაქალაქის ცენტრალურ რაიონში, მიუხედავად იმისა, რომ ყინვების შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს გამოიდარა, ქვეითად მოსიარულეებს იშვიათად ვაწყდებოდით, ამიტომ გადავწყვიტეთ, პრემიერის სახლისგან ოდნავ მოცილებით კიდევ ერთი სახლის კარზე მიგვეკაკუნებინა და ამით დაგვესრულებინა ჩვენი ვოიაჟი: _ რომელი ხართ? _ მოგვესმა ქალბატონის ხმა. რკინის ჭიშკრის მიღმა არავინ ჩანდა, გზის მხარეს მდებარე ფანჯრები სუროს და ვაზის ფოთლებს დაეფარა. მეორე სართულის აივნიდან შუა ხნის მასპინძელმა გამოგვხედა. _ ჟურნალისტები ვართ „ქრონიკა+“-დან, რეპორტაჟს ვამზადებთ პრემიერ-მინისტრზე. გვაინტერესებს, რას ფიქრობთ მეზობლები მასზე, _ პრაქტიკულად, ყელმოღერებულმა ვუპასუხე ერთ ამოსუნთქვაზე დიასახლისს. _ ააა, ეგ ზემოთ ცხოვრობს. _ ვიცით, ქალბატონო, სადაც ცხოვრობს, თქვენი შეფასება გვაინტერესებს, იცნობთ პირადად? _ პრემიერს არ ვიცნობ, თუმცა ვიცით, რომ აქ ცხოვრობს. მაპატიეთ სხვას ვერაფერს გეტყვით, არ მაქვს კომუნიკაცია. რაც უფრო ვშორდებოდით ზოვრეთის 25 ნომერს, საბოლოოდ გვეწურებოდა იმის იმედი, რომ ვინმე ერთ წინადადებას მაინც გვეტყოდა რეპორტაჟის მთავარ გმირზე. თითოეული სახლიდან, თითოეული მეტრიდან, პოლიტიკოსი მეზობლის ცნობადობის ხარისხი ნაბიჯ-ნაბიჯ იკლებდა.   ეპილოგის მაგიერ: მოკლე ინტერვიუების ჩაწერის შემდეგ ცენტრალური გზის მიმართულებით ჩამოვედით ადგილისკენ, რომელსაც თბილისელთა უმრავლესობა გაგარინის მოედნად იცნობს. მართალია, გამზირზე შემომავალ ერთ-ერთ ქუჩას პირველი კოსმონავტის სახელი დღემდე შემორჩა, მაგრამ თავად მოედანი ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სახელობისაა. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, ტრაგედიები არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ამ რეპორტაჟის დასასრულისკენ კი, პირველ რიგში, ქვეყანას ვუსურვებთ, რომ კვირიკაშვილის მოღვაწეობა იმაზე ნაყოფიერი იყოს, ვიდრე მისი წინამორბედების. ექსპრემიერების პოლიტიკური თუ ადამიანური ბედი ძალიან განსხვავებულია _ ზურაბ ჟვანიას სახელი ცოცხლად დარჩენილი არაერთი პრემიერის სახელს გადაწონის, როგორ კრიტიკულადაც არ უნდა ვიყოთ მისი მოღვაწეობის მიმართ განწყობილნი. დღეს ცოტას თუ ახსოვს ნიკა გილაური, ან გრიგოლ მგალობლიშვილი, მაგრამ ბევრს ახსოვს ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ზოგიერთის დანაშაულზე დღემდე საუბრობენ, _ ივანე მერაბიშვილის მაგალითზე, ზოგიერთის დანაშაულზე კი, ამ ეტაპზე, ხმას არავინ იღებს. არავინ იცის, როგორ მოიგონებენ ბატონ კვირიკაშვილს გარკვეული დროის შემდეგ, მაგრამ იმისთვის, რომ გაიხსენონ, იქამდე პერსონას უნდა იცნობდნენ, ხოლო რომ იცნობდნენ, ამისთვის ერთი ნაბიჯია გადასადგმელი _ ბატონი პრემიერი უფრო გახსნილი უნდა იყოს პრესის წარმომადგენლებთან და არც ჩვენ დავგეგმავთ მასთან მოულოდნელ ვიზიტებს.  

                                                                                                                                      ზაზა სვანაძე

 

გაზიარება