QronikaPlus
რა კავშირი აქვს ლაშა ნაცვლიშვილს ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მეშვიდე ვაგონის აფეთქებასთან?!

რა კავშირი აქვს ლაშა ნაცვლიშვილს ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მეშვიდე ვაგონის აფეთქებასთან?!

2016-11-05 07:27:14

„ქრონიკა+“-ის წინა ნომრებში გამოქვეყნებულმა ყოფილი პარტიზანის სკანდალურმა აღიარებამ სამეგრელოში არაერთი მოქმედი ჩინოვნიკი დააფრთხო. კულუარებში არკვევენ, დამატებით რა ინფორმაციას ფლობს „ქრონიკა+“ და გადის თუ არა კვალი „ჯიჰადის ვიდეოების“ ატვირთვაზე. გამოქვეყნებულ მასალაზე, ცხადია, სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ფორმალურადაც კი გამოძებას კითხვები არ გასჩენია, რადგან ხელისუფლების კულუარებში ყველამ იცის, _ ფარული ჩანაწერების გამომზეურების კვალი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვასთან მიდის. მეხუთე საოცნებო წელს „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი, ისევ გამოჩნდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ნაცვლიშვილი ქვეყნიდან უსაფრთხოდ მხოლოდ იმის გამო გაუშვეს, რომ მან ყოფილი თანაგუნდელები იმ ფარული ჩანაწერებით დააშანტაჟა, რომელიც მალულად, მეგობრის დახმარებით, სომხეთში გაიტანა („ქრონიკა+“-მა ნაცვლიშვილის ამ მეგობრის ვინაობაც იცის, მაგრამ, გარკვეული მოსაზრებების გამო, ამ ეტაპზე, არ ასახელებს). საქართველოში ლაშა ნაცვლიშვილი მუდმივად ასოცირდებოდა რუსულ სპეცსამსახურებთან. საქმეში ჩახედული ადამიანები მის გააქტიურებას ამჯერადაც რუს ძალოვნებს უკავშირებენ. რა მისია აქვს მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილეს ეს, ალბათ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება, „ქრონიკა+“-ს კი კარგად ინფორმირებული წყარო 17 წლის წინანდელ ისტორიას უყვება. 17 წლის წინათ თბილისი-ზუგდიდის მატარებლის მეშვიდე ვაგონის კუპე ასაფეთქებლად შეირჩა. ამ სკანდალური ისტორიის დეტალები „ქრონიკა+“-მა აფხაზეთში მოქმედ პარტიზანული დაჯგუფებების წევრთან გადაამოწმა, რომელიც პირადად მონაწილეობდა აფეთქებაში. კრიმინოგენური სიტუაციით 1997 წელი უკვე ჰგავს დღევანდელობას, მაშინაც ხელისუფლებას ე. წ. პარტიზანების სახელით რამდენიმე შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავდა ჩამოყალიბებული. ისინი კონტრაბანდასა და იარაღის ბიზნესს მფარველობდნენ. ამ საქმიანობით პარტიზანების სახელს ამოფარებული ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც იყვნენ დაკავებული. კიდევ უფრო სარფიანი შემოსავლის წყარო გახლდათ რუსული სპეცსამსახურების დავალების ზედმიწევნით შესრულება, რაც, გარდა ფულის შემოსავლისა, თანამდებობაზე დაწინაურების ძირითადი კრიტერიუმიც იყო. ამ პარტიზანულ დაჯგუფებებს პირდაპირ ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებდა. ენგურს გაღმა და გამოღმა ოკუპაციის ხაზი ერთად შეკრული მაღალჩინოსნებისა და შეიარაღებული დაჯგუფებების შავი ბიზნესის შემოსავლის ოქროს სასწორად იყო აღიარებული. 84-კილომეტრიან ოკუპაციის ზოლს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამინისტრო და გენერალური პროკურატურა აკონტროლებდა. ამ დაჯგუფებებს ლაშა ნაცვლიშვილი კურირებდა. რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი ლაშა ნაცვლიშვილს არც ახლა გაუწყვეტია. მისი ძირითადი დასაყრდენი რუსი გენერალი რაშიდ ნურგალიევია, რომელსაც დიდ პატივს სცემენ კრემლში. 60 წლის რაშიდი რუსეთის არმიის გენერალი და პარტია „Единая Россия“-ს საპატიო წევრია. 17 წლის წინანდელ სკანდალურ დავალებას ყოფილი პარტიზანი ზ. ძ. დეტალურად იხსენებს. მიუხედავად ასაკისა, ის დღესაც პარტიზანად მიიჩნევს თავს. 90-იანი წლების ბოლოს ზ. ძ.-ს დაჯგუფებაც კონტრაბანდით ირჩენდა თავს. ეს იმ წლებში მათთვის ნებადართული ბიზნესი იყო. დაჯგუფებებს შორის ურთიერთდაპირისპირების მიზეზი კონტრაბანდული ტვირთის გადმოტანა და გასაღების ადგილები ხდებოდა. ზ. ძ.-ს დაჯგუფებას მდინარე ენგურის ერთ-ერთ გადასასვლელ ფონზე საწვავით დატვირთული სამოცტონიანი ბენზინმზიდი გადმოჰყავდა, რა დროსაც მანქანას უკანა მხარეს „მუხის“ ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი ესროლეს. სანამ ბენზინმზიდი აფეთქდებოდა, აალებისთანავე, მძღოლმა და სალონში მყოფმა გამცილებელმა გაქცევა მოახერხეს, მანქანა მთელი ღამე იწვოდა. მაშინვე გაირკვა, რომ ამ აფეთქებაში პარტიზანული დაფგუფება „ტყის ძმების“ ხელმძღვანელის, დათო შენგელიას ხელი ერია. რადგან აფეთქებას წინ უძღოდა ბენზინის გასაყიდ ფასთან დაკავშირებული საქმის გარჩევა, მოგვიანებით, თვითონ ეს ფაქტი ქურდული გარჩევის მიზეზიც გახდა და სისხლიან გარჩევაში ყველაზე ძლიერი აფხაზური ბანდფორმირების ხელმძღვანელი, ვალმერ ბუთბა ჩაერთო. ის ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის დაუძინებელი მტერი იყო, გალის დაბალ ზონაში კი კონტრაბანდას მისი დაჯგუფება დააცილებდა. ვალმერი აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას პირადი დაცვის უფროსი იყო, გალში კი, ძირითადად, ბენზინისა და სიგარეტის ბიზნესს განაგებდა. ზ. ძ. საწვავს მისგან იღებდა, ამიტომ მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და რადგან არსებობდა შიში, რომ დაპირისპირების შემდეგ შესაძლო იყო, მისი დაჯგუფების მიერ გადმოყვანილი მანქანა ისევ აეფეთქებინათ, ამიტომაც გადაწყვიტა, საქმეში ვალმერ ბუთბა ჩაერთო. ის განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, სწორედ ამიტომ პარტიზანებში ანგარიშგასაწევი პიროვნება იყო. ვალმერის დახმარებით ზ. ძ.-მ 400 ყუთი სიგარეტი და სამი მანქანა ბენზინი კონტრაბანდულად შემოიტანა, სწორედ ამ ფულით გაისტუმრა ის ვალი, რაც აფეთქების შედეგად დაედო. ყოფილი პარტიზანი თანმიმდევრობით და ზუსტად მოგვითხრობს იმ ისტორიასაც, რომელიც ლაშა ნაცვლიშვილის სახელთანაა დაკავშირებული. აი, რას უყვება ზ. ძ. „ქრონიკა+“-ს: „ვალმერ ბუთბას დაბადების იყო. ამ დღეს განსაკუთრებით აღნიშნავდა, სოხუმში იმყოფებოდა. მისმა მეგობრებმა მესამე დღეს გალში გადაუხადეს დაბადების დღე. მე ამ დღის მისალოცად მის მეგობარს, ბესიკ ხიძბას დავურეკე, _ ჩემი მილოცვა გადაეცით-მეთქი. სწორედ ბესიკისგან გავიგე, რომ გალში, მახუნჯიას დასახლებაში, თ. შ.-ს სახლში სუფრას აწყობდნენ. ჩემს მილოცვას მივაყოლე, _ რომ არა ჩვენი სიშორე, სუფრაზე მეც თამამად მივიდოდი-მეთქი. საუბრის დასრულებიდან სამ წუთში ტელეფონის ზარი შემომივიდა, ბესიკს ვუპასუხე და მეუბნება, _ წამოდი, ვალმერმა იცის, ცენტრალური ხიდიდან გადმოდი, საგუშაგოზე გელოდებიან, მესაზღვრეები ტაქსში ჩაგსვამენო... უკვე წაუსვლელობაც აღარ გამოდიოდა, ამიტომ პირადად ბესიკს ვთხოვე, დამხვედროდა. დაახლოებით ორ საათში ენგურის ცენტრალური ხიდიდან რუსების საგუშაგოზე მივედი. იქ ჩემი სახელი და გვარი ჩაწერილი ჰქონდათ და შეუფერხებლად გამატარეს. ტაქსში ჩამსვეს და ერთ საათში სუფრაზე ვიყავი. თუ მათ სტუმრად ჩაგთვალეს, სტუმარ-მასპინძლობის პატივი იციან. საჩუქარი ვალმერს სუფრაზევე გადავეცი. დაახლოებით ოთხ საათში წასვლა მოვინდომე. მიუხედავად იმისა, რომ ვალმერი ნასვამი იყო, სუფრიდან გამომაცილა და მითხრა, _ რადგან გალში სასტუმრო არ არის, ბიჭები მოგასვენებენო. სიმართლე გითხრათ, ზუგდიდში გადმოსვლა მერჩივნა, მაგრამ ეს ის დრო იყო, როცა საღამოს გადაადგილება რისკს წარმოადგენდა და მით უმეტეს, ამ გზაზე. მე უახლოესი ნათესავები მყავს გალში, რომლებიც ვალმერის მეგობრები იყვნენ და მათთან ვარჩიე წასვლა. ვალმერს დაცვის წევრების თანდასწრებით 10 წუთი ველაპარაკე. საუბარი შეეხებოდა დათო შენგელიას დაჯგუფებების მხრიდან ხელის შეშლას, რომლებიც აფხაზეთიდან ასევე ბენზინის კონტრაბანდით იყვნენ დაკავებულები. საუბრის ბოლოს ვალმერმა მძღოლს პირადი ბლოკნოტის ჩამოტანა სთხოვა. მახსოვს, უბრალო ფურცელზე დაწერილი ქალაქის ნომერი გადმომცა და დამაბარა, _ თუ საწვავს გააჩერებენ, ან გასაღების დროს პრობლემას შეგიქმნიან, ლაშა ნაცვლიშვილს დაურეკე, მას შენზე ხვალიდან ეცოდინებაო. ნაცვლიშვილის სახელი და გვარი პირველად მაშინ გავიგე. მას შემდეგ თვეები გავიდა, მე ეს პიროვნება არ დამჭირვებია, რადგან ვალმერ ბუთბას სახელს უფრო მეტი გავლენა ჰქონდა „ტყის ძმების“ დაჯგუფებაში. დაახლოებით ხუთი თვის შემდეგ ზუგდიდის პოლიციაში დამიბარეს და ჩეღალში საქმეზე გამიშვეს. მაშინ პარტიზანების დაუსჯელ კონტრაბანდულ საქმიანობას სპეცსამსახურებისგან მიღებული დავალების შესრულების ვალდებულება თან მოჰყვებოდა, ამიტომაც დავთანხმდი. სანამ დავალებას ბოლომდე არ გავეცანი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ჩემი „ინსტრუქტორი“ ის ადამიანი იყო, რომლის სახელი და გვარი ვალმერ ბუთბამ ფურცელზე დაწერილი გადმომცა. დღემდე მგონია, რომ დავალება პროფესიონალისგან მივიღე, რადგან ის ყველა დეტალში კარგად ერკვეოდა. საქმის სირთულიდან გამომდინარე, მას სახელი და გვარი ვკითხე. ეს იყო ლაშა ნაცვლიშვილი. საუბრის ბოლოს ერთადერთი და მთავარი კითხვა დაუსვი, _ თუ საქმე დავალების შესაბამისად არ გამომივა, მქონდეს თქვენი იმედი, რომ ჩავარდნის დროს არ მიმატოვებთ-მეთქი? პასუხისმგებლობასთან ერთად სიფრთხილეც მირჩია. ამ დარიგებით დავშორდი ლაშა ნაცვლიშვილს“. სხვათა შორის, ზ. ძ.-ს მარცხენა ხელის მტევანი დაზიანებული აქვს. მისივე განმარტებით, დავალება „УАЗ“-ის მარკის მანქანის ქვეშ საათის მექანიზმზე გათვლილ ხის სარკოფაგში კუსტარულად ჩამონტაჟებული ნაღმის დადებას ითვალისწინებდა. ამ მანქანას მოძრავ საგუშაგოდ იყენებდნენ. დავალების გამცემისთვის ცნობილი იყო მანქანის მორიგეობის განრიგი. რუსი ოკუპანტები მაშინ აფხაზეთში სამშვიდობო მისიის სახელს ატარებდნენ. მორიგეობა საღამოს რვა საათზე იცვლებოდა. ოკუპანტებს აფხაზი პოლიციელები ცვლიდნენ. დამკვეთისთვის ესეც ცნობილი იყო. ნაღმი ოც წუთში აფეთქდებოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, შემოვლაზე აფხაზი პოლიციელების შესამოწმებლად ოკუპანტები ჯავშანტრანსპორტიორით დაუგეგმავად მივიდნენ. ეს შემთხვევითობა საბედისწერო აღმოჩნდა. ზ. ძ.-მ შემთხვევის ადგილი აფეთქებამდე ორმოცი წუთით ადრე დატოვა. სამიზნე აფხაზი პოლიციელები იყვნენ. ნაღმი საათის მექანიზმის სიზუსტით აფეთქდა. ჯავშანტრანსპორტიორზე ორი რუსი სამხედრო დაიღუპა, ორი დაშავდა, ხოლო აფხაზი პოლიციელებიდან სამი მძიმედ დაიჭრა. შემთხვევითობის გამო ლაშა ნაცვლიშვილს უსაყვედურეს, თუმცა, რუსი ოკუპანტების დაღუპვის მიუხედავად, გაუთვალისწინებელ შემთხვევითობასაც მისი დაწინაურება მოყვა. „მე დავალება ლაშა ნაცვლიშვილისგან მივიღე. მაშინ ის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა. დაახლოებით ერთ წელიწადში უშიშროების მინისტრის მოადგილედ დააწინაურეს“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-თან საუბრისას ყოფილი პარტიზანი. მეორე ფაქტი, რომელსაც ზ. ძ. „ქრონიკა+“-ს უყვება, ისევ ლაშა ნაცვლიშვილის სახელს უკავშირდება: 1999 წლის 26 სექტემბერს ზ. ძ. ლაშა ნაცვლიშვილმა ზუგდიდის ცენტრში დაიბარა და პირადად მისგან მიიღო დავალება. ყოფილი პარტიზანი ზუსტად იხსენებს ლაშა ნაცვლიშვილსა და მას შორის გამართული საუბრის დეტალებს: „გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად რეზონანსის გამოწვევაა აუცილებელი, ამიტომ ეს დავალება უნდა შეგვისრულო, პრემიაც იქნება, სამსახურიც და აფხაზეთიდან ტვირთის გადმოტანაშიც ხელს შეგიწყობთ; ასაფეთქებელ მასალას დამზადებულს მოგიტანენ, დამატებით გეტყვი, რომელ ვაგონში უნდა დაამონტაჟო, რეზონანსი რომ მოჰყვეს, აფეთქება ზუგდიდი-თბილისის მატარებლის ვაგონში უნდა მოხდეს“, _ უთხრა ლაშა ნაცვლიშვილმა ყოფილ პარტიზანს. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევიდან 17 წელია გასული, ზ. ძ. ამტკიცებს, რომ ლაშა ნაცვლიშვილის სიტყვები და დავალების დეტალებიც ზუსტად ახსოვს. ასაფეთქებელი მოწყობილობა, ამ შემთხვევაშიც, კუსტარულად ტროტილისა და ჰექსოგენის ნივთიერებისგან იყო დამზადებული. მეორე დღეს, შეთანხმებისამებრ, დათქმულ დროს, უცნობმა პირმა ყოფილ პარტიზანს შავი ჩანთით გამზადებული შეკვრა გადასცა. ზ. ძ., დავალების მიხედვით, ზუგდიდის რკინიგზის სადგურში ზუგდიდი-თბილისის მატარებელს მიუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ვაგონი მისთვის მითითებული არ ჰქონდათ, დავალების ყველა სხვა დეტალზე, თუ როგორ უნდა ემოქმედა, ზ. ძ.-მ კონსულტაცია პირადად ნაცვლიშვილთან გაიარა. ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ ვაგონში უნდა მოთავსებულიყო, სადაც გამცილებელი არ იქნებოდა. „მეხუთე ვაგონს რამდენჯერმე ჩავუარე, გამცილებელი ვერ შევნიშნე და ამით ვისარგებლე, ჩანთაში მოთავსებული საათის მექანიზმზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, დავალებისამებრ, გვერდულად, ვაგონის საბარგულში მოვათავსე. როგორც კი ვაგონი დავტოვე, რკინიგზის სადგურზე ნაცვლიშვილის მანქანას მივუახლოვდი და მოვახსენე, რომ დავალება შესრულებულია. დაახლოებით 10 წუთში დავალება კატეგორიული მოთხოვნით შეიცვალა, რომ ნაღმი სხვა ვაგონში გადმომეტანა. ვითაკილე და შესრულების სირთულეზე დავუწყე საუბარი, მაგრამ ნაცვლიშვილის მოთხოვნა კატეგორიული იყო _ ასაფეთქებელი მოწყობილობის სხვა ვაგონში გადატანას ითხოვდა. მიზეზად მითხრა, _ მეხუთე ვაგონში აფხაზები უნდა დაბინავდნენ, ამიტომ დაუშვებელია, მეშვიდე ვაგონის კუპეში ქართველები იქნებიან და იქ გადაიტანეო. კუპეს ნომრებიც მიმითითა, სადაც ტროტილითა და ჰექსოგენით დამზადებული ასაფეთქებელი შეკვრა უნდა დამედო. მიუხედავად სირთულისა, დავალება შევასრულე... მითითებულ ვაგონში ჩანთით ავედი და კუპეს ნაკარნახევი ნომრებიც ვაგონის ასვლისთანვე შევამჩნიე, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩანთიდან ამოვიღე და საბარგულში საათის მექანიზმის პრინციპზე განვათავსე. სადგურის ტერიტორის დატოვება ვერ მოვასწარი, რომ ძლიერი აფეთქების ხმა გავიგონე, ირგვლივ დენთის სუნი იდგა, პანიკა დაიწყო“, _ იგონებს „ქრონიკა+“-თან საუბრისას ყოფილი პარტიზანი. რა პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის იყო საჭირო 1999 წელს ზუგდიდი-თბილისის მატარებლის ვაგონების აფეთქება, ყოფილი პარტიზანი ვერ აკონკრეტებს. ერთადერთი დეტალი, რაც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, ის არის, რომ ლაშა ნაცვლიშვილის შემზარავი დავალების შესრულებიდან რამდენიმე წუთში ვაგონში ქართველი ოჯახი ავიდა. ისინი თბილისში შვილთან ერთად მიემგზავრებოდნენ. 22 წლის მაკა ჯგუშია და მისი დედ-მამა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. მაკამ ორივე კიდური დაკარგა, თვეები რესპუბლიკურ საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა. მამა აფეთქების დროს მიღებული ტრავმების გამო ერთ წელიწადში გარდაიცვალა, დედა ახლაც ცუდად გრძნობს თავს. მამა მაშინ მთავრობის კანცელარიის წინ თვეზე მეტ ხანს შიმშილობდა მოთხოვნით, რომ მაკას გერმანიაში მკურნალობა და კიდურების პროთეზირება სახელმწიფოს დაეფინანსებინა, მაგრამ უშედეგოდ. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მაკა მაშინ სტუდენტი იყო, დღეს კი მარტოხელა დედაა _ მას ერთი შვილი ჰყავს. პირველი ჯგუფის ინვალიდი ხელისუფლების უყურადღებობის გამო უსახლკაროდაა დარჩენილი და ნაცნობების დახმარებით გააქვს თავი!!!   P.S. ,,ქრონიკა+” მაკა ჯგუშიასთან დაკავშირებას ცდილობს. მისი თანხმობის შემთხვევაში ინტერვიუს მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.  

                                                                                                                      ელისო კილაძე

 

გაზიარება