წელს ნაადრევად დაგვიზამთრდა. ევროპელი სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ 2016-2017 წლის ზამთარი ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი იქნება. ზამთრის დადგომასთან ერთად მწვავე რესპირატორული დაავადებებიც ხშირდება.
გრიპი მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. იგი ცირკულირებს მთელ მსოფლიოში და იწვევს ეპიდემიებს. მას აქვს უნარი, დააინფიციროს ადამიანები ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში.
სინოპტიკოსები გვირჩევენ, რომ დროა, უჩვეულოდ ცივი ზამთრისთვის თბილი სვიტერები მოვიმარაგოთ. გერმანელი მეტეოროლოგი, დომინიკ იუნგი ამბობს, რომ 2016-2017 წლების სეზონი უჩვეულო სიცივეს გვპირდება. მეტეოროლოგიურმა რუკამ გააოცა სინოპტიკოსები. იუნგის განმარტებით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა იანვარ-თებერვალშია მოსალოდნელი. ის ასევე აღნიშნავს, რომ მარტში გაზაფხულის დადგომას არ უნდა ველოდოთ, ევროპაში ზამთრის დასრულება და მზის სითბო მხოლოდ აპრილისთვის იქნება მოსალოდნელი. მეტეოროლოგი, ჯო ბასტარდი ეთანხმება ევროპელი კოლეგის განცხადებას. მისი აზრით, ამ სეზონზე განსაკუთრებული სიცივე იქნება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წელს არქტიკიდან მომავალი ჰაერის მასები დიდი ოდენობით ევროპაზე გაივლის.
გარდა ამისა, დიდ მღელვარებას იწვევს მზის ინტენსივობის შემცირება, რის გამოც ჩვეულებრივზე დაბალი ტემპერატურა იქნება. „ფობოს მეტეოროლოგიური ცენტრის“ სპეციალისტი ელენა ვოლოსიუკი აღნიშნავს, რომ მზის სისტემაში ცვლილება იმ ფაქტისკენ მიგვანიშნებს, რომ ცივი სეზონი გველის. ეს მოვლენა, პირველყოვლისა, ჰაერის მასების გადაადგილების დარღვევას უკავშირდება. როდესაც ჰაერი მოედინება ატლანტიკის ოკეანიდან, ზამთარი შედარებით მსუბუქია და ახასიათებს სველი თოვლი. გავიხსენოთ ბოლო დიდი ზამთარი: მაშინ მივიღეთ ქარიშხლები სამხრეთით, რომელმაც გამოიწვია შტორმი, შემდეგ დადგა არქტიკული სიცივე. როგორც წესი, „ამინდის მოძრაობის“ ცვლილება მზის ინტენსივობაზეა დამოკიდებული. დღეს ჩვენ გვაქვს ტემპერატურის ლოკალური ვარდნა, თუმცა, შესაძლოა, გრძელვადიანი გლობალური სიცივისა და ახალი „დიდი გამყინვარების“ პერსპექტივაზე საუბარი ნაადრევი იყოს“, _ აცხადებს ამინდის სპეციალისტი ელენა ვოლოსიუკი.
თუ მოულოდნელად ყელის ტკივილი, ცემინება დაგეწყოთ, თან გამცივნებთ, კუნთებსა და სახსრებში გტეხთ, სხეული რამდენიმე ადგილას გტკივათ, შრომისუნარიანობაც დაგიქვეითდათ _ ავად ხდებით. თქვენ გამონაკლისი ნამდვილად არ ხართ. გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე მსგავსი ჩივილები მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოპულაციას აქვს. ვირუსი სწორედ ამ პერიოდში მრავლდება. მთავარია, გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე დღე გამონახოთ და მკურნალობა სწორად წარმართოთ.
როგორც წესი, ყველაფერს, რაც სასუნთქი გზების დაზიანებით მიმდინარეობს, გრიპს უწოდებენ. ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები ირწმუნებიან, რომ გრიპის ვირუსის სამი ტიპი არსებობს: A, B და ჩ. დანარჩენი, დაახლოებით, 200-ზე მეტი ტიპის ვირუსი კი, უბრალოდ, გაციებას იწვევს. ექიმები მათ გაციების ვირუსებს უწოდებენ (მაგალითად, რინოვირუსი, ადენოვირუსი და ა. შ.). გაციება სულაც არ ნიშნავს სხეულის გადაციებას - მისი გამომწვევიც ვირუსია. გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა. პერიოდულად, როგორც ენდემიად, ან პანდემიად ვრცელდება. ადამიანის დაავადება სამივე ტიპის გრიპის ვირუსს შეუძლია, მაგრამ B და ჩ ტიპები პანდემიას არ იწვევს. ვირუსი ცოცხალი ორგანიზმია, მას მასპინძლად ცოცხალი ორგანიზმი სჭირდება, რათა გამრავლდეს და მომავალში იმავე ან სხვა ადამიანს გადაეცეს. ეს ვირუსები დროთა განმავლობაში ეგუება ამა თუ იმ გარემოს და სახეს შესაბამისად იცვლის. A ტიპის ვირუსს სრული სახეცვლილება შეუძლია. ამგვარი ვირუსის მიმართ პოპულაციას იმუნიტეტი არ აქვს. შესაბამისად, სწრაფად ვრცელდება და ენდემიას, ან პანდემიას იწვევს.
თუ რა ვირუსია გავრცელებული, რომელი გრიპის შემთხვევათა მატება იქნება მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში _ ეპიდემიოლოგები და ვირუსოლოგები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან იგებენ. მისი მონაცემებით, ბოლო რამდენიმე წელია, ცირკულირებს ე. წ. ფრინველისა (H5N1) და ღორის (H1N1) გრიპი.
გრიპისა და გაციების სიმპტომები განსხვავებულია. სხვადასხვაგვარია გაციების ვირუსთან და გრიპთან ბრძოლის მეთოდებიც. მთავარია, ზუსტად განსაზღვროთ, თუ რომელი ვირუსით დაინფიცირდით. სიმპტომების მიხედვით მათი განსხვავება არც ისე რთულია. გრიპს აუცილებლად ახლავს მაღალი ტემპერატურა (38,5-ზე მეტი), სხეულის რამდენიმე ნაწილში ძლიერი ტკივილი, დაღლილობა, საერთო სისუსტე, უმადობა, ხშირად ერთვის გართულებებიც (ყურის ანთება, პნევმონია). გაციების ვირუსი უფრო მსუბუქად მიმდინარეობს: არ არის აუცილებელი მაღალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. გაციების დროს პაციენტს უჭირს ცხვირით სუნთქვა, ტემპერატურა არ აღემატება 38,5-ს. ეს პროცესი პაციენტმა, შეიძლება, ფეხზეც გადაიტანოს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2016 წლის მე-3 კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 332.6-ს 100 000 და დაფიქსირდა 6 ლეტალური შემთხვევა. მრავალწლიანი დინამიკის მიხედვით, გრიპის გავრცელების ეპიდემიური ზღურბლია 450-500 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე. ამასთან, საყრდენი ბაზებით ეპიდზედამხედველობის მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო 3 კვირის მანძილზე (2016 წლის პირველი 3 კვირა) აღინიშნება გრიპისმაგვარი დაავადებების ინციდენტობისა და მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის წილის მატების ტენდეცია. 2015-2016 წლების გრიპის სეზონზე საქართველოში სულ ლაბორატორიულად გამოვლენილია გრიპის 160 ვირუსი, მათ შორის 153 _ A/H1პ და 7 _ A/H3. გრიპის სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაცია არ გამოვლენილა.
გრიპის გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე, საქართველოში ლოგიკურია, მომდევნო კვირებში გაგრძელდეს შემთხვევათა მატების ტენდენცია, ამასთან, პრედომინანტურად გავრცელებული იქნება A/H1პ, რომელსაც ახასიათებს გავრცელების მეტი ინტენსივობა (სხვა ქვეტიპებთან შედარებით) და მძიმე შემთხვევების გამოწვევის უნარი, პრაქტიკულად, ჯანმრთელ მოსახლეობაშიც კი. A/H1პ საქართველოსთვის პრედომინანტური იყო 2009-2010 და 2010-11 წლების სეზონისთვის.
ეპიდზედამხედველობის მაჩვენებლები მოწმობს, რომ გრიპის ვირუსის საყოველთაო გავრცელების კვალდაკვალ მატულობს ავადობის მაჩვენებელი წინასასკოლო და სასკოლო ასაკში, რაც ამავე ასაკში იწვევს ჰოსპიტალიზაციის მომატებულ რიცხვს.
საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიზანშეწონილად მიაჩნია, ქვეყნის მასშტაბით გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
• სასკოლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს მიეცეთ რეკომენდაცია, თუ გაცდენათა რაოდენობა კონკრეტულ დაწესებულებაში აღემატება 20%-ს, დროებით შეწყდეს მისი ფუნქციონირება, სულ მცირე, 3 სამუშაო დღის მანძილზე, რაც პირობადებულია გრიპის ყველაზე გავრცელებული ინკუბაციური პერიოდით;
• სასკოლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში არ დაუშვან გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები;
• სასწავლო/სააღმზრდელო პროცესში გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე მოახდინონ პირის იზოლაცია;
• ყველა დაავადებულმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებისას, ექიმთან მიმართვამდე, მოახდინოს თვითიზოლაცია;
• განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა;
• ნებისმიერმა დაწესებულებამ მაქსიმალურად გაააქტიუროს ხელების ჰიგიენის პროცედურები: სტანდარტულად ხელის დასუფთავება გამდინარე წყლითა და საპნით რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ტრანსპორტით სარგებლობის, ნებისმიერი ქმედების შემდეგ, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს თვალით უხილავ დაბინძურებას;
• კონტაქტური გზით გრიპის ვირუსების შეკავების მიზნით მიზანშეწონილია, სპირტისშემცველი ხელის დასამუშავებლებით აღიჭურვოს ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსალოდნელია ინფიცირებულ/დაავადებულ პირთა კონცენტრაცია: აფთიაქები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, საბანკო მომსახურების ცენტრები, სატელეფონო კავშირგაბმულობისა და სხვა მომსახურების ოფისები. ხელის დასამუშავებლები უნდა განლაგდეს მოქალაქეთათვის ხელმისწვდომ და თვალსაჩინო ადგილას;
• გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოება, ყიფლიბანდის დაძაბულობა _ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა, თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!
• გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს სეზონურ გრიპზე ლაბორატორიული კვლევები დამატებითი დიგნოსტირებისთვის, გრიპის ვირუსის ტიპების, ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისთვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად არ ესაჭიროებათ.
ივანე ჩხაიძე _ იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი:
_ როგორც წესი, ვირუსი ყველაზე მძიმედ მოხუცებულებსა და ბავშვებში მიმდინარეობს. მშობლებს მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდებთ. მშობლები ხშირად გადაჭარბებულ მკურნალობას მიმართავენ: დაბალი სიცხის შემთხვევაშიც კი პირველ დღეებშივე იწყებენ ბავშვისთვის სიცხის დამწევი საშუალებების, ანტიბიოტიკებისა და ვიტამინების მიცემას. ვირუსის შემთხვევაში ბავშვების მკურნალობას განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ: კლასიკურად მიმდინარეობის დროს, გადაჭარბებული დოზით მედიკამენტების მიცემას, სჯობს, მკურნალობა პრეპარატების გარეშე წარიმართოს. თუ ხუთი დღის განმავლობაში დაბალი ტემპერატურა და სხვა გართულებები არ ახლავს თან, სრულიად ნორმალურია. აუცილებელი არც ბავშვის სრული ულუფებით გამოკვებაა. უმჯობესია, ხშირ-ხშირად და ადვილად მოსანელებელი საკვები მივცეთ. სასურველია, დიდი რაოდენობით თბილი სითხე დავალევინოთ. გარდა ამისა, მშობელი აუცილებლად უნდა დააკვირდეს ბავშვის განავალს. თუ ის წყლიანი, ან სისხლიანია, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. დღის განმავლობაში 3-4-ჯერ, წყლის შემცველი განავალი ძალიან საშიშია, ამან შეიძლება, ბავშვის, განსაკუთრებით ერთ წლამდე ასაკის მდგომარეობა რამდენიმე საათში დაამძიმოს. ტემპერატურის მატება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირცემინება ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა. ამით სხეული უცხო ორგანიზმის, ამ შემთხვევაში, ვირუსის შემოჭრას ეწინააღმდეგება. ტემპერატურის მაჩვენებელი ვირუსის ტიპსა და მის აგრესიულობაზე, ასევე ორგანიზმის რეაგირების უნარზეა დამოკიდებული. მაღალი ტემპერატურა, როგორც წესი, კარგი იმუნური პასუხის მაჩვენებელია. სიცხის დამწევი მაღალი ტემპერატურისას პაციენტმა ნორმის მკაცრად დაცვით უნდა მიიღოს, სულ მცირე, ექვსსაათიანი ინტერვალით, ხოლო მცირეწლოვნებმა მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი მედიკამენტები უნდა დალიონ. პატარებისთვის დაშვებული სიცხის დამწევი საშუალება პარაცეტამოლი და მისი შემცველი პრეპარატებია. ბავშვებში სიცხის დამწევი აუცილებლად სიროპი და სანთელი უნდა იყოს. არც ერთი პრეპარატი, რომელიც პატარებისთვის გამოიყენება, არ შეიძლება გაყოფილი ტაბლეტი იყოს, თქვენ დოზას ზუსტად ვერ განსაზღვრავთ და შესაძლოა, მეტი დოზა მისცეთ, რაც დაუშვებელია. ნებისმიერი სიცხის დამწევი შედეგს, მინიმუმ, ნახევარი საათის შემდეგ იძლევა. დაუშვებელია რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტის შერევა. თუ ბავშვს სიცხეს ვერ უგდებთ, ეფექტიანი და სრულიად უსაფრთხო მეთოდია ოთახის ტემპერატურის წყლით ხელების დასველება და გულ-მკერდის მიდამოებისა და კიდურების დაზელა.
ბავშვებში არც სურდოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას გირჩევთ. ამის ნაცვლად უმჯობესია, ფიზიოლოგიური ხსნარი და ტამპონი, რომლის შეძენაც ნებისმიერ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი, მოხმარება კი შეუზღუდავად შეგიძლიათ. დაუშვებელია ანტიბიოტიკით თვითნებური მკურნალობა და ვიტამინების დალევა. გრიპი მხოლოდ რამდენიმე დღეს გრძელდება, ვიტამინებს კი მიღების თავისი წესი აქვს _ საჭიროა, სულ მცირე, ერთთვიანი კურსის ჩატარება.
რაც შეეხება გაციებას, გადაციებასა და მოყინვას, ეს სხვა საუბრის თემაა და რესპირატორულ დაავადებებს არ უკავშირდება. უბრალოდ, შეციების შემდეგ გაჩენილი სურდო, ხველა იმისი ნიშანია, რომ გაციებით დასუსტებულმა ორგანიზმმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია ვირუსს და დაავადდა გრიპის, ან რესპირატორული ვირუსით.
თამარ ბატიაშვილი