QronikaPlus
ზაზა ხატიაშვილი: ,,ივანიშვილმა მშვიდი არჩევნები ჩაატარა და მშვიდად „დამარხა“ პოლიტიკური სპექტრი!”

ზაზა ხატიაშვილი: ,,ივანიშვილმა მშვიდი არჩევნები ჩაატარა და მშვიდად „დამარხა“ პოლიტიკური სპექტრი!”

2016-10-24 09:40:17

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, არჩევნების ირგვლივ პირველ კომენტარს აკეთებს და ექსკლუზიურად „ქრონიკა+“-ს სკანდალურ ამბებს უყვება.   ზაზა ხატიაშვილი: _ ძალიან ცუდად, სამარცხვინოდ ჩატარდა არჩევნები. უკვე საკანონმდებლო კატასტროფაა, როცა მმართველი პარტია 48%-ს იღებს და შანსი აქვს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს. ბიძინა პოლიტიკაში როცა მოდიოდა, ფიცს დებდა, რომ ასეთ რამეს შეცვლიდა, მაგრამ ახლა თავადაც გააკეთა. ეს იყო #1-ლი დაპირება, რომელიც მან არ შეასრულა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს კაცი არის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის საშიში ელემენტი _ რაც შეეძლო, ყველა ხერხს მიმართა, რათა შეენარჩუნებინა თავისი გაბატონებული მდგომარეობა. _ როგორც ამბობენ, პირველ რიგში, მან მორალურად და ფიზიკურადაც გაანადგურა პოლიტიკური ძალები, ეს რას ნიშნავს, იქნებ, უკეთ აუხსნათ მკითხველს? _ დიახ, ბიძინა ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძე, შალვა ნათელაშვილი და ირაკლი ალასანია სხვადასხვა მეთოდით გაანადგურა. ფაქტობრივად, რასაც აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი, მან დაიწყო ამის კოპირება. ცხადია, გახსოვთ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთილი კვლევები როგორც ცხადდებოდა ზარზეიმით და მერე საარჩევნო კომისიაც ციფრებს ამ დაკვეთილი კვლევებიდან გამომდინარე სვამდა. ბიძინამ დაინახა, რომ ეს მეთოდი კარგად ჭრიდა და ესეც გადაიღო თავისივე შექმნილი სააკაშვილისგან, რომელსაც აფინანსებდა და ამას არც მალავდა. პაატა ბურჭულაძე როცა პოლიტიკაში შემოვიდა, ეს ბიძინასთვის და, საერთოდ, ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო, ამიტომაც „კარგად მომზადებული“ შეხვდა „სუსი“. ბურჭულაძემ პრეზენტაცია ჩაატარა, რომელზეც მიმიწვია და ვესწრებოდი. უნდა ყოფილიყო ფონდის პრეზენტაცია, მაგრამ  მოვისმინე პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია. რა თქმა უნდა, იქ, ალბათ, „სუსის“ წარმომადგენელიც ესწრებოდა, ან ისეთი ხალხი, ვინც ამბავს მიუტანდა და დაგეგმეს კიდეც, როგორ უნდა განადგურებულიყო ეს ძალა. მას მიუგზავნეს ბიზნესმენები, რომლებიც დაჰპირდნენ, რომ გარკვეულ თანხებს შეიტანდნენ. თავდაპირველად ნაწილმა შეიტანა კიდეც ფული და პაატამ ხალხის დაქირავება დაიწყო. მაგალითად, ჩემს სოფელში, ტიბაანში, როცა „ნაციონალებს“ ზეობის პერიოდში 10 დაქირავებული კოორდინატორი ჰყავდათ, პაატას 30 ჰყავდა. ეს რომ მოვისმინე, ვიფიქრე, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს-მეთქი, რადგან არჩევნების მოსაგებად დიდი მნიშვნელობა აქვს ფულს. თვის ბოლოს, როცა ამ ხალხისთვის მას ფული უნდა გადაეცა, აღმოჩნდა, რომ ბიზნესმენები შეპირებული დაფინანსებით გაქრნენ. _ რატომ? _ იმიტომ, რომ „სუსი“ კარგად მოემზადა პაატა ბურჭულაძის გასანადგურებლად. ბურჭულაძე ფორსმაჟორში ჩავარდა. ხალხმა ყვირილი დაიწყო, _ ეს ვინ არის, მატყუარა, ჩვენ მოგვატყუა და ხალხს რას უზამსო?! პაატა ნამდვილად არ არის მატყუარა, ის ძალიან წესიერი ადამიანია, მაგრამ პოლიტიკურად გამოუცდელი იყო და ცაიტნოტში აღმოაჩინეს. სწორედ ამ დროს დაუკავშირდა მას „გირჩი“. ეს „სვლა“ იყო ბიძინას გეგმის ერთ-ერთი ნაწილი. „გირჩი“ ამ ხალხის ფინანსების გასტუმრებას სთავაზობდა. „გირჩი“, რეალურად, კუბლაშვილის იდეოლოგიაზეა აწყობილი, ის არის ამ პარტიის რეალური ხელმძღვანელიც, სახეც და ამან გამოიწვია ხალხის გაღიზიანება. შედეგად, პაატას რეიტინგი 20%-დან 10-სა და 8-ზე დაეცა, მაგრამ ის, ამ პროცენტით, მაინც მოხვდებოდა პარლამენტში, რაც ბიძინა ივანიშვილის გეგმებში არ შედიოდა და „გირჩი“, რომელიც პაატას გვერდით უნდა ყოფილიყო, ტოვებს მას. 16 ოლქში გადიოდა „გირჩი“ და მისმა კანდიდატებმა თქვეს, რომ არჩევნებზე არ გავიდოდნენ. მაინტერესებს, 16 ოლქი რომ ჩამოეჭრათ „ოცნებისთვის“, ანუ რაც „გირჩს“ გაუკეთეს, ის ხომ „ნაციონალების“ ხმებამდე ჩამოვიდოდა? ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერი პარტიისთვის ეს იქნებოდა კატასტროფა. შემდეგ ისიც ძალიან გამიკვირდა, პაატამ სამნახევარი პროცენტი რომ აიღო და მაინც კვალიფიციურ პარტიად დაფიქსირდა, რადგან, ჩემი აზრით, მისი განადგურება დაკვეთილი იყო. პაატა ბურჭულაძე, ვფიქრობ, გამოვიდა ამ შოკიდან და მიხვდა, ბიძინამ რაც გაუკეთა. ზოგ-ზოგიერთივით არ გაიქცა პოლიტიკიდან და განაცხადა, რომ იბრძოლებს, რაც ძალიან კარგია. დიახ, ვისაც აზროვნება შეუძლია მიხვდება, რომ პაატა ბურჭულაძე, როგორც ფეხბურთის ბურთს ათამაშებენ, ივანიშვილმა და „სუსმა“ ისე ათამაშეს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ თამაშში „ნაცმოძრაობამაც“ მიიღო მონაწილეობა, რათა ეს ახალი და სუფთა ძალა, რომელსაც ხალხი აუცილებლად გაჰყვებოდა, ბოლომდე  გაენადგურებინათ. კუბლაშვილები იყვნენ საქართველოს დამაქცევრები და აქედან გამომდინარე, პაატას გაუერთიანეს ის ხალხი, რომელიც ყველაზე მიუღებელი იყო საზოგადოებისთვის. _ მასთან ის ადამიანებიც ხომ იყვნენ, რომლებიც საზოგადოებისთვის მიუღებლები არ ბრძანდებოდნენ, მაგრამ მერე მათაც მიატოვეს პარტია. ეს რატომღა მოხდა? _ ხათუნა ლაგაზიძე ჩემი მეგობარია, კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან არასწორი თამაში ითამაშა. ამჯერად მხოლოდ ამას ვიტყვი და სხვას _ არაფერს. მეტრეველი ღირსეული კაცია და იმიტომ წავიდა, რომ გაერთიანება მოხდა. შეიძლება, ხათუნაც იმიტომ წავიდა, მაგრამ ისიც რომ მეტრეველივით წასულიყო, ეთქვა, რომ „გირჩთან“ მიუღებელია თანამშრომლობა, აუცილებლად მასაც გავუგებდი, მაგრამ ხათუნას განცხადება, რომ ის ბოლომდე იბრძოლებდა, რათა პაატა არ შესულიყო პარლამენტში, ბევრ რამეს მაფიქრებინებს. მაგალითად, იმას, რომ ასეთ ჭკვიან ადამიანს არა მგონია, თავისით გაეკეთებინა ეს. ბიძინა ივანიშვილმა ასევე უდიდესი დარტყმა მიაყენა ირაკლი ალასანიას და, ფაქტობრივად, მთლიანად გაანადგურა იგი. _ ეს როგორღა შეძლო? _ ყველაზე მიმზიდველი პოლიტიკური ძალა ჩემნაირად _ პროდასავლურად მოაზროვნე ხალხისთვის, იყო ალასანია და ის აუცილებლად მიიღებდა ხმების, მინიმუმ, 8-10%-ს. როცა ბიძინამ პირველად დაინახა, რომ ალასანია ძალიან ძლიერი ფიგურა იყო და მას ფინანსურადაც ვერ ჩაძირავდა, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები, დასავლეთი ფიქრობდნენ, რომ მისნაირი ლიდერი ქვეყნისთვის საჭირო იყო, „სუსის“ დახმარებით სწორედ მისი ოჯახის წევრს დაარტყა. ყველას ახსოვს, რა კადრები ატვირთეს ინტერნეტში. მიუხედავად ამისა, საზოგადოება ალასანიას გვერდით დადგა იმიტომ, რომ ეს იყო სიბინძურე. ბიძინა ამას არ ელოდებოდა, ის ამ კადრებისგან ელოდა საზოგადოების ისეთივე შოკს, როგორიც ციხის კადრების გამომზეურების შემდეგ მოხდა. ამჯერად ხალხმა ეს ყველაფერი აღარ დაიჯერა და თქვა, ერთხელ მოვიდა ეს კაცი ამ კადრებით და მეორედ მსგავსად ვეღარ მოვაო. ალასანია ასევე ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა, როცა თავდაცვის მინისტრობა დათმო და გვერდით დაუდგა უდანაშაულოდ დაპატიმრებულ თავის ხალხს ე. წ. კაბელების საქმეზე. ეს ჟესტი საზოგადოების თვალში პოზიტივი იყო. ამას არ გააკეთებდა ათიდან რვა პოლიტიკოსი, ალასანიამ კი გააკეთა და მისი აღზევებაც დაიწყო. რეიტინგებით ალასანია პარლამენტში მართლაც შედიოდა და მას ჰყავს ძალიან ძლიერი, „ოცნებაზე“ ბევრად ძლიერი გუნდი _ თითქმის ყველა პოლიტიკის ვარსკვლავი იყო. ივანიშვილმა ეს რომ დაინახა, აქეთ-იქით სირბილი და შეხვედრები დაიწყო, სადაც თავდაპირველად ლანძღავდა და ანადგურებდა უსუფაშვილსა და ალასანიას. ბოლოს, როგორღაც მიხვდა, ან მიახვედრეს, რომ მისი ეს ვოიაჟები „ქართული ოცნებისთვის“ დამანგრეველი იყო და პოლიტიკა შეცვალა. ბიძინა ივანიშვილს, როგორც ვიცი, ძალიან ძლიერი პიარჯგუფები ჰყავდა ჩამოყვანილი. სწორედ ამ ჯგუფების რჩევით გააკეთა საინტერესო „სვლა“. რადგან, თავის დროზე, ალასანია მისი პარტნიორი იყო, სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატი და ბიძინამ იქაც გადააგდო. მას რომ ეთქვა, ის მე ახლა „ვიყიდეო“, ხალხს შეიძლებოდა, არ დაეჯერებინა, ამიტომ, არჩევნებამდე 4 დღით ადრე, მან უცებ შეცვალა რიტორიკა ალასანიასთან მიმართებით და განაცხადა, რომ ალასანია არის საკმაოდ ძლიერი პოლიტიკოსი და ჩემი ინფორმაციით, „დემოკრატები“ მეორე ადგილზე გადიანო. ალასანია ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია, მაგრამ თუ ამით მოტყუვდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. ივანიშვილმა 10-იანში გაიარა და 100-იანში გაარტყა. ალასანია ვერ მიხვდა ეშმაკობას და განცხადება არ გააკეთა, რაც ამის მერე უნდა გაეკეთებინა. _ რა უნდა ეთქვა ალასანიას? _ მას უნდა ეთქვა, რომ ბიძინა არის მტარვალი და მტერი საზოგადოების, ანუ რასაც იგი ამბობდა, როცა გადადგა; რომ ის არის პრორუსული ძალა და ხალხო, არ მისცეთ ხმა პრორუსულ ძალას. ამის ნაცვლად, ალასანიამ თქვა, რომ ივანიშვილმა დაინახა ჩვენი რეალური ძალაო. ამის მერე მისი გუნდიც იწყებს სხვა რიტორიკაში საუბარს ივანიშვილთან მიმართებით. ირაკლის რეალურად ჰყავდა, დაახლოებით, 4-დან 5%-მდე მხარდამჭერი. მინიმუმ, ამდენივე ნეიტრალური მხარდამჭერიც ჰყავდა, რომელიც უნდა მისულიყო და ალასანიასთვის მიეცა ხმა, რადგან ისინი დაუპირისპირდნენ ივანიშვილს, მაგრამ ამ ნეიტრალურ ამომრჩეველს შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ალასანია ივანიშვილთან გარიგდა. ის გადალახავს ზღვარს, შევა პარლამენტში, მაგრამ ივანიშვილთან გარიგების გამო, ამიტომ ეს ხალხი ან აღარ წავიდა არჩევნებზე, ანდაც ალასანიას აღარ მისცა ხმა. არ მეგონა, ალასანია თუ ვერ მიხვდებოდა, ივანიშვილი რასაც უპირებდა და ამ სიეშმაკეს თავისებურად არ დაუპირისპირდებოდა. ალასანია ივანიშვილის სატყუარას წამოეგო, რომელიც იყო დაქირავებული პიარმენეჯერების რჩევის შედეგი და აღმოჩნდა კიდევაც გარეთ. _ ალასანიას პარტიის დაშლასაც ივანიშვილს აბრალებთ? _ უკვე ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ მისი პარტიის წევრებთან ზურგს უკან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. როცა გემი იძირება, წესიერი კაპიტანი გემში რჩება. ეს პოლიტიკოსები თუ წესიერები იყვნენ, ბიძინას გემში ასე უცებ ვერ გადახტებოდნენ. ჩემი აზრით, ვინც ალასანიას პარტიაში დარჩება, მხოლოდ ის აღმოჩნდება წესიერი პოლიტიკოსი ამ გუნდში და ისინი არ იყვნენ გარიგებაში ივანიშვილთან. რომლებიც წავლენ, საზოგადოებაში ძალიან უწესო ადამიანების სტატუსი ექნებათ. დიახ, ივანიშვილმა ალასანიას პარტია დაუშალა. როცა მიხვდა, რომ ივანიშვილმა მოატყუა, პოლიტიკიდან წასვლაზე მიიღო გადაწყვეტილება. ალასანია პატარა ბავშვივით მოტყუვდა. _ „ლეიბორისტების“ შემთხვევში რა მოხდა? მათ საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავდათ და ყველა ფიქრობდა, რომ ისინი აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში. მათი არშესვლაც საკანონმდებლო უწყებაში ივანიშვილის დაქირავებული პიარმენეჯერების ბრალია? _ ალასანიასთან ერთად „ლეიბორისტები“ წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც არ გაურიგდა ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, „ლეიბორისტული პარტიაც“ ერთ-ერთი განადგურების სამიზნე აღმოჩნდა. არჩევნების წინ შალვა ნათელაშვილი ძალიან გაწონასწორებულ კამპანიას აწარმოებდა. ის არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი, მოსწონს ეს ვინმეს, თუ _ არა. უბედურება მხოლოდ ის არის, რომ მეორე „შალვა ნათელაშვილი“ ვერ იპოვა თავის პარტიაში. მას რომ ჰყავდეს მეორე „ნათელაშვილი“, ან ადამიანი პოლიტიკოსობის რანგით თავისი ნახევარი მაინც, როგორც ალასანიას ჰყავდა, უფრო მეტი მხარდამჭერა ექნებოდა. მიუხედავდ ამისა, ის  პარლამენტში აუცილებლად უნდა შესულიყო, რადგან ხალხმა ასე გადაწყვიტა. ჩემი ქალიშვილი, მერი ხატიაშვილი, მეუბნებოდა, _ მე რომ 18 წლის ვიყო, შალვას მივცემდი ხმას, მე შენ გგავარ და შენც მას მიეცი ხმაო. ავუხსენი, რომ არავის ვაძლევ ხმას იმიტომ, რომ ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ბიძინამ ისეთი რამე გააკეთა, რომ ვერც ერთი ვერ გადალახავს „ნაცმოძრაობისა“ და მის მეტი, აქედან გამომდინარე, არჩევნებზე არ წავალ-მეთქი. მე და ჩემი ცოლი არჩევნებზე არ წავედით იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა, მაინც იგივე შედეგი დადგებოდა, რაც ბიძინას ჰქონდა ჩაფიქრებული. _ ნათელაშვილთან მიმართებით რა გააკეთა, კარგად ამიხსენით. _ ბიძინას შალვა არ უყვარს, არც მოსწონს, რადგან, როგორც გითხარით, ის არის ჩამოყალიბებული, მაღალი რანგის პოლიტიკოსი. ბიძინამ როცა დაინახა, რომ ნათელაშვილი მაინც შედიოდა პარლამენტში, პირადად დაიწყო „შავი პიარის“ აგორება. ყველა თავის გამოსვლაში მას „ნაციონალს“ ეძახდა და ამბობდა, თითქოს ის არის მაღალი დონის კორუმპირებული, _ მთავრობაში არ იყო, მაგრამ გამდიდრდაო. ეს ძალიან სამარცხვინო რამ თქვა ბიძინამ და თავადაც ვერ მიხვდა. აღიარა, რომ მისი გუნდის წევრები და თვითონაც, მთავრობაში რომ იყვნენ, გამდიდრდნენ, ანუ მთავრობაში ადამიანები მდიდრდებიან. აქედან გამომდინარე, ნათელაშვილის მისამართით ნათქვამი ეს ფრაზა ქართველმა ამომრჩეველმა არ დაიჯერა. ივანიშვილმა მაინც რომ ვერაფერი გააკეთა, კიდევ უფრო სამარცხვინოდ მოიქცა და ნათელაშვილის ყოფილი გუნდის წევრი _ შატბერაშვილი ჩართო მის ჩასაძირად. დარწმუნებული ვარ, შატბერაშვილი თავისით არ მივიდოდა ნათელაშვილის სახლთან ბაზალეთში. მერაბ მეტრეველი იმიტომ არის ღირსეული კაცი, რომ „პაატა ბურჭულაძიდან“ წამოვიდა და მხოლოდ ეს თქვა, _ ჩემთვის მიუღებელიაო. იგივე უნდა გაეკეთებინა „მემარცხენე ალიანსს“. ეთქვათ, შალვა მიუღებელია ჩვენთვისო და წამოსულიყვნენ, მაგრამ მათ ფოკუსები დადგეს. შალვა ნათელაშივილი მილიონერი გამოიყვანეს და აქცია მოუწყვეს სახლის წინ. ამას დაემატა რამიშვილის გამოხტომა... ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, „სუსის“ სცენარის ნაწილი იყო. მეც წამოვსულვარ საიდანღაც, მაგრამ გაგიგიათ, განცხადება გამეკეთებინოს ვინმეს წინააღმდეგ? ვინც ასე იქცევა, ყველასთვის არასათანადო პარტნიორები იქნებიან და წესიერი პოლიტიკური პარტია მათ არასოდეს გაეკარება. მოღალატე არის ყოველთვის მოღალატე, შეკრული არის _ შეკრული. _ ე. ი. ამბობთ, რომ შალვა ნათელაშვილმაც გადალახა ბარიერი და გაუყალბეს? _ შალვამაც გადალახა, ბურჭულაძემაც, ნინო ბურჯანაძემაც. 5-დან 7 საათამდე იმდენი ამომრჩეველი რომ მისულიყო, როგორც აისახა, უბნებზე დიდი რიგები უნდა მდგარიყო, როგორც ეს იყო დილით. თანაც, მე ვიცი, რომ ეს რიგებიც სპეციალურად შექმნეს, რადგან საკმაოდ გაუგებრად, ვითომ ანბანის მიხედვით იძახებდნენ ხალხს, სინამდვილეში კი მათ აფერხებდნენ და რიგის იმიტაციას ქმნიდნენ. დილით რამდენი ამომრჩეველიც მივიდა, იმდენი ფიქსირდებოდა 5-დან 7 საათამდე. აქედანაც ჩანს, რომ რაღაც მოხდა. _ რა მოხდა? _ ადვოკატი მამუკა ნოზაძე იყრიდა კენჭს გორში და მან მითხრა, რომ 150 ყალბი პირადობა იყო დარიგებული. მიდიოდა ეს ხალხი უბნებზე და ხმას აძლევდაო. მე დიდ პატივს ვცემ მამუკა ნოზაძეს, ის მართალი ადამიანია და ვიცი, ტყუილს არ იტყვის. ყალბ პირადობებს იყენებდნენ ადეიშვილის, სააკაშვილისა და შევარდნაძის დროსაც, ყალბი პირადობებით „კარუსელებს“ ატრიალებდნენ, ანუ ეს საქართველოს უბედურება იყო და ამ არჩევნებში გაორმაგებული წესით გამოიყენეს. ეს არჩევნები გარეგნულად ყველაზე მშვიდი იყო, თორემ... ივანიშვილი ძალიან ეშმაკი კაცია, მან დაინახა, რომ ხალხი გამწარდებოდა, რომ გაეყალბებინა, ან სიწყნარე არ ყოფილიყო, ამიტომ მან მშვიდი არჩევნები ჩაატარა და მშვიდად „დამარხა“ პოლიტიკური სპექტრი. თუმცა სადაც იცოდა, რომ გაუჭირდებოდა, იქ დარბევაც მოხდა. _ ნინო ბურჯანაძესაც გაუნადგურა პარტია? მას რა ფოკუსი ჩაუტარა, პარლამენტში რომ ვერ შეაღწია? _ ნინო ბურჯანაძეს ვერაფერი ჩაუტარა. ბურჯანაძემ საკუთარ თავს ჩაუტარა ჩასატარებელი. ნინო არის ჩემი მეგობარი და ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს. მე ვარ მკვეთრად პროდასავლური, ნინო _ მკვეთრად პროდასავლური არ არის. მინდა გითხრა, რომ ნინო ბურჯანაძე საქართველოში მიმაჩნია პრემიერ-პოლიტიკოსად, მაგრამ ის დააბნია იმან, რომ მან 10%-ზე მეტი მიიღო ადგილობრივ არჩევნებზე. მას ილუზია გაუჩნდა, რომ იგივე შედეგს აიღებდა, თუ ბიძინა ივანიშვილს არ დაუპირისპირდებოდა. ხალხის ხმები განაწილებული იყო ივანიშვილსა და სააკაშვილზე. ადამიანები, რომლებიც არ მიდიოდნენ არჩევნებზე, მათი ხმები ვიღაცას უნდა მიეზიდა. ნინო ბურჯანაძეს ის რომ გაეკეთებინა, რასაც ალასანია აკეთებდა, უნდა დაპირისპირდებოდა „ოცნებას“, რომელიც არის „ნაცმოძრაობა 2“. შეცდომა დაუშვა, ეს რომ არ გააკეთა. ასევე ბურჯანაძის უდიდესი შეცდომა იყო და ალასანიასიც, რომ მარტო დამტოვეს „მურუსიძეების“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ბურჯანაძეს, ალასანიას დავურეკე და ვუთხარი, _ თქვენთვის ხომ მიუღებელია მურუსიძე, გავერთიანდეთ „მურუსიძეების“ წინააღმდეგ-მეთქი. ამ საკითხზე შეხვედრა რომ გავმართე და ყველა პოლიტიკური ძალა შევკრიბე, იქ ასევე მოვიდნენ ირმა ინაშვილი, „ლეიბორისტებიდან“ _ გიორგი გუგავა. ანუ მე დავუკავშირდი პარტიებს, რომლებზეც ვიცოდი, რომ არჩევნების სწორად წარმართვის შემთხვევაში ყველანი შედიოდნენ პარლამენტში, მაგრამ ისინი არ გამომყვნენ მურუსიძესთან ბრძოლაში. ამ ადამიანს კი ბიძინა იცავდა. ირმა ინაშვილმა, გგონიათ, 5% მიიღო? მან, მინიმუმ, 9-10% აიღო, მაგრამ ძლივს გადაალახინეს ბარიერი. _ მურუსიძესთან უბრძოლველობამ რა როლი ითამაშა, ამით რა შეიცვალა ამ არჩევნების დროს? _ ვამბობდი, რომ თუ მურუსიძე დასჭირდებოდა „ქართულ ოცნებას“, ის მას აუცილებლად გამოიყენებდა, რადგან სააპელაციო სასამართლოში მას სწორედ ის განყოფილება ჩააბარეს, სადაც გაყალბებული ოქმები საჩივრდება. აქამდე საქმე არ მივიდა იმიტომ, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა, ნებსით თუ უნებლიეთ, ივანიშვილის თამაში ითამაშა. მას ამჯერად პიარკამპანიის გენიოსები ჰყავდა დაქირავებული და ივანიშვილის გუნდის ამ ხრიკებისთვის ქართული პოლიტიკური სპექტრი არ იყო მომზადებული და ვერ მიხვდნენ, რას აკეთებდა ეს კაცი. სააკაშვილის დროს არჩევნები იყო ომი და ყოველთვის მეგონა, რომ ომში მივდიოდი. ახლა ასეთი რამ არ ყოფილა, მაგრამ იყო ძალიან კარგად დაგეგმილი სიტუაცია. თუ ეს ვარიანტი, რაც გავიდა, ვერ გაიმარჯვებდა, მაშინ არსებობდა მეორე ვარიანტიც _ მურუსიძე და მას მაშინვე აამუშავებდნენ. ეს ვუთხარი ნინო ბურჯანაძეს და ირაკლი ალასანიას, _ თუ მურუსიძის თემას ვერ გამოიყენებთ და მის წინააღმდეგ არ იბრძოლებთ, ძალიან გაგიჭირდებათ პარლამენტში მოხვედრა-მეთქი. მაგრამ არ დაიჯერეს. პროკურატურასთან ალასანიამ აქცია რომ ჩაატარა, იქ მეც მივედი და მხარი დავუჭირე. აქციაზე 5000 კაცი მოვიდა გულწრფელად და არა ავტობუსებით და 50-ლარიანებით. როცა გირგვლიანის საქმეზე პირველი აქცია გავაკეთეთ, 150 ადამიანი ვიყავით და ალასანიას 5000 კაცი მოუვიდა, ანუ ალასანიას, მინიმუმ, 10% უნდა მიეღო არჩევნებზე. თან მას გუნდიც ძლიერი ჰყავდა და მხოლოდ ივანიშვილის დაგებული მახის გამო დარჩა გარეთ. ნინო ბურჯანაძე აპროტესტებს. ახლა რაც უნდა, ის გააპროტესტოს, მაინც არაფერი გამოუვა. ჩემი აზრით, როგორც სხვა პოლიტიკური სპექტრი გაჩუმდა, ნინოსაც გააჩუმებენ. _ რით გააჩუმეს სხვები, ან ბურჯანაძეს როგორ გააჩუმებენ? _ არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომ პოლიტიკოსმა, რომელმაც ბრძოლა წააგო იმიტომ, რომ კარგად ვერ დაგეგმა საარჩევნო კამპანია, გააჩუმონ. „ენდიაის“ კვლევით საქართველოში 26% იყო მომხრე ევრაზიის კავშირის, ნინო ბურჯანაძეს, მინიმუმ, ეს 13% მაინც უნდა აეღო, სწორად რომ დაეგეგმა კამპანია, მაგრამ ვერ დაგეგმა, არ გაემიჯნა ივანიშვილს. ხმას იმიტომ ვერ ამოიღებენ, რომ ბიძინა ძალიან ჭკვიანურად მოქმედებდა და ესენი _ უგუნურად. _ „ნაციონალებზე“ რას იტყვით, ისინიც წაგებულებად მიიჩნევენ თავს და ამას მიხეილ სააკაშვილს აბრალებენ, _ ჩამოვალ, ჩამოვალ იძახა და შეშინებული ხალხი არჩევნებზე გააქცია „ქოცებისთვის“ ხმის მისაცემადო. ეს სიმართლეა? _ „ნაცებმაც“ 27%-ზე მეტი აიღეს. „რუსთავი 2“-ზე რომ რეიტინგები დაიდო, ზუსტად ის რეიტინგები დაჯდა რეალურად. მე პირიქით ვიტყვი, მიხეილ სააკაშვილს რომ არ ეთქვა, მოვდივარო, „ნაციონალებს“ რეალურადაც ექნებოდათ, მაქსიმუმ, 20%. ხალხმა მართლა დაიჯერა, მიხეილ სააკაშვილი მოდისო და მიშისტები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, მოგვწონს ისინი თუ არა, გაიქცნენ ხმის მისაცემად „ნაციონალებისთვის“. მაგრამ აქაც „სუსმა“ იმუშავა, რომელსაც ყველგან ჰყავდა თავისი ხალხი. თანაც, „ნაცებში“ რამდენიმე ადამიანი იქნებოდა „სუსთან“ გარიგებული... ასეთები ყველა პარტიაში იყვნენ. როდესაც ირაკლი კობახიძე, ერთ-ერთი პირველი სახე გამოვიდა და თქვა, ალასანიას ხალხი ჩვენთვის საინტერესოაო, ეს რას ნიშნავს? ახლა გახდნენ საინტერესონი? იმდენი ტვინიც არ ჰქონდათ, რომ ასეთი რამ მაინც არ ეთქვათ. სააკაშვილიც ქირაობდა „პიარშიკებს“ და ეს კანონიერია. ვისაც ფული აქვს, ასე იქცევა, მაგრამ რომ ქირაობენ, მათ ფული ჰქონდათ და დაიქირავეს, სხვებს ფული არ ჰქონდათ. სააკაშვილი ქირაობდა, მაგრამ მათ ნაკლებად უსმენდა, ბიძინა კი აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც სხვას მოუსმინა. ამას ასე დარწმუნებით იმიტომ ვამბობ, რომ ბიძინას გონებრივი შესაძლებლობების მე არ მჯერა, ასეთ „პოლიტიკურ ფოკუსებს“ ის ვერ მოაწყობდა. _ ახლა ის მითხარით, ეს ყველაფერი კარგია თუ ცუდი საზოგადოებისთვის? _ კარგია, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკური სპექტრიდან ვინც გადარჩა, არ არის გარიგებული დღევანდელ მოქმედ ძალასთან. ვინც კურკურს დაიწყებს ხელისუფლებასთან, ის დაგვანახვებს, რომ გარიგება იყო ივანიშვილის გუნდსა და მათ შორის. კარგი რაღაცა მოხდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო. ის ვეღარ დააბრალებს სხვა პარტიებს _ ეგენი რომ მყავდნენ, ამიტომ ვერაფერი გავაკეთეო. ივანიშვილი არაფრის გამკეთებელი რომ არ არის, ეს განვლილმა 4-მა წელიწადმა აჩვენა, მაგრამ ეს 4 წელიწადი ხალხს მაინც ჰქონდა „რესპუბლიკელებზე“ აგრესია და ყველაფერი მათ ბრალდებოდა. _ მართლა ასე არ იყო? გავიხსენოთ თუნდაც კოჰაბიტაციის შემოგდება და სამართლიანობის ჩაძირვა. ამაზე ხომ „რესპუბლიკელები“ ალაპარაკდნენ თავდაპირველად? _ „რესპუბლიკური პარტია“ იმდენად არაპოპულარული გახდა სამოქალაქო საზოგადოებაში, რომ ბიძინამ აქაც ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა და ეგენი მხოლოდ არჩევნების წინ მოიშორა. ესეც სწორად დაგეგმა. ისინიც რომ ალასანიასავით ადრე მოეშორებინა, დღეს ბიძინა ამას ვერ მიიღებდა, რაც მიიღო, რადგან სწორედ „რესპუბლიკელები“ იყვნენ წამყვანი დარგის მინისტრები და ქვეყანას მართვა სჭირდებოდა. _ კარგით, მოიცილა ისინი, მაგრამ ახლა ვინ უნდა მართოს ქვეყანა? დაქირავებული პიარმენეჯერები რას ურჩევენ? _ ისინი ურჩევდნენ მხოლოდ საარჩევნო პიარს. მან რომ ნორმალურად მართოს ქვეყანა, ბიზნესი მთლიანად უნდა გაათეთროს, მისმა თანამდებობის პირებმა ფული არ უნდა მოიპარონ, უნდა მოთოკოს ივანიშვილმა მათი მადა, 40.000-ები არ უნდა გადაახდევინოს რესტორნებში ბიუჯეტიდან. _ მერე, ეს შეუძლებელია? რატომ არ იქცევა ასე? _ შეუძლებელი არ არის. ამას ჰქვია ის, რომ ქართველ ხალხს ემსახურო, რომლისთვისაც ივანიშვილის ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა. ახლა თუ ივანიშვილმა შეცვალა ეს სიტუაცია, მივესალმები, იმიტომ რომ ქვეყანაში ჯანსაღი პროცესი წავა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პირველი პირი, ივანიშვილი თუ სააკაშვილი, ჩემთვის მნიშვნელობა იმას აქვს, ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიდეს, სამართლიანი სასამართლო იყოს. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდა „მურუსიძეების“ მოშორების გეგმა, რაც ძალიან ცუდი აღმოჩნდა მათთვისაც და ქვეყნისთვისაც. _ უკვე მეორე ტურია დანიშნული. თქვენი აზრით, ამჯერად რას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილო? _ მეორე ტური იმართება „ნაცმოძრაობასა“ და ბიძინა ივანიშვილს შორის. აქედან გამომდინარე, მე რომ ამომრჩეველი ვიყო, როგორც არ უნდა მიყვარდეს ბიძინა, არ წავალ და „ნაციონალებს“ არ მივცემ ხმას. ეს არის სწორი გათვლა იმიტომ, რომ სანამ მეორე ძალა იქნება „ნაცმოძრაობა“, ბიძინა არჩევნებს ვერ წააგებს. ამიტომ მას ურჩევნია, იყოს „ნაცმოძრაობაც“, მაგრამ მცირედი რაოდენობით. ბიძინა აიღებს 80%-ს მეორე ტურში, ეს გარდაუვალია. _ ანუ „ნაცები“ მის გვერდით სულ იქნებიან? _ რა თქმა უნდა, ამიტომ ივანიშვილი მესამე ძალას, ეს იქნება პაატა ბურჭულაძე, ალასანია, ნათელაშვილი თუ სხვა, ყოველთვის მოიშორებს და გაანადგურებს მას. მკითხეთ, _ რატომ ვერ ააშენებს ქვეყანას ბიძინაო? სამართლიანობა რომ აღდგეს, ამას უნდა ტვინი და სამართლებრივი რეფორმები. მითხარით, აბა, ბიძინას გუნდში ადამიანი, რომელსაც ეს შეუძლია. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას სჭირდება ტვინი და არა მაფიოზური მართვა. როგორ გგონიათ, ხადური და კალაძე იმიტომ მივიდნენ „ქართულ ოცნებაში“, რომ 3000-ლარიან ხელფასზე გაჩერდნენ? ან სხვები? ხელისუფლება უნდა წავიდეს იმაზე, რომ ბიზნესი გაათეთროს, ამაზე არ წავიდა სააკაშვილი, ამაზე არ წავიდა შევარდნაძე, არც ბიძინა წავიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ტენდერი არ შეიძლება მოიგოს ფირმამ, რომელიც ერთი კვირის შექმნილია და არ წააგოს ფირმამ, რომელიც 10 წელია, არსებობს და გამოცდილება აქვს. როცა ასე არ ხდება, იქ არის 100%-ანი კორუფცია და აი, ეს ხდება ახლა ქვეყანაში. ივანიშვილს მე დავარქვი ფეოდალი, რადგან ფეოდალურად მართავდა სახელმწიფოს. ახლაც თუ იგივეს გააგრძელებს, იგივეს დავუძახებ. მე ასევე სააკაშვილის ვეუბნები, ფაშისტი ხარ-მეთქი! იმიტომ, რომ ეგ კაცი მართლაც არის მკვლელი ფაშისტი. სააკაშვილმა შექმნა ქვეყანა, სადაც XXI საუკუნის ფაშიზმი განავითარა, ეს კი ფეოდალურს ავითარებს.  

                                                                                                             ნელი ვარდიაშვილი

       

გაზიარება