QronikaPlus
 ენმ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე უკვე მეორედ დგას!

ენმ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე უკვე მეორედ დგას!

2016-10-24 09:37:57

განვლილი არჩევნები უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის გაყალბებული ბიულეტენით და „ქართული ოცნების“ მომხრე ამომრჩევლის შესანიშნავი მობილიზებით აღინიშნა. სხვა საქმეა, რომ ამ საყოველთაო მობილიზების პირობებშიც კი ამომრჩეველთა აქტივობა, საერთო ჯამში, ასევე უპრეცედენტოდ დაბალი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ არჩევნებზე ყველაზე ნაკლები ხმა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა და ისიც, „გადამგდები“ ამომრჩევლის ხარჯზე, ანუ მათი ხმები დააკლდა, ვინც კოორდინატორებს დაჰპირდა, რომ არჩევნებზე მივიდოდა, მაგრამ 8 ოქტომბერს სახლში დარჩა. 137.000 გაბათილებული ბიულეტენი მთელი ქვეყნის მასშტაბით _ ასეთი მონაცემები არ ჰქონია თვით ედუარდ შევარდნაძის ცესკოსაც კი. შედარებისთვის: 2015 წელს ფინეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა საქართველოზე, დაახლოებით, ერთი მილიონით მეტია (და, ბუნებრივია, მეტია ამომრჩეველიც), გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 12-ჯერ უფრო მცირე, ანუ 15 397 იყო. რასაკვირველია, სრული ილუზია იქნება, ეს 137.000 ხმა პირდაპირ „ნაციონალებისთვის“ მოპარულად მიიჩნიოს ვინმემ: ზოგი ბიულეტენი ამომრჩევლის დაუდევრობის გამო გაბათილდა (საერთოდ არ იყო შემოხაზული), ზოგი ჩვეულებრივი, დასაშვები შეცდომების გამო, მაგრამ, აბა, ვინ გასცემს ამომრჩეველს პასუხს შეკითხვაზე: რამდენი იყო ამ 137.000 ბიულეტენიდან გაბათილებული ურთიერთშეთანხმებით, ანუ რამდენზე დახუჭეს თვალი არასახელისუფლებო პარტიების, მათ შიორის, ენმ-ს დამკვირვებლებმა და ამ პარტიიდან წარდგენილმა კომისიის წევრებმა? სანამ ამ შეკითხვას პასუხი არ გაეცემა და სანამ ენმ არ ჩაატარებს, მინიმუმ, შიდა გამოძიებას მაინც, რა მოხდა საარჩევნო უბნებზე, მანამდე სულ იქნება შეკითხვები, ერთმანეთისკენ თითის გაშვერა და იმის მტკიცება, რომ ენმ და „ოცნება“ ერთმანეთს გაურიგდნენ და დაიდო არსებული შედეგი. ცნობილი ფაქტია, რომ ენმ ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა და სიფრთხილით არჩევდა როგორც კომისიის წევრებს, ასევე დამკვირვებლებს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც დამოუკიდებელი ორგანიზაციის სახით კი იყვნენ რეგისტრირებული, მაგრამ ენმ-ს საქმეს აკეთებდნენ. ენმ-ს არჩევნებში მონაწილეობის დიდი ხნის სტაჟი აქვს, ამ პარტიაში მრავლად არიან პირები, რომლებსაც კარგად ესმით საარჩევნო მაქინაციების ავან-ჩავანი (თუნდაც მარტო ხათუნა გოგორიშვილი რად ღირს), ამიტომ მისი ასეთი მოუმზადებლობა მაქინაციების ამოსაცნობად და გამოსავლენად, ცხადია, არცთუ უსაფუძვლო ეჭვებს აღძრავს. ენმ-მ პარტიული დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების მომზადება არჩევნებამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე დაიწყო: კანდიდატებს ჩაუტარდათ ტრენინგი, დაურიგდათ ბროშურები, შემდეგ კი დაიბარეს ტესტირებაზე და სწორედ ტესტის ჩაბარების შემდეგ გაამწესეს უბნებზე. დღეს ეს დამკვირვებლები და კომისიის წევრები იხსენებენ, რომ თავიდანვე ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. მაგალითად, მათი ნაწილი ამბობს, რომ ტესტირება კი ჩააბარეს, მაგრამ კომისიაში ბევრი სულაც პირველად იყო, ამიტომ, შესაძლოა, ჩვეულებრივი თვალისგან დამალული „საარჩევნო ტრიუკის“ ჩატარება, ადვილი შესაძლებელია, გამორჩენოდათ. „ცხადია, ყველამ ვიცით, რომ არჩევნების გაყალბება და სასურველი შედეგის მიღება მხოლოდ საარჩევნო ყუთის დატაცებით და უბნების დარბევებით არ ხდება და სხვა, უფრო დახვეწილი მეთოდებიც არსებობს. მაგრამ მხოლოდ ვიცოდით და მეტი არაფერი: პარტიაში არავინ იზრუნა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უბნებზე პირველად იქნებოდნენ, უფრო მეტი სცოდნოდათ მოსალოდნელი დარღვევების შესახებ. ამისთვის საჭირო იყო, ისინი დაესვათ და ინსტრუქტაჟი დამატებით ჩაეტარებინათ, ე. წ. მეგობრული რჩევების სახით, სადაც აღწერდნენ, რა იყო მოსალოდნელი უბნებზე და რა უნდა დაეპირისპირებინათ მისთვის. ეს არ მომხდარა“, _ ამბობს ენმ-დან საუბნო კომისიის წევრი თ.ი. „შედეგად, ისე მოხდა, რომ ჩვენ ძალიანაც გაფაციცებული ვიყავით, ყველაფერს ვაკონტროლებდით, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ რაღაცები მაინც გამოგვეპარა, ბოლოს და ბოლოს, იქ მაინც, სადაც უბანში ჩვენზე გამოცდილები იყვნენ“. არადა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ უბნებზე, პრაქტიკულად, ყველგან ძველი, გამოცდილი კადრები ჰყავდა. ამ სახელისუფლებო პარტიის დამკვირვებელთა შორის ძალიან ცოტანი იყვნენ ახალბედები და თუ იყვნენ, საარჩევნო დეტალებში, მაქინაციებსა და სხვა ამბებში ბევრად უკეთ ერკვეოდნენ, ვიდრე მათი კოლეგები ენმ-დან. მეორე საკითხია უკვე მიზანმიმართული მონაწილეობა გაყალბებაში, რომელსაც მერე ვერავინ შეცვლის, რადგან იურიდიულად ყველა საფეხური ზუსტადაა გავლილი და არანაირი დარღვევა არ შეინიშნება. ეს ე. წ. შემოხაზული ბიულეტენებია, რომლებიც ბათილად ცნეს იმის გამო, რომ მასზე ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი იყო შემოხაზული. საქმე ის გახლდათ, რომ ამომრჩეველმა კი სწორად, ანუ მხოლოდ ერთი შემოხაზა, მაგრამ ხმების დათვლის დროს ამ ბიულეტენებზე ვიღაცამ კიდევ ერთხელ შემოხაზა სხვა ნომერი, რის შემდეგაც, ცხადია, ბიულეტენი გაბათილდა. როგორ შეიძლება, მსგავსი რამ მოხდეს კომისიის უკლებლივ ყველა წევრის თანხმობის გარეშე? ანუ თუ, ვთქვათ, ენმ-ს წარმომადგენელი წინააღმდეგია ამ გარიგების, როგორ უნდა გავიგოთ, რომ ოქმზე მისი ხელმოწერა და ბეჭედიცაა? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ენმ-ს წარმომადგენლებზეც ბევრი კითხვის ნიშანი უნდა დაისვას? რამდენია ასეთი ფორმით (ანუ ხელმეორედ შემოხაზვით) გაბათილებული ბიულეტენების ხვედრითი წილი იმ 137.000 ბიულეტენში? საერთოდ, ვინმეს ენმ-ს პარტიაში, პოლიტსაბჭოში, მოუვიდა თავში, რომ შიდამოკვლევის მსგავსი საქმიანობა ჩაეტარებინათ, რათა გამოვლენილიყო საეჭვო უბნები, სადაც ენმ-ს წარმომადგენლები სცოდავდნენ? ამის გაკეთება ძალიან ადვილი იყო, მაგრამ გაკეთდა? თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ენმ-ს, არჩევნების შემდეგ, ფაქტობრივად, შიდა საქმიანობისთვის არ მოუცლია, სავარაუდოდ, არც ასეთი უბნების სია არსებობს. იმ შემთხვევაში, თუკი შევთანხმდებით, რომ ენმ-ს წარმომადგენლებმა კომისიაში არა ერთ ან სამ, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათეულ უბანში ერთნაირად შესცოდეს, მაშინ შემდეგ საფეხურზე უნდა გადავიდეთ: მოქმედებდნენ ისინი თავიანთი ნებით და ფორმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უბრალოდ, დაემთხვა, თუ ეს მათთვის მიცემული დავალება იყო _ საერთო მესიჯბოქსი, რომ თვალები დაეხუჭათ? სწორედ ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხის გასარკვევად დაირაზმნენ სოციალურ ქსელებში ენმ-ს მომხრეები. ისინი ამ აზრთა ჭიდილში მარტო არ ყოფილან: პარალელურად, ენმ-ს შიგნიდანაც ეკვეთნენ ერთმანეთს სხვადასხვა აზრები. ახლა სწორედ ამაზეა ძირითადი დაპირისპირება და არა იმაზე, უნდა შესულიყვნენ თუ არა ენმ-ს წევრები პარლამენტში. არჩევნებში ნაჩვენები შედეგების განხილვამ და ასეთი შედეგის მიზეზების ჩაკირკიტებულმა მოძიებამ, შეთქმულების თეორიის მომხრეთა სიმრავლის ფონზე, ყველა სხვა ქმედება გადაფარა. სწორედ ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსებობის მანძილზე უკვე მეორედ, ენმ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას. ან პარტია პასუხს გასცემს ყველა შეკითხვას და დარჩება ამომრჩეველთან, ან პარტია მომავალი ნაბიჯით კიდევ უფრო მეტი ნაწილით დაშორდება ამომრჩეველს. თავისთავად ცხადია, ყველა ხედავს, რომ პარტიის არა მარტო მხარდამჭერებში, არამედ თავად პოლიტსაბჭოს წევრებშიც კი მიდის საბოლოო დანაწილება სააკაშვილის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ბანაკში. ოღონდ თუ ვიღაცას ჰგონია, რომ ეს „ბანაკებად დაყოფა“ სააკაშვილის დაგმობას ნიშნავს, ასე ნამდვილად არ არის: ორივე მხარე თანხმდება, რომ მიხეილ სააკაშვილი უდიდესი მნიშვნელობის მქონე პოლიტიკოსია და ენმ-სთან სულ იქნება ასოცირებული. აქ საქმე სხვა რამ გახლავთ: პარტიასა და მხარდამჭერებში ზოგი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ცოტა ხნით უნდა დისტანცირდეს ენმ-სგან და საერთოდ, პაუზა აიღოს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან, ნაწილს კი მიაჩნია, რომ პირიქით, უფრო აქტიურად უნდა წარმოჩინდეს და საერთოდ, ენმ-ს პოლიტიკური ცხოვრება მან უნდა წარმართოს. სააკაშვილის დისტანცირების მომხრეებს პარტიაში მიმდინარე პროცესები ძალიან მოსწონთ და „მეტი დემოკრატიის“ პრინციპით მოქმედებენ. პარტიის წესდება განსაზღვრავს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში არანაკლებ 24 წევრისა უნდა იყოს, ბოლო ყრილობაზე არჩეული პოლიტსაბჭო კი 50 წევრისგან შედგება. ის გადაწყვეტილებას უმრავლესობით იღებს. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, თუნდაც პარტიის ლიდერის პოზიცია არაფერს ცვლის: კენჭისყრა ფარულია და წესით, არავინ იცის, ვინ რას აძლევს ხმას. კაცმა რომ თქვას, ეს სტრატეგია დემოკრატიულია და მისაღებიც. მაგრამ მისი მოწინააღმდეგეებიც არსებობენ, რომლებიც ამ ყველაფერში ლიდერის იგნორირებას ხედავენ. მათთვის მთავარია, გადამწყვეტი სიტყვის უფლება ჰქონდეს ლიდერს. _ პოლიტსაბჭოს 50 წევრი? ამდენი რა საჭიროა? რა აუცილებელია, ყველას ჰქონდეს ხმის უფლება? არ სჯობია, გამოცდილმა პოლიტიკოსმა გადაწყვიტოს ისეთი საკითხი, როგორიც პარლამენტში შესვლაა? _ ამბობენ ისინი. და მათი რაოდენობა, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ბევრად აჭარბებს მეტი დემოკრატიის პრინციპის მომხრეთა რაოდენობას. სწორედ მათგან მოდის შეკითხვებიც, _ რატომ ვერ აჩვენა ენმ-მ უკეთესი შედეგი, როცა ამის პერსპექტივა არსებობდა? როგორც ჩანს, თავად ენმ-ს დამფუძნებელი და უცვლელ ლიდერად მიჩნეული მიხეილ სააკაშვილიც მათ პოზიციას იზიარებს, ვინც მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ენმ მთლად სწორად ვერ მოიქცა. მის განცხადებაში ორაზროვნება და დასჯის დაპირება ერთდროულად გამოსჭვივის. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება კაცს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარეშე და შინაურ მტრებს ერთობლივ მიმართვას უგზავნის: „მგონი, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი, ერთმანეთთან საქმის გარჩევის ნაცვლად, მტკიცებულებების სისტემატიზაციით რომ დაკავებულიყო, ყველა რეგიონში დავამტკიცებდით მასობრივ გაყალბებას. მარტო აჭარაში გაუქმებული (ე. ი. ამომრჩევლების მოპარული) 25 ათასი ბიულეტენი რამდენს ნიშნავს. ახლაც არ არის დაკარგული შანსი, ფაქტები უკეთესად გავაანალიზოთ და როდესაც ამის დრო მოვა, არჩევნების მოპარვისთვის პასუხი ვაგებინოთ ამ დიდი აფერის დამგეგმავებსა და ძირითად განმახორციელებლებს. მადლობელი ვარ ყველა აქტივისტის, ვინც მიუხედავად ზეწოლისა, გულმოდგინეთ აგროვებს ამ მტკიცებულებებს“. სააკაშვილის ამ განცხადებაში ორი მინიშნებაა: ის ვიღაცებს საყვედურობს, რომ „ერთმანეთთან საქმის გარჩევით“ არ უნდა დაკავებულიყავით და დარღვევები აღგენიშნათო და მეორე, _ ამ დიდი აფერის ორგანიზატორები და მონაწილეები მალე გამოვლინდებიან და დაისჯებიანო. ვინც სააკაშვილის განცხადებების სტილს იცნობს, ადვილად დაგვეთანხმება, რომ განცხადების მეორე ნაწილშიც კი, რომელიც პირდაპირ მოითხოვს მინიშნებას, სააკაშვილს აღარ დაუსახელებია „ქართული ოცნება“, ასე რომ, შეიძლება ვიგულისხმოთ: სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებდა, ფაქტები შევაგროვოთ და როცა დრო მოვა, ამ პროცესის მონაწილე ჩვენიანებს პასუხი მოვთხოვოთო. ჩვენი ინფორმაციით, თვითონ პარტიაშიც, მისი საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ენმ-სა და „ოცნებას“ შორის გარიგება თუ არ შემდგარა, ყოველ შემთხვევაში, ეს შედეგი, შემდეგ კი ენმ-ს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება და უმეტესწილად, ლიდერთა დუმილი მასობრივი გაყალბების გამო რაღაც დამატებითი ფაქტორებითაა გამოწვეული. თავად განსაჯეთ: თავდაპირველად, როცა არჩევნები დასრულდა, ცესკომ კი პირველადი შედეგები გამოაცხადა, ცესკოს წინ ენმ-ს მხარდამჭერები ნიკა მელიას მოწოდების მერე შეიკრიბნენ და პირდაპირ განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა. იყო მოწოდებაც: „თავს შეგაკლავათ, ხმებს არ მოგაპარინებთ“, რამაც რადიკლალურად კი განაწყო ამომრჩეველთა ნაწილი, მაგრამ გაგრძელება, მუხტი არ მოჰყოლია. ორი საათის შემდეგ ისევ ცესკოსთან დანიშნულ მიტინგზე ენმ-ს მხარდამჭერები კი მივიდნენ, მაგრამ იქ პარტიის ლიდერები უკვე ფრთაშეკვეცილები, ზომიერად მოლაპარაკენი დახვდნენ. სახალხო აქციები გადაიდო. მოგვიანებით, ენმ-ს წევრთა ნაწილმა განმარტა, რატომ არ დაიწყეს სახალხო გამოსვლები და აქციები: „სურათი ძალიან ბუნდოვანი იყო. ამავე დროს, მოდიოდა მონაცემები უბნებიდან, რომ ყველაფერი მშვიდად და ნორმალურ ვითარებაში ჩატარდა და „ოცნებამ“ მოიგო. ანუ ეს თავდაპირველი ისტერიკა ცრუ განგაში აღმოჩნდა. მერე იმაზე დაიწყო ლაპარაკი, ჩვენებმა ვერ ივარგესო. ეს, ფაქტობრივად, თბილისს ეხება, რეგიონებში რა ხდებოდა, არ ვიცი“, _ ამბობს ც.კ. პარტიაში სააკაშვილის მომხრე-მოწინააღმდეგეებს შორის ამჯერად პოლიტსაბჭოსა და, ზოგადად, ენმ-ს ვერტიკალში მორატორიუმია გამოცხადებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დიდხანს არ გასტანს. მით უმეტეს, რომ მცდელობა კი იყო, მაგრამ განხილვა არ შემწყდარა „ფეისბუქზე“. სააკაშვილის მიერ კი ხმის ამოღება, მისი პოსტის შინაარსი და ის, რომ მას მერე, ფაქტობრივად, არაფერი დაუწერია, ეტყობა, იმას ნიშნავს, რომ ენმ-ს შიგნით ჩამოვარდნილი დუმილი ქარიშხლისწინა სიჩუმეს ჰგავს და არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მამხილებელ-მტკიცებულებითი ფორმებით საუბარი და დაპირისპირება განახლდება.  

                                                                                                               ლაშა ბერულავა

 

გაზიარება