QronikaPlus
აპლოდისმენტების გარეშე კულისებში  გაძევებულ ბანი

აპლოდისმენტების გარეშე კულისებში გაძევებულ ბანი

2016-10-15 11:08:12

საქართველოს ისტორიაში აქამდე ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით, წინა კვირის პოლიტიკური მარათონი ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი გახლდათ. თითოეული პარტია თუ ცალკეული სუბიქტი, მისთვის სასურველი შედეგების მოლოდინში, ოქტომბრის 8 რიცხვს მოუთმენლად ელოდა. მთავარ კითხვებზე, _ ვინ გახდება მესამე ძალა? წინა და მოქმედი ხელისუფლების გარდა ვის აირჩევს მოსახლეობა? რამდენად მისცემს ამომრჩეველთა ნაწილი შანსებს ახალბედა პარტიებს? უკვე პასუხგაცემულია. სამამულო პოლიტიკაში მაღალი პიროვნული რეიტინგით შემოსულ პაატა ბურჭულაძეს იმედები აშკარად გაუცრუვდა. *** აუცილებელი განმარტება: ვინაიდან ჩვენი გაზეთი სამშაბათობით გამოდის, ვინაიდან ჩვენს მკითხველებს (13 ოქტომბერს) უკვე ექნებათ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენის შესახებ, მასალის დასაწყისშივე მოგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანი ნამდვილად არ გახლავთ უკვე გაჟღერებული ინფორმაციების გადამღერება, შესაბამისად, საგაზეთო ვერსიად შემოგთავაზებთ ერთი კონკრეტული პარტიის კულუარებში განვითარებულ მოვლენებს. არჩევნების დღეს „ქრონიკა+“ პაატა ბურჭულაძის ცენტრალურ შტაბში მიმდინარე მოვლენებითაც დაინტერესდა და თქვენს სამსჯავროზე ამჯერადაც ექსკლუზიური ინფორმაციები გამოგვაქვს. ცნობილი საოპერო მომღერლისა და ახალბედა პოლიტიკოსის შტაბში მასპინძლების რაოდენობა სტუმრად მყოფი მედიის წარმომადგენლების რაოდენობას ცოტათი აღემატებოდა. უკვე შუადღიდან, როცა პარტიის წევრები უბნებზე გავიდნენ, ტელევიზიის თანამშრომლები მცირედი უპირატესობითაც კი აჭარბებდნენ ადგილობრივებს. მედიაცენტრი, ცენტრალური ოფისის მთავარ დარბაზში, ღია სივრცეში იყო განთავსებული. თეთრი მაგიდის ირგვლივ ტელეოპერატორები ბოლთას სცემდნენ _ ბოლთას სცემდა პაატა ბურჭულაძეც, რომელიც შტაბში დღის ოთხი საათიდან შუაღამემდე იმყოფებოდა. საერთოდაც აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ეგზიტპოლების თუ არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებამდე გამარჯვებისთვის მზადება არ შეინიშნებოდა. მაჟორული განწყობები მინორულს ჩაენაცვლებინა. მსოფლიო ბანი ჩურჩულით საუბრობდა ხანაც ერთ, ხანაც მეორე თანაგუნდელთან. გიორგი ვაშაძის გარდა ახალგაზრდა ლიდერები შტაბში ვერ დავაფიქსირეთ, თუ არ ჩავთვლით ირაკლი ღლონტს, რომელმაც ცენტრალური ოფისი დღის სამი საათისთვის მეგობართან ერთად დატოვა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. რაც შეეხება ტარიელ ჭულუხაძეს (რომელიც გუნდის აღმოჩენად სახელდება), როგორც ჩანს, არჩევნების დღეს მან ცენტრალური ოფისისთვის ვერ მოიცალა და მთელი დღე სანზონის შტაბში გაატარა. _ ბატონო პაატა, აბა, დაილაპარაკეთ... _ ბატონო პაატა, ოდნავ მარჯვნივ ჩამოიწიეთ... _ ბატონო პაატა, კამერისკენ რომ იყუროთ... ამ და სხვა, მსგავსი ტიპის, თხოვნებით მიმართავდნენ მედიის წარმომადგენლები „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერს იქამდე, სანამ ის ამა თუ იმ არხის პირდაპირ ეთერში ჩაერთვებოდა, ჩართვებს შორის კი გადაღლილი პოლიტიკოსი ხანაც ყურძენს მიირთმევდა, ხანაც ტელეფონზე საუბრობდა. როგორც გავარკვიეთ, მობილური ტელეფონის საშუალებით იგი რეგიონების წარმომადგენლებს ეხმიანებოდა. მედიაცენტრისთვის განკუთვნილ მაგიდასთან, ჩვენს კოლეგებთან ერთად, პერიოდულად პარტიის წარმომადგენლებიც ფუსფუსებდნენ. მათი უმრავლესობა ახალგაზრდა ქალბატონი იყო. _ ჩუღურეთის მე-14 ოლქში, ჯერჯერობით, უცნობი პირები ტუალეტში შევიდნენ და თხუთმეტი წუთის შემდეგ გამოვიდნენ, _ თქვა ჩურჩულით სასიამოვნო გარენობის გოგონამ. _ ჯანდიერმა იცის? _ იმავე ტონალობაში შეეპასუხა თანატოლი ქალბატონი. თქვენი მონამორჩილი უმალვე დავინტერესდი ყურმოკრული ამბით და შევიტყვე, რომ, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ზემოქმების ქვეშ მყოფი პირები კომისიის წევრთან მისულან სტუმრად და დამკვირვებელთან ერთად ჯგუფურად შესულან იქ, სადაც მეფეები თავისი ფეხით დადიან. მოპოვებული ინფორმაციის შედეგად გაირკვა, რომ დამკვირვებელს ჯერ საპირფარეშო და შემდეგ კი საარჩევნო უბანი დაატოვებინეს დაუპატიჟებელ სტუმრებთან ერთად. მას შემდეგ, რაც ბიოლოგიური მოთხოვნილებებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე „ამომრჩევლებისა“ და დამკვირვებლის ჯგუფური ვოიაჟის მოტივაცია დადგინდა, დღის წესრიგში დადგა პოლიტიკური მოთხოვნილებები. პარტიის პრეს-სამსახური დარღვევებზე რეაგირებას ვერ აუდიდოდა. _ ეს ვიდეო ნახეთ? ჩქარა ატვირთეთ! _ ვანში რა ხდება? დეტალები ვინ იცის? _ სამეგრელოში ავტობუსები გამოჩნდა ... _ ისმოდა ფრაგმენტულად, აქა-იქ დაძაბულ ტონალობაში ნათქვამი ფრაზები. მედიაცენტრის უკანა მხარეს მდებარე ოთახები ცენტრალურ დარბაზს, შუშის გამჭვირვალე მინებით ემიჯნება. ხილვადობა იმდენად კარგი იყო, რომ იქ მყოფი ხალხის მიმიკებიც ჩანდა. ოთახებში მყოფი ადამიანების რაოდენობა იმ შემთხვევაში იცვლებოდა, თუ რომელიმე მათგანში პარტიის ლიდერები შევიდოდნენ. პაატა ბურჭულაძეს დაახლოებით ათამდე ადამიანი დაჰყვებოდა ყოველი ფეხის ნაბიჯზე, მას მხოლოდ რამდენიმე წუთით ტოვებდნენ ჩვენს კოლეგებთან პირისპირ, მაშინ როცა ინტერვიუს ჩაწერა, ან პირდაპირი ეთერი მიმდინარეობდა. შუშის მინით გადატიხრულ ოთახებსა და ცენტრალურ დარბაზს შორის აქტიურად მოძრაობდა დავით ჯანდიერი. ერთი დღის დაკვირვებითაც აშკარა გახდა, რომ პარტიული საქმიანობის ტვირთი დიდწილად ცნობილი იურისტის მხრებზე გადადიოდა. ჯანდიერს ეკითხებოდნენ ყველაფერს და ეკითხებოდა ყველა, მათ შორის, ჩვენც, _ ბატონო დავით, კომპიუტერი გაითიშა, ვინ დაგვეხმარება? მან უმალ გადაგვამისამართა თავის ერთ-ერთ თანაშემწესთან, რის შემდეგაც პრობლემა აღმოიფხვრა, თუმცა მაინც, ცალკე აღნიშვნის ღირსია ტექნიკური გაუმართაობა, რომელიც დისკომფორტს გვიქმნიდა იქ მყოფ მედიის წარმომადგენლებს. ცენტრალურ სისტემასთან მიერთებული კომპიუტერები ხშირად ითიშებოდა, რის გამოც ჟურნალისტები პირადი მობილური ტელეფონების საშუალებით კრეფდნენ ტექსტებს. ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ახალგაზრდები, პარტიის წევრების მსგავსად, გადაღლილები ჩანდნენ და მაშინ, როცა კულმინაციური მომენტი დადგა, დაახლოებით, 19 საათსა და 55 წუთზე, დიდ ეკრანზე გასულ გამოსახულებას ხმა გაეთიშა. ეგზიტპოლების გამოცხადებამდე (რვა საათამდე) ორი-სამი წუთით ადრე, ყველაზე დაძაბულ წუთს, ვიდეოგამოსახულებას ხმოვანი სიგნალის (ე. წ. აუდიოს) გარეშე შევცქეროდით დარბაზში მყოფები. საბენდიეროდ, ხარვეზი რვა საათამდე წამებით ადრე გამოსოწრდა, თუმცა ჯერ იქამდე განვითარებულ მოვლენებს თანმიმდევრულად მივუბრუნდეთ:  დედაქალაქის ცენტრში, სპორტის სასახლის გვერდზე მდებარე შენობა (რომლის ერთ მხარეს დიდი სუპერმარკეტია განთავსებული) ძნელად თუ მოგაგონებდათ წამყვანი პოლიტიკური პარტიის შტაბს, მით უფრო არჩევნების დღეს. მეორე სართულის გარე ფასადს გიორგი ვაშაძის პარტიული სიმბოლიკა მოკრძალებულად ამშვენებს. წარწერა „ახალი საქართველო“ ერთ-ერთი კომპანიის ლუდის სარეკლამო გამოსახულებას ზემოდან დასცქერის. ცენტრალური კარის გვერდით, კედელზე პაატა ბურჭულაძის პლაკატები ისე გაეკრათ, პარტიული ნომრის კონფიგურაციას გამოსახავდა. ეტყობა, პარტიული აქტივისტებისთვის სულერთია, სულ ერთი იქნებოდა ასეთი ერთიანი, თუ არა. იქამდე, სანამ ვაშაძე ბურჭულაძის პლატფორმაზე დადგებოდა, როგორც გვახსოვს, ფორთოხლისფერი სკამებით ქუჩაში გავიდა და თავისი პარტიის დაფუძნების შესახებ ერთობ ამბიციური განცხადებები გააკეთა. მას და მის (ყოფილ თუ მოქმედ) თანაგუნდელებს ფორთოხლისფერ ტაბურეტებზე ჯდომას პარლამენტის დარბაზში განთავსებულ სავარძლებში ჯდომა რომ ერჩივნათ, ცხადია. სწორედ ეს სკამები შევნიშნეთ ცენტრალური შესასვლელის კიბეებთან ერთმანეთზე აწყობილი ფუნქციური დატვირთვის გარეშე. შესასვლელთან ორი-სამი ადამიანი მუდმივად ტრიალებდა, ზოგი სიგარეტს ეწეოდა, ზოგიც მობილურ ტელეფონზე განმარტოებით საუბარს ამჯობინებდა. საარჩევნო რეჟიმი და დაძაბულობა უკვე მეორე სართულის შესასასვლელი კარიდან იგრძნობოდა, რომელიც იმ შემთხვევაში იკეტებოდა, თუ პარტიის ნომერ პირველი სახე პირდაპირი ეთერისთვის ემზადებოდა. ნაწილი მიდიოდა, ნაწილიც ახალი ცნობებით ბრუნდებოდა. ზოგს აჩუმებდნენ, ზოგიც თავისით ჩუმდებოდა, თუმცა ხმამაღალ საუბარს ვერსად, ვერც ერთ კუთხეში ვერ გაიგებდით. პრინციპში, ვიზიტორები მცირე ნაკადებად მოდიოდნენ და მიდიოდნენ, დაახლოებით სამ-ოთხკაციან ჯგუფებად. მთავარ შტაბში სტაბილურად, საშუალოდ, ორმოცამდე ადამიანი ტრიალებდა, საიდანაც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნაწილი ჩვენი კოლეგები გახლდნენ. მას შემდეგ, რაც პარტიის პირველი პირი უცხოელ სტუმართან საუბარს მორჩა, მარტო დარჩა, თანხმლებმა პირებმა მისგან რამდენიმე მეტრით დისტანცირება ამჯობინეს. პაატა ბურჭულაძე ფურცლებში უხმოდ ჩაეფლო. მის მყუდროებას სატელეფონო ზარები არღვევდა. დრო ვიხელთეთ და მისგან მოკლე კომენტარი მოვიპოვეთ, რომელიც მან დღის ოთხი საათისთვის, სპეციალურად „ქრონიკა+“-ისთვის გააკეთა.   _ ბატონო პაატა, იქნებ, ორი სიტყვით გვითხრათ, დღევანდელ დღეს რა განწყობა გაქვთ? _ განწყობა მაქვს კარგიც და ცუდიც... ცუდი არის ის, რომ ძალიან ბევრი დარღვევაა, მაგალითად, პირველი ნომერი ზოგ ბიულეტენზე მოხეულია და ისე აძლევენ ამომრჩევლებს. მერე არის ის, რომ ადამიანი შედის კაბინაში, მეორე მიჰყვება და იქ ესწრება შემოხაზვის დროს. ზოგან კაბინის გარეთაც აწერინებენ 41 ნომერს. ერთ დევნილს დღეს მისცეს პირადობის მოწმობა, არადა მოგეხენებათ უქმე დღეა და უფლება არ ჰქონდათ, მოწმობა გაეცათ. ბევრი რამ ხდება, დავით ჯანდიერი ახლა ექვს საათზე გააკეთებს განცხადებას. _ რა არის ამ დრომდე მთავარი პრობლემა? _ ხალხი თავისუფალ არჩევანს ვერ აკეთებს. კარგია, რომ ჩვენს ეგზიტპოლებს ვატარებთ, არაფორმალურს, რა თქმა უნდა, დიდი უმეტესობა ჩვენ გვიჭერს მხარს რაიონებშიც და თბილისშიც, ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი დაბრკოლებები ჩვენზე არ იმოქმედებს. _ როგორი მოლიდინი გაქვთ? შეგიძლიათ, პროცენტებში გვითხრათ? _ 27 პროცენტიდან ზემოთ... აი, ეს არის ბიულეტენი, თუ შეგიძლიათ, ნახეთ, _ ამ ბიულეტენის ამსახველი ფოტო უკვე დაფიქსირებული გვაქვს, ბატონო პაატა, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ შეიძლება იყოს დაგეგმილი და განხორციელებული? გამორიცხავთ მექანიკურ შეცდომას, ვთქვათ, ბიულეტენის მოხევის დროს? _ არ შეიძლება, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყოს, და თუ ეს ასეა, მთელი „ცეკსო“ სახლშია გასაშვები, თუ ასეთ რაღაცას ამზადებს „ცესკო“, როცა ტექნიკურად პირველი ნომერი არ იქნება. ეს არის სპეციალურად შექმნილი. ვინ უნდა გააკეთოს ეს, თუ არა ხელისუფლებამ?! _ გარდა ამ მოხეული ბიულეტენებისა, რაზე გააკეთებთ აქცენტს? რაზე აცხადებთ პროტესტს? _ მე პროტესტს არ ვაცხადებ დიდი ხანია, მთელი საარჩევნო პროცესი ისე მიმდინარეობდა, რომ ჩვენზე იყო ზეწოლა, წნეხი, ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო. მაგრამ ხედავთ, ძლიერი გუნდი დავრჩით და ახლა გამარჯვებისთვის ვიბრძვით. თქვენ ნახავთ, რომ ჩვენ ძალიან სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ დღეს, უფრო სწორად, ხვალ დილით.   „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერს კომენტარისთვის მადლობა გადავუხადეთ და წარმატებები ვუსურვეთ, რის შემდეგაც პრეს-სამსახურის წარმომადგენლებს მორიგი დარღვევების შესახებ ვკითხეთ. _ მცხეთელები ბაზალეთზე მიჰყავთ ხმის მისაცემად, დამკვირვებელი ცარიელი ბიულეტენებით შეუნიშნავთ იმერეთში. ჩვენი კოლეგები ყოველ მორიგ ჯერზე შემოსულ ახალ ამბავს გაფაციცებით ისმენდნენ. _ მოაშოროს საკუთარი ადმინისტრაციული რესურსი ხელისუფლებამ! ცესკოს ვალდებულებაა არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება! _ მოგვესმა ბურჭულაძის მიერ კატეგორიულ ტონალობაში ნათქვამი ფრაზა. რამდენიმე წამში ეკრანზე მმართველი გუნდის ახალბედა ვარსკვლავი _ ირაკლი კობახიძე გამოჩნდა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის გამოჩენას ღიმილით შეხვდნენ პარტიის წევრები. მისთვის არავის მოუსმენია. ყველა ხმას დავიცავთ! _ საზეპიროსავით იმეორებდა დავით ჯანდიერი, ვვარაუდობ იმისათვის, რომ ეს ფრაზა გვერდზე მდგომი ლიდერისთვის კარგად ჩაებეჭდა გონებაში. ლიდერის სახეზე დაღლილობას ნელ-ნელა დაბნეულობა ანაცვლებდა. გიორგი ვაშაძე ორ-სამ ადამიანთან ერთად შუშის მიღმა მდებარე ერთ-ერთ ოთახში იმყოფებოდა, საიდანაც პერიოდულად გამოდიოდა და კომენტარებს აკეთებდა. უკვე ხუთის ნახევრიდან ბურჭულაძის გვერდით ტრიალებდა გიორგი პაპავაც. ალაფურშეტისთვის სუფრა გაიშალა თუ არა, მალევე შემოვიდა ცნობა იმის შესახებ, რომ მარნეულში ვითარება ერთობ დაიძაბა. რა ხდება, ჩვენებია? _ გაისმა პირველი კითხვა, _ ჩქარა გადავრეკოთ! _ წამოიძახა ვიღაცამ. შემთხვევის ადგილზე მყოფ თანაგუნდელს უშუალოდ პაატა ბურჭულაძე გაესაუბრა. მის დიალოგს (პარტიის წარმომადგენელთან) ირგვლივ მყოფები გაფაციცებით უსმენდნენ. ვიღაცები ტექსტებსაც კარნახობდნენ, თუმცა იგი მშვიდად განაგრძობდა საუბარს მის მიერ დალაგებული ფრაზებით, _ თქვენ გოგო ხართ, ჩხუბში არ ჩაერევით. ხმაური ჩვენ არ გვაწყობს. წვენებით და ტკბილეულით ხელდამშვენებულმა ჟურნალისტებმა, პარტიის წევრებთან ერთად, დარბაზის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ ტელევიზორთან გადავინაცვლეთ. ოპერატიულობით ცნობილმა „რუსთავი 2“-მა არ დააყოვნა და ინციდენტის ამსახველი ექსკლუზიური კადრები მალევე შემოგვთავაზა _ ლირიკული გადახვევა.   _ როგორც ცნობილია, რამდენიმე წლის წინათ (1999-2001 წლებში) ქვემო ქართლში, დმანისის ტერიტორიაზე არექოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს უძველესი ადამიანების სხეულის ნაწილები. მეცნიერებმა ამ სხეულის ნაწილებისგან აღდგენილ გამოსახულებას სახელებიც დაარქვეს. ისინი ზეზვასა და მზიას პირველ ევროპელებადაც მიიჩნევენ, თუმცა ძნელია გაიაზრო, რომ უკვე დღეს, ევროპის გზაზე მდგარ საქართველოში, დმანისთან ახლოს მდებარე რაიონში, ხმის დასაცავად იმავე იარაღით იბრძვიან, როგორითაც, დიდი ალბათობით, მზია და ზეზვა იბრძოდნენ ნადირობისას. ფაქტია, ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი საარჩევნო ტრადიციები ახალ სიმაღლეებზე ავიდა. _ ქვა და ხელკეტი, ქვემო ქართლის არჩევნების განუყოფელი ატრიბუტიკაა. როგორც ჩანს, ზოგჯერ მილიონ რვაასი ათასი წელიც კი არაფერს ცვლის, როცა საქმე მარნეულში ჩატარებულ არჩევნებს ეხება, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველყოფილი ინსტინქტები. ზოგადად. არც ქართული პოლიტიკისთვისაა უცხო. სკანდალური კადრების გასვლის შემდეგ პარტიის ოფისში ექვსსაათიანი ბრიფინგისთვის დაიწყეს მზადება. პატარა ფურცელზე დაწერილი ტექსტი, რომელიც ტრიბუნის შიდა მხარეს, მიკროფონებისთვის განკუთვნილ ადგილას გამომსვლელის წინ დადეს, პოლიტიკური „შპარგალკის“ ფუნქციას ასრულებდა. ვაშაძემ, ჯანდიერმა და პაპავამ, ბურჭულაძის გამოვსლის შემდეგ, წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბარი გააგრძელეს. „ახალი საქართველოს“ ლიდერი სამეულს, მოგვიანებით, პირდაპირ ეთერში, თავისი ინიციატივით შეუერთდა. უკვე საღამოსკენ, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებიდან გამოსული ხმები ერთმანეთში ირეოდა, ზოგი მობილური ტელეფონის საშუალებით უსმენდა მისთვის საინტერესო ინფორმაციას, სხვები პერსონალურ კომპიუტერებთან ისხდნენ სულგანაბულნი. ნაწილი ტელევიზორის გარშემო მოკალათებულიყო. აქა-იქ ისმოდა სატელეფონო რეკომენდაციები. შვიდი საათიდან სტუმრების რაოდენობამ ცოტა იმატა. საგულშემატკივროდ მოსული დაახლოებით 20-25 ადამიანი ცენტრალურ დარბაზში განთავსდა. მუსიკალური ტელეპროექტების „ორი ვარსკვლავისა“ და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პროდიუსერი, ქართულ შოუბიზნესში ერთობ პოპულარული პერსონა, ნოე სულაბერიძე, ტელეკამერებს აშკარად გვერდს უვლიდა. დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუ რა მიზნით იმყოფებოდა ის არჩევნების დღეს პარტიის ოფისში, მაგრამ შესამჩნევი იყო, რომ იგი თავს მასპინძლად გრძნობდა. ეგზიტპოლების გამოცხადებამდე ნახევარი საათით ადრე გამოჩნდა მამუკა კაციტაძე, მას მოყვნენ პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები (ხუთი-ექვსი ადამიანი), იყვნენ ისეთები, რომლებმაც პირად საუბრებში გვთხოვეს, რომ მათი იქ ყოფნა გაზეთის საშუალებით არ გაგვეტირაჟებინა. პაატა ძალიან მიყვარს, ჩემიანია, უბრალოდ, ვეხმარები, თუ მაინცდამაინც დაწერ, თქვი, რომ მეგობარი ვარ. ჩვენგან მიცემული პირობის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი უფრო გაიხსნა და შემდეგი ტექსტი ჩამჩურჩულა, _ ისე, როგორ გაიფარჩაკა თავი პოლიტიკით ამ კაცმა? ადამიანურად მეცოდება, ეს იცი, ვინ არის? ეს კაცი თავის საქმეში იგივეა, რაც პლასიგო დომინგო, ლუჩანო... ეგზიტპოლების მოლოდინში ასეთი საუბრები აშკარად სხვა ოპერიდან იყო. უკვე პოლიტიკურ ბრძოლაში შესული ბანი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების ხმას გაფაციცებით უსმენდა და პირველი პოლიტიკური მოსავლის შესახებ ცნობებს წუთი წუთზე ელოდა... რვა საათისთვის წამყვანი ტელეკომპანიების მეშვეობით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ჩატარებული, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. სხვადასხვა არხიდან მიღებული ცნობებით ცხადი გახდა, რომ შედეგებმა იქ მყოფ ადამიანებში ყველა მოლოდინი გააბათილა, ყველა იმედი ჩაკლა. 5%-იანი ბარიერის გადალახვა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პაატა ბურჭულაძემ ეგზიტპოლის შედეგებზე მწარედ გაიღიმა, მის ღიმილს სიცილით გამოეხმაურა გვერდზე მჯდარი გიორგი ვაშაძე. პარტიის ცენტრალურ შტაბში უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა, ზოგიერთმა უხერხულობისგან გამოსავალი მობილურ ტელეფონებში კირკიტში იპოვეს, თუმცა აგრესიული რეპლიკები არავის წამოსცდენია. _ ხალხნო, 30%-ზე მეტს პასუხი არ გაუცია, ჯერ არ გვაქვს სრულყოფილი მონაცემები. ის პროცენტები ჩვენზეც განაწილდება. გაისმა ჯანდიერის ოპტიმისტური სიტყვები. პირველი ათი წუთის შემდეგ დიდ ეკრანზე გამოტანილ გამოსახულებას ცოტა თუ ადევნებდა თვალს, ცნობილი მომღერლის შტაბში არამუსიკალური სიჩუმე ჩამოწვა. იქ გვიან ღამემდე შემორჩნენ ბურჭულაძის იმედგაცრუებული თანაგუნდელები.   *** ახლა მთავარია, ქართული პოლიტიკის „სამგროშიან ოპერას“ ვისი მიხედვით დადგამს ქვეყნის არაფორმალური რეჟისორი _ ბერტოლ ბრეხტის, თუ თავისი სცენარის? და საინტერესოა, რა როლს მიანიჭებენ კულისებში აპლოდისმენტების გარეშე გაძევებულ ბანს?..  

                                                                                                           ზაზა სვანაძე

   

გაზიარება