„ლეიბორისტული პარტია“ იმედიანად აცხადებდა, რომ ხალხი ახლა მაინც ანდობდა ქვეყანას და ისინიც მზად იყვნენ, ყველაფერი გაეკეთებინათ მათ სასარგებლოდ. მათივე გამოთვლებით, ამისათვის რეიტინგიც ჰქონდათ და საზოგადოების მხარდაჭერაც. თუმცა, ეს ასე არ მოხდა და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ბარიერი ვერ გადალახა. „ქრონიკა+“ „ლეიბორისტების“ ლიდერს ექსკლუზიურად ესაუბრა.
შალვა ნათელაშვილი:
_ როცა ამხელა რეიტინგი გაქვს, რაც ჩვენ გვქონდა, იქ შეუძლებელია არჩევნების წაგება. ასეთ დროს მხოლოდ შეიძლება, არჩევნები გაგიყალბონ, რაც უმაღლეს დონეზე შეასრულა კრიმინალმა ოლიგარქმა. ეს წინასწარ გამოაცხადა კიდევაც, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ არ შეუშვებდა პარლამენტში, სამარცხვინოებად გამოაცხადა ჩვენზე ხმის მომცემები, სახლში სხვადასხვა ჯურის ბანდიტი მომისია, რომლებიც პირდაპირ ოჯახში იჭრებოდნენ მთელი ზაფხულის განმავლობაში, მაბრალებდნენ ყველა ცოდვას, თუკი რამე შეიძლება მოიფიქროს უზნეო ადამიანმა _ მილიონერობიდან დაწყებული და რუსეთის აგენტობითა და ფულის აღებით დამთავრებული. ივანიშვილი ბოდვისა და ჰალუცინაციების სტადიაში გადავიდა, გაცოფდა, გაშმაგდა და ყველაფერი რაც გააკეთა, ჩემ გამო გააკეთა. გაყალბებაც დასჭირდა ჩემ გამო, ფულის დარიგებაც, იმიტომ, რომ სხვა რეალური კონკურენტი და მოწინააღმდეგე მას არ ჰყავდა ისეთი, რომელთანაც თავს ისე არაკომფორტულად იგრძნობდა, როგორც ჩვენთან. შედეგიც დადგა შესაბამისად. ცხადია, ფულმაც თავისი როლი ითამაშა, ჩაგვიკეტა ყველა საშუალება, ერთი თეთრიც არ შემოვიდა ბიზნესიდან. ვისესხეთ და ისე დავბეჭდეთ ეს პლაკატები. ყველაფერი ისე გააკეთა, რომ ეს ვალიც ვერ გადავიხადოთ, რადგან თუ 5-პროცენტიან ბარიერს არ გადალახავ, არ გინაზღაურდება გაწეული ხარჯები. მან თავის პარტიას საკუთარი ბანკიდან სესხი მისცა და ახლა ჩვენ უნდა დავუფაროთ ის პროცენტიც. ეს ყველაფერი ჩვენმა ბიუჯეტმა, ჩვენმა ჯიბემ უნდა დაფაროს, მისი პარტიის საარჩევნო ხარჯებიც კი! ხომ წარმოგიდგენიათ სითავხედის დონე!
ჩვენ ბანკებიდან კრედიტს ვითხოვდით, რომელიც პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის თანახმად გვეკუთვნოდა, მაგრამ არც ერთმა ბანკმა არ მოგვცა იმიტომ, რომ ივანიშვილს კატეგორიული განკარგულება ჰქონდა გაცემული, რათა ჩვენ მოვეხრჩვეთ. ფაქტობრივად, ის არის მკვლელი, მაგრამ ვარწმუნებ, ვერ მოგვკლავს და ის პოლიტიკურად განგმირული იქნება! მე ამას შევუსრულებ ისე სამაგალითოდ, რომ მომავალში ვერც ერთმა მისმა მსგავსმა ოლიგარქმა ვერ გაუბედოს ქვეყანას ის, რაც მან გაბედა.
წარმოიდგინეთ, ივანიშვილმა თავის პარტიას ბანკიდან კრედიტი მისცა პროცენტით _ მილიონ ნახევარი. მევახშე რომ არის, ამითაც ჩანს. ახლა, როდესაც მისმა პარტიამ ბარიერი გადალახა და კონსტიტუციური უმრავლესობა აიღო, ამ ხარჯებს სახელმწიფო აუნაზღაურებს. ანუ ჩვენი ბიუჯეტი ბიძინას ბანკს დაუფარავს, „ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯების სრულ ანაზღაურებას მიიღებს. თქვენ გაგიგიათ, მსოფლიოში პოლიტიკაში მოსულ რომელიმე ოლიგარქს ასეთი უზნეობა ეკადრა, რომ ჯერ საკუთარი ბანკიდან გაეცა საკუთარ პარტიაზე კრედიტი და მერე სახელმწიფოს გადაეხადა მისთვის ეს ხარჯები?
_ მაინც, როგორი რეიტინგი გქონდათ ბოლო წუთამდე? როგორც მახსოვს, ამ რეიტინგით ხშირად იქებდით ხოლმე თავს?
_ ბოლო ერთი წელი უცვლელად ვიყავით სამეულში, ხან პირველ ადგილზე, ხან მეორეზე, ხან მესამეზე „ოცნება“, „ნაცები“ და ჩვენ. დანარჩენი ბარიერს დაბლა იყო, ამას მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით იმიტომ, რომ გამოკვლევებს ვატარებდით ჩვენთვის და სიმართლე გვაინტერესებდა. შესაბამისად, ბოლო კვირაში 25 პროცენტი ჰქონდა „ოცნებას“, 22 _ „ნაცებს“ და 20,8 გვქონდა ჩვენ. ყველა დანარჩენი პარტია მოდიოდა 5 პროცენტზე დაბლა. საქართველოს მასშტაბით გამოკითხულია ათი ათასი კაცი. თბილისში „ოცნებას“ 30 პროცენტი ჰქონდა, გაგვიკვირდა კიდეც, ჩვენ გვქონდა 18,4 და „ნაცებს“ _ 14,2. ეს მონაცემები არჩევნებამდე 3-4 დღით ადრე იყო და ეს დღეები ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო აღმავლობით წავიდა _ მიტინგი ჩატარდა ფილარმონიაში, ახალი კლიპები გამოვიდა, ჩემი გამოსვლები გავიდა, რამაც რამდენიმე პუნქტით ასწია რეიტინგი, მაგრამ მოხდა ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი გეგმავდა. მან მთელი რესურსი ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა. სპეციალური გაზეთები დაბეჭდა, სადაც ყველანაირი ცილისწამება ეწერა ჩვენზე, ჩემს ოჯახზე, ასევე ფინანსურად მოგვახრჩო, მთელი უშიშროების სამსახურები მუშაობდნენ ჩვენი დისკრედიტაციისთვის, აქტიურად მიდიოდა ჩვენიანების გადაბირება, მოსყიდვა.
_
ბატონო შალვა, ამის ფაქტები გვითხარით, ვინ და როგორ გადაიბირეს?
_ ჩვენი დეპუტატობის კანდიდატს თელავი-ახმეტის რაიონში, გელა გორთამაშვილს, 50.000 ათას დოლარს სთავაზობდნენ წინა დღეებში. მას მაჟორიტარობის კანდიდატურა უნდა მოეხსნა და განეცხადებინა, რომ ნათელაშვილი „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობს, ამიტომ ვტოვებ პარტიასო. 50.000 ათასი დოლარით კაცი მიუგზავნეს. მერე ასეთი განცხადებები გააკეთა ხულოს კოორდინატორმა, შუახევის კოორდინატორმა, ხაშურის ნაძირალა კოორდინატორმა, ქარელის კოორდინატორმა და ხარაგაულის კოორდინატორმა. 50000-50000-ზე ნაკლენი არ აქვთ ამ ნაძირალებს, რა თქმა უნდა, აღებული. გელას გარდა სხვებმაც გვითხრეს, რომ ასე სთავაზობდნენ, მაგრამ უარი ვუთხარით და გავყარეთო. აი, ამ ყველაფრით ტკბებოდა და დნებოდა ივანიშვილი და საერთოდაც აღარ ახსოვდა, როგორ აფინანსებდა სააკაშვილს, მისი ოჯახის წევრებს, „ნაცმოძრაობას“, „ვარდების რევოლუციას“, სპეცრაზმს, ჩემი დაკავების ოპერაციას... ისე დატკბა და სულიერი შვება მიიღო, რომ ორგაზმი განიცადა, მგონი. ბოლო დროს ასევე გააქტიურდნენ ჩვენგან წასული ნაძირალა ხალხიც. ისინი კრიმინალურ ფრთად ჩამოყალიბდნენ და, ფაქტობრივად, თავიანთი ბუნებით უკვე მკვლელები გახდნენ. ისინი შეეწირებიან თავიანთ ბოროტებას, ჯანმრთელობით შეეწირებიან და ღმერთს ვთხოვ მათ მფარველობას. ბოროტების ოკეანეში ცურავენ და ცხოვრობენ ჩემი გაყიდვით, ჩემზე გესლისა და ბოღმის ნთხევით. ამაში უხდის ივანიშვილი მილიონებს პირდაპირი გაგებით და, პრაქტიკულად, ეს არის პოლიტიკური ქილერების ხროვა, რომელიც, მოვა დრო, და პასუხს აგებს.
_ ბატონო შალვა რამიშვილი რომ მოვარდა თქვენთან, ბაზალეთში, პოლიციაში აღძრული ის სისხლის სამართლის საქმე დასრულდა?
_ რამიშვილიც ჩვეულებრივი პოლიტიკური ქილერია. ის არის ჩვეულებრივი გამომძალველი, სექსუალური მოძალადე, რის გამოც ჟურნალისტობიდან და ტელევიზიიდან გააგდეს. ეს არის ფულის მაძებარი კაცი, რომელიც ფულის გამო ყველა ორგანოს გაყიდის, მამას გაყიდის, დედას გაყიდის, ცოლს გაყიდის. მისთვის ფული არის ისეთივე ღმერთი, როგორც ჩვენს პარტიაში არსებული გამყიდველი ქილერებისთვის, რომლებიც, უცხოეთში რომ მივდიოდი და აეროპორტში მაცილებდნენ, ავტოსადგომის 50-თეთრიანი ქვითარი ოფისში მოჰქონდათ გასანაღდებლად. ეს მაშინ, როცა აქაც არაფერი აკლდათ _ დეპუტატობიდან დაწყებული, მაღალი ხელფასებით და ყველაფრით. რა გითხრათ, ფულის ქილერები, ისევე როგორც მკვლელი ქილერები იყვნენ ჩემი და საზოგადოების მიმართ ტელეკომპანია „მაესტრო“ „გრეჩიხების“ თამადობით, ტელეკომპანია „იმედი“ _ ბინძური რუხაძის თამადობით, რომელსაც ახლა „ლიბერთი ბანკს“ აჩუქებენ და რომელიც ვაზაგაშვილის გვამით ვაჭრობს დღემდე, ისევე როგორც „ჯი დი ეს“-ი. ქილერი იყო მალხაზ გულაშვილი, რომელსაც ახლა გვარი გადაუკეთებია ჭინჭარაულად. ახლა იგი რუსეთის დაზვერვის მუშაკია და ეს არის ანაზღაურებადი სამსახური, რაც მთელმა საქართველომ იცის. მას ტელევიზია გაუხსნეს და იქიდან აფრქვია მთელი წელი „მარგალიტები“. ჩემი ქილერი იყო 9 აპრილის ორგანიზატორი და მთავარი იდეოლოგი ნუგზარ ფოფხაძე თავისი „რეპორტიორით“. ამ საიტმა და გამოცემის გვერდებმა ჩემ შესახებ უამრავი ცილისწამება აიტანა. დაძაბეს და გადატვირთეს სიბინძურეების წერით. აქ მცირედი ჩამოვთვალე. არჩევნების წინა ორ ღამეს სოციალურად დაუცველთა ბაზა გახსნეს, იქიდან 400 ათას სოციალურ დაუცველთა მონაცემი ამოიღებეს და სოციალური აგენტები მათ ოჯახებში ღამე ფულს ურიგებდნენ _ 50 ლარს. ეუბნებოდნენ, რომ მიხვალ და „ოცნებას“ შემოხაზავო. ეს 400 ათასი კაცი გარანტირებულად მივიდა და საქართველოს ისტორია გაამრუდა იმისათვის, რომ ეხეთქა რაღაცა ჩასახეთქი და მეორე დღეს მშიერი დარჩენილიყო ისევ. ასეთ შემთხვევაში მე რა უნდა მექნა?
რა უნდა გააკეთო ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, როცა არჩევნების ღამეს გამოაცხადებენ ყალბ ეგზიტპოლს „იმედით“, „მაესტროთი“ და „ჯი დი ეს“-ით _ საკუთარი ტელევიზიით და მერე ჩაიკეტება ჟვანიას ქალბატონი კაბინეტში და კი არ დაიწყებს პირველადი შედეგების გამოცხადებას, არამედ, პირველ რიგში, დაიწყებს ოქმების გადასწორებას იმ ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც ბიძინამ დაწერა და გამოაცხადა კიდევაც ასე. ამას კი ჩვენ ველოდებოდით 5-6 საათი. პირველადი შედეგების გამოცხადებას თანამედროვე მსოფლიოში კი არა, შევარდნაძისა და სააკაშვილის პერიოდშიც კი იმავე წუთში იწყებდნენ. ახლა კი რამდენი ხანი ველოდეთ, რომ ეს მოეყვანა სისრულეში. გაგიგიათ ასეთი რამ, რომ, ვთქვათ, 180 ხმა გქონდეს ერთ უბანზე და გვერდით, მეორე უბანზე _ 0 ხმა? კიდევ იქით უბანში მქონდეს 100 ხმა და იმის გვერდით უბანში _ 2 ხმა? ასეთი რაღაც მსოფლიო სოციოლოგიამ არ იცის, იმიტომ, რომ მხარდაჭერა თითქმის თანაბარია პლუს-მინუს 3% ყველა უბანზე. ამისათვის დასჭირდათ ეს ყველაფერი, რომ სისრულეში მოეყვანათ და ახლა ამ ძალადობას მან ოკუპაცია გაუკეთა. რუსებმა იქ, ცხინვალსა და აფხაზეთში ოკუპაცია გააკეთეს და ჟვანიამ დარჩენილი საქართველოს ოკუპაცია გააკეთა. ახლა ჩვენ ვართ მისი საბანკო ანგარიში. ვერ დავიწყებთ ტრაბახს, რომ კაცები ვართ და ქუდი გვხურავს, სანამ ამას არ მოვიცილებთ და არ გამოვათრევთ. მოვა დრო, როცა ჩვენ დავკითხავთ იმ სოციალურ აგენტებს, რომლებმაც ღამით ფული დაურიგა სოციალურად დაუცველებს. არ ვიცი, ახლა, ამ ერისა და ქვეყნის საშველი რა არის.
_ გუშინ დამკვირვებლებმა გაყალბებების თითო-ოროლა ფაქტი დაასახელეს. ამხელა გაყალბებაზე, როგორზეც თქვენ საუბრობთ, არ ულაპარაკიათ. ამბობთ, რომ ეს ჟვანიამ გააკეთა?
_ ეს იყო სისტემური გაყალბება, რომელიც ერთ დღეში არ მომხდარა. ის მზადდებოდა, ჯერ კიდევ, იმ დროიდან, როდესაც არ დააკმაყოფილეს ჩვენი არც ერთი მოთხოვნა საარჩევნო კოდექსის შესრულებაზე, როცა არ მოგვცეს საარჩევნო კომისიებში თანაბარი წარმომადგენლობა, როცა ივანიშვილმა კომისიებში თავისი ხალხის 98% დაიტოვა. ისინი ისე ჭრიდნენ და კერავდნენ, როგორც უნდოდათ; როცა ივანიშვილმა არ გააუქმა მაჟორიტარი დეპუტატის სისტემა. ახლა ნახავთ, რამდენ მაჟორიტარს შეიყვანს და კონსტიტუციურ უმრავლესობასაც მიიღებს. ამიტომ არ გააუქმა ეს. არ შემოიტანა კანონში ამომრჩევლის სავალდებულო გამოცხადება უბანზე, რის გამოც ნახევარი ამომრჩეველი არ მოვიდა და მოვიდა მარტო ის, ვინც ივანიშვილს უჭერდა მხარს. ეს ყველაფერი წინასწარ დაიწყო, როდესაც აუკრძალა ბიზნესს ჩვენი დაფინანსება. აბა, უფინანსოდ რა უნდა გააკეთო, თუნდაც, ოჯახში? დილით ჩაი უნდა დალიო და შაქარი არ გაქვს, ხომ უნდა იყიდო? ჰოდა, დილით ავდექი და ამხელა პარტიაში, 3700 უბანზე, ჩვენს წარმომადგენლებს არ აქვთ სიმბარათი, რომ დამირეკონ და დავურეკო, ხომ უნდა ვიყიდო? საიდან უნდა მოვიტანო, როცა არც ერთი თეთრი არ შემოდის და ურცხვი ადამიანი მაინც მილიონერს მეძახის?! საკუთარი შიშველი ხელებით მოვათრევ ამ პარტიას 20 წელია და ჩემს შვილებს ვაკლებ, ყველაფერი აქ მოვიტანე _ ტელევიზორიდან დაწყებული, მაგიდით და სკამით დამთავრებული და აი, ამას შევწირე ჩემი შვილების მომავალი და ყველაფერი.
_ თუ ეს ყველაფერი წინასწარ ხდებოდა, აბა, თავდაჯერებით როგორ ამბობდით, რომ ხელისუფლებაში მოხვიდოდით, ხალხის იმედი გქონდათ?
_ კანონმდებლობაში ცვლილებებს ვითხოვდი, მთელი ამერიკის კონგრესი ფეხზე დავაყენე და ამის გამო ამერიკელმა სენატორმა სტივ რასელმა ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღება მოითხოვა. ჩვენ ვიცოდით, რომ ცვლილებები იმიტომ არ უნდოდა, რომ მას ეს გაეკეთებინა. აბა, გვყოლოდა ყველა პარტიას თანაბარი წარმომადგენელი და როგორ დაიწერდა 50%-ს, ვნახავდით. არავითარი ხალხის იმედი არ მქონია. ბავშვი ხომ არ ვარ, რომ ხალხის იმედზე ვიყო? ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ მე რომ არ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა, მერე იტყოდნენ, რომ სააკაშვილისგან ან ივანიშვილისგან ფული აიღოო. არ იცით, რა ბედი მაქვს მე? ამ ხალხს სულ ჩემთან აქვს ყველაზე დიდი გული და ჩემთან არის ყველაზე შემტევი, ამაყი, დამბრალებელი და ყველა ჭორის დამჯერი. დანარჩენი, ყველას ყველაფერი აპატიეს და გაუვიდათ. დაახლოებით იგივეა, როგორც ილია წერდა: შინ გულადი, გარეთ მხდალიო.
_ ახლა უმეტეს ოლქში მაჟორიტარების მეორე ტური დაინიშნა. ეს რას ნიშნავს?
_ მე აღარ მაინტერესებს არავითარი მეორე ტური. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან ისაა, რომ ივანიშვილს ძალით დავათმობინოთ, სამართლებრივი და პოლიტიკური ძალით და არა სხვა, უღირსი ძალით ეს მიტაცებული ხელისუფლება. ამისთვის კი „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ უნდა შევიდეს და, შესაბამისად, ერთპარტიულ პარლამენტს, მით უმეტეს, კონსტიტუციური უმრავლესობით გატენილს და ივანიშვილის ფულის ყულაბას, არანაირი ლეგიტიმურობა არ ექნება. ის იძულებული იქნება, ხელახალ არჩევნებზე წავიდეს ორი თვის თავზე, როგორც წესია.
_ როგორ გგონიათ, „ნაციონალები“ ამას გააკეთებენ?
_ არ ვიცი, „ნაცმოძრაობას“ არ ვეკონტაქტები და ურთიერთობა არ გვაქვს ერთმანეთთან. თუ შევა, იქვე დაამთავრებს თავის არსებობას, იმიტომ, რომ 18 კაცით რომ შევლენ, გინდა ყოფილან იქ და გინდა _ არა. მათი ბოლო დღეების ათვლა დაიწყება იქიდან. თუ არ შევა, ამით კიდევ რაღაცას გამოასწორებენ ხალხის თვალში საკუთარი იმიჯისთვის.
_ ხალხი ფიქრობს, რომ გამოსვლები თუ დაიწყება, ეს ქვეყნის დაქცევა იქნება...
_ გამოსვლების არდაწყება იქნება ქვეყნის დაქცევა და პარტიების შეუთანხმებლობა. ამ მთავრობის დატოვება ნიშნავს იმას, რომ მერე აღარანაირი გამოსვლები აღარ უშველის ამ ქვეყანას და ეს ქვეყანა დაამთავრებს თავის არსებობას. მე არანაირი იმედი და პერსპექტივა ამ ქვეყნისთვის უკვე აღარ მესახება, სამწუხაროდ. ამთავრებს ქვეყანა ისტორიულ არსებობას, თუ ახლა არ დაიწყო გამოსვლები და არ მოვიცილეთ რეჟიმი.
_ ანუ მეორე ტური არ ჩატარდება და გამოსვლები იქნება?
_ „ნაცმოძრაობამ“ უარი უნდა თქვას პარლამენტში შესვლაზე და მეორე ტურიც აღარ იქნება, ახალი არჩევნები ჩატარდება. გამოსვლების გარეშე, სხვათა შორის, შეიძლება ერთი გაერთიანებული მიტინგი ჩავატაროთ რუსთაველზე, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ, ხალხიც რომ ასე ფიქრობს. რომ იმ სოციალურად დაუცველ ბაზაში მყოფი ყველა ადამიანი არ აიღებს 50 ლარს სამშობლოს გასაყიდად.
_ ისიც ხომ შეიძლება, რომ „ნაცები“ და „ქოცები“ გარიგდნენ მაჟორიტარებით და „კრება დარჩეს მხიარული“? იქნებ, ეს მეორე ტურები სწორედ ამიტომ მოიტოვეს?
_ არაფერს გამოვრიცხავ, მაგათ ერთმანეთში გარიგება და მოლაპარაკება ჰქონდათ არჩევნების წინ, რომ შესულიყვნენ მარტო თვითონ, დაახლოებით, თანაბარი პროცენტებით. „რუსთავი 2“-მა რაც გამოაცხადა, ეგ იყო მაგათი გარიგება, მაგრამ ეს გარიგება ივანიშვილმა ვერ დაიჭირა 3 საათიც კი. ამიტომ საარჩევნო კომისიამ „ნაცებზე“ ათი პროცენტით წინ გამოაცხადა „ოცნება“. ჟვანიას ქალმა პირველი განცხადება ამაზე გააკეთა და მერე იყო, რომ „ნაცმოძრაობა“ ცესკოს-თან გავარდა ივანიშვილის გადაგდების ხარისხით განცვიფრებული. იმედია, ახლა მაინც მიხვდებიან, რომ მასთან არანაირი მოლაპარაკება არ შეიძლება.
დიახ, მოლაპარაკებული იყვნენ, რომ ახლო-ახლო უნდა ყოფილიყვნენ პროპორციული და მერე მაჟორიტარული სიებით. პროპორციულში ბიძინამ გადააგდო და რა გარანტია აქვთ, რომ მაჟორიტარებში არ გადააგდებს? პარლამენტში ისხდება ორივე და ქვეყანაში კრიზისი წავა. აგერ, ლარი უკვე იწევს და რა ვიცი, კიდევ რა უბედურება გველის.
_ თუ ნაცქოცები ერთმანეთთან საბოლოოდ გარიგდნენ, თქვენ რას გააკეთებთ?
_ ივანიშვილი აუცილებლად უნდა მივიყვანო საბრალდებო სკამზე. ეს ჩემი ვალია ერისა და ქვეყნის წინაშე, ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც მოატყუა, გადააგდო. ჰააგის ტრიბუნალში შევიტანეთ სარჩელი და მაგ საკითხზე ძალიან სერიოზულად ვიმუშავებ. მე მის ანგარიშებს დავაყადაღებინებ ჩვენს დასავლეთელ მეგობრებს. თქვენ, ალბათ, წაიკითხეთ, რომ ამ თემაზე მუშაობა მიდის და მე მას ყველაფერს დავაკარგვინებ, რაც ავაზაკობით და ანაკონდის მხუთავი თვისებებით იშოვა. ამაზე დიდს ერისთვის ვერაფერს გავაკეთებ. არ ვიცი, ჩემი ხალხი ამას როგორ, ან როდის დამიფასებს, ესეც არ მაინტერესებს.
_ ივანიშვილის მთავარი ბრალდება რა არის?
_ ორი ბრალდებაა: საყდრისის აფეთქება და ეკოლოგიური გენოციდი _ ანგოლაში, სამოქალაქო ომში, 790 მილიონის იარაღის შეტანისთვის, რაც ითვლება ადამიანებს შორის საერთაშორისო დანაშაულად და ექვემდებარება ჰააგის ტრიბუნალს.
_ არჩევნები გააყალბაო და ამაზე არ შეგაქვთ საჩივარი? ან გამოსვლებს იწყებთ?
_ გაყალბებასთან დაკავშირებით მისი ანგარიშები დაყადაღდება. მადროვეთ ცოტ ახანს. გამოსვლებსაც დავიწყებთ და რაც ჩამოგითვალეთ, იმასაც ვაკეთებთ.
_ სხვა პარტიებთან ერთად, თუ ცალკე აპირებთ კვლავ ბრძოლას?
_ გამოსვლებს ახალი არჩევნების მოთხოვნით მარტო სხვა პარტიებთან ერთად ექნება აზრი. მარტო ერთი პარტიის მოთხოვნას, მილიონი კაციც რომ გამოვიდეს, აზრი არ აქვს. ეს უნდა იყოს საერთო პარტიული კონსენსუსი, მაგრამ ამისთვის პარტიებმა უნდა აიღონ ვალდებულება, რომ ამ პარლამენტში არ შევიდნენ.
ნელი ვარდიაშვილი