8 ოქტომბერს ერეკლე მეფის მოედანზე განთავსებულ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში „ქრონიკა+“ მთელი დღის (და ღამის) განმავლობაში იმყოფებოდა.
თავიდანვე ვიტყვი _ დღემ ყველაზე უინტერესოდ და უფერულად ჩაიარა. ჟურნალისტები ხან ჩვენთვის საგანგებოდ გამოყოფილ დარბაზში ვისხედით და 24-საათიან რეჟიმში ჩართულ ტელეეკრანს მივჩერებოდით, ხან გარეთ გავდიოდით და ახალგვინეური ალიგატორებივით მზეს ვეფიცხებოდით. შუალედებში, უფრო სწორად, ორ საათში ერთხელ ბრიფინგზე შევრბოდით, სადაც ირაკლი კობახიძისგან ვისმენდით, რაც ზუსტად ნახევარი საათით ადრე ტელეეკრანებიდან გვქონდა მოსმენილი. ცნობისთვის: ყველა ბრიფინგს (ეგზიტპოლების გამოცხადებამდე) „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ატარებდა, რომელსაც ჟურნალისტებთან ყოველ შეხვედრაზე ისეთი სახე ჰქონდა, როგორც პარტიზანს დაკითხვაზე. მხოლოდ ერთხელ შეენაცვლა თამარ ჩუგოშვილი და ისიც ყველამ ინატრა, რომ ნეტავ, ისევ კობახიძე იყოსო.
აგიხსნით, რატომაც! ირაკლი კობახიძე ბრიფინგის მსვლელობისას და მის შემდეგ ჟურნალისტების ყველა კითხვაზე სცემდა პასუხს (მიუხედავად იმისა, რომ ბრიფინგის და არა პრესკონფერენციის ფორმატი იყო და შეეძლო, არ ეპასუხა). თამარ ჩუგოშვილმა თავისი გაურკვეველი ლინგვისტიკით „ჩააბულბულა“ მთელი ტექსტი და მორჩენილი არ ჰქონდა, ისე წავიდა კარისკენ. მედიის შეკითხვებისას არც გამოუხედავს დარბაზისკენ. არ შემოტრიალებულა კამერით დადევნებული ერთ-ერთი ოპერატორის რეპლიკაზე (რომელიც, სავარაუდოდ, გაიგო): „სად მიდის ეს მანგუსტი?..“
ერთი სიტყვით, ეგზიტპოლების გამოცხადებამდე სრული სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდა დარდანელების სამეფოში. ერთადერთი, რასაც არ გვაკლებდნენ მედიას, ეს ჭამა-სმა იყო. მრავალგზის შემოიტანეს „მაჭახელას“ პიცები და კოკა-კოლები, თან ერთობ დიდი რაოდენობით, რომლის ათვისება რამდენიმე წუთში ხდებოდა. ეს პროცედურა იმდენჯერ განმეორდა, რომ როდესაც საღამოს რვა საათზე მთავრობის უმაღლესი პირები მოვიდნენ, მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს მოძრაობა და გადაადგილება აშკარად უჭირდა. მაგალითად (წინ გავუსწრებთ მოვლენებს), ბიძინას, კვირიკაშვილისა და სხვა პოლიტიკური ფეისების სცენაზე გამოსვლის შემდეგ, ასე, საღამოს 9 საათზე, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ დარბაზში შემოვიდნენ ნარმანია, სერგეენკო, კალაძე (კართან ტრიალებდა) და სხვა დეპუტატები. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, სად შედიოდნენ და არც არავის გაუფრთხილებია, იქ შესვლა არ გაბედოთო. როდესაც მიხვდნენ, სად ამოყვეს თავი (კამერები, ბეიჯები, დიქტოფონები), ეგრევე კარისკენ შეტრიალდნენ, მაგრამ... ისევ უკან შემოტრიალდნენ. რატომ?
ჩვენი ურეაქციობისა და „გინდა შემო, გინდა გადის“ გამო. არადა, რა უნდა ექნა ამ დროს ჟურნალისტს, უნდა ამდგარიყო, ინტერვიუ ჩამოერთვა, კომენტარი ჩაეწერა, უბედური კითხვა დაესვა, ან, ბოლო-ბოლო, სელფი გადაეღო. ჩვენ კი ვისხედით კაი ნაკვები ჩეშირის კატებივით, არც ავმდგარვართ, არც დავძრულვართ, არც მოვწყვეტივართ ლეპტოპებს და პოლიტიკოსებმა სელფების გადაღება რომ დაიწყეს ჩვენს ფონზე (დიახ, დიახ, ჩვენს ფონზე), აი, მაშინ კი წამოვდექით და დავიძარით მათკენ. და ისინიც გაქრნენ! შემოსასვლელი კარიდან არ გასულან...
უნდა მოვყვე, როგორ გაქრნენ ისინი! (ამის შემდეგ ზოგიერთ ჩემს კოლეგას ეჭვი შეეპარა, კოკა-კოლაში რამეს არ გვისხამდნენ და ჰალუცინაციები ხომ არ დაგვეწყოო?).
მაშასადამე, იმედია, ყველა პოლიტიკოსი, განსაკუთრებით უმაღლესი რანგის მოხელე, გადის ინსტრუქციას, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს პითონების ბუდეში და მით უმეტეს, არ უნდა იღოს სელფი მათ ფონზე. არ ვიცი, წერია თუ არა ინსტრუქციაში, როგორ უნდა უშველოს პოლიტიკოსმა თავს მას შემდეგ, რაც დაუგეგმავად ჟურნალისტების გარემოცვაში აღმოჩნდება, მაგრამ ის, თუ როგორ გაქრა ნარმანია (და სხვები) ჩვენი დარბაზიდან, ყველა ჟურნალისტს პირი დაგვაღებინა. ეს კი ასე მოხდა:
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, როგორც უკვე გითხარით, ჟურნალისტები ჩვენთვის საგანგებოდ გამოყოფილ დარბაზში განგვანთავსეს. დარბაზს ფანჯრები არ ჰქონდა, მხოლოდ პირდაპირ მოედნიდან შემოსასვლელი კარი. ზუსტად ჩვენი კარის გვერდით განთავსებული იყო შტაბის ცენტრალური შესასვლელი კარი. ქართველი პოლიტიკოსები სცენიდან ჩამოვიდნენ და ხმაურში, ხალხმრავლობაში, ბუშტებსა და ღრიანცელში ოფისის ცენტრალური შესასვლელი ჩვენს კარში აერიათ. შიგნით მოხვედრილებმა ჯერ სელფები იღეს და შემდეგ, როდესაც გამოღვიძებული პითონები დაგვინახეს, პირდაპირ კედელში გავიდნენ, ანუ აღმოჩნდა, რომ ჩვენს ოთახში ყოფილა კარი, რომელიც ჟურნალისტების დარბაზს ცენტრალურ ოფისთან აკავშირებს და რომელიც არავის შეგვიმჩნევია.
როგორც დასაწყისში ვახსენეთ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგები ყოველ ორ საათში ერთხელ იმართებოდა და მას უძღვებოდა ირაკლი კობახიძე. ყველაზე ღირსახსოვარი და დასამახსოვრებელი ბრიფინგების ამ სერიიდან ირაკლი კობახიძისა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის დაპირისპირება იყო. „ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ ამ ფრაგმენტს, რომელიც, ცნობისთვის, არსად გაშუქებულა.
„ირაკლი კობახიძე: განცხადება მინდა გავაკეთო მარნეულში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მოაწყვეს პროვოკაცია 42-ე უბანთან მარნეულის საარჩევნო ოლქში. კერძოდ, „ნაცმოძრაობის“ ასზე მეტი აქტივისტი იყო მისული საარჩევნო უბანთან და მათ სცადეს ძალადობრივი ფორმით და მეთოდებით საარჩევნო უბნის ჩაშლა, კერძოდ, მათი მიზანი იყო, როგორც ჩანს, ყუთის გატაცება. ჩვენ თავიდანვე მოვუწოდეთ ჩენს მხარდამჭერებს, რომ არ აჰყოლოდნენ პროვოკაციას, არც ერთ შემთხვევაში არ შესულიყვნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებთან ძალადობრივ მოქმედებებში და ასევე მოვუწოდეთ, მათ შორის, ღია ეთერიდან სამართალდამცველ ორგანოებს, რომ ჩარეულიყვნენ ამ ყველაფერში. სამართალდამცველები მივიდნენ ადგილზე და „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ როგორც ჩვენს აქტივისტებს, ასევე სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს. მათ შორის, ისინი ისროდნენ ქვებსაც. ეს არის „ნაცმოძრაობის“ ტრადიციული მეთოდი. გახსოვთ წინა არჩევნებიდან არაერთი ფაქტი. განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ პოლიციის მიმართ. ამ ყველაფრის შედეგად დაშავებულია სამართალდამცველი ორგანოების რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი.
აქვე დამატებით აღვნიშნავთ შემდეგს, რომ, სამწუხაროდ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გავრცელდა სიცრუე, მორიგი სიყალბე. კერძოდ, მათმა ჟურნალისტმა თქვა, რომ თითქოს მათ არ იცოდნენ, თუ ვისი აქტივისტები დაესხნენ თავს საარჩევნო უბანს. ყველამ ძალიან კარგად იცოდა და ყველაფერი ნათელი იყო. ესენი იყვნენ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები, რომლებიც თავს დაესხნენ უბანს და სამწუხაროა, რომ... “
„რუსთავი 2“: „ჟურნალისტს საიდან უნდა სცოდნოდა, ვისი აქტივისტები იყვნენ? “
ირაკლი კობახიძე: „ხელს ნუ მიშლით. ისინი კიდევ ერთხელ ავლენენ იმას, რომ ისინი არიან ამ ქვეყანაში სიცრუის აგიტატორები. გარდა ამისა, „იმედის“ ჟურნალისტს გაუტეხეს კამერა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა და ეს არც ერთხელ არ იყო ხსენებული „რუსთავი 2“-ის სიუჟეტებში“.
„რუსთავი 2“: „რაააა?!“
ირაკლი კობახიძე: „აქედან ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორი კოლეგიალობა იციან „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა“.
„რუსთავი 2“: „ჟურნალისტს საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები? პირდაპირი ჩართვის რეჟიმში ვმუშაობთ და... “
ირაკლი კობახიძე: „ბრიფინგს ვატარებ და ხელს ნუ მიშლით. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ სპიკერს, გიორგი ტუღუშს, რომელიც სააკაშვილის ომბუდსმენი იყო და სააკაშვილის სასჯელაღსრულების მინისტრი, მანაც გაავრცელა ბინძური ტყუილი და ბინძური სიცრუე. ბუნებრივია, ესეც არ გვიკვირს გიორგი ტუღუშისგან. მან თქვა, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხნენ თავს ამ უბანს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ესენი იყვნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, ისინი თავს დაესხნენ საარჩევნო უბანს, შეეცადნენ საარჩევნო უბნის ჩაშლას, ყუთის გატაცებას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენ ვპირდებით „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს და, მათ შორის, იმამკულიევს, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორი იყო, რომ ისინი ძალიან მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე“.
„რუსთავი 2“: „ასე, ხო?! რაიმე მტკიცებულება გაქვთ იმის, რომ არეულობა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა დაიწყეს?“
ირაკლი კობახიძე: „ეს ყველაფერი ასახულია კამერებზე, მათ შორის, თქვენს კამერაზეც“.
ამის შემდეგ ირაკლი კობახიძე ბრიფინგის დარბაზიდან გადის, მას მიჰყვება „რუსთავი2“-ის კამერა.
ჟურნალისტებს ყველას მოლოდინი გვქონდა, რომ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ მოვლენები უფრო საინტერესო ელფერს შეიძენდა, მაგრამ იმედები ამჯერადაც გაგვიმტყუნდა. ჯერ მოიტანეს ოპერატორებისთვის სცენა, რომლის დამონტაჟების შემდეგ მალევე მოვიდნენ მთავრობის წევრები და შემდეგი თანმიმდევრობით ავიდნენ სცენაზე. ერთი დეტალი: კვირიკაშვილის ასვლამდე ცოცხალი თავით კაციშვილი არ ადიოდა სცენაზე. ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე წუთის დაგვიანებით მოვიდა.
თითოეულმა ის სიტყვა წარმოთქვა, რაც სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მოისმინა. მას შემდეგ, რაც სცენაზე ხვევნა-კოცნას მორჩნენ, ერთმანეთს გამარჯვება მიულოცეს და ზეიმი დაიწყო. ივანიშვილი ხალხში არ გამოსულა, გამოვიდნენ მთავრობის დანარჩენი წევრები. კვირიკაშვილმა, სერგეენკომ, კალაძემ, ნარმანიამ, დავით საგანელიძემ _ ყველამ სათითაოდ მისცა ინტერვიუ ჟურნალისტებს და ფრაზები იყო ზოგადი, არჩევნებთან დაკავშირებული, მოზომილი, დავარცხნილი და არაფრის მთქმელი. მაგალითად, „ქრონიკა+“-ის კითხვაზე კვირიკაშვილს, _ ფიქრობთ თუ არა რომ, ფაქტობრივად, იგივე ორპარტიული პარლამენტი გვექნება, მივიღეთ პასუხად, რომ გილოცავთ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას. ანუ მომილოცეს. დავით სერგეენკო საერთოდ ამქვეყნიური არ იყო. ცისფერ ბუშტებში ძლივს გამოვარჩიეთ და კითხვა, _ გაგრძელდება თუ არა უფასო დაზღვევის პროგრამა (ბოლო დროს ყველაზე აქტუალური საკითხია, რომ იგი 2017 წლიდან აღარ იქნება)? პასუხი სრულიად გაურკვეველი, _ ანუ შედეგების შეჯამება მივიღეთ.
ამის შემდეგ იყო კახი კალაძის მიერ ჩატარებული ორი ბრიფინგი და კიდევ უცხოელი ტურისტები, რომლებიც დაცვის წევრებს სთხოვდნენ, მაგალითად, კვირიკაშვილთან ერთად სელფი გადაგვაღებინეო.
ზეიმი ერეკლე მეფის მოედანზე ღამის 3 საათამდე გაგრძელდა.
თამარ როსტიაშვილი