QronikaPlus
ლევან ალაფიშვილი: „არ ვურჩევ ამ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ გზით სიარულს!“

ლევან ალაფიშვილი: „არ ვურჩევ ამ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ გზით სიარულს!“

2016-10-14 10:00:26

იურისტი ლევან ალაფიშვილი „ქრონიკა+“-თან 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. მისი თქმით, იმ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი, უნდა ეყოს გონიერება, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაქსიმალურად გახსნილი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ის მძიმე პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდეს. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლევან ალაფიშვილი: _ არ მგონია, არსებითად რაიმე შეიცვალოს არა მხოლოდ უახლოეს მომავალში, არამედ ერთი წლის, ან საშუალო ვადიან მომავალში. მოცემულობა არის ძალიან მარტივი _ პოლიტიკური ორგანო, სადაც მონოპოლისტი იქნება ერთი პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური პროცესის ერთადერთი ადგილი არ იქნება მხოლოდ პარლამენტი, არამედ, პოლიტიკური პროცესების ასპარეზი იქნება გარეთ და ამ პარლამენტს გარეთ პროცესებში ვინ იქნება წარმმართველი, ეს არის ზუსტად სახიფათო. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ კანონის შესაბამისად, ქვეყნის შიგნით მოქმედ სუბიექტებს, ვგულისხმობ ყველას ერთად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარე ფაქტორებს, პირდაპირი იქნება მონაწილეობა, ირიბი თუ სხვა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას უნდა ეყოს გონიერება, იყოს არა მხოლოდ პარლამენტში წარმოდგენილი საკონსტიტუციო უმრავლესობის მფლობელი და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, არამედ, მაკონსოლიდირებელი გახსნილი პოლიტიკური პროცესით, გახსნილი დიალოგით, გახსნილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაქსიმალური ჩართულობისთვის, იქნება დაინტერესებული საზოგადოება, ახალგაზრდობა, არასამთავრობო სექტორი თუ თვით პოლიტიკური ძალები, რომ მმართველობითი თანამდებობისთვის შესაძლოა ღირდეს კიდეც ფიქრი, რომ მოიწვიოს სხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ არიან პარლამენტში წარმოდგენილნი. ზუსტად იმიტომ, რომ რეალურად მოხდეს კონსოლიდაცია სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებზე და იქ პასუხისმგებელი არ დარჩეს მარტო, თორემ შეცდომის შემთხვევაში მძიმე პასუხისმგებლობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მმართველი, კონსტიტუციურ უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური ძალა. _ ბატონო ლევან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან დღეს უკვე გაჟღერდა ინფორმაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამას როგორ შეაფასებთ? _ ეს არ არის გონივრული, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებისა და პოლიტიკოსების განცხადებები. უპირობოა, რომ კონსტიტუცია ძალიან ბევრი წინააღმდეგობის წყაროა, თუნდაც ახლა საბიუჯეტო პროცესი მიდის, არსებული მთავრობის მიერ შედგენილი ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს, რაც კანონით, კონსტიტუციურად გაწერილია. მთავრობის ფორმირების დროსაც არის კონსტიტუციური წინააღმდეგობა. ამით იმის თქმა მინდა, რომ კონსტიტუცია და ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციური საფუძვლები საჭიროებს გადახედვას ერთიანი, ხელახალი გააზრების საფუძველზე, ერთიან შეთანხმებას უახლოესი პერიოდის, 10 იქნება თუ 20 წლის განმავლობაში, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის კონსტიტუციური განვითარება და არა ის, რომ არსებულ კონსტიტუციაში სხვა ნაწილების სისტემური ცვლილებების გარეშე, ერთი მუხლი პოლიტიკურ, სუბიექტურ ადამიანს მოსწონს თუ არ მოსწონს, როგორ მოირგოს საკუთარ გემოვნებაზე. როგორც ვხედავთ, დღევანდელი განცხადებები სწორედ ამას მიანიშნებს და ეს თავისთავად ნიშნავს, რომ დეფიციტი სწორედ ამ მიმართულებით გვაქვს _ სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და გონიერების თვალსაზრისით. ეს გზა არ არის რაციონალური თვითმმართველი პოლიტიკური ძალისთვისაც უმრავლესობის ქონის მიუხედავად იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, გამორიცხული არ არის, ალბათობა იმას მიანიშნებს, რომ დასცილდეს სახელმწიფოს და საზოგადოებას ამ ცვლილებებით. მოიქციოს თვითონვე თავი იზოლაციაში და საბოლოო ჯამში მიიღოს ძალიან მძიმე შედეგები საკუთარი თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 119 მანდატი მოიპოვა და კონსტიტუციური უმრავლესობა ჰქონდა. ამ მანდატების მოპოვებიდან 6 თვის თავზე სუბიექტური კონსტიტუციური ცვლილება განხორციელდა გემოვნების მიხედვით. მერე, 4 წლის განმავლობაში, სწორედ იმ კონსტიტუციურმა უმრავლესობამ 13 ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში. ეს გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რა შედეგიც მიიღო, ამას ყველა ვხედავთ, ეს შეცდომა უკვე გამეორებულია. არ ვურჩევ ამ ხელისუფლებას იგივე გზით სიარულს, თორემ „ქართული ოცნება“ დაემსგავსება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კონსტიტუციასთან მიმართებით. ორივეს ჰქონდა კონსტიტუციური უმრავლესობა და ორივემ დაიწყო კონსტიტუციის მორგება. ერთი რამ არ უნდა დაავიწყდეს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს და არც ჩვენს საზოგადოებას, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა კონსტიტუციური უმრავლესობა _ 119 მანდატი, ხმების რაოდენობა, რომელმაც ეს მანდატი გადასცა და მხარი დაუჭირა, იყო მილიონ 100 000-მდე, რიცხოვნობით საკმაოდ დიდი იყო, ხოლო წელს „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა, მაგრამ ხმების რაოდენობა 900 000-მდეა, მეტი არ არის, ანუ ისეთი ხარისხის მხარდაჭერა არ აქვს, ეს უნდა გაითვალსიწინონ. მით უმეტეს, თუკი ამას ის დაემატება, რომ, პრაქტიკულად, პარლამენტში წარმოდგენილი ამომრჩეველთა მხოლოდ ნახევარია. თუკი ამ ხმებს დააჯამებს და შეადარებს, ნახავს, რომ მთლად ასე მარტო დარჩენა ამომრჩეველთან და მხოლოდ იმის ფარად გამოყენება, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს, შეიძლება მისთვის უფრო საზიანო აღმოჩნდეს. _ რამდენიმე დღეა, უკვე ცესკო არჩევნების შედეგების შეჯამებას ანდომებს. პოლიტიკური პარტიები განცხადებების გაკეთებას აგვიანებენ, სახეზე გვაქვს პარტიის ჩამოშლის მაგალითი... პოლიტიკური თამაშებია? _ ეს აღარ არის პოლიტიკური თამაშები, ეს არის მოცემულობა და მასზე სათანადო და ადეკვატური რეაგირებისთვის არ აღმოჩნდა მზად თვით სახელისუფლებო ძალა. დღევანდელი განცხადებები კონსტიტუციასთან დაკავშირებით ჩემთვის ამის მანიშნებელია, რომელიც შეთანხმებული არ იყო და ამ თემატიკაზე განცხადება გააკეთა არა გიორგი კვირიკაშვილმა, არამედ გააკეთეს სხვა, მანამდე დამალულმა დისკრედიტებულმა სახეებმა. გაჩნდა ქანთარია, საჯარო სივრცეში ისევ ამოიწია ვოლსკის სახე და არა ახალი სახეები, ამავე დროს დანარჩენი პოლიტიკური მოთამაშეებიც არ აღმოჩნდნენ ამ მოცემულობაში და, შესაბამისად, დღეს და ხვალ რაიმე თამაშის წამოწყება აზრს კარგავს. დასაგეგმი და სათამაშო თუ იყო, აქამდე იყო, დიდი ხნის დაწყებული, რომლითაც მიიღეს ის მოცემულობა, რომელიც თამაშით თუ თამაშის გარეშე მოხდა. ვიღაცამ ყურადღება არ მიაქცია, დააკლო თუ რა უყო, ამაზე იფიქრონ. რაიმე მოლოდინის ქონა აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მხოლოდ და მხოლოდ იმის შიშით, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩემი მონაწილეობა არ მოხდესო, ამის გამო ემოციურ ფონზე გადაწყვეტილებების მიღება ხშირ შემთხვევაში ეჭვს აჩენს იმიტომ, რომ პოლიტიკისგან განრიდება ამ ეტაპზე ყოველთვის სწორი არ არის, იმიტომ, რომ რეალურად თუკი შენ მხარი დაგიჭირა ამომრჩეველთა რაღაც რაოდენობამ, არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი უნდა გქონდეს, როდესაც პოლიტიკური სივრციდან გადიხარ.  

                                                                                                             თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება