პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები საქართველოში 1919 წლის თებერვალში ჩატარდა. მოსახლეობამ აირჩია საქართველოს დამფუძნებელი კრება. მას შემდეგ ქვეყანამ მრავალი დემოკრატიული და, ასევე, არადემოკრატიული არჩევნებიც ჩაატარა და ზუსტად 96 წლის შემდეგ ისევ დემოკრატიულად არჩევნების ჩატარების პრობლემა გვიდგას.
რთულია განსაჯო ერი, რომელიც პოლიტიკურად განსაკუთრებით აქტიურია. თუმცა ქართველებს პოლიტიკურ აქტიურობასთან ერთად, ალბათ, პოლიტიკური გულუბრყვილობაც თან ახლავთ. ზოგადი განმარტების თანახმად პოლიტიკა არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც ადამიანები ქმნიან, ინარჩუნებენ და სრულყოფენ ერთად ცხოვრების ნორმებს. პოლიტიკა დაკავშირებულია ისეთ მოვლენებთან, როგორიცაა კონფლიქტი და კონსენსუსი. ერთი მხრივ, საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა, განსხვავებული მოთხოვნილებები და ინტერესთა შეუსაბამობა წარმოშობს უთანხმოებას საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმებზე. მეორე მხრივ, ყველას გააზრებული აქვს, რომ ამ წესების შესაცვლელად ან შესანარჩუნებლად აუცილებელია თანხმობა. ამიტომ ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ პოლიტიკის არსი სწორედ კონფლიქტების გადაწყვეტაა, თუმცა უმჯობესია, პოლიტიკას შევხედოთ არა როგორც კონფლიქტების გადამწყვეტს, არამედ როგორც კონფლიქტების გადაწყვეტის გზების ძიებას.
თანამედროვე ეპოქაში ინგრევა შეხედულება იმის შესახებ, რომ პოლიტიკური აქტორები პარტიები არიან. დღეს უკვე ინფორმაცია გაიშალა და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ანუ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ეზიაროს „კულტურას“ და გახდეს პოლიტიკის აქტორი. თანამედროვე მოქალაქეებს მეტი გამოცდილება აქვთ, რადგან პოლიტიკა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირად ცხოვრებაში შემოიჭრა და ის აღარ არის შორსმდგომი ფენომენი. დღეს ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ არა მხოლოდ დიდ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, არამედ ცალკეულ ინდივიდებსაც კი.
ეს ე. წ. ზოგადი განმარტება არჩევნებისა და პოლიტიკის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის გავაკეთე.
8 ოქტომბრის მერე, ალბათ, 10 ნოემბრამდე კიდევ დარჩები, სოსო, რადგან საარჩევნო გარემოს მეორე ტური არ ასცდება. ხოლო არჩევნების დასრულებაზე ვიტყვით: რაც არ უნდა იყოჩაღო, ამ დღეებში სამეგრელოში მაინც წაგებული გაქვს. რამდენი მანდატითაც არ უნდა შევიდეს „ქართული ოცნება“ პარლამენტში, შენ მაინც გარეთ რჩები. ბოლოს სახელმწიფო სამსახურში შენი მოღვაწეობა რომ შევაფასოთ, ასეთად ჩანს: შენ ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ადამიანი ხარ, რომელიც არასდროს იძლევა ინტერვიუს და ძალიან იშვიათად ჩნდება საჯარო ღონისძიებებზე.
რამდენადაც დამალული ხარ, იმდენად იბადება ბუნებრივი ეჭვი, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი დაგდევს.
„ოცნებაში“ 2011 წლიდან მაშინდელი პოლიტიკური გაერთიანების შტაბების უსაფრთხოება ჩაგაბარა უჩა მამაცაშვილმა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კაცი, რომელიც ფარშის დისტრიბუციით და სუპერმარკეტში ვაჭრობით იყავი დაკავებული, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდებოდი.
შენ ერთ-ერთი ყველაზე დეპრესიული ადამიანი ხარ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. რამდენიც არ უნდა იუარო, შიშის სინდრომი გაათკეცებული გაქვს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო წელიწადმა ბევრი საყვედური და უამრავი შეცდომა მოგიტანა, გასაგებია _ შიშიც თანამგზავრია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პირდაპირ ერევი ეპარქიების დაშლა-დაარსებაში.
რაც ყველაზე კარგად გამოგივიდა, პოლიტიკური პარტიების გუნდური პრინციპების დაშლა იყო, თუმცა უამრავი ბრძოლისა და ყველა მეთოდის გამოყენების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა სამზარეულოში მაინც ვერ ჩაიხედე.
რთულია ამის თქმა, მაგრამ მომიწევს, ბოლო ოთხი წელი ქვეყანა არაპროფესიონალმა კადრებმა დაღუპეს. ასეთი ხარ შენც, სოსო. ისე, აბა, შენ ხარ, თუ ხარ პროფესიონალი საფრთხეების შექმნაში. მთელი ცხოვრება სულ საფრთხეებს უქმნიდი შენს თავს და ახლა ქვეყნის უსაფრთხოება გაბარია.
და იმის გარდა, რომ ეგ „სუსი“ გვისმენს, ასევე გვასმენინებს კიდეც, რას აკეთებთ ქვეყნისთვის.
5 ოქტომბრიდან სამეგრელოში ხარ. ზუგდიდში დესტაბილიზაცია გარანტირებულია, ასევე ფოთში, ასევე სენაკშიც. საჩვენებლად გინდა, რომ კარგი არჩევნები იყოს კახეთში, თუმცა როგორც დაიბარე, გურჯაანსა და ლაგოდეხში არეულობა ყველაზე მეტად გაწყობს.
გორში გირჩევნია, რომ ნაკლებად იხმაურო არჩევნების დღეს, რადგან მანამდე რას გააკეთებ, ამას ეს დღეები გვიჩვენებს. განსაკუთრებით დიდ გაყალებებას გეგმავ სამცხე-ჯავახეთში.
დესტაბილიზაცია დაგეგმილი გაქვს გურიაშიც და ჯამში, გამოდის, რომ არეულობა ყველაზე მეტად სამეგრელოსა და გურიაში გაწყობს. შიდა კვლევებით გითხრეს, რომ კახეთი ნაკლებად სადარდებელია, შიდა ქართლში რესურსის დახარჯვა არ ურჩიე „ოცნებას“, სამცხე-ჯავახეთი სრული გაყალბებისთვის გაქვს მზად. აჭარის სურათს ვერ ფლობ.
აი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები სოსოს არჩევნებია...
ჩევნ ვართ ქვეყანა, სადაც „ანტრიკოტა“ არჩევნებს გვიტარებს...
ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც შიდა თათბირზე გოგაშვილი არჩევნების ჩატარების მერე ნახევარ საქართველოს დაჭერას გვიპირებს, თუმცა თავად ქვეყნიდან გაქცევაზეა მისული...
ჩვენ ვართ ერი, სადაც უჩა მამაცაშვილი მომავალს გვიგეგმავს...
ჩვენ ვართ ერი, სადაც პოლიტიკური აქტიურობა მაღალია, ხოლო პოლიტიკური გულუბრყვილობა _ ზენიტში...
და ამდენი ხანი ხომ სულ შენ გვიგეგმავ მომავალს, სოსო?
ახლა მე დაგიგეგმავ!
მეორე ტურიც დასრულლდება...
შენ სახელმწიფო სამსახურში ვეღარ დარჩები.
ქვეყნიდან წახვალ და ახლოს, აზიის რომელიმე ქვეყანაში იპოვი თავშესაფარს...
ჩვენ კი დაგვიტოვებ მოგონებად, როგორ მართავდა ქვეყანას კაცი, რომელსაც ქვეყნის არც დარდი ჰქონდა და არც სიხარული. მთავარი მაინც ის იყო, რომ შენი აუარება ვალი გადაგეხადა...
მადლობა ბიუჯეტს, რომ ქვეყნისთვის არზრუნვაში შენი ვალები მაინც დაფარა...
ფეშქაში იყოს, სოსო, რაც ქვეყანას შენთვის გაუკეთებია... ოღონდ წადი, ახლა, მშვიდად სახლში...
მაკა მოსიაშვილი