„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკის სახით მონაწილეობს. ბლოკში შემდეგი პარტიები გაერთიანდნენ: დავით თარხან-მოურავი _ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი; კონსტანტინე გამსახურდია _ პარტია „თავისუფლება“; კახა კუკავა _ პარტია“ თავისუფალი საქართველო“; აკაკი ასათიანი _ „საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი“; გოჩა ჯოჯუა – პარტია „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; გია ბერძენიძე _ ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი და საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი, ირმა ინაშვილი, „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ მათ არჩევნებში გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვთ და, რეალურად, „ქართულ ოცნებას“ რეიტინგით 2-3%-ით ჩამორჩებიან.
ირმა ინაშვილი:
_ უკანასკნელი 25 წლის მანძილზე საქართველოში ერთი ხელისუფლება მეორეს ცვლის, მეორეს _ მესამე, მესამეს _ მეოთხე. ყოველი ახალი ხელისუფლება ახალი დაპირებით მოდის. რაც მთავარია, ყოველი ახალი ხელისუფლება საზოგადოებას ჭეშმარიტ დემოკრატიასა და თავისუფლებას ჰპირდება, მაგრამ ეს დაპირება არ სრულდება და ჩვენ მუდმივი იმედგაცრუების რეჟიმში ვცხოვრობთ. ამის საპასუხოდ, ყოველი არჩევნების მოახლოებისას, არის მცდელობა დიდი ოპოზიციური ერთობისა, მაგრამ არც ამის მოხერხებაა ადვილი. დაპირებების მრავალფეროვნების კუთხით, არც ამჟამინდელი ხელისუფლებაა გამონაკლისი, რომელიც ბევრს დაგვპირდა და ძალიან ცოტა რამ თუ შეასრულა. იწყება საარჩევნო პროცესი და ამ კუხითაც (ანუ საარჩევნო თვალსაზრისითაც) ხელისუფლებამ იმედი გაგვიცრუა და უბრალოდ რომ ვთქვათ, მოგვატყუა! თქვენ გახსოვთ, ჩვენ ვითხოვდით, რომ თუ, მაგალითად, გამგებელი ან პოლიციის უფროსი დგანან საარჩევნო უბნის წინ და ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე, ასეთი ქმედება უნდა გათანაბრებულიყო სისხლის სამართლის დანაშაულთან. ამის ნაცვლად ხელისუფლება ცდილობს საპირისპირო კანონის მიღებას, რომლის თანახმადაც, თუ ასეთ გამგებელსა და პოლიციის უფროსს ვამხელთ და მასთან ვიჩხუბებთ, ჩვენ დაგვიჭერენ!
მეორე მაგალითი: ხელისუფლება ცდილობს, მიიღოს კანონი და წაგვართვას უფასო სარეკლამო საეთერო დროის 2/3. ვეკითხებით ჟურნალისტებს: რა შეიძლება, ჩვენს ამომრჩეველს ვუთხრათ, სულ რაღაც, 27 წამში? შემდეგი მაგალითი: ჩვენ ვართ კვალიფიციური პარტია და არ გვყავს წევრი ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში! მოკლედ, 4 წლის მანძილზე ხელისუფლებამ არ შეცვალა სააკაშვილის რეჟიმის დროს მიღებული და ამ რეჟიმზე მორგებული საარჩევნო კანონმდებლობა! კანონები ბუნდოვანი, ორაზროვანი და ხშირად ურთიერთგამომრიცხავია. ამ ბუნდოვანი და უსამართლო კანონმდებლობით აწარმოებს „ქართული ოცნება“ 2016 წლის საარჩევნო მარათონს. წლები გადის, ხელისუფლებები იცვლება, მაგრამ ჩვენთვის არაფერი შეცვლილა.
ამჯერადაც იყო მცდელობა დიდი ოპოზიციური ერთობისა და, ამ ეტაპზე, საზოგადოებას წარვუდგებით, როგორც 6 პარტიისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკი. ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი პარტიები და ლიდერები საზოგადოებისთვის სრულიად მისაღები არიან. საარჩევნო ბლოკის სახელწოდება იქნება „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი _ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი _ გაერთიანებული ოპოზიცია“.
დღევანდელი ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ასეა დეკლარირებული. მისი ინიციატივით გამოქვეყნდა ე. წ. მშვიდობის მემორანდუმი, მაგრამ რეალურად რაც ხდება, არის ის, რომ პირველი _ ამ ხელისუფლებამ არ შეცვალა საარჩევნო გარემო და სისტემა. ამ ხელისუფლებამ ისიც კი არ გააკეთა, რომ ჩვენ, როგორც კვალიფიციურ პარტიას, გვყოლოდა ჩვენი წევრი ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. ახლა ეს ჩვენ შეგვიქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემას, ანუ ის პოლიტიკური პლურალიზმი, რასაც „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა საზოგადოებას, ქარს გაჰყვა. თვითონ „ქართული ოცნება“ იყო დისკრიმინირებული, როცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა, თვითონ საუბრობდა პოლიტიკურ პლურალიზმზე და დღეს ისიც კი არ გააკეთეს, რომ ჩვენს პარტიას წევრი ჰყავდეს ცესკოში. ეს ძალიან დაგვაზარალებს ამ არჩევნებში იმიტომ, რომ ყველა პარტია იცავს მის ინტერესს და არც ერთი პარტია არ დაიცავს იქ ჩვენს ინტერესს; მეორე _ რეგიონებში არის ძალიან მძიმე ვითარება, ასევე თბილისში. პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, „ქართული ოცნება“, გადასულები არიან ერთმანეთის ბანერებისა და პლაკატების ხევასა და დაზიანებაზე, რაც პოლიტიკური უკულტურობის გამოხატულებაა. საქართველოში უნდა დამთავრდეს ბანერებისა და პლაკატების ომი.
_ ამისთვის რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?
_ უნდა ყოფილიყო კონკრეტული ადგილები სოფლებში, რაიონებში, ქალაქებში და მხოლოდ ამ ადგილებში გამოკრულიყო ყველა პოლიტიკური პარტიის, ან ლიდერის პლაკატი და ბანერი თანაბარი რაოდენობით, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ის, რაც საგარეჯოში ხდება, ყველანაირ კრიტიკას სცდება. გიორგიწმინდაში მესამედ მოიტაცეს უკვე 12 მ-ის მოცულობის ჩვენი საარჩევნო ბანერი, სადაც საპატრულო მანქანა მოძრაობს და სადაც საგარეჯოს პოლიციის უფროსი დავით ჭიაბერაშვილი ცხოვრობს, ის მუდმივად მოძრაობს ამ გზაზე, მაგრამ თითქოს ვერავინ ვერაფერი დაინახა. ბოლოს, მესამედ დავკიდეთ ეს 12-მეტრიანი ბანერი, საერთოდ ჩააქრეს შუქი იმ საღამოს საგარეჯოში და ბანერი დასერეს. ჩემი ბანერი საგარეჯოში დაზიანებულია და პირდაპირ ვამბობ, რომ ამას აკეთებს საგარეჯოს პოლიციის უფროსი, მისი დავალებით ხდება, ერთი და იგივე დროს აქრობენ სინათლეს და ბანერებს აზიანებენ. ეს არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ეს არის ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. საგარეჯოში თვითონ პოლიციის უფროსი მონაწილეობს ამაში და როცა მეუბნებიან, პოლიციას მიმართეო, ვის უნდა მივმართო, ვინც თვითონ აკეთებს ამას?! რაც შეხება უწყებათაშორის კომისიას, აბსოლუტურად არაეფექტიანია ამ კომისიის საქმიანობა, იქ მიდის უბრალოდ ლაი-ლაი, საუბრობენ, რეკომენდაციებს დაწერენ და ყველაფერი ჰაერში რჩება. ესეც უნდა შეიცვალოს და ამ კომისიის საქმიანობა ეფექტიანი უნდა გახდეს, ტყუილად ლაპარაკს რა აზრი აქვს?! ამდენად, მძიმე გარემოა, ამ გარემოს კიდევ უფრო ამძიმებს მუდმივად ცრუ კვლევების გამოქვეყნება. ერთი მხრივ, „რუსთავი 2“ აქვეყნებს გერმანული კომპანიის შედეგებს, მეორე მხრივ, „იმედი“ აქვეყნებს რომელიღაც ქართულ კომპანიაზე დაყრდნობით კვლევის შედეგებს და ეს კვლევები აბსოლუტურად სინამდვილეს არის აცდენილი. ჩვენი რეალური რეიტინგი დღეს არის 30%-ზე მეტი, სულ 2-3%-ით ჩამოუვარდება „ქართული ოცნების“ რეიტინგს, ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, აჭარასა და გურიაში ჩვენ ვუსწრებთ კიდეც „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ტყუილში ცხოვრობს ეს ქვეყანა, ყველგან და ყველაფერში ტყუილია და ამიტომ ამ სიმართლის აღიარებისთვის ვერ მიგიღწევია. ახლა გამოაქვეყნებენ ეგზიტპოლებს, დაიწყება ახალი ტყუილის ტირაჟირება და ვართ ამ ბრძოლაში.
_ როგორ აფასებთ თქვენს შანსებს საარჩევნო მარათონში?
_ ჩვენ ძალიან დიდი შანსი გვაქვს, რომ ამ არჩევნებში გავიმარჯვოთ, ეს რომ იყოს მართლა თავისუფალი ქვეყანა და თავისუფალი არჩევნები, სოლიდური რაოდენობით შევალთ პარლამენტში, თუ არჩევნები არ გაყალბდა და პროცესები კანონის ფარგლებში განვითარდა, მაგრამ მე ვხედავ, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს პოლიტიკურ ოპონენტად ისევ „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად იმისა, რომ საუბრობენ „ნაცონალური მოძრაობა“ არის ბოროტება, უნდა დაისაჯონ დამნაშავეებიო. ახლა დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, სინამდვილეში, ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ აწყობთ და ამიტომ არის, რომ ყველა ეს კვლევა ხელოვნურად აცოცხლებს „ნაციონალურ მოძრაობას“. არავითარი 12 და 15% არ აქვთ, „ნაციონალური მოძრაობა“, რეალურად, 6-7%-ის ფარგლებში მერყეობს.
_ გაყალბებებს თუ ელოდებით?
_ დიახ, ველოდები. მაგალითად, საგარეჯოში „ქართული ოცნება“ ვერ მოიგებს ამ არჩევნებს და ვიცი, რომ მეორე ტურის დადება უნდათ.
_ რა იქნება პრიორიტეტული საკითხები, რასაც უკვე პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერებთ?
_ საარჩევნო გარემოსა და სისტემის შეცვლა! ახლა ისეთი სისტემაა, პატრიარქი რომ მონაწილეობდეს ამ არჩევნებში, იმასაც წააგებინებენ და ეტყვიან, თქვენ ხალხმა არ დაგიჭირათ მხარიო. ამიტომ მთლიანად უნდა მოხდეს სისტემური ცვლილება. მეორე: სოციალური დახმარებების განსაზღვრის კოეფიციენტი, ხალხი გაწამებულია, ყველაზე ღატაკ ადამიანებს წაართვეს კუთვნილი თანხა და სოციალური დახმარებები მოუხსენეს. უნდა შეიცვალოს ქულების მინიჭების პრაქტიკა, ეს ორი მნიშვნელოვანი რამ იქნება, რასაც, პირველ რიგში, გავაჟღერებთ და დანარჩენს შევხედავთ.
_ საგარეო კურსზეც ვისაუბროთ, ხშირად თქვენს პარტიას პრორუსულ ძალად იხსენიებენ...
_ ჩვენი საგარეო კურსი ცნობილია, ეს არის ევროკავშირი იმიტომ, რომ ჩვენ გეზი აღებული გვაქვს ევროკავშირისკენ, გაფორმებული გვაქვს ევროასოცირების ხელშეკრულება და არანაირად აღარ მოხდება, საქართველო ან ევრაზიულ კავშირში, ან რაიმე სხვა ე. წ. პრორუსულ კავშირში გაერთიანდეს. თუმცა ჩვენ პარტია ვართ და არ გვინდა დავკარგოთ არც ევრაზიული კავშირისა და არც ევროკავშირის მომხრეები, ამიტომ ასეთი მესიჯბოქსი შევიმუშავეთ: ჩვენ გვინდა ევროკავშირი და გეზი მისკენ გვაქვს; თუ შენ ხარ ევრაზიული კავშირის, ანუ რუსეთის მომხრე (ძირითადად, რუსეთის მომხრეებს სავიზო რეჟიმისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის აღდგენა უნდათ), ჩვენ სწორედ ევროკავშირიდან დავალაგებთ ურთიერთობებს, ამიტომ ხმა ჩვენ მოგვეცით, ეს ჩვენ შეგვიძლია. ევროკავშირის მომხრეებს ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ თანამოაზრეები ამ საქმეში. რაც შეეხება ნატოს, მასთან თანამშრომლობაზე რუსეთიც კი არ ამბობს უარს და ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ უარი?! ჩვენ გვინდა ნატო და ყოველთვის გვინდოდა, მაგრამ ჩვენ რამეს განსხვავებულს არ ვამბობთ, რასაც ამბობს ობამა, მერკელი, ოლანდი... ისინი ამბობენ, რომ ნატოს კარი ღიაა, მაგრამ თქვენ არ გიღებენ. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვატყუებთ ამომრჩეველს და ვეუბნებით იმას, რაც არის _ ვითანამშრომლოთ ნატოსთან, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ, მინიმუმ, 20 წელი ნატო არ მიგვიღებს.
_ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარებას როგორ ფიქრობთ?
_ ოკუპირებული ტერიტორიების თემა ჩვენთვის ნომერ პირველია, მაგრამ წარმოუდგენელია ამ საკითხის გადაწყვეტა ამერიკის, რუსეთის, ევროპის, საერთო დიალოგისა და საერთო შეთანხმების გარეშე. უნდა გაიხსნას ეს ფორმატი _ საქართველო-აშშ-ევროპა-რუსეთი, რომ ჩვენ დავიწყოთ ნელ-ნელა ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ყოველთვის არის დეკლარირებული ფრაზები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და არც ერთი ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს აქეთ არ დგამს. ჩვენ რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ, აუცილებლად დაველაპარაკებით რუსეთს, ამ საუბარში უნდა მონაწილეობდეს ევროპა და ამერიკა.
_ პარლამენტში რომელ პოლიტიკურ ძალებთან აპირებთ თანამშრომლობას და ვისთან არ ითანამშრომლებთ?
_ ვითანამშრომლებთ „ქართულ ოცნებასთან“, „თავისუფალ დემოკრატებთან“, ყველა იმ პარტიასთან, რომელიც ჩვენი თანამოაზრე იქნება, რომელთანაც გვექნება საერთო ხედვები პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით. არ ვითანამშრომლებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლის აკრძალვასა და გაუქმებასაც ვითხოვთ. აუცილებლად ვიმოქმედებთ, რომ შევკრიბოთ დეპუტატების 1/5 და მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით. არ ვითანამშრომლებთ „რესპუბლიკურ პარტიასთან“, რომელიც არჩევნების გამყალბებელია. პირიქით, შევქმნით საგამოძიებო კომისიას, დავიწყებთ საგარეჯოს არჩევნების გაყალბების შესწავლას, ხოლო დამნაშავეებს დავსჯით.
თამარ ბატიაშვილი