რამდენიმე დღეში „ლეიბორისტები“ გამარჯვებას ელოდებიან, თანაც დიდი უპირატესობით. როგორც პარტიის ლიდერი ამბობს, ასეთი რეიტინგი მათ არასდროს ჰქონიათ და პარლამენტიც გარანტირებული აქვთ. რის გაკეთებას აპირებენ ქვეყანაში, ამის შესახებ შალვა ნათელაშვილი დაზუსტებით გვესაუბრა, _ თუმცა ისიც გვითხრა, რომ თუ ხმებს გაუყალბებენ, მაშინ კაბინეტში ჯდომას არ აპირებს და ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. ვინ რას დაარქმევს, რევოლუციას თუ საყოველთაო პროტესტს, ამას `ლეიბორისტების” ლიდერისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მხოლოდ ის იცის, რომ ამ ქუჩის აქციებით მოსვენებას ერთი კაცი დაკარგავს და ისიც შუშის კოლბიდან დაინახავს რა ხდება ქვეყანაში.
შალვა ნათელაშვილი:
_ ჯერ ერთი, ხალხმა ხმა იმიტომ უნდა მოგვცეს, რომ ადრე არ მოგვცა და ეს ქვეყანა დაიქცა კიდეც. ჩვენი პროგრამა ყველამ მშვენივრად იცის და გაკეთებული რაც არის, იმასაც ხედავს. გლობალურად კი ჩვენი პარტიის ამოცანაა, ოლიგარქიული წყობილებიდან (რომელიც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში დამყარებული) გადავიდეთ თანამედროვე, ევროპულ-დემოკრატიულ სოციალიზმზე.
_ ეს რას ნიშნავს?
_ ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი სიმდიდრე და ძალაუფლება იქნება არა მხოლოდ მოსახლეობის სამი პროცენტის ხელში, არამედ თანაბრად გადანაწილდება ყველა მოქალაქეზე. ოლიგარქები აღარ იქნებიან პოლიტიკაში დეპუტატებად და მინისტრებად. ისინი დაბრუნდებიან ბიზნესში და გადაიხდიან ბიუჯეტში გადასახადებს, რომელსაც დღეს სადეპუტატო მანდატების გამოყენებით და სახელისუფლებო ბერკეტების მეშვეობით მალავენ. რაც ჩვენ გვაქვს _ მტაცებლური, გაქანებული ოლიგარქიულია, ეს კაპიტალიზმიც კი არ არის. კაპიტალიზმში მუშათა კლასი მაინც იყო და იქ მიდიოდა დავა, რომ მუშას დაბალი ხელფასი აქვს და გავუზარდოთ, ოცდაათი დღის მაგივრად ორმოცდღიანი შვებულება მივცეთო და ა. შ. ესეც კი არ გვაქვს ახლა, ანუ კაპიტალიზმიც არ გვაქვს.
_ და რა ჰქვია იმას, რაც გვაქვს?
_ ამას ჰქვია ოლიგარქიული წყობილება, დიქტატურა, სადაც ხელისუფლება და ფინანსები თავმოყრილია მოსახლეობის, მაქსიმუმ, 3 პროცენტის ჯიბეში. სწორედ ეს თანხები გადანაწილდება მერე თანაბრად ისეთი სოციალურად გარდაუვალი აუცილებლობებისთვის, როგორიც არის განათლება, ბიუჯეტიდან დაფინანსებული უმაღლესი სასწავლებლები მაგისტრატურის ჩათვლით, მთლიანად ბიუჯეტზე დასმული ჯანმრთელობის დაცვა გადაუდებელი შემთხვევისა და ავადმყოფობის დროს, პენსიების გაზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, უმუშევრობაზე კომპენსაციის გაცემა. გადასახადები იქნება სამართლიანი და არა უსამართლო, რაც იმას ნიშნავს, რომ ვისაც ბევრი აქვს შემოსავალი _ ბევრ გადასახადს გადაიხდის, საშუალო შემოსავლით _ საშუალოს, ცოტა შემოსავლის მქონე გადაიხდის ცოტას, ხოლო შემოსავლის არმქონე არაფერს არ გადაიხდის. როგორც არის მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში მიღებული, აქაც იგივე მოხდება. ჩვენთან ვისაც არაფერი აქვს, ის იხდის და ბიუჯეტი მისით ივსება. მაგალითად: გაათმაგებულია დენის გადასახადი, წყალი, ჯარიმები იწერება ყველაფერზე, ლამის, სუნთქვაზეც... ეს უსამართლო წყობა უნდა დაინგრეს! ვისაც ბევრი აქვს, დღეს ის არ იხდის იმიტომ, რომ მათი ანგარიშები, ივანიშვილის თამადობით, ოფშორებშია გატანილი. ოფშორი კი იმას ნიშნავს, რომ მოგების გადასახადი იმალება და ბიუჯეტში აღარ იხდიან. ჩვენი მოსვლის შემდეგ არავის ექნება უფლება, ოფშორში თანხა გაიტანოს. სპეციალური წესი შემოვა, ოფშორში თუ ვინმემ გაიტანა თავისი ანგარიში და კომპანია, მაშინ მას ჯარიმები დაეკისრება და მისი ბიზნესი არ განვითარდება იმიტომ, რომ ხალხი არ დააყაჩაღოს.
_ კრედიტებითა და ბანკის ვალებით ბინადაკარგულ ხალხს, გამწარებულ იპოთეკარებს როგორ უშველით?
_ ჩვენ გვაქვს საბანკო რეფორმის პაკეტი, რომლის თანახმადაც საბანკო პროცენტი არ გადააჭარბებს 7 პროცენტს, როგორც ეს ევროპაშია. სამუდამოდ გაუქმდება მიკროსაფინანსოები, ონლაინსესხები, ონლაინკაზინოები და მოკლედ, ყველა კაზინო გავა ქალაქიდან ძალიან შორს, რომ ახალგაზრდობა მაგ ბადეში არ მოყვეს. აი, ამას გავაკეთებთ ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში, შემდეგ კი დაიწყება ეკონომიკის აღორძინება და სამუშაო ადგილების შექმნა. რატომ არის ეკონომიკა მკვდარი? იმიტომ, რომ ბანკს აქვს ყაჩაღური კრედიტი. ბანკში რომ მივა ბიზნესმენი და კრედიტს აიღებს, ის უკვე ფიქრობს არა სამუშაო ადგილების გაზრდაზე, არამედ იმაზე, რომ თავისი ქონება ბანკმა არ მიიტაცოს და არ გააკულაკოს. შესაბამისად, ისე აკეთებენ, რომ ბანკის ვალი გადაიხადონ და თვითონაც ცოტა დარჩეთ, ყველაფერი მოდის ბანკებიდან. ქვეყანაში საბანკო დიქტატურაა და ყველა ბანკი კანონმდებელია. ყველა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც უკანასკნელ ათ წელიწადში მუშაობდა, როცა წავიდა, ბანკი ხელს გააყოლა. აი, გადავხედოთ: ნოღაიდელმა „ბაზის ბანკი“ გააყოლა ხელს, „ლიბერთი ბანკიც“ მისი იყო ერთი პერიოდი; გურგენიძემ ბანკი გააყოლა ხელს, ასევე გილაურმა, ღარიბაშვილი ბანკირი იყო, ივანიშვილი ბანკირია, კვირიკაშვილი ბანკირია, ამდენი ყაჩაღი ბანკირის ხელისუფლებაში ყოფნას ამერიკის ეკონომიკაც ვერ გაუძლებდა.
_ ხელისუფლება და ხელისუფალნი ყოველთვის ამბობენ, რომ კერძო ბიზნესებში არ ერევიან. ასე არ არის?
_ რას ჰქვია, არ ერევიან?! ქვეყანა ბანკების მონა გახდა და კაცი აღარ დარჩა, ვისაც ვალი არ აქვს ჩემი ჩათვლით. მანქანა გამოვიყვანე ბანკის კრედიტით და ამ ლარის კურსის არევ-დარევის შემდეგ ასი დოლარი დამემატა გადასახდელი. ყველა ვართ მიბმული ბანკზე. ჩვენ, რეალურად, ქვეყანა არ გვაქვს, ამას უნდა ერქვას საბანკეთი და არა საქართველო.
_ ბატონო შალვა, თქვენი ოპონენტები ხშირად ამბობენ, გასაგებია, რომ ხალხს ყველაფერს ჰპირდება, მაგრამ ამას როგორ აპირებს, სად აქვს ბიუჯეტს ამის საშუალებაო?
_ როგორც ობამამ გააჩერა იპოთეკური კრიზისი ამერიკაში, რომელიც ბანკებმა გამოიწვიეს ყაჩაღური მანიპულაციებით, მეც იმას გავაკეთებ. მან ბანკების ნაციონალიზაცია მოახდინა. აქაც ყაჩაღი ბანკების ნაციონალიზაცია მოხდება და ამით დასრულდება ყველაფერი. ამ საკითხის მოგვარებას ასე ვაპირებ. თქვენ მე დამისვით არასაგაზეთო შეკითხვა. ამისთვის ყველამ უნდა წაიკითხოს ჩვენი პროგრამა, რომელიც დამტკიცდა და ამ დღეებში დარიგება დაიწყება. ამაზე ასე ერთბაშად ვერ გიპასუხებთ. ვაპირებთ სამართლიანი საზოგადოების მშენებლობით, სამართლიანად ბიუჯეტის გადანაწილებით და ყველას ადგილზე მოსმით.
_ ბოლო დროს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. სააკაშვილი ამბობს, რომ აუცილებლად ჩამოვა საქართველოში, მისმა მეუღლემაც თქვა, რომ მიშა გვირაბს გათხრის და მაინც ჩამოვაო. ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა „ნაციონალური პარტიის“ წევრებთან. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?
_ დავიწყოთ იქიდან, რომ მიშამ თუ თქვა, რომ არ ჩამოვალო, მისი პარტია ხუხულასავით დაიშლება. ბუნებრივია, ასე იტყვის და ამას პოლიტიკური პიარი მოითხოვს, რათა აქტივი დამუხტოს და საბრძოლოდ განაწყოს. აბა, რა უნდა თქვას, არ ჩამოვალო? რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, ესეც სპეციალურად არის, რომ გადარეული ივანიშვილი გააგიჟონ და სისულელეები ალაპარაკონ. გარდა ამისა, სააკაშვილსა და ივანიშვილს ისე სჭირდებათ ერთმანეთი, როგორც ვენახს წყალი, ან პურს ღვინო. თუ ერთმანეთს ჩადენილ ცოდვებს არ წამოაძახებენ, ნებისმიერი სუფთა ძალა ორივეს იატაკზე დააწვენს, ამიტომ ცდილობენ, რომ სუფთა, გაუსვრელი ძალები რამენაირად გამოთიშონ ორბიტიდან და თვითონ დარჩნენ ერთმანეთის მოპაექრეებად, მაგრამ არ გამოუვათ, ეს მოდელი ჩაშლილია. ჩვენ მოვდივართ და ორივეს მოვსვამთ იქ, სადაც მათი ადგილია.
_ თქვენი აზრით, კიდევ რა შეიძლება მოხდეს არჩევნებამდე? რამდენიმე დღის წინათ სამართალდამცველებმა მიწაში გადამალული იარაღი აღმოაჩინეს. იმასაც ამბობენ, რომ გავრცელებული ჩანაწერების გამო „ნაციონალების“ ლიდერების დაჭერები დაიწყება. ზოგი იმედოვნებს, რომ ბოლო დღეებში საშინელ ჩანაწერებს დადებს ხელისუფლება „ნაციონალების“ წინააღმდეგ და ბოლომდე გადაუღუნავს ხელს. ასე იქნება?
_ ივანიშვილი დაავადებულია თვალთვალის პათოლოგიით. ეს კაცი ფარული ჩამწერი სტუდიის დირექტორად უნდა აგვერჩია, მაგრამ სრულიად უადგილო ადგილზე მოხვდა. ის ბიზნესმენიც არ არის იმიტომ, რომ ხედავთ მაგის ჭკუას და ამ ჭკუით ორ კაპიკს ვერ იშოვიდა. ის საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდა და ამის დეტალიზაცია აღარ მინდა, სად მოხვდა. მაგან არჩევნები 2012-ში მოიგო ფარული ჩანაწერებით, ცოცხებით და რაღაცებით და ახლაც იგივეს გაიმეორებს. მაშინ ის იყო ქველმოქმედის ლეგენდით შემოსილი, მესიის მანტიამოსხმული და დღეს საზოგადოებამ გაშიფრა როგორც ერთი ცრუ, მატყუარა, გადამგდები, საკუთარ ჯიბეზე მეოცნებე, ძალიან პატარა კაცუნა, შესაბამისად, ვერანაირი ვიდეოჩანაწერი, ჰოლივუდმაც რომ გადაუღოს, მას ვერ უშველის და არჩევნებს ვერ მოაგებინებს. ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შედიან.
_ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ნაცები“ და „ლეიბორისტები“ არეულობას ერთად გეგმავენ. ასეთი რამ თოფაძე-მრეწველების პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გააჟღერა და თუ „ნაცებს“ ამის გამო რაიმე ცუდი ელოდებათ, ე. ი. თქვენც საფრთხის წინაშე ყოფილხართ?
_ დიახ, წუხელ მე და მიშამ ვილაპარაკეთ ოდესაში, როგორ დავგეგმოთ რევოლუცია (იცინის). ამ თოფაძემ კიდევ მიხედოს იმ რუსეთის მთავარ სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს, საიდანაც ეგენი ყოველთვის ფინანსდებოდნენ და მხარდაჭერილები იყვნენ. საერთოდაც, მაგ ბიზნესჯგუფმა დაღუპა საქართველო და წაიღო ჩვენი ბიუჯეტი სახლში. ეგენი უნდა ისხდნენ ციხეში თოფაძის, ტყემალაძის ჩათვლით და მაგათ საქმეს მივხედავთ, რომ მოვალთ. რამდენი გადასახადი არ გადაიხადეს პოლიტიკური პროსტიტუციის ხათრით, ამ ყველაფერს კაპიკ-კაპიკ დავუთვლით და დავუდებთ.
_ ივანიშვილის დროს არ იხდიდნენ გადასახადს?
_ მიშას დროსაც, შევარდნაძის დროსაც გადასახადს აღარ ახდევინებდნენ და ქვეყნის დამღუპველ გადაწყვეტილებებზე მიდიოდნენ. ეს ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, ვრცელია და რამდენიმე ასეულ მილიონს ეხება. მინითოფაძეები იცით, რატომ ახმაურდნენ, ბიძინა _ დალაი ლამა რომ გამოვა, მერე დალაილამუკებიც ცდილობენ, მას მიბაძონ ჩვენს ლანძღვაში და გინებაში, ასე მოხდა. ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ მათ უკვე იციან, რომ ჩვენ ვართ მთავარი ძალა, ერთადერთი ძალა, ვისაც ხალხი ენდობა და გაჰყვება, ვინც დაამთავრებს მაგათ ბატონობას და ამიტომ იკბინებიან შემოდგომის ბუზებივით. ამბობენ, შემოდგომის ბუზი მწარედ იკბინებაო და აი, დაუდგათ ნაადრევად სუსხიანი შემოდგომა. მაგათი საქმე 8 ოქტომბერს დაგვირგვინდება და მერე წავიდნენ და ლანძღვა-გინების შემცველი მემუარები წერონ. ეგ აღარ იქნება მთავარი პრობლემა, მთავარი პრობლემა ქვეყანას მოცილებული ეყოლება მათი სახით.
_ ივანიშვილმა აღნიშნა და მისი მომხრეებიც დაჟინებით ამბობენ, თითქოს თქვენ სააკაშვილისგან ფული აიღეთ...
_ რამდენჯერ ვთქვა ამ სისულელეზე, აღარ ვიცი! ჯერ შევარდნაძისგან ვიღებდი ფულს და ამას სააკაშვილი მივრცელებდა; მერე სააკაშვილისგან ვიღებდი ფულს და ამას ბიძინა და მისი დაქირავებული, ნაყიდი, ერთუჯრედიანი, ადამიანის მსგავსი არსებები ავრცელებენ; მერე, ალბათ, იტყვიან, რომ ივანიშვილს იმიტომ ლანძღავდა, რომ ფულს იღებდა ამ ლანძღვაშიო... ამ ფსიქიკურად შეშლილ ადამიანებზე კომენტარების გაკეთება არ შემიძლია იმიტომ, რომ არ ვარ ფსიქიატრი.
_ და მაინც: ასი ათასი ლარი მართლა გადაურიცხეთ „რუსთავი 2“-ს?
_ კვალიფიციურ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსება გვაქვს და 150 ათასი ლარი ტელემედიაში ჩასადებად გამოგვეყო წინასაარჩევნოდ. სხვა პარტიებმაც მიიღეს ეს თანხები, ბევრმა ჩვენზე გაცილებით მეტი. მას სხვა კუთხით ვერ დახარჯავ, რადგან ეს თანხა ხელში არ მიგვიღია. ეგ ფული იყო ცესკოში. მან გვითხრა, გაანაწილეთ ტელევიზიებზე, ოღონდ აუცილებლად ამ თანხის 15 პროცენტი რეგიონულ ტელევიზიებზე უნდა განაწილებულიყო: „თრიალეთზე“, „რიონსა“ და ა. შ. დანარჩენი უნდა განაწილებულიყო ცენტრალურ ტელევიზიებზე. პირდაპირ ჩართვებს და ტოქშოუს „რუსთავი 2“ გვიკეთებს და ეს ძალიან კარგია. სხვა შემთხვევაში, ბიძინას ტელევიზიები, ხომ ხედავთ, რამდენ სიბინძურეს გვაბრალებენ? _ „მაესტრო“ _ მისმა მფლობელმა რუხაძემ, რომელმაც პატარკაციშვილის ქონება ხელში ჩაიგდო, მათ შორის, ტელევიზია „იმედიც“ დაამსხვრია, რომელიც ბადრიმ ქართველ ხალხს აჩუქა. ეს რუხაძე აუცილებლად მოხვდება ციხეში და გაირკვევა, როგორ მიიღო ამერიკის მოქალაქეობა. ის ბინძური კაცია, მაგრამ ივანიშვილის ტელევიზიების მეთაური გახდა და მთლიანად ჩვენი ლანძღვა-გინება და გაშავება მოდის მათი ეკრანებიდან. ერთადერთია „რუსთავი 2~, რომელიც ივანიშვილს არ ექვემდებარება, დანარჩენი ყველა ივანიშვილისაა, მათ შორის, „კავკასიაც“. „რუსთავი 2“ გვაშუქებს არა იმიტომ, რომ ვუყვარვართ, არამედ იმიტომ, რომ არ უყვარს ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი გამოსვლები მათ ინტერესშიც ჯდება. ძალიან კარგია, შესაბამისად, ყველაზე მეტი მათ გადავურიცხეთ. აბა, კუთვნილ ფულს გაქსუებულ რუხაძეს ხომ არ გადავურიცხავდით?
_ „მაესტრომ“ ბაზალეთის ამბები აჩვენა, როცა იქ შალვა რამიშვილი გესტუმრათ. ამ ფაქტზე თქვენ კომენტარი არ გაგიკეთებიათ. იქნებ, ახლა გვითხრათ, რა მოხდა რელურად?
_ შალვა რამიშვილი წერას ჰყავს ატანილი. კიდევ კარგი, ჩვენთან, სოფელში, ძალიან კეთილი ხალხი ცხოვრობს და იქ ავადმყოფურად იღებენ ჩემი კლასიკური ორსართულიანი სახლის აწეულ იდეას, რომ ვითომ ესეც სააკაშვილმა თუ შევარდნაძემ ამიშენა. ის აშენებულია 87-88 წლებში და მაგის აშენებაზე მუშაობდა ყველა ჩემი თანასოფლელი, მათი მამები და პაპები, თან უფასოდ. როცა ასეთ რაღაცებს ამბობენ, სოფელი შეურაცხყოფად იღებს. ხომ იციან, რომ მათი აშენებულია ეს და მათი ხელით არის აგური დადებული, ჯერ კიდევ, საბჭოთა იმპერიის დროს და ბრაზდება სოფელი ასეთი პიროვნებების გამოჩენაზე. მაშინ სახლში არ ვიყავი, ჩემი მეუღლე, ბელა იყო, სტუმრები ჰყავდა, უკან სასეირნოდ ყოფილან გასულები და ეს ჩამობრძანებულა. გავეფრთხილებინეთ, დავხვდებოდით პურ-მარილით, რა პრობლემაა? მთელი ჟურნალისტები მაგ სახლში არიან გაზრდილები. იმ დღეს ნანუკას მთელი შემოქმედებითი კოლექტივი იყო _ ოცი კაცი. რომელი ჟურნალისტი არ არის მანდ ნამყოფი, „იმედიდან“ დაწყებული, „პირველი არხით“ გაგრძელებული და რა ვიცი, ვინ არა. პირველი შეხვედრა 1992-95 წლების პარლამენტარებისა სწორედ მაგ სახლში გაიმართა, მანამდე ოპოზიცია და უმრავლესობა ხელს არ ართმევდნენ ერთმანეთს, რადგან ტრადიცია იყო ასეთი _ გამარჯობა არ უნდა ეთქვათ ერთმანეთისთვის და პირველად იქ გაიმართა მათი შეხვედრა. არა მარტო იქეიფეს, არამედ ერთად იცეკვეს და ამან კარგი შედეგიც გამოიღო _ საკანონმდებლო უმრავლესობა შეიკრა და ამის მერე მოქალაქეობის კანონი მივიღეთ, კონსტიტუცია მივიღეთ, ლარი შემოვიღეთ, იარაღის ტარების აკრძალვის კანონი მივიღეთ. ასეთი ისტორიული სახლია ამ გაგებითაც. როცა ასეთ სისულელეებზე მიდის მილიარდიან ოპონენტთა ბანდა, ვერც ერთ ბიზნესს, ქურდობას, ფულის აღებას, ვიდეოჩანაწერს, აუდიოჩანაწერს რომ ვერ ნახულობენ, უკვე ჩემს სამოთახიან ბინას ასახელებენ თბილისში, რომელსაც ფანჯარა არ გააჩნია. უფანჯრო ოთახში მძინავს და თავს რომ გავყოფ იმ „ფორტოჩკიდან“, მეზობლის კედელს ვატაკებ ხოლმე ცხვირს. მამისეულ ფუძის სახლს მიპიარებენ, სადაც გავიზარდე და სადაც მოვკვდები. ისინი მიპიარებენ, რომელთაც 50 და 60 ბინა აქვთ აგერ, ამდენი უბინაოს ფონზე. ხელფასს მიპიარებენ. ეს კარგიც არის, რადგან მეტი სალაპარაკო არ აქვთ. სასიკვდილო ოპერაციის წინ რომ ჩამირიცხა ცხონებულმა ბადრი პატარკაციშვილმა ოპერაციის თანხა და ის დარჩენილი თანხა დაიდო ბანკში, ავსტრიაში, იმასაც მიპიარებენ. რეანიმაციიდან რომ გამოვედი, იმავე დღეს დავწერე დეკლარაცია და ეს ფული ვაჩვენე. დღემდე დეკლარაციებში ვწერ ამას და ეს მაშინ, როცა მთელ მთავრობას დამალული აქვს ის მილიონები, რომელიც წაგვართვეს და გაიტაცეს. ოპერაციის თანხას რომ მიპიარებენ, რა უნდა ელაპარაკო ამათ? არა, ამათ არ უწერიათ წინსვლა და წარმატება, ბოროტები არიან და იმიტომ.
_ ისე, თქვენი უფანჯრებო თბილისის სახლი კი უნდა აჩვენოთ დაინტერესებულ ჟურნალისტებს. მე ის ნანახი მაქვს...
_ დიახ, სწორია. მოვიდეს იქ ბატონი შალვა და სიამოვნებით მივიღებ. გავაყოფინებ თავს „ფორტოჩკაში“ და მიარტყას ცხვირი შემხვედრი სახლის კედელს, იქნებ „გაუსწორდეს“. პირდაპირ 30 სანტიმეტრშია მეზობლის კედელი, ამის გამო ოთახში ჟანგბადი არ არის.
_ თქვენი ყოფილი თანაპარტიელები მუდმივად აფრიალებენ რაღაც დოკუმენტებს და თან, თითქოს, თქვენს ფულებს ითვლიან _ ასი ათასი, ორასი ათასიო... ეს რა დოკუმენტებია, ვერ გვეტყვით?
_ არ მინდა, იმ არსებებზე ვილაპარაკო, რომლებიც ეშმაკებად იქცნენ უკვე და, პირველ რიგში, საკუთარ თავსა და ოჯახებს მტრობენ. როცა კაცი ეშმაკს სულს მიჰყიდის, მერე ემსგავსება მაგათ, ვინც დავასახელე, მათ სული უკვე ამოღებული აქვთ და ეშმაკს აქვს დაგირავებული ლომბარდში.
_ თქვენი პროგნოზი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე როგორია? გასაგებია, რომ ამბობთ, უმრავლესობით მოვდივართო, მაგრამ სხვა პარტიებიდან ვის ხედავთ პარლამენტში, კიდევ ვის აქვს შანსი, რომ შევიდეს?
_ დღეს ქართულ პოლიტიკაში, რეალურად, არის სამი ძალა _ ჩვენ უნდა მოვიდეთ უმრავლესობით, ყველაზე დიდი რაოდენობით იმიტომ, რომ ჩვენი პარტიის სიდიადე ყველაზე კარგად ახლა ჩანს, რაც ეს 4 წელი გავიარეთ. მთელი პარტიის დამსახურებები ახლაა დაფასებული. ასეთი დიდი რეიტინგი ჩვენ არ გვქონია არც ერთ ეტაპზე _ არც „ვარდების რევოლუციის“ დროს, როდესაც მაღალი რეიტინგი გვქონდა. მაშინ პოლიტიკურ მინდორზე რეიტინგულები იყვნენ მიხეილ სააკაშვილი, ჯუმბერ პატიაშვილი, გარკვეული რეიტინგი ასლან აბაშიძესაც ჰქონდა, „მრეწველებს“ ჰქონდათ რეიტინგი, „ახალ მემარჯვენეებს“. ხუთი რეიტინგული ძალა გვებრძოდა, ამიტომ ასეთი რეიტინგი მაშინ არ გვქონია. დღეს ყველა გარდაცვლილია პოლიტიკურად და მინდორიც მიცვალებულებით არის სავსე. მარტო ჩვენ ვართ ცოცხლები.
_ ანუ მხოლოდ თქვენ შეხვალთ პარლამენტში?
_ არა, კიდევ შემოვლენ „ოცნება“ და „ნაცები“, მაგრამ, რა თქმა უნდა, არავითარი უმრავლესობით. ჩვენ დღეს გავაკეთეთ რეიტინგები და სხვა პარტიები არ ჩანან. შეიძლება, ჩვენი რეიტინგული მეთოდიკა არასწორი იყოს, კი ბატონო, ეს სამწუხაროა იმიტომ, რომ მე ხუთპარტიიან პარლამენტს უფრო მივესალმებოდი. უფრო მეტი საშუალება გვექნებოდა კოალიციური მთავრობის შექმნისა ახალი ძალების მიერ, რომლებიც არც ერთთან და არც მეორესთან არ არიან.
_ ასეთი რეიტინგი რომ შეინარჩუნოთ და ხმები სათანადოდ დაიცვათ, ამის საშუალება გაქვთ?
_ ხმებს დავიცავთ კი არა, ერთი გააყალბონ და რა შედეგებსაც მიიღებს ივანიშვილი ქვეყნის შიგნით და გარეთ, დავსხდეთ და საანგარიშოზე დავთვალოთ.
_ ამბობენ, რომ „ნაციონალების“ დაგეგმილ რევოლუციაში „ლეიბორისტებიც“ მონაწილეობენო?
_ არ ვიცი, არავითარი ნაციონალი და ინტერნაციონალი. მე თუ არჩევნებს გამიყალბებენ, ვერავინ გამაჩერებს ოფისში. გამოვვარდები და ხალხს გარეთ დავუძახებ. ეს იცოდეს ყველამ, ვერანაირი პიარით ვერ გამაჩერებენ, რომ არიქა, ეს არ დამბრალდეს და ის არ დამბრალდეს. გამორიცხულია, ხალხის ხმები ქარს გავატანო. შესაბამისად, მერე თავის თავს დააბრალოს ივანიშვილმა, რაც დაემართება. ივანიშვილის ანგარიშები დასაყადაღებლად მაქვს გამზადებული და რამდენიმე ხანში ამას გავახმაურებ.
ნელი ვარდიაშვილი