QronikaPlus
დავით ბაქრაძე: „ხელისუფლება ცდილობს, კრიმინალი და ძალადობა რეალურ მოკავშირედ გაიხადოს!“

დავით ბაქრაძე: „ხელისუფლება ცდილობს, კრიმინალი და ძალადობა რეალურ მოკავშირედ გაიხადოს!“

2016-10-07 13:55:48

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი მიიჩნევს, რომ წარსულ შეცდომებზე ლაპარაკი არათუ საჩოთირო, აუცილებელიც კი არის, რადგან არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც შეცდომები არ ჩაუდენია. ის ამბობს, რომ თავზე ნაცრის წაყრის პოლიტიკას არ იზიარებს და წარსული შეცდომების გათვალისწინებით მომავალზეა ორიენტირებული. „ქრონიკა+“-თან დავით ბაქრაძის ექსკლუზიური ინტერვიუ, ცხადია, ცხელი ამბებით _ ზუგდიდის რაიონში მომხდარი ინციდენტითა და გორში ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნით დავიწყეთ: _ სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების არსენალში ძალადობა ახალი ნამდვილად არ არის და, პრაქტიკულად, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მუდმივად ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როდესაც პარლამენტარებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რამდენიმე შემთხვევა იყო ისეთი, რომ კამერების თანდასწრებით, დღისით-მზისით პარლამენტის წევრი სცემეს და არავინ დასჯილა. იყო ათეულობით შემთხვევა ოფისების დაზიანების, შუშების ჩამტვრევის, ვანდალიზმის _ ამისთვისაც არავინ დასჯილა. შემდეგ იყო კორცხელი. კორცხელამდე გახსოვთ, ალბათ, 2013 წელს იყო ზუგდიდის პრაიმერი, სადაც ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ძალადობა მოხდა. უკვე წელს, ამ საარჩევნო ციკლში, იყო კორცხელი, რომელიც თავისი მასშტაბით ყველაზე დიდი ძალადობრივი აქტი გახლდათ, რაც მე მახსენდება ქართული არჩევნების განმავლობაში. ეს ყველაფერი ქმნის ძალადობრივ კლიმატს, სადაც ყველამ იცის, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობა წახალისებულია, დაუსჯელია და ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერასოდეს გამორიცხავ სხვა ინციდენტებს. სწორედ ეს კლიმატი ქმნის სხვა ინციდენტებს. ჩვენ ათეულობით შემთხვევა გვქონდა, როდესაც ჩვენი კანდიდატების ბანერებია დაზიანებული, ზოგი დამწვარი, ზოგი ჩამოგლეჯილი, ზოგი ტყვიით გახვრეტილი, ჩვენ გვქონდა შემთხვევა ოფისებზე თავდასხმის, კამპანიის დროს რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა შეხვედრებზე მოვარდნებისა და ხელისშეშლის. იყო თეთრი წყაროს შემთხვევა, როდესაც პირდაპირ ოფისში, შტაბში მოვარდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და შტაბის ეზოში სცემეს ჩვენი აქტივისტები. სამწუხაროდ, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, რომელსაც ასეთი ინციდენტები და პრობლემები ჰქონდა, მსგავსი პრობლემები გვახსენდება პაატა ბურჭულაძის პარტიასთან დაკავშირებით და გუშინ რადიოს პირდაპირ ეთერში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ კანდიდატს. სულ ახალი ამბავია, რომ ირაკლი ოქრუაშვილს გორში ესროლეს და მისი ორი თანხმლები პირი დაჭრეს, ანუ ეს არის გარემო, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ, დაუსჯელმა და წახალისებულმა ძალადობამ, რომ დღეს, რეალურად, ხელისუფლება ცდილობს, კრიმინალი და ძალადობა რეალურ მოკავშირედ გაიხადოს ოპოზიციასთან ბრძოლაში. _ თუმცა მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ოქრუაშვილთან მიმართებით არანაირი პოლიტიკური სარჩული არ ყოფილა, რომ ვიღაც იქ იჯდა და მზესუმზირას მიირთმევდა, მერე კი შენიშვნაზე გაბრაზდა და იარაღი ამოიღო... დაახლოებით ასე თქვა... _ ასეთი განცხადებები წახალისების ნაწილია, როდესაც დეპუტატობის კანდიდატს, თან ისეთი ცნობადობის მქონე ფიგურას ქვეყანაში, როგორიც გახლავთ ირაკლი ოქრუაშვილი, საარჩევნო შეხვედრაზე შეიარაღებული ადამიანი სამჯერ ესვრის და ორ ადამიანს დაჭრის მის გარემოცვაში. საუბარი იმაზე, რომ ეს რაღაც შელაპარაკება იყო, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ბავშვური უპასუხისმგებლობაა. ეს არის, ზოგადად, „ოცნების“ სტილი, რომ ყველაფერი გადააბრალოს სხვას და ისე გამოიყვანოს, რომ ყველაფერი ყველას ბრალია, გარდა „ქართული ოცნებისა“. „ქართული ოცნება“ დღემდე გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში კრიმინალი არ არის გაზრდილი და ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ თითოეული მოქალაქე ამას ხედავს და გრძნობს: ქვეყანაში თვე არ გავა, რომ წყვილ-წყვილად ბანკები არ დააყაჩაღონ. საქართველოში, თბილისში დაბრუნდა ქუჩაში მანქანებში ხალხის ჩაცხრილვა. აგერ უკვე ვხედავთ, რომ ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერს შეხვედრაზე უსწორდებიან და ესვრიან. ამის ფონზე ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია, ეს ყველაფერი აღკვეთოს და რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს ამ ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე, არათუ ვერ აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას და არათუ ძალა არ შესწევს, რომ ეს ძალადობა და კრიმინალი აღკვეთოს, არამედ, პირიქით, დაზარალებულებს აბრალებს ყველა შემთხვევაში და ცდილობს, თვითონ შეიწმინდოს ხელი, კრიმინალები გაამართლოს და ყველაფერი იმას დააბრალოს, რომ აგერ ახლა, თურმე, ოქრუაშვილის ბრალი ყოფილა; კორცხელში, თურმე, გიგა ბოკერიას მისვლა საარჩევნო უბანზე იყო პროვოცირება. გეკითხებით: რომელი არის პროვოცირება, _ როცა მოჭიდავე მოდის საარჩევნო უბანზე, თუ როცა პოლიტიკოსია საარჩევნო უბანზე? ეს ხომ სასაცილოა? როცა გიგა ბოკერია მივა საჭიდაო დარბაზში, დავიჯერებ, რომ პროვოკაციისთვის მივიდა, მაგრამ როცა მოჭიდავე მოდის საარჩევნო უბანზე, როგორ დავიჯერო, რომ ეს გიგა ბოკერიას ბრალი იყო, ან დღეს ეს ირაკლი ოქრუაშვილის ბრალი იყო და რომ, უბრალოდ, შელაპარაკება მოხდა?!. რაც არ უნდა იყოს დამოკიდებულება, ნამდვილად არ ვარ ოქრუაშვილის ფანი და გულშემატკივარი, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ ლიდერს და დეპუტატობის კანდიდატს იარაღს ესვრიან, ეს არის საგანგაშო ფაქტი და ხელისუფლება დღეს უნდა იდგეს ფეხზე, რომ ეს ფაქტი გამოიძიოს, დამნაშავე დასაჯაოს.ყველაფერს აქვს საზღვარი, წითელი ხაზი და როდესაც პოლიტიკოსს შეხვედრაზე ტყვიას ესვრიან, არ შეიძლება, ელემენტარული საღი გონების ხელისუფალი გამოდიოდეს და ამას თვითონ პოლიტიკოსს აბრალებდეს. ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა იმ კრიზისამდე, რომელიც დღეს ქვეყანაშია. _ ლოგიკური იქნება გკითხოთ, რას ელოდებით არჩევნებამდე, ან არჩევნების შემდეგ? ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში უკვე ორი თვეა, იმყოფება ოთარ კვანტრიშვილის შვილი გიორგი კვანტრიშვილი, რომელიც თავად კობზონის თანაშემწეა. აგერ, ირაკლი ოქრუაშვილმა კახა კალაძის ცოლისძმა დაადანაშაულა, გორში ჩამოდიოდა და კრიმინალთან ქუჩის „პალაჟენიას“ ალაგებდაო... რა შეიძლება, მოხდეს? _ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სტრატეგიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ე. წ. ქუჩის დალაგება, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მუშაობს ქუჩაში კრიმინალთან, ან კრიმინალურ მენტალიტეტთან დაახლოებულ პიროვნებებთან და სთავაზობს მათ გარიგებებს, რომ გამოიყენებს ამ ადამიანების სიტუაციის გასაკონტროლებლად, ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად და შემდეგ კანონის თვალსაზრისით მისცემს მათ გარკვეულ შეღავათებს და იმუნიტეტს. ამის ფაქტები არსებობს, მათ შორის, უკავშირდება რამდენიმე გახმაურებულ მკვლელობას, რომელიც თბილისში მოხდა და ეს იყო სწორედ ე. წ. ქუჩის დალაგების ძალიან წარუმატებელი პოლიტიკის შედეგი. აქაც, როგორც სხვა სფეროში, „ქართულმა ოცნებამ“ წარუმატებლობისა და ქაოსის მეტი ვერაფერი მოიტანა. დღეს ოქრუაშვილმა პირდაპირ  დაასახელა ვიცე-პრემიერი კალაძე და მისი ცოლისძმა, იგივე სახელები და გვარები ფიგურირებდნენ კორცხელის ინციდენტში მონაწილე ჯუფის უკანაც, ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ ეს პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ხელისუფლებისგან ორკესტრირებულია და ეს არის მცდელობა, რომ კრიმინალი პოლიტიკური სიტუაციის გასაკონტროლებლად გამოიყენონ. რა თქმა უნდა, ეს საქართველოში, საბედნიეროდ, ვერ იმუშავებს, თუ არ იმუშავებს, თუმცა პრობლემები და ისეთი ინციდენტები იქნება, როგორიც დღესაც ვიხილეთ ოქრუაშვილის შემთხვევაში. ასეთ დროს ჩვენი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამოცანა არის ის, რომ მშვიდად და წყნარად მივიდეთ არჩევნებამდე. ხედავთ, რომ როგორც ოპოზიციური პარტია, ვცდილობთ, არაფერზე ვიწუწუნოთ. უამრავი შემთხვევა არის ჩვენს კანდიდატებზე მივარდნებისაც, შეკამათებისაც. ვცდილობთ, მინიმალურად ვილაპარაკოთ ამ პრობლემებზე, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა არ არის წუწუნი, წუწუნი  ახასიათებთ იმ ოპონენტებს და იმ ოპოზიციას, რომელსაც უნდა, ამ წუწუნით გაამართლოს საკუთარი წაგება. ჩვენი ამოცანაა სიმშვიდის შენარჩუნება, არჩევნებზე წყანარად მისვლა და ასევე მშვიდად და წყნარად არჩევნების მოგება, ამ უმსგავსობისთვის დემოკრატიული წერტილის დასმა. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს. ის ვერ სთავაზობს ხალხს წინსვლას, განვითარებას, ეკონომიკის ზრდას, უკეთეს საცხოვრებელ პირობებს. ერთადერთი, რაც შეუძლია, ესაა ადამიანების დაზაფვრა, დათრგუნვა, იმ რაღაც გადატრიალებების ვერსიებზე ლაპარაკი, სინამდვილეში კი თვითონ ცდილობს სიტუაციის არევას ქუჩის კრიმინალის დახმარებით. ჩვენი ამოცანაა არჩევნების გზით გავუშვათ ეს ხელისუფლება სახლში, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ ერთ კვირაში. _ ფაქტობრივად, ირაკლი ოქრუაშვილი მეორე ადამიანია, რომელმაც „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა. ორივეს შემთხვევაში იარაღი ფიგურირებს. პირველი ეროსი კიწმარიშვილი იყო... უკავშირებთ ამ ფაქტებს ერთმანეთს? _ ბუნებრივია, არც მოსამართლე ვარ და არც გამომძიებელი, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოვიტანო, მაგრამ როგორც პოლიტიკოსსა და როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, ჩემი ლოგიკა მაქვს: იყო ერთი ადამიანი, ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც საუბრობდა, რომ „რუსთავი 2“-ს ხელში ვერ ჩაიგდებენ, სანამ ცოცხალი ვარ, ეს ვერ მოხდებაო. დღეს ეს ადამიანი ცოცხალი აღარაა. ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა და მთელი მისი საქმის გამოძიება იყო ძალიან საეჭვო, სულ პირველი წუთიდან დაწყებული, როცა თვითმკვლელობით აღიძრა საქმე და არა მკვლელობით; არსებობს, მეორე ადამიანი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც ასევე ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ ის არის „რუსთავი 2“-ის რეალური მფლობელი და რომელიც გახდა ასევე შეირაღებული თავდასხმის მსხვერპლი. ე. ი. გვყავს ორი ადამიანი, რომელიც აცხადებდა და აცხადებს, რომ მათ გარეშე „რუსთავი 2“-ის მფლობელობა ვერ გადაწყდება და ამ ორივე ადამიანს ესროლეს იარაღი _ ესაა ფაქტი. რა დგას ამ ფაქტის უკან, დამთხვევაა, შემთხვევითობაა, მიგზავნილი მკვლელია, ამაზე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ ვარ მოსამართლე და გამომძიებელი, მაგრამ როგორც ადამიანს, რა თქმა უნდა, ეჭვებს აღმიძრავს იმიტომ, რომ როდესაც ასეთი დამთხვევები ხდება და ასეთი განცხადებების შემდეგ ადამიანს ტყვიას ესვრიან, რა თქმა უნდა, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ეს სროლა უკავშირდება სწორედ მათ განცხადებას და მათ პოზიციას. _ ბატონო დავით, პარტიულ საკითხებს მივუბრუნდეთ. თქვენ, როგორც ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერსა და სიის პირველ ნომერს, მიგაჩნიათ, რომ პარტიამ საკმარისი ტრანსფორმაცია განიცადა და საკმარისად განახლებული წარდგა ამ არჩევნებზე მომხრეების წინაშე? _ რა თქმა უნდა, განახლება და უკეთესობისკენ ცვლილებები მუდმივი პროცესია, ამიტომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს მომავალშიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა გადახალისება, განახლება და ახალი ენერგიის შემოტანა, რამდენად სწორად და საკმარისად აღიქვა ეს ცვლილებები ამომრჩეველმა, ამას არჩევნებზე ვნახავთ. თუმცა, მე მგონი, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს ძალიან ოპტიმალურ ნარევს: ერთი მხრივ, წარსულიდან მოგვაქვს გამოცდილება, ცოდნა, საქმის კეთება, ენერგია, რომლითაც ყოველთვის ხასიათდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და, მეორი მხრივ, ასევე ამ წარსულიდან წამოღებულ გამოცდილებასა და ენერგიას ვახვედრებთ ახალ სახეებს, ახალ ცოდნას, ახალ გააზრებას იმ ყველაფრისა, რაც სწორად და არასწორად გაკეთდა წარსულში, ამიტომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის ასეთი სინთეზი: ერთი მხრივ, საკუთარი გამოცდილების (რა გავაკეთეთ სწორად და ამ გამოცდილების გაგრძელების), მეორე მხრივ, ასევე იმის გამოცდილებისა, რა ვერ გავაკეთეთ, რა შეგვეშალა, რა უნდა გაკეთდეს სხვანაირად და ეს ჩვენი ახალი სახეები გახლავთ სწორედ ის ახალი მუხტი და ახალი ენერგია, რომელიც სამომავლოდ იძლევა იმის გარანტიას, რომ ასეთი შეცდომები აღარ გამეორდება.საბოლოო განაჩენსა და დასკვნას გამოიტანს ამომრჩეველი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა საფუძველი გვაქვს ოპტიმიზმისა იმისთვის, რომ არჩევნებზე ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, რადგან ამომრჩეველმა იცის, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ საქმის გამკეთებელი ძალა და ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც წარსულიდან კარგი წამოიღო და იქვე ისწავლა იმ პრეტენზიებზე, რომელიც ამომრჩეველსა და საზოგადოებას ჰქონდა ჩვენ მიმართ. _ მაგრამ თქვენს ოპტიმიზმს ცივ წყალს ასხამს „ქართული ოცნება“. მაგალითად, იგივე ირაკლი კობახიძე მეორე ძალად თქვენ კი მოგიაზრებთ, მაგრამ ამბობს, რომ თქვენთან შედარებით მმართველ პარტიას სამჯერ მეტი რეიტინგი აქვს და ეს არის რეალობა... ამ განცხადებების ფონზე თუ ელოდებით არჩევნების შედეგების გაყალბებას და რა მექანიზმები აქვს ენმ-ს ხმების დასაცავად, თუ ეს დასჭირდება? _ არსებობს მთელი ციკლი კვლევებისა, რომელსაც ხელისუფლება უცხადებს უნდობლობას და, ამავე დროს, ამის პარალელურად არსებობს მითიური შიდასახელისუფლებო კვლევები, სადაც ყველაფერი ისევე კარგად არის, როგორც მათ მითიურ საქართველოში: გუგუნებს ასი ქარხანა. სწორედ ისეა წინ „ქართული ოცნება“ მათ მითიურ კვლევებში. ამიტომ ეს ყველაფერი ცალსახად სასაცილო იქნებოდა და კიდევ ერთხელ აჩვენებდა, რამდენად დაშორდა ხელისუფლება რეალობას. რომ არ არსებობდეს მართლაც მათი მხრიდან წინასწარ დაწერილი სცენარის გაყალბების საფრთხე, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ყველა ხმას და ყველა უბანზე გვეყოლება ჩვენი წარმომადგენელი, კომისიის წევრები. არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ გაყალბების საშუალებას. არჩევნების საბოლოო შედეგები ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ქართველი ხალხის ნება იცვლება. ვფიქრობ, თითოეული საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს: თუკი სამი და ოთხი წლის წინათ აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ და ამას, სხვათა შორის, ყველა კვლევა ადასტურებდა, დღეს ყველა ვხედავთ, რომ არსებობს ხელისუფლების მიმართ უზარმაზარი იმედგაცრუება, რაც მოიტანა „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ, რაც აისახება შედეგებშიც. საზოგადოების განწყობას ყველა ვგრძნობთ, კვლევების გარეშეც შემიძლია გითხრათ, რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანს ვხდები კამპანიის დროს. მახსოვს 2013 წლის კამპანია, როდესაც ყველა მეუბნებოდა, რომ ვაცადოთ, იქნებ, რაღაც გაგვიკეთონო, დღეს იგივე ათიათასობით ადამიანი, მეუბნება, დროზე მოგვაშორეთ, დაიქცა ქვეყანაო... აი, ეს არის განწყობის ტრანსფორმაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიარა სამ წელიწადში. _ თქვენ, ელენე ხოშტარია, სიის ათეულის სხვა წევრები არცთუ იშვიათად ამბობთ, რომ წარსულში შეცდომები იყო და არ უნდა განმეორდეს, რაც თქვენი მომხრეების არცთუ უმნიშვნელო ნაწილის გაღიზიანებას იწვევს. ისინი მიიჩნევენ, რომ არავითარი ბოდიში არ არის საჭირო და მეტიც, წინა ხელისუფლებას ნაკლები სიმკაცრის გამო აკრიტიკებენ. რას ეტყოდით მათ? _ გეთანხმებით, არსებობენ ასეთი ამომრჩევლებიც, მაგრამ მიმაჩნია, რომ შეცდომაზე საუბარი, ყოველთვის სიძლიერეა და არა სისუსტე. როდესაც ხელისუფლებაში ხარ ცხრა წლის განმავლობაში, ამ დროს არა მხოლოდ შეცდომებს უშვებ, ქვეყანაში, ბუნებრივია, ხდება დანაშაულიც, კრიმინალიც, გადაცდომაც. ამიტომ რაც უფრო მეტად შეძლებ, თვალი გაუსწორო საკუთარ წარსულს, მით მართალი იქნები საკუთარი მომავლის წინაშე. მე, მაგალითად, ჩვენს სიძლიერედ მიმაჩნია ის, რომ შეგვიძლია ვისაუბროთ წარსულის შეცდომებზე და ვთქვათ, რომ ჩვენ მომავალში უფრო ძლიერები ვიქნებით, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გავიაზრეთ, რა იყო შეცდომა და რა არ მოსწონდა ამომრჩეველს. მიმაჩნია, რომ „ნაციონალურმა მოძროაბამ“ 2004 წელს შექმნა თანამედროვე სახელმწიფო, მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტები, ჯარი, პატრული და პოლიცია, შექმნა საგადასახადო და საბაჟო, განათლების სისტემა ერთიანი ეროვნული გამოცდებით, რომელი ერთი დავასახელო? შექმნა ქვეყანა, რომელსაც შანსი გაუჩნდა, ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე ევლო, შექმნა ქვეყანა, სადაც აღარ იყო კორუფცია, ააშენა ქვეყანა, სადაც გაჩნდა ინფრასტრუქტურა, გზა, გაზი, წყალი, გაჩნდა ელექტროენერგია, უამრავი რაღაც გაკეთდა და შეიქმნა თანამედროვე სახელმწიფო. ჩვენ იმდენი გვაქვს გაკეთებული, რომ ამ გაკეთებულის ფონზე, ვფიქრობ, არ უნდა შეგვეშინდეს არც შეცდომებზე და არც დანაშაულზე საუბრის, იმიტომ რომ ყველაზე საშიში ცხოვრებაში ის ადამიანია, რომელიც გიმტკიცებს, რომ მას არაფერი ეშლება. ადამიანები ვართ, არ არსებობს მთავრობა, რომელსაც შეცდომა არ დაუშვია, არ არსებობს მთავრობა, სადაც ვიღაცას დანაშაული არ ჩაუდენია, ამიტომ ყველაფერი უნდა შეფასდეს ობიექტურად და მთლიანობაში. როცა ადამიანს შეუძლია, გულახდილად გაიაზროს საკუთარი შეცდომა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის მომავალში იქნება უკეთესი. ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ უკეთესია, მომავალში კიდევ უკეთესი იქნება და ეს ემყარება სწორედ ჩვენი წარსულისა და საქმიანობის სრულფასოვან ხედვას. _ ბატონო დავით, მიხეილ სააკაშვილზე უნდა გკითხოთ: მის განცხადებებს, რომ ჩამოვა, არჩევნების შედეგებს დაითვლის, რომ რთველს დაესწრება, გამოხმაურებები მოჰყვა როგორც ხელისუფლების, ასევე ცალკეული პარტიების მხრიდან, უმეტესწილად, ნეგატიური, როგორც მოსალოდნელი იყო. სად ხედავთ ხვალ და ზეგ მიხეილ სააკაშვილის ადგილს და როგორ უყურებთ მის პოლიტიკურ მომავალს საქართველოში? _ როდესაც ვსაუბრობთ 2004 წლიდან ჩატარებულ რეფორმებზე, რა თქმა უნდა, ამ რეფორმების უკან იდგა და დგას მიხეილ სააკაშვილი. ეს არის რეალობა და რაც არ უნდა მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს მიხეილ სააკაშვილი, ამას თვალი უნდა გაუსწორო. თუ საუბრობ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელიც ჩატარდა, თუ საუბრობ პატრულზე, არმიაზე, გზებზე და გაკეთებულ ინფრასტრუქტურაზე, ამ ყველაფრის უკან იდგა ის პოლიტიკური ნება, რომელიც, პირველ რიგში, მოდიოდა ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტისგან. ადამიანები დღესაც სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეფორმებმა და მმართველობამ მოუტანა ქვეყანას, დღესაც ენდობიან მაშინ შექმნილ პოლიციას, დღესაც მოსწონთ მაშინ შექმნილი ჯარი. მიხეილ სააკაშვილს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის, ის არის ამ პარტიის დამფუძნებელი და, ბუნებრივია, მისი როლი, ადგილი ამ პარტიაში ყოველთვის იქნება გამორჩეული. აქედან გამომდინარე არის ის პანიკური განცხადებებიც „ქართული ოცნებისა“. ისინი ერთადერთ კონტექსტში საუბრობენ, რომ დაიჭერენ მას. კი ბატონო, დღეს „ქართული ოცნება“ აკონტროლებს პროკურატურას, მას შეუძლია, საქმეები აღძრას, დაიჭიროს ადამიანები, მაგრამ ამაზე ხაზგასმა ნიშნავს მხოლოდ ერთს: ისინი ვერ მოერივნენ პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილს და ამიტომ ემუქრებიან ფიზიკური დაჭერით. პოლიტიკაში ადამიანს უნდა მოერიო პოლიტიკურად და ადამიანს ლიდერობას ართმევ არა მაშინ, როდესაც მას მოქალაქეობას ჩამოართმევ, არამედ მაშინ, როდესაც მას პოლიტიკურად მოერევი. პოლიტიკურ ლიდერებს პოლიტიკურად ამარცხებენ და არა პროკურატურის მეშვეობით. რაც შეეხება მის ჩამოსვლას, ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი გამარჯვების შემდეგ წერტილი დაესვას პოლიტიკურ დევნას, მივიღოთ ეროვნული თანხმობის დოკუმენტი პარლამენტში, რომლითაც ყველა ადამიანს მივცემთ იმის პირობას, რომ პოლიტიკური დევნა შეწყდება და დღევანდელი ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ მოუწევს ამ ქვეყნიდან გაქცევა პროკურატურაში შეთითხნილი საქმეების გამო. როდესაც ვსაუბრობთ ერთიანობაზე, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნდება ყველა, ვინც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია მიხეილ სააკაშვილი და ის დაბრუნდება.რაც შეეხება მის როლს, მას ექნება ის როლი, რომელსაც გადაწყვეტს ქართველი ამომრჩეველი, ხალხი და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. ვფიქრობ, მას მომავალშიც ექნება მნიშველოვანი როლი ამ თვალსაზრისით. _ ბატონო დავით, ზემოთ ვახსენე ენმ-ს ამომრჩეველთა განსხვავებული პოზიცია ბოდიშის მოხდის მიმართ. თითქმის ანალოგიური სიტუაციაა, ასე ვთქვათ, პატიება-არპატიების, ანუ იმის მიმართ, რაზედაც ახლა თქვენ საუბრობდით: ბევრი მიიჩნევს, რომ ამნისტიის გამოცხადება არ გულისხმობს პასუხისმგებლობისგან ყველას განთავისუფლებას და ყველას ყველაფერი არ უნდა ეპატიოს, ამიტომ, ენმ-ს მომხრეთა ნაწილი გიგა ბოკერიას განცხადებასაც საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდა... _ აბსოლუტურად კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, რომ მივეკუთნები იმ ძალინ დიდ ნაწილს, რომელიც დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეჩერდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლას არ უნდა მოჰყვეს არანაირი რეპრესია არც ერთი ადამიანის წინააღმდეგ. უკვე ვახსენე ეროვნული თანხმობის დოკუმენტი, რომლის მიღებასაც ვაპირებთ, ასევე იქნება დოკუმენტი, რომელსაც ახალი პარლამენტი ერთ-ერთ პირველ დოკუმენტად მიიღებს: საგადასახადო ამნისტიის დოკუმენტი. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს, რომ გამოძიებული არ იქნება საქმეები. ვფიქრობ, არის კატეგორია საქმეებისა,  რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ, მაგალითისთვის, მოსამართლეებზე ზეწოლის საქმეები, რომელიც დღეს გაჩერებულია. მომავალში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვეღარ უნდა გაბედოს სასამართლოზე ზეწოლა. საბოლოო ჯამში, ისინიც კი, ვინც გამოიკვეთება, რომ ამ საქმეში დამნაშავეა, უნდა სარგებლობდნენ ამნისტიით და არა პატიმრობით. ეს უნდა იყოს ჩვენი ეროვნული შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ ცალკე კატეგორიაზე, როგორიცაა წამება, ან ძალადობა _ ასეთ საქმეებს არანაირი შერიგება და დათმობა არ ეხება. _ დაბოლოს, ის პარტიული გზავნილები, რომელთა გამოც, თუნდაც, „ქრონიკა+“-ის მკითხველს მოუწოდებთ, შემოხაზონ ნომერი 5... _ პირველი და მთავრი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ ვართ საქმის გამკეთებელი პარტია, რომელსაც ესმის ქვეყნის პრობლემები, ხალხის წინაშე მდგარი პრობლემები და პარტია, რომელსაც შეუძლია ამ პრობლემების გადაწყვეტა. ჩვენ ეს უკვე ვაჩვენეთ ხალხს 2004 წელს, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, რომელმაც ამ ქვეყანაში ადამიანების ცხოვრება გააუმჯობესა და დღეს ვართ უკეთეს ფორმაში, უფრო განახლებული, მეტი ენერგიით, რომ 2016 წელსაც ვიმუშაოთ ქვეყნის წინსვლისთვის და ხალხის პრობლემების მოგვარებისთვის. ეს პირველ რიგში შეეხება ეკონიმიკას, დასაქმებასა და სამუშაო ადგილებს, პენსიებსა და სოციალური დახმარებების ზრდას, მთლიანად ქვეყნის განვითარებას. ჩვენი მიდგომაა, 9 ოქტომბრის დილიდანვე დავიწყოთ საქმის კეთება, გვერდზე გადავდოთ დაპირისპირება, შურისძიება და შუღლი.ყველამ ერთად, ახალი ენერგიით შევძლოთ, რომ საქართველო წავიყვანოთ წინ და დავაბრუნოთ საქართველოში განვითარების განცდა, რომელიც ამ ქვეყანაში მართლაც არსებობდა წინა წლებში.  

                                                                                                                  ლაშა ბერულავა

   

გაზიარება