QronikaPlus
„მიშას მონებო!“ „პუტინის შნირებო!“ _ ნიუ-იორკელმა ქართველებმა სააკაშვილის მოსვლამდე ფრაზები და მუშტები გაცვალეს

„მიშას მონებო!“ „პუტინის შნირებო!“ _ ნიუ-იორკელმა ქართველებმა სააკაშვილის მოსვლამდე ფრაზები და მუშტები გაცვალეს

2016-10-07 13:33:02

წინასწარ დაანონსებული შეხვედრის დაწყებამდე, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამომრჩევლებს უნდა შეხვედროდა, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში, ნიუ-იორკსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველები შეიკრიბნენ. შეხვედრის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე დარბაზი თითქმის მთლიანად იყო სავსე, თუმცა საააკაშვილის მომხრეები იმ შეხვედრაზე მარტონი არ იყვნენ _ დარბაზის მომლოდინე იდილია მალე სამმა მამაკაცმა დაარღვია, რომლებიც, იქ მყოფთა თქმით, სიტუაციის ასარევად და პროვოკაციის მოსაწყობად მოვიდნენ. ამ დასკვნამდე შეკრებილები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ერთში ბესო ხომერიკი ამოიცნეს. ეს პიროვნება, ძირითადად, რუსული პოეზიის კარგი ცოდნითა და ქართულად კარგად თარგმნით, მოძველბიჭო წარსულით, ფეისბუქზე ანტიმიშისტობითა და ივანიშვილის ფანობითაა ცნობილი. ხომერიკი, წლებია, აშშ-ში ცხოვრობს და იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომელიც, მართალია, ამერიკაში ეძიებს კარგ ცხოვრებასა და თავშესაფარს, მაგრამ მაინც რუსეთს ეტრფის. ყველაფერთან ერთად, ეს პირი ბილწსიტყვაობითაცაა ცნობილი, რაც დარბაზში შესვლისთანავე გამოუვლენია, მის ორ მეგობართან ერთად, როცა შესვლისთანავე სააკაშვილის ლანძღვა-გინება დაუწყია. „დარბაზში შემოვარდნენ, დაიწყეს გინება, მუქარა და უცენზურო სიტყვებს იყენებდნენ საუბრისას. ჩვენგან ერთი მივიდა და სთხოვა, აქ ეკლესიაა, გინება და ბილწსიტყვაობა არაა მიზანშეწონილი, ამას გარდა, ვხედავთ, რომ სააკაშვილის ამომრჩეველი არ უნდა იყოთ, აქ ენმ-ს ამომრჩევლები არიან შეკრებილი და უსიამოვნო ამბები რომ არ მოხდეს, იქნებ, დაგვტოვოთო. ამაზე სულ გადაირივნენ, რას ჰქვია, გვაგდებთო?!. ბოლოს, რამდენიმე მამაკაცმა დარბაზის გარეთ გაიყვანა და კამათი შემოსასვლელთან გაგრძელდა. იქ ერთმა უთხრა ხომერიკს, ნუ იძაბებიო, ამან რაღაც უპასუხა უხეშად და ჩხუბიც დაიწყო“, _ უამბო „ქრონიკა+“-ს შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა. საბოლოოდ, ორივე ამრევი გარეთ გაიყვანეს. კადრებშიც კარგად ჩანს, რომ არც ურტყამდნენ, მხოლოდ კიბეებისკენ უბიძგებდნენ, ხომერიკს ფეხი გადაუბრუნდა და წაიქცა, მისი მეგობარი კი საპირისპირო მხარეს გაჩერებული ჯიპისკენ გაიქცა და საბარგულიდან „მანტიროვკა“ ამოიღო: _ რომელმა მომიქნია ხელი, თქვენი დედა... თქვენი „ნაციონალი“ დედა! მოგი... დედებს, თქვე მიშას მონებო! მოგი... დედებს სუყველას! _ იგინებოდა ის. _ შენ თუ არ მოგ...ა, მე არ ვიყო ბესო ხომერიკი! _ ვალში არ რჩებოდა მეგობარს ხომერიკი. ქუჩის გაღმა-გამოღმა კი მანჰეტენზე იმ დროს გამვლელი მოქალაქეები ჩერდებოდნენ და სიტუაციას აკვირდებოდნენ, ეკლესიაში შეკრებილებიდან ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა. ბესო ხომერიკის პოზიცია მომხდართან დაკავშირებით ასეთი იყო: „ჩვენ იქ მივედით, რათა რამდენიმე უხერხული შეკითხვა დაგვესვა მიშასთვის. არ შეგვიშვეს. რას ვიზამდი, მათი აზრით, დედას ვაგინებდი მიშას? ვკითხავდი ისეთ რამეს, რაზეც პასუხი არ ექნებოდა. სააკაშვილი ჩემი პრეზიდენტიც იყო. რა უფლებით არ შემიშვეს? არავის აქვს უფლება, ამიკრძალოს საჯარო თავშეყრის ადგილას მისვლა, სადაც რაიმე ღონისძიება ტარდება. პროვოკაცია აღვკვეთეთო... რა იციან, რომ პროვოკაციის მოსაწყობად ვიყავი მისული? როცა დავიწყებდი პროვოკაციას, მაშინ აღეკვეთათ. ხელით რატომ შემეხნენ? ჯდება ეს კანონის ჩარჩოებში?“ ხოლო შეკითხვაზე, დარეკა თუ არა პოლიციაში, როგორც დაზარალებულმა, მოკლედ უპასუხა: „არა, არ დამირეკავს, არ ვთვლიდი თავს დაზარალებულად. იმათ დარეკეს თვითონ, სხვათა შორის...“ საბოლოოდ, სიტუაცია დაშოშმინდა, მომხდურები წავიდნენ, დამხვდურები დარჩნენ და მიხეილ სააკაშვილიც მოვიდა. თავდაპირველად მას კათოლიკური ეკლესიის მრევლი და პასტორი მიესალმა, რასაც დამსწრეები ტაშით შეხვდნენ. საერთოდაც, ტაში ამ შეხვედრის მთავარი მახასიათებელი იყო. „გეფერებით ანაკლიის სახელით“, _ უთხრა სააკაშვილს საშუალო ასაკის ქალბატონმა და გადაკოცნა. „მე კი აჭარის სახელით!“ _ დაამატა მეორემ და მისკენ გაიწია. ყველა კუთხიდან მოკითხვებითა და ლოყაზე ერთ-ერთი გულშემატკივრის პომადის კვალით, სააკაშვილი ტრიბუნისკენ გაემართა და, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა ეკლესიის მრევლსა და პასტორს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააჟღერა ის გზავნილები, რაც მანამდეც არაერთხელ გაუჟღერებია და ზოგ მათგანზე უფრო დაწვრილებითაც შეჩერდა. მაგალითად, ვრცლად უპასუხა შეკითხვას, ემხრობა თუ არა იმ სტრატეგიას, რაც გიგა ბოკერიამ დააანონსა: რომ სამართლებრივი, პოლიტიკური დევნა და შურისძიება არ იქნება მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვა. აღმოჩნდა, რომ ამ საკითხში სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას პოზიციები თანხვედრილია. „როდემდე უნდა ვიაროთ ერთ წრეზე? ჩვენ არ დავსაჯეთ შევარდნაძე და ის სიცოცხლის ბოლომდე იმას იმეორებდა, სააკაშვილი ციხეში უნდა ჩაჯდესო“, _ გაიხსენა მეორე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა. საინტერესო იყო მისი პასუხი რუსეთთან ურთიერთობის თაობაზე. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი არც კი დაელაპარაკა ივანიშვილის მთავრობას: „არ მიიჩნევს პუტინი, რომ ამათ უნდა დაელაპარაკოს. რატომ უნდა დაელაპარაკოს? მან მისცა ივანიშვილს ფული მხოლოდ ერთი მიზნით _ მომაშორე მიხეილ სააკაშვილი. ისღა აკლია ახლა, რომ კიდევ შეხვდეს, ხელი ჩამოართვას და რაღაცებზე ელაპარაკოს. უნდა ვთქვა, რომ პუტინი უფრო დიდ პატივს გვცემდა ჩვენ, როგორც მტრებს, ვიდრე ამათ. ამათთან დამოკიდებულება პუტინის მხრიდან, დაახლოებით, ისეთივეა, როგორიც ივანიშვილისაა, მაგალითად, ჯაჭვლიანის მიმართ, რომელიც მისი ხელის ბიჭია. ასეთივე ხელის ბიჭად აღიქვამს ის ივანიშვილსა და მის მთავრობას და რაზე უნდა დაელაპარაკოს?“ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აუცილებლად გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას: „აუცილებლად ვაპირებ საქართველოში ჩასვლას, ჩემი გული საქართველოს ეკუთვნის“, _ თქვა მან და ისევ რთველზე დასწრებაზე ისაუბრა: „ივანიშვილს პანიკური შიში აქვს საქართველოში ჩემი ჩამოსვლის, ამიტომ ის უნდა გავაკეთო, რაც მათ პანიკაში აგდებს“, _ დაამატა სააკაშვილმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შეკითხვებსაც უპასუხა. ძირითადად, ემიგრანტებისგან მადლობები მოისმინა და მათაც მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. სააკაშვილთან შეხვედრას მძაფრი გამოხმაურებები მოჰყვა ფეისბუქზე იმ ემიგრანტების მხრიდან, რომლებიც მესამე პრეზიდენტისა და მისი პარტიის ოპონირებით არიან ცნობილი: „იგებენ ესენი ამერიკაში არჩევნებს, ისე, რომ იცოდეთ“; „ამათ საქართველოში ჩამოსვლა არ უნდათ?“ „საღოლ, ბესო, ძმაო, მაგარი ჩაუტარეთ ამათ, ვინმეს ხომ უნდა ეჩვენებინა, რომ ემიგრანტები ყველა მათ მხარეს არ არის“; „აჰა, ჩამოირბინა ამერიკაში ბიჭმა? რატომ არ შემხვდა სადმე, ქუჩაში...“, _ წერდნენ სააკაშვილისა და ენმ-ს ოპონენტები. ერთ-ერთმა ისიც დაწერა, ალბათ, ეს ხალხი ამდენი არ იქნებოდა, ეკლესიაში მიიყვანდნენ ორგანიზებულადო, თუმცა, მას თავად ბესო ხომერიკმა გადაასხა წყალი: „აქ მიყვანა არ არსებობს“. ჯერ უცნობია, არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში დარჩება, უკრაინაში დაბრუნდება თუ, სულაც, საქართველოში ჩამოვა? ამ კაცის ნაბიჯების პროგნოზირება რომ შეუძლებელია, ამაზე მისი უახლოესი გარემოცვაც არ დაობს. მანამდე კი აშშ-ში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დროს უქმად არ კარგავს: სენატორსა და ძველ მეგობარ ჯონ მაკკეინს შეხვდა და რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებაზე ვაშინგტონშიც მოასწრო გამოსვლა.   ლაშა ბერულავა      

გაზიარება