QronikaPlus
სამი ტყვიის აცილების შემდეგ ოქრუაშვილი ხელისუფლებას სამდღიან ვადას აძლევს!

სამი ტყვიის აცილების შემდეგ ოქრუაშვილი ხელისუფლებას სამდღიან ვადას აძლევს!

2016-10-07 13:28:27

  წინასაარჩევნო შეხვედრაზე პირველი ტყვიაც გავარდა: შემთხვევა გორში, ე. წ. სადგურის უბანში მოხდა, სადაც ირაკლი ოქრუაშვილი ამომრჩევლებს ხვდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობის დროს იქვე მყოფმა პირმა სამჯერ ისროლა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართულებით, რომელსაც დაცვა გადაეფარა. დაჭრილია ორი პირი: ოქრუაშვილის დაცვიდან და საარჩევნო შტაბიდან. დაჭრილები გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ირაკლი ოქრუაშვილი კი მომხდარში ხელისუფლებას და პირადად კახა კალაძეს ადანაშაულებს. ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და პროკურორის განცხადებით, კახა კალაძის ცოლისძმა უშუალოდაა მიმაგრებული გორს, რათა იქ სიტუაცია „დაალაგოს“. „მე დაველოდები გამოძიებას და არ დავიწყებ თვითნებურად მოქმედებას, თუმცა ამის რესურსი ნამდვილად მაქვს“, _ თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა და ის პირიც დაასახელა, ვინც, მისი თქმით, შეხვედრაზე ისროლა. როგორც ჩვენთან ინტერვიუში ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, ხელისუფლებას არჩევნების დღემდე აძლევს ვადას, მერე კი „საქმეს თვითონ მიხედავს“. მომხდარიდან რამდენიმე წუთში უკვე ფლობდა ინფორმაციას „ქართული ოცნება“. მისმა წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა, რომ ეს ფაქტი არ უკავშირდება პოლიტიკას. მისი თქმით, იქ იმყოფებოდა ადამიანი, რომელიც თავისთვის მზესუმზირას მიირთმევდა, შენიშვნა იუკადრისა და სამჯერ გაისროლა. ირაკლი კობახიძემ მომხდარი, ლამის, თავად ოქრუაშვილს დააბრალა და არ დაადასტურა, რომ ინციდენტთან კახი კალაძის ცოლისძმას ჰქონდა კავშირი: „ოქრუაშვილი არაა ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომ მისით ვიცეპრემიერი დაკავებულიყო, ამ განცხადებებით ის ცდილობს, კახი კალაძეს დაუკავშირდეს“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ. სიტუაცია სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც შეაფასეს. დაჭრილი პირები გორში ირაკლი ალასანიამაც მოინახულა და განაცხადა, რომ როცა წინასაარჩევნო შეხვედრები იარაღის ჟღარუნის ფონზე მიმდინარეობს, ეს საგანგაშოა. ენმ-ს სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე მომხდარს მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამგვარი ფაქტების სიმრავლე ნიშნავს ერთს: ხელისუფლება სიტუაციას ვერ აკონტროლებს. მისი თქმით, გარკვეულ ეჭვებს ისიც აჩენს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მეორე ადამიანია, რომელმაც „რუსთავი 2“-ის მფლობელობაზე პრეტენზია გამოთქვა, საიდანაც ერთი მკვდარია.   ქრონიკა+“ ირაკლი ოქრუაშვილს უშუალოდ თავდასხმის დღესვე დაუკავშირდა, თუმცა, იმის გამო, რომ გვიან ღამემდე დაკითხვაზე იმყოფებოდა, მან ჩვენს შეკითხვებს მოკლედ უპასუხა: _ ბატონო ირაკლი, თავდაპირველად, დაჭრილების მდგომარეობა გვაინტერესებს. _ ერთი ფეხშია დაჭრილი, მეორე _ ხელში. ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ და მათი მდგომარეობა სტაბილურია. _ თქვენ განაცხადეთ, რომ დაელოდებით, რა შედეგს დადებს გამოძიება, თუმცა კი გაქვთ სურვილი, მაგრამ არაფერს მოიმოქმედებთ, რათა ბრალდებული თავად მოძებნოთ. რა არის ის გონივრული ვადა, თქვენი აზრით, რომელსაც დაელოდებით და რა ვადაშიც გამოძიებამ შედეგი უნდა დადოს? _ დიახ, კიდევ ვიმეორებ, არანაირ მოქმედებას თავად არ დავიწყებ, თუმცა ამის შესაძლებლობაც მაქვს და რესურსიც, სურვილიც, რომ არ დაგიმალოთ. მაგრამ დაველოდები, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება და დაველოდები „ქართული ოცნების“ ადეკვატურ განცხადებას. დაველოდები არჩევნების დღემდე, ასეთი საქმეები 3-4 დღეში იხსნება, როგორც წესი, თუ მოინდომებენ. _ თქვენ ასევე ახსენეთ, რომ შესაძლოა, ბრალდებული ცხინვალის რეგიონში გადავიდეს. ამასთან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია დამატებით? _ არა, არ ვიცი, გადავიდა თუ არა. არსებობდა ვარაუდი, რომ გადავიდოდა და სხვა არაფერი ვიცი. _ უკავშირებთ თუ არა მომხდარს „რუსთავი 2“-თან მიმართებით თქვენს ცნობილ განცხადებას და სკანდალურ დოკუმენტს? _ ამის არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია და იმის მიუხედავად, რომ ჩემი ვარაუდები მაქვს, ამის თაობაზე მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვი. ირაკლი ოქრუაშვილმა პირველივე დღეს დაასახელა ის პირი, რომელმაც, მისი თქმით, თავდასხმა განახორციელა და შეხვედრის მიმდინარეობის დროს ისროლა.  მის გამოჩენას ოქრუაშვილი კახი კალაძის ცოლისძმას უკავშირებს: "მან მოიყვანა მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ადამიანის დაჭრაზე, იარაღის უკანონო ტარებაზე არაერთგზის ნასამართლევი ალექსანდრე ინდიაშვილი, რომელიც ცნობილი კრიმინალია გორში", - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი და ამატებს, რომ ამ თავდასხმას არ უკავშირებს "რუსთავი-2"-ის საქმეს, რადგან ამისთვის საფუძველი ჯერ არ აქვს, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ ალექსანდრე ინდიაშვილი სადმე გარდაცვლილი იპოვეს, ამ ვერსიასაც განავითარებს. ინტერნეტში ინდიაშვილის ფოტოც გამოქვეყნდა, სადაც ის იარაღთან ერთად პოზირებს.  

                                                                                                                        ლაშა ბერულავა

   

გაზიარება