„დღეს ქვეყანაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა. მოხმარების გამო ადამიანები ციხეში მიდიან და, რეალურად, მცირე ოდენობები საერთოდ არ არის განსაზღვრული. ინტრავენური ნარკომანი 50 ათასი ადამიანია, ბოლო კვლევით ეს მაჩვენებელი 5 ათასით მომატებულია. არანაირი მონაცემი არ გაგვაჩნია, თუ ვინ მოიხმარს სააფთიაქო ნარკოტიკს, სხვა ტიპის ნარკოტიკებს, ბიონარკოტიკებს, ასევე მარიხუანას. ექსპერტული გაანგარიშებით, დაახლოებით, 80 ათასიდან 100 ათასამდეა იმ ადამიანის რაოდენობა, ვინც საქართველოში ნარკოტიკებს მოიხმარს. ეს ძალიან მძიმე მაჩვენებელია, პრაქტიკულად, ეპიდემიაა. ამ დროს ქვეყანაში პრევენცია არ არსებობს. მკურნალობაზე თანხა გამოიყოფა, მაგრამ არასაკმარისი და მცირე. რეაბილიტაცია არ არის“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ სიხარულიძე.
რთულ რეალობასა და გამოსავლის გზებზე სწორედ ზურაბ სიხარულიძეს ვესაუბრებით:
_ ბატონო ზურაბ, ზოგადად, ამ დარგში რა მდგომარეობაა?
_ ძალიან ცუდი, სრული სტაგნაციაა, რეალურად, არაფერი ხდება. დარგი მთლიანად მონოპოლიზებულია. ეს არის ძველი ნარკოლოგიის ინსტიტუტი, ახლა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებაა და სახელმწიფო პოლიტიკას უნდა განაგებდეს. ეს პოლიტიკა არ ყალიბდება, მასში ვერანაირი ცვლილება ვერ შეიტანეს. ზოგადად, ქვეყანაში ამ პრობლემის მიმართ მათი ხედვა არ არსებობს. ისინი ცდილობენ, რომ ყველა კერძო კლინიკა ჩაძირონ და მათთან ომის რეჟიმში იმყოფებიან, რადგან კონკურენციის თავი არ აქვთ. წამგებიანი დაწესებულებაა, პრაქტიკულად, ვალებშია. უამრავი სტატიაა დაწერილი, როგორც ფსიქიატრიაში, ასევე ნარკოლოგიურში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ამაზე სახალხო დამცველის დასკვნაა და ა. შ.
არც მეცნიერება, არც რაიმე ახალი მათგან არ მოდის. პოლიტიკურ ნაწილში ყოველთვის იმ ძალას ემხრობიან, რომელიც სათავეშია, მის პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებენ. შესაბამისად, ორგანიზაცია აპოლიტიკური არ არის. არჩევნებს ელოდებიან და იქ უმრავლესობაში ვინც აღმოჩნდება, იმის დაკრულზე იცეკვებენ. იყვნენ „ნაციონალები“, მათ პოლიტიკას ატარებდნენ; მოვიდა „ოცნება“, მათ ხაზს მისდევენ; ახლა, კიდევ, „ოცნება-ნაციონალები“ ერთად თუ მოვლენ, მათ პოლიტიკას გაატარებენ. ამ ბოლო პერიოდში დაწესებულებაში ძალიან დიდი ძვრები მაინც მოხდა, ბევრმა ადამიანმა სამსახური დატოვა. მერე, ალბათ, ყურადღება მიაქციეთ მოვლენებს, რაც ივნისში ჩვენს დაწესებულებასთან მიმართებით განვითარდა. მოკლედ, ამ თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა, ისინი ცვლილებას არ აპირებენ და არ სურთ თანამშრომლობა.
რეალურად, ეს ორგანიზაცია საბჭოთა პერიოდის გადმონაშთია. ასევე შიგნით ძალიან დიდი დაპირისპირებაა. ერთი ნაწილი საერთოდ ხმას ვერ იღებს და გაჩუმებულია. ამ დაწესებულებაში უკვე მე-15 რეორგანიზაცია ჩატარდა და ყოველ ამ დროს სტაფი განთავისუფლების საშიშროების ქვეშაა. ამას პლუს, სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების წინაშე უამრავი ვალი აქვთ. ამ დროს ეს დაწესებულება ქვეყნის ნარკოლოგიაში, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაში პოლიტიკას უნდა ატარებდეს.
იცით, რომ დღეს ქვეყანაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა. კანონები წინა ხელისუფლების დროს მიიღეს. რეგიონში ერთადერთი ქვეყანა დავრჩით, სადაც ასეთი რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა, როდესაც მოხმარების გამო ადამიანები ციხეში მიდიან და, რეალურად, მცირე ოდენობები საერთოდ არ არის განსაზღვრული. ადამიანი რომ დაიჭირონ, ნული მთელი ნული ნულით, რაღაც მეათასედი გრამით, როგორც დიდი ოდენობით შეძენაზე, ისე უთვლიან. ეს მთავრობა შეეცადა, რომ რაღაც ცვლილებები შეეტანა, თუმცა ფასადურად. ასევე ორი საკმაოდ დიდი ცვლილებაა: 260-ე მუხლში ცვლილება შეიტანეს, სადაც გამიჯნეს მოხმარება, შენახვა და გასაღება. მეორე ცვლილებაა, რომ სასწრაფო დახმარებას პოლიცია აღარ უნდა მოჰყვებოდეს, როცა ზედოზირებაა. ეს საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები იყო, თუმცა არ გაგრძელდა. პრაქტიკა, რომელიც 2006 წლიდან მოქმედებდა ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, მხოლოდ მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ძალიან მაღალი ჯარიმები, _ ეს საკითხები ისევ ისე დარჩა.
_ მომხმარებლების რაოდენობის მხრივ ქვეყანაში რა მდგომარეობაა?
_ ბოლო მონაცემებით, ინტრავენური ნარკომანი (ანუ ადამიანები, რომლებსაც პრობლემურ ნარკომომხმარებლებს ვუწოდებთ) 50 ათასი ადამიანია, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა. ბოლო კვლევა 2009 წელს ჩატარდა და ეს მაჩვენებელი 5 ათასით მომატებულია. მაგრამ ჩვენ არანაირი მონაცემი არ გაგვაჩნია, თუ ვინ მოიხმარს სააფთიაქო ნარკოტიკს, სხვა ტიპის ნარკოტიკს, ბიონარკოტიკებს, ასევე მარიხუანას. სავარაუდოდ, ექსპერტული გაანგარიშებით, დაახლოებით, 80 ათასიდან 100 ათასამდეა იმ ადამიანის რაოდენობა, ვინც საქართველოში ნარკოტიკებს მოიხმარს.
_ ეს ჩვენისთანა ქვეყნისთვის როგორი მაჩვენებელია?
_ ძალიან მძიმე! პრაქტიკულად, ეპიდემიაა.
_ ეს რეალობა რა შედეგებს იწვევს?
_ იმას, რომ, თუნდაც, ამდენი ჩ ჰეპატიტით დაავადებული გვყავს, რომელთაგან, დაახლოებით, 70% ინტრავენური მომხმარებელია; ეს არის შიდსის პრობლემა, კრიმინალი და ა. შ. იმ დღეს სტატია წავიკითხე, რომ ქუთაისში სასამართლოში ჩანიშნული საქმეების აბსოლუტური უმეტესობა ნარკოტიკებს უკავშირდებოდა: ზოგი მოხმარებაზე, ზოგი განმეორებით ჯარიმაზე და ა. შ. რეალურად, შედეგი ის არის, რომ პრობლემები გვაქვს როგორც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, ასევე კრიმინალთან, ინფექციური დაავადებების გადადებასთან. ეს იგივე უმუშევრობასთან არის დაკავშირებული და ა. შ. ამ დროს ქვეყანაში პრევენცია არ არსებობს. მკურნალობაზე თანხა გამოიყოფა, მაგრამ არასაკმარისი და მცირეა, რეაბილიტაცია არ არის.მთელი რესურსი მხოლოდ ძალოვან ღონისძიებებზე იხარჯება. ეს ნიშნავს, რომ ნარკოპოლიტიკა საერთოდ დაუბალანსებელია. მაშინ არის დაბალანსებული, როდესაც იგივე თანხები იხარჯება, როგორც ეს ძალოვან მიმართულებაზე ხდება. გვყავს უამრავი ადამიანი, პრობაციონერი, რომელიც გასამართლებულია ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემებზე; მათ ჩამორთმეული აქვთ უფლებები 5 წლით, 7 წლით ქვეყნიდან გაუსვლელობა, გარკვეული პროფესიების არქონა, მუშაობის პრობლემა და ა. შ.;
ციხეებში ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს, რომელიც მცირე ოდენობა ნარკოტიკის ფლობისთვისაა გასამართლებული. ასევე მოხმარებაზე ბევრი ადამიანია დაჯარიმებული. ეს ჯარიმები ძალიან მაღალია _ 500 პირველ ჯერზეა, მერე 2000 ლარია. ეს, ზოგადად, მოსახლეობაზე აისახება, რადგან არც ერთი ნარკოტიკის მომხმარებელი თვითონ ჯარიმის გადამხდელი არ არის. ანუ ყველაფერი ოჯახს აწვება. ოჯახი იღებს სესხს, შესაბამისად, ამას ვეღარ იხდის, კარგავს ბინას, სახლებს.მერე ეს ონლაინსესხები (რომელიც ქვეყანაში მომრავლდა) ამ პროცესს კარგად უწყობს ხელს. ეს ჯაჭვური პრობლემებია დაუსრულებლად. შესაბამისად, მხოლოდ სადამსჯელო პრევენცია არ მუშაობს და ეს უკვე მსოფლიო გამოცდილებაა. ამიტომ პრევენცია უნდა იწყებოდეს საბავშვო ბაღებიდან და ა. შ. სკოლებში მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს, მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს. ასევე ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. გარშემო ისეთი ქვეყნები გვყავს, სადაც ნარკოტიკების წარმოება და გადაზიდვა ხდება. გეოპოლიტიკურად სატრანზიტო ქვეყანა ვართ, სადაც, ალბათ, ნარკოტიკების რაღაც გარკვეული რაოდენობა რჩება კიდეც. გახსოვთ, ნარკოტიკების რა რაოდენობა ამოიღეს, თუნდაც, ბოლო პერიოდის განმავლობაში.
ასე რომ, ძალიან ბევრი პრობლემაა. ამ გამოწვევებს ვერ პასუხობს ვერც დარგი, ვერც სახელმწიფო... ერთადერთი, რომლებიც ამ საკითხს ასე ხისტად უდგებიან, არიან სამართალდამცველები. მათი საქმიანობა, ძირითადად, ნარკომომხმარებლების გამოვლენაა, ნარკოტესტირებაზე წაყვანაა, შემდეგ სასმართლოში გადაყვანა და ა. შ. ეს ყველაფერი ხომ ხარჯია?მერე ამ ჯარიმებით ბიუჯეტში ძალიან დიდი თანხა შედის, რომელიც, პრაქტიკულად, ამავე ნარკოტიკების მომხმარებლებს არ ხმარდება...
_ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე საუბრობენ, ეს რა შედეგებს მოიტანს?
_ დეკრიმინალიზაცია, პირველ რიგში, იმ შედეგს მოიტანს, რომ ჩვენი ნარკოპოლიტიკა ლიბერალური გახდება და ევროპის ქვეყნებს დაემსგავსება. პრაქტიკულად, ყველა ევროპულ ქვეყანაში ეს უკვე მიღებულია და მუშაობს კიდეც;მეორე: ადამიანები ციხეში არ წავლენ და მხოლოდ მოხმარების გამო ამდენი პატიმარი და პრობაციონერი აღარ გვეყოლება; მესამე: ამ ყველაფერზე დაზოგილი თანხები წავა სამკურნალო დაწესებულებებში, პრევენციაზე და ადამიანები რეალურად შეძლებენ რეაბილიტაციას. დაავადებულებიც ხომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან? ამ ხალხს ხომ ვერ გადავყრით? დღეს ჩვენი სერვისებით ნარკოტიკების მომხმარებლების მხოლოდ 5-დან 10%-მდე არის მოცული. ანუ 85%, პრაქტიკულად, ვერანაირ სერვისს ვერ იღებს. მეორე ნაწილი მომხმარებლებია, რომლებმაც შეიძლება, ერთხელ მოიხმარეს მარიხუანა, გააჩერეს, წაიყვანეს და 500 ლარი გადაახდევინეს; მეორეჯერ იმავე თვეში დაიჭირეს, 2000 შეუფარდეს და ეს საქმე სისხლის სამართალში გადავიდა, ეს პრობლემა გაგრძელდა, მერე ეს ადამიანი პრობაციონერი გახდა, მუშაობის უფლება დაკარგა, მართვის უფლება ჩამოართვეს და ა. შ. ასეთი ხალხი ბევრია. ეს ყველაფერი ერთმანეთზე გადაბმულია. შესაბამისად, დეკრიმინალიზაცია იმას მოგვიტანს, რომ, ელემენტარულად, კანონი კანონს დაემსგავსება და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოვა.
განისაზღვრება მინიმალური რაოდენობები პირადი მოხმარებისთვის, რომლის შედეგადაც ადამიანები დიდი სასჯელით ციხეში არ წავლენ. რეალურად, ადეკვატური სასჯელები და სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანებისადმი ადეკვატური მიდგომა იქნება. ამას ალტერნატიულ სასჯელს უწოდებენ, როდესაც ადამიანი რაიმე მსგავსს ჩაიდენს (მაგალითად, ნარკოტიკებთან დაკავშირებით), სახელმწიფო ციხის მაგივრად სამკურნალო დაწესებულებაში, ან სარეაბილიტაციო ცენტრში გაუშვებს გარკვეული კურსის გასავლელად და ა. შ. ანუ სისტემა ბევრად მოქნილი იქნება და ქვეყანა ბევრ კარგ შედეგს მიიღებს, რადგან ამ გზით სერვისები განვითარდება. აუცილებლად უნდა განვითარდეს ზიანის შემცირების სერვისები, რომ ჩვენ შევაჩეროთ ჩ ჰეპატიტის, შიდსის, სხვა ინფექციების გადადების საშიშროება. შემცირდება კრიმინალი და ბევრი კარგი რამე მოხდება, როგორც პორტუგალიაში, ჩეხეთში, ინგლისში, აშშ-სა და ა. შ.
_ ეს ნაბიჯი ნარკომომხმარებელთა რაოდენობის ზრდას ხომ არ გამოიწვევს?
_ არ გამოიწვევს, რადგან ბევრმა ქვეყანამ დეკრიმინალიზაცია მოახდინა და ამან ნარკოტიკების მომხმარებლების ზრდა ნამდვილად არ გამოიწვია. პირიქით, დასტაბილურდა და შემცირდა. ჩვენ ვიგონებთ ველოსიპედს. ამ თვალსაზრისით, საერთოდ, უნიკალური ხალხი ვართ.
_ განაცხადეთ, რომ პარტიები არჩევნებამდე დეკრიმინილაზაციის პირობას დებენ და შემდეგ ამას არ ასრულებენ. ამ ეტაპზე რამდენად მოსალოდნელია მათი მხრიდან რეფორმის განხორციელება?
_ არ მახსოვს არჩევნები, როდესაც ამაზე საუბარი არ ყოფილიყოს. შეგიძლიათ გადახედოთ ყველა წინა არჩევნებს, ყველა პარტიის პროგრამაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დაპირება იყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, დღემდე არაფერი შესრულებულა. სააკაშვილიც კი, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, აცხადებდა, რომ დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდესო. ახლაც მოვისმინეთ მისი ინტერვიუ, რომ, თურმე, „პლანის“ მომხმარებელი ციხეში არ უნდა ჩაესვათ და ამ მხრივ მათ დიდი შეცდომა დაუშვეს. ზუსტად ვიცით, რომ ძალიან მალე ყველას ეს ყველაფერი დაავიწყდება: მანდაც გადადებენ საკითხს, მოითხოვენ კვლევებს, მერე იტყვიან, _ არა, ჯერ საზოგადოებას უნდა ვკითხოთ, ეს საზოგადოება მზად არ არის და ა. შ. ეს რიტორიკა წლების განმავლობაში გრძელდება. ამასობაში მოდის არჩევნები და ასე, ერთ წრეზე ვტრიალებთ. ამ დროს უამრავი ოჯახი იღუპება, ადამიანები ზედოზირებით კვდებიან, მიდიან ციხეში, კარგავენ უფლებებს, ინგრევა ოჯახები, ადამიანები ავადდებიან და ა. შ. ქვეყანაში მძიმე ინფექციები მატულობს და ეს პროცესი არჩევნებიდან არჩევნებამდე გრძელდება.
_ გამოსავალი?
_ გამოსავალი ნამდვილად არის, რადგან საზოგადოებაში კრიტიკული მასა დაგროვდა. გაიხსენეთ ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, რაც ამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით ხდებოდა: ქუჩის აქციები, აქტივისტების ხმაურიანი გამოსვლები, საკმაოდ მასშტაბური აქციები ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და ა. შ. ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვაც ვიხილეთ, სადაც, დაახლოებით, 80%-მდე მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას ემხრობა და, დაახლოებით 60%-მდე ყველა ტიპის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის მომხრეა. საზოგადოების აზრი საკმაოდ მომწიფებულია და არ მგონია, ვინმემ პოლიტიკოსებს უფლება მისცეს, რომ თავისი დაპირება არ შეასრულონ. ეს პროცესი, ალბათ, მალე დასრულდება ახალი პარლამენტი შეკრების შემდეგ, მისი კონფიგურაციიდან გამომდინარე, რასთან გვაქვს საქმე და რა შეიძლება გაკეთდეს.
გელა მამულაშვილი