QronikaPlus
გენდერული დისბალანსი პოლიტიკაში

გენდერული დისბალანსი პოლიტიკაში

2016-10-07 13:20:39

საქართველო, ჯერჯერობით, არ განეკუთვნება იმ მოწინავე ქვეყნებს, სადაც ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში მაღალია როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე პარლამენტში. პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა მხოლოდ 11%-ს შეადგენს, რომლითაც, ჯერჯერობით, ძალიან შორს დგას სასურველი პარიტეტისგან. ზოგადად რომ ვთქვათ, იმ დაბრკოლებებს, რაც ქალების პოლიტიკაში მონაწილეობას ექმნება, საარჩევნო კანონმდებლობა იწვევს. მთელი რიგი ქვეყნების კანონმდებლობაში სპეციალური კვოტებია დაწესებული, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას, განსაკუთრებით, გადაწყვეტილების მიღების დონეზე. არის სხვა ობიექტური ბარიერებიც. არსებობს კონკრეტული სერვისების ნაკლებობა, ბევრ ქვეყანაში არის სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ქალებს არ შეუძლიათ იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებები. როცა ქალთა მცირე მონაწილეობაზე ვლაპარაკობთ, ძალიან ბევრი მიზეზის დასახელება შეიძლება. „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ბოლო კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ კახეთის 9 თვითმმართველ ერთეულში (საგარეჯო, გურჯაანი, თელავი (თემი, ქალაქი), ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი, სიღნაღი, დედოფლისწყარო) ქალების უმრავლესობას არ უკავია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელი თანამდებობები. ისინი, ძირითადად, საქმის წარმოებისა და სხვა ადმინისტრაციულ პოზიციებზე მუშაობენ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, 9 თვითმმართველი ერთეულის საკრებულოებში 263 მანდატიდან ქალებმა მხოლოდ 24 მოიპოვეს, რაც საერთო რაოდენობის 9.1%-ია; აქედან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თვითმმართველ ქალაქ თელავშია, სადაც საკრებულოს არც ერთი წევრი ქალი არ არის, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი _ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სადაც საკრებულოს 29 წევრიდან 7 ქალია. კახეთში არც ერთი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ქალი არ არის. ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სათანადო პირობები შექმნას, რათა ქალებს „ოჯახური და სამუშაო ცხოვრების აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებასთან კომბინირება გაუადვილდეთ“. „საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის“ თანახმად, სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, იზრუნოს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას, ლიდერ ქალთა გამოვლენასა და მათ შემდგომ გაძლიერებას. აღებული ვალდებულებების მიუხედავად, დღემდე ლიდერ ქალთა როლი თვითმმართველობებში ნულის ტოლფასია. თელავის საკრებულო ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ქალთა განდეგილობისა, თუმცა პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატთა უმრავლესობა საგანგაშოს ნაკლებად ხედავს დღევანდელ რიცხვში. მართალია, ისინი აღიარებენ, რომ ქალთა როლის გაზრდა აუცილებელია, მაგრამ საკანონმდებლო ინიციატივებისთვის ნაკლებად არიან მზად. უმრავლესი კანდიდატი მიიჩნევს, რომ პარტიებს წახალისება უნდა გაეზარდოთ ქალთა აქტიურ პოლიტიკაში მოღვაწეობისთვის და არა ვალდებულება.   აკაკი ჯიყაშვილი _ „ლეიბორისტული პარტიისთელავი-ყვარლის მაჟორიტარი კანდიდატი: _ საკმაოდ საინტერესო და საჭირო კითხვაა. დღევანდელი ხელისუფლება ტყუილებითაა მოსული და გასაკვირი არც არის, რომ ქალთა ჩართულობა ადგილობრივ პოლიტიკაში ნულამდეა დაყვანილი. ვის უნდა, მოადგილედ ისეთი პირი ჰყავდეს, რომელიც ქალთა უფლებებზე ხმას აიმაღლებს? არც ერთ მერს და არც ერთ სახელმწიფო მესვეურს ეს არ უნდა, ამიტომაა, რომ პარტიული ნიშნით ასაქმებენ. იდევნება განსხვავებული აზრი, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ საკრებულოებში დასაქმებულ ქალებს იშვიათად ვხვდებით. ხდება დანაშაულის წახალისება და მოძალადე პირები მხოლოდ ხელწერილის დადებით და მაქსიმუმ პირობითი პატიმრობით ისჯებიან. ცვლილებები კანონში აუცილებლად უნდა შევიდეს, რომელიც მერსა და საკრებულოს დაავალდებულებს პირდაპირ ქალთა ჩართულობის გაზრდას საკრებულოებში.   დიმა ზაქაიძე _ „თავისუფალი დემოკრატებისმაჟორიტარი კანდიდატი თელავი-ყვარლის ოლქში: _ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ სიის ათეულში სამი ქალია, ამდენად, მე პირადად მივესალმები ქალთა ჩართულობას არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ გარკვეულ ბალანსს თვითმმართველობებში, საჯარო მოხელეთა თანამდებობებზე. ქალებს სწორი და ოპტიმალური ხედვები აქვთ, მათ უნდა მოვუსმინოთ. ტრადიციულად და პოლიტიკურად ჩვენ ამ მხრივ კარგი მაგალითები გვაქვს. შეთანხმებისა და ურთიერთმოსმენის გარეშე არც ოჯახში და არც სახელმწიფოში მნიშვნელოვანი საკითხები არ წყდება. ქვეყნის საჭიროებების დაგეგმვა და ყველას თვალით პრობლემების დანახვა უკეთესი გზაა ქვეყნის განვითარებისთვის.   ირაკლი სესიაშვილი: _ კონკრეტულად სახელებს არ დაგისახელებთ, მაგრამ ქალებმა საკუთარი ადგილი და როლი უფრო სწრაფად იპოვეს, ვიდრე მამაკაცები მოერგნენ ქვეყანაში ამ ახალ რეალობას. ქალი მეტად არის დასაქმებული, ვიდრე მამაკაცი მთელი ქვეყნის მასშტაბით. შეიძლება, ეს დისბალანსი რაიონებში და რეგიონებში არის და ამას თავისი გარკვეული მიზეზები ჰქონდეს, თუმცა სულ უფრო მეტი წარმატებული ქალი პოულობს საკუთარ ადგილს, მათ შორის, რაიონებში. მე, მაგალითდ, გენდერული საბჭოს წევრი ვარ და მიმაჩნია, ქალთა როლის გაძლიერება უნდა მოხდეს სპეციალური პროგრამებით. შეგვიძლია ავიღოთ რამდენიმე პროექტი, მაგალითად, თუნდაც, მარტოხელა დედებისთვის დავთქვათ, რომ მარტოხელა დედას უპირატესობა მიენიჭება. უნდა იყოს სწორი რეგულაცია (A კატეგორია B კატეგორია) და კარიერული განვითარების მოტივაცია უნდა გავუჩინოთ საზოგადოებას.   გოჩა მამაცაშვილი _ „პატრიოტთა ალიანსისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი: _ ქალის როლი პოლიტიკაში მნიშვნელოვანია. შორს არ წავალ და მოვიყვან მიმდინარე საარჩევნო კამპანიის მაგალითს: იმედია, არავინ უარყოფს, რომ ქალების ჩართულობა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი, მამაკაცების, მაგრამ როგორც კი თანამდებობებზე მიდგება საქმე, რატომღაც, პრიორიტეტი ენიჭებათ, უფრო სწორად, ენიჭებოდათ მამაკაცებს, რადგან ეს მითი უკვე დაიმსხვრა ჩვენი საარჩევნო ბლოკის მაგალითზე: კახეთში ექვსი მაჟორიტარული ოლქიდან სამში პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად ჩვენ წარდგენილი გვყავს ქალბატონები, მაგალითად: საგარეჯოში კენჭს იყრის „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, ასევე ჩვენ მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში პირველი სამი ნომერი არის ქალი. სხვათა შორის, ქალის გონიერებას, საქმიანობასა და ინტუიციას ვაფასებ და ამიტომ მიმაჩნია, რომ ხელი უნდა შეეწყოს ქალის დიდი დოზით ყოფნას მმართველ რგოლებში როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა სფეროებში.   ვანო გალახვარიძე _ „პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი: _ ამ საკითხზე ჩემი სუბიექტური აზრი მინდა, მოგახსენო. ვფიქრობ, როდესაც საუბარია კვოტირებაზე, რომ აუცილებლად უნდა იყვნენ ქალბატონები, ვთქვათ, თუნდაც, საარჩევნო სიაში ჩასმულები, თუნდაც მაჟორიტარ კანდიდატებად დასახელებულები, ბალანსი  უნდა იყოს დაცული. დავალება მისცე კონკრეტულ მუნიციპალიტეტს, თვითმმართველობის ადგილობრივი არჩევნები იქნება, თუ საპარლამენტო არჩევნები, უნდა გყავდეს ამდენი და ამდენი ქალიო, ეს ცოტა სხვანაირად მიმაჩნია. მაგრამ, ჩემი აზრით, თუ ვინმე ხელს უშლის ქალბატონების აქტიურობას პოლიტიკაში, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ. პირდაპირ გეუბნებით, რომ ძალით ვერავის ვეტყვი და ვერ შევქმნით ისეთ კანონს, როგორ უნდა დაისაჯონ. მე ჩემი მიდგომა მაქვს: მერის ნება-სურვილით არ უნდა ინიშნებოდნენ ადამიანები, არამედ ატესტაციით, სივით, გასაუბრებით. თუმცა მაინც ის ხდება, რაც ხდება. უნდა არსებობდეს კანონში მოქცეული კრიტერიუმები, თუნდაც, იმ ატესტაციისა და გამოცდის  ფარგლებში, რომლებიც არ უნდა იყოს ზედაპირული, როგორც ხდებოდა. კანონით უნდა იყოს გაწერილი და კონტროლდებოდეს სერიოზულად. მოულოდნელი შემთხვევის დროს პასუხისმგებლობა მერს ან გამგებელს უნდა ენიჭებოდეს, თუ არასრულფასოვნად მოხდება ატესტაციაზე ადამიანებს გასვლა. რაღაც კრიტერიუმები უნდა შევიმუშავოთ, რის შემდეგაც მერს, გამგებელს არ ექნებათ უფლება, საზოგადოებისთვის მიუღებელი ადამიანები ამა თუ იმ საპასუხისმგებლო სამსახურში დანიშნონ. ვერ გეტყვით, რომ გამგებლის მოადგილესაც და მერის მოადგილესაც ხალხი უნდა ირჩევდეს, მაგრამ რაღაც კრიტერიუმებით უნდა ფასდებოდეს მათი იტელექტი, თანამდებობაზე შესაბამისად უნდა ინიშნებოდნენ, მათ შორის, ქალბატონებიც. თუ ქალბატონი ბევრად წინ დგას მამაკაცზე ინტელექტუალური მონაცემებით, არანაირი უფლება არ უნდა ჰქონდეს მერსა გამგებელს, ქალბატონებს რაღაცით ხელი შეუშალოს. მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტში ახლა გვყავს ისეთი მეგობარი ადამიანი, რომელიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა და ბევრზე ძლიერი კანდიდატი იყო იმ თანამდებობაზე, რომელზეც ატესტაცია გაიარა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის არ დაინიშნეს, რაც დანაშაულია. ეს ადამიანი იყო ვერკო კობიაშვილი. ეს დანაშაული არ უნდა დარჩენილიყო დაუსჯელი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გრძელია გზა, მთავარია, პირველი ნაბიჯი გადაიდგას გენდერული ბალანსის დასაცავად. ყველაზე მეტი ქალი კანდიდატი ერთ პარტიას მაინც ხომ ჰყავს!  

                                                                                                                  მაკა მოსიაშვილი

 

გაზიარება