QronikaPlus
სოფლის მეურნეობის სენაკელი მინისტრი და ტენდერში გამარჯვებული კომპანიები სენაკიდან

სოფლის მეურნეობის სენაკელი მინისტრი და ტენდერში გამარჯვებული კომპანიები სენაკიდან

2016-10-07 12:21:44

ჩვენ ვაგრძელებთ „ქრონიკა+“-ის მეშვეობით საზოგადოების ინფორმირებას სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებულ დარღვევებზე და კორუფციის დიდი რისკის შემცველ ხელშეკრულებებს საჯაროდ განვიხილავთ.წინა ნომერში მოგაწოდეთ ინფორმაციები და გაჩვენეთ კონტრაქტები, რომლებიც თბილისის მერიამ და მისმა სამსახურებმა გააფორმეს, რითაც მილიონობით ლარი გაიფლანგა. დღეს გვინდა შემოგთავაზოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მასთან არსებულ სსიპ-ებში გაფორმებული ხელშეკრულებები. გაზეთ „ქრონიკა+“-ის მკითხველს ტრადიცულად ვთავაზობთ იმ გამარტივებული (უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვის გზით) წესით დადებული ხელშეკრულებების ანალიზს, რომელიც ცალსახად მიუთითებს შემსყიდველის მიერ მიკერძოებულ დამოკიდებულებას, რაც იწვევს თანხების არარაციონალურ ხარჯვას და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას.ჯერ განვიხილოთ, თუ როგორ ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ერთ-ერთი სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ სახელმწიფო პროგრამა „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ ფარგლებში ხელშეკრულებების გაფორმებას? აგრეთვე, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ყველა ხელშეკრულებას კურირებს, რომელიც გაფორმდა მეფუტკრეობის განვითარებაზე და საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის განკარგულება-დადგენილებები, ხელშეკრულებების გამარტივებული წესით, უტენდეროდ შესყიდვაზე. ჩვენ გაჩვენებთ, თუ რა „აუცილებლობა“ არსებობდა ამ ხელშეკრულებების უტენდეროდ შესყიდვისა, როგორ და რა მექნიზმით შეირჩა ეს კომპანიები.საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის #461 დადგენილებით „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ ნებართვა მიეცა, განეხორციელებინა შესყიდვები გამარტივებული წესით, უტენდეროდ. საქართველოს მთავრობის ეს დადგენილება „გაპრავდა“ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუტქტით, რომელსაც აქვე გთავაზობთ: დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ან/და ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე, ავტონომიური რესპუბლიკებისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სხვა სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში; ასევე ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების სამართლებრივი აქტებით. ჩვენ გამოვყავით ამ კანონის ის ნაწილი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ანუ საქმე ეხება იმ შემთხვევას, როცა სახელმწიფო მნიშვნელობის პროგრამა ხორციელდება და ის უნდა შესრულდეს ისე სწრაფად, ვადებში შემჭიდროვებულად, რომ მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის, გასწიოს დამატებითი, არარაციონალური ხარჯები, რამეთუ უტენდეროდ შესყიდვა ყოველთვის უფრო მაღალ ხარჯებს უკავშირდება, რათა ეს პროგრამა დროულად განხორციელდეს. მხოლოდ თეორიულად დავუშვათ, რომ ეს ასეა, ამაზე ჩვენ არ ვიმსჯელებთ, რამდენად სახელმწიფო მნიშვნელობისაა ფუტკრის სკების დამზადება, მაგრამ მთავრი საინტერესო ფაქტი, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, ახლა იწყება, რომლის ანალიზსაც ქვევით გთავაზობთ. სწორედ 2015 წლის 7 სექტემბრის მთავრობის #461-ე დადგენილების საფუძველზე, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ“, 2015 წლის 10 დეკემბერს, გააფორმა ხელშეკრულება #15-114 შპს „მოდულთან“ თანხით _ 414 840 ლარი. ამ ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებელს უნდა დაემზადებინა 2 სახის ფუტკრის სკები და ერთი ფუტკრის სკის ღირებულება დაფიქსირდა 120 ლარი!!! პირველი ხელშეკრულება გაფორმდა მთავრობის განკარგულებიდან 3 თვის შემდეგ, რაც სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ 2 სრულმასშტაბიანი ელექტრონული ტენდერი ჩატარებულიყო. ანუ არ ყოფილა ისეთი საჩქარო და სახელმწიფო დონის მნიშვნელობის, რომ ტენდერი არ ჩაეტარებინათ. შემდეგ ვნახოთ, როგორ შეირჩა, საერთოდ, ეს კომპანია, ვინ არის მისი მფლობელი და რას საქმიანობდა ის მანამდე? შპს „მოდული“ ეკუთვნის გიორგი კილასონიას (100%), პ/ნ39001037653 და დარეგისტრირებულია სენაკში, სოფელ ნოსირში, 2013 წლის 19 მარტს. ამ კომპანიას, თუ ასე შეიძლება ვუწოდოთ, მხოლოდ ფურცელზე აქვს 2-წლიანი შექმნის ისტორია. არც ერთი მსგავსი სახის კონტრაქტი მას არ გაუკეთებია და, საერთოდ, მას არ გააჩნია ამ ორი წლის განმავლობაში არანაირი ბრუნვები, ამ თანხის ბრუნვაც კი არ გააჩნია 2 წლის განმავლობაში, არათუ ერთი კონტრაქტის მართვის გამოცდილება. ისმის კითხვა, _ სად და როგორ აღმოაჩინა, ვინ გააგებინა, ვინ მოაძებნინა, ვინ გაუწია ამ ფირმას რეკომენდაცია და საიდან გაიგეს ამ ფირმის არსებობა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში“, როდესაც ტენდერი არ გამოცხადებულა, არ გამოცხადებულა ბაზრის კვლევა არც ერთ საინფორმაციო გვერდზე და არც სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე? ეს ერთი შეკითხვა და მეორე: ვნახოთ, რა გეოგრაფიულ არეალს მოიცავს ფუტკრის სკების გადანაწილება საქართველოს მასშტაბით? იქნებ, ეს მხოლოდ სამეგრელოს მასშტაბით ხდება და რაღაც დონეზე მაინც მოვეჭიდებით ხავსს, გავამართლებთ მათ ქმედებას. ხელშეკრულების მიხედვით 3457 ფუტკრის სკა უნდა გადანაწილებულიყო თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით, დაწყებული სტეფანწმინდის (ყაზბეგი) რაიონიდან, გაგრძელებული ქართლით, კახეთით, სამეგრელოთი და ა. შ. თუ გავითვალისწინებთ, ხის გადამამუშავებელი და ავეჯის დამამზადებელი რამდენი სხვადასხვა კოოპერატივია თბილისში, ვნახავთ, რომ სკების ღირებულება ადვილად შეიძლებოდა ჩამოსულიყო გაცილებით ნაკლებ (ვიმეორებ: გაცილებით ნაკლებ!!!) ნიშნულზე, ვიდრე 120 ლარია. მაშინ, ისმის კითხვა, თუ რატომ გააფორმეს ხელშეკრულება ამ კომპანიასთან? რაზეც ამ სტატიის შემაჯამებელ დასკვნაში გიპასუხებთ. ისე, ზოგი დაკვირვებული მკითხველი ამას თავადვე მიხვდება, თუ მომდევნო კონტრაქტებსაც ვნახავთ. შემდეგი ხელშეკრულება გახლავთ ისევ 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული შპს „ტექნოკოლორთან“ თანხით 449 400 ლარი (სახელმწიფო წილი 314 580 ლარი). ახლა ვნახოთ, თუ ვინ არის ეს კომპანია და ვინ არის მისი მფლობელი? ეს კომპანიაც, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, რეგისტრირებულია სენაკში, ბათუმის ქ. #6-ში და მისი დამფუძნებელი (100%-იანი წილი) და დირექტორი გახლავთ  გერონტი მიქავა პ/ნ 39001000482. არც ამ კომპანიას გააჩნია შესაბამისი გამოცდილება და აქაც ხელშეკრულება დადებულია მთავრობის განკარგულებიდან 3 თვის შემდეგ. აქაც, ამ ხელშეკრულების მიხედვით, ერთი ფუტკრის სკის დამზადება დაჯდა 120 ლარი. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს ორი ხელშეკრულება დაკავშირებულია ერთმანეთთან და რეალურად ერთი და იგივე ფირმები, ეს კონტრაქტები განახორციელა ერთმა პიროვნებამ, გერონტი მიქავამ. უბრალოდ, დიდ თანხაზე გაფორმებულ ხელშეკრულებას რომ არ ეყვირა, 2 ნაწილად გაყვეს. შემდეგი ხელშეკრულება, რომელსაც განვიხილავთ, ისევ ფუტკრების სკების დამზადებას შეეხება და ის უკვე გაფორმებულია მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის განკარგულების დღიდან 6 თვის შემდეგ და ისევ შპს „ტექნოკოლორთან“ თანხით 329 897 ლარზე. ბევრჯერ გვითქვამს და ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ ტენდერის ჩატარება არ არის თვითმიზანი, ტენდერი არის ფასდაკლება და იმის გარატია, რომ კონტრაქტები მიკერძოებული არ არის. 7 სექტემბრიდან ნამდვილად შეიძლებოდა ტენდერების ჩატარება. ახლა ვნახოთ, ვინ არის რეალურად ეს ბატონი, შპს „ტექნოკოლორის“ მფლობელი და დირექტორი, გერონტი მიქავა, რომელმაც, ფაქტობრივად, მთლიანად განახორციელა ფუტკრის სკების დამზადება და „უდიდესი წვლილი“ შეიტანა მეფუტკრეობის განვითარებაში? იქნებ, ეს ბატონი ამ დარგის სპეციალისტია და რამე გამოცდილება აქვს ფუტკრის სკების დამზადებასთან და ა. შ.? ჩვენ თუ შემდეგ ხელშეკრულებას განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ბატონი გერონტი მიქავა, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. სენაკში, გვევლინება არა მარტო მეფუტკრეობის, არამედ თხილის წარმოების სპეციალისტადაც. სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმავე სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ“ 2015 წლის 7 ივლისს ხელშეკრულება გააფორმა შპს „პირამიდა 1“-თან თანხით 465 149 ლარზე, სახელმწიფო პროგრამის „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ ფარგლებში, თხილის გასაშრობი და სასაწყობე შენობა-ნაგებობის მშენებლობა. ეს ხელშეკრულება გაფორმებულია ისევ გამარტივებული (უტენდერო) შესყიდვის საშუალებით, ხოლო საქართველოს მთავრობის განკარგულება #1303 მიღებულია 2015 წლის 23 ივნისს. ვნახოთ, ვინ არის ეს შპს „პირამიდა 1“? აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია 100% წლით ეკუთვნის ისევ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბატონ გერონტი მიქავას. ეს კომპანიაც რეგისტრირებულია ქ. სენაკში, იმავე მისამართზე: ქ. სენაკი, ბათუმის ქ. #6. თხილის საშრობისა და დასაწყობების ხელშეკრულება დადებულია 2015 წლის 7 ივლისს, ხოლო შემდგომი ხელშეკრულებები ფუტკრის სკების დამზადებაზე დადებულია 2015 წლის 19 დეკემბერს და 2016 წლის მარტში. აი, თურმე, საიდან იპოვეს ეს კომპანიები. საინტერესოა, ან ამ სამშენებლო კონტრაქტს სად მიაგნეს და ვისი რეკომენდაციით გაფორმდა კონტრაქტორთან ხელშეკრულება, როდესაც, ანალოგიურად, არც სატენდერო განცხადება ყოფილა განთავსებული და არც ბაზრის კვლევა ჩატარებულა, არ გამოცხადებულა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე? სად აშენდა ეს თხილის საშრობი და დასასაწყობებელი შენობა? იქნებ, სენაკში? არა, ბატონო, ეს აშენდა ზუგდიდში, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელში. თუ ამ ხელშეკრულებას ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში კომპანიის მიერ დარიცხულია მაქსიმალური, კანონით დაშვებული ზედნადები ხარჯები 10%-ის ოდენობით, აგრეთვე დამატებით ლითონის კონსტრუქციის ზედნადები ხარჯი 8% და, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობა, რაც შეიძლება დააფიქსიროს კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებში _ 8%. ნამდვილად ყოჩაღ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს. შევაჯამოთ და ცხრილის სახით წარმოგიდგენთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტო ამ სსიპ-ის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებს (უტენდეროდ) და მის მიერ გაფლანგული თანხების მიახლოებით ოდენობას:  

დამკვეთი

კონტრაქტორი

ხელშეკრულების თანხა

ხელშეკრულების საგანი

კონტრაქტორის რეგისტრაციის ადგილი

კონტრაქტორი კომპანიის მესაკუთრე

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში“,

შპს „პირამიდა-I“ (239895903)

 

 

465 149

თხილის გასაშრობი და სასაწყობე შენობა-ნაგებობის მშენებლობა

სენაკი

გერონტი მიქავა

სენაკი

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში“

შპს „ტექნოკოლორი“ (439860278)

 

449 400

მეფუტკრეობის განვითარების პროგრამა, ფუტკრის სკების დამზადება

სენაკი

გერონტი მიქავა

სენაკი

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში“

შპს „ტექნოკოლორი“ (439860278)

329 897

მეფუტკრეობის განვითარების პროგრამა, ფუტკრის სკების დამზადება

სენაკი

გერონტი მიქავა

სენაკი

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში“

შპს „მოდული“ (439862089)

414 840

მეფუტკრეობის განვითარების პროგრამა, ფუტკრის სკების დამზადება

სენაკი

გიორგი კილასონია

სენაკი

    ჯამი=1 659 286 ლარი      
  როგორც ხედავთ, ჯამურად, ოფიციალურად, მხოლოდ გერონტი მიქავას სენაკში რეგისტრირებულ კომპანიაზე გაცემულია უტენდეროდ 1 200 000 ლარზე მეტი კონტრაქტი. არაფოციალური ინფორმაციით, რომელიც სენაკიდან მოგვაწოდეს, შპს „მოდულის“ კონტრაქტიც შეასრულა შპს „ტექნოკოლორმა“. მთლიანად ამ კომპანიებზე, უტენდეროდ, გაიცა 1 659 840 ლარი. იმ მინიმალურ ფასდაკლებებს თუ გავითვალისწინებთ, რაც ახლავს ტენდერების ჩატარებასა და, აგრეთვე, იმ ფაქტს, რომ კომპანიებს მაქსიმალურად აქვს დარიცხული კანონით დაშვებული მოგება 8%-ის ოდენობით და ზედნადები ხარჯები 10%-ის ოდენობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბიუჯეტმა, დაახლოებით, 200 000 ლარზე მეტი იზარალა. თქვენ ხედავთ, რომ ეს კომპანიები ყველა სენაკიდანაა. ძალიან საინტერესოა და შეიძლება შემთხვევითობასაც დავაბრალოთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბ-ნ ოთარ დანელიას ავტობიოგრაფიას, რომელიც სხვადასხვა ვებგვერდზეა ატვირთული და სადაც წერია, რომ მინისტრი სენაკელია, ალბათ, რაღაც კითხვებზე პასუხი ადვილად გაიცემა. დანარჩენი პროკურატურისა და სამართალდამცველების ძიების საქმეა, რომლის იმედიც, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, პირადად მე, ამ ხელისუფლების პირობებში, არ გამაჩნია.   ა/ო შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის დირექტორი

გიორგი ბაჯელიძე

 

გაზიარება