QronikaPlus
WPA-ს კვლევის თანახმად გამოკითხულთა 25% მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 16% _ „პატრიოტთა ალიანსს“

WPA-ს კვლევის თანახმად გამოკითხულთა 25% მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 16% _ „პატრიოტთა ალიანსს“

2016-10-07 12:17:11

წამყვანმა ამერიკულმა სოციოლოგიურმა კომპანიაWilson Perkins Allen Research -მა (WPA) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დაკვეთის გარეშე, საკუთარი ინიციატვით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კომპანიის მესვეურთა განცხადებით, მათ საქართველოს პოლიტიკურ კლიმატში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნიათ, თუმცა სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ამ მონაცემების სჯერათ.   ქრონიკა+“- ესაუბრება კომპანიის წარმომადგენელი _ პოლ სტაკენასი: _ აღნიშნეთ, რომ კვლევას დამკვეთი არ ჰყავს. რატომ გადაწყვიტეთ, თქვენი კვლევების ორიენტირი საქართველო ყოფილიყო? _ საქართველო იმიტომ ავირჩიეთ, რომ, სულ რაღაც, ერთ თვეშია არჩევნები და კარგი პერიოდი იყო გამოკითხვის ჩასატარებლად. გვსურს ჩვენი საქმიანობის არეალის გაფართოება, არ გაგვაჩნია მუშაობის გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველოში და ამიტომაც ჩავატარეთ თქვენთან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. ჩვენი კომპანია უკვე 10 წელია, არსებობს, ორი ოფისი გვაქვს ვაშინგტონსა და ტექსასში. ჩვენ კონსულტაციას ვუწევდით „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ კანდიდატ ტედ კრუზს. ძალიან წარმატებული მონაცემთა პროგრამა შევადგინეთ, რომლის მეშვეობითაც კანდიდატმა ბოლო ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა, მოგვიგო მხოლოდ დონალდ ტრამპმა. _ როგორ გამოიყურება თქვენი კვლევის შედეგები? _ წარმოგიდგენთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თაობაზე, რომელიც 7-11 სექტემბერს ჩატარდა: გამოვკითხეთ 1349 სრულწლოვანი ადამიანი, შესაძლო ცდომილების ზღვარია 2,67%, ანუ 100-დან 95-ის შემთხვევაში. ხალხი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვკითხეთ და სტრატიფიცირება მოვახდინეთ რეგიონის, სქესისა და ასაკის მიხედვით. ჩვენი კომპანია ასევე იყენებს შეწონას და საქართველოს შემთხვევაში რთული შეწონის პრინციპი გამოვიყენეთ. მოკლედ ვისაუბრებ პოლიტიკური გარემოსა და იმ საკითხების შესახებ, რომელიც ქართულ საზოგადოებას აწუხებს. ჩვენ დავსვით ასეთი კითხვა, _ რა არის დღეის მდგომარეობით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოში, რომელიც თქვენ გსურთ რომ მოგვარდეს? ქართველთა 82%-მა აღნიშნა, რომ დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი; 29%-მა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი; 22%-მა დაასახელა ეროვნული უსაფრთხოება; ხოლო 12%-მა განაცხადა, რომ უკანონობის ზრდა წარმოადგენს ქვეყანაში ყველაზე დიდ პრობლემას. საინტერესოა აღინიშნოს, რომ, მაგალითად, იმერეთში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის დასაქმება და მზარდი უკანონობა, რომელსაც იმერეთის მოსახლეობის 26% მიიჩნევს განსაკუთრებულ პრობლემად. ჩვენ ასევე დავსვით ასეთი შეკითხვა, _ მისცემდით თუ არა ხმას ისეთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებდა? ძალიან დიდმა უმრავლესობა, ანუ 10-დან 9 ქართველმა ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა. ძალიან საინტერესო იყო იმის გარკვევა, თუ როგორ მოხდებოდა ამ აზრის მხარდაჭერა. ჩვენ დავსვით ასეთი შეკითხვა, _ უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას? ასევე უდიდესმა უმრავლესობამ, 88%-მა განაცხადა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირში საქართველოს შესვლას. ეს საინტერესოდ მოგვეჩვენა, რადგან ევროკავშირში მხარდაჭერილი საკითხია ერთსქესიანთა ქორწინება. ეს, გარკვეულწილად, ირონიულია, მიუხედევად იმისა, რომ მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას, ხოლო არ უჭერს მხარს ისეთ უნივერსალურ პრინციპს, როგორიც არის ერთსქესიანთა ქორწინება. რაც შეეხება კენჭისყრას, რომელიც უნდა ჩატარდეს ოქტომბერში, ჩვენ დავსვით შემდგი შეკითხვა, _ არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას პროპორციული სისტემით კენჭისყრის შემთხვევაში? 25%-მა განაცხადა, რომ ისინი ხმას მისცემდნენ „ქართულ ოცნებას“, 16%-მა თქვა, რომ ხმას მისცემდა „პატრიოტთა ალიანსს“, 12%-მა განაცხადა, რომ ეს იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, 4% „ლეიბორისტულ პარტიას“, 3% „გაერთიანებულ საქართველოს“, 2% „გაერთიანებულ დემოკრატებს“, 1% „სახელმწიფო ხალხისთვის“, 16%-მა განაცხადა, რომ ხმას არ მისცემდნენ, ხოლო 18%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია. საინტერესოა ის, რომ აზერბაიჯანული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, 48%, ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“; იგივე მიესადაგება დასაქმებულ, საშუალო განათლების არმქონე მოსახლეობას, რომელიც შეადგენს 39%-ს. უმუშევრებისა და სტუდენტების 25% მხარს უჭერს „პატრიოტთა ალიანსს“. საინტერესოა აღინიშნოს, რომ შიდა ქართლში მოსახლეობის 27% მერყეობს და ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, რაც მნიშვნელოვნად დიდია ქვეყნის საერთო მაჩვენებელზე, რომელიც 18%-ს შეადგენს. რაც შეეხება ასაკისა და სქესის მიხედვით ჩატარებულ კვლევას, მაგალითად, 18-დან 44 წლის მამაკაცების 29% მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 44 წელზე უფროსი ქალების 19% მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ახდენს კენჭისყრაში ასაკისა და სქესის მიხედვით განსხვავებების ილუსტრირებას. რაც შეეხება განათლებისა და პროფესიის მიხედევით დანაწილებას, მაგალითად, დასაქმებული, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების 38% მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე დაუსაქმებელი ადამიანები, სტუდენტები და დიასახლისები ხმას აძლევენ „პატრიოტთა ალიანსს“. ეს მკაფიოდ გამოავლენს განსხვავებას იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ, დასაქმებულები არიან და მათ შორის, ვინც დაუსაქმებელია _ დიასახლისები, ან სტუდენტები. რაც შეეხება განმეორებით არჩევნებს, ჩვენ დავსვით ასეთი შეკითხვა, _ პროპორციული სისტემით რომ გაიმართოს არჩევნები, ამ შემთხვევაში რომელ პარტიას, ან კანდიდატს მისცემდით ხმას? გამოკითხულთა 59% ან არ მისცემდა ხმას, ან არ გადაუწყვეტია. ამ შემთხვევაშიც პირველ ადგილზეა „ქართული ოცნება“, 59%-დან იმ ადამიანების უმრავლესობას, რომელთაც შეუძლიათ განმეორებითი არჩევანის გაკეთება, იგივეს გაიმეორებდა. როგორ შეფარდებაშია არჩევნების პირველი და მეორე ტური? _ მაგალითად, ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ „ქართულ ოცნებას“, მეორე ტურის შემთხვევაში მათი 52% ხმას მისცემდა „პატრიოტთა ალიანსს“. ეს გვიჩვენებს, რომ ამ ორ პარტიას მხარდამჭერთა ერთი ბაზისი აქვს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, კვლევის შედეგებით „ქართული ოცნება“ ლიდერობს ორივე _ პირველი და მეორე ტურის კენჭისყრის შემთხვევაში, მიუხედევად იმისა, რომ მათი ამომრჩევლის უმრავლესობა მეორე პარტიად განიხილავს „პატრიოტთა ალიანსს“. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა უმრავლესობა არის ახალგაზრდა მამაკაცი, ასევე საშუალო განათლების არმქონე დასაქმებული მოსახლეობა. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოში არის დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში შესვლას, თუმცა ისინი წინააღმდეგნი არიან ერთსქესიანთა ქორწინების. _ სხვა სოციოლოგიური კომპანიებისგან საკმაოდ განსხვავებული შედეგები წარმოადგინეთ. რამდენად დამაჯერებლად და ზუსტად გამოიყურება თქვენი კვლევა? _ სტატისტიკური თვალსაზრისით, ეს ძალიან სარწმუნო მონაცემია, მაგრამ ჩვენს კომპანიას არ გააჩნია მუშაობის გამოცდილება ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველოში. ამიტომ ცდომილების ზღვრები ავიღეთ. ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“. რა თქმა უნდა, საქართველოს პოლიტიკურ კლიმატში გამოცდილების არქონის პირობებში ძალიან რთულია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ძალიან ზუსტი იყოს, მაგრამ სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ გვჯერა ჩვენი მონაცემების. _ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები? _ მე ვარ სტატისტიკოსი, ჩემი საქმეა მონაცემთა დამუშავება, ციფრობრივი შედეგების წარმოდგენა და მნიშვნელობების შეწონა. თუმცა გეტყვით, რომ საველე სამუშაოების ჩასატარებლად ჩვენი კომპანია დაუკავშირდა კერძო პირებს და კავშირი არ გვქონია არც ერთ ქართულ სოციოლოგიურ კომპანიასთან.  

                                                                                                                 თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება