14 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ გურამ ცერცვაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია გურამ ცერცვაძის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 60-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი. ამ სივრცეში ეს მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში იგრძნობა არტისტის ინტერესი განზოგადებული ფორმებისადმი, მისი რომანტიკულობა და მაძიებელი ბუნება. გურამ ცერცვაძის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მხატვარი მუდმივად ილტვის სიახლისკენ, თუმცა რჩება თავისი ინდივიდუალური შემოქმედებითი სტილის ერთგული. გურამ ცერცვაძე საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარეა. მისი ხელშეწყობით მრავალი საგამოფენო პროექტი განხორციელდა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გურამ ცერცვაძის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფონდებში, გალერეებსა და კერძო კოლექციებში. გამოფენა 1-ლ ოქტომბრამდე გაგრძელდება.
რადიშ თორდია:
_ როგორც თქვენ ნახეთ გურამის ნამუშევრები ერთად, მეც პირველად ვნახე ერთად თავმოყრილი. სხვადასხვა გამოფენაზე მინახავს რამდენიმე ნამუშევარი, მაგრამ აქ არის მისი მთლიანი სახე. ერთი ძალიან მიკვირს _ ეს ადამიანი მუდმივად დაკავებულია ორგანიზაციული საკითხებით და როდის ახერხებს ამდენი ნამუშევრის გაკეთებას? აქ არის რამდენიმე ნამუშევარი, სადაც გურამის ნამდვილი ბუნებაა წარმოჩენილი და ის ამ გზით უნდა წავიდეს. ეს ის ნამუშევრებია, რომელიც არავის ჰგავს. ორგანიზაციული საკითხები ძალიან კარგია, მაგრამ ცოდვაა, არ შეიძლება, ასეთი მხატვარი ამაზე ცდებოდეს. გურამ ცერცვაძე მარტო ჩემთვის არ არის აღმოჩენა და მას უფლება არ აქვს, რომ არ იმუშაოს.
გივი თოიძე:
_ გურამმა დღეს ამ გამოფენით დაამტკიცა, რომ უსიყვარულოდ არაფერი ხდება. სადაც დიდი სიყვარულია, არ არსებობს, მას შედეგი და შედევრი არ მოჰყვეს. გურამი წლების მანძილზე მხატვართა კავშირში იყო, ბოლოს მიხვდა, რომ ხელოვნებისთვის უნდა მიეძღვნა თავი. დღეს მან თავისი სახე აჩვენა, რა შეუძლია, როგორ უყვარს მხატვრობა, რომ ეს გადამდები იყოს და სხვასაც შეუყვარდეს. თითოეული ნამუშევარი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, დიდი მოფერებით და სიყვარულითაა შექმნილი. ჟანრში, რომელშიც მუშაობს, არ აქვს მნიშვნელობა რომელია, მთავარია, იყოს მხატვარი. რაც ვნახე, არ გამკვირვებია, მაგრამ მესიამოვნა ის, რომ ბევრი ლამაზი და თბილი ნაწარმოები ვნახე. არის პორტრეტი, სხვადასხვა კომპოზიცია, მაგრამ თუ გემოვნება არ გაქვს, რაც აუცილებელია მხატვრისთვის, ფუჭია ისეთი ნამუშევრის წარმოდგენა. ვუყურებ ამ კედლებს, რომელიც განსხვავებულია და მთლიანობაში ერთი კაცის შექმნილია. ავტორი ცდილობს, განსხვავებული იყოს. ეს მაგალითია იმისა, როგორ უნდა გიყვარდეს და რით უნდა ცხოვრობდე ამ ქვეყანაზე.
რეზო ადამია:
_ დღეს გურამმა თავისი შესანიშნავი ნამუშევრებით გაგვახარა, ის მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიოშია განთქმული, როგორც დიდებული მხატვარი. აქ წარმოდგენილია გურამის ფერწერა და გრაფიკა, რომელიც ორივე ერთ დონეზეა აყვანილი, ეს ადვილი მისაღწევი არ არის. გურამი, როგორც ფერმწერი, როგორც გრაფიკოსი, დღეს წარდგა ჩვენ წინაშე, როგორც ერთ-ერთი ძლიერი მხატვარი.
გურამ ცერცვაძე:
_ მოგეხსენებათ, მე გახლავართ მხატვართა ეროვნულ-შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარე და ვაკეთებ რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებს. ყველა ამ გამოფენაზე თვითონ ვიფინები, როგორც მხატვარი თითო, ან რამდენიმე ნამუშევრით. საზოგადოების, მეგობრების, მხატვრების აზრი იყო, როგორც მხატვარი და არა როგორც თავმჯდომარე და ხელმძღვანელი, წარვმდგარიყავი საზოგადოების წინაშე ჩემი შემოქმედებითი ნამუშევრებით. ეს ჩემს საიუბილეო თარიღსაც დაემთხვა, 65 წლის გავხდი და ერთად თავმოყრილი ნამუშევრებით ამ შესანიშნავ დარბაზში წარვდექი ქართველი ხელოვნების მოყვარულების წინაშე და გავაცანი ჩემი შემოქმედებითი მრწამსი, მიზნები, როგორ მესახება ქართული მხატვრობის განვითარება როგორც მხატვარს და როგორ შემიძლია ამაში მონაწილეობის მიღება. ამ გამოფენაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ეროვნულმა მუზეუმმა, მხატვართა შემოქმედებითმა გაერთიანებამ და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა. საუბარია ასევე კატალოგის დაბეჭდვაზე, რომელიც მომავალში გამოვა. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. არც ველოდი, იმდენი ხალხი მოვიდა გამოფენაზე. დღევანდელი ყოფიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, რთულია, რამდენიმე საათი დაუთმო ხელოვნებას. თუმცა, ეს ისეთი რამ არის, თუ საზოგადოებამ არ ნახა, შეუძლებელია. მხატვარი მათთვის მუშაობ, აუცილებელია იცოდე, როგორ აღიქვამენ და აფასებენ შენს შემოქმედებას, როგორ უყვარხარ. მეც ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ხალხი და თუკი მათ სიამოვნება და კმაყოფილება იგრძნეს ჩემი შემოქმედებით, ამით ბედნიერი ვარ.
თამარ ბატიაშვილი