გასულ კვირას, ორგანიზაცია „მოქალაქის“ ინიციატივით, მორიგი ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, რომელშიც, ბიზნესმენებთან ერთად, პოლიტიკოსები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ. „ეკონომიკური განვითარება, მიღწევები და პერსპექტივები“, _ ამ დასახელებით მომუშავე ფორუმის მთავარი დანიშნულება, ორგანიზაციის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის თანახმად, იყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კურსის სწორად გაანალიზება, რეფორმების მიმართულებით მთავრობის საქმიანობის შეფასება და ამ მხრივ ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის კუთხით არსებული ვითარების წარმოჩენა. თუმცა ფორუმის საქმიანობა მხოლოდ ეკონომიკურ პარამეტრებზე მსჯელობით არ შემოფარგლულა: ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს უთხრა, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, საზოგადოებას ქვეყნის ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული გარდაქმნების შესახებ ინფორმაცია აქტიურად მიაწოდონ.
ეკონომიკურ ფორუმზე გაჟღერებული გზავნილებისა და ბიძინა ივანიშვილის შეკითხვა-დავალებების შესახებ „ქრონიკა+“-თან ეკონომიკის ექსპერტებმა ისაუბრეს.
ლევან კალანდაძე:
_ ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო. შეხვედრის ნაწილი დახურული გახლდათ და მგონია, რომ სწორი ფორმატი შეარჩიეს. საუბარი იყო ღიად, გულწრფელად და ყოველგვარი მიკიბულ-მოკიბულის გარეშე. ბიზნესი ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ქვეყანაში არსებული მდგომარეობით, ძალიან ადეკვატურად შეფასდა გარკვეული მიღწევები. შევთანხმდით: მიუხედავად იმისა, რომ პოზიტივი გამოკვეთილია, ქვეყნის განვითარების კონცეპტი, მათ შორის, უახლოესი 4 წლის განვითარების თვალსაზრისით, პოლიტიკური და ეკონომიკური აქცენტები კონცეპტუალურად სწორად არის ჩამოყალიბებული, მაინც აღინიშნება რაღაც გარკვეული მიმართულებები, რომელზედაც ხელისუფლების მხრიდან აქცენტების დასმა, გააქტიურება, პოლიტიკის მეტად პედალირება გარკვეულ საკითხებზე საჭიროა. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება თავად ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას. ყველასთვის უკლებლივ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. საწუხაროდ, არსებობს გამოწვევების რისკები როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით რეგიონში არსებული პრობლემები, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული პრობლემები, რომლის გამკლავება უახლოესი წლების განმავლობაში გვიწევს, მაგრამ რაც მთავარია, ბიზნესი არის მზად, გააგრძელოს ის ტენდენცია და ტრენდი, რაც მათ აღებული აქვთ. სტატისტიკურ მონაცემებს გავეცანით, ბიზნესის ხვედრითი წილი ინვესტიციების კუთხით მთლიან შიდა პროდუქტში, 2012 წლიდან დღემდე, მნიშვნელოვნად გაზრდილია. თუ 2012 წელს დაახლოებით 18%-ის ფარგლებში იყო მშპ-ში ბიზნესის ხვედრითი წილი ინვესტიციების განხორციელებაში, დღეს უკვე 25%-ია, ანუ ბიზნესის დამოკიდებულება დაგეგმილი პოლიტიკისადმი დიდია. ამას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ის, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, არსებული ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად შეცვლილია ბიზნესისადმი დამოკიდებულება, ბიზნეს საქმიანობაში დღეს არავინ ერევა, წილების წართმევა, სახელმწიფოსთვის ჩუქება, გადაფორმება, ეს თემა, პრაქტიკულად, ამოწურულია, ამას ბიზნესი იზიარებს და ძალიან კარგად აქვს გააზრებული. აქედან გამომდინარე, ბიზნესმა განაცხადა, რომ მათი აქტიურობა პირდაპირი ინვესტიციების განვითარების კუთხით გაიზრდება, თუ ხელისუფლების დამოკიდებულება ისეთივე იქნება, როგორც არის და თუ ისევე გაგრძელდება, უფრო მეტი კომუნიკაცია იქნება მათთან, უფრო მეტად მოუვლის ხელისუფლება ბიზნესს და თუ საბოლოო ჯამში პოლიტიკას საზოგადოება, მთავრობა და ბიზნესი ერთად ჩამოაყალიბებს, მაშინ ეკონომიკური შედეგების თვალსაზრისით, გაცილებით უფრო წარმატებული იქნება შემდგომი წლები. კარგი სამუშაო შეხვედრა იყო, დახურულობის ფორმატი ბიზნესმენებს საშუალებას აძლევდა, ძალიან გულღიები ყოფილიყვნენ, საკუთარ პრობლემებზეც ესაუბრათ, იმაზეც თუ რა ვერ გააკეთეს, კომერციულ გეგმებზეც, რომელიც ჯერ გასაჯაროებელი არ არის, ესეც გაცხადებულიყო გარკვეული მესიჯები მთავრობის მიმართულებით, რისთვის სჭირდებათ მათ დახმარება და უფრო მეტი ყურადღება.
პაატა შეშელიძე:
_ ღონისძიება ორგანიზებული იყო საზოგადოება „მოქალაქის“ მიერ, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი ივანიშვილი. მოწვეულები იყვნენ სტუმრები სამეცნიერო, ექსპერტული წრეებიდან და პოლიტიკური პარტიებიდან. ორგანიზატორის ამოცანა იყო დამსწრეებისთვის ეჩვენებინა, როგორია მისი აზრით საქართველოში ეკონომიკის მდგომარეობა და, ამავე დროს, სურვილი იყო, გაეგო როგორი იყო დამსწრეების, განსაკუთრებით, მეწარმეების დამოკიდებულება და შეფასება. ამავე დროს, გარკვეულწილად, ივანიშვილს სურდა, რომ მეწარმეებს ღიად დაეფიქსირებინათ პოზიცია, მოსწონთ თუ არა რაც ხდება და მიაჩნიათ თუ არა, რომ ამის გაგრძელება ბევრად უკეთესია, ვიდრე იმის დაბრუნება, რაც მანამდე იყო. მისი აზრით, ეკონომიკურად ყველაფერი კარგადაა, ვითარება გაუმჯობესებისკენ მიდის და, შესაბამისად, მეწარმეებს ყოველგვარი წინაპირობა უნდა ჰქონდეთ, რომ ამას დადებითად აფასებდნენ. გამომსვლელი მეწარმეების უმრავლესობა არსებითად ამას დაეთანხმა, პრაქტიკულად, ამასთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრი არავის გამოუთქვამს. რაც შეეხება განხილვის საგანს _ ეს ბატონი არ არის ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ის, ამავდროულად, არის მმართველი პარტიის დამფუძნებელი, მისი მთავარი სპონსორი და მხარდამჭერი, აქვს ძალიან დიდი გავლენა ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც არა მხოლოდ ორგანიზაციის სახელით მიიღება, არამედ, ზოგადად, მთავრობის. როგორც ვხედავ და სიტუაციას ვაკვირდები, მისი გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, საბოლოოა და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მასთან თანხმდება. შესაბამისად, ყველა ადამიანი, ვინც ამ წრეში ტრიალებს, მას უყურებს როგორც გადაწყვეტილებების მიმღებ ინსტანციას, რომლის აზრი ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც შემდეგი ხასიათისაა: მას, როგორც ცალკე აღებულ პიროვნებას, აქვს უფლება, რომ გაუკეთოს ორგანიზება ნებისმიერ ღონისძიებას, ვისაც უნდა, დაპატიჟებს და ვისაც რა უნდა, იმ კითხვას დაუსვამს, მაგრამ გამომდინარე მისი სტატუსიდან და იმ რეზონანსიდან, რომელიც ამ ეტაპზე აქვს, მის ნებისმიერ გამონათქვამს სჭირდება გარკვეული მოზომვა. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია _ მას აქვს კითხვა, _ გვიჭერ თუ არა მხარს? გამოვიდა ვიღაც და თქვა, არ გიჭერთ მხარს ამიტომ და ამიტომ. შეიძლება იქ არაფერი ქნას, მაგრამ ვიღაცას, რომელიც დღეს განაგებს ამა თუ იმ სექტორს, მართავს სამინისტროს, ან სამინისტროს რომელიღაც რგოლის ხელმძღვანელია, შეიძლება გაუჩნდეს მოსაზრება, რომ ასეთი კომპანია, ან პიროვნება დაისაჯოს. ასეთი საჯარო აზრის გამოთქმის შემთხვევაში, შეიძლება, მეორე დღეს შევიდეს მის კომპანიაში საგადასახადო, შეიძლება სასამართლოში ჰქონდეს დავა და ა. შ. არ არის აუცილებელი, მან დაავალოს, მაგალითად, საგადასახადოს, რომ შევიდეს, ან მოსამართლეზე განახორციელოს ზეწოლა, მაგრამ იმ მოსამართლემ და საგადასახადოს რიგითმა თანამშრომელმა შეიძლება ჩათვალოს საჭიროდ, რომ ეს გაუხარდება ჩემს უფროსსო და თავი მოიწონოს. ამიტომ ეს არის ძალიან საშიში და ასეთი სტატუსის ადამიანს სჭირდება ბევრად უფრო მოზომილი საჯარო განცხადებების გაკეთება, რადგან მის გადაწყვეტილებებზე შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ადამიანის ბედი დამოკიდებული. კონკრეტულ ვითარებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, იქ შეიძლება ბევრმა საკუთარი აზრი, უბრალოდ, არ გამოთქვა და თავი შეიკავა იმიტომ, რომ სწორედ ამის შეეშინდა. დაცულობის გარანტიას ვერავინ მოგცემს, მით უმეტეს, ამ ადამიანს არ აქვს ფორმალური სტატუსი. მე ჩემი აზრი გამოვთქვი და რა შუაში ვარო? _ ბოლოს გიპასუხებს, _ რა კავშირი მაქვს საგადასახადოსთან, მე რა შუაში ვარო? ჩემსა და მის სიტყვას რომ სხვადასხვა წონა აქვს ამ ეტაპზე, ხომ მეთანხმებით? მას გადაწყვეტილებებზე გავლენა აქვს. ეს არის საფრთხე, რომელსაც უფრო მოზომილი მოპყრობა სჭირდება. სამწუხაროდ, ხშირად ეს მომენტი ხელიდან გარბის, ინტონაცია, მოთხოვნის სიმძაფრე, დაჟინება, გინდა თუ არა თქვი, რომ მხარს მიჭერ, ჩემი აზრით, სცილდებოდა დასაშვებ და გონივრულ საზღვრებს. შეიძლება, ამან უბიძგოს ბევრ ადამიანს არაკეთილსინდისიერი ქმედებისკენ. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ზოგადად, არ ვარ წინააღმდეგი ასეთი შეხვედრების, ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს შეხვედრისა და საკუთარი აზრის გამოთქმის თავისუფლება, დასვას მწვავე კითხვები და მხარდაჭერის მოთხოვნის უფლებაც აქვს. მე რომ მოვიწვიო მეწარმეები და მხარდაჭერა ვთხოვო, რა მოხდა, მომისმენს, ან დამიჭერს მხარს, ან _ არა, მაგრამ მე ხომ არ მაქვს ძალაუფლება, რომ ვაიძულო, მხარი დამიჭიროს, ვერანაირად ვერ დავაშინებ, რომ თუ მე არ დამიჭერს მხარს, ხვალ ვიღაცა შეუვარდება და პრობლემებს შეუქმნის. ცნობილია, რომ მე ეკონომიკური თავისუფლების გაფართოების მომხრე ვარ, შემიძლია დავისვა ეს მეწარმეები, ამაში მხარდაჭერა ვთხოვო და ვუთხრა, რომ ეს თქვენთვის კარგია და თუ მხარს არ დამიჭერთ, რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთ-მეთქი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც მხარს არ დამიჭერს, იმას პასუხს ვაგებინებ. ამის ბერკეტი მე არ გამაჩნია და ჩემი მხარის არდაჭერის ფასად მათ არ დასჯიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამის საფრთხე შეიძლება იყოს იმიტომ, რომ ასეთი მხარდაჭერის საჯაროდ არდაფიქსირება შესაძლებელია, ძვირად დაუჯდეს.
შოთა გულბანი:
_ ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში. ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენები, რომლებიც ფორუმზე იყვნენ წარმოდგენილნი, თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ნომერ პირველი ადამიანი ძალაუფლების, ბიზნესების მობილიზების მხრივ არის ბიძინა ივანიშვილი და მისი აზრი და სიტყვა ანგარიშგასაწევია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია _ ემხრობიან თუ არა საქართველოში არსებული ბიზნესმენები წინა ხელისუფლებას, თუ მათი დამოკიდებულება შეცვლილია ხელისუფლების მიმართ? რაც წინა ხელისუფლების პერიოდში იყო რეალური ფაქტები შანტაჟის, ტერორისა და ა. შ. დღეს რადიკალურად არის შეცვლილი და მთავარი მესიჯიც იყო ის, გაეგებინებინა ბიზნესმენებისთვის, რომ თქვენც ილაპარაკეთ ამაზე, რომ დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია, თქვენც აიღეთ გარკვეული პასუხისმგებლობა ამ პროცესებში, რასაც ჰქვია მთლიანობაში ეკონომიკის მშენებლობა იმიტომ, რომ ბიზნესი არის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი, რომლის გარეშეც ეკონომიკა არაფერი არ არის. საჭიროა მრავალი ჯანსაღი ბიზნესის ფუნქციონირება, რომელთაც თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა ექნებათ, რომ ქვეყნის მშენებლობაში თავიანთი წვლილი შეიტანონ. ბიზნესმენების შეფასებები იყო საკმაოდ გულწრფელი და უშუალო, მათი განცხადებით, არ ყოფილა არანაირი შანტაჟის, ტერორის, ან რაიმე დაძალების ტონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, უბრალოდ, ეს ადამიანი მათგან მოითხოვდა გარკვეული პასუხისმგებლობის აღებას. მოგეხსენებათ, ბიზნესი არის ნაწილი, რომელთან შეთანხმებაც საკმაოდ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პროცესებში იმიტომ, რომ ფინანსური რესურსები სწორედ ამ ადამიანებისგან მოედინება.
გიგა ბედინეიშვილი:
_ თავისთავად, ფორუმის ფორმატი ჩემთვის პრობლემურია, იმიტომ, რომ გაუგებარია, რა პოზიციიდან იწვევს ფორუმებს ივანიშვილი? როგორც ვიცით, ის არის ქვეყნის არაფორმალური მმართველი და თავისთავად პრობლემა არის ის, რომ ადამიანი, რომელიც აკონტროლებს მთავრობას და ხელისუფლებას, ახლა ცდილობს, გავლენა მოახდინოს მსხვილ ბიზნესზე. ამ ფორუმებს იყენებს იმისთვის, რომ არჩევნებში დაეხმაროს თავის მარიონეტულ მთავრობას, ამ ყველაფრის მიზანი არის ეს. მეორე პრობლემა, რასაც მე აქ ვხედავ, არის ის, როგორ გამოიყურება ეს ფორუმები და როგორი იმიტაცია ხდება ივანიშვილის მიერ ქვეყნის ბიზნესმენების მიმართ. ეს არის რუსული სცენარი, როგორც პუტინი იბარებს რუს ბიზნესმენებს და ყველამ იცის, რომ პატრონი და მმართველი აქ არის პუტინი, ისინიც კარის ბიზნესმენები არიან, დაახლოებით ასეთი ოპტიკა აქვს ამ ფორუმსაც. ბატონი ივანიშვილი თავის ლიგაში არის მარტო, როგორც ბიზნესმენი და, თუ გნებავთ, როგორც ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი. ბიზნესმენები იქ არიან იმისთვის, რომ რაღაც ინსტრუქციები მიიღონ ხელისუფლებისგან. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, იმედი მქონდა, რომ გაცილებით ძლიერი და დამოუკიდებელი ბიზნესმენები გვეყოლებოდა ამ პერიოდისთვის. ძალიან მწყინს, რომ მსხვილი ბიზნესმენები იძულებულები არიან, ასეთ მდგომარეობაში აღმოაჩინონ საკუთარი თავი. ამ შეკრებაზე კიდევ იყო რამდენიმე რეაქცია, რომელმაც ჩემი გაოცება გამოიწვია. ერთი მხრივ, ძალიან კარგად მესმის ბიზნესმენების. ისინი არ არიან პრობლემა, პრობლემა აქ ივანიშვილია და იქიდან მოდის მთელი პრობლემები, რაც საქართველოშია. ის, რომ ივანიშვილია არაფორმალური მმართველი და ის აკონტროლებს ქვეყანას, ეს არის ძირეული პრობლემა, თორემ რა ქნან ბიზნესმენებმა? უნდათ, თავიანთი საქმე აკეთონ და სტაბილური პირობები სჭირდებათ, მაგრამ ამის გათვალისწინებითაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ ლაპარაკია ძალიან მსხვილ ბიზნესზე. მსოფლიო მასშტაბის ბიზნესმენები კი არ არიან ისინი, მსოფლიო მასშტაბის ივანიშვილია თავისი 7 მილიარდით, მაგრამ საქართველოს მასშტაბით უმსხვილეს ბიზნესზეა ლაპარაკი. ძნელია ვთქვათ, რომ ისინი ბიზნესის წარმომადგენლობითი ნაწილნი არიან, საშუალო და წვრილი ბიზნესი ეკონომიკის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ვიდრე ეს მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც იქ იყვნენ წარმოდგენილნი. მსხვილი ბიზნესმენები ყოველთვის ეცდებიან, რომ მთავრობასთან იყვნენ დაახლოებულნი, ეს არის ქრონიზმი, კაპიტალიზმის ერთი ფორმა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მსხვილ ბიზნესმენებს უნდათ მთვრობასთან ახლოს ყოფნა, რომ თავიანთი ბიზნესისთვის საუკეთესო პირობები მიიღონ მთავრობისგან. ამით, რა თქმა უნდა, ისინი უფრო ხეირობენ, ვიდრე საშუალო და წვრილი ბიზნესი. საშუალო და წვრილ ბიზნესმენებს ხომ არ აქვთ საშუალება, რომ კვირიკაშილთან შეხვედრებზე იარონ, მით უმეტეს, ივანიშვილი მაგათ ხომ არ დაუჯდება სალაპარაკოდ? მაგალითად, მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, ბატონმა რამიშვილმა, საინტერესო კომენტარი გააკეთა, ძალიან მოსწონს ივანიშვილის პოლიტიკა იმიტომ, რომ წინა მთავრობის დროს რაღაც საბაგიროს გაკეთებას აპირებდა, გაუქრა ეს გეგმები, ახლა ძალიან კმაყოფილია და მხარს უჭერს ივანიშვილს. ფაქტობრივად, რამდენიმე თვალსაზრისით ძალიან საინტერესო აღიარება გააკეთა ბატონმა რამიშვილმა. ერთი ის აღიარა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფრის გადამწყვეტი ივანიშვილია; მეორე ის აღიარა, რომ მისთვის მეორეხარისხოვანია, როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება ქვეყანაში, მთავარია, მის პროექტს არ შეუშალოს ხელი მთავრობამ. ზოგადად რომ შევხედოთ, არ შეიძლება წვრილი, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესი კმაყოფილი იყოს დღეს, როდესაც ეკონომიკური ზრდა შენელებულია, როდესაც რეგულაციები იზრდება, როდესაც მთავრობის ზომა იზრდება, როდესაც საჯარო ვალი იზრდება, როდესაც შრომის კანონმდებლობა მკაცრდება, არ არსებობს ბიზნესმენი, რომელსაც მოსწონდეს, მაგალითად, შრომის ინსპექციის გაძლიერება, ან ის, რომ კრიმინალი გაზრდილია, კორუფცია დაბრუნებულია, ნეპოტიზმი ყვავის, ლარი დასუსტებულია და ა. შ. გამორიცხულია, ძალიან სუსტი სინვესტიციო გარემო მოსწონდეს ბიზნესმენს, ამიტომ ეჭვი მაქვს მათი გულწრფელობის. მე მათგან გმირობას არც ველოდები, ისინი ცდილობენ, თავიანთ ბიზნესს სტაბილური გარემო ჰქონდეს, ამიტომ მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, ეს არის არაფორმალური მმართველი ივანიშვილი, რომელიც ყოველთვის არასამართლიანად ალაგებს ქვეყანაში სიტუაციას.
თამარ ბატიაშვილი