ასოციაცია „საშენი მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ მშენებლობის სამინისტროს აღდგენის ინიციატივით გამოდის. ორგანიზაციის მესვეურებმა ამ წინადადებით ხელისუფლებას უამრავჯერ მიმართეს, მაგრამ მათი ინიციატივა ყოველგვარი ყურადღების მიღმა დარჩა. ასოციაციის ხელმძღვანელი, ანზორ საკანდელიძე, „ქრონიკა+“-თან სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ დედაქალაქი დიდი საშიშროების წინაშე დგას და ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში შენობების 90%-ზე მეტს დანგრევა ემუქრება. სამინისტროს სასწრაფოდ აღდგენის საჭიროებაც სწორედ მშენებლობის სფეროში არსებულმა ქაოსურმა მდგომარეობამ გამოიწვია.
„ქრონიკა+“-ს ანზორ საკანდელიძე ესაუბრება:
_ სამშენებლო სფერო დიდი უბედურების წინაშე დგას. როგორ და ვის მოაფიქრდა არ ვიცი, ჯერ კიდევ, 2003 წლამდე, როდესაც ნგრევა დაიწყო, პირველ რიგში, მშენებლობის სამინისტროს მიადგნენ. მშენებლობის სამინისტრო ისტორიულად არც ერთ დროს, არც ერთ ქვეყანას არ გაუუქმებია, ჩვენთან ეს იყო უვიცობის გამოხატულება უბედურებასთან ერთად, რომელიც დღემდე გრძელდება და გათვითცნობიერებულიც კი არ გვაქვს, რა ხდება ჩვენს თავს. ძალიან ცუდ დღეში ვართ, მთელ მსოფლიოში, რაც საშიშროებებია დამდგარი: სეისმური, მიწისძვრის, გლობალური გეოლოგიური ცვლილებები, ამის შემსწავლელი კომიტეტი არსებობს, რომელიც ყოველ ათწლეულში დებს შედეგებს და კატასტროფული მონაცემებია ბოლო 10 წლის მანძილზე. 2000-დან 2010 წლამდე კატასტროფული მიწისძვრებისგან მსოფლიოში დაიღუპა 42%-ით მეტი ადამიანი, ვიდრე განვლილი წინა 50 წლის განმავლობაში. არის პროგნოზები, რომ 2010-დან 2020 წლამდე და შემდეგ წლებში ეს კატასტროფული სტატისტიკა კიდევ უფრო დამძიმდება გამომდინარე შედეგებით. ჩვენ გვყავს ცნობილი, დღესაც მოქმედი და აქტიური გეოფიზიკოსი, აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე, რომელიც ხშირად საუბრობს, რომ საქართველოში არსებობს დიდი რისკები, მოსალოდნელია დამანგრეველი მიწისძვრები და ასახელებს 9 ბალს. თქვენ წარმოიდგინეთ, რა საშიშროება ემუქრება თბილისს, რომელიც მხოლოდ 8 ბალზეა გათვლილი. ამდენი წელია ვამბობ, რომ ჩვენ გარშემო ყველა სახელმწიფოს ქალაქები გათვლილია 9 ბალზე, რუსეთმა 8 ბალი გამოტოვა და პირდაპირ გადავიდა 9-ზე სამხრეთ რეგიონებში. ასეთი საშიშროებების დროს, როდესაც არ გაქვს მშენებლობის სამინისტრო, განიარაღებული ხარ. 25 წელიწადია, სსრ კავშირი დაინგრა და საქართველოში არც ერთი შენობა არ არის სეისმურად შემოწმებული.
_ არანაირი მონაცემები არ არსებობს, ბოლო წლებში აშენებული შენობები რამდენბალიან მიწისძვრას გაუძლებს?
-არ ვიცით, სეისმომედეგობას არავინ ამოწმებს, ყველაფერი მიშვებულია თვითდინებაზე. წინა ხელისუფლებამ, თავის დროზე, ყველაფერი გააუქმა და ტრაბახობდნენ, ყოველგვარი შემოწმებები მოვხსენით, ამით სამშენებლო ბიზნესს ხელი შევუწყვეთ და გავაიაფეთო. მთელი სამშენებლო ბიზნესი „ნაციონალების კლანს“ ჰქონდა, რაც თარგამაძეებმა უკრაინიდან ფალსიფიცირებული არმატურა და ლითონი ჩამოზიდეს... ჩერნობილის აფეთქება რომ მოხდა და მკვდარ ზონად გამოცხადდა, 10 წლის მერე ნელ-ნელა შევიდნენ და დაიწყეს სამრეწველო ობიექტების დაშლა, ამ ლითონს ადნობდნენ და იმით დამზადებული ლითონი ინტენსიურად შემოდიოდა საქართველოში. ეს ბიზნესი გივი თარგამაძეს და მის ძმას ეკუთვნოდა. ყველა შენობა შესამოწმებელია. ბოლო წლებში აშენებულ შენობებზე არანაირი მონაცემები არ არსებობს, რამდენბალიან მიწისძვრას გაუძლებს, არ ვიცით და სიტყვაზე ვენდობით, რასაც მშენებლები ამბობენ. პროექტების ექსპერტიზები მოხსნეს და ყველაზე უბედურება რაც არის, საექსპერტო კანტორები გახსნეს სახლებში, კვალიფიკაციას იქ არ კითხულობენ, საჭირო არ არის რაიმე სერტიფიკატის ფლობა, შესაბამისი ცოდნა გაქვს თუ არა. 35 წელიწადი ლექციებს ვკითხულობდი, 18 წელიწადი რკინა-ბეტონის ქარხნის დირექტორი ვიყავი, აგერ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ, ყველგან რაღაც გამოცდილება მაქვს და რომ მეუბნებიან ექსპერტიო, მეუხერხულება. საკუთარი თავისთვის არასოდეს მიწოდებია ექსპერტი, ეს წოდება უნდა მოიპოვო, ასეთი რამ საქართველოში არ არსებობს, თვითონ ირქმევენ ექსპერტებს, ერთი სფეროს ექსპერტობითაც აღარ კმაყოფილდებიან და ყველაფერზე ხელს აწერენ. მიხვალ, 500 დოლარს მისცემ და დააწერინებ ცნობას, რომ პროექტში ეს სწორია და მორჩა. რა ცნობა გასცა, ამაზე პასუხს არავინ სთხოვს. 20-სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა რომ გასცეს და გვერდით მდებარე სახლს ფუნდამენტი გამოაცალეს, სახლი ჰაერში გამოეკიდა და შემდეგ ატმოსფერული ნალექებით ფიზიკომექანიკური თვისებები შეიცვალა, მოხდა დეფორმაცია, მთელი სახლი დაიბზარა და დასანგრევი გახდა. ინსოლაციისა და ბუნებრივი განათების კანონი რომ გააუქმეს 2009 წელს და სახლი სახლს მიადგეს, ეს არის საშინელება. თეორიულადაც დარღვეულია, ეპიურები ერთმანეთში იკვეთება, ელემენტარულია სახანძრო ნორმები, რომ შენობას გარშემო უნდა უვლიდე. ინსოლაციაზე აღარ არის ლაპარაკი, შენობაში თუ მზის სხივი არ შედის, რომელიც მიკრობებს კლავს, ე. ი. ხალხს ავადმყოფობის გამომწვევ მუდმივი რისკის ქვეშ აცხოვრებ. პირდაპირ კავშირშია ეს ონკოლოგიური დაავადებების წარმოშობის წყაროსთან. არ ხდება ბუნებრივი ვენტილაცია, ჯერ ერთი, რა სარემონტო მასალებს ვიყენებთ, აბსოლუტურად შეუმოწმებელს, სხვა ქვეყანაში თუ სამგზის ამოწმებენ, ჩვენთან ეს პროცესი აბსოლუტურად უკონტროლოა. როცა გაიგეს, რომ მასალები არ მოწმდება არც საბაჟოზე, არც ობიექტზე, შენობის აშნება რომ დამთავრდება, არც მაშინ ამოწმებენ, ყოფილ სსრ კავშირში, თუ სადმე უხარისხო ნაგავი გამოუშვეს, ფალსიფიცირებული და რადიაციული, ყველაფერი აქ შემოყარეს. მუდმივი რადიაციის ქვეშ ვართ, ჩვენთან გაჭირვებაა და იაფფასიან მასალებს ყიდულობენ, რაც უფრო იაფფასიანია მასალა, ყველაზე მეტი ტოქსიკურობაა შიგ. წებოს რომ უკეთებენ რეკლამას, უცბად შრებაო, რაც მალე შრება, ის უფრო მომწამვლელია და ამას არავინ ამოწმებს. ხელოსნები ამას ევრორემონტს ეძახიან და მე ამას ევროსიკვდილი დავარქვი.
ერთადერთი, რასაც ჩვენმა ორგანიზაციამ მიაღწია, ის იყო, რომ კორპუსები სიმაღლეში რომ მიდიოდა, შემოვიღეთ კანონი, რომელიც 2010 წლიდან ამოქმედდა, მერე 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროში მშენებლობის დეპარტამენტი შექმნეს. ჩვენთან 250-კაციანი მშენებლობის სამინისტრო გააუქმეს, რომელიც სხვა ქვეყნებში არ გაუუქმებიათ, რომელიც არის სამშენებლო-სეისმოუსაფრთხოების გარანტი, ასევე სამშენებლო უსაფრთხოების გარანტი და პლუს ამას, სტრატეგიული დარგია. გვირაბები, ხიდები და ა. შ. ამას ხელიდან ვინ გაუშვებს, ომში რომ ებმები და ინგრევა, ხომ უნდა აღადგინო?! უკრაინას როცა იუშენკო მართავდა, სააკაშვილმა და მან ერთად გააუქმეს ეს კანონი, მაგრამ შეხედეთ, რა მოხდა? _ იქ ერთ წელიწადში ყველაფერი დაინგრა და წელიწადნახევარში აღადგინეს. იმათ ჭკუა ეყოთ და მიხვდნენ, აქ მე-12 წელიწადია, ყოველწლიურად ეს რისკები იზრდება და სანამ მშენებლობის სამინისტროს არ აღვადგენთ, უფრო დიდ უბედურებაში შევდივართ. 2010 წელს რომ კანონი მიიღეს, იქ შეიზღუდა სართულიანობა. კანონში მითითებულია, რომ თუ შენობა არის რკინა-ბეტონის კარკასული ტიპის, მისი სართულიანობა შეიზღუდა 12 სართულამდე 8-ბალიან ზონაში. თბილისი ხომ 8-ბალიანი ზონაა. მეორე: ურიგელო ტიპის რკინა-ბეტონის შენობები ჰქვია, როდესაც სართულის გადახურვებს ერთიანად აბეტონებენ, ის 7 სართულზე მეტი არ შეიძლება. 7 სართულის ნაცვლად, 14-16, ახლა ოცსართულიანები მასობრივად შენდება. ბათუმში ვიყავი და რომ ვნახე, გული გამისკდა.
_ ე. ი. კანონის მიხედვით, 12-სართულიან სახლზე მეტის აშენება თბილისში აკრძალულია, მაგრამ არ სრულდება?
_ კი, ამ კანონსაც მასობრივად არღვევენ და განმკითხავი არავინ არის. მაგალითისთვის მოვიყვან ჩემი უბნის ამბავს: ზაქარიაძის ქუჩაზე ვცხოვრობ, იქ 32-სართულიანი 6 მეგაკორპუსის მშენებლობა დაიწყეს. ვაკვირდებოდი, გეოლოგიური შემოწმება არავის გაუკეთებია, საინჟინრო-გეოლოგია საერთოდ ამოიღეს და ამას აღარავინ აკეთებს. ძველი მონაცემები რაც აქვთ, გადაწერენ, ვიღაც ექსპერტს ხელს მოაწერინებენ, ვითომ ექსპერტიზა გაიარა. იცით, რატომ აშენებენ მაღალსართულიანებს? ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ როგორც მოდის ინფორმაციები, თუ ვინმესთან მერიაში საქმე აქვთ და ნებართვა სჭირდებათ, ყველას ჰპირდებიან ბინებს, ამიტომ არის მერია, თავს რომ იკლავს. მოქალაქეების მხარეზე კი არ არიან, ვინც ისინი ავირჩიეთ, ინვესტორების მხარეს იჭერენ, იმიტომ, რომ იქიდან ბინებს, ფულს და ათას რაღაცას ელოდებიან. ამით სწირავენ თავიანთ მოქალაქეებს და ქალაქსაც. რას დაამსგავსეს ქალაქი! ჩემს უბანში რომ აშენებდნენ, ვეუბნებოდი, ქუჩის იქით გადადით და ნახეთ, პროფკავშირების შენობასთან რომ დაიწყეს მშენებლობა და 20 წელიწადია, გაჩერებულია, აღარ იციან, რა უქნან, წყლით აივსო საძირკველი. ვეუბნები, იქიდან 20 მეტრში ხარ, ის წყალი აქაც ამოგივა და ასეც მოხდა. მეზობლებმა ამის გამო სასამართლოში ვიჩივლეთ, მოვიგეთ საქალაქო სასამართლოში, არ გვაძლევენ პროექტის ტექნიკურ ნახაზებს, რომ მივხვდეთ რკინა-ბეტონის კარკასული ტიპია, თუ არა, სანამ დაიწყებდნენ მშენებლობას. მერე რომ ამოიყვანეს და შევხედე, სულ აღარ მინდოდა ნახაზები. იმ ნახაზებს დაადეს გრიფი „საიდუმლო“, რომ მშენებლობა დაეწყოთ. სასწაულია, გრიფი დაადეს თან პროექტს კი არა, პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს. კანონთან შესაბამისობას ვითხოვდით, რომელიც გულისხმობს, რომ 12 სართულზე მეტი კორპუსი არ უნდა ააშენონ. გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში. ამ პერიოდში უკვე 10-12 სართული აშენებული აქვთ. მოვიგეთ სააპელაციოშიც, მაგრამ არ გაჩერდნენ, 32 სართული სახურავში მაინც მოაქციეს. 6-დან ეს ერთი კორპუსი ააშენეს. მერიის წარმომადგენელს მივმართე, _ თუ არ შეაჩერებთ ამ მშენებლობას, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებით-მეთქი. ზარალის ანაზღაურებაზე რომ მიდგება საქმე, თქვენ დაგაბრალებენ და ის თანხები თქვენი გასასტუმრებელი გახდება-მეთქი. სამი ინსტანციის სასამართლო მოვიარეთ, ყველგან მოვიგეთ და მართლაც გააჩერეს მშენებლობა, რომ გადაიხედოს პროექტი. ინვესტორები მერიას შემოუბრუნდნენ, ჩვენ მათ არ გავუჩერებივართ, ახლა 10 მილიონის სამუშაოები უკვე შევასრულეთ და მერიამ უნდა აგვინაზღაუროსო.
_ გამოსავალი?
_ ამას წერტილი უნდა დაესვას და ერთადერთი გამოსავალია მშენებლობის სამინისტროს აღდგენა. სხვა ამას არაფერი უშველის, რაც მეტი დრო გავა, მეტი პრობლემა დაგროვდება და თავზე დაგვემხობა ყველაფერი. თამაზ ჭელიძე ამბობს, რომ კავკასიონის მთელ ქედზე მიმდინარეობს ქანების დაშლა, ხუდონჰესის აშენებაზე ხომ ლაპარაკიც აღარ უნდა იყოს, პლუს ამას, სამხრეთიდან დაიძრა არაბეთის ფილაქანი, რაზედაცაა სახელმწიფოები, დაეჯახა და მიაწვა ევრაზიის ფილაქანს, აწვება და მოათრევს ჩრდილოეთისკენ წელიწადში 15 სმ-ის სიჩქარით, დაპანიკებულია ევრაზიის ქვეყნები, სტამბულში სპეციალური მონიტორები უყენიათ და გაფაციცებით შესცქერიან, ამ დროს მსგავსი არაფერი ხდება საქართველოში. ამასთანავე, ყველა 9-ბალიანზე გადავიდა, მაღლივი შენობები შეამოწმეს, დასანგრევი დაანგრიეს და ხალხი გამოასახლეს. განსაკუთრებით ცდილობენ სტამბულის გადარჩენას, კალიფორნიისა და იაპონიის გამოჩენილი სეისმოლოგები მუშაობენ, წინასწარ იციან, რომ მიწისძვრა მოხდება და მსხვერპლი რომ ნაკლები იყოს. სანამ მშენებლობის სამინისტროს აღადგენენ, პრემიერ-მინისტრის ხელმღვანელობით სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს და მოამზადებს მშენებლობის სამინისტროს აღდგენის პროგრამას. ეს ყველაფერი ჩვენ დაწერილი გვაქვს, კონცეფციაც მზადაა, 10-15 წერილი მაინც შევიტანეთ ხელისუფლებაში ამის თაობაზე და არც ერთზე პასუხი არ მიგვიღია. ინფორმაცია მოვიპოვეთ, რომ 5-7 დღით ადრე შესაძლებელია მიწისძვრების პროგნოზირება, სპეციალური აპარატურაა შექმნილი, აზერბაიჯანელმა ელჩინ ხალილოვმა გამოიგონა, ამის გამო მთავრობას 3 წერილით მივმართეთ. 2005 წელს შეიქმნა უმაღლესი სტანდარტის აპარატურა, უმაღლესი კატეგორია აქვს მინიჭებული ამ გამოგონებას და უკვე ამ მიწისძვრების პროგნოზირების მსოფლიო ცენტრი შეიქმნა, სადაც 4-5 სახელმწიფოა გაერთიანებული, 10 000 კმ-ს რადიუსში შეუძლია, 7 დღით ადრე პროგნოზირება გააკეთოს ამ ცენტრმა. დაბალი მაგნიტუდის მიწისძვრები და ბიძგები სისტემატურად ხდება, როდესაც იმატებს და საშიში ხდება, ეს აპარატურა სიგნალს გამოსცემს და ეპიცენტრს უთითებს. ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერი, სამჯერ მივწერე, ახლა ორჯერ კვირიკაშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია ამაში როგორ ჩავერთვები, იქ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო. პასუხიც არ მიმიღია, მივწერე, რომ შეგვიძლია ჩვენი ასოციაციის სპეციალისტებით დავეხმაროთ. დღემდე არანაირი რეაგირება არ არის. ბოლო წერილი 12 სექტემბერს მივწერეთ, მაგრამ უკვე აღარ არის წერილების დრო, უნდა მიგვიღოს და მოგვისმინოს, ეს კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას, სადაც სპეციალისტები გაერთიანდებიან. არც ეკონომიკის მინისტრია გაგებაში, წარმოიდგინეთ, სამინისტროს 85-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს და მშენებლობის დეპარტამენტი ფინასდება 15 000 ლარით. რა უნდა გააკეთონ? მარტო ხელფასს იღებენ, ტელეფონზე სალაპარაკო ფულსაც არ აძლევენ და არც არაფერი კეთდება. ჯერ ერთი, ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი მშენებელიც არ ყოფილა, ადრე დეპარტამენტს ქალბატონი ხელმძღვანელობდა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტი გახლდათ, მერე არქიტექტორი დანიშნეს, ახლა რა პროფესიის ადამიანია, არ ვიცი. ვინც არ უნდა იყოს, ამ დაფინანსებით რას გააკეთებს? ეკონომიკის სამინისტროში ამ დეპარტამენტის გაჩერება არ ღირს. დავაყენეთ საკითხი, რომ მშენებლობისა და ენერგეტიკის სამინისტრო ერთად ყოფილიყო, კალაძესაც მივწერეთ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ისრაელის მოდელი შევთავაზეთ. ამბობენ, როგორ შეიძლება, მშენებლობის სამინისტროს სამეურნეო ფუნქცია ჰქონდესო? ამ დროს ისრაელში ასე ხდება. ტერიტორიაც თითქმის თანაბარი გვაქვს, მოსახლეობაც და პრობლემებიც იდენტურია. საზღვრების პრობლემა აქვთ, ძირითადად, იქ მიმდინარეობს მშენებლობა და იქ ასახლებენ ხალხს. სამინისტროების რიცხვი არ იზრდება, დაფინანსება არ იზრდება, ცოტა ხანში ეს სამინისტრო თვითდაფინანსებაზე გადავა და ფუნქციონირებას დაიწყებს მშენებლობის კუთხითაც. ამდენი დევნილი გვყავს, პირველ რიგში, მათთვის დაიწყებ საზღვრისპირა ზონაში მშენებლობებს, როგორც ხდება ისრაელში. აშენებენ და მერე 25-30-წლიანი განვადებებით აძლევენ ამ ბინებს თავის მოქალაქეებს. რასაც ახლა ითხოვენ იპოთეკარები, ამ პრობლემასაც აგვარებს ეს პროექტი. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც თბილისში დგას, ღმერთმა ნუ ქნას და ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, თუ მეტი არა, შენობების 90% დაინგრევა. შენობები დომინოს პრინციპით დაანგრევენ ერთმანეთს, მთელი ყიფშიძის ქუჩა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და ა. შ. ვერაზე ზემოთ გავლა აღარ შეიძლება... სამშენებლო კოდექსი ვერ დავამუშავეთ, ეს კიდევ ცალკე საკითხია. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო, ყველაფერი ამოყარეს კოდექსიდან, რაც მშენებლობას ეხებოდა, მშენებლობა _ სიტყვაც კი ამოიღეს. სეისმურ ნორმებს რაც შეეხება, ჩათვალეთ არ გვაქვს; სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ გაგვაჩნია და ჩვენი ქვეყანა გინესის წიგნშია შესატანი, სადაც არც ერთი შენობა დღემდე არ არის შემოწმებული სეისმურ უსაფრთხოებაზე. ხალხი მიშვებული გვყავს, შევუშვებთ ბინებში, სადაც არაფერს ვამოწმებთ, ამ დროს უცხოეთში ადამიანს კი არა, შინაურ ცხოველს არ უშვებენ თავის სათავსში, სანამ ყველაფერს არ შეამოწმებენ. ამ ბოლო დროს რადონის ძალიან დიდი საშიშროება შემოვიდა, აღმოჩნდა, რომ რადიაცია სხვა არის და რადონის გამოსხივება უფრო ძლიერი და მავნებელია. რადონის შესამოწმებლად ცალკე აპარატურა შექმნეს, რომელიც ჯერ საქართველოში არც კი შემოუტანიათ. მექსიკამ 17 მილიარდი დახარჯა რადონის პრობლემის მოსაგვარებლად. ინგლისში, როდესაც დაავადებებს იკვლევდნენ, აღმოაჩინეს, რომ რადონი არის უფერო და უსუნო გაზი, რომელიც მიწიდან ამოდის და წყალში იხსნება. რადონის ინტენსიური გამოსხივების ზონაში მდებარე სახლებიდან მოსახლეობა გამოიყვანეს და დაანგრიეს. აუცილებელი ნორმა გახდა, როდესაც მიწის ნაკვეთს იღებ, სანამ სახლს ააშენებ, უნდა შემოწმდეს რადონის უსაფრთხოებაზე. ასეთი რამეები ჩვენ აზროვნებაშიც კი არ გვაქვს. ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს მშენებლობის სამინისტრომ. აქ ისეა ყველაფერი დანგრეული და აგურ-აგურ დაშლილი, მშენებლობის სისტემა აღარ არსებობს და ყველაფერი წაშლილია, აქ იმდენი პრობლემა დაგროვდა, არასამთავრობო ორგანიზაცია კი არა, მთავრობა ვერ გასწვდება და ყოველწლიურად პრობლემები იმატებს. გლობალურ კატასტროფამდე მივალთ, თუ არ გავინძრევით და რამეს არ გავაკეთებთ.
რა შენობებსაც ჩვენ ვაშენებთ ახლა, თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანა და სხვა ქვეყნებში ამოწმებენ და თუ 9-ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს, ანგრევენ. ჩვენი შენობები 7-ბალიანზეც არ იქნება გათვლილი, რასაც ვაშენებთ, დამიჯერეთ, ყველა დასანგრევი იქნება!
თამარ ბატიაშვილი