QronikaPlus
გოგი წულაია: ,,ივანიშვილიც ჩემსავით პანთეონისთვის ემზადება, ეტყობა, მაგრამ ვერც მის მომავალს ვხედავ საამისოდ!”

გოგი წულაია: ,,ივანიშვილიც ჩემსავით პანთეონისთვის ემზადება, ეტყობა, მაგრამ ვერც მის მომავალს ვხედავ საამისოდ!”

2016-10-07 11:38:35

„თავისუფალი საქართველოს“ წევრი, გოგი წულაია, მრავალ მსურველთაგან ერთ-ერთია, რომელიც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას ცდილობს. მას იმედი აქვს, რომ თანაქალაქელები სწორ არჩევანს გააკეთებენ და საკუთარ ბედს გასტროლიორ პოლიტიკოსებს არ ჩააბარებენ. _ საარჩევნო კამპანიაში გვიან ჩაერთეთ. რატომ? _ თქვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ პარტია „თავისუფალი საქართველო“ „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანდა ბლოკში და აქედან გამომდინარე მოხდა ეს. ძალიან ბევრი კანდიდატი იყო და შერჩევა მიდიოდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ყველას მე ვჯობდი, ვინც კი 49-ე საარჩევნო ოლქში განიხილებოდა. ცუდია, რომ პროცესი დიდხანს გაგრძელდა და ცოტა დრო დამრჩა საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. _ 49- ოლქში ისეთი კანდიდატები გიპირისპირდებიან, როგორებიც არიანნაციონალური მოძრაობიდანგიგი წერეთელი დაქართული ოცნებიდანკობა ნარჩემაშვილი. როგორ ფიქრობთ, გაუწევთ მათ კონკურენციას? _ უამრავი წერილი გავაგზავნე, ნამუშევარი ვარ, ხელმოწერები შევაგროვე, საკითხების მოსაგვარებლად ვიბრძოდი ქუთაისში, მერიასა და სამინისტროებს არ ვასვენებდი. ორი ფურცელი მანახოს ან ერთმა, ან მეორემ, ქუთაისთან დაკავშირებით თუ ვინმეს რამე მისწერეს, ან შესთავაზეს. თუ ასეთი რამე არის, დაუყოვნებლივ  მოვხსნი ჩემს კანდიდატურას. მე ამ უბანში დავიბადე და გავიზარდე. თბილისში დარჩენის საშუალება მქონდა, მაგრამ ქუთაისში დავბრუნდი. შვილების გაზრდა ამ ქალაქში გადავწყვიტე, რადგან მიმაჩნია, რომ ის არის სხვანაირი გემრიელი ქართული და აქ სხვა სიყვარულით დაიმუხტებიან ჩემი ბავშვები. _ რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ის, რომოცნებამნარჩემაშვილის კანდიდატურა დაასახელა? _ რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო. ეს არის „ქართული ოცნების“ დანაშაული ქუთაისის წინაშე. თინა ხიდაშელს ნამდვილად აქვს დოკუმენტები ჩემგან განსხვავებით, მაგრამ მეც  შემიძლია ვთქვა, რომ კობა ნარჩემაშვილის მინისტრობის დროს საპასპორტოში კორუფცია ყვაოდა. მისი მინისტრობის დროს ასევე კორუფცია ყვაოდა მილიციაში; ყვაოდა ნარკობიზნესი, ტრეფიკინგი, პროსტიტუცია. თუ რამე უბედურება არსებობს, ყველაფერი იფურჩქნებოდა იმ პერიოდში. მე არ ვიცი, ის მფარველობდა და მასთან მიჰქონდათ წილი თუ არა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გამაჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ მან არ, ან ვერ გააკეთა რამე სიტუაციის შესაცვლელად. ნარჩემაშვილია იმ მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, როცა საქართველო ჩაბნელებული იყო. მიშა რომ მოვიდა, ჰესი ააშენა, თუ საიდან გაჩნდა ელენერგია? აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ადამიანებს მოკლე მახსოვრობა არ აქვთ და ამდენი ხნის მანძილზე არჩევნებიც ისწავლეს, ხალხის ცნობაც და ისიც, რომ აუცილებელია, ქვეყანა განვითარდეს და არა უკან დაბრუნდეს ვიღაცის ეპოქაში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქალაქის მერი გადაირია, ყველა ეზოში ქვიშას ეზიდება და ბეტონს აგებს, ადამიანებმა იციან, რომ ამ შეტანილ ქვიშაში, ამ დაგებულ გზებში დახარჯულ ფულებს ორმაგად ამოიღებენ, ხელისუფლებაში თუ დარჩებიან. _ გამოსვლებში წინასაარჩევნო გარემოს ქუთაისში ყოველთვის კრიტიკულად აფასებთ. რა ხდება? _ ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება მაინც სარგებლობს რაღაც პრივილეგიით არჩევნების დროს. მე არც ჩვენს ხელისუფლებას მოვუწოდებ, მუშაობა შეწყვიტეთ და რამეს ნუ გააკეთებთ-მეთქი, მაგრამ ამ გაგანია წინასაარჩევნო პერიოდში რომ გადაირევიან მაინცდამაინც, ბუნებრივია, ეჭვებს იწვევს. საქართველოში რაც ხდება, ეს კატასტროფაა. _ რა ხდება? _ თუ რამე შეიძლება, ყველაფერი. დავიწყოთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით: 80 ადამიანი დასაქმდა ისედაც უსაქმურებისთვის შექმნილ, არაფრის მაქნის ზედმეტ რგოლში, როგორიცაა აიპები. ახლაც გაგრძელდა ეს ტენდენცია. ინფორმაცია მაქვს, რომ კიდევ საქმდებიან ადამიანები იქ და ყველა მათგანი „ოცნების“ აგიტატორი და კოორდინატორია. შოთა მურღულიას თავად უნდოდა, იქ ეყარა კენჭი, სადაც ნარჩემაშვილი დაასახელეს, მაჟორიტარობისთვის ემზადებოდა და უარი უთხრეს. დიდად არ ეხატება გულზე ნარჩემაშვილი, მაგრამ მიანიშნეს, რომ თუ არ გაამარჯვებინებს, ცუდად ექნება საქმე. რაც ჭამა, ამოანთხევინებენ. რაც ქუთაისში ფულია დახარჯული, ქალაქი ახლა სარკესავით უნდა პრიალებდეს. ახლა გადავიდეთ საოლქოში: საუბნო კომისიებში 5 პიროვნებას ნიშნავს საოლქო-საარჩევნო კომისია და ისინი ნეიტრალურნი უნდა იყვნენ. ყოველი შემთხვევისთვის, ამას გვეუბნებიან, მაგრამ ყველანი აიპის თანამშრომლები და მმართველი გუნდის პირდაპირი მხარდამჭერები არიან. მინდა, „კონსერვატორებიც“ ვახსენო: ზვიად ძიძიგური „ქართული ოცნების“ სიაშია ჩასმული. პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ კომისიის წევრი ჰყავს. მოგმართავთ „ურთულესი“ კითხვით, _ როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებს დაიცავენ ისინი? _ არჩევნების გაყალბების საშიშროებას ხედავთ? _ ამისთვის მზად რომ არიან, ფაქტია. 2008 წლიდან ათასჯერ გავაჟღერე, რომ არარსებულ ბინებზე მიწერილი ადამიანები არიან სიებში შეყვანილი. ეს არ მოაგვარეს ამდენი ხანია და ბუნებრივია, ეჭვს აჩენს. _ ბევრ არარსებულ კორპუსზე მიწერილი ადამიანია სიაში შეყვანილი? _ ძალიან ბევრია. ჩემი ანგარიშით, 3000-დან 4000-მდე მოგონილი გვარით და სახელით დაფიქსირებული პიროვნება მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ვის აწყობს ეს, თავად განსაზღვრეთ. პიროვნება, რომელიც საარჩევნო ყუთთან მივა ნამდვილი გვარითა და სახელით, მეორედ ხმას მისცემს სხვა უბანში მოგონილი სახელით და მას ამის შესაბამისი დოკუმენტიც ექნება. _ საოლქო-საარჩევნო კომისიაში რა გიპასუხეს? _ საოლქო კომისიამ მართებული პასუხი გამცა. მითხრა, რომ ეს მისი გასასწორებელი არ არის და ამაზე იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს. მითხრეს, რომ საოლქოს გადაცემული აქვს ინფორმაცია და ეს მართლაც ასეა, მაგრამ არ სწორდება სიები. იმ თანხებით, რაც ჩვენ გვაქვს, აუცილებლად განვახორციელებთ მონიტორინგს და ვეცდებით, ხელისუფლბა ვაიძულოთ, ერთხელ და სამუდამოდ ჩაატაროს ისეთი არჩევნები, სადაც ნამდვილი ადამიანები აძლევენ ხმას და არა _ გამოგონილი. _ ბოლო წლებია, განსაკუთრებით აქტიურობთ და წინააღმდეგობაში მოდიხართ ქალაქის მერიასთან. არაფერი არ მოგწონთ მათი გაკეთებული? _ არაფერი მომწონს! ქუთაისის მერიამ და მერმა თავით ნიგოზი რომ უნაყოს მოსახლეობას, იმ ჭუჭყს ვერ ჩამოირეცხს, რაშიც ისინი გაისვარნენ, როცა სამშენებლო კომპანიას საშუალება მისცეს, ნინოშვილის ბაღზე 8-სართულიანი კორპუსი დაედგათ და ეს ულამაზესი ადგილი ამ კორპუსის ეზოდ გადაექციათ. ჩემი, თქვენი და ჩვენი თანაქალაქელების ხარჯზე აცხოვრებენ საკუთარ ახლობლებს. ამდენი ვითომ მრჩეველი დაინიშნა, თითქოს ვინმეს რჩევას ითვალისწინებდეს. ამ მრჩეველებმა რა უნდა ურჩიონ ვინმეს, ეს კიდევ სხვა თემაა. მიშამ შექმნა ააიპ-ები, სადაც 14 ადამიანი მუშაობდა და, რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი, მაგრამ მას არ უკადრებია ის, რასაც ესენი კადრულობენ. ახლა დასაქმებული ჰყავთ 50. გვაქვს სპორტის აიპი, მაგრამ, ამავე დროს, მერიაში არის სპორტის განყოფილება. გვაქვს განათლების ააიპი და პარალელურად მერიაში განათლების განყოფილებაა და ა. შ. იმის მაგიერ, რომ მერიამ მოსახლეობას განცდა გაუჩინოს, რომ წინსვლაა, პირიქით კეთდება. მოსახლეობა ქალაქიდან გარბის. _ პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში მოახერხებთ რამის შეცვლას? _ თვითმმართველობა არ არსებობს. მურღულია არ ინდომებს, მაგრამ რომც მოინდომოს, ბევრს ვერაფერს გააკეთებს, ისეთ მწირ შემოსავლებს უტოვებს ცენტრალური ხელისუფლება. ქალაქს არ ეკუთვნის შენობა-ნაგებობები, რომლებიც ნადგურდება. ეს ყველაფერი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მანახონ წერილები, სადაც აზრს გამოთქვამენ და სთხოვენ, დაუბრუნონ ქალაქს ეს ქონება. აქედან გამომდინარე, ვიბრძოლებ, ქალაქს ნამდვილი თვითმმართველობა ჰქონდეს. ვიმუშავებ, რომ კანონმდებლობა შეიცვალოს და ამით პრობლემები მოგვარდეს. დადიან კანდიდატები და მოსახლეობას ჰპირდებიან, კანალიზაციას მოგიგვარებ და ა. შ. ეს თამაშია. კანალიზაციის დირექტორად კი არ მირჩევენ, არამედ დეპუტატად, რომელიც კანონებს დაწერს და აღმასრულებელ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებას აიძულებს. მოსახლეობას ამას ვპირდები. ასევე ვეუბნები, რომ მონიტორინგს გავუწევ შესრულებულ სამუშაოებს და ვაკონტროლებ, რამდენად ეფექტიანად და სამართლიანად იხარჯება თანხები. პარლამენტარის მოვალეობაა, განსაზღვროს საგარეო და საშინაო პოლიტიკა, მიიღოს ბიუჯეტი და მისხალ-მისხალ აკონტროლოს, მთვარობა როგორ ხარჯავს ამ თანხებს. _ რამდენიმე დღის წინათ იხუმრეთ, რომ გინდათ, პანთეონში დაგკრძალონ. თუ ეს ყველაფერი, რაც თქვით, გააკეთეთ, პანთეონისკენ გზა ნამდვილად გახსნილი გაქვთ _ თუ ძალიან მალე არ გამძვრა სული, იმდენს კი შევძლებ ამ ქალაქისთვის, რომ მერიამ და ვინმემ კი არ თქვას, ეს კაცი პანთეონში დავასაფლავოთო, არამედ მოსახლეობას გაუჩნდეს ამის სურვილი და განაცხადოს, რომ გოგი უნდა დასაფლავდეს მწვანე ყვავილას პანთეონშიო. _ არსებული გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, რომელ პოლიტიკოსს აქვს გარანტირებული, სამომავლოდ პანთეონში დაიკრძალოს? ყველა კარგად ამყოფოს ღმერთმა, მაგრამ საინტერესოა, ვის უქადით ასეთ მომავალს ბევრი წლის სიცოცხლის შემდეგ? _ ამ წუთისთვის არავის. თუნდაც ჩემს მეგობარ კახა კუკავასაც ეწყინოს, მაგრამ ასეთს ჯერ ვერ ვხედავ. როცა ქვეყანა ასეთ დღეშია, ეს პოლიტიკოსების ბრალია. ჩემი წილიც არის ამ ბრალეულობაში. ჰოდა, არავინაა დღეს პანთეონის ღირსი. _ მხოლოდ საკუთარ თავზე შეგიძლიათ, თქვათ ეს? _ მე არ მაქვს მთაწმინდაზე პრეტენზია. ქუთაისის პანთეონში რომ დავსაფლავდე, ამდენს ჩემი ქალაქისთვის აუცილებლად გავაკეთებ. _ როგორ წარმოგიდგენიათ, პარლამენტში შესვლის შემდეგ რამდენად შენარჩუნდება თქვენი ბლოკის ერთობა? _ გააჩნია, რა რაოდენობით შევალთ პარლამენტში. მოხარული ვიქნები, თუკი თანამშრომლობა გაგრძელდება. ეს არ არის ისეთი კოალიცია, როგორიც „ოცნებამ“ გამოაცხო. ეს არის საარჩევნო ბლოკი. _ გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილი მესხიშვილის თეატრში ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდა. როგორ შეაფასებთ მის გამოსვლას? _ ივანიშვილიც ჩემსავით პანთეონისთვის ემზადება, ეტყობა, მაგრამ ვერც მის მომავალს ვხედავ საამისოდ. როგორც ადამიანი, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, ვურჩევ, მალე დაამთავროს. დროა, სცენიდან ჩამოვიდეს. ისე, სიმბოლური კი იყო, როცა სცენაზე იდგა ცარიელი დარბაზისკენ ზურგით და ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლი შემოგვთავაზა, მაგრამ აშკარად სუსტი სპექტაკლი, რომელიც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა. „ქართული ოცნება“ ჩემს მეგობრულ რჩევას თუ გაითვალისწინებს, კარგი იქნება. რაც უფრო ნაკლებს ალაპარაკებენ ამ კაცს, მით უკეთესია მათთვის. ამდენი ტყუილი, ამდენი ამოჩემება და მხოლოდ იმის მტკიცება, რომ დედამიწის ზურგზე ის არის ყველაზე შეუცდომელი და უბიწო, უბრალოდ, მკრეხელობაა. ყველას ლანძღავს, მის გარშემო თუ ვინმე არსებობს. როცა ჰკითხეს, _ კადრების შერჩევაში თუ ცდებითო? გაგიჟდა, _ რასაა, რომ ამბობთო?! გაიფოფრა, ამხელა იმპერია შევქმენი და როგორ შევცდებიო?! როცა გამოდის და 4 წლის შემდეგ გვეუბნება, ეს ასეთია და ის ისეთიაო, უბრალოდ, სასაცილოა. ჩამოვიდეს სცენიდან. დროა, დაჯდეს პარტერში და სხვას დაუთმოს იგი.

                                                                                                                  ხვიჩა ვაშაყმაძე

   

გაზიარება