QronikaPlus
ლევან ალაფიშვილი: ,,ნინო გვენეტაძემ დაკვეთა შეასრულა!”

ლევან ალაფიშვილი: ,,ნინო გვენეტაძემ დაკვეთა შეასრულა!”

2016-10-07 11:21:44

ექსპერტ-ადვოკატი ლევან ალაფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით ხელისუფლების ზეგავლენებზე დეტალურად საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლება და გარკვეული ძალები უხეშად ერევიან მის დამოუკიდებლობაში, რაც ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის დამღუპველია. ლევან ალაფიშვილი: _ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის ხელმძღვანელობის შემაფერხებელი პოლიტიკური თვალსაზრისით გახდა იმ გახმაურებული საქმეებიდან და მათზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც მის განხილვაში იყო. დავიწყებ გიგი უგულავას საქმის აღმკვეთი ღონისძიების თემით: მოსარჩელე იყო უგულავა, რომელიც გახლდათ ძველი ხელისუფლების წარმომადგენელი, პოლიტიკოსი და, აქედან გამომდინარე დაიწყეს საუბარი ვითომ მათ საეჭვო კავშირებზე, რაც ცხადია, არასწორი იყო. გავიხსენებ ეროვნული ბანკის საქმეს და მასზე თავდასხმებს. ამას მოჰყვა მდგომარეობის იმ დონემდე გამწვავება, რომ კანონიც კი საკუთარ პოლიტიკურ თარგზე შემოჭრეს. ამ ყველაფრის ერთადერთი შემაკავებელი აღმოჩნდა ისევ საკონსტიტუციო სასამართლო. კონსტიტუციის სადარაჯოზე, პოლიტიკის მიღმა მდგომი ინსტიტუტი გახდა მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელი იმიტომ, რომ მან ვიწროპარტიული პოლიტიკური ზრახვების განხორციელება შეაჩერა, ან კონსტიტუციურ ჩარჩოებში წარმართა. შეუძლებელია, არ გავიხსენო მოსმენებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელიც ანტიკონსტიტუციურად ცნეს, ასევე მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ეს ჩამონათვალიც თვალნათელს ხდის მმართველი პოლიტიკური ძალის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს _   მიუხედავად იმისა, რომ მარტივად იმსჯელონ, ამ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გამო, დაასკვნეს, რომ კონსტიტუციის სადარაჯოზე მდგომი ინსტიტუტი მათი წინააღმდეგია. აქედან დაიწყო ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი თუ წახალისებული თავდასხმები საკონსტიტუციო საამართლოს წევრებზე და მათ ოჯახებზე, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება მოჰყვა, თუმცა ეს ყურად არ იღო ხელისუფლებამ და გამოძიება არც კი დაიწყო. ამ ქმედებების შედეგი კი იყო ვენეციის კომისიის არაერთი მწვავე, კრიტიკული განცხადება და იმედი, რომ იქნებ, ხელისუფლებას ჰყოფნოდა გონიერება და გამოსაძიებელი გამოეძიებინა, მაგრამ ესეც არ გააკეთა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საკუთარი კოლეგის დასაცავად მოქმედებდა და საჯაროდ აცხადებდა, საკონსტიტუციო სასამართოს ერთ-ერთ წევრზე ზეწოლა პირადი ჩანაწერების გამოქვეყნების მუქარით ხდებაო, მაგრამ ამასაც არ მოჰყოლია სათანადო შედეგი. _ პაპუაშვილს ხომ შეხვდა მთავარი პროკურორი?.. ბატონო ლევან, ქრონოლოგიურად გავაანალიზოთ მოვლენები: საკონსტიტუციო სასამართლო, ფაქტობრივად, „ნაციონალურ მოძრაობასთანგააიგივეს და ამ ვერსიას მოჰყვა ეს ყველაფერი. თქვენ ამბობთ, რომ მათ შორის კავშირი არ იყო? _ ეს იყო წმინდა პოპულისტური, ძალიან ბრიყვული რიტორიკა, იმიტომ რომ თუკი პაპუაშვილი ვიღაცასთან არის კავშირში, მაშინ ვინ არის თავაძე, თავმჯდომარის ამჟამინდელი მოადგილე, რომელსაც თავმჯდომარეობა უნდა? ბოლოდროინდელი მოვლენები სწორედ მისი თავმჯდომარედ დანიშვნის გამო მოხდა. ცაბუტაშვილი, მისი მოადგილე, საიდან მოდის? აბა, გავიხსენოთ მისი განვლილი გზა, მისი დამკვალიანებელიც ადეიშვილი ხომ არ იყო? ერთ შემთხვევაში ადეიშვილი კარგია და მეორეში _ ცუდი? ამიტომ ვამბობ, ასეთი რიტორიკის გამოყენება ანგრევს ინსტიტუტს. ყველანი იმ შეცდომებიდან მოვდივართ, რომლებიც 2012 წლამდე გავიარეთ და შეცდომა რომ არ გაიმეორო, ესაა სახელმწიფოებრივი მიდგომა. დანარჩენი მოსამართლეები რომელ დროს დაინიშნენ, როგორ შეიძლებოდა ასეთი მსჯელობის გამართლება? უგულავას საქმესთან დაკავშირებით ყველას გვახსოვს მერაბ ტურავას ცუდად გახდომა და პოლიტიკურად წარმართული, ანგაჟირებული პროცესი. ბოლოს ტურავამ ხომ მოაწერა ხელი გადაწყვეტილებას? ე. ი რა ქნა ტურავამ ამით? სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ დროინდელი რეჟიმი გააცოცხლა, თუ მხარი დაუჭირა მას? ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მან კონსტიტუცია დაიცვა და კონსტიტუციის შესაბამისად აღასრულა საკუთარი ვალდებულება. რა არის აქ ცუდი, ვერ ვხვდები? პოლიტიკური ზრახვები გასაგებია, მაგრამ სახელმწიფოც ხომ უნდა გვახსოვდეს? დასვით ეს კითხვა, ტურავამ დაუჭირა თუ არა მხარი აღმკვეთი ღონისძიების 9 წლამდე ვადით გაგრძელების შესაძლებლობის აღკვეთას და იმ საქმის მოსარჩელე ვინ იყო? ნახეთ და მერე გააგრძელონ ჩვენმა პოლიტთავდამსხმელებმა საკუთარი მსჯელობა. _ იქნებ, თქვენ აუხსნათ ეს ყველაფერი მკითხველს უფრო დეტალურად? _ 9 მოსამართლემ განიხილა საქმე და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება. მერაბ ტურავა კი ცუდად გახდა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე როგორ თუ მივიდა კოლეგასთან საავადმყოფოშიო? ამით დაიწყო სპეკულაცია და თავდასხმები. არადა, კაცი მხოლოდ მოსაკითხად იყო მისული. სხვათა შორის, შეგახსენებთ, რომ ის მარტო არ გახლდათ იქ, მაგრამ მთავარია, რომ კოლეგის სანახავად მივიდა და ჩვენმა პოლიტთავდამსხმელებმა ერთი ამბავი ატეხეს, მივიდნენ და ტურავას ხელმოწერას აიძულებდნენო. რომ  გამოვიდა და ე. წ. თავისუფლებაში იყო ტურავა, მაინც ხომ მოაწერა ხელი და რა გამოდის, საავადმყოფოდან გამოსვლის მერე ნებაყოფლობით გააფორმა „საპროცესო გარიგება“  ტურავამ დანარჩენ 8 მოსამართლესთან? ეს ხომ სამარცხვინო ლოგიკაა?! _ სინამდვილეში, ტურავას ქმედება როგორ აიხსნება, რას უნდა მივაწეროთ? _ არაფერს. ეს იყო პოლიტიკური პროცესი. იმ პერიოდში სოციალურ-ეკონომიკური პროცესები ქვეყანაში არ იყო მმართველი ძალისთვის ხელსაყრელი და ხალხის ყურადღების გადასატანად ეს თემა შემოიტანეს. თორემ რა გააკეთეს პაპუაშვილმა ან სხვა მოსამართლეებმა   კოლეგის მონახულებით ისეთი, რომ ქვეყანა დაიქცა? ან ტურავა რომ გამოვიდა და ხელი მოაწერა, ამით რა დააშავა? არაფერი. 9-ვე მოსამართლე კანონის სადარაჯოზე იდგა და რაც კონსტიტუციამ დააკისრა, იმას აკეთებდნენ და დაუსვეს კიდევაც წერტილი. ანუ მართალი ყოფილა, რომ კანონი ირღვეოდა და 9 თვეზე მეტხანს კაცი წინასწარ პატიმრობაში არ უნდა ყოფილიყო. ისიც ფაქტია, რომ მოსარჩელე გიგი უგულავა 9 თვეზე მეტხანს იჯდა ციხეში, რაც ანტიკონსტიტუციური იყო. ეს კანონი ხომ იმ ყოფილი მმართველი ძალის მიღებული იყო, რომელსაც უგულავა წარმოადგენდა და მათ კიდევ არ მოსწონთ და რატომ არ უნდოდათ მისი დათმობა და შეცვლა? ეროვნული ბანკის თემაზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას: 4 საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის დასკვნითაა გამყარებული ის, რომ გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურმა თავდამსხმელებმა მიიღეს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, იყო ქვეყნის, სახელმწიფო ინტერესებისა და კონსტიტუციის დამაზიანებელი. ის გასაჩივრდა და ახლა საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს. ეროვნულ ბანკზე თავდასხმის შედეგს კი თითოეული მოქალაქე საკუთარ ტყავზე ვგრძნობთ.  სავალუტო ფონდმა ორი მიმოხილვის დოკუმენტი არ გამოაქვეყნა და ახლა,  მთავრობასთან ერთად, საუბარია ამ პროექტის შეჩერებაზე. მთავრობა ამ საკითხს ისე წარმოაჩენს და ფუთავს, თითქოს არაფერი მოხდა, მაგრამ მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოატყუა, ქვეყანამ ბოლო ტრანში არ მიიღო ამის გამო. როცა უჭირდა, სავალუტო ფონდს ფული გამოსტყუა. აი, ეს შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ. კვირიკაშვილი და მისი გუნდი ახლა ამბობს, არ იყო სწორი გადაწყვეტილება, ეროვნული ბანკის კანონი რომ შევცვალეთო. _ სავალუტო ფონდთან შექმნილი პრობლემა რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას? _ რაც მოსატანი იყო, უკვე მოუტანა.  დონორებთან ურთიერთობა ადვილი არ არის. ერთ-ერთ მათგანთან წარუმატებლობა სხვების გადაწყვეტილებებშიც გადავა. ეს შეიძლება იყოს პროექტის შეჩერება, დამტკიცებულის გადავადება და ა. შ. სავალუტო ფონდმა ორჯერ გადაავადა ორი მიმოხილვის დოკუმენტი და 2014 წლიდან 2 წელია გასული. პირველი გამოქვეყნდა, მთავრობამ ყველაზე დიდი ნაწილი მიიღო და სავალუტო ფონდი მოატყუა. ნოდარ ჯავახიშვილმა „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ღიად თქვა, რომ სავალუტო ფონდის ადგილობრივი წარმომადგენელი კორუმპირებულია და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კორუფციულ გარიგებაშია შესულიო. პოლიტიკური ეთიკა, გონი, სახელმწიფოებრივი აზროვნება უცხო აღმოჩნდა ამათთვის. ამის მერე კვირიკაშვილსა და სხვა მინისტრებს თავის მართლება მოუხდათ. მოსმენებთან დაკავშირებით გახსოვთ, რა ამბავიც იყო, დღეს კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ ეს კანონი ანტიონსტიტუციური იყო. ხომ ამბობდნენ, გავაუმჯობესეთ კანონიო, მაგრამ სწორედ ის ხვრელები დაულუქა საკონსტიტუციო სასამართლომ. იცით, რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში? _ ჩვენ გვესმის სირთულე ამ თემის და სწორედ ამიტომ, გაზაფხულამდე ისმჯელონო. საკონსტიტუციო სასამართლომ ცხადია, იცოდა, რომ ოქტომბერში გასდიოდა ვადა პარლამენტსა და მთავრობას. პოლიტიკურად მოტივირებული რომ ყოფილიყო მისი რომელიმე წევრი, ამგვარ ჩანაწერს გააკეთებდა, ან ახალ პარლამენტს დაუტოვებდა კანონის შეცვლის ამხელა ტვირთს? სწორედაც რომ სახელმწიფოებრივად მოიქცა ამ შემთხვევაში ის. ამათ კი რა გააკეთეს? _ როგორც ეროვნულ ბანკთან მიმართებაში მოიჭრეს საკუთარ თავზე კანონი, მერე ასევე გააკეთეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებითაც. ესეც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. პრეცედენტი არ არსებობს, რომ ერთ მოსამართლეს შეეძლოს უმრავლესობის დაბლოკვა და შეჩერება, მაგრამ „რუსთავი 2“-ის გახმაურებულ საქმეზე ერთმა მოსამართლემ თქვა, _ პლენუმმა განიხილოს ეს ყველაფერიო და ამის მერე, დღემდე, ეს საქმეები გაჩერებულია. პლენუმზე ზოგი გამოცხადდება, ზოგი  არ გამოცხადდება, ზოგი ძაღლს ასეირნებს და ზოგიც _ უცხოელებს ხვდება და პრესკონფერენციას ატარებს, ზოგი ემზადება თავმჯდომარეობისთვის. მურუსიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძე მთავრობას ელაპარაკებიან, ჩვენი კაცი გაიყვანეთო და ეს მივიღეთ საბოლოო ჯამში. მურუსიძე, ჩინჩალაძე, ცერცვაძე და თავაძე მართავენ სასამართლოს შტოს და ამათი მეშვეობით ხდება ეს ყველაფერი. არ მიყვარს მხოლოდ საკუთარი პოზიციებით და ვარაუდებით მსჯელობა. წარმოიდგინეთ, იუსტიციის საბჭო, სადაც მურუსიძე მდივანია, სხდომებს საჯაროდ ატარებს და მას ესწრება მედია, დაინტერესებული საზოგადოება. მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებებსაც კი ესწრებიან, მაგრამ 20 სექტემბერს, უზენაეს სასამართლოში იცით, რა მოხდა? მათ ჩაატარეს დახურული სხდომა. რისი ეშინოდათ, ხომ არ იცით? _ თქვენ იცით, რისი ეშინოდათ? _ თუ თავისუფლები არიან გადაწყვეტილებებში, სხდომებს რატომ ხურავენ? უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, სულ ამბობს, რომ საჯარო გახადეს ყველა გადაწყვეტლება და სისტემის დარაბები გახსნეს, მაგრამ რატომ დახურა ეს სხდომა, რა ხდებოდა იქ ასეთი? იმიტომ დახურა, რომ ის არ იყო თავისუფალი ამ გადაწყვეტილებაში. აგვისტოდან მე და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს უკვე გვქონდა ინფორმაცია, რა მოძრაობებიც მიდიოდა უზენაეს სასამართლოში თავმჯდომარის მისამხრობად. როცა დადასტურებული გადაწყვეტილება მივიღე, რომ გვენეტაძე გაახმაურებდა მას და პლენუმიც დაუჭერდა მხარს, ამის შესახებ საჯაროდ განვაცხადე. მაშინ ჩემს ნათქვამს მოვაყოლე, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ჩვენი ეჭვების გაფანტვის საშუალება შეიძლებოდა ყოფილიყო ღია სხდომის ჩატარება, თუმცა როგორ მოიქცა ჩვენი უზენაესი სასამართლო, სხდომა დაიხურა და რამდენიმე წუთში გამოაცხადეს გადაწყვეტილება. გვენეტაძემ ამ პიროვნების გვარ-სახელიც კი არ იცოდა და მან შეასრულა დაკვეთა. სხვების მხარდაჭერა და კვორუმის შექმნა კი, ბუნებრივია, რაღაცით კომპენსირდება. თუ დაუჭერენ თავაძეს მხარს, სანაცვლოდ მათ რაღაც ექნებათ. ზოგიერთისთვის შეიძლება ეს იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნობა, ან სხვა თანამდებობა. ეს თამაში იქით მიდის, რომ თავმჯდომარე და ორივე კოლეგია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის კონტროლირებადი იყოს. პოლიტიკური თავდასხმების დროს მთავარი ზეწოლა მოდიოდა ე. წ. პირველ კოლეგიაზე, სადაც მოსამართლეები იყვნენ კოტე ვარძელაშვილი, ქეთი ირემაძე, მაია კოპალეიშვილი და პაატა ტურავა. თავდამსხმელები იმას წუხდნენ, ეს კოლეგია არ არის ჩვენ მიერ კონტროლირებადი, ურჩები არიანო. ანუ უნდათ, რომ საბოლოო ჯამში ორივე კოლეგია მორჩილი იყოს და ამ „თამაშის“ არსიც სწორედ ეს არის. საბოლოო ჯამში, ამით ვიღებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის შემცირებულ ხარისხს. _ ვინ იბირებდა ნინო გვენეტაძეს? _ მერწმუნეთ, გვენეტაძემ არაფერი იცოდა. საკონსტიტუცუო სასამართლოში დღეს კვორუმი 5/4-ზეა. ერთი მოსამართლე პარლამენტმა შეგნებულად არ დანიშნა, რადგან ამ შემთხვევაში კვორუმის პრობლემა იქნებოდა და 5 ხმას ბატონი თავაძე აკონტროლებს საკუთარი ხმის ჩათვლით. ყველა ხელისუფლების დროს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები აქვს მიღებული იმ ხელისუფლებების საწინააღმდეგოდ საკონსტიტუციო სასამართლოს. ის, რაც 20 წლის განმავლობაში შენდებოდა, ამ ყველაფერზე ხაზის გადასმა და დამოუკიდებლობის ნულთან გათანაბრება ხდება. _ იმ გადაწყვეტილებების შედეგებზე რას ფიქრობთ, რომლებიც ამჟამად აქვს წარმოებაში საკონსტოტუციო სასამართლოს? როგორც თქვენ ამბობთ, გადაწყვეტილებებში სხვაზე დამოკიდებული სასამართლოსგან რას მოელით? _ სასამართლოს სახელმწიფოებრივი მიდგომა, პოზიცია რომ დავინახოთ, მათი გადაწყვეტილებები უნდა ვნახოთ და ასე შევაფასოთ, მაგრამ აქამდე თავად არ მიდის სასამართლო. უუნარობამდეა ის მისული. თუ კვორუმი შედგება, მერე უკვე მოსამართლეები ფაქტის წინაშე დგებიან, რომ თეთრზე თქვან შავი, თუ რა თქვან? შინაარსამდე არ მიჰყავთ პროცესი, თორემ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 9-ვე წევრი წავიდეს იმაზე, რომ თეთრზე თქვას, შავია, ან ანტიკონსტიტუციურზე თქვას, _ კონსტიტუციურიაო. კონკრეტული საქმეებით უნდა გამოჩნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეული წევრის პასუხისმგებლობის საკითხი _ მათთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო, კონსტიტუცია, თუ პოლიტიკური მიდგომები? კვორუმის არარსებობა ნიშნავს იმას, რომ ვერ ისმჯელებენ, თუ ვიღაც არ დადებს განსხვავებულ აზრს და ა. შ. ამიტომ მიდის იქ ეს პოლიტიკური პროცესები და გარკვეული პროცედურებით კი ხდება გადავადება, გაჭიანურება, რითაც მცირდება ქმედუნარიანობა და ნდობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და ავტორიტეტიც ილახება არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოსი, არამედ მთელი ქვეყნის. როცა ევროპული ინსტიტუტები ამაზე ღიად მიუთითებენ და საქართველოში მყოფი დამოუკიდებელი ინსტიტუტებიც აკეთებენ განცხადებებს, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ფაქტობრივად, ვენეციის კომისიამ ღიად თქვა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ და, ამ შემთხვევაში, ადამიანის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მოგვატყუაო. ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოში პარლამენტის მეორე და მესამე მოსმენების შუალედში, გაზაფხულზე, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონთან დაკავშირებით შესწორება შეიტანეს. სანამ წავიდოდნენ, შეპირება მიიღეს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან, მაგრამ სანამ ისინი საკუთარ სამშობლოში ჩავიდნენ, ეს კანონი რამდენიმე საათში ამათ მაინც გაიტანეს. დაპირება იყო, რომ მეორე და მესამე მოსმენებს შორის იქნებოდა მსჯელობა და დაჩქარებული წესით არ იმსჯელებდნენ. ჩასულებს ტრაპზე დაახვედრეს საქართველოდან ამბავი, რომ ის კანონი მაინც მიიღეს და ამას მწვავე განცხადებები მოჰყვა. ეს ხომ არსერიოზულია? ასეთი მდგომა არ არის მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, ან ეროვნული ბანკის დამაზიანებელი, ეს არის სახელმწიფოს დამაზიანებელი. წვეთწვეთობით გროვდება ასეთი ქმედებები და  სახელმწიფოს მეგობრებს უკარგავს. როცა თავად სცილდები მეგობარს, თვითიზოლაციას ახდენ, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რა მოჰყვება ამას _ როგორ შეიძლება შემოგხედონ, ან რა  გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღონ შენმა მეგობრებმა. ხომ იტყვიან, არ უნდა ამ ხალხს ნორმალური სახელმწიფო და ჩვენ თავს რატომ ვიკლავთო? საით უნდა წავიდეთ მერე? თუ ჩვენვე გავემიჯნებით დემოკრატიულ საზოგადოებას, ამას მოჰყვება ცუდი რამ და არა მგონია, ჩვენს პოლიტიკურ ძალებს ეს ყველაფერი კარგად ჰქონდეთ გაცნობიერებული. _ ეს ყველაფერი, თქვენი აზრით, გაუცნობიერებლად ხდება? _ არ ვიცი. როცა ამ პროცესებში პოლიტიკური წრეები იყვნენ ჩართული, ასევე ევროპული საზოგადოება და შენ ამას მაინც იგნორირებას უკეთებ, დასაფიქრებელია, შენი მიზანი რა არის? _ პასუხი ჩვენვე რომ გავცეთ, ხომ შეიძლება? მათი მიზანი რა არის? _ ვიწრო პარტიული ზრახვები და  სახელმწიფოებრივი  აზროვნების სრული დეფიციტი, ანუ სახელმწიფოს მაღლა დაყენების შეუძლებლობა. პოლიტიკოსს, რომელსაც ეს არ შეუძლია, მისი საქმე დამთავრებულია. _ თქვენ ამბობთ, რომ ასეთი ქმედებების გამოქართული ოცნების“, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის, საქმე დამთავრებული იქნება ამ არჩევნებზე? _ დამთავრებული არის თუ არა, ამაზე კატეგორიულ პასუხს ვერ გაგცემთ. 2012 წლის არჩევნებში ეს ძალა მარტო არ ყოფილა. მან, ცალკე აღებულმა, რამდენი ხმა მიიღო, არავის შეუძლია, თქვას. 2012 და 2016 წლებს ერთმანეთს ვერც შეადარებ. ასე რომ, ვერ ვიტყვით, მისი მდგომარეობა რეალურად დასრულდა, თუ არა, თუმცა მომდევნო პარლამენტის მიმართ მე საფუძვლიანი ვარაუდი მაქვს, რომ ის იქნება უფრო ფრაგმენტული და, მინიმუმ, 5 პარტია მაინც იქნება წარმოდგენილი. არსებით საკითხებზე კონსესუსისკენ გზა რთული იქნება, მაგრამ კონსტიტუციურ საკითხებზე მონოპოლიურ გავლენას ვეღარავინ მოიპოვებს.  

                                                                                                               ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება